თამარ ჩხეიძე: „დასავლეთი რომ არა, აქ 37 წელი იდგებოდა“

2019 წელი დუღილის წელი იყო. ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც ის გახლდათ, რომ ქართველმა ხალხმა საქართველოს პარლამენტის სავარძელში რუსი კომუნისტი გავრილოვის ჩაჯდომა არ გადაყლაპა და ხელისუფლებას მძლავრი და ხანგრძლივი პროტესტით უპასუხა. პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო _ აქამდე მდუმარე დასავლეთი ღიად შეშფოთდა. მათგან „ქართულმა ოცნებამ“ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მმართველ პარტიას პირდაპირ სთხოვენ, რომ პირობა შეასრულოს და არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს.
ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩხეიძე, დარწმუნებულია, რომ დასავლეთს „ოცნებაზე“ ზემოქმედების ბერკეტები აქვს და ის ივანიშვილს დათმობაზე წასვლას აიძულებს. მისი თქმით, დასავლეთი რომ არ ყოფილიყო, მასობრივ რეპრესიებთან ერთად აქ მასობრივ დახვრეტებსაც ვიხილავდით.

რას ელოდება დასავლეთისგან თამარ ჩხეიძე? რას ნიშნავს ახალგაზრდების გააქტიურება? რატომ და ვისი მხარდაჭერით ბედავს ხელისუფლება იმას, რასაც წინა წლებში ვერ ბედავდა? რა აჩვენა ქართველმა ხალხმა პუტინს? _ ამის შესახებ თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო თამარ, „ქართული ოცნება“ ყველაფერს რომ კადრულობს, ამას უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ 15 წლის ბავშვის თვითმკვლელობასაც თუ წინა ხელისუფლებასთან დააკავშირებდა, ამას უკვე არავინ ელოდა. თქვენ რით ხსნით მათ ასეთ ქმედებებს?
_ ეს მათი სტილი გახდა, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერზე „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერენ ხელს. სხვისთვის გადაბრალების მეტი ამათ არაფერი იციან. რაც შეეხება თავად ამ უბედურებას, ასე მგონია, რომ ეს საქმე პოლიციამდე არ უნდა მისულიყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე სკოლას ვადანაშაულებ. უბედურება მას შემდეგ მოხდა, რაც საქმეში პოლიცია ჩაერია. ეს უკვე ბოროტმოქმედებაა. ეს გახლავთ სისტემური დანაშაული, რაც პირდაპირ პოლიტიკას უკავშირდება. ასეთი უბედური შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ცალკეული ფაქტი და არც _ გამონაკლისი. ლუკა სირაძის ამბავი უკანონობის, სრული თვითნებობის, ადამიანის აბუჩად აგდების ფონზე მოხდა. ამ ქვეყანაში დღეს ათეულობით პოლიტპატიმარია, იდევნება სიტყვის თავისუფლება, სამართალდამცველები არ ემსახურებიან ხალხს და მხოლოდ ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს ასრულებენ. ასეთ ფონზე არავის უნდა გაუკვირდეს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები გაკეთდება. ასეთი ფონი რომ არ ყოფილიყო, კიდევ ვიფიქრებდით, რომ ეს იყო ცალკეული შემთხვევა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უკანონობაა გამეფებული ქვეყანაში. სამართალდამცველებსაც კი მწვანე შუქი აქვთ ანთებული უკანონობის ჩადენაზე.
სისტემური ხარვეზების გამოსწორება დაიწყონ და თავი დაანებონ იმაზე საუბარს, რომ ოპოზიცია ასეთ შემთხვევებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. თავადაც ბევრი ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი არაა, ვინ რას იყენებს, მთავარია ფაქტი და ჭეშმარიტება. ვინ რას ფიქრობს, ეს ჩვენ არ ვიცით. ჭეშმარიტება ისაა, რომ ამ ბავშვმა თავის მოკვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პოლიციამ მასზე ზეწოლა განახორციელა. პოლიციელები, როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს ასრულებენ. გამომძიებლები ბავშვზე ზეწოლას ახდენდნენ, იცოდნენ რა, რომ ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ ემუქრებოდათ. შანტაჟი, მუქარა და ასეთი რაღაცები პოლიციაში ჩვეულებრივ ამბად იქცა. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ამის გამართლება. მიუღებელია ხელისუფლების განცხადებები იმის შესახებაც, რომ ასეთი რამეები თურმე ყველგან ხდება.
_ ასეთი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ საზოგადოება იქ უფრო რადიკალურად რეაგირებს. იმის გამო, რომ პოლიციას ახალგაზრდა ადამიანი შემოაკვდა, პროტესტის ნიშნად ლამის მთელი საფრანგეთი და საბერძნეთი გადაწვეს იქაურმა მოქალაქეებმა.
_ მიუხედავად იმისა, რომ იქაური ხელისუფლებები, ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, უპასუხისმგებლოდ და უსამართლოდ არ იქცევიან.
_ თქვენი აზრით, რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ასე თავხედურად? დარწმუნებული არიან, რომ ვერავინ ვერაფერს დააკლებს?
_ დაუსჯელობის სინდრომის გამო და „ოცნებაც“ ამ დაუსჯელობის სინდრომით არის შეპყრობილი. გარდა ამისა, არსებობს მათ უკან მდგარი რუსეთი. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რუსეთი გაქრა რუკიდან, ამ შემთხვევაში ხალხს არ ვგულისხმობ, რეჟიმზე ვსაუბრობ. დღეს არსებული რეჟიმი რომ გაქრეს და საქართველოს საქმეებში აღარ ჩაერიოს, „ქართული ოცნება“ ერთი დღეც არ გაჯიუტდებოდა და მაშინვე გაიქცეოდა ქვეყნიდან.
_ რუსეთის გამო იქცევიან ასე თავხედურად?
_ რუსეთია მათი გაჯიუტების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. მოსკოვის ზურგი რომ არ ჰქონოდათ, ასე ხისტად არ მოიქცეოდნენ მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება მათ წინააღმდეგ გამოვიდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ ოკუპანტი ქვეყანა მფარველობს.
_ რუსეთი სერიოზულად უმაგრებს ზურგს „ქართულ ოცნებას“, სამაგიეროდ დასავლეთის დიდი რისხვა დაიტეხეს თავს. ამდენი და ასეთი მწვავე განცხადება დასავლეთიდან არასდროს წამოსულა. თქვენ გახსენდებათ მსგავსი ფაქტები?
_ ამდენი მწვავე კრიტიკა დასავლეთის მხრიდან არ მახსოვს. მათი ასეთი რეაქცია სრულიად ბუნებრივია. „ქართული ოცნება“ მართლაც ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. აქამდე ისინი რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ ან რბილად გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს. ზოგადად, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს. აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში არ შედის, რომ ამ ქვეყანაში ანტიდემოკრატიული პროცესები განვითარდეს, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ყოველგვარ ზღვარს გადავიდა საქართველოს ხელისუფლება. თანაც ეს ყველაფერი რუსეთიდან იმართება, თავადაც კი აღარ მალავენ. ან როგორ დამალავენ, ასეთი სისტემა, როგორც დღეს საქართველოშია, პუტინის რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი. დასავლეთი ამას ხედავს, რომ მდგომარეობა ამ მხრივ სულ უფრო უარესდება. ამიტომაც გამოხატეს ასე ღიად და მწვავედ უპრეცედენტო აღშფოთება. იმედი მაქვს, ეს საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას მოახდენს.
_ თქვენ თქვით, რომ „ოცნება“ რუსეთის ზურგით მიდის ყველანაირ უკანონობაზეო. იგივე ზურგით ხომ არ დააიგნორირებს დასავლეთს? დასავლეთში საიმისო ბერკეტები აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინონ?
_ საბედნიეროდ, დასავლეთს აქვს იმის ბერკეტები, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს. თუმცა ეს იმ დონის ბერკეტები არ არის, როგორიც რუსეთს უკავია ხელში. რუსეთს ქართული საზოგადოების ყველა სეგმენტი აქვს ათვისებული. ქართული საზოგადოება რუსული აგენტურით ძალიან არის გაჯერებული. არსებობენ უამრავი გავლენის აგენტებიც. რუსეთი საუკუნეებია, აქ არის და საქართველო, ქართველებთან ერთად, კარგად ჰყავს შესწავლილი. კარგად ფლობენ შესაბამის პოლიტტექნოლოგიებსაც. იციან ჩვენი ფსიქიკა და, შესაბამისად, ხვდებიან, თუ როგორ უნდა გვმართონ. ისიც კარგად იციან, ამა თუ იმ სიტუაციაში რა რეაქცია ექნება ქართულ საზოგადოებას. იციან, რა საკითხით შეძლებენ ჩვენზე ზემოქმედებას. მათ ფონზე დასავლეთი ბევრად მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ მათაც აქვთ ბერკეტები.
_ რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებისთვის?
_ სხვადასხვა სახის ბერკეტი აქვთ, ძირითადად, დასავლეთს ეკონომიკური ხასიათის ბერკეტების გამოყენება შეუძლია _ ხელისუფლებისა და, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს დაარტყას. ეს ბევრად ეფექტიანი იქნება, ვიდრე იმის მუქარა, რომ აქ თუ დემოკრატიული პროცესები არ იქნება, საქართველო დასავლეთს დაშორდება.
_ ეს მუქარა რატომ არ იმოქმედებს?
_ სხვა ხელისუფლებაზე შეძლება ემოქმედა, მაგრამ „ქართულ ოცნებაზე“ ეს არ მოქმედებს. ამით მხოლოდ ქვეყანა და მისი მოსახლეობა დაზიანდა.
მათ არც უნდათ დასავლეთთან დაახლოება. ივანიშვილის მიზანია, საქართველო რუსეთთან დააახლოოს და არა _ დასავლეთთან.
_ ისინი ამბობენ, რომ მათი კურსი დასავლურია. ამაზე ივანიშვილსაც აქვს არაერთი განცხადება გაკეთებული.
_ ეს პროგრამაშიც არ უწერიათ, ამას მხოლოდ ლოზუნგებისთვის იყენებენ. ივანიშვილს სულ სხვა სამოქმედო პროგრამა ჰქონდა და იმ პროგრამით მოქმედებს დღესაც. ის აქ იმიტომ მოიყვანეს, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოშორებოდა. ეს ღიად არ უნდა მომხდარიყო. ივანიშვილი თავის მისიას საკმაოდ ტექნიკურად ასრულებს. ჩვენ დღეს უკვე რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ. ამიტომ ვამბობ, რომ იმის მუქარა, რომ აქ თუ დემოკრატული პროცესები არ წარიმართა, საქართველო დასავლეთს დაშორდება, სასურველ შედეგს არ მოგვცემს. ამის გამოყენება ბერკეტად ნაკლებად შეიძლება. სამაგიეროდ, ბერკეტია მათ ეკონომიკურ ინტერესებზე დარტყმა. პირველ რიგში ეს ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკურ ინტერესებს შეეხება. ამით მასზე მართლა შეიძლება ზემოქმედება და მოთხოვნების წამოყენება და დამუქრება. დასავლეთის ეს ბერკეტები რომ არა, დღეს საქართველოში უკვე გაქანებული 37 წელი იქნებოდა.
_ ამბობენ, რომ 37 წელი უკვე დგას.
_ ტიპოლოგიურად მართლა არის 37 წელი, მაგრამ დასავლეთი რომ არა, მასშტაბები უფრო სერიოზული იქნებოდა. დღეს ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო რომ აღარ ხვრეტენ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ამ სამყაროში, რუსეთის გარდა, არსებობს დასავლეთი. ამის გარდა, დღეს სრულიად სხვა ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. ჩვენდა საბედნიეროდ, მოსკოვის მარიონეტად ქცეული საქართველოს მთავრობა დასავლეთზე ეკონომიკურად მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
_ თქვენ თქვით, რომ ივანიშვილზე ეკონომიკური ბერკეტები აქვთ. ბევრს საუბრობენ მისი ანგარიშების შესაძლო გაყინვაზე. რამდენად არის იმის ალბათობა, რომ მას მართლა გაუყინავენ ანგარიშებს?
_ დასავლეთი უკვე ღიად და დაუფარავად უყენებს ივანიშვილს მოთხოვნებს, რომ საქართველოში პროცესები ისე არ მიდის, როგორც უნდა ვითარდებოდეს, დასავლეთი უკვე ამბობს, რომ აქ არჩევნები მხოლოდ დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ განცხადებებმა უკვე გამოიღო თავისი შედეგი.
_ რა შედეგი?
_ აქამდე ხელისუფლება საუბრობდა, რომ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებელი არაფერი გვაქვს და დიალოგის კარი დახურულიაო. დღეის მდგომარეობით ოპოზიციასთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების გამართვა „ქართულ ოცნებას“ დასავლეთმა აიძულა.
_ კი აიძულა, მაგრამ ეს მოლაპარაკებებიც უშედეგოა.
_ ეს თავიდან არც იყო მოსალოდნელი. ხელისუფლება ჯერ კიდევ არ არის კონსტრუქციული, მაგრამ დასავლეთის ჩარევის შემდეგ ესეც შეიცვლება. თავიდან, როცა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩააგდეს, მოლაპარაკებები არც კი განიხილებოდა. მალე კონსტრუქციულობაც იქნება და სხვა შედეგებიც მიიღწევა.
_ ჩვენ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ვსაუბრობდით და სხვა თემაზე გადავედით. იქნება სანქციები?
_ გააჩნია, როგორ მოიქცევა „ქართული ოცნების“ ლიდერი. მალე გამოჩნდება, იქონიებს თუ არა დასავლეთი ივანიშვილზე უფრო სერიოზულ ზეწოლას. დაველოდოთ და ვნახავთ, რამდენად შორს წავა ამ ამბავში დასავლეთი.
_ თქვენი აზრით, წავა შორს?
_ ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. დასავლეთი უკვე ღიად საუბრობს, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია. დასავლეთი ითხოვს, რომ ივანიშვილმა დანაპირები შეასრულოს და აქ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, რისი პირობაც „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის ივნისში დადო.
_ დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე „ქართულ ოცნებას“ მისი წევრები პანტაპუნტით ტოვებენ. თქვენი აზრით, ეს სპექტაკლის ნაწილია თუ მართლა მიდიან გუნდიდან?
_ ამ ადამიანების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაღაც კითხვები მაქვს. ამ კითხვების მიუხედავად, არა მგონია, რომ იქიდან ხალხის წამოსვლა სპექტაკლია. ეს, ალბათ, უფრო იმ კრიზისისა და დისკომფორტის გამოძახილია, რაც დღეს მმართველ პარტიაშია.
ეს ადამიანები წლების მანძილზე ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგნენ. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამ ადამიანების გვერდით იყო, თანაც წლების განმავლობაში?! ამის მიუხედავაც ვფიქრობ, რომ ყველა მის გვერდით მდგომი ერთნაირი არ არის. ვინც უფრო ნათელი ადამიანი იყო, მან უკვე დატოვა ეს პარტია. შეიძლება ისინი იქ ანგარების მიზნითაც იყვნენ მისული, დიდი სარგებელიც ნახეს, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის შემდეგაც არანაირი კეთილდღეობა აღარ გიღირს იქ დარჩენის სანაცვლოდ. როდესაც უკვე აშკარად გამოიკვეთა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ლიდერი, ზოგმა დისკომფორტი იგრძნო და წამოვიდა. მმართველ გუნდში დაშლისა და ჩამოშლის ნიშნები გაჩნდა.
_ ეს ნიშნები ჩამოშლით დასრულდება თუ გუნდის გადარჩენას მოახერხებენ?
_ დიდია იმის ალბათობა, რომ ეს პარტია და, საერთოდ, ეს ხელისუფლება ჩამოიშალოს. ნიშნები უკვე აშკარაა. ხალხში არსებული უარყოფითი განწყობა სერიოზულ გავლენას ახდენს ხელისუფლებაში მყოფებზე. ბევრი მათგანი იქიდან სწორედ ამ განწყობის გამო წამოვიდა. სავარაუდოდ, კიდევ წამოვლენ „ოცნებიდან“ ადამიანები _ ახლა იქ ყოფნა საკმაოდ რთულია.
_ 2019 წელი მძიმე იყო, მაგრამ რაღაც დადებითი ამ წელმაც მოიტანა. დასავლეთი ჩვენკენ შემობრუნდა და აქ არსებულ პრობლემებზე აეხილა თვალი. ამას გარდა, საზოგადოებამ არ გადაყლაპა გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომა. თქვენ როგორ აფასებთ 2019 წელს?
_ ბევრი ცუდი გვქონდა, მაგრამ დადებითი შედეგებიც მოიტანა ამ წელმა. დასავლეთი უკვე სერიოზულად არის დაინტერესებული აქ მიმდინარე პროცესებით და ეს ძალიან კარგია. უმთავრესი ჩემთვის ის იყო, რომ პუტინს იმედები გაუცრუვდა. მას ეგონა, რომ აქ უკვე რუსეთი იყო; ფიქრობდა, ქართველები იმდენად არიან დაჩაჩანაკებულები, რომ რუსეთის მონობას ანუ ახალ რეალობას შეეგუებიანო. ის შემდეგ ნაბიჯებზე გადასვლასაც კი აპირებდა. გავრილოვის ვიზიტმა და მისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომამ გვაჩვენა, რომ ქართველი ხალხი ახალ რუსულ რეალობასთან შეგუებას არ აპირებს.
მიუხედავად იმისა, რომ „გავრილოვის ღამე“ ძალიან ტრაგიკული შედეგებით დასრულდა, ეს ჩემი აზრით ყველაზე კარგი ამბავი იყო ამ წელს. ადამიანებმა საშინელი დაზიანებები მიიღეს. ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. ათეულობით კაცი დღემდე უკანონოდ ზის ციხეში.
„ქართული ოცნება“ ამ დარბევაზეც აგებს პასუხს. ის, რომ რაღაც ჯგუფს პოლიციასთან ჰქონდა შეხლა-შემოხლა, ეს არ ნიშნავდა, რომ ვინმე პარლამენტში შეჭრას აპირებდა. ამის საფრთხე არც ყოფილა, ეს მოიგონეს. თავად თუ არ შეუშვებდნენ, იქ არავინ შევიდოდა. უამრავი დაზიანების მიუხედავად, ქართველმა ახალგაზრდებმა ყველას აჩვენეს, რომ ისინი რუსეთის მონები არასდროს იქნებიან. ყველას გააგებინეს, რომ საქართველოს არჩევანი დამოუკიდებლობაა.
ასევე დადებით მოვლენად შევაფასებ ახალგაზრდების უეცარ გამოღვიძებას. მათში თითქოს ერთბაშად ამოიფრქვა ეროვნული გრძნობები და მოქალაქეობრივი თვითშეგნება.
_ მართალი ხართ, ეს უცბად ამოიფრქვა, აქამდე ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვას არ ცდილობდნენ.
_ წინა წლებში მათი პასიურობა უფრო ჩანდა. არ ვიცი, წინა თაობა იყო პასიური და ეს სხვა თაობაა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდობამ გაიღვიძა. ასეთი აქტიურობა წინა წლებში არ ჩანდა. მხოლოდ მივესალმები მათ აქტიურობას. განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ეს აქტიურობა კონსტრუქციულია. ახალგაზრდებს უჭირთ ემოციების გაკონტროლება, მაგრამ ეს ბავშვები ძალიან კარგად იქცევიან და კონსტრუქციულად აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ უკანონობას. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რაც იმედით მავსებს.
_ ოპოზიციის ერთად დადგომა თუ იყო დადებითი მოვლენა? რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ, ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ასეთი განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ერთ მაგიდასთან დასხდებოდნენ.
_ ესეც დადებითი მოვლენაა. ოპოზიცია გაერთიანდა ერთი მოთხოვნით _ საქართველოში საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, რათა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ასევე მისასალმებელია მათ მიერ ერთად მოწყობილი საპროტესტო აქციები. ცუდი ისაა, რომ „ქართული ოცნება“ უაღრესად გათავხედებულია და ისეთ რაღაცებს ბედავს, რასაც წინა წლებში ვერ გაბედავდა.
_ რას ბედავს ახლა ისეთს, რასაც წინა წლებში ვერ ბედავდა?
_ თუნდაც მასობრივ რეპრესიებს: დღე ისე არ გავა, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერის სასამართლო არ გაიმართოს. სასამართლოებსა და პროკურატურაში დაატარებენ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს. წინა წლებში ამის გაკეთებას ვერ ბედავდნენ. რუსეთის ზურგით ახლა ამის გაკეთება დაიწყეს. ათეულობით ადამიანი ზის ციხეში პოლიტიკური ნიშით.
_ პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს სააკაშვილის დროსაც იჭერდნენ, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები მაშინ არ დაუკავებიათ.
_ სააკაშვილის დროსაც იყო გადაცდომები, მაგრამ რეპრესიების მხრივ დღევანდელ რეჟიმთან ვერც კი შევადარებ. ლიდერების დაკავებას მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ერიდებოდა. ირაკლი ბათიაშვილი იყო ამ მხრივ გამონაკლისი. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ირაკლი ბათიაშვილი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. უაზრობა იყო ადამიანის დაკავება იმის გამო, რომ ის ვიღაცას, თუნდაც ამბოხების მომწყობს, ტელეფონზე დაელაპარაკა და უთხრა, გამაგრდიო. ამისთვის ადამიანის დაკავება მიუღებელია. ირაკლი ბათიაშვილი ნამდვილად იყო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს იყო ერთი შემთხვევა.
ახლა მასობრივი რეპრესიებია. პირდაპირ და გამოკვეთილად იდევნებიან პოლიტიკური ლიდერები, თანაც იურიდიულად უსუსური და მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. ასეთი რამეები ყოველთვის ცუდად სრულდება ხოლმე. „ქართულ ოცნებასაც“ ცუდად შეუტრიალდება ეს რეპრესიები. იმედი მაქვს, რომ მათ მხოლოდ კანონის ფარგლებში გაეცემათ პასუხი. არეულობა და ანტიდემოკრატიული პროცესები საქართველოს დღეს არაფერში სჭირდება.
ოპოზიციასაც არ უნდა არეულობა. ეს აშკარაა. ისინი კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში მოქმედებენ. არიან რადიკალურები, მაგრამ კანონის ფარგლებში გამოხატავენ პროტესტს. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ხელისუფლების ფონზე ისინი ძალიან სიმპათიურად გამოიყურებიან. ხელისუფლება ყოველ წამს არღვევს კანონს.

შორენა მარსაგიშვილი