მთავარი ინტერვიუ მამუკა გიორგაძე: „ივანიშვილს პატრიარქის რეიტინგის შურს“

მამუკა გიორგაძე: „ივანიშვილს პატრიარქის რეიტინგის შურს“

678
0
გაზიარება

სალომე ზურაბიშვილმა იმ მოღალატე ქართველების ტრადიცია გააგრძელა, რომლებმაც კრწანისის ბრძოლიდან გასაქცევად გამზადებულ აღა მაჰმად-ხანს ამცნეს, _ ერეკლეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. დაახლოებით ასე მოიქცა საქართველოს პრეზიდენტი და საჯაროდ, დიდი სიამაყით განაცხადა, _ საქართველოს არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი აქვს და არც არასდროს ექნებაო. ბედის უკუღმართობით ეს ქალი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია.
მის ამ გამოხტომას უარყოფითი რეაქცია მოყვა. „ოცნების“ ლიდერები, მთავრობის წევრების ჩათვლით, პრეზიდენტს გაემიჯნენ. ირაკლი კობახიძემ საერთოდ გაიგიჟა თავი და ლამის იყვირა, _ სად სალომე და სად „ქართული ოცნებაო“. არადა, გასულ წელს, „ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, ზურაბიშვილის ბილბორდებზე მისი ფოტოც იყო გამოჭიმული.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გიორგაძე, მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს არაფერი წამოსცდენია და მისი გამოხტომა იმ გეგმაში ჯდება, რაც ქართული ჯარის წინააღმდეგ ხორციელდება. ვინ და რატომ ებრძვის ქართულ ჯარს? რა მიზანი ამოძრავებს სალომე ზურაბიშვილს? ვინ მუშაობს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებზე? რატომ ებრძვის „ოცნება“ საპატრიარქოს? ვისი რეიტინგის შურს ბიძინა ივანიშვილს? _ ამ თემებზე მამუკა გიორგაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა მორიგი საშინელება დააბრეხვა და თქვა, რომ საქართველოს ჯარი არ ჰყავს. ქოცგამპრავებლები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს მან ქართული კარგად არ იცის. ამ ვითომ ქართულის არცოდნით ხომ შეიძლება რამე ისეთი თქვას, რომ რომელიმე ქვეყანა გადაგვკიდოს? მერე სად მიდიან?
_ ეგენი სად მიდიან, არ ვიცი, მაგრამ მეზობელ ქვეყნებთან უკვე ურთიერთობა დაგვიძაბა. აქ ქართულის ცოდნა-არცოდნა არაფერ შუაშია. მთავარი აქ სულ სხვა რამეა _ ამ ადამიანს საქართველოსთან სულიერი ბმა არ აქვს, შესაბამისად, ვერ გრძნობს იმ ძარღვს, რომელიც საქართველოში უნდა ძგერდეს. რადგანაც ასეთი ბმა არ აქვს, ძალიან ხშირად ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. ზოგჯერ შეგნებულად იქცევა ასე, ზოგჯერ _ შეუგნებლად.
ჯარიც ჰყავს საქართველოს და იარაღიც აქვს, მაგრამ რომ არ გვყავდეს ერთი და არ გვქონდეს მეორე, ამის თქმა როგორ შეიძლება?! იმდენი მაინც არ იცის, რომ ასეთ რამეებზე ლაპარაკი ქართველი კაცის ბუნებაში არ ჯდება? შეიძლება, ქართველს სახლში საჭმელი არ ჰქონდეს, მაგრამ სტუმარი რომ მოუვა, ბავშვების ლუკმას აიღებს და იმას მიუტანს შემოსწრებულს _ სტუმარი ღვთისააო! _ იტყვის. ასე იმიტომ იქცევა, რომ ეშინია, მისი ოჯახის იმიჯი არ შეილახოს.
სალომე ზურაბიშვილი საპირისპიროს აკეთებს _ ძალღონეს არ იშურებს, რომ მსოფლიოს თვალში საქართველოს იმიჯი შელახოს. ისე უნდა წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში უთავმოყვარეო ხალხი ცხოვრობს. ხანდახან ისე იქცევა, რომ შეიძლება, ქართველობა შეგაძულოს. რაღა დროს საბჭოთა კავშირის დროინდელი გამონათქვამია, _ რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ და ა. შ., ჩემთვის ეს მიუღებელია, როცა საკუთარი თავი დაუმსახურებლად აგვყავს ცაში, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია, როცა ქართველ ერს ტალახში სვრიან. არანაირი გამართლება არ აქვს სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებას. თუ ჯარში რაიმე პრობლემა არსებობს, კეთილი ინებე და გამოსავალი მონახე. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი ხარ და ეს შენი მოვალეობაა.
_ წესით, მან უნდა იცოდეს, რომ იყო პრეზიდენტი, ნიშნავს იყო მთავარსარდალი. თუ ჯარი არ გვყავს, რისი მთავარსარდალი ხარ?
_ სამხედროები მას შვილად ეკუთვნიან და არ რცხვენია, როგორ ეპყრობა მათ? როგორც ვატყობ, მას ეს ამბავი არ ადარდებს, პირიქით, ხელს უწყობს ჯარის დამცირების კამპანიას. ბოლო დროს, ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომ რაც შეიძლება უნდა დავამციროთ ჯარი.
_ ეს ტენდენცია ძალიან აშკარაა და რისი ბრალია?
_ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ასეთ ვითარებაში ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვზრუნავდეთ ჯარის იმიჯზე და ყველანაირად ვაძლიერებდეთ მას. ის ადამიანები, რომლებიც ჯარს ამცირებენ და იმიჯს ულახავენ, ჩემი აზრით, პირდაპირ ასრულებენ სხვა ქვეყნების დავალებას. მე ამას ოფიციალურად ვერ დავადასტურებ, მაგრამ გონივრული ეჭვის საბაბი ნამდვილად მაქვს. ჯარის იმიჯის შელახვაზე ძალიან ბევრი პარტია და პიროვნება მუშაობს. ასეთი ამბები კი შემთხვევით არასდროს ხდება. ეს ადამიანები ყველა თავის გამოსვლაში აკნინებენ ჯარს. ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ ჯარი ყველას შესძულდეს. აირჩიეს ასეთი მიმართულებაც _ ჯარში სამსახური სამარცხვინო გახდა. ასეთ რაღაცებს ამბობენ, ჯარი კი არა ბარდაგია, ტილებისა და რწყილების ადგილია ყაზარმაში და ა. შ., შეგნებულად ხდება ქართული სულისა და სახელმწიფოებრიობის დემორალიზაცია.
ამ დროს შევხედოთ, რა ხდება ჩვენს რეგიონში: აქ ჯარისკაცზე ავტორიტეტული პიროვნება არ არსებობს. ყველგან დიდ პატივს სცემენ მათ. ყველას ეცოდინება ისრაელის ლეგენდარული პრემიერის, მეხამენ ბეგინის სახელი. ეს ადამიანი იცით, რატომ გადადგა მთავრობის მეთაურის პოსტიდან? _ ლიბანში ომის დროს ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. მან თქვა, რომ ამ ჯარისკაცების მიმართ ვალდებულება მქონდა აღებული და რადგან მათი დაცვა ვერ შევძელი, ამიტომ ვტოვებ თანამდებობასო. თურქეთშიც განსაკუთრებული დამოკიდებულებაა სამხედროების მიმართ. ჩვენთან კი ჯარის დასამცირებლად ყველაფერი კეთდება. ვიღაც შეგნებულად შლის სახელმწიფო ინსტიტუტებს. განსაკუთრებული შეტევა მაინც ჯარზე ხორციელდება. ვიღაცას ძალიან უნდა, რომ ქართულ ჯარს იმიჯი შეულახოს.
_ ამის სურვილი დიდია, მაგრამ პირუკუ შედეგი ხომ არ გამოიღო? ბოლო კვლევების თანახმად გაირკვა, რომ ქართული საზოგადოება ყველაზე მეტად ჯარს ენდობა.
_ სახელმწიფო ინსტიტუტების დევალვაციის პირობებში ყველაზე ნეიტრალური და აპოლიტიკური სტრუქტურა არის ჯარი. დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებს, მათ შორის, პოლიციასაც, თავისი ქმედებების გამო საზოგადოება უარყოფითად აღიქვამს. ჯარი ბოლომდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ჩემი აზრით, ამან განაპირობა, რომ საზოგადოება ყველაზე მეტად არმიას ენდობა. ყველა ვალდებულია, გაუფრთხილდეს და პატივი სცეს ჯარს. ქვეყანაში თუ არ იქნება მეომრული სული, დაკარგულ ტერიტორიებს ვეღარ დავიბრუნებთ. ნურავინ დაივიწყებს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია.
სახელმწიფო ისედაც თავზე გვენგრევა. პარლამენტი უკვე აღარ არის საკანონმდებლო ორგანო _ ერთი კაცის ნების აღსრულებაზე მუშაობს. იგივე ითქმის მთავრობაზეც. არავინ იცის, ვინ და რა დამსახურებით ინიშნება თანამდებობაზე. უცნობია, საიდან მოდიან პოლიტიკოსები და სად მიდიან მერე. ერთი ადამიანის „პახმელიაზე“ ვირჩევთ პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებს. სახელმწიფო ინსტიტუტები სრულად დევალვირებულია, არსებული ვითარება ნელ-ნელა ემსგავსება საბჭოთა კავშირს. მაშინ ვიცოდით, რომ ქვეყანაში მთავარი იყო კომუნისტური პარტია და ყველა დანარჩენი მას ექვემდებარებოდა. ჩვენს შემთხვევაში პარტიაც აღარ არის, ყველა და ყველაფერი ერთ პიროვნებას ექვემდებარება. საჭოთა კავშირის დროს პარტია თუ გადაწყვეტდა, აღმასკომი და ქალაქკომი ხმასაც ვერ ამოიღებდა. ახლაც ასეა, _ თუ ის ერთი პიროვნება გადაწყვეტს, დანარჩენს ვინ ჰკითხავს? როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ნიველირებულია, ქვეყნის ყველა მოქალაქე დაუცველია. აქ გარანტორი არც კანონია და არც _ სახელმწიფო ინსტიტუტი, აქ გარანტორი არის ერთი პიროვნება. ის ერთი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის. მას არც რაიმე პასუხისმგებლობა აქვს, არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ უკავია.
_ ზემოთ ჩვენ ნდობის რეიტინგები ვახსენეთ. ამ რეიტინგებში ყოველთვის საპატრიარქო ლიდერობდა და პირველად მოხდა, რომ მან მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამას რით ხსნით? თქვენ საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი ხართ და ბევრი რამე გეცოდინებათ.
_ ამას მარტივი ახსნა აქვს _ რაც ამ წლებში ეკლესიაზე შეტევა მიდის, ამ ინსტიტუტმა კიდევ კარგი შედეგი აჩვენა. ასეთ შეტევას სხვა ვერც ერთ ინსტიტუტი ვერ გაუძლებდა. ვერ ნახავთ ტელევიზიას, გაზეთს, ინტერნეტგამოცემას, რომელიც ეკლესიას არ უტევდეს. როდესაც გარედან ფრონტალურმა შეტევამ შედეგი არ გამოიღო, შიგნით ააფეთქეს სხვადასხვა წყარო. დღეში რამდენიმე ათეულ ადამიანს იჭერენ ნარკოტიკებზე, მაგრამ განსაკუთრებული სკანდალი იმას მოყვა, რომ ნარკოტიკებზე სასულიერო პირი დააკავეს. არ ვამბობ, რომ ის არ უნდა დაეჭირათ, მაგრამ ამხელა ყურადღების გამახვილება ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი სული აქვთ, ეკლესიის წინააღმდეგ რამე მოძებნონ. რადგან ეკლესიას, როგორც ღირებულებასა და იდეას ვერაფერი მოუხერხეს, მის კონკრეტულ წევრებზე გადავიდნენ. საქართველოს ეკლესიაში რამდენიმე ათასი კაცი მსახურობს და აუცილებლად გამოჩნდება რამდენიმე ათეული ნაძირალა. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ერთი სამარცხვინო წევრი და ამდენ ათას კაცში როგორ არ იქნებოდნენ ასეთები.
_ თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ იმაში, რომ ეკლესიაში რამდენიმე უღირსი ადამიანი იყოს?
_ პრობლემა როგორ არ არის, მაგრამ ამ ფაქტებზე ასეთი ყურადღების გამახვილება საჭიროდ არ მიმაჩნია. როგორც უკვე ვთქვი, ყველა ოჯახშია თითო უღირსი და ამისგან ვერც ეკლესია იქნებოდა დაზღვეული. ამის გარდა, კაცმა არ იცის, ეს უღირსები თავიდანვე ჩანერგეს ეკლესიაში, თუ მერე გადაიბირეს, როცა რაღაც ნაბიჯები გადადგეს. ეკლესიას კონტრდაზვერვა რომ ჰქონოდა, ჩანერგილი ადამიანები ვეღარ მოხვდებოდნენ მის რიგებში. ასევე გასათვალისწინებელია ჩვენი მრევლის მდგომარეობაც.
_ რას გულისხმობთ?
_ ჩვენ ხომ თოთო მრევლი ვართ, რომელიც ახლახან გამოვიდა ათეისტური სამყაროდან. მე მოვესწარი იმ მრევლს, რომელსაც გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიები ჰქონდა გავლილი. მათ ახსოვდათ კირიონის, ამბროსის, ლეონიდეს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. იმ ადამიანებს ვერაფერს უზამდი, მათ რწმენას ვერ შეარყევდი. დღევანდელი მრევლი არის თოთო. მათ გუშინ ჯიბეში ჯერ კიდევ კომკავშირის ბილეთი ედოთ და სულ არ ფიქრობდნენ ეკლესიაზე. ასეთ მრევლზე, მეტ-ნაკლებად, შეიძლება ზემოქმედება.
მრევლიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია და სადაც ბევრი ხალხია, იქ პრობლემაც მრავლადაა. ამას დავამატოთ, რომ ეკლესიის მეურნეობაც გაიზარდა, პრობლემების რიცხვს ეგეც ზრდის. დღის წესრიგში დგება უამრავი ობიექტური საკითხი, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა, პრობლემის მოგვარების გზები იცოდე. ამ გზის ცოდნას სათანადო გამოცდილება უნდა. ხანდახან ცოდნა არ გვყოფნის, ხან კი ესა თუ ის პიროვნება საქმეს კეთილსინდისიერად არ აკეთებს. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება ეკლესიას პრობლემების მოგვარებაში მიეხმაროს, პირიქით იქცევა და ყველაფერს აკეთებს, რომ ეკლესიაში სირთულეები წარმოიშვას.
_ რატომ არის ხელისუფლება ვალდებული, ეკლესიას მიეხმაროს?
_ ხელისუფლებას იმიტომ ვირჩევთ, რომ მან საზოგადოებაზე იზრუნოს და მის წინაშე არსებული პრობლემები მოაგვაროს. ეკლესიაც ამ საზოგადოების ნაწილია, ამიტომ უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ მასზე. ამის გარდა, ეკლესია არის ინსტიტუციაც. ხელისუფლება ვალდებულია, ინსტიტუციებზეც იზრუნოს. ამის ნაცვლად მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ გაუკეთონ ორგანიზება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ შეტევას.
ჩვენ გვყავს საოცარი პატრიარქი. მას მთელი მსოფლიო პატივს სცემს და ამ ხელისუფლებას რა მოუვიდა, არ მესმის. ვეკითხები მათ, როცა ასეთ პატრიარქი გყავს, იამაყე მისით, რატომ გშურს მისი ავტორიტეტის? რატომ გწყინს, რომ ხალხს მის მიმართ ამხელა ნდობა, სიყვარული და პატივისცემა აქვს? რატომ ვერ გასვენებთ გამჩენი? ეს ყველაფერი შურიდან მომდინარეობს. შური არ არის კარგი საქმე.
_ თქვენი აზრით, ხელისუფლებას პატრიარქის რეიტინგულობის შურს და ამიტომ ებრძვის ეკლესიას?
_ არც უმაგისობაა. ვიღაცას ძალიან არ ასვენებს პატრიარქის რეიტინგი, ვერ ინელებენ, რომ ის ხალხს ასე უყვარს. ამ შურით მოქმედება მათთვის არ მოიტანს კარგ შედეგს. ამ საქმეში ნამდვილად გამეგება რაღაც და ძალიან ბევრი ადამიანი ვნახე, რომელიც პატრიარქის ავტორიტეტთან ბრძოლას შეელეწა. უნდათ თუ არა ამის აღიარება, ფაქტია, რომ ბოლო 40 წელი ილია მეორის ეპოქაა. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ვიღაცას მასზე მაღალი რეიტინგი ჰქონია. ყოფილა შემთხვევები, როცა ვიღაცას მასზე დიდი გავლენებიც ჰქონია. და ახლა სად არიან ისინი? _ არსად ჩანან. ტყუილად კი არ არის ნათქვამი, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო. ასევე დარჩება პატრიარქიც, რომელიც დღემდე დგას საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე. რამდენიმე ათეული წელია, პატრიარქს ესვრიან ტალახს, მას ძალიან სტკივა, მაგრამ ჩუმად ითმენს. ჩუმად ითმენს იმიტომ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სხვათა შორის, მას ერთი რამე განასხვავებს სხვებისგან _ ის საკუთარ ავტორიტეტზე არასდროს ზრუნავს და სწორედ ეს არის მისი მაღალი რეიტინგის საფუძველი. მისი მთავარი საზრუნავი ადამიანია და არა პირადი ავტორიტეტი. ადამიანზე ზრუნვა ხალხის სიყვარულად უბრუნდება.
_ პოლიტიკოსებს რომ ჰკითხოს კაცმა, მათი მთავარი საზრუნავიც ადამიანია.
_ ისინი მხოლოდ საკუთარ ავტორიტეტზე ზრუნავენ. ეს მათ ადამიანებს ავიწყებს. ამას ძალიან კარგად გრძნობს ხალხი და მაგიტომაც არ აქვთ დიდი სიყვარული და ავტორიტეტი. აი, ეს განასხვავებს ამ ადამიანებს პატრიარქისგან, რომელსაც მართლა ძალიან მაღალი ავტორიტეტი აქვს. ამის გამო ვერ იტანს მას პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, მისი რეიტინგი არ აძლევთ მოსვენებას. ხელისუფლებამ პატრიარქსა და ეკლესიას უკვე დაუფარავად დაუწყო ბრძოლა.
_ ხელისუფლება საპატრიარქოს რომ ებრძვის, ეს „ოცნებიდან“ წამოსულმა პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამაც დაადასტურა. მისი თქმით, პატრიარქს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამოუცხადეს. თქვენ იზიარებთ მის მოსაზრებას?
_ რა თქმა უნდა. ეკლესიას რომ ივანიშვილის დავალებით ებრძვიან, ეს თავიდანვე ნათელი იყო. გავიხსენოთ, რა განცხადებებს აკეთებდა „ოცნების“ ლიდერი ეკლესიაზე. მისი თქმით, ეკლესია ღიად უნდა გაკრიტიკდეს. ეს განცხადება მან 2013 წელს გააკეთა, როცა პრემიერის პოსტი ეკავა. მას შემდეგ 6 წელია, დაუღალავად ებრძვიან პატრიარქს და ქართულ ეკლესიას. არც ერთი წუთით არ შეჩერებულა ამ ინსტიტუტზე შეტევა.
ეს განცხადება ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რაც ყველამ მოისმინა. ამის მიუხედავად, ქართული საზოგადოება მომხდარს სათანადოდ არ აფასებს. ფაქტს მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როცა ეს მათ ინტერესებში შედის. ამან გაათამამა ხელისუფლება და ღია ბრძოლაზე გადავიდა. კანონსა და კონსტიტუციაში ეკლესიის საწინააღმდეგო მუხლები ჩაწერეს! ეკლესიის დისკრედიტაციითვის დაწყებულ ბრძოლას ყველა ჩვენგანი წინ უნდა აღუდგეს. საჭიროა, ამ ბრძოლას თავისი ფორმა და წესი მივცეთ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მის უწმინდესობას არაფერში სჭირდება არც ხალხისა და არც ხელისუფლების თანადგომა.
_ ჩვენი თანადგომა თუ არ სჭირდება, აბა, საზოგადოებამ რატომ უნდა იბრძოლოს მის დასაცავად?
_ იმიტომ უნდა დავუდგეთ პატრიარქს გვერდით, რომ ეს ჩვენ და ჩვენს შვილებს სჭირდებათ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, ქვეყანაში ისეთ რამე მოხდეს, რაც გადაგვაგვარებს და გადაგვაჯიშებს ქართველებს. შესაძლოა, ეს ბრძოლა დაგვიანებულიც კი იყოს, მაგრამ როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებების მიხედვით თუ ვისმჯელებთ, უკვე გადაჯიშებულები და გადაგვარებულები ვართ. ამ ადამიანს ბრწყინვალე გენეტიკა აქვს, გადასარევი ბაბუები ჰყავდა, მაგრამ თადვად როგორია? _ საშინლად იქცევა. მისი ყურება ძალიან მძიმე და მტკივნეულია ჩემთვის. არ გეგონოთ, რომ მასზე ნიშნისმოგებით ვსაუბრობდე, როგორც ხელისუფლების ოპონენტი. მართლა ძალიან მტკივა მისი ასეთი საქციელი. განსაკუთრებით ის მაწუხებს, რომ პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯს ლახავს მსოფლიოს თვალში.
_ მისი საქციელი რატომ ნიშნავს იმას, რომ გადავგვარდით?
_ გითხარით, რომ ბრწყინვალე ბაბუები ჰყავდა, მაგრამ თავად… ჩვენს სახელმწიფოსაც ბრწყინვალე წარსული ჰქონდა, მაგრამ ახლა ამ მდგომარეობაში ვართ. სალომე ზურაბიშვილი ნათლად აჩვენებს, საიდან სადამდე მოვედით ქართველები, რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა.
_ ისევ ეკლესიისა და ჯარის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას დაბვუბრუნდეთ. თქვენი აზრით, დააკლებენ რამეს ან ერთს, ან მეორეს?
_ რა უნდა დააკლონ ეკლესიას? ეკლესიას ლენინმა, ნერონმა და დიოკლეტიანემ ვერაფერი უქნეს და ამათ რისი თავი აქვთ? როგორ შეიძლება, ეკლესიას ვინმემ რამე დააკლოს? ეს გამორიცხულია! მაგრამ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას არ უნდა წავუყრუოთ. როცა ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის, ამით ჩვენ, საზოგადოება ვზარალდებით. ჩვენ ბევრი რაღაც გვაკლდება.
_ ჩვენ რატომ გვაკლდება?
_ ბოლშევიკებმა საშინელი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას, დახვრიტეს და გადაასახლეს უამრავი სასულიერო პირი, დაანგრიეს ტაძრები, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, სამაგიეროდ, ჩვენ დავზარალდით. ჩვენ ვერ მივედით მაცხოვნებელ და მაცოცხლებელ წყაროსთან. ამ ბრძოლის შედეგი იყო ის, რომ ვერ ვიყავით სათანადოდ კეთილები და საკმარისად თბილები. არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის განცდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი აღესრულა ბოლშევიკების დროს ზიარების გარეშე, რამდენ ათას ადამიანს არ აუგეს წესი, რამდენი წავიდა იმქვეყნად მოუნათლავი! ეს დაკლებული ძალიან ცუდად აისახა ჩვენზე. თქვენი აზრით, საიდან მოვიდა გასული საუკუნის 37 წელი? ამ საშინელების შემოქმედნი ათეისტები და მებრძოლი ათეისტები იყვნენ. ერთი ცნობილი ამბავია და თქვენთანაც მოვყვები: ბოლშევიკი შვიდა ტაძარში, ხატს ესროლა და თან უთხრა, _ აბა, რამე მიქენიო. იქვე მდგარმა გლეხკაცმა უპაუხა ხატის მაგივრად, _ შვილო, ხატს ტყვიას რომ ესვრი, მაგ ხატს უკვე გაუგიჟებიხარ და მეტი რაღა უნდა გიქნასო.
ჩვენ დღეს ბევრი უბედურება გვჭირს და ეს ბოლშვიკური წარსულის გამოძახილია, როდესაც ბოლშევიკური და ათეისტური გზით მივდიოდით, არც ეკლესიის გვჯეროდა და არც საქართველოს დამოუკიდებლობის გვწამდა. სამსახურებში ლენინის ციტატებით და ლენინის ციტატებზე ვსაუბრობდით, სამსახურიდან დაბრუნებულები კი სახლში ლენინზე ანეკდოტებს ვყვებოდით.
რაც შეეხება ჯარს, აქ უფრო რთულად არის საქმე _ ჯარის წინააღმდეგ სერიოზული და ბინძური შეტევა მიდის, მაგრამ რაკი ხალხს მის მიმართ ნდობა აქვს, არც ეს ბრძოლა გამოიღებს დიდ შედეგს. მთავარია, ჩვენ აღვუდგეთ წინ ამ უმსგავსობას. სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის ჩამოშლა ქვეყანას არ წაადგება.

შორენა მარსაგიშვილი

დატოვეთ კომენტარი