სად და როგორ ხვდებიან ახალ წელს ცნობილი ქართველები?

ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი, მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებითა და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე. რამდენად გვაქვს საზეიმოდ საქმე, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ იმედი იმისა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ეს ნამდვილად გვაქვს. რთულია იზეიმო დღესასწაული, როდესაც ხედავ ძალიან ბევრ მშიერ ადამიანს, მოკლულ და დასახიჩრებულ ახალგაზრდებს, მაგრამ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არის რაღაც, რასაც ვერ გაექცევი.
მძიმე თემებზე რომ არ ვისაუბროთ, 2019 წლის „ქრონიკა+“-ის ბოლო საახალწლო ნომერში ვეცადე შემომეთავაზებინა მსუბუქი თემა და გადავწყვიტე გამეგო, თუ სად და როგორ ხვდებიან ცნობილი ქართველები 2020 წლის შემობრძანებას. ასტროლოგები კარგ წელს გვიწინასწარმეტყველებენ და ვნახოთ, რას ამბობენ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტები.

თამარ ივერი, მომღერალი:
_ 2019 წელი იყო კარგიც და ნაკლებად კარგიც. სკეპტიკური არის ის, რომ ვეღარ გამოვიდა ეს ქვეყანა კრიზისული სიტუაციიდან და იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება. პირადად მე, კარიერის თვალსაზრისით, კარგი პერიოდი მქონდა. ვუმასპინძლე ადამიანს, რომელიც კარიერაში ძალიან დამეხმარა და, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ერთ-ერთი გურუ იყო. ეს გახლავთ იოან ჰოლენდერსი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და თბილისში გადაცემა გააკეთა, დაესწრო და ჩაიწერა „დონ კარლოსი“, რომელიც ევროპაში უნდა აჩვენოს.
ეს წელი დამამახსოვრდა ასევე იმით, რომ საფუძველი ჩავუყარე ძალიან კარგ პროექტს, რომელიც გაისად განხორციელდება. მქონდა ასევე ევროპის მასშტაბით კონცერტები.
_ ახალ წელს სად ხვდებით?
_ ახალ წელს ოჯახში ვხვდები, რადგან ჩემმა ბავშვმა გლანდების ოპერაცია გაიკეთა, დედა დაეცა და ოპერაცია მასაც ჩაუტარდა. შესაბამისად, მას ყურადღება და ჩემი თანადგომა სჭირდება. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ ოჯახსა და ქვეყანაში ვხვდები ახალ წელს.
_ რა მოლოდინი გაქვთ 2020 წლისგან?
_ მოლოდინი, რა თქმა უნდა, მაქვს კარგის და უფრო მეტის. მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი გავაფორმე ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სააგენტოსთან. ასევე უბედნიერესი ვარ, რომ ბათუმში ხელმძღვანელობამ დააფინანსა და მწვანე შუქი აუნთო ჩემს პროექტ-ფესტივალს და ვოკალურ კონკურსს „ოქროს ხმა“. ამას გეუბნებით თქვენ ექსკლუზიურად. ქუინის სიმღერა Bოჰემიან ღჰაპსოდყ-მ ინსპირაცია მომცა და ფესტივალს დავარქვი Bატუმიან ღჰაპსოდყ. ეს არის ხელოვნების ფესტივალი, რომელიც სექტემბერში გაიმართება. მინდა, რომ ერთი წელი კონკურსი იყოს, ერთი წელი _ ფესტივალი. ამ ეტაპზე ვქმნით და ვმუშაობთ ვებსაიტზე. მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო და პერსპექტიულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს არის ის, რასაც 2020 წელს განვახორციელებ, მაგრამ არის კიდევ რაღაცები, რაზედაც წინასწარ არ მსურს საუბარი. მინდა, რომ ყველასთვის, სრულიად საქართველოსთვის, ახალი 2020 წელი იყოს წარმატების, სიხარულისა და სიყვარულის მომტანი.

ვერიკო ტურაშვილი, მომღერალი:
_ ახალ წელს, როგორც ყოველთვის, და, პრინციპში, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვხვდები გარეთ, სამუშაო პროცესში. სულ გადარბენები და კონცერტი კონცერტზე მაქვს. 20 წელია, რაც ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ და ეს წელიც არ არის გამონაკლისი.
_ ზოგადად, როგორია შენი წინასაახალწლო სამზადისი?
_ წინასაახალწლო სამზადისში მაქსიმალურად ვარ ჩართული. ოჯახის წევრებთან ერთად ვფიქრობ და ვწყვეტ საახალწლო სუფრის ყველა დეტალს. ვცდილობ, 31 დეკემბერს დღის მანძილზე მონაწილეობა მივიღო კერძების მომზადების პროცესში. რაც შეეხება საჩუქრებს, ამ საკითხს რუდუნებით ვეკიდები, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღით ადრე ვიზრუნო ამაზე და სისრულეში მოვიყვანო იგი.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ ახალი 2020 წლისგან?
_ სასწაულად კარგი მოლოდინი მაქვს. როგორც ვიცი, ასტროლოგიურად ჩემთვის ძალიან კარგი წელი მოდის. შესაბამისად, საუკეთესო მოლოდინი მაქვს. ახალ წელს ველოდები ბედნიერი და პოზიტიური განწყობით. ყველას მინდა ვუსურვო ბედნიერება, სიკეთე, წარმატება და სიყვარული.

კახა კუხიანიძე, მომღერალი:
_ ახალ წელს, ტრადიციულად, გარეთ ვხვდები. ზოგადად, მომღერლებს ამ პერიოდში ბევრი კონცერტი გვაქვს. ამ ბოლო დროს, რატომღაც, მსურს, რომ ახალ წელს ოჯახურ გარემოში შევხვდე, ტელევიზორთან გემრიელად მოკალათებული, თუმცა 13 წლიდან მიწევს ყოველთვის გარეთ შეხვედრა. ფაქტობრივად, მომღერლები ვერ აღვიქვამთ ხოლმე ახალ წელს, რადგან სულ გადარბენები გვაქვს, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩვენი არჩევანია, _ საყვარელი საქმე, რომელსაც ვემსახურებით.
_ როგორი წელი იყო პირადად შენთვის 2019?
_ 2019 წელს მქონდა კარგი დღეებიც და ნაკლებად კარგიც. ადამიანები გადავაფასე, ბევრი გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან და ახალი მეგობრებიც შევიძინე. 2020 წლისგან ველოდები წინსვლას და ყველაფერ კარგს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განწყობა მაქვს, ჩემს სურვილებს კოსმოსში ვაგზავნი, რომ უკან დამიბრუნდეს.

ხატია შამუგია, პიარმენეჯერი:
_ ტრადიციას არ ვღალატობ და ახალ წელს სახლში ვხვდები. გავდივარ სადარბაზოში და 12 საათზე სახლში შემოვდივარ, მე ვარ ჩემი ოჯახის მეკვლე. ამის შემდეგ მივდივარ და კონცერტი მიმყავს.
_ რას იტყოდით 2019 წელზე? რამდენად კარგი წელი იყო?
_ ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი წელი მქონდა, რადგან დედა გარდამეცვალა, ამიტომ ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება ეს წელი.
_ როგორი მოლოდინი გაქვს 2020 წლისგან?
_ ბევრ პოზიტიურ ამბავს ველი. ჰოროსკოპით ლომი ვარ და როგორც ბატონმა მიხეილ ხაბარელმა ბრძანა, ლომებისთვის ძალიან კარგი წელი იქნება. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი 2020 წელი. ყველას მინდა ვუსურვო სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა.

ნინო ლეჟავა, მსახიობი:
_ ახალ წელს, როგორც წესი, სახლში ვხვდები, მეგობრებთან ერთად ან თუ რაიმე შემოთავაზება მაქვს ღონისძიების წაყვანასთან დაკავშირებით, იქ მივდივარ.
_ წინასაახალწლო განწყობა როგორი გაქვთ?
_ ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული. ოპტიმისტური და კარგის მოლოდინი მაქვს.
_ სამზარეულოში ფუსფუსი თქვენ გიწევთ თუ სხვა ითავსებს ამ საქმეს?
_ გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში ხუთი მამრი მყავს, მეუღლე და ოთხი ვაჟკაცი, ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. არც ახალ წელსაა ეს გამონაკლისი.
_ თქვენთვის როგორი იყო 2019 წელი?
_ კარიერული თვალსაზრისით ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი წელი მქონდა, რისთვისაც მადლიერი ვარ. საერთოდ, ცუდი ხდება თუ კარგი, მე მაინც კარგისკენ ვიხრები. მადლიერებაზე დიდი გრძნობა არაფერია ამ ცხოვრებაში.
_ რას ისურვებდით 2020 წელს?
_ მთელ მსოფლიოში და, მით უმეტეს, საქართველოში, მინდა იყოს მშვიდობა. არ მენახოს არც ერთი ქვრივი, შვილმკვდარი დედა, გაუბედურებული ოჯახები. მხოლოდ მშვიდობა, მშვიდობა და მშვიდობა სუფევდეს. უფალი გვფარავდეს ყველას. ვთესოთ სიკეთე, რომ უკან სიკეთე დაგვიბრუნდეს.

ნინო ძოწენიძე, მომღერალი:
_ ბოლო რამდენიმე წელია, ახალ წელს ქუჩაში ვხვდები ანუ კონცერტებზე. რაც შეეხება წინასაახალწლო განწყობას, ნამდვილად კარგი მაქვს, თუმცა უკეთესიც შეიძლება. სამუშაო პროცესში ვარ, არის კონცერტები და ასევე ვმონაწილეობ ცენტრალურ კონცერტში, სადაც ტინა ტერნერს განვასახიერებ. 3 საათით ადრე მიკეთდება გრიმი და მოკლედ, ძალიან დიდი მზადება მიმდინარეობს.
_ როგორ შეაფასებდით 2019 წელს?
_ არ იყო ცუდი წელი, თუმცა 2020 წელი მინდა, უფრო კარგი და წარმატებული იყოს. ვირთხის წელი მოდის და ვნახოთ, როგორი იქნება.
_ ნაძვის ხე დადგით?
_ ნაძვის ხე დავდგით და მისი აწყობა ჩემმა მეუღლემ და ოჯახის მეგობარმა ითავეს. მე ნერვები არ მაქვს ხოლმე. სხვა სამზადისში, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ.

ქეთი ხუციშვილი, მსახიობი:
_ სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, სად შევხვდები ახალ წელს. შარშან სახლში შევხვდი და არსად გასვლის სურვილი არ მქონდა. წელს არ ვიცი.
_ ახალი წლისთვის არ ემზადები?
_ სახლში საერთოდ არაფერს ვაკეთებ. დედაჩემთან წავალ ან სხვაგან. არც ნაძვის ხე მიყიდია. ერთი პატარა ნაძვის ხე მაქვს, რომელსაც დავდგამ.
_ ამბობენ, რამდენიმე წელიწადში მაინც უნდა გამოცვალო ნაძვის ხეო. გატყობ, არ გაქვს წინასაახალწლო განწყობა.
_ მაქვს, უბრალოდ, დიდ ნაძვის ხეში და ძვირადღირებულ სათამაშოებში ფულს ნამდვილად ვერ გადავიხდი.
_ როგორი წელი გქონდა?
_ პირადად ჩემთვის 2019 წელი ნამდვილად კარგი იყო. კარიერული თვალსაზრისით წინსვლა მქონდა და კმაყოფილი ვარ. 2020 წელს უფრო მეტისა და კარგის მოლოდინი მაქვს. მეტი წარმატება მინდა მოვიდეს, რაც, რა თქმა უნდა, დიდ შრომასთანაა დაკავშირებული.

ნუკრი კაპანაძე, მომღერალი:
_ რაც ასაკი მემატება, მით უფრო აღარ მიყვარს ახალი წელი. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა, წლების მომატება მიხარია-მეთქი, ვერ გეტყვი. წლებია, რაც ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ. ყოველთვის კონცერტები მაქვს და იქ მიწევს ყოფნა.
_ ანუ სახლშიც არაფერს არამზადებთ?
_ გამომდინარე იქიდან, რომ მარტო ვცხოვრობ, არაფერს ვამზადებ. მარტო ყოფნა დიდად არ მიყვარს, ამიტომ სულ მეგობრებთან გავდივარ ხოლმე. ძალიან მინდა, საჭმელებს ვაკეთებდე, მაგრამ ამის საჭიროება არ მაქვს და სიმართლე გითხრათ, დიდი კულინარიული ნიჭითაც არ გამოვირჩევი.
_ ნაძვის ხე დადგით?
_ გაგიკვირდებათ და _ არა. ნაძვის ხის გადმოღება და მორთვაც კი მეზარება. ადრე დიდი ნაძვის ხე მქონდა, მერე დავაპატარავე, შემდეგ კიდევ დავაპატარავე და ბოლოს ვიყიდე ლამაზი ტოტი, რომელიც კედელზე მეკიდა, თუმცა ახლა ეგეც აღარ მიკიდია. ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემი ახალი წელი ჩემი საქმით შემოიფარგლება. რასაკვირველია, ძალიან მიყვარს, როდესაც სხვებს საჩუქრებს ვჩუქნი, მაგ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.
_ როგორი იყო თქვენთვის 2019 წელი?
_ 2019 წელს ძალიან ბევრი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. გადაფასების, დაფიქრებისა და გულის ტკენის წელი იყო. ზოგადად, მოსახდენი უნდა მოხდეს და თუ ცუდი ხდება, ის აუცილებლად უკეთესობისთვის ხდება. როდესაც ცუდად ხარ, მაშინ ფიქრობ, რომ თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ როდესაც აზრზე მოდიხარ, ზუსტად იცი, რომ რაღაც ნათდება. ის ცუდი იმიტომაა საჭირო, რომ ცოტა შეგანჯღრიოს, რაღაცაზე დაგაფიქროს და აზრზე მოგიყვანოს. მერე მქონდა ძალიან კარგი გამონათება, ყველაზე ბედნიერი ვარ სიმღერის დროს. ბევრისგან მსენია, ოჯახი რომ არ მყავდეს, საერთოდ რად მინდა რამეო. თუმცა ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც საყვარელი საქმის გარდა, ვერაფერი წარმოუდგენიათ. მე არ ვიცი, როგორი ვიქნებოდი, ოჯახი რომ მყავდეს, მაგრამ ვიცი, რომ სიმღერის გარეშე ვერ ვისუნთქებ. 2019 წელი ასევე იმით იყო საინტერესო, რომ ბევრი ახალი სიმღერა ჩავწერე, ზოგი ძველი, მაგრამ ახალი ჟღერადობით და ამ ყველაფერს ძალიან კარგი, დადებითი გამოხმაურება მოყვა. ეს ყველაფერი მაბედნიერებს. მინდა, რომ ახალი 2020 წელი ყველასთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი იყოს. გილოცავთ!

გიორგი საკარული