მთავარი ინტერვიუ კენედ თიმერმანი _ გიორგი გახარიას: „სერ, თქვენ საკუთარი თავი ამხილეთ ირანისა და...

კენედ თიმერმანი _ გიორგი გახარიას: „სერ, თქვენ საკუთარი თავი ამხილეთ ირანისა და რუსეთის აგენტობაში, გრცხვენოდეთ!“

9475
0
გაზიარება

2018 წლის თებერვალში, როცა თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ალი რეზა სულეიმან პაკი მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს, მაშინ არავინ იცოდა, რომ იგი ამერიკის გმირი და 11 სექტემბრის ტერაქტის გამოძიების საქმეში „ოქროს მოწმე“ იყო. გამოძიების მტკიცებით, 5500 დოლარის სანაცვლოდ ის ირანის მოქალაქე ბაჰიდ ებადის მოკვლას აპირებდა.
„ამერიკული მედია ჩემზე ჭორაობს“, _ ამ ფრაზას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში მას შემდეგ იტყვის, რაც ცნობილი ამერიკელი იურისტი, კენედ თიმერმანი, მას ირანისა და რუსეთის ინტერესების გატარებაში დასდებს ბრალს.

კენედ თიმერმანი საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოვიდა. მისი იურიდიული კომპანია 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დროს დაზარალებულებისა და მათი ოჯახების ინტერესებს იცავს ირანის მთავრობის წინააღმდეგ. როგორც ცნობილი ამერიკელი იურისტი ამბობს, ამჯერად საქართველოში ამერიკის გმირის, ალი რეზა სულეიმან პაკის ინტერესების დასაცავად ჩამოვიდა.

რას უყვება „ქრონიკა+“-ს კენედ თიმერმანი?
_ ალი რეზა სულეიმან პაკი წლებია, ამერიკის დაზვერვასთან თანამშრომლობს. მასზე ირანის მთავრობა ძალიან გაბრაზებულია, რადგან ოთხი წლის წინ საჯარო ჩვენება მისცა და დაადასტურა 9/11-ის ტერორისტულ აქტთან ირანის კავშირი. სწორედ სულეიმან პაკის ჩვენება გახდა მთავარი მტკიცებულება ირანის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. სასამართლომ ირანულ მხარეს 10 მილიარდი დოლარის კომპენსაცია დააკისრა. ეს პროცესი ჩვენმა იურიდიულმა ჯგუფმა მოიგო და ირანს ამ თანხის გადახდა მოუწია. ოთხი წლის წინ დავიწყეთ ამ საქმის წარმოება და სწორედ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება სულეიმან პაკმა, საჯაროდ გამოჩენილიყო. ამ დროიდან დაიწყო მის წინააღმდეგ დევნა და ის ირანის მთავრობის სამიზნე გახდა. მანამდე ის დაშიფრული აგენტი იყო, თანამშრომლობდა ამერიკის სპეცსამსახურებთან.
ირანის მთავრობა ალი რეზას ხალხს უგზავნიდა და სთხოვდა, მისი ჩვენება უკან წაეღო. უარის შემდეგ, 2016 წელს, ირანში დააკავეს მისი ძმა, რომელსაც ბრალი დასდეს ძმასთან ერთად ირანის სახელმწიფოს წინააღმდეგ შპიონაჟში. ძმის დაკავების შემდგ სულეიმან პაკს რამდენჯერმე შესთავაზეს მისი საჯარო ჩვენების უკან წაღება, რაზედაც მან უარი განაცხადა, _ თქვენი პირობების შესრულების არ მჯერაო. მოგვიანებით, სულეიმან პაკის ძმა ირანში სიკვდილით დასაჯეს.
_ კენ, როდის და როგორ აღმოჩნდა ალი რეზა სულეიმან პაკი საქართველოში?
_ 2017 წლის სექტემბერში ალი რეზა სულეიმან პაკი თბილისში ჩამოდის, ხსნის რესტორანს და იწყებს ბიზნესს. რესტორანი Nayeb -ი დადიანის 12-ში ოფიციალურად მის შვილს, კანადის მოქალაქეს ეკუთვნის.
ირანში საკმაოდ უჩვეულო პრაქტიკა აქვთ, _ პატიმრების სამედიცინო მომსახურებას არ აფინანსებენ და მათ მკურნალობის მიზნით აგზავნიან უცხო ქვეყანაში ან _ ოჯახში. ალი რეზა ელოდებოდა, რომ სამედიცინო მომსახურების მიზნით ძმას ციხიდან გამოიყვანდა და საქართველოში სამკურნალოდ ჩამოიყვანდა.
სრულიად მოულოდნელად, 20017 წლის შემოდგომაზე, მასთან რესტორანში მიდის ირანის ისლამური სახელმწიფოს ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავად შაჰიდი,
რომელიც, იმავდროულად, ირანის უშიშროების სამსახურის თანამშრომელია და რომელსაც ალი რეზა ადრეც იცნობდა. ელჩი მას ეუბნება, რომ ეს არის ბოლო შანსი, წაიღე უკან 11 სექტემბრის ტერაქტზე შენი ჩვენება, გადაგიხდით 5 მილიონ დოლარს, გაგიკეთებთ ქართულ პასპორტს და შენს ძმას ციხიდან გავათავისუფლებთო.
ყურადღება მიაქციეთ და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ეპიზოდი _ საუბარია ქართულ პასპორტზე. ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში.
_ თქვენი არც ერთი სიტყვის არ მჯერაო! _ უთხრა ალი რეზა სულეიმან პაკმა ირანის ელჩს და იგი რესტორნიდან გამოაძევა.
ამ ვიზიტის შემდეგ მოვლენები ტრაგიკულად ვითარდება:
2018 წლის იანვარში ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილს აგზავნის, რომ მას ინფორმაცია აქვს, თითქოს ალი რეზა სულეიმან პაკი ირანის მოქალაქის მკვლელობის მომზადებას აპირებს და ეს საკითხი უნდა გამოიძიოთო. ერთი კვირის მერე საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის ელჩის წერილს შინაგან საქმეთა სამინისტროში აგზავნის.
იანვრის ბოლოს გიორგი გახარიას უწყება ირანელ კრიმინალს, მათ აგენტს პოულობს, რომელსაც მოსასმენ აპარატურას უმონტაჟებენ და გახარიას აგენტები ალი რეზასთან ამ თემაზე საუბარს იწყებენ, ანუ ის სცენარი ხორციელდება, რომელიც გიორგი გახარიას ირანის ელჩმა დაუკვეთა.
უფრო კონკრეტულად, ირანის ელჩის წერილამდე არანაირი სცენარი და მტკიცებულება მკვლელობის დაკვეთასთან დაკავშირებით არ არსებობს. სულეიმან პაკთან მიდის აგენტი, რომელიც საუბარს იწყებს მკვლელობის დაკვეთაზე და შემდეგ ეს ფალსიფიცირებული ჩანაწერი ბრალდების მხარის მტკიცებულებაა სასამართლო პროცესზე. ამ შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე ალი რეზა სულეიმან პაკი დააკავეს. ირანის საელჩოს კვალი სასამართლო პროცესებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რაზედაც აქვე მოგიყვებით.
_ როგორ წარიმართა ალი რეზას სასამართლო პროცესები?
_ გახარიას აგენტ-პროვოკატორები იყვნენ ალი რეზას წინააღმდეგ გამოძიების მოწმეები და სასამართლო პროცესზე მათ მოიტყუეს. ბრალდებამ ჩანაწერი წარმოადგინა, მაგრამ ამ ჩანაწერიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, მხოლოდ ხმაური და მუსიკა ისმოდა. პირველმა თარჯიმანმა პროცესზე თქვა, რომ ვერაფერი გაიგო ამ ჩანაწერიდან. თარჯიმნის ჩვენება სასამართლომ უგულებელყო. მეორე თარჯიმანი ამბობს, რომ ასევე ვერაფერი გაიგო. საბოლოოდ, ოთხმა თარჯიმანმა თქვა უარი ცრუ ჩვენებაზე. ამის შემდეგ პროკურორს ჩანაწერის ე. წ. სტენოგრამა მოაქვს ხელნაწერის სახით. წარმოდგენილი სტენოგრამა იმ პირმა შექმნა, რომელიც ირანის საელჩომ დაიქირავა. ამონაწერი ფაბრიკაცია იყო. სამწუხაროდ, ეს ფაბრიკაცია სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. არჩადენილი დანაშაულისთვის ალი რეზა სულეიმან პაკს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
_ ვინ იყო ალი რეზას ადვოკატი?
_ სამწუხაროდ, არ მომისმენია ადვოკატის არც ერთი საჯარო განცხადება ამ საქმესთან დაკავშირებით.
სახელმწიფომ მას სახაზინო ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე დაუნიშნა, მერე მისი ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი იყო, რომელმაც დაცვის მთელი პროცესი ძალიან უხარისხოდ წარმართა, საერთოდ არ დაიცვა კლიენტის ინტერესები და, ძირითადად, ვალის გამო ყოფით დაპირისპირებაზე აკეთებდა აქცენტებს.
ალი რეზა სულეიმან პაკს ბრალი დასდეს ირანის მოქალაქის მკვლელობის შეკვეთაში; ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, მკვლელობის იარაღი; ვერაფრით დაამტკიცეს, რომ საერთოდ არსებობდა მსგავსი რამ; ვერ დაამტკიცეს, რომ მან რეალურად შეუკვეთა მკვლელობა; ოთხმა თარჯიმანმა უარი განაცხადა, რომ ჩვენება მიეცათ სულეიმან პაკის წინააღმდეგ. საბოლოოდ, არც არავინ მოუკლავთ. გასულ წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა. ამერიკაში ნამდვილად მოხდა შეკვეთილი მკვლელობა და მკვლელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, საქართველოში კი არჩადენილი დანაშაულისთვის ამერიკის გმირი 17 წლით ჩასვეს ციხეში.
_ კენ, როგორ ფიქრობთ, ხომ არ მზადდება ალი რეზა სულეიმან პაკის ირანში ექსტრადიცია?
_ გიორგი გახარიამ ირანული და რუსული სპეცსამსახურების დავალება შეასრულა და 2017 წლიდან მათი დაკვეთით ციხეში ზის ამერიკის გმირი. სამყარო თანხმდება, რომ ტერორიზმი მსოფლიო საფრთხეა. 11 სექტემბრის ტერაქტის საქმეზე ალი რეზა სულეიმან პაკმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მისცა ჩვენება ტერორისტების წინააღმდეგ და ასეთი ადამიანი ციხეში ჩასვეს დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. როგორც ჩანს, უნდათ მისი გადაცემა ირანისთვის, სადაც მას, მისი ძმის მსგავსად, სიკვდილით დასჯიან.
ეს არის დიდი საერთაშორისო სკანდალი. ჩვენ უკვე მოვთხოვეთ ამერიკის მთავრობას, ჩაერიოს ამ საქმეში და გიორგი გახარიას პირობას ვაძლევ, ამას დიდი საერთაშორისო სკანდალი მოყვება.
მაწუხებს შეკითხვა, _ როცა ირანის ელჩმა სულეიმან პაკს ქართული პასპორტი შესთავაზა, როგორ შეძლებდა იგი ამას შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე?
ვის შეუძლია ეს გააკეთოს საქართველოში? მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ახლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და, როგორც ჩანს, გარკვეული ინტერესები ჰქონდა ირანთან, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობაც სწორედ მას ეკისრება.
თქვენმა პრემიერ-მინისტრმა წლები გაატარა რუსეთში, მას მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ დაზვერვასთან. ამ შემთხვევაში გახარიამ ამერიკის გმირის დევნა დაიწყო ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე. საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ალი რეზას დანაშაულში მონაწილეობას დაადასტურებს.
ჩვენ უკვე ჩავაყენეთ საქმის კურში პრეზიდენტი დოლანდ ტრამპი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ადვოკატთა კოლეგია. ისინი ყურადღებით დააკვირდებიან სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს. კონგრესიც ძალიან ნერვიულობს ამ საკითხზე. თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს შეშფოთებას, ეს გავლენას მოახდენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, რადგან ირანის ხელისუფლებას თქვენი მთავრობა იმ ადამიანის წინააღმდეგ დაეხმარა, რომელიც გმირია და რომელმაც საკუთარი სოცოცხლე გარისკა _ საჯარო ჩვენება მისცა ირანის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რათა მათი როლი დაემტკიცებინა 11 სექტემბრის ტერაქტის საქმეში. ამ პიროვნების გამოჩენას აქ უნდა ზეიმობდნენ და ციხეში არ უნდა სვამდნენ!

P. S. „მთავარ არხზე“ გასული სიუჟეტის შემდეგ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ ალი რეზა სულეიმან პაკი ძებნილი იყო და მას საფრანგეთის მთავრობა ეძებდა. ცნობილმა ამერიკელმა იურისტმა გიორგი გახარიას ფეისბუქის ჩემს კედელზე საჯაროდ უპასუხა: „დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ მოიტყუა საქართველოს მოსახლეობის, მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველომ 9/11-ის გმირი, ალი რეზა სულეიმან პაკი, იმიტომ დააკავა, რომ მას ევროპა და საფრანგეთი ეძებდა. ეს არის ირანის პროპაგანდა. 2002 წლიდან სულეიმან პაკი, როგორც პოლიტიკური ლტოლვილი, პრობლემების გარეშე ცხოვრობს ბერლინში და დღეს მე ბრალს ვდებ გახარიას, _ თქვენ, სერ, თქვენი სიტყვებით, საკუთარი თავი ამხილეთ, როგორც ირანისა და რუსეთის აგენტმა, სირცხვილი, თქვენ!“ _ დაწერა კენედ თიმერმანმა.

ალბათ, გახსოვთ ის ბუმი, რაც გასულ წლებში ირანის მოქალაქეების მიერ ბინადრობის მოწმობებისა და უძრავი ქონებების შეძენის ფაქტებთან დაკავშირებით ქართულ მედიაში აგორდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით: „ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ირანის მიმართულებას კურირებდა და მას ამ საქმეში სუსის უფროსის სკანდალური მოადგილე, სოსო გოგაშვილი ეხმარებოდა. ირანიდან რკინისა და ბიტუმის შემოტანა მათი ნებართვის გარეშე არ ხდებოდა, ფასებსაც აწესებდნენ და _ მონოპოლიასაც. ამავე წლებში მწვანე ჰქონდა ანთებული ირანიდან ე. წ. კლუბური ნარკოტიკის შემოტანას, თეთრდებოდა ფულიც. ოფისი, სადაც ირანელები ფულის გათეთრების სქემებს ალაგებდნენ, რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა და ბანკიდან ქეშად მიმავალ ფულს სუსის თანამშრომლები დააცილებდნენ _ ერთი „რეისი“ $2000 ღირდა.
იგივე ჯგუფი კურირებდა რუსეთიდან ე. წ. გადარტყმული მანქანების შემოყვანას საქართველოში და ირანში გაგზავნას. ირანელებს აქ მეძავებსაც უგზავნიდნენ, პირად კადრებს იღებდნენ და მერე მათ სამშობლოში მხილებით ემუქრებოდნენ. მოგეხსენებათ, ირანში ეს სიკვდილით დასჯას ნიშნავს. კომპრომეტირებული ტიპები ან დიდ ფულს იხდიდნენ, ან ბიზნესებს თმობდნენ საქართველოში. რაც შეეხება ალი რეზა სულეიმან პაკს, ირანის საელჩოს ინფორმაცია მისი საქართველოში შემოსვლის შესახებ იუსტიციის სამინისტრომ მიაწოდა. არსებობდა სქემა, ბინადრობის უფლებასა და მოქალაქეობის მინიჭებაში, როგორ და რის სანაცვლოდ მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტრო. ის აქტიურად თანამშრომლობდა ირანის დაზვერვის რეზიდენტთან, რომელიც ახლაც საქართველოშია. სულეიმან პაკის ძალიან ეშინოდათ საქართველოში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ის ამერიკელების დავალებით ფულის გათეთრების სქემების გამოძიებას დაიწყებდა და ინფორმაციას ამერიკულ მხარეს მიაწვდიდა, რადგან აქ მყოფ ირანელებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პირადი ფირით დააშანტაჟეს და დიდი ფული აახიეს. სწორედ ამიტომ მოხვდა ალი რეზა ციხეში და ამიტომ მიუსაჯეს მას 17 წელი“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო. იგი ამბობს, რომ ციხეში ალი რეზას უსაფრთხოება დაცული არ არის, ადვილი მოსალოდნელია, თვითმკვლელობის ინსცენირებაც კი მოაწყონ.
მას შემდეგ, რაც სოსო გოგაშვილი სუსის უფროსის მოადგილე აღარაა, უჩა მამაცაშვილი კი საპარტნიორო ფონდს ჩამოაშორეს, რამდენიმე ირანელი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და საქართველოში მათ შემოსვლაზე კონტროლი გამკაცრდა.
„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და სხვა დეტალებს მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

ელისო კილაძე

დატოვეთ კომენტარი