ანნა ქართლელიშვილი: „ახალგაზრდები ვართ ის ძალა, რომელიც დაასრულებს რუსულ პოლიტიკას საქართველოში“

ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა ახალგაზრდების განსაკუთრებული დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია. შეიქმნა სხვადასხვა ახალგაზრდული გაერთიანება, რომელიც პოლიტიკური პერფორმანსებით გამოხატავს პროტესტს. ამ ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ველზე თავისი ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოიყვანა. კონკრეტულად, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თაოსნობით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, თბილისში „კონცერტი“ გაიმართა, თუმცა ეს ღონისძიება კონცერტის კრიტერიუმებს ნამდვილად არ აკმაყოფილებდა.

რა იყო ამ შეკრების მთავარი მიზანი? რისი თქმა სურდა „ქართულ ოცნებას“? რა ბერკეტები აქვთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემა მივიღოთ? რას პასუხობს „შეცვალე“ ხელისუფლების ბრალდებას, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობისგან“ იმართებიან? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტ ანნა ქართლელიშვილს ესაუბრა:

_ 14 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თაოსნობით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, თბილისში „კონცერტი“ გაიმართა. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა ეს „კონცერტი“?
_ „ქართული ოცნება“ უკვე იაზრებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნდობა მათი წევრების მიმართ განულდა. აშკარა გახდა ის ერთპიროვნული მიზნები, რის განხორციელებასაც ასეთი მონდომებით ცდილობენ. არ შეიძლება, ქვეყანაში ყოველი მესამე ადამიანი შიმშილობდეს, პოლიტიკური პატიმრების რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდეს, ჩვენი მოქალაქეები ოკუპანტების მიერ იყვნენ გატაცებულები და ამ დროს ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს საკუთარი ძალის დემონსტრირებაში ხარჯავდეს, რომელზე დასწრებაც ხალხს დაშინებით, სამსახურის დაკარგვის მუქარით აიძულეს. ამასთან, ბოლოდროინდელი მოვლენების მიხედვით, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდები პოლიტიკური პროცესების სათავეში მოექცნენ. დაინახეს, თუ რა ძალაა ჩვენში. შესაბამისად, უკვე ნახევრად დაშლილი „რუსული ოცნება“ ცდილობს, ახალი სახეებით კვლავ მოატყუოს საქართველოს მოსახლეობა, კვლავ გასცეს შეუსრულებელი დაპირებები და ასე ჩამოეკიდონ სკამებსა და პოციზიებს. თუმცა ჩვენთვის ყველაზე გულსატკენია, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მოწინავე შემსრულებლებად გვევლინებიან, საბოლოოდ ჩაჰყვებიან უკვე ჩამპალ და სახელმწიფოსათვის დამაზიანებელ ინტერესებს. ჩვენ ვიბრძვით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული, დემოკრატიული და მოწინავე სახელმწიფო რეგიონში.
_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ვნახეთ პოლიტიკური პერფორმანსები, თუმცა რეალური შედეგი ჯერ არ მიგიღიათ. რა ბერკეტები გაქვთ ახალგაზრდებს და პოლიტიკურ პარტიებს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაპირება შეასრულოს?
_ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ დაავიწყდა, თუ როგორ მოვიდა სათავეში. ხელისუფლების წყარო ხალხია და ის განსაზღვრავს მმართველი ძალის ლეგიტიმაციას. დღეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა იმედგაცრუებულია, რადგან „ქართული ოცნება“ არ ასრულებს მათ დაკვეთას. ჩვენს ხელში არის მთავარი ბერკეტი, რასაც ხალხის ერთიანობა ჰქვია. გარდა ამისა, დღეს პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართული არიან არა მხოლოდ პარტიები, მეტიც, ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ვართ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები, რომლებსაც შეგვიძლია შევცვალოთ მანკიერი პოლიტიკური კულტურა და საბჭოურ ნომენკლატურულ-ყაჩაღური რეალობა. ჩვენი მთავარი გამოწვევა და მიზანია, შევცვალოთ საქართველოში დღეს არსებული მახინჯი პოლიტიკური კულტურა. დავასრულოთ ოლიგარქის ერთპიროვნული მმართველობა, რომელსაც, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ყველა შტო მიტაცებული აქვს და ცდილობს, ქვეყანა რუსულ გუბერდნიად გადააქციოს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დავამკვიდროთ ჯანსაღი, დემოკრატიული და კონსტიტუციური დღის წესრიგი საქართველოში. მიგვაჩნია, რომ დასავლური ღირებულებები საქართველოს განვითარების ერთადერთი გზაა.
_ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ იყო განცდა, რომ მასშტაბური პროტესტი იქნებოდა, თუმცა მოსალოდნელზე ნაკლები ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. როგორ ფიქრობთ, რა რა არის მიზეზი?
_ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი გაურკვევლობაშია. „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება ნაწილებად დაყო. ერთი მხრივ, ის იყენებს საჯარო სექტორში დასაქმებული პირების იძულებით მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი აღვივებს შიშს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აიღებს მმართველობის სადავეებს. მასობრივი პროტესტის არარსებობა „რუსული ოცნების“ მხრიდან განხორციელებულმა იძულებისა და შიშის პოლიტიკამ გამოიწვია. ასევე იმ ერთმა და იგივე სახეებმა, რომლებსაც 30 წელია, მოსახლეობა ხედავს ტრიბუნებთან, მაგრამ დღესდღეობით რეალობა რადიკალურად შეცვლილია, რადგან დაპირისპირება რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და მმართველ გუნდს შორის არ მიმდინარეობს. აქამდე თუ მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები, კონკრეტული პარტიების მიერ უზრუნველყოფილ მანიფესტაციებზე დადიოდნენ, ახლა ეს რეალობა სრულიად შეცვლილია და ოპოზიცია სამოქალაქო სექტორის გვერდით დგას, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა საზოგადოებრივი აზრის ცვლილება და ჯანსაღი პროცესების წარმართვას შეუწყო ხელი.
_ ოპოზიცია რამდენად ადეკვატურად მოქმედებს? „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი უარყოფითად აისახება თუ არა საზოგადოების მხრიდან ოპოზიციის ნდობაზე?
_ უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ცალსახად აღსანიშნავი ფენომენი მთელი ოპოზიციური სპექტრის მიერ განსხვავებების დაძლევა და საერთო მიზნისკენ ერთიანი ძალებით ბრძოლაა. რა თქმა უნდა, ამას „ქართული ოცნებაც“ იაზრებს და ხედავს, თუ რა ძალის შემცველია პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობა. „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთლიანი ოპოზიციური ძალის, სახედ წარმოჩენა და შემდეგ ხალხის ამით დაშინება მათი სტრატეგიის მთავარი ნაწილია. ისინი ამ გზით ცდილობენ ხალხის აზრზე მანიპულირებას და ისე წარმოჩენას, თითქოს ყველა, განსხვავებული შეხედულების მქონე პოლიტიკური პარტია, საერთაშორისო აქტორი თუ სამოქალაქო აქტივისტი, არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თუმცა საზოგადოება უკვე ხედავს, რომ ეს ყველაფერი პანიკაში ჩავარდნილი პარტიის ბოდვაა და არა _ რეალობა.
_ რა როლი აქვთ ახალგაზრდებს პოლიტიკურ პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სახეების გამოჩენა?
_ ძალაუფლების წყარო აბსოლუტურად ყველა დამოკრატიულ ქვეყანაში არის ხალხი. ახალგაზრდები ამ სოციუმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეგმენტია. შესაბამისად, სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის უზრუნველყოფას ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა განაპირობებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, უნდა ვიაზრებდეთ, რომ კადრების აკუმულირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. აზრთა მიმოცვლა, სამოქალაქო ჩართულობის ზრდა, ახალი სახეები _ ეს ის ბერკეტებია, რომელიც საქართველოში პლურალისტური გარემოს განვითარების საშუალებას გვაძლევს.
_ ახალგაზრდების, მათ შორის, თქვენი მოძრაობის მისამართით ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ისმის, რომ თქვენ „ნაციონალური მოძრაობა“ გმართავთ. რას უპასუხებთ ბრალდებას?
_ პროცესი, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მიმდინარეობს, მმართველი პარტიის უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომლის წინააღმდეგაც გაერთიანდა არა მხოლოდ საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია, არამედ სრულიად სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ყველას გვაერთიანებს დასავლური ღირებულებები. მართულობასთან დაკავშირებით ბოდვა არის „ქართული ოცნების ხელში“ არსებული ერთადერთი ბერკეტი საკუთარი უუნარობის გადასაფარად. ისინი ცდილობენ დასავლური ძალების მარგინალიზაციას. დღეს საქართველო არჩევანის წინაშე დგას _ დავრჩებით რუსულ ორბიტაზე თუ განვაგრძობთ წინსვლას? ახალგაზრდები ვართ ის ძალა, რომელიც დაასრულებს რუსულ პოლიტიკას საქართველოში.
_ ბოლო პერიოდში რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობა შეიქმნა. რა არის „შეცვალეს“ მთვარი მიზანი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალე“ 2019 წლის 20 სექტემბერს დაფუძნდა. მისი შექმნის იდეა საქართველოში არსებულმა მძიმე რეალობამ განაპირობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო რუსული ინტერესების გავლენის ქვეშ არის მოქცეული, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას. მოძრაობა „შეცვალე“ მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებში დიდი რესურია იმისთვის, რომ საქართველო კრიზისიდან გამოვიდეს. ორგანიზაცია სრულად ეფუძნება დასავლურ ღირებულებებსა და იდეებს. ჩვენთვის უპირველესი მიზანია, ვიცხოვროთ თავისუფალ, დამოუკიდებელ და წარმატებულ ქვეყანაში, სადაც სამართლის უზენაესობა უპირველესი ღირებულებაა. ცვლილებები უნდა განხორციელდეს კომპლექსურად. პირველ რიგში, აუცილებელია, შეიცვალოს საქართველოს რუსული ხელისუფლება, რომელიც აბრკოლებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რომელიც საშუალებას აძლევს ოკუპანტს, უაპელაციოდ გაიტაცოს ჩვენი მოქალაქეები და მიიტაცოს საქართველოს ტერიტორიები. არსებული რეჟიმი ხელს უწყობს საზოგადოების რეგრესსა და სახელმწიფოებრიობის კარგვას, ამიტომ მოძრაობა „შეცვალეს“ კარი ღიაა ყველა დასავლურად მოაზროვნე ადამიანისთვის და ორგანიზაციისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, რომ შევცვალოთ ქართული რეალობა.
მოძრაობა „შეცვალემ“ საქართველოს მასშტაბით არაერთი აქტივობა განახორციელა. ლიდერებს მუდმივად უდევთ ხელი საზოგადოების მაჯისცემაზე, რაზეც მეტყველებს განხორციელებული აქტივობებით შექმნილი ქართული დღის წესრიგი.
„შეცვალემ“, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მწვავედ გააპროტესტა ოკუპაცია სოფელ ატოცში. ორგანიზაციის წევრები აქტიურად გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ სერიულ შეწყალებებს, რომელთა შედეგადაც არაერთმა კრიმინალმა დატოვა საპატიმრო. ასევე აღსანიშნავია ლიდერების მწვავე პოზიციები და აქცია-პერფორმანსები თბილისის მერიის მხრიდან საზოგადოებისთვის საზიანო ინიციატივების წინააღმდეგ.
დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს, _ დავრჩებით რუსულ ორბიტაზე, თუ განვაგრძობთ გზას წარმატებისკენ.
„შეცვალე“ არის საქართველოს მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი. საპროტესტო ტალღა განაპირობა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც დეპუტატებმა არ დაამტკიცეს საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩენო სისტემაზე გადასვლის შესახებ. ფაქტმა საზოგადოების მწვავე პროტესტი გამოიწვია, რომლის შუაგულშიც არის „შეცვალე“. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ ბოლომდე ერთის წინააღმდეგ, რომ შევცვალოთ ქართული რეალობა.

ნენე ინჯგია