თამარ მეარაყიშვილი: „ახალგორის მოსახლეობას შიმშილით სიკვდილი ემუქრება“

ახალგორის ქართული მოსახლეობა სამ თვეზე მეტია, რაც სეპარატისტებს, ფაქტობრივად, ტყვეობაში ჰყავთ. აგვისტოს ბოლოს მათ ე. წ. საზღვარი ჩაკეტეს. თავიდან თქვეს, რომ ეს მხოლოდ სამ დღეს გასტანდა, ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, რადგანაც ცხინვალის ხელისუფლება სწავლის დაწყების წინ ყოველთვის კეტავდა ე. წ. საზღვარს. ჩაკეტილობა მხოლოდ სამ დღეს გრძელდებოდა. ამჯერად სხვანაირად მოხდა და ბიბილოვის ხელისუფლებამ ახალგორი სრულ იზოლაციაში მოაქცია.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებსაც კი არ აძლევენ, რომლებსაც თბილისში ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაუტარდეთ. ოკუპანტების ცხინვალის საყმომ ახალგორელების მძევლად აყვანა არ იკმარა და ახალი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრა. ქართველების სახლებში იმ ოსებს შეასახლებენ, რომელთაც, ოკუპანტების საყმოს თქმით, სახლ-კარი არ გააჩნიათ. უფრო ადრე ოსებმა ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა აკრძალეს. ამ ეტაპისთვის ოსები მხოლოდ 60 ბინის ჩამორთმევას უპირებენ ქართველებს. როგორც რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი მამიტოვი ამბობს, ეს ბინები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაცარიელდა. საუბარია ახალგორის ცენტრში მდებარე სამ კორპუსზე. ქართველებისგან ეს კორპუსები 2008 წლის აგვისტოში დაიცალა. მამიტოვი ამბობს, რომ ამ სახლებს უსახლკაროებს გადასცემენ. ოფიციალურ თბილისს ეს ფაქტი სათანადოდ არ გაუპროტესტებია. საოცნებო მთავრობა ამ ამბავსაც ისე მშვიდად უყურებს, როგორც ახალგორში მძევლად აყვანილ ქართველებს.

რატომ გადაწყვიტა ბიბილოვმა ახალგორის იზოლაციაში მოქცევა? ვის მისცემენ ორ თვეში ერთხელ ახალგორიდან გამოსვლის უფლებას? რა კითხვები აქვთ ოკუპირებულ რეგიონში ქეთევან ციხელაშვილთან? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ესაუბრება:

_ თამარ რა ხდება ახალგორში? ინფორმაცია გავრცელდა, რომ ცხინვალი ე. წ. საზღვრის გახსნას აპირებს.
_ მეეჭვება, რომ საზღვარი გახსნან. ახალგორში მყოფი 1.500 ადამიანი, ფაქტობრივად, მძევლად ვართ აყვანილი. ცნობილი ამბავია, რომ ბიბილოვი ამ საზღვარს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახსნის, თუ ქართული მხარე წნელისის საგუშაგოს გააუქმებს. მანამდე ჩვენ ყველანი მძევლები ვიქნებით. მე „ქრონიკა+“-სთან ადრეც ვთქვი, რომ ცხინვალმა ახალგორი მოულოდნელად ჩაკეტა. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა აქ, მათ შორის, ბავშვები, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე იყვნენ ახალგორში. აქ ჩარჩნენ სტუდენტებიც. მათაც და სკოლის მოსწავლეებსაც სწავლა უცდებათ, მაგრამ ეს ცხინვალის ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს.
ყოველდღე თბილისისა და ახალგორის მიმართულებით რამდენიმე რეისი სრულდებოდა. უამრავი ადამიანი შემოდიოდა ახალგორში, ბევრიც გადიოდა. ყველა აქ არის ჩარჩენილი. მათ შორის არიან მძიმე ავადმყოფები. რამდენიმეს სიმსივნე აქვს და ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებას საჭიროებს, მაგრამ არც ეს აინტერესებს ვინმეს, მათაც ტყვეობაში ამყოფებენ.
გაუსაძლის პირობებში არიან ის ახალგორელები, რომლებიც აქ აგვისტოს ომის შემდეგ მუდმივად აღარ ცხოვრობენ. ისინი გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ. ისინი შიმშილისთვის არიან განწირულები. აქ თავიანთი სახლების სანახავად ჩამოდიოდნენ ხოლმე ცოტა ხნით. შესაბამისად, მათ თან არც ფული აქვთ, რომ საჭმელი იყიდონ. საჭმლით შეიძლება, მეზობლები დაეხმარონ, მაგრამ გასათბობად შეშა ხომ უნდათ? ტანსაცმელიც არ აქვთ, ზაფხულის ტანისამოსით არიან დარჩენილები.
ყველაზე მძიმე დღეში ის პენსიონერები არიან, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდნენ პენსიას და ამით არსებობდნენ. ამ ადამიანებს და არა მარტო მათ შიმშილით სიკვდილი ემუქრება. სამწუხაროა, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლება სათანადო პროტესტს არ გამოხატავს. მისი ამდენი მოქალაქე მძევლად არის აყვანილი და თითქოს არაფერი ხდება _ საქართველოს მთავრობა სიმშვიდეს ინარჩუნებს. ჩემს მდგომარეობას უკვე მივეჩვიე. მე ცხინვალის ხელისუფლებამ ორი წლის წინ ამიყვანა მძევლად. სასამართლო სასამართლოზე მაქვს და ახალგორის დატოვების უფლებას არ მაძლევენ. კარგი, მე არ ვადარდებ, მაგრამ ბავშვებზე და მოხუცებზე მაინც ამოიღონ ხმა. ან სიმსივნით დაავდებული პაციენტები მაინც შეიბრალონ. მათ აქ კი უტარებენ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
_ საქართველოს ხელისუფლების დუმილს რით ხსნით?
_ არ ვიცი, ამაზე პასუხი, უბრალოდ, არ მაქვს. როგორ შეიძლება, შენი 1.500 მოქალაქე მძევლად იყოს აყვანილი, შენ კი ხმის ამოღებაც არ გინდოდეს?! ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იღებს ხმას მძევლად აყვანილ ახალგორელებზე დიმიტრი ხუნდაძე?! ამ ადამიანების ნაწილი ხომ მისი ამომრჩეველია.
_ ახალგორელები რანაირად არიან ხუნდაძის ამომრჩევლები?
_ იმ ახალგორელებს, ვისაც დევნილის სტატუსი აქვს და წეროვანში არიან ჩასახლებულები, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. იმის გამო, რომ ხუნდაძე დეპუტატი გამხდარიყო, ამ ხალხმა ოძისის საგუშაგო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ორჯერ გადაკვეთა და გადმოკვეთა. მოგეხსენებათ, მის გადეპუტატებას ორი ტურის ჩატარება დასჭირდა. პირველ ტურში ვერ მოახერხა გამარჯვება, მეორე ტურშიც ძალით გაიყვანეს. ყურადღებით ვუსმენ ხოლმე მის გამოსვლებს, მაგრამ არ გამიგია მისი პროტესტი ახალგორელების მძევლად აყვანის გამო.
_ თამარ, ისევ ე. წ. საზღვრის გახსნის თემას დავუბრუნდეთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რაღაც კატეგორიას მისცემენ ახალგორის დატოვების უფლებას. ეს რეალურია?
_ 2 დეკემბერს ცხინვალის უშიშროების საბჭოზე რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ გზა ჯერაც არ გახსნილა. ჩათვალეთ, რომ ხალხს მასხრად იგდებენ. გზა რომ გაიხსნება, მხოლოდ რამდენიმე კატეგორიას შეეძლება ახალგორის დატოვება. მათ შორის არის 200-მდე პენსიონერი. 200 არც არის. 50 პენსიონერი დაბაში ცხოვრობს, 120-მდე პენსიონერი _ სოფლებში, დანარჩენი 1.300 ადამიანი მძევლად რჩება. რა გგონიათ, ამ პენსიონერებს თავისუფლად შეეძლებათ ახალგორის დატოვება და მერე უკან დაბრუნება? ამის უფლებას ორ თვეში ერთხელ მისცემენ. ეს უფლება გინდა პენსიისთვის გამოიყენონ, გინდა _ სამკურნალოდ და გინდა _ დასასვენებლად. რაღაც პერიოდის მერე უკან თუ არ დაბრუნდებიან, ახალგორში აღარ შეუშვებენ.
ისევ უცნობია, რა რეჟიმით იმუშავებს საგუშაგო. ჯერ არაფერი იციან. წლის ბოლომდე შეიძლება, არც მოხერხდეს ამ შეღავათების ამოქმედება. ამბობენ, რომ ავადმყოფებსაც მიეცემათ ახალგორის დატოვების უფლება. ოღონდ იცით, როგორ ავადმყოფებზეა საუბარ? _ მომაკვდავებზე.
_ ყველა სიკეთესთან ერთად ახალგორში ქართველებს ბინების ჩამორთმევასაც უპირებენ. ამაზე რას გვეტყვით?
_ ქართველების ბინების უსახლკაროებისთვის გადაცემაზე აქამდეც ბევრს საუბრობდნენ. ახალგორის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვინც კი ყოფილა, ასეთი ინიციატივა ყველას აქვს გახმოვანებული. მამიტოვი არ არის პირველი, ვინც ამ თემაზე გააკეთა განცხადება. არის რაღაც საკითხები, რაზედაც, ალბათ, აღარასდროს გავაკეთებ კომენტარს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ქართველებისთვის ბინების ჩამორთმევაა. ადგილობრივი ხელისუფლება იმ ქართველების ბინების ამოღებას აპირებს, ვინც 11 წლის წინათ დატოვა ახალგორი და უკან აღარ დაბრუნებულა. ამ ბინების პატრონებმა იციან, რომ მათ ბინები უნდა ჩამოართვან, მაგრამ ამაზე პროტესტი არ გამოუხატავთ.
_ სად უნდა გამოეხატათ პროტრესტი, თუ მანდ აღარ ცხოვრობენ?
_ თუნდაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. მანდაც შეიძლებოდა სამართლებრივი დავის დაწყება, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. მე მათგან ერთი საპროტესტო განცხადებაც არ მომისმენია. აქამდე ყველაფერს ვაპროტესტებდი, მათ შორის, ბინების ჩამორთმევის საკითხსაც, მაგრამ როცა დავინახე, რომ მეპატრონეები ხმას არ იღებენ, საკუთარ თავს ვუთხარი, შენ რატომ უნდა დაიმძიმო მათ გამო მდგომარეობა-მეთქი? ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს. 2 წელი და 3 თვეა, აქ ვარ გამომწყვდეული. შეზღუდული მაქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება. ვიდევნები პროკურატურის მიერ, სასამართლო იწელება და ამ მდგომარეობას დასასრული არ უჩანს.
ამ დღეში სწორედ იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ახალგორელების უფლებებს ვიცავდი. ამ ხალხს რომ ხმაური აეტეხა, მეც ვიყვირებდი, მაგრამ მეპატრონეებს თუ არ აინტერესებთ, მე რატომ ვიბრძოლო? ამიტომ ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ფაქტი ძალიან ცუდია, მაგრამ ამ თემაზე პროტესტს აღარ გამოვხატავ.
ან მე რატომ უნდა ვაპროტესტებდე ამას? საქართველოს ტყუილად ჰყავს მთავრობა? რას მიკეთებს ქეთევან ციხელაშვილი? ამ ქალის ხსენება ხშირად მიწევს, მაგრამ ამოჩემებული კი არ მყავს, მაგის საქმეა კონფლიქტური რეგიონები და მაგიტომ ვახსენებ. თანამდებობაზე როცა აღარ იქნება, ერთხელაც არ გამახსენდება. გინდ თოჯინა მჯდარა მაგის ადგილზე და გინდ _ ეგ. დაზეპირებული აქვს რამდენიმე ფრაზა: „ჩვენ არ შევეგუებით“, „ჩვენ მარიონეტებს არ დაველაპარაკებით“, „საერთაშორისო თანამეგობრობა“, „ცხელი ხაზი“ და „ეს არის რეჟიმის სახე“ _ ამას თოჯინაც კი იტყვის. რა საჭიროა მინისტრი და სამინისტრო?! ციხელაშვილი ამ რამდენიმე ფრაზის წარმოთქმის გარდა არაფერს აკეთებს. რამეს რომ აკეთებდეს, რაღაც მაინც იქნება გამოსწორებული. რომელიმე მიმართულებით მაინც იქნებოდა წინსვლა. რამდენიმე დღის წინ ღონისძიება ჩაატარა, სადაც მუშაობის ერთი წელი შეაჯამა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს აქ ხალხი მძევლობაში არ არის. ამ ჩაკეტილი გზის გამო რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ექიმთან ვერ წავიდნენ, ციხელაშვილს კიდევ სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებს.
ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთითაც დავსვამ კითხვას, რომელსაც სოციალურ ქსელში ხშირად ვსვამ: ივნისში ციხელაშვილმა მოადგილედ დანიშნა ბადრი ნანიტაშვილი. არადა, აქამდე მოადგილის შტატი არ არსებობდა, მაგრამ ბადრი ნანიტაშვილისთვის შეიქმნა. დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ადამიანი სამსახურში ერთხელაც არ მისულა. თანამშრომლებისთვის არავის წარუდგენია. კაბინეტი არ აქვს. მაგრამ ციხელაშვილთან ერთად ნანიტაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში მოხვდა, იმის გამო, რომ პარალელურად ბიზნესის კეთებით არის დაკავებული. მიპასუხოს ციხელაშვილმა, რისთვის შექმნა მოადგილის პოსტი, ნანიტაშვილმა რომ ბიზნესი აკეთოს?

შორენა მარსაგიშვილი