მთავარი რელიგია დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიური“

დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიური“

483
0
გაზიარება

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-39

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

ცოტა რამ ცნობები კიდევ საეკ. კრებაზე: პირველ ორ დღეში კრებაზე გამოცხადებულა სულ 80 დელეგატი, მთელი კრების შემადგენლობა უნდა ყოფილიყო 212 დელეგატი, კვორუმისათვის საჭირო იყო 106 დელეგატი; მიუხედავად ამისა შეკრებილთ თავისი თავი კანონიერ ქვორუმად გამოუცხადებია, შემდეგ გამხდარა 96 კაცი, მაშინ კრებას შეუვსია „ქვორუმი“ თავისგნით მოწვეულ კაცებით: საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობის „დირექტორი“ დეკ. ლაზრიშვილი გამოაცხადეს დელეგატად, ნაზარმაც მოითხოვა ჩემი „დირექტორიც“ დეკ. გაბრიელ ცაგარეიშვილიც ასევე მიიღეთო, ესეც მიიღეს; (ეს ცაგარეიშვილი კიევის აკადემიელია, ეპ. გაბრიელის დროს კათედრის დეკანოზად ნაკურთხი, შემდეგ რეალურ სასწავლებლის სჯულის მოძღვარი, ეხლა ნაზარის სამეურნეო გამგე, სანთლის ქარხანას აწარმოებს, ფულებს თვის ბოლოში ერთმანეთში იყოფენ და ერთმანეთს მხარს უჭერენ, არიან ნათესავნი ურთიერთშორის; ასე დახურდავდა ოდესღაც კეთილ იმედების აღმძღვრელი დეკ. გაბრიელ ცაგარეიშვილი!), ამავე წესით დელეგატად მიიღეს უმონასტრო არქიმანდრიტი მარღიშვილი, ასევე მიიღეს გელათის არქიმ. ნესტორი (ყუბანეიშვილი). ამ გზით და ამ სახით კრების „დელეგატთა“ რიცხვი აუყვანიათ 119 კაცამდე, მაგრამ, როგორც „კენჭობიიდანა“ სჩანს, უკენჭავნიათ 108 კაცს; სხვები რა იქნაო, რო ვკითხე, მიპასუხეს, ზოგი წავიდ-წამოვიდა, ზოგმა ხმაც არ მისცა, თავი დაიჭირაო და სხვა. ამ სახით ირკვევა, რომ კრება არ იყო კანონიერი შემადგენლობისა; ამას გარდა ყოფილა გაშმაგებული აგიტაცია, დიდ აგიტაციას უწევდა ამბროსის დეკ. ა. თოთიბაძე, რომლის დელეგატობაც უკანონოა, სამხედრო ტაძარი ვინ და როდის გამოაცხადა ცალკე „ოლქად“, რომ იქიდანაც ერთი დეკანოზი წასულიყო და მთელი თბილისიდანაც! ასეთია თვითნებობა დეკ. თოთიბაძე-ცინცაძისა! ამათი შემხედვარე რა კანონიერება და რა დისციპლინა უნდა დამყარდეს ჩვენს გაუბედურებულ ეკლესიაში?!. ნაზარ მიტროპოლიტს დიდი მზადება ჰქონებია კრებისათვის; თვისი მეგობარი (შვილებს უნათლავს) ყოფილი დეკანოზი კ. კეკელიძე თხუთმეტი დღით ადრე გაუწვევია ქუთაისში, ამისთვის დაუწერინებია კრებაზე წარმოსათქმელი მისასალმებელი სიტყვა (ამასვე აწერიებდა ჩემთან საწინააღდეგო პოლემიკას გაზეთ „საქართველოში“, როდესაც სამედიატორო სამართალში გამიწვია ნაზარმა), „ზედვე ეტყობოდა კეკელიძის დაწერილი სიტყვა თუთიყუშივით გაეზეპირებია ნაზარსო“, _ სთქვეს ჩამოსულმა დელეგატებმა; „ამბროსის რაც მოადგა პირზე, ისა სთქვაო“; ნაზარს გარშემო სოფლებისათვის „საეკლ. კრების წმინდა მამების საჭიროებისათვის“ შეუწერია დიდ-ძალი სანოვაგე, პური, ღვინო, ყველი, ლობიო, დეკეულები, მჭადი, ხილი და სხვა; ხალხსაც სიამოვნებით მოუწოდებია „წმ. მამათათვის“ ყოველივე ეს _ „ოღონდ რაიმე სასიკეთო დაადგინეთ, ოღონდ ქვეყანა დაგვიმშვიდეთ, ჩვენთვის ღმერთს შეევედრეთ, გვაკმაროს ეს ამოდენა სიმწარე, და თქვენთვის სულს არ დავიშურებთო“, _ ამბობდენ თურმე იმერლები და თავის ზურგით მოჰქონდათ გელათში დიდ-ძალი სანოვაგე; იმერეთში (და არა გურია- სამეგრელოში; დიდი ღვთისმოსაობაა დარჩენილი გაბრიელ ეპისკოპოზის მადლით და ღვაწლით; ტაძრები ქუთაისში თუ სოფლად ხალხით არის თურმე სავსე, დიდი სარწმუნოებრივი აღფრთოვანება შეიძლება შეჰქმნას კაცმა იმერეთში, რომ სამღვდელოება იყოს თავის დონეზე, თუმცა იმერეთის სამღვდელოებაც სხვა კუთხის სამღვდელოებაზედაც მაღლა სდგას ყოველ-მხრივ; ასეთ კუთხეს მოევლინა „მწყემსად“ გაბრიელ-ლეონიდ-ანტონის შემდეგ „ნაზარკა“ (როგორც ტფილისის რუსი დედაკაცები ეძახიან ხოლმე მას); მგონი სამღვდელოებაც ხელს უწყობდა ამ „ნაზარკას“ გაკათოლიკოზობას, სურდათ თავიდან მოეშორებიათ და ჩვენთვის გადმოეგზავნათ ტფილისში; ნაზარსაც დიდი იმედი ჰქონებია არჩევისა, მაგრამ გაუცრუვდათ იმედები, რომ აერჩიათ იმ შემთხვევისათვის მზად ჰქონებია რამოდენიმე ტიკი ღვინო და ერთი ძროხა _ სადილი უნდა გაემართა „ღვთივგაბრძნობილ კრებისათვის“. მაგრამ როდესაც არჩევნები ამბროსიზე დასრულდა, უცბად „ის ტიკი ღვინოებიც სადღაც გაჰქრა და ის ძროხაც ცოცხალი გადარჩა“, _ ოხუნჯობდნენ ქალაქში დაბრუნებული დელეგატები; სადილზე ღვინო ვეღარ ვიშოვეთ უკანასკნელ დღესო (არჩევნები მომხდარა 7 ენკენისთვეს). იმდენად დაღონდნენ ჩვენი „იმერელი მასპინძლები“ ნაზარის გაშავებით, რომ სულ ყურები ჩამოჰყარეს და გლახაობაც იკადრესო. დეკ. გაბრიელ ცაგარეიშვილს მიუმართავს დეკ. ლაზრიშვილისათვის, _ „ფული სულ გამოგველია, აღარაფერი გვაქვს და ამ ლოგინების და ჭურჭლეულობის გადასაზიდად ფული რამ გვაჩუქეთო“, ესეც თავმომწონეთ ამდგარა და ჩვენი ფულიდან ნახევარი მილიონი ფული უჩუქებია, „მადლობა ღმერთს, რომ მათი ნამასპინძლევი ჩვენ არა გამოგვყოლია, სულ გადავიხადეთო“; იმერელ დელეგატებს სრულებით არა დახარჯვიათ რა, სულ ყველანი ნაზარის მიერ შეგროვილ სანოვაგით უფასოდ სცხოვრობდენ, ასე რომ ის ფული რაც მათმა მრწმუნებელმა ოლქებმა მათ მისცეს, _ სულ ჯიბეში დარჩათო“. ესეც მეტად დამახასიათებელი მოვლენაა ჩვენთვის! ის წესები, რაც კალისტრატე ჩიკვაიძეს ჰქონდა შემოღებული ქუთაისის „ბანკობიას“ არჩევნებში (ბანკის თავმჯდომარედ ირჩევდა იმერეთის თავად-აზნაურობა ამ კალისტრატეს, რომელიც უმასპინძლდებოდა ამრჩევლებს ზუთხებით, ხიზილალებით და დიდის სადილების და რაუტების გამართვით, ეს საზღაპროდ და საარაკოდ დარჩა ჩვენს საზოგადოებაში _ „კალისტრატეს ბანკობია“); აი, ეს „კალისტრატეს წესებისათვის“ მიუბაძავს ნაზარს, იმ განსხვავებით, რომ კალისტრატე ხარჯავდა თავისას (თუმცა ნაქურდალ-ნასესხავს), ხოლო ნაზარი ხალხის სანოვაგით იმადრიელებდა და სურდა მოსყიდვა ამრჩეველ დელეგატებისა! მეტად მედიდურად სჭერია თავი კრებაზე, აშკარად ჰბაძავდა რუს არქიელების ბობოლაობას, „სულ ყველა მოლაპარაკენი რო ფეხზე დგომით ამბობდენ კრებაზე სიტყვას, ნაზარი მუდამ დამჯდარი ლაპარაკობდაო; კრების სხდომების შემდეგ შეიკეტავდა კარებს და არავისთან ჰკადრულობდა გამობაასებას, თუ არ თვის მახლობელ აგენტებთანო“; მეტისმეტად საზიზღარი ოინები გვაჩვენა ნაზარმაო, _ სთქვა ეს მისმა ნაამხანაგევმა დეკ. ბ. კონტრიძემ; მაგრამ კონტრიძე არც ამ ამბროსით არის კმაყოფილი, „მეტად მოუხეშავ-მოუდრეკავი და უნიჭო კაციაო, ვერც კრებაზე სთქვა რაიმე ჭკუიანური, სანუგეშო და საქმიანი და ვერც სიონში შეხვედრაზეო, არც არა ეკლესიური ეხერხება მაგას, არც წირვა უვარგა, არც კითხვა და არც მოძღვრებაო; ამას ისევ ნაზარი სჯობდაო“; ნაზარი სდომებია სხვა ბევრსაც ქალაქში, მაგ. დეკ. ტყემალაძეს, რომელიც მტრულად იყო განწყობილი ამბროსისთან, როდესაც ეს უკანასკნელი სან. კანტორის წევრად იყო აქ ექსარხოსების დროს და დიდი შეტაკებაც მოუხდა ამ ტყემალაძეს არქიმ. ამბროსი-დეკ. თოთიბაძე-ცინცაძესთან 1906 წელს, როდესაც ეს ორი პარტია ერთი მეორეს ძირს უთხრიდა ნიკონთან, ხოლო ტყემალაძემ ქალაქის სამღვდელოების კრებაზე, ეპ. პეტრეს (კონჭოშვილი) თავმჯდომარეობით, უყვირა საჯაროდ ამბროსის, თოთიბაძეს და ცინცაძეს, ამხილა მათი ვერაგობა-გაიძვერობა, ცინცაძეს კი სამჯელ ზედი-ზედ მიაძახა: „იუდა, იუდა, იუდაო“! აი, ეს სამი გოდორი „იუდა“ დღესაც ზურგზე ჰკიდია ჩვენს „მამა კალისტრატეს“, ხოლო ეს „პერსონები“ განგებამ მოგვივლინა დღეს უზენაეს საეკლესიო დაწესებულების წევრებად, „ერთი სულით და ერთი გულით“ _ ამბროსი კათოლიკოზის თავმჯდომარეობით და „საჭეთმპყრობლობით“, კ. კეკელიძის „მეცნიერებით“, დეკ. ი. მირიანაშვილის „გულწრფელობით“ და სხვა და სხვა… მეღა ვაკლდი ასეთ „კოლეგიას“, რომ შევსებულიყო მთლიანი შთაბეჭდილება ჩვენი უბედურებისა! თურმე ნაზარმა, რო გაშავდა შემდეგ, ენერგიულად წამოაყენა ჩემი კანდიდატურა საკათოლიკოზო საბჭოში! ეს კ. კეკელიძე-ცინცაძე-ტყემალაძე-მირიანაშვილის გვერდით! რასაკვირველია, ეს ნაზარმა განგებ წამოაყენა, რომ ამბროსის საკათ. საბჭოს კოლეგიაში მოვყოლოდი მე „დაუცხრომელ ოპოზიციად“, ხელის შემშლელად და გამამწარებლად; მაგრამ ღმერთმა მიბრალა და მგონი დეკ. ბ. კონტრიძეს წამოუძახნია: „დეკ. თალაკვაძე სამღვდელოებამ „კონტროლად“ ამოარჩია და ის საკათ. საბჭოს წევრად არ შეიძლებაო“, და გადავრჩი ამ განსაცდელსაც! ნამდვილად კი ჩემი „კანტროლობა“ სასაცილო რამ მოვლენაა; მე ივლისის საეპარქიო კრებაზე ამომირჩიეს სანთლის ქარხნის, ანუ, როგორც ეხლა სახელიც შეუცვალა ლაზრიშვილმა, სახელოსნოს კანტროლად; მაგრამ არც ინსტრუქციაა შემუშავებული ამ ჩემი კანტროლობისა, არც ის ვიცი თუ რის უფლება მაქვს მე მონიჭებული და შემიძლია თუ არა „ფაქტიური კონტროლის“ გაწევა! თვით საეკლესიო კრებას კი თვალი აუხვიეს და არც კი მოაგონეს, რომ საკათ. საბჭოს და მის უკვე „გაერთიანებულ მეურნეობას“ ესაჭიროება ცალკე კონტროლი! ისევ უპასუხისმგებლო დაწესებულებად დასტოვა ამ მესამე საეკლესიო კრებამ საკათ. საბჭო და თვით კათოლიკოზიც!.. ცხადია, ჩემი „კანტროლობა“ გამოდგა ერთ გრომოოტვოდად, რომ მე აღარ მოვხვდი საკათ. საბჭოს დიდებულ „კოლეგიაში“!.. ლაზრიშვილი კი დაჟინებით მეპატიჟება მისს ხელქვეით სამეურნეო დირექციაში შევიდე „ბუხგალტერად“, „კანტროლობისა“ ჯამაგირს მაძლევენ 20 ათას მანათს (ოთხი გირვანქა პურის ფასია დღეს!), თვითონ კი გაიხადეს 100.000 მანეთები და პურის თუ სხვა რამეების „პაიოკებსაც“ იღებენ; არა ვიცი რა „ბუხგალტერიისა“, მაგრამ დღეს (13 სეკტემბერს) გიმნაზიაში წინადადება მომცეს: ან ანაფორა გაიხადე ან აქ სამსახურს თავი დაანებე, ბოლშევიკურმა მთავრობამ ასეთი განკარგულება მოახდინაო! განსაცდელი დიდია, მრევლი მცირე მყავს და არც არა შემოგვდის რა; მთელი შემოსავალი ქაშვეთში მიდის, მიუხედავად ამისა, ქვაშვეთის სამივე მღვდელი (მესამე დიაკონის ადგილზე მღვდელი ფხალაძეც კი) საკათ. საბჭოში თუ მის სამეურნეო უწყებაში არიან მოკალათებულნი! მეტად მიმძიმს „სამეურნეო უწყებაში“ შესვლა, არა და როგორ შევინახო ცოლ-შვილი! მეშინია, ისევ ჩამითრევენ ამ საზიზღარ წუმპეში, რომლიდანაც თითქმის ეს ორი წელიწადია ძლივს ამოვძვერი! მეტად საეჭვო პიროვნებაა ეს ლაზრიშვილი _ დიქტატორობას სჩემობს, საშინლად თვითნებობს, არავის არას ჰკითხავს, იქცევა ისე, როგორც სურს, სარგებლობს იმით, რომ არავის ჩვენგანს მეურნეობისა და ფინანსიურ საქმიანობის არა გაგვეგება რა! თვითონაც არ არის ამ მხრივ რაიმე თვალსაჩინო ცოდნით აღჭურვილი, ის შეიარაღებულია „სპეკულიანტიურ გამოცდილებით“ _ „სპეკულიანტები“ ჰყვანან მეგობრები და მით მიაქვს ამ „უნიჭო“, სემინარიის პირველ კლასიდან გამორიცხულ დიმ. ლაზრიშვილს საქმე! ეს არის დღეს ნამდვილი „საჭეთმპყრობელი“ ჩვენ დანჭღრეულ და იალქნებ დაფლეთილ ეკლესიურ ხომალდისა! რო არ მრცხვენოდეს სოფლად შევაფარებდი თავს, მაგრამ იტყვიან გაიქცა, პურს დაეხარბაო!.. დეე, ისევ აქ გავმაგრდები, იყოს ნება ღვთისა ჩემზედაც…
ერთი ეპიზოდიც საეკლესიო კრებიდან: ერთ-ერთ სხდომაზე, რომელზედაც ირჩეოდა საკითხი საეკლესიო სიძველეთა დაცვაზე (მოხენება წაუკითხავს დეკ. ი. მირიანაშვილს! დაგელოცა, ღმერთო სამართალი! რამდენი „ალია და მუსია“ ჰყავს ჩვენს უბედურ საქართველოს! მირიანაშვილის მოხსენება?!.) დიდი შეტაკება მოსვლიათ ქუთათელ ნაზარს და გელათის მონასტრის არქიმანდრიტ ნესტორს (ყუბანეიშვილს) გელათიდან მენშევიკურ მთავრობის მიერ წაღებულ განძეულობის გამო; საქმე იმაშია, რომ ბერებისათვის ნაზარს ნება დაურთავს მიეყიდნა ქუთათელ ურიებისათვის ის ვეცხლის ნივთები (აკვნები, და ასეთები), ვეცხლის ფულები თუ სხვა და სხვა ასეთი ნივთები, რომელთაც მორწმუნენი სწირავდნენ ხოლმე ტაძარს; არქიმ. ნესტორს გაუყიდნია ასეთი ნივთები, ხოლო ჟორდანიას მთავრობა ეძებდა რაიმე საბაბს, რომ მონასტრების განძეულობას დაჰპატრონებოდა მთავრობა, ისარგებლა ამ შემთხვევით, გაგზავნა იქ კომისია _ თვის პირად მდივნის გიორგი ცინცაძის (მღვდლის შვილია) მეთაურობით, არც კი შეატყობინა ეს არც კათოლიკოზს, არც ნაზარს, ავიდნენ გელათში, მოსთხოვეს ნესტორს ეს განძეულობა, ამანაც ვერავითარი სიმაგრე და სიმტკიცე ვერ გამოიჩინა, ადგა და ყველაფერი მისცა თან ცხვარიც დაუკლა „სტუმრებს“ და მშვენიერი სადილი მიართვა! (ეს ნესტორი სიმამრია ტრიფონ ჯაფარიძისა, რომელსაც დამთავრებული აქვს კიევის სასულ. აკადემია, იყო ინსპექტორად გაბრიელის სახელობის ქალთა ეპარქ. სასწავლებლისა, ეხლა გიმნაზიად გადაკეთებულისა და ტრიფონიც გადირექტორდა…)… ასეთი რამეები წააყვედრეს ერთმანეთს „ქუთათელმა“ და „გელათელმა“ _ არა შენი ბრალია, არა შენიო!.. ამით დასრულებულა დეკ. ი. მირიანაშვილის „მოხსენება“, სიძველენი კი მიდიან და წავლენ კიდევაც ასეთ ადამიანთა ხელთაგან იქ, საიდანაც არა დაბრუნდება რა… ამ თაობაზე უბედურ ლეონიდსაც ჰქონდა „შეტაკება“ ნოე ჟორდანიასთან, ამ შეტაკებამაც ძლიერ სამარცხვინო სახე და გამოხატულება მიიღო, მიუხედავად ამ საკითხის დიადობისა და მნიშვნელობისა, განსვენებულს აკლდა „ტაქტი“ და „მოქალაქობა“, რითაც ბევრი დავკარგეთ და წავაგეთ…
გუშინ, 14 სეკტემბერს, საკათ. საბჭოს დარბაზში შეიკრიბა ქალაქის სამღვდელოების დეკანოზები, საოლქო კრება უნდა მოხდესო, დეკ. გიორგიძე უნდა მოსულიყოო, უკვე 11 1/2 საათი იყო, 10 საათზე კი უნდა შემდგარიყო კრება; ეტყობა გიორგიძესთან საკათ. საბჭოს „მოჭახრაკეებს“ ვაჭრობა აქვთ გამართული, რომ ქალაქის სამღვდელოებამ არავითარი უსიამოვნება გამოსთქვას საეკლესიო კრების ამა თუ იმ ნაბიჯის გამო… თვით შეკრებილნი კი მეტად ღელავდნენ, დიდ უკმაყოფილებას აცხადებდენ საკათ. საბჭოს ეხლანდელ შემადგენლობის თაობაზე, მათ კანდიდატებზე (გ. გამრეკელს ქურდი უწოდეს…), კეკელიძის საბჭოს წევრად არჩევაზე; ყოველივე ამას ყურს უგდებდა დეკ. დ. ლაზრიშვილი და მეტად ოსტატურად ცეცხლში მუგუზალს ურთავდა, უსისინებდა სამღვდელოებას განსაკუთრებით თვის წინამძღვარს კ. ცინცაძეს! არ ვიცი რამდენად ეს გულწრფელი იყო!.. ეს დიდი ფლიდი და გაიძვერა პიროვნებაა (ეპ. ელიევის ნათესავი და მისი აღზრდილია). სამღვდელოებამ ბოლოს უიმედოდ თავი გაიქნია, აბა, რა უნდა ვქნათ, ისევ ჩვენი წევრები, ჩვენი სამღვდელოების წარმომადგენელნი, გვღალატობენ, ისინი არიან საკათ. საბჭოში, ისინი აძლევენ ტონს ყველაფერს და ერთმანეთს როგორ დავერივნეთო… დიმა ლაზრიშვილი ახალ პროვოკაციას აკეთებს: „დირექტორობას“ თავს ვანებებ, მე არ შემიძლია იმერლებთან საეკლესიო ქონების და ქარხნების „ცენტრალიზაციის“ მოხდენაო; ვისაც უნდა მიანდოსო. მთავრობას განუზრახავს ყოფილ სინოდალურ კანტორის შენობის (ეხლა საკათ. საბჭოსი) ჩამორთმევა, სადაც ინახება ცენტრალური არქივი მთელი ამიერ კავკასიისა; ეს არქივი უკვე ჩვენ ჩამოგვერთვა, თავისი მოხელენი ჰყავთ როგორც ცენტრალურ „მმაჩში“ (მოქალაქობრივ მდგომარეობის აქტების ჩაწერა _ აი ასე აქარაგმებენ ჩვენი კომუნისტებიც სიტყვებს, რუსულად ჰქვია „загс“), ისე საქალაქოში (9 აგვისტოს ტაძრებიდან ჩამოგვართვეს და ჩავაბარეთ კიდევაც მეტრიკულ წიგნების არქივი, მე ჩავაბარე 1818 წლიდან 1921 წლის 9 აგვისტომდე); „ახალი საკათოლიკოზო საბჭო“ ფუსფუსებს, დარბის ამ „მმაჩის“ კომისართან, დეკ. მათე მონასელიძის შვილთან, დავითთან (იურისტია, მეორე შვილი მისი მიხეილი ყოფილ სინოდალურ კანტორის მოხელე იყო, დიდი მექრთამე, ის ჯერ მენშევიკებმა წაიყვანეს იუსტიციის სამინისტროში მოხელედ, ეხლა კი ბოლშევიკებს ჰყავს გარეშე საქმეთა კომისარიატში, თუმცა არც ერთი ევროპიული ენა არ იცის, საქმე იმაშია, რომ გარეშე საქმეთა კომისრის სვანიძის დაი ჰყავს მ. მონასელიძეს ცოლად, ასე ნათლი-მამობით და ნათესაობით არის „კომუნისტებშიდაც“ საქმე!), ჩვენი ციხე მუდამ შიგნიდან სტყდებოდა და ეხლაც ასე არის, ასეთი შინაური „ვირთხები“ ღრღნიან ჩვენი სამშობლოს გულ-ღვიძლს, ასეთები სარგებლობენ დღეს დროით! დ. მონასელიძეს სურს გადმოიბარგოს საკათ. საბჭოს შენობაში, აქ სურს დაბინავდეს და მთელი ტფილისის თუ ამიერ კავკასიის „მმაჩის“ ცენტრალური ადგილი შექმნას, ჩვენ კი დაგვცოცხონ აქედან; ბინა კარგია, იქ ჯერ კანტორის პროკურორი იდგა, შემდეგ ტფილელი მიტროპ. ლეონიდი, შემდეგ დეკ. კეკელიძე, შემდეგ საკათ. სბჭოს კანცელიარიის გამგე დეკ. მ. ნაცვლიშვილი (ზემოდაც მოვიხსენიეთ, ეს ჯერ სამაზრო მილიციაში გადავიდა მოხელედ, ხოლო ეხლახან ქიზიყში გადავიდა სამრევლო მღვდლად, დიდის ხვეწნა-მუდარით ეპ. პიროსის წინაშე…); ამ მონასელიძეს უთქვამს დეპუტაციისათვის: „ჯერ თქვენც სუ და მეც სუო, ეცადეთ რაც გადასაზიდი გაქვთ გაზიდეთ მაგ შენობიდან, სულ ერთია ჩამოგართმევთო“! აქაც თაღლითობა შეიძლება იყოს რაიმე! ეხლა საბაბი ეძლევათ საკათ. საბჭოს წევრებს და ლაზრიშვილს ყველაფერი მიმალ-მომალონ, თვით დაიჩივონ, მიითვისონ, სახელმწიფო კი ჰკარგავს დიდ და აუნაზღაურებელ ქონებას და ავეჯეულობას, რაც კეკელიძე-ინგოროყვა-ბარათაშვილმა და სემინარიის მასწავლებლებმა დაიტაცეს, ეხლა ზედ ერთვის ახალი დატაცება და განიავება, მაგრამ შესაძლებელია მთავრობამ ეს გაიგოს (გაიგებს კიდეც) და დიდ სირცხვილში ჩააგდოს ახალი კათოლიკოზიც და მთელი სამღვდელოება! აი, როგორ ხაფანგშია დღეს მომწყვდეული ჩვენი ეკლესიის საქმე და რა უსუსურ ადამიანებს ჩაგვივარდა ხელში ეს საქმე. რ. ივანიცკი მგონი აღარ ხუმრობს, ძლიერ უნდა კათოლიკოზის „ვიკარნობა“ _ ემზადება საკათოლიკოზოდ, ციცქიშვილიც (ურბნელი) საკათოლიკოზოდ იწმენდს ულვაშებს! ამ სახით იბადება ახალი შფოთის შესაძლებლობა, უკვე შეუდგენ ამბროსის მემკვიდრეობას და უნდა ვიფიქროთ, რომ მეოთხე საეკლესიო კრებისათვის, რომელიც გელათის კრებას დაუსახავს ბოდბის მონასტერში სამი წლის შემდეგ, მეოთხე კათოლიკოზისათვის „ვაკანსია“ თავისუფალი იქნება! მეტად შემზარავი სურათი იშლება საქართველოს პოლიტიკურ თუ ეკლესიურ ცხოვრების პერსპექტივაში _ ჩვენი ქვეყანა გახდება იმ ანარქიის ასპარეზად, რომელსაც ის წარმოადგენდა მე-17 და მე-18 საუკუნეებში, როდესაც ერთადერთ „საქონლად“, რომელიც ბაზარზე გაიტანებოდა, ითვლებოდა „ტყვეთა ყიდვა-გაყიდვა“, რასაც ზოგიერთი მღვდელმთავრებიც კი არ თაკილობდენ თურმე. აი, ასეთ და უარეს სახელსაც მიიღებს ჩვენი განაწამები საქართველო, თუ ახლო მომავალში სასიკეთოდ არ შეიცვალა დღევანდელი შავ-ბნელით მოცული ურწმუნო-უზნეო, უღმერთო, უწყალო და გადარჯულებული დრო…
დავიდოვი ისევ პარპაშობს, მგონი მოარიგეს ამბროსისთან…

ახალი კათალიკოზი

კვირას, 18 ენკენისთვეს, პირველად სწირა ამბროსიმ სამხედრო ტაძარში, „დეკ. ან. თოთიბაძესთან“, _ როგორც ამბობენ ხოლმე; ეს წირვა მოაწყო თოთიბაძე-ცინცაძემ, რომ თვის „არჩეულ“ კათოლიკოზს საშუალება მისცენ ტფილისის საზოგადოებას დაენახვოს, თავი აჩვენოს; საბაბად მოიმიზეზეს ბოლშევიკების შემოსვლის დროს დახოცილ მეომართა ნახევარი წლის წირვა-პანაშვიდი, მათ „საძმო სასაფლაოზე“, _ ამით ერთნაირი დემონსტრაციაც ხდებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ; სწირა კათოლიკოზმა, სამღვდელოება დაბარებული ვიყავით პანაშვიდისათვის, გამოვცხადდით, თუმცა ყველანი არა; საზოგადოებაც იყო, მაგრამ თხლად, ბოლშევიკებს რაღაც პარადი ჰქონდათ იმ დღეს და ხალხიც მათ დასდევდა… წირვის შემდეგ ამბროსიმ წარმოსთქვა სიტყვა დღის ხსენებაზე _ მეტად სუსტი და უშინაარსო სიტყვა იყო, წვალობს, არ ეხერხება ლაპარაკი, მეგრულ-რუსული კილო სჭარბობს. შემდეგ გავედით სასაფლაოზე და იხადა პანაშვიდი, ხალხი ლოცულობდა, „წმიდათა თანაზე“ და „საუკუნო ხსენებაზე“ ყველამ ერთად დაიჩოქა, როგორც 9 მარტს, და შეიქმნა ერთგვარი შთაბეჭდილება და განცდა, რაც უსათუოდ საჭიროა, მაგრამ ასეთ ნაბიჯს მეორე ნაბიჯიც უნდა მოჰყვეს ხოლმე, უნდა შეიქმნას სისტემა ურწმუნოების საწინააღმდეგოდ მშვიდობიან ბრძოლისა და შეკამათებისა! ამას კი ვერ ვხედავთ, საამისოდ არც ემზადება ვინმე. საჭიროა გაიმართოს ბრძოლა „მატერიალიზმსა და იდეალიზმს“ შორის ისე, როგორც ეს არის ევროპაში და რუსეთში _ წესით, სიტყვით და ყოფა-ქცევა მოქმედებით; საამისოდ არა გაკეთებულა რა ჩვენში და არც გაკეთდება, მგონი; ფილიპე მახარაძეს, როდესაც მას უთხრეს თურმე, რომ კვირას კათოლიკოზი თვისი სამღვდელოებით ასეთ გამოსვლას აპირებსო, _ უთქვამს: „Oднако, довольно сильно“!.. მოსალოდნელია, რომ ბოლშევიკები, თუ იმათ სძლიეს რუსეთის შიმშილს და საბერძნეთ-ანტანტის ფრონტზე დღეს წარმოებულ ბრძოლას (ბერძნების ჯარი სარაკამიშთან მოსულა, აქ ბრძოლა ჰქონებია ქემალ-ფაშასთან, რომლის ჯარში უჩუმრად ურევია რუს ბოლშევიკების წითელი არმია, ფაქტიურად ეს აწარმოებს „ანგორის“ მთავრობასთან ერთად ანტანტის (შეთანხმების სახელმწიფონი) საწინააღმდეგო ბრძოლას), მაშინ ჩვენს ეკლესიაზედაც მოიტანენ უფრო გაბედულ იერიშს და დიდად დაგვაზარალებენ, აღმართავენ დევნას, „ჩეკაში“ წაყვანას, აქ გასამართლებას და საჯაროდ გამასხარავებას, როგორც ეს ჩაუდენიათ მათ რუსეთში 1918-1919 წლებში, სადაც დიდ ძალი სამღვდელოება დახვრიტეს, გაანადგურეს, „სამართალში“ მისცეს „რევოლუციონურ ტრიბუნალის“ წინაშე, აქ კი იყვნენ დამნაშავენი თუ არა, მღვდლურ ნამუსს ხდიდნენ ეპისკოპოზთ, მიტროპოლიტთ თუ მათ ბერ-მონაზონ-დეკანოზებს და მღვდლებს. სჩხრეკდნენ „წმინდანების ნეშტთ“ („Мощи“) და „ამჟღავნებდენ სამღვდელოების თვალმაქცობას და მის მიერ ხალხის მოტყუილებას და ყვლეფას“; როგორც სწერია მოსკოვში 1920 წელს სეკტემბერ-დეკემბრის ჟურნალში „რევოლიუცია ი ცერკოვ“). შეიძლება ჩვენც დაგვრიონ ხელი, თუმცა ჩვენში არ არის ეს „მოშჩები“ (მოწამეთაში კი დავით და კონსტანტინეს კუბოს გარშემო სწარმოებს ბევრი რამ ისეთი, რაც არ შეჰფერის ნამდვილ პატივისცემას ამ გმირ-წმინდანებისას…)
და მართლაც ის შემზარავი უმეტეს შემთხვევაში თვალმაქცობა მოტყუილება, რასაც სჩადიოდენ რუსის ბერები რუსეთში! იმოდენა „მოშჩები“, რაც რუსეთშია (მე მინახავს კიევო-პეჩორის ლავრისა…) წარმოუდგენელია, ხალხსაც მეტად ყვლეფდენ და სარგებლობენ მის სარწმუნოებრივ გულუბრყვილობით. ჩვენშიც კი მეტად უვიცი სამღვდელოება გვყავს სოფლად, ესენიც გაუმაძღრობას იჩენენ, სურთ ხალხმა რაც შეიძლება მეტი „პური“ და ფული მისცეს მას, ხოლო სამღვდელოება და მისი მესვეურნი არც კი ჰფიქრობენ იმაზე თუ თვითონ „რის მიმცემნი არიან ხალხზე“?! თვით რას აძლევენ ჩვენს მორწმუნე, უვიც ხალხს! ამ ნიადაგზე ბევრგვარი ცრუ-მორწმუნოება და ბოროტ მოქმედება სწარმოებს ჩვენშიც და ამას სარწმუნოების მტრები მარჯვედ გამოიყენებენ საზოგადოდ რელიგიის და კერძოდ ქრისტიანობის დასამცირებლად…
პანაშვიდის შემდეგ ერის კაცთანგან საფლავზე სიტყვები წარმოსთქვეს _ კოწია გამსახურდიამ და გ. ტაბიძემ; მგონი არ დაუჭერიათ ჯერ-ჯერობით არც ერთი…
ამბროსის კათოლიკოზად აღყვანა
1921 წლის სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს (ძვ. სტ. 1 ოქტომბერს), დღისით პარასკევს მცხეთის ტაძარში მოხდა გელათის საეკლესიო კრებაზე არჩეულ კათოლიკოზის ინტრონიზაცია. ამ აქტისათვის ტფილისის მორწმუნეთა _ ვაჭარ- რეწველთა თუ „სპეკულიანტთა“ წრეები აამოძრავეს მოხერხებულმა პირებმა, რომელნიც დაჩვეულნი იყვნენ ასეთ შემთხვევებზე ხელის მოთბობას, „ჩამორჩენას“ ანუ „ქაფის მოხდას“, _ როგორც ეხლა იტყვიან ხოლმე. საკათ. საბჭოს შეუდგენია მცხეთაში ნადიმის გადასახდელად „კომიტეტი“; ამ კომიტეტის „სასულიერო განყოფილებაში“ დეკ. ცინცაძე-თოთიბაძესთან ერთად დაუსახელებივარ მეც. ამ კომიტეტის სხდომები ხდებოდა ქვაშვეთის ტაძრის ეზოში, დეკ. კ. ცინცაძის ბინაზე; ორჯერ დავესწარი „კომიტეტის“ სხდომას; ვნახე ამ სხდომაზე _ საკათ. საბჭოს წევრნი _ ნიკო თავდგირიძე, რაფიელ ივანიცკი, და ამათგნით მოგროვილი წევრნი: გენერალი ვასილ გაბაშვილი, კოწია ერისთავი, გენერალი ჩიქოვანი, ბანკირი იასონ მენაბდე, სპეკულიანტები _ ვიღაც ნესტორ ცინცაძე, ალ. ლორთქიფანიძე, ალბერელაშვილი (დეკ. ლაზრიშვილის ქვისლი, რომელიც ამ დეკანოზთან სპეკულიანტობს საკათ. საბჭოს და სანთლის ქარხნის თანხებით), თვით დეკ. ლაზრიშვილი, მიხ. ლაღიძე, ს. მერკვილაძე და ასეთი წვრილ-წვრილი მოვაჭრეები, ჩაუგდიათ ხელში ვიღაც მეპურე-მეღვინე-მეხილე-მემწვანილეები და ამათ ყველას თავმჯდომარეობდა ცენტრო-ბანკის ყოფილი ბანკირი, ყოფილი ჟურნალისტი გაზეთ „ვოზროჟდენიე _ გრუზიისა“, დღეს გასპეკულიანტებული და თან „ნარკომპროსში“ მსახური (განათლების სამინისტროს სახელია!) პართენ გოთუა, რომელთანაც 1905 წლიდან გაზეთში ვთანამშრომლობდი მეც საეკლესიო საკითხების გასარკვევ საკითხებში. ამ „კომიტეტმა“ მოაგროვა ტფილისის ვაჭრებში 40 ვედრო ღვინო, 25 ფუთი პური, დიდ-ძალი სანოვაგე, ვიღაც კვერკველაძემ შემოსწირა ერთი ძროხა, საზოგადოება „მწყემსმა“ შემოსწირა ერთი ძროხა, ორი ჭედილა, ყველი და სხვ. მოაგროვეს დიდძალი ფული, მგონი 30 მილიონამდე; გორის კოოპერატორებმა გამოგზავნეს ათი მილიონი მცხეთის ტაძრის აღსადგენად, ამათ კი მოიხმარეს ეს ფული „სადღეისო საჭიროებაზე“, შემდეგ გადაუხდით ამ ფულს მცხეთასო. ასეთი მზადების შემდეგ გაგზავნეს მცხეთაში თადარიგის გასაწევად სოსიკო მერკვილაძე, მიხ. ლაღიძე, კოტე სიმონიშვილი (ყოფილი ქუთაისის პოლიცმეისტერი), ამათ მცხეთაში ეხმარებოდა მცხეთის ტაძრის წინამძღვრად დანიშნული (ლეონიდის დროს) არქიმანდრიტი ჯაფარიძე (ჭიათურის სამოქალაქო სკოლა აქვს დასრულებული, არის მეტად ახალგაზრდა, ლამაზი _ წარმოსადეგი ბერი და ეპისკოპოზობას ეტრფის, დასახლებულია მცხეთის საკათ. სასახლეში, მამით, დით და სცხოვრობს ოჯახურად); ამათ განკარგულებაში იყო გადაცემული მილიონები; ტფილისში იყიდეს გაძარცული საკათ. სასახლის მოსაწყობად ჭურჭლეულობის სერვიზები, კათოლიკოზს მოიჯარადრე კვერკველაძემ გაუჩინა ყოველდღიურად ხუთ-ხუთი გირვანქა ძროხის ხორცი, ზოგმა ღვინო, ზოგმა პური, ერთი სიტყვით გაუმართეს ნამდვილი კმაყოფილი ცხოვრების პირობები.
კათოლიკოზის აღყვანის წინა დღეს ტფილისში, ექსარხოსების ყოფილ კარის ეკლესიაში მოხდა ეპისკოპოზად სახელწოდება არქიმანდრიტ იოანნე მარგიშვილისა, რომელიც ვითომც აირჩია სოხუმის ეპარქიამ თვის მწყემსმთავრად, ნამდვილად კი ათიოდე კაცისაგან არის ეს დასახელებული ეპისკოპოსად, სოხუმის მხარე იღუპება პოლიტიკურად და ეკლესიურადაც, ბოლშევიკებმა ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადეს ეს მხარე, კათოლიკოზმა ამბროსიმ კი თვისი უტაქტობით, იქ ყოფნის დროს, მეტად არივ-დარია იქაური ეკლესიური ცხოვრება, არა მგონია, რომ ამ უბადრუკმა იოანნემ შესძლო იქ საქმის დონეზე დაყენება…
ქუთაისიდან ჩამოვიდა მიტროპოლიტი ნაზარი, თელავიდან პიროსი, ჭყონდიდელი გიორგი კი ზის ქიზიყში, სურს განთავისუფლდეს ეპარქიისგან; არც დავით ეპისკოპოსი ჩამოვიდა; 14-ს დილით გავემგზავრეთ მატარებლით მცხეთას, მთავრობამ დანიშნა იმ დღისთვის სამი მატარებელი იქით-აქეთ, მცხეთის სადგურზე კათოლიკოზს დაახვედრეს 80-მდე ქალ-ვაჟი შავარდენნი და იქიდან წამოიყვანეს ავტომობილით, გალავნის კარებს გარეთ მიაგებეს მცხეთელების წარმომადგენელნი პურ-მარილით, გალავნის კარებში შეეგება სამღვდელოება და წაიყვანეს ტაძარში; კარიბჭეში შეეგება სვეტი-ცხოვლის წინამძღვარი, არქიმ. პავლე (ჯაფარიძე) მოკლე სიტყვით; ხალხი იყო თხლად; ძალიან ნაკლებად იყო ტფილისის საზოგადოება, კანტი-კუნტად მოსჩანდა ჩვენი ინტელიგენცია; კომუნისტური მთავრობა სრულებით არ გამოცხადებულა, ამბობდენ განათლების (ნარკომპროსის) კომისარი კანდელაკი იყოო (ეს კანდელაკი აკაკი ჩხენკელის დისწულია, კომუნისტია, ბიძამისი კი მენშევიკების ლიდერთაგანი, ეხლა ევროპაში გახიზნული); ქუთათელ მიტროპოლიტის პროტოდიაკონმა წაიკითხა საეკლესიო კრების განჩინების ფორმულა კათოლიკოზად ამბროსის აღყვანაზე, შემდეგ ნაზარმა და პიროსმა რიგ-რიგობით წაუკითხეს ლოცვები და აკურთხეს კათოლიკოზად; რომელი ქერუბიმთის შემდეგ ახალმა კათოლიკოზმა სიტყვა წარმოსთქვა, სიტყვა მეტად უფერული, მკრთალი გარეგნულად და ღარიბი შინაარსით; წირვის შემდეგ ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა კლიმენტი ჭანტურაიამ რაღაც ქაღალდის ნაფლეთზე სიტყვა წაუკითხა და მიულოცა ფოთის „მორწმუნე საზოგადოების“ მხრივ; ვერავინ ვერა გაიგო რა ბლუ და უნიჭო ჭანტურაიას სიტყვისაგან; ასეთ ადამიანებს აყენებენ პირველ რიგში, ნიჭიერს, მჭერმეტყველს და ვარგისს მღვდლებს სდევნიან, როგორც მაგალითად იმავე ფოთის კათედრის კანდელაკს დეკ. იოანნე ბობოხიძეს; ამასთან ამბროსის დიდი შეტაკება და უსიამოვნება ჰქონდა ფოთში, იმიტომ, რომ ბობოხიძე, როგორც კარგი მქადაგებელი და ორატორი, სჩრდილავდა თვით ამბროსის და საეპარქიო საბჭოში საკუთარი აზრით შედიოდა, რასაც ამბროსის ბუნება ვერ ეგუება, როგორც ამპარტავანი, უზომო გულდიდი-გულზვიადი კაცი; ამიტომ დიდი არევ-დარევა გამოიწვია ამბროსიმ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, ის იძულებული იყო იმ ეპარქიაზე ხელი აეღო, მაშინ ცინცაძე-თოთიბაძემ დიდის მოხერხებით გადააბრძანეს სოხუმის კათედრაზე, აქ ამბროსი ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ აქაც ვერ შეეგუა ვერც კათედრის სამღვდელოებას (დეკ. ტრ. ჯოხთაბერიძეს და გვაზავას) და ვერც ეპარქიისას, ხოლო ბოლშევიკების შემოსევის დროს ივლტოდა სამეგრელოსაკენ, მიატოვა სამწყსო; ეხლა კი გაიძახის ტფილისში: მაგრად უდექი კომუნისტებს, ჩეკაშიც კი ჩამაჯინესო! მაგრამ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, _ ტყუილა კი არ უთქვამს ძველებს; ჩვენც იძულებულნი ვართ ვისმინოთ ეს ბაქიაობა იერარქისა!
ჭანტურაიას შემდეგ სომხის ორი მღვდელი მიესალმა ახალ კათოლიკოზს ტაძარში, ერთმა, ხუციანმა, ქართულად სიტყვით მიმართა; წირვაზე იყვნენ გერმანელების პასტორი, იტალიის მისიის წარმომადგენელი, შემდეგ გერმანიის მისიის წარმომადგენელიც იყო რაუშერი; სხვა მისალმებანი, როგორც იყო კირიონის და ლეონიდის კურთხევაზე, ეხლა აღარ ყოფილა. წირვის შემდეგ შავარდენის ვარჯიშობაზე მიიწვიეს კათოლიკოზი თვისი ამალით; ვარჯიშობდენ ქალ-ვაჟნი, ჩინებული შთაბეჭდილება მოახდინეს საზოგადოებაზე; შემდეგ სოფლის ფალავნებმა ჭიდაობა გამართეს; საათის ოთხზე სადილი იყო გამართული დედათა მონასტერში, აქაც მოლოზნები მიეგებნენ კათოლიკოზს იღუმენია ნინო (ბარათაშვილის) მეთაურობით, იყო ბოდბის იღუმენიაც, ესეც ნინო (თავადის ქალია, გვარად ვაჩნაძე); აქ სამღვდელოება დაგვაშორეს კათოლიკოზს, ცალკე შეგვიყვანეს, ხოლო კათოლიკოზი „რჩეულ საზოგადოებით“ და რჩეულ სამღვდელოებით ცალკე; ჩვენ შევიკრიბენით სკოლის შენობაში, აქვე მოათავსეს მგალობელთა გუნდი 25 კაცი (მაისურაძის ლოტბარობით) და შავარდენის ახალ-გაზრდობა; რო ცოტა დავნაყრდით, წინადადება მომცეს მგალობელთა ახალგაზრდობისათვის სიტყვით მიმემართა, მივმართე კიდეც, მოუწოდე შეგნებულ ქრისტიანულ ყოფა-ქცევისადმი, გალობის დასამუშავებლად და ტაძრებში ასაღორძინებლად, ხოლო სამშობლოსადმი ერთგულ და გულწრფელ მოქალაქეობისათვის; შემდეგ გადავედი შავარდენთა განყოფილებაში, აქ დავახასიათე მათი ვარჯიშობა, უწოდე მათ საქართველოს თვალ-წარმტაც მინდორ-ველთა ათასფერი ყვავილები, უქე სიმკვირცხლე, სილაზათე, ამათაც მოუწოდე ყოფილიყვნენ გულწრფელნი ქრისტიანენი და მამულიშვილნი, განიცადონ მიმდინარე მძიმე მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა და უნიადაგო მოქმედება-ქადაგებას ნუ აჰყვებიან ხოლმე; მიპასუხეს ტაშის გრიალით და ოვაციებით…
დაღამდა, აიშალნენ კათოლიკოზის სუფრიდან; კათოლიკოზიც ჩამოატარეს მგალობლებთან და შავარდნებთან, მან სიტყვით მიმართა ორთავეთ და მადლობა გადაუხადა პატივისცემისათვის; არ ეხერხება ქართული ლაპარაკი, ურევს მეგრულ ჟარგონს და ხშირად ხმარობს სიტყვას: „რასაკვირველია“, რაც ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელებზე, ლაპარაკობს მეტად გრძლად, აჭიანურებს, რაც უფრო უკარგავს ლაზათს მის სიტყვას…
იმ ღამეს ერთ ბინაზე დავრჩით კათოლიკოზი, არქიმ. იოანნე, დეკანოზები ცინცაძე, ლაზრიშვილი და მე; სანამ ჩაის მოგვიმზადებდენ, კათოლიკოზმა მოითხოვა ცივი წყალი, წყალი დაუსხა ბოთლიდან დ. დავითაშვილმა _ ცნობილმა მდივანმა ეპარქიალურ კანცელარიისამ; ამ დროს ჩემ გვერდით იდგა საკათ. საბჭოს წევრი რაფიელ ივანიცკი _ ინგილო, ამან მითხრა: „მამაო ნიკიტა, დავიდოვმა კათოლიკოზს წყალში საწამლავი კი არ ჩაურიოს და ეს კაცი კი არ მოგვიწამლოსო“! მე სახტად დავრჩი ასეთ მომართვაზე! მხოლოდ ესღა მოვახერხე მეპასუხნა: „რას ამბობ, რაფიელ, განა მაგრეც არის საქმე თქო“! და გავბრუნდი იქით. ეს ივანიცკი გულითადი მეგობარია ამ დავიდოვის, მე კი ასეთი რამ საშინელება მითხრა: აქ ორში ერთი რამ უნდა ვიფიქრო: ან პროვოკაცია გამიკეთა ინგილომ, სურდა რამ დაეტყოვნა ჩემგნით, იცოდა რა ჩემი დავიდოვთან სიმწყრალე, ან ის ყოფილა მეტად ვერაგი პიროვნება, რომ კაცზე ასეთ რამეს ლაპარაკობს, პირში კი სულ „დათიკო, დათიკოთი“ უძვრება და კუდს უქიცინებს. მეტად საშიში პიროვნება ახვევია ამ უბედურ კათოლიკოზს გარს; ამ და ასეთმა ადამიანებმა იმსხვერპლეს კირიონიც და ლეონიდიც და ანტონიც. ივანიცკი _ ინგილო არის ნამდვილი ამომავალი ბოროტება საქართველოს ეკლესიის ცის გუმბათზე; ეს ივანიცკი კათოლიკოზად სურდათ აერჩიათ გელათის კრებაზე; აქ ტფილისში ნიადაგს უმზადებდა პეტრე ბარათაშვილი, პირველი საკათ. საბჭოს ყოფილი ჯამაგირიანი წევრი, რაფიელის ამ სარბიელზე თანამოაზრე, უსუსურ-ურწმუნო პავლე ინგოროყვასთან ერთად. ეს ბარათაშვილი შემხვდა რუსთაველის პროსპექტზე და მითხრა: „კაცო, რაფიელი უნდა ავირჩიოთ კათოლიკოზად, ის თანახმაა კენჭი იყაროსო, ცოლი გაუშვა და თავისუფალიაო“! აი, ასეთი თავსუბუქობით უცქერიან და დაახურდავეს ეს დიდი თანამდებობა ერის მამათმთავრობისა! ლაწირაკი, სპეკულიანტი, გარყვნილი, პროვოკატორი და ვერაგი ივანიცკი (მამით ლეკი, მოლის შვილი) კათოლიკოზად! ერთი ბარათით დაესახელებიათ კიდეც ის საეკლესიო კრებაზე კათოლიკოზობის კანდიდატად! ალბათ ეს ბარათი თვითონ მას ეკუთვნოდა! ეხლა მგონი უბედური ამბროსი ვიკარნად ამზადებს, ჯერ მგონი სასულიერო სემინარიის „რექტორად“ გამოაცხადებენ! ესეც უბედურება! კაცმა სემინარიის ოთხი კლასი დაასრულა, შემდეგ პეტერბურგში პსიხო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, კურსიც არ დაუსრულებია და რექტორობა!!! უნივერსიტეტის „ზნაჩოკი“ კი გაუკრავს გვერდზე და არც კი სცხვენია ისე ატარებს! უნივერსიტეტის წინ კი გაუვლია!.. ვაი, ჩვენს მოსწრებას… ეს ივანიცკი იყო, რომელმაც კირიონ კათოლიკოზის დასაფლავების დღეს გაზეთ „საქართველოში“ (7 ივლისის ნომერში) დაბეჭდა მეტად თავხედი წერილი განსვენებულზე; ამ წერილის გამო იყო, რომ ეს ივანიცკი მოვიხსენიეთ მე და ქუთათელმა ანტონიმ იმ გეგმაში, რომელიც დავსახეთ ჩვენ საქართველოს ეკლესიაში გადატრიალების მოსახდენად; ამ გეგმაში მე უწოდე რაფიელ ივანიცკის „ცუღლუტი“… ეს ჩვენი გამომუშავებული გეგმა, კირიონის დასაფლავების შემდეგ, 9 ივლისის თარიღით, მე გადავსწერე და ბარათთან ერთად გადაუგზავნე ქუთათელს ქუთაისში; ესეც მალე დაიღუპა, როგორც ზემოდაც აღვნიშნე, ხოლო ის ჩემი დაწერილი გეგმა გადატრიალებისა ქუთათელის კაბინეტიდან, მის სიკვდილის შემდეგ, ვიღაცას გადმოუგზავნია ზემოაღნიშნულ დავითაშვილისათვის, ამას კიდევ ჩაუდვია თვის სამწერლოს ყუთში და ვინც შევიდოდა მასთან, ასე ეუბნებოდა: „თალაკვაძის სული აი, ამ ყუთში მყავს დამწყვდეული! რო იცოდეს მან თუ რა მაქვს აქ შენახული მის შესახებ, რამდენ ათასებს დახარჯავდა თავის დასახსნელადო“! მაშინ ათასებს ფასი ჰქონდა, ბატონი დავიდოვი იღებდა ათასებს, ალბად ჩემგნითაც სურდა ეს ათასები, რომ ის დოკუმენტი შემესყიდა. ეს სხვათაშორის უთქვამს მას ჩემ მეორე მღვდლის დავით ჩიკვაიძისათვის. რომ მე აღარავითარი ყურადღება აღარ მივაქციე დავიდოვის ასეთ გადმოგდებულ ანკესებს და „ათასები“ აღარ გავიღე იმ ფარატინა ქაღალდის დასახსნელად, მაშინ დავიდოვ-ივანიცკი-ცინცაძე-თოთიბაძე-შუბლაძე-ლაზრიშვილ-კეკელიძე-ციცქიშვილმა მოლაპარაკების შემდეგ ეს ქაღალდი გადასცეს აწ განსვენებულ ლეონიდს, მეტად შეაგონეს ამ საცოდავს ეს ფარატინა ქაღალდი, გააზვიადეს მისი მნიშვნელობა და აამხედრეს სუსტი ხასიათის კაცი. ამ დოკუმენტში მე აღნიშნული პირნი მყავდნენ აღნიშნულნი, როგორც „ზნეობრივი მკვლელნი“ კათოლიკოზ კირიონისა, რაც განსვენებულის კუბოზედაც აშკარად წარმოვსთქვი სიონის ტაძარში 1918 წლის 7 ივლისს, ხოლო ეს სიტყვა 1919-ში დაიბეჭდა ჟურნალ „თეატრ და ცხოვრებაში“! ასე რომ, ამ დოკუმენტში ისეთი არა იყო რა, რაც შინეთაც არ გვეთქვას ან არ დაგვეწეროს მე და აწ განსვენებულ ქუთათელ ანტონის. მაგრამ ეს დოკუმენტი გამოიყენეს საპროვოკაციო მასალად ჩემს წინააღმდეგ, ლეონიდი ჩააბეს ამ პროვოკაციაში და კისერი მოატეხიეს მორალურად უფრო მეტად, ვინემ ამას სჩადიოდენ „ახალ სიტყვის“ „პუბლიცისტები“, როდესაც ლეონიდიც ჩაითრიეს ამ „ჟურნალში“ კირიონის საწინააღმდეგო _ საზიზღარ „მწერლობაში“ ფსევდონიმებით „ჭინჭარი“, „ბაბასინი“ და სხვა. ამ დოკუმენტის გამო 1920 წლის 2 იანვარს მომიწყვეს ხსენებულმა პირებმა მოულოდნელი თავდასხმა, ეგონათ თავზარი დამეცემოდა, გული გამისქდებოდა და იქვე გავთავდებოდი. ლეონიდმა აღნიშნულ რიცხვისათვის მოიწვია შეერთებული სხდომა საკათ. საბჭოსი და საკათ. სასამართლოსი (მაშინ ეს ორგანოც იყო); ყველამ იცოდა თურმე ასეთ არაჩვეულებრივ სხდომის მოწვევის საგანი, ჩემს გარდა! კრების გახსნისთანავე ლეონიდმა წაიკითხა აღნიშნული გეგმა გადატრიალებისა, რომელიც იყო დაწერილი იმერეთის საეპარქიო საბჭოსადმი მოხსენების სახით ქუთათელის მიერ, ხოლო გადაწერილი იყო ჩემი ხელით, ქვეშ ეწერა დატა 1918 წ. 9 ივლისი; ხელს ამას მე რაზე მოვაწერდი, ეს დაწერილი იყო ქუთათელისათვის და მეც შიგ ვიყავი გამოყვანილი სხვა და სხვა ჩემი მოხსენებით საკათ. საბჭოსადმი. ხოლო ის ბარათი, რომელთანაც აღნიშნული დოკუმენტი გადაუგზავნე ქუთაისში, ამ „პატიოსანმა“ მოწინააღმდეგეებმა დამალეს და დოკუმენტს „ანონიმი“ უწოდეს. რომ წაიკითხა ლეონიდმა ეს გეგმა, დასძინა: „ამაზე ხელს არავინ აწერს, მაგრამ წერის სტილით, კილოთი და ხელით ეს დეკ. ნ. თალაქვაძეს უნდა ეკუთვნოდესო“ და მოითხოვა ჩემი ასე მოულოდნელად გასამართლება. მეც ავდექი და საოცარის სიდინჯით მივართვი შესაფერი პასუხი: „ამისათვის რაზედ აცდენდით ამდენ ხალხს, არც ერთ საჭირბოროტო საკითხზე არ შეგიკრეფია ამდენი წევრი ორ უზენაეს დაწესებულებისა და რაღა ასეთ საკინკლაო საგანზე შეგვკრიფე თქო. დღეს უკვე ანაქრონიზმად უნდა ჩაითვალოს იმ საგანზე ბჭობა, რომელსაც ეს ქაღალდი ეხება, აქამდე ეს უბრალო ფარატინა ქაღალდი იყო, დღეიდან კი თქვენ მას მიეცით მნიშვნელობა საბრალმდებლო ოქმისა იმ საშინელ ვაკხანალიის შესახებ, რომლის მსხვერპლი გახდა წამებული კირიონი თქო. მე მეგონა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენმა უწმინდესობამ ყოველივე რაც მოხდა მას შემდეგ, საკათ. საბჭოში ჯამაგირიან წევრობაზე მომიწოდეთ, შემდეგ სასულიერო ორგანოს რედაქტორადაც მომიწოდეთ, მეგონა, რომ ჩემდამი დასცხრით და ჩემი თანამშრომლობა შესაძლებლად სცანით; მართალია ვამჩნევდი, რომ რაღაც უხილავი ძალები წინ მეღობებოდა საკათ. საბჭოში მოქმედების დროს, რამდენ ნაბიჯს წინ გადავსდგამდი, იმდენად უკან მეწეოდი თქვენცა და ეს ზოგიერთი საკათ. საბჭოს წევრნიც (დავასახელე დეკ. ცინცაძე-კეკელიძე, ივანიცკი-ბარათაშვილი), მე მაშინ ვერ გამეგო ასეთ ქცევის მიზეზი, თქვენ თურმე ეს დოკუმენტი გქონებიათ ხელში და მით პროვოკაციას მიკეთებდით, რომ ხელი შემშლოდა და სირცხვილში ჩავარდნილიყავი. აი, თურმე სად ყოფილა „ჩემი სული დამწყვდეული“, როგორც ეს უბრძანებია ბ. დავიდოვს ჩემი მღვდლისათვის! დიახ, ეს დოკუმენტი მეკუთვნის, მთელი თაბახი ჩემი ხელით არის დაწერილი, ჩემი სახელი და გვარი შიგ ტექსტშია ჩემი ხელითვე დაწერილი და რომ ეს ჩემი ნაწარმოებია ამის ახსნას დიდი სიბრძნე და ექსპერტიზა არ სჭირდებოდა, დამიბარებდით და მეც მოგახსენებდით ყოველივეს. რომ არ დაღუპულიყო ქუთათელი ანტონი, ამ გეგმას სისრულეში მოვიყვანდით კიდეც, ისე, როგორც შევქმენით ჩვენვე 1917 წლის 12 მარტს და თქვენ ყველანი თავზე დააჯექით ამ აქტს და ის ტალახში და სისხლში ამოსვარეთ (აქ დიდი ალიაქოთი ასტყდა კრებაზე). დამშვიდდით, ნუ ბობოქრობთ, არც ერთი სიტყვა ამ დოკუმენტში უბრალოდ არ არის ნახმარი, მე დღესაც არ მიმაქვს უკან არც ერთი დებულება აქ გამოყვანილი, მზად ვარ მივიღო თქვენი მსჯავრი, თუმცა, როგორც საკათ. საბჭოს წევრი, მე შეუვალი პიროვნება გახლავარ, თქვენ ჩემ შესახებ მასალა უნდა გადასცეთ საეკლესიო კრებას, რომელიც მე დამდებს საბოლოო მსჯავრს თქო“… ამის შემდეგ პროკურორის როლი რიგ-რიგობით იკისრეს: ივანიცკიმ, დეკ. კეკელიძემ (მაშინ დეკანოზი იყო, ეხლა გაკრეჭილ ოდესელ ურიის ნოქარსა ჰგავს), დეკ. ცინცაძემ. პ. ბარათაშვილმა. პასუხის მიცემის ნება აღარ მომცა თავმჯდომარემ, მეც ბოლომდე მოვისმინე ეს განუკითხავი, უმაგალითო „ჯიჯგნვა“ ადამიანისა! ბოლოს გამოიტანეს დასკვნა, რომ მე „ზნეობრივად“ უფლება არა მაქვს საკათ. საბჭოს წევრად დავრჩე. მე მათ განჩინებაზე შევიტანე საკათ. საბჭოში ვრცელი დასაბუთებული წერილობითი განმარტება „ნაპოვნ“ დოკუმენტისა და ჩამოვშორდი საკათ. საბჭოს, განვაახლე ისევ პედაგოგიური სამსახური, რომელსაც თავი დამანებებიეს, როდესაც ლეონიდმა საკათ. საბჭოს ჯამაგირზე მიმიწვია; 1920 წლის 15 იანვარს ტფ. ქალთა მესამე გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ ამირჩია საქართველოს ისტორიის და ქართულ სიტყვიერების მასწავლებლად, დავრჩი რა ისევ ანჩის ხატის ტაძრის სამრევლო მღვდლად, სადაც 1912 წლის 20 მაისის რეზოლიუციით სასჯელად გადამაგდო ექსარხოსმა ინოკენტიმ. აღარ ვერეოდი სასულიერო უწყების არც ერთ საქმეში, ვიყავი ჩემთვის. ჩემი საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობიდან გასვლით ისარგებლეს ყველამ, დაიტაცეს აუარებელი ქონება საკათ. საბჭოს შენობაში და ლეონიდის სასახლეში ჩემ მიერ გადმოზიდული (რაც მოვასწარი) ახალ სემინარიის შენობებიდან. გაჰყიდეს ცხენები ექსარხოსისა, გაჰყიდეს ეტლები, გაჰქურდეს კათოლიკოზის სასახლე შინაურებმა. საკათ. სასახლის შემოსავალ-გასავლის წიგნში არც ერთი სტატია არ იყო შეტანილი კირიონის გარდაცვალების შემდეგ; ლეონიდს მეტად დაუნახავს სასახლის ხარჯების აღნუსხვა; სიკვდილის 10-15 დღის წინეთ ლეონიდს შინაურებმა მოჰპარეს მილიარდებად ღირებული ბრილიანტების პანაგია, შარშან საეკლესიო კრების დროს, კაბინეტის ყუთიდან მოჰპარეს 85 ათასი მანათი საზოგადო ფული, ისევ შინაურულად…
ლეონიდმა, როგორც ზემოდაც აღვნიშნე, შეინანა ჩემი გაძევება საკათ. საბჭოდან და 19 ივნისს უკანვე წაიღო თვისი ბრალდებანი, დიდი აღსარება წარმოსთქვა ჩემს წინაშე თვის უბედურ-უმწეო მდგომარეობაზე, სჩიოდა თუ რა ვერაგი ხალხი ახვევია გარს, განსაკუთრებით სჩიოდა დეკ. ცინცაძეზე, რომელიც დიქტატორობას ჩემობს და თავზე დამასხდაო; დეკ. კეკელიძემ ანაფორა გაიხადა, მიგვატოვა, სხვებიც წავიდ-წამოვიდნენ და ეკლესია გვენგრევაო და მიწვევდა ისევ სამოღვაწეოდ. მაგრამ განსვენებულს აღარ დასცალდა, მოულოდნელად გარდაიცვალა, მე კი დავრჩი მაინც ფეხჩადგმული სასულიერო უწყებაში, ზაფხულში სამღვდელოებამ საეპარქიო სანთლის ქარხნის კონტროლიორად ამომირჩია, ეხლა კი ჩემმა „მეგობრებმა“ ეს ჩემი თანამდებობა გააუქმეს, თითქოს ეს „კონტროლიორობა“ და ჯამაგირი (20.000 მ.) მე „მოხერხებით“ და „პოდლოგობით“ ჩამეგდოს ხელში!.. ამ თაობაზე დასაბუთებული მოხსენება წარუდგინე კათ. ამბროსის და არ ვიცი რას ინებებს, მე მხოლოდ ისევ ჩამოვშორდი საკათ. საბჭოსთან საქმეებს… მე არჩევით თანამდებობაზე ვრჩებოდი, დეკ. ლაზრიშვილს კი თვისს მოხელედ უნდოდი _ „ბუგალტრად“, ეს მე არ ვიკისრე, მოიწვიეს ცნობილი „შუბლაძე-ჭავჭავაძე“;
ლეონიდი, რომელმაც აღიარა ჩემი უდანაშაულობა და ისევ ნდობა გამომიცხადა, მოკვდა; ხოლო იმისი ვერაგი თანამშრომელნი ისევ განაგრძობენ თავიანთ ვერაგობას…
მცხეთაში კათოლიკოზს რუსული თეთრი კლობუკი დაჰხურეს თავზე, ამ თაობაზე საკათ. საბჭოს გამოუტანია დადგენილება; ქუთათელ ნაზარს კი შავ კლობუკზე ბრილიანტის ჯვარი; ეს ექსარხოსების ნაჯაშუშართა საქმეა. მცხეთიდან რომ დაბრუნდა კათ. ამბროსი, შეუხედნია სარკეში და დაუძახნია: „არ მიხდება თეთრი კლობუკი! თეთრი თმა და წვერი და თეთრი კლობუკი, სულ სახეს მიშლისო“! მოუგლეჯია თავზე და გადაუსროლია. დაიხურა ის კუნკულა კი არა, რომელსაც ატარებდა კირიონი და ლეონიდი, არამედ რუსული ფორმისა „კოხტა“, ბრილიანტის ჯვარით წინ!.. და თან მღვდლების ჯილდოებიც აღადგინეს საკათ. საბჭოში! მალე მიტრებით დაჯილდოვდებიან ცინცაძე-თოთიბაძე-მირიანაშვილი… ეს საბჭოთა ხელისუფლების ხანაში!.. მახლას!!!
მცხეთიდან დაბრუნების შემდეგ საკათ. საბჭოს ჰქონდა მთელი რიგი სხდომებისა მთელ ჩვენ ოთხ იერარქთა თანადასწრებით: კათ. ამბროსი, ქუთ. ნაზარი, ალავერდელი პიროსი და ცხუმ-აფხაზეთისა იოანნე (გიორგი ალადაშვილი, ჭყონდიდელი გავიდა სამსახურიდან); ბჭობდენ თუ როგორ მოეწყონ ერთმანეთში „ორგანიზაციულად“, ესე იგი როგორ მოაწყონ იმ ფულების და ქონების განიავება, რომელიც შესდით მათ საეპარქიო სანთლის ქარხანათაგან; გელათის კრებას დაუდგენია ჩვენი ეკლესიის ფინანსიური მხარის ცენტრალიზაცია _ საერთო კასსის თუ საეკლესიო ხაზინის შექმნა განუზრახავთ, ამ საბაბით ჰფიქრობენ საეპარქიო კრებებს ჩამოერთვას ადგილობრივ საშუალებათა მეთვალ-ყურეობა- კონტროლი სანთლის ქარხნების წარმოებაში, რომ საკათ. საბჭომ, როგორც „ცენტრალურმა“ დაწესებულებამ, ხარჯოს ფული, როგორც მოისურვებს, აგრეთვე მოიქცევიან ეპარქიის მღვდელმთავრები, სურთ შეიმოსონ სრული მონარქიული უფლებებით; ამ საბაბით მოხდა თურმე ჩემი „კონტროლიორობის“ გაუქმება, რომელი თანამდებობაც შექმნა და ამირჩია მასზე საეპ. კრებამ ამ ზაფხულს! საეკლესიო კრებაზე დეკ. ცინცაძეს წაუკითხავს მოხსენება კონტროლის ორგანოს
დაარსების საჭიროებაზე, თითქოს კრებას ეს საჭიროდ უცვნია, მაგრამ რაღაც მანქანებით ეს დამოუკიდებელი, საეკლესიო კრების წინაშე მხოლოდ პასუხისმგებელი ორგანო, თვით კრებას როდი ამოარჩევიეს, ეს საკათ. საბჭომ დაიტოვა თავის თავზე! საკათ. საბჭო თვით უშობა თავისთავს კონტროლს, ასეთია დეკ. ლაზრიშვილის ხრიკები, რომელიც გაიყვანა კიდეც საკათ. საბჭოში; დეკ. ლაზრიშვილს რაზე ესიამოვნებოდა, რომ ვინმემ ჩაუხედოს გარეშე საკათ. საბჭოისამ, თვის „სამეურნეო გამგეობაში“!

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გოჩა მირცხულავა

დატოვეთ კომენტარი