მირიან მირიანაშვილი: „ამერიკა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას აუკრძალავს“

ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ელჩის დანიშვნაც კი ძალიან გააჭიანურეს. სამაგიეროდ, ახლა აანაზღაურეს ყველა დანაკლისი _ ელჩიც დაგვინიშნეს და საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებებიც უხვად გააკეთეს. კონგრესიც და სენატიც „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს აფრთხილებს. კონგრესმენების კრიტიკული განცხადებების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონში სიტუაციის დასალაგებლად ირაკლი კობახიძე გაუშვა… და კიდევ უფრო მწვავე შეფასება მიიღო პასუხად.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა მირიან მირიანაშვილმა რამდენიმე კვირის წინ „ქრონიკა+“-თან განაცხადა, რომ ამერიკელები აუცილებლად გააქტიურდებოდნენ და რუსებს არ მისცემდნენ რეგიონიდან მათი მოტეხვის უფლებას.

რა არის ამერიკელების გააქტიურების მთავარი მიზეზი? რა ულტიმატუმს წაუყენებენ ისინი ბიძინა ივანიშვილს? ვის და როგორ მოტეხავენ ქართული პოლიტიკიდან? _ ამის შესახებ მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება:
_ ბატონო მირიან, თქვენ წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ქართული მხარე რუსებთან ერთად რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან ამერიკელების მოტეხვას აპირებდა. ვარაუდობდით, რომ ამ მცდელობას ამერიკა აუცილებლად უპასუხებდა, მაგრამ ამას ცოტა მოგვიანებით ელოდით. ამერიკა წინა კვირაში გააქტიურდა, განცხადება განცხადებაზე კეთდება და ვაშინგტონმა ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილებაც კი მიიღო. რას უკავშირდება ეს გააქტიურება?
_ ამერიკის ორპალატიანი პოლიტიკური ელიტის რეაგირების დაჩქარება აშშ-ს რეგიონიდან მოტეხვის მცდელობის პროცესის დაჩქარებას მოყვა. ამერიკელების რეაგირება სპონტანური არ ყოფილა. მათ მაშინ მოახდინეს რეაგირება, როდესაც აქ პოლიტიკური პროცესი მოკვდა. კარგად იცოდნენ, რომ დროზე ადრე ოპოზიციის მხარდამჭერი რაიმე ტიპის დოკუმენტი რომ გამოეშვათ, ამას ოპოზიციონერები ხელზე დაიხვევდნენ, რომლებიც ვითომ ივანიშვილთან არიან დაპირისპირებული. სინამდვილეში, ოპოზიცია მასთან ერთად გეგმავდა რიგგარეშე არჩევნების ორგანიზებას იმ ვადებში, როცა ამერიკაში პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა პიკს მიაღწევდა. ასეთ დროს იქაური პოლიტიკური ელიტა საქართველოსთვის ვეღარ მოიცლიდა.
გათვალა რა ამერიკულმა მხარემ ეს ყველაფერი, ოპოზიციის მხარდამჭერი დოკუმენტები მაშინ გადმოაგზავნა, როდესაც აქ პოლიტიკური პროცესის გადაქოქვა და, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების ფორმატზე ხელახლა გასვლა შესაძლებელია. ვგულისხმობ რიგგარეშე არჩევნების იმ ვადებს, რომელიც რუსულ პოლიტტექნოლოგიას ჰქონდა ნავარაუდევი.
ახლა როგორც არ უნდა დაიქოქოს პროცესები და რიგგარეშე არჩევნები თუნდაც 25 დეკემბერს გამოაცხადონ, მისი ჩატარება თებერვლის ბოლომდე მაინც არ მოესწრება. ამ დროს ამერიკაში ტრამპის იმპიჩმენტი, სავარაუდოდ, უკვე დამთავრებული იქნება. ასე რომ, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში ამერიკელების მხრიდან მონიტორინგის დეფიციტი აღარ გვემუქრება.
რუსულმა პოლიტტექნოლოგიამ და მისმა ქართულმა შემსრულებლებმა კრემლისთვის სასურველი ვადები ხელიდან გაუშვეს. სცადეს, აქედან ამერიკელები მოეტეხათ, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ახლა როცა ამის შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია, ვაშინგტონმა ქართველი ალალი მომიტინგეებისადმი დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა.
_ გინდათ თქვათ, რომ აშშ ალალ მომიტინგეებს უჭერს მხარს და არა _ ოპოზიციას?
_ სენატორებისა და კონგრესმენების განცხადებებს ოპოზიციის გვერდში დგომად ნუ ჩავთვლით. ეს არის ანტირუსული განწყობის ხალხისა და ანტირუსული განწყობის პოლიტიკური გეგმების მხარდაჭერა.
ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს არის ორმხრივი მხარდაჭერა. ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთი რამე უნდა გააცნობიეროს კარგად: არანაირი კონგრესმენთა ჯგუფი თავისი ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე ასეთი ტიპის განცხადებებს არ აკეთებს. აღნიშნული დოკუმენტს, რაკი ორპალატიანი მხარდაჭერა აქვს, ის კონგრესის სპიკერთან უნდა იყოს შეთანხმებული, რაც დოკუმენტს სულ სხვა წონას სძენს.
კონგრესის მიღებულ გადაწყვეტილებას მალევე მოყვა სენატის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელ რაშის განცხადება. ეს განცხადება ძალიან ჰგავდა კონგრესმენების მომზადებულ დოკუმენტს. ამ ორ წერილს თუ ერთმანეთს შევადარებთ ვნახავთ, რომ ორივე ერთი და იგივე შინაარსის არის. სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რანგით, ლამის, პირველი კომიტეტია. ასე რომ, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასაც სხვა წონა და ფასი აქვს.
კონგრესმაც და სენატმაც ძალიან წონიანი განცხადებები გააკეთეს საქართველოსთან დაკავშირებით. ასეთი დოკუმენტი წინა თვეში რომ მოსულიყო, ოპოზიციის სიხარულს საზღვარი არ იქნებოდა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ახლა უკვე ქუჩაში იქნებოდნენ გამოსულები. ახლა ასეთ რამეს ვერ ვხედავ, რაც, ბუნებრივია, ეჭვებს აძლიერებს.
_ გინდათ თქვათ, რომ ოპოზიციას არ გაეხარდა ამერიკის მხარდაჭერა?
_ თავად ამბობენ, რომ გაეხარდათ. თუ გაეხარდათ, მაშინ ეს სიხარული მოქმედებებში რატომ არ ყალიბდება? ეს კითხვა ბევრს გაუჩნდება.
_ დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე ხომ არ დაიწყებდნენ ცქმუტვას, ვაცალოთ და რაღაცას იზამენ.
_ ვაცალოთ, თუმცა მოცდის გარეშეც შემიძლია გითხრათ, რატომ არ აისახა ეს სიხარული ოპოზიციის მოქმედებაში. ოპოზიცია უკვე დაქოქილი უნდა იყოს, თან იმაზე დიდი მასშტაბით, ვიდრე ეს წინა თვეში იყო. ოპოზიცია ახლა იმიტომ არ იქოქება, რომ ტრამპის იმპიჩმენტი რომ გადაივლის, ასეთ დროს აქ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არავის აწყობს. არავისში ვგულისხმობ, პირველ რიგში, რუსეთს, ასევე „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას.
_ როდესაც კონგრესმენებმა თავიანთი წერილი გამოაქვეყნეს, ამას „ოცნებაში“ მწვავე რეაქცია მოყვა. მათთან დასალაპარაკებლად ვაშინგტონში ირაკლი კობახიძე აფრინეს. მართლა სჯეროდათ, რომ კობახიძე კონგრესმენებს აზრზე მოიყვანდა და გაკეთებულ განცხადებას შეაცვლევინებდა?
_ არ ვიცი, კობახიძისგან რას ელოდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათ წინა წლების გამოცდილებიდან ჩამოუყალიბდათ აზრი, რომ მათთვის ამერიკელების მოტყუება პრობლემას არ წარმოადგენს.
_ ეს ცოტა სასაცილო არ არის? როგორ შეიძლება, ამათ ამერიკელები მოატყუონ?
_ სასაცილო არის, მაგრამ ასე რომ ეგონათ, ამის ბევრი მტკიცებულება მაქვს. მართალია, ამ წლების მანძილზე იმას აკეთებდნენ, რაც თავად სურდათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელები მოატყუეს. უბრალოდ, როცა ეგონათ, რომ ვაშინგტონს ატყუებდნენ, მაშინ შეერთებულ შტატებს არ აინტერესებდა, აქ რა მოხდებოდა. იმ დროს ვაშინგტონს ბევრი პროცესის მიმართ ჰქონდა გულგრილი დამოკიდებულება. ფაქტობრივად, შეგუებული იყვნენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა. არც რუსეთთან ჰქონდათ დიდი პრეტენზიები. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია განახორციელა. მაშინ ამერიკა ძალიან გაბრაზდა და რუსეთის დასჯა გადაწყვიტა.
იმავე პერიოდში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონს რუსეთის გავლენებისგან ამოიღებდნენ. იგივეს გააკეთებდნენ სხვა, მეტ-ნაკლებად, მნიშვნელოვან რეგიონებში, სადაც რუსეთს, საქართველოს მსგავსად, არაფორმალური მმართველობა აქვს დაწესებული. ასეთ სიტუაციაში ქართველების მიერ დადგმული თეატრალური სპექტაკლები წარმატებას ვეღარ მიაღწევს. აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას პროცესების მიმართ ახლა სულ სხვა აღქმა აქვს. მაშინაც აღიქვამდნენ ყველაფერს, უბრალოდ, არ იმჩნევდნენ, ახლა იმჩნევენ. ახლა გინდა, ერთი კობახიძე გააგზავნონ და გინდა, _ ათი, არაფერი შეიცვლება. ამაზე მათი რეაქცია ნული იქნება.
_ იმედია, გაბრაზებულმა კობახიძემ კონგრესმენებსაც არ უთხრა, _ იცით, რას გიზამთ, დაგამთავრებთო! როგორც ეს სერგო რატიანთან მიმართებით გააკეთა.
_ სასაცილო ამ სიტუაციაში ძალიან ბევრი რამ არის. ქართული პოლიტიკური ელიტის მიერ გამოვლენილი ამერიკული პოლიტიკისა და დიპლომატიის არცოდნა ძალიან დიდი სკანდალია. როგორ დაუშვეს, რომ ვაშინგტონი შეიძლებოდა ასე ადვილად მოტყუებულიყო?! სადამდეც საჭიროდ ჩათვალეს, ამერიკელებმა თავი მოიტყუეს, ახლა კი ძალიან დააჩქარეს პროცესები, ელჩიც კი სასწრაფოდ დანიშნეს.
_ რაღა სასწრაფოდ, რამდენი ხანია, აშშ-ს ელჩი არ გვყავს.
_ გაწელა კიდევ შეიძლებოდა. აშშ-ს სენატს, ამ ეტაპზე, კანონმდებლობით სხვა თემებზე გადართვის უფლება არ აქვს. მას შემდეგ, რაც კონგრესმა იმპიჩმენტი გამოაცხადა, ეს პრივილეგირებული ხარისხის გადაწყვეტილებაა და ამის შემდეგ სენატს სხვა საკითხების განხილვის უფლება არ გააჩნია. როდესაც ასეთ დროს სენატი იმისთვის იცლის, რომ რომელიღაც ქვეყანაში ელჩი დანიშნოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყანა ვაშინგტონმა სერიოზულ პრიორიტეტად მიიჩნია. სხვანაირად ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. ელჩის დანიშვა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ მოწყობილმა ერთობლივმა სპექტაკლმა დააჩქარა, რომელზედაც წინა ინტერვიუში გესაუბრეთ.
რეზიუმეს სახით მინდა ვთქვა, რომ შედეგი იყო მათი გეგმის საწინააღმდეგო. იმედი, რომ სასურველ ვადებში რიგგარეშე არჩევნებს ძველი კოდექსით ჩაატარებდნენ და ამას აშშ-ს პოლიტიკური ელიტა წაუყრუებდა, მცდარი აღმოჩნდა. ცოტა მოგვიანებით ველოდი ამერიკული პოლიტელიტის გააქტიურებას. მთავარი ისაა, რომ ამერიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
_ ამერიკამ დაგვანახა, რომ აქ მიმდინარე პროცესებს აღარ წაუყრუებს. ამის შემდეგ როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები?
_ როგორც რუსები იტყვიან, ეს კითხვა მილიონი დოლარი ღირს. ამ შემთხვევაში იმაზე ვისაუბროთ, ქართულ მხარეს მოვლენების განვითარების რა მცდელობები ექნება. იყო მომენტი, როდესაც ამერიკელებმა „ოცნება“ და ოპოზიცია ლამის ძალით შეიყვანეს „ბილტმორში“ დიალოგის გასამართად. როგორც უკვე აღვნიშნე, რიგგარეშე არჩევნები იმ ვადებში აღარ მოესწრება, რა ვადებიც მოსკოვს აწყობდა. ეს არ აწყობს ქართულ პოლიტიკურ ელიტასაც. ის კარგად ხვდება, რომ იმპიჩმენტისგან გამოთავისუფლებული ამერიკელები მონიტორინგისთვის მზად იქნებიან. ამერიკელების მონიტორინგის კი აქ ძალიან ეშინიათ.
_ რატომ ეშინიათ?
_ იმიტომ, რომ ამერიკული მონიტორინგის შედეგები თავისი არსით მკვეთრად ანტირუსული იქნება. გამომდინარე აქედან, ამათ რიგგარეშე არჩევნები აღარ აწყობთ. ერთადერთი, რაზეც ახლა შეიძლება ილაპარაკონ, ეს იქნება საარჩევნო ფორმატის ჩამოყალიბება. ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებს საარჩევნო თემაზე გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებაზე თუ უარს ეტყვის, ვაშინგტონის რეაქცია ძალიან მწვავე იქნება.
კონგრესმენმა რასელმა მოითხოვა, საკანონმდებლო ინიციატივად მის მიერ მომზადებული დოკუმენტი დარეგისტრირდეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშების დაყადაღებას ისახავს მიზნად. ეს ძალიან სერიოზული მესიჯია. კონგრესმენი რასელი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. იმედი მაქვს, ხელისუფლება თვალს მიადევნებდა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების თემას. ამ დოკუმენტში რუსეთისთვის ჯოჯოხეთური სანქციების დაწესებაზეა საუბარი. ჯოჯოხეთური სანქციების ერთ-ერთ ქვეპუნქტში სერიოზული ყურადღება ეთმობა პუტინთან დაახლობული ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებას. ამ ქვეპუნქტში ივანიშვილის გვარი რამდენჯერმე არის გაჟღერებული. ესეც სერიოზული მესიჯია.
ორი ასეთი მესიჯის გამოშვება ერთმანეთის მიყოლებით შემთხვევით არ ხდება. ამას კონგრესმენებისა და სენატორების განცხადებებს თუ დავამატებთ, ივანიშვილისთვის საკმაოდ ტრაგიკულ მოცემულობას მივიღებთ.
ამერიკას ბიძინა ივანიშვილი ახლა დიდი ყურადღების ქვეშ ჰყავს. ვაშინგტონში გადასარევად იციან, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები „ქართული ოცნების“ ლიდერის გარეშე ვერ დიაქოქებოდა. შესაბამისად, მან ამერიკიდან ძალიან სერიოზული გაფრთხილება მიიღო. ვვარაუდობ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი ამ ძალიან მკაფიო მესიჯებს სერიოზულად მიიღებს. არა მგონია, მან ვერ გათვალოს ის რისკები, რომელიც ამერიკელთა პოზიციის უგულებელყოფასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ საარჩევნო სისტემა, გარკვეულწილად, კორექტირდება.
_ ეს კორექტირება რაში გამოიხატება?
_ უნდა ვივარაუდოთ, რომ პროპორციული სიით გასული დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება. შესაბამისად, შემცირდება მაჟორიტარი დეპუტატების ოდენობა.
_ ეს მოდელი უკვე წარმოადგინა „ოცნებამ“ _ 100 პროპორციული სიით გასული და 50 მაჟორიტარი. ასე მალე არგო ამერიკელების წამალმა?
_ ეს სავარაუდო ვერსიაა. ეს ვარიანტი ბიძინა ივანიშვილს აქამდეც ჰქონდა მოფიქრებული, როგორც უკანდასახევი ვარიანტი.
_ ე. ი. ასეთ მწვავე რეაქციას ელოდებოდა.
_ მან სისტემური რისკები თავიდანვე კარგად დათვალა. სარეზევრო ვერსიად ჰქონდა შემონახული და ახლა გამოიტანეს დღის სინათლეზე.
_ თქვენი აზრით, ამის გარდა კიდევ ექნება ვარიანტები?
_ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ოპტიმალური ვარიანტია. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ მაჟორიტარების გადართვა ახალ რეალობაზე უფრო ადვილია, ვიდრე _ პოლიტიკური პარტიების.
_ ახალ რეალობაში რას გულისხმობთ?
_ პოსტრუსულ მმართველობას. რამდენადაც ვიცი, ამერიკელები მაჟორიტარული არჩევნების, როგორც ასეთის, წინააღმდეგი არ არიან. მათ სულ სხვა რამე აწუხებთ. მათთვის, ისევე როგორც ევროპისთვის, მნიშვნელოვანია, რომ აქ არჩევნები მართლა დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. მაგრამ მომავალ არჩევნებში ყველაზე მთავარი სხვა რამ იქნება _ ეს სხვა რამ რუსული გავლენებისგან განთავისუფლებაა. ამერიკა შეეცდება, რომ 2020 წლის არჩევნები რუსული გავლენებისგან თავისუფლად ჩატარდეს.
_ ამას რამენაირად მიაღწევს ამერიკა? რუსეთის მოშორება ასეთი იოლი არ არის.
_ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ამერიკული პოლიტიკური ელიტის კრიტიკა გაიზრდება. მას არჩევნებში ნებისმიერი ფორმით აუკრძალავენ მონაწილეობის მიღებას. მისი ყველანაირი აქტივობა ამ მიმართულებით ამერიკული პოლიტიკური ელიტის მიერ აღიქმება, როგორც საქართველოს საშინაო საქმეებში რუსი ოლიგარქის ჩარევა.
_ ამერიკა პოლიტიკური პროცესებიდან ჩახსნას უპირებს ივანიშვილს?
_ ვვარაუდობ, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილის ქართული პოლიტიკური სივრციდან გაყვანა. სხვანაირად ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში როგორ უნდა ჩაერიოს? რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთად გადაწყვიტა, ამერიკა რეგიონიდან მოეტეხა, ამისთვის კარგი დროც ჰქონდათ შერჩეული, მაგრამ ვაშინგტონმა ყველას დაასწრო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამათ მოტეხავენ პოლიტიკური პროცესებიდან.
_ თქვით, რომ ვვარაუდობ, ივანიშვილს პოლიტიკურ აქტივობას აუკრძალავენო. დათანხმდება ამას ივანიშვილი?
_ თუ არ დათანხმდება, სერიოზულად დაზარალდება. მას ეს რისკები უკვე კარგად ექნება შეფასებული. გაუგებარ მაქინაციებში მონაწილეობას ურჩევნია თქვას, რა როლი შეასრულა მან ამ ყველაფერში. ასე მას შანსი მიეცემა, ამერიკის პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობა დაალაგოს.
_ ასეთ შემთხვევაში ამერიკელები აპატიებენ, მოტეხვას რომ უპირებდა მათ?
_ აქ პატიებაზე არაა საუბარი, ასე ივანიშვილი პოლიტიკურ ელიტასთან ურთიერთობას დაალაგებს. სხვა შემთხვევაში ვაშინგტონიდან რეაქცია ძალიან მწვავე იქნება. არ ვიცი, რატომ ეგონათ, რომ მოტეხვის მცდელობას აშშ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვებდა.
_ რეაგირება როგორი იქნება?
_ რეაგირება აღმატებული ტრენდით იქნება გამოხატული. აშშ ჯერ სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებით შეეცდება, რომ დათმობებზე წაიყვანონ; მერე ღიად მოუწოდებს, რომ პოზიციები დათმოს; ბოლოს იქნება სანქციები. „ქართული ოცნების“ ლიდერს პირდაპირ სანქციებს არავინ დაუწესებს და ამას ტყუილად ელოდება ვინმე. ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებები წამოვა ვაშინგტონიდან. ამერიკა ისეთ საკომუნიკაციო გზებსა და ფორმებს მოძებნის, რომ არჩევნებისთვის ივანიშვილს უკვე აღარ ექნება პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის სურვილი.
_ გინდათ თქვათ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილი პოლიტიკური ველიდან იქნება გაყვანილი?
_ მარტო ივანიშვილი _ არა. მის ბედს სხვა ქართველი პოლიტიკოსებიც გაიზიარებენ.
_ ვინ გაიზიარებს?
_ ბევრი. საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში რეალური ერთმმართველობაა. ეს არაფორმალურ მმართველობაზე უარესი ფორმაა. ქართველ „ობივატელს“ ჰგონია, რომ ერთმმართველობა მხოლოდ ხელისუფლებაშია. სინამდვილეში, ჩვენს ქვყანაში ერთმმართველობის პირამიდა საკმაოდ დიდია და უფრო ვრცელი _ ის მოიცავს ოპოზიციურ ნაწილსაც.
სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში არის ერთმმართველობის პირამიდა, რომელშიც შედის როგორც ხელისუფლება, ასევე _ ოპოზიცია. ყველაზე ცუდია ისაა, რომ ეს პირამიდა რუსულია.
_ გინდათ თქვათ, რომ უმრავლესობაც და ოპოზიციაც რუსეთისგან იმართება?
_ დიახ! დღეს საქართველოში ბევრს საუბრობენ მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე. მე მესამე ძალის გამოჩენა არარეალურად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში მეორე ძალა არ არსებობს და მესამე ძალა საიდან უნდა გამოჩნდეს?
_ რას ნიშნავს, მეორე ძალა არ არსებობს?
_ იმას, რომ დღეს საქართველოში არის ერთპიროვნული რუსული მმართველობა ანუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთ ძალას წარმოადგენს. უბრალოდ, ისინი სხვადასხვა პარტიებში არიან გაშლილი.
დღეს მიმდინარე პროცესების შედეგად საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს მეორე პოლიტიკური ძალა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელი. დღევანდელ პარტიებს შორის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება გამორიცხულია. ეს, როგორც უკვე ვთქვი, არის ერთი ძალა სხვადასხვა განშტოებით. ამათ შორის რაღაცის გათამაშება და არჩევნების ჩატარება როგორ უნდა ჩაითვალოს დემოკრატიულად?
აი, ამიტომ გახდება საქართველოში აქტუალური მეორე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. ეს ძალა არჩევნებისთვის გაფორმდება. პროცესები ძალიან საინტერესო და დინამიკური გზით წარიმართება. ამიტომ ჩქარობდნენ ახალ რეალობაზე გადასვლას.

შორენა მარსაგიშვილი