ლევან ხაბეიშვილი: „ფარცხალაძემ და ბახტაძემ ბიუჯეტიდან 100 მილიონი გააქრეს“

უკვე მერვე წელია, „სისხლიან 9 წელზე“ ვისმენთ საუბარს. ამ წლებზე ისინი ღაღადებენ, რომლებიც იმ დროს სააკაშვილის მეხოტბეები იყვნენ. ამ 9 წლის ძახილით ცდილობენ ყველა უბედურების გადაფარვას, რაც კი ბოლო 8 წლის მანძილზე საქართველოში მოხდა. მავანი შეეცადა, რომ სისხლიანი წლებისთვის დაეკავშირებინა 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული ამბავიც.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, მიიჩნევს, რომ საქართველოში უპერსპექტივობის, უიმედობის, კრიმინალის, დანაშაულის სათავე არის რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება. ეს უიმედობა იმიტომ ითესება, რომ ხალხი საქართველოდან გაიქცეს და აქაურობა ბიძინა ივანიშვილს დარჩეს.

ვის მოუწევს ამ ქვეყნიდან წასვლა? რატომ არ აქვთ ხმის ამოღების უფლება ხელისუფლებაში ცალ-ცალი „კალოშით“ მოსულებს? არის თუ არა სისხლისმსმელი ივანიშვილი? _ ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ლევან, თქვენ და თქვენი თანამოაზრეები ხშირად ამბობთ, რომ საქართველოში უნდა გათენდეს. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით კი კარგა ხნის გათენებული იქნებოდა, წინა ხელისუფლება რომ არ უშლიდეს ამას ხელს. მათივე თქმით, იმდენად დესტრუქციული ძალა ხართ, რომ 15 წლის ბიჭის სიკვდილსაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ.
_ ვფიქრობ, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ილაპარაკებენ ეს უგუნურები. თუ ვინმემ გამოიყენა ადამიანის სიცოცხლე პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის „ქართული ოცნება“. მაგათ ხომ არ დაავიწყდათ, თუ როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში და დღესაც გვამებზე სიარულს აგრძელებენ. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ეს ის ძალაა, რომელმაც ქვევრში დაახრჩო 9 თვის ბავშვი არჩევნების წინა ღამეს და მერე ეს მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.
ამ ამბიდან 8 წლის თავზე ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარბარე რაფალიანცის ამბავი იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ყველაფერი წინასწარ თუ არ იყო დაგეგმილი, მთელი „ოცნება“ და მათთან დაკავშირებული ბომონდი 2 წუთში გურჯაანში როგორ გაჩნდა? ამტკიცებდნენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. 8 წელია, ხელისუფლებაში არიან და რატომ არ გამოიძიეს ეს საქმე? ხომ დაამტკიცებდნენ „ნაცების“ პირსისხლიანობას. ამ საშინელებით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ვისზე საუბრობენ, რომ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენო?!
„ქართული ოცნება“ იმ ხალხის კრებულია, რომელმაც გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭების სულებით ივაჭრა. თან იმ დონეზე ივაჭრა, რომ დღეს სხვა გარდაცვლილები აღარ ახსოვთ. ხელისუფლებაში მოსვლამდე სამართლიანობის აღდგენის პირობას დებდნენ და სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე დანიშნეს უვადოდ. რა ნამუსით ლაპარაკობს დღეს ეს ამორალური ხალხი მორალზე?! მაჩალიკაშვილზე ხმას რატომ არ იღებენ?! მძინარე ბიჭი ამათმა სისტემამ არ მოკლა ლოგინში? დათუნა სარალიძის საქმეზეც დუმან და ამ საქმის გასაყალბებლად ათასგვარ მაქინაციას მიმართეს.
ის ძალა, რომელმაც პოლიცია მილიციად და ბიძინა ივანიშვილის ყარაულად გადააქცია, ვერც ოპოზიციას და ვერც საზოგადოებას ვერ უნდა ელაპარაკებოდეს. არც ლაპარაკობენ, ბოდავენ რაღაცებს უკვე. უბინძურესი ხალხია და აღარ ვიცი, რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო ამის დასამტკიცებლად. ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილი ხეების მოჭრას აპროტესტებდა და აღშფოთებას გამოთქვამდა, _ ერთი კაცის ახირებას ეწირება ასწლოვანი ხეებიო. თავად რა გააკეთა? ყველაფერი გადათხარა რომ თავის დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეები დაერგო. ყველა უბედურების სათავე ეს ადამიანია. მან მკვლელობებით და კრიმინალური გზით იშოვა ფული. თუ უნდათ, ამის გამო ჩემ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყონ. გაუთავებლად გავიმეორებ, რომ ამ ადამიანმა უკანონო გზებით იშოვა ფული. განათლება მაგას არ აქვს, არც ცუკერბერგია და ფეისბუქი არ მოუგონია, რომ ასე უცბად ეშოვა მილიარდები. ასე იოლად თუ იშოვება ამხელა ფული, ჩვენც გვითხრას. მაგრამ რა უნდა გვითხრას, სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ამ სისხლიანმა კაცმა რამდენიმე წლის წინ საყდრისი აგვიფეთქა. ამით დამატებით მილიარდებს შოულობს. გაძარცვა მთელი ქვეყანა და მისი პარტია სხვებს ელაპარაკება მორალზე. არანაირი უფლება არ აქვთ ამათ, მორალსა და ღირსებაზე ისაუბრონ. ვოლსკის საერთოდ არ აქვს ხმა ამოსაღები. ხელისუფლებაში ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა და ახლა დიდი ქონების მფლობელია. ამ ცალ-ცალი „კალოშით“ მოსულს და მის მეგობარს 70-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა სახელმწიფომ აეროპორტებთან დაკავშირებით. ვერ უარყო, რომ ის ვიღაც მისი მეგობარია, მაგრამ ამტკიცებს, რომ მას ამ საქმიდან სარგებელი არ აქვს. უკაცრავად, მაგრამ ფიცი გვწამს, თუმცა ბოლო გვაკვირვებს.
_ შეიძლება, მართლა ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ვოლსკი მთავრობაში „ნაციონალებმა“ მოიყვანეთ, თქვენ დანიშნეთ მინისტრის მოადგილედ.
_ ეგ კიდევ ცალკე უბედურებაა. ასეთი რამეების გამო საზოგადოებას მართლა უნდა ჰქონდეს პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. სალომე ზურაბიშვილი რა ჩამოსაყვანი იყო საფრანგეთიდან და როგორ დანიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრად, არ მესმის. დღემდე ისიც ვერ გავიგე, რა უნდოდა იმ მთავრობაში ვანო ზარდიაშვილს?!
_ კალაძე და თალაკვაძეც თქვენი კანტორის წარმომადგენლები იყვნენ.
_ არ მავიწყდება და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ გაკვირვებას, რა უნდოდა ასეთ ხალხს იმ ხელისუფლებაში?! ვინც კი ცუდი და უვარგისი ჰყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს ყველა „ქართულმა ოცნებამ“ შეისისხლხორცა. ისინი მეგობრულად ძარცვავენ საქართველოს და მის მოსახლეობას. ჩვენ მიერ ჩადენილი შეცდომებისა თუ დანაშაულების გამო პასუხი უკვე ვაგეთ. 2012 წელს ხალხმა გადაგვირჩია და ახლა რაღა დროს „ნაციონალების“ ძახილია, კალენდარს შეხედონ, 2019 წელია.
_ მალე 2020 წელი იქნება.
_ მით უმეტეს. წინა ხელისუფლება იცით, რატომ გაუშვა ხალხმა? მიაჩნდათ, რომ სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრობლემები იყო. ის არავის დასცდენია, რომ ჩვენ გზებს არ ვაგებდით, სკოლებს არ ვაშენებდით, ბიუჯეტს არ ვზრდიდით. ჩვენ ვეთანხმებით ხალხს და ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრობლემა გვქონდა და სასამართლო მთლად სამართლიანი არ იყო. „ოცნება“ კი რას ამბობს, 2012 წლამდე გადასარევი სასამართლო გქონდათო.
_ სად თქვეს ეგ?
_ თქმა რა საჭიროა, მოქმედებებიდან ჩანს. პირდაპირ გვეუბნებიან, კარგი სასამართლო გქონდათ, ისეთი კარგი, თქვენ რომ ვადით გყავდათ მოსამართლეები დანიშნული, ჩვენ ისინი უვადოდ დავნიშნეთო.
_ ისე, თქვენი დროის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მართლა უცნაურია.
_ უცნაური კი არა, ნონსენსია. დამნაშავეებად ვინც მიაჩნდათ, იმათ ჩააბარეს სამართლის დაცვა, თან უვადოდ და ამათგან ელოდებით ქვეყნის აშენებას? ეს გამორიცხულია. კაცი ოლიგარქის ყარაული იყო და შს მინისტრად დანიშნა, ვახტანგ გომელაურზე ვამბობ. უდიპლომო ადვოკატი ჰყავდა და ჯერ მთავარ პროკურორად გაამწესა, ახლა კი უზენაეს სასამართლოში გაუშვა. საყოველთაოდ ცნობილი მურუსიძე სასამართლოს მამად მოგვივლინა. სად არის აქ ლოგიკა? ვის სჯერა, რომ ეს ხალხი სამართლიან სახელმწიფოს ააშენებს?
ყურში აღარ ისმინება „9 წელი“ და აღარავინ რეაგირებს „იმ 9 წელზე“. არც იმაზე რეაგირებენ ადამიანები, რომ ხაბეიშვილს სისხლი გადმოსდის პირიდან, ეშვები აქვს და ბავშვებს ჭამს.
_ ეგრეც არ არის საქმე, თქვენზე, _ სისხლიანიო! _ არავის უთქვამს. დემაგოგს კი გეძახიან.
_ ეგრე არ დაუკონკრეტებიათ, რომ ხაბეიშვილია სისხლიანიო, თორემ მაგათი პათოსით ასე გამოდის. „ოცნების“ პათოსი ხომ ასეთია, ვინც „ნაციონალია“, ყველა მოძალადეა.
_ დემაგოგის იარლიყზე რას იტყვით? მიიჩნევთ თავს დემაგოგად?
_ არ ვარ დემაგოგი, მაგრამ მადლობა „ოცნებას“, რომ მთლად სისხლიანი არ მიწოდა. კიდევ უფრო დიდი მადლობა, რომ ქება არ დაიწყო ჩემი. ვოლსკიმ რომ თქვას, ხაბეიშვილი მართალი კაციაო, ძალიან მეწყინება.
_ რატომ გეწყინებათ, არ ხართ მართალი კაცი?
_ მართალი ვარ, მაგრამ არ მინდა, ასეთი რამე ვოლსკიმ თქვას ჩემზე. მირჩევნია, სისხლიანი და ბავშვების მჭამელი მეძახონ. ეგენი რომ გაქებენ, მაშინ ხარ საშინელი. ჩვენ გარშემო უამრავი ტრაგედია ხდება და ამათ რომ კაცმა ყური უგდოს, თურმე ხმა არ უნდა მოვიღოთ, რადგან ეს პოლიტიკური სპეკულაციაა. პოლიტიკური სპეკულაცია კი არა, იმის შედეგია, თუ როგორ იქცევა დღეს პოლიცია. პოლიცია კარგად ვერანაირად ვერ მოიქცევა.
_ რატომ ვერ მოიქცევა?
_ რასაც ხედავს, იქიდან გამომდინარე ვერ მოიქცევა კარგად _ ყველა ქურდსა და მამაძაღლს შერჩა ყველაფერი. რაც მეტ ცუდს აკეთებ, მით მეტად გაწინაურებენ. გახარიამ თვალები დასთხარა ბავშვებს და შინაგან საქმეთა მინისტრობიდან პრემიერობამდე დააწინაურეს. სამართალდამცველები დამიზნებით ესროდნენ ახლო მანძილიდან აქციის მონაწილეებს და არც ერთი მათგანი არ დასჯილა. ადამიანებს ციხეში მხოლოდ იმიტომ ყრიან, რომ მათ გაბედეს და ოკუპაცია გააპროტესტეს. ამათ ხელში რანაირად უნდა აშენდეს სამართლიანი ქვეყანა? რომელ სამართლიან ქვეყანაზე ვსაუბრობთ, როცა ორი წლის წან პანკისში მძინარე ბავშვი მოკლეს ლოგინში. იმის მაგივრად, რომ დამნაშავეები დაესაჯათ და საქმე გამოეძიებინათ, მოკლულ ახალგაზრდას ტერორისტობა დააბრალეს.
ვიღაცებს ამ ქვეყანაში კიდევ სჯერათ ივანიშვილის და მინდა, მათ ვკითხო, _ რანაირად გჯერათ, ხალხო, ამ საერთაშორისო აფერისტის? მთელ მსოფლიოს დაჰპირდა საქართველოში პროპრციული წესით არჩევნების ჩატარებას და ყველა გადააგდო. ეს კაცი ყველაფერზეა წამსვლელი და ეს უნდა იცოდეთ. ისიც იცოდეთ, რომ სანამ შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევას არ ვისწავლით, ამ ქვეყანაში უბედურებები არ შეწყდება.
ბევრჯერ მითქვამს და აქაც ვიტყვი, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არავინ მოუწყობს ვენდეტას რიგით მოქალაქეებს. კრიმინალებისა და ბიუჯეტის ვირთხების წინააღმდეგ სამართლებრივი ვენდეტა, რა თქმა უნდა, იქნება. ფარცხალაძესა და ჩხარტიშვილს, ივანიშვილსა და გოგაშვილს, აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი, მაგრამ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ხელს არავინ ახლებს.
იმედი მაქვს, რომ ამ პარტიაშიც არის ნათელი გონების ხალხი და მინდა, მათ მივმართო: რაც შეიძლება, დროზე მოდით აზრზე, ზურგი აქციეთ მაგ ბნელ ძალას, ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა შეცდომები გვაქვს დაშვებული და შეგუებული ვართ იმ აზრს, რომ ერთპიროვნულად ვერასდროს ვეღარ მოვალთ ხელისუფლების სათავეში.
_ ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ „ნაციონალები“ ამ აზრს შეეგუენ.
_ ჩვენ შეცდომები და გადაცდომები გავიაზრეთ და ამ დასკვნამდე მივედით. მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, არც ერთი სხვა პარტია არ უნდა მართავდეს ერთპიროვნულად საქართველოს. არ გაამართლა ამ ერთპარტიულმა მმართველობამ. დემოკრატიული ქვეყანა თუ გვინდა, პოლიტიკურ ძალებს შორის ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. ახლა საქართველოს კოალიციური მთავრობა სჭირდება. ჩვენ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ, რომ უკეთსი სახელმწიფო შევქმნათ.
„ქართული ოცნების“ პრიორიტეტი სულ სხვაა. ეს იქიდანაც ჩანს, თუ რაში ეჯიბრებიან ერთმანეთს _ ვინ უკეთ გაძარცვავს ამ ქვეყანას. 100 მილიონი წაიღო ფარცხალაძემ დღგ-ებით, საქმეც აღიძრა, გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ მერე რა? ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ამ ფულით მიუნხენში სახლი აიშენა და არის ახლა ბედნიერად. მშვენივრადაა მხართეძოზე წამოკოტრიალებული.
სად არის ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე? ის ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო. „იმედის“ პირდაპირ ეთერში თქვა, ესტონური მოდელი ძალიან მაგარიაო, ხელს დააჭერ ერთხელ და 5 თვეში ფული უკან მოგიბრუნდებაო. ამ ხელის ერთი დაჭერით გააქრეს ბიუჯეტიოდან 100 მილიონი. ვკითხულობ, _ სად არის ექსპრემიერი? _ არსად ჩანს. ისიც იყიდდა სადმე სახლს და წამოკოტრიალდებოდა ფარცხალაძესავით, არც არაფერი აქვს სანერვიულო, პასუხს არავინ სთხოვს.
უამრავი მაგალითია ბიუჯეტის გაძარცვის. ამ ხალხმა ჩამოშალა და გაანადგურა ეს სახელმწიფო. ვისგან ელოდებით სიმართლის დადგენას _ ბიძინას ყარაულებისგან? გამორიცხულია. ერთი ყარაული ხომ შს მინისტრად დასვა, მეორე სახელწიფო დაცვის სამსახურის უფროსია. პირადი სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დაგვისვა. უდიპლომო კაცს მთავარი პროკურორობა აღარ მოუნდა და უზენაეს სასამართლოში გაამწესეს. გადარეული ვარ, საიდან მოვიდა ამდენი ლობიო ხალხი.
აჩო თალაკვაძე რომ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ერის უდიდესი სირცხვილია. არ მიყვარს ადამიანებზე ასეთი რამეების თქმა, მაგრამ სუფთა გადაპრანჭული კოხტაპრუწაა. თანამდებობაც როგორ შეიფერა! ჰგონია, რომ მაგარი კაცია.
„ქართულ ოცნებაში“ იმდენად უსახო პერსონები არიან, რომ ერთამანეთისგან ვერ გაარჩევ. პოლიტიკაში სანამ პოლიტიკოსები არ იქნებიან, ამ ქვეყნის საქმე კარგად არ იქნება. პოლიტიკაზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. ვისაც პოლიტიკასთან ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა, ყველა გაემიჯნა ამ კაცს. ძიძიგური რომ ძიძიგურია, ისიც კი გაერიდა ივანიშვილს.
_ ძიძიგურს მიიჩნევთ პოლიტიკოსად?
_ ძიძიგური შეიძლება, არ მოგწონდეს კაცს, მაგრამ ის პოლიტიკოსი მაინც იყო. აჩო თალაკვაძე ვინ არის, გამაგებინეთ, ან, საერთოდ, საიდან მოვიდა?
_ „ნაციონალებიდან“…
_ ხომ ვთქვი ზევით, რომ ვინც უვარგისი გვყავდა, ყველა ამათ შეისისხლხორცეს-მეთქი! არც ჩვენ დროს იყვნენ ეგენი პოლიტიკოსები და არც ახლა არიან. წინა მოწვევის პარლამენტში ივანიშვილის გუნდში პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ ყველა გაექცა. ახლა ძალიან საეჭვო ხალხი ჰყავს გვერდით. დღეს ოლიგარქის გვერდით არიან მხოლოდ პირადი ყარაულები, პირადი ექიმები, მონები, კრიმინალები, ზებრები და პინგვინები. როგორ შეიძლება, იმ ორგანოს პარლამენტი ეწოდოს, სადაც ბექა ოდიშარია რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს?! ათობით ქეისი მაქვს დადებული იმაზე, თუ როგორ ძარცვავენ ბიუჯეტს და იტაცებენ სახელმწიფო ქონებებს.
ტყუილად არ ვახსენე ზემოთ ცალ-ცალი „კალოში“, მართლა ასე არიან ხელისუფლებაში მოსულები. ბიუჯეტის ძარცვით ახლა იშოვეს ფული. გაუტკბათ კარგი ცხოვრება და ამიტომ არიან რეჟიმს გადაფარებულები.
ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, 40 დღეზე მეტია, ტყვედ არის ჩავარდნილი და ესენი კომოს ტბაზე დარბიან დასასვენებლად. აჩო თალაკვაძის მტკიცებით, პირად საქმეებზე ჩავიდა კომოს ტბაზე. რა დროს პირადი საქმეებია?! სახელმწიფო თავზე დაგვემხო! იმის მაგივრად, რომ მთელი მსოფლიო შეეყარათ და ქართველი ექიმის განთავისუფლება დაეჩქარებინათ, თავიანთ ხალხს დისკუსია გაახსნევინეს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკატორიაო. ეს კამპანია რუსეთის აგენტ კუხიანიძეს დააწყებინეს, რომელიც თბილისის საკრებულოში ჰყავთ წამოსკუპებული.
_ ხომ გაეცით მას საკადრისი პასუხი ამის გამო?
_ როცა ხელისუფლება მტრის დავალებებს ასრულებს, ოპოზიციამ სახელმწიფოებრივად უნდა იმოქმედოს. ძალიან ბევრი აგენტია „ქართულ ოცნებაში“. ეს ერთი კუხიანიძე აუფეთქდათ ახლა, თორემ კიდევ რამდენია ჩანერგილი, ვინ იცის.
გული გაგისკდებათ, საკრებულოებისა და გამგეობების თანამშრომლების სტატუსები რომ წაიკითხოთ. ხელისუფლებაში გატარებული მათი ყოველი დღე დამატებითი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის.

შორენა მარსაგიშვილი