ნიკა პეტრიაშვილი: „გაბედე“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჯერარნახულ დისკომფორტს შეუქმნის“

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ქართულ პოლიტიკაში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება. საპროტესტო მუხტი დღემდე გრძელდება და ამ პროცესებში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები.
სწორედ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისას შეიქმნა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული გაერთიანება „გაბედე“.

რა გეგმები აქვს პლატფორმა „გაბედეს“? რას უპირისპირებენ ისინი სახელმწფო უსაფრთხოების მიერ მათ წინააღმდეგ დაწყებულ შავ პიარს? რას აპირებენ პოლიტიკური პერფორმანსების შემდეგ?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრსა და პლატფორმა „გაბედეს“ დამფუძნებელ ნიკა პეტრიაშვილს ესაუბრა:

_ რა პოლიტიკური ვითარება მივიღეთ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო?
_ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ იმგვარი პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დაანონსებული ქვეტექსტი: „შუა უნდა გაიკრიფოს“, რეალურად კიდევ ერთხელ მოიყვანა სისრულეში. იდეაში „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მას მხარდაჭერა, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა და მთავრობაში უმრავლესობით ვეღარ მოვიდოდა, შესაბამისად, ქვეყანას ისე ვერ წაიყვანდა, როგორც მას სურდა. ასევე ჩანდა იმის რეალური შესაძლებლობაც, რომ კოალიციური მთავრობა დაკომპლექტებულიყო და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ კოალიციური მთავრობის წევრები, რაც ერთმნიშვნელოვნად არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ის სტატუს-კვო, რომელიც ყველაზე მეტად აწყობდა ბიძინა ივანიშვილს და რითაც მან ამ 7 წლის განმავლობაში შეინარჩუნა ხელისუფლება, რომ მის საწინააღმდეგოდ პარლამენტში „ძლიერ“ ოპოზიციად დაიტოვონ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს შეიძლებოდა ხელიდან გამოსცლოდა, _ ასეთ შემთხვევაში პარლამენტში წარმოდგენილი იქნებოდა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანება. ის, რასაც „ქართული ოცნება“ მთელი 7 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ აძახებს, რომ თქვენ მაინც გჯობივართო, ეს უკვე აღარ გაჭრიდა. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ის დაპირება, რომელიც ქართული საზოგადოებისა და სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე გასცა, არ შეესრულებინა. შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა „გაეროს“ ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა (სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა) და თავს იწონებდა იმით, თუ რა დიდი ნაბიჯი გადაიდგმებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ, თუმცა ივანიშვილმა ყველანი „გადაგვაგდო“. მან ოფიციალურად გადამგდების სახელი დაიმკვიდრა მთლიან პოლიტიკურ სივრცეში, რაც ძალიან ცუდია როგორც პიროვნულად მისთვის, ასევე ქვეყნისთვის, რადგან არამოლაპარაკებადი ადამიანის იმიჯი აქვს უკვე, რაც ჩვენი პარტნიორებისთვის, ინვესტორებისთვის შეიძლება, დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
_ ამ მასშტაბური „გადაგდების“ შემდეგ ოპოზიციას განცდა ჰქონდა, რომ შესაბამისი საპროტესტო მუხტი იქნებოდა. ხელისუფლება ამბობს, რომ 28 პარტიამ მხოლოდ 5000 ადამიანის გამოყვანა შეძლო, რატომ არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში?
_ ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ „გადაგდებამ“ შესაბამისი საპროტესტო მუხტი არ გამოიწვია. როგორ კრიზისშია ქვეყანა, ამას ყველანი ვხედავთ, ყოველდღიურად სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო სექტორი მართავს აქციას. ამ ყველაფერმა შესაბამისი საპროტესტო მუხტი რომ გამოიწვია, ამაზე მეტყველებს პარლამენტთან „ბერლინის კედლის“ აშენება, ბოლო 3 თვის განმავლობაში ხელისუფლებამ 3-ჯერ გამოიყენა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, ასევე „ქართული ოცნება“ დატოვა 7-მა დეპუტატმა, მათ შორის, პარლამენტის ვიცესპიკერმა, კომიტეტის 3-მა თავმჯდომარემ. ამიტომ ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებამ არ გამოიწვია შესაბამისი აღშფოთება. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ რუსთაველზე 5 000 ადამიანი იდგა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ავიღოთ ავტორიტეტული წყაროები: „Reuters“, „Euronews“, „CNN“ და ასევე ისინი, ვინც ესწრებოდნენ აქციებს _ დამეთანხმებიან, რომ იქ, დაახლოებით, 20 000 ადამიანი იდგა. ამ აქციის პარალელურად მიმდინარეობდა სხვა აქცებიც, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“ ცალკე აპროტესტებდა. ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ამ ჩაგდებულ რეფორმას ამართლებდეს. ყველა პოლიტიკოსი, განურჩევლად შეხედულებებისა, დაპირისპირებისა და ურთიერთშორის მტრობისა, თანხმდება იმაზე, რომ ჩაგდებული დანაპირები ერთმნიშვნელოვნად ცუდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. რაც შეეხება ხალხის რაოდენობას, თუ არ გამოვიდა 100-150 000 ადამიანი და მართლა არ გადაუარა „ქართულ ოცნებას“, ამაზე შეიძლება ერთი კონკრეტული პასუხი იყოს. დღესდღეობით დიდ როლს თამაშობს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი მოღვაწოებიდან გამომდინარე, იმდენად დისკრედიტებულია, ადამიანები ვერ ბედავენ გადააბიჯონ საკუთარ თავს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დადგნენ იქ, სადაც საჭიროა. რთულად გადასადგმელი ნაბიჯია ეს და მე ძალიან კარგად მესმის მათი, მაგრამ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ქვეყანამ პროპორციული წესით არჩევნები ძალიან მალე, 2020 წლისთვის უნდა დაიბრუნოს, ეს უმნიშვნელოვანესია. მე დაგიხატავთ პოლიტიკურ რეალობას და ამას იმ ადამიანებისთვის ვიტყვი, ვისაც ზუსტად „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონს: თუ 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდა, ერთ დღესაც შეიძლება, დადგეს ის მოცემულობა, რომ „ქართული ოცნება“ დაიშალოს. ამ პროცესს ჩვენ ახლა ვხედავთ, ისინი ყოველდღიურად კარგავენ როგორც მხარდაჭერებს, ასევე გუნდის წევრებსაც. ერთ დღესაც თავისით ჩამოინგრევა ხელისუფლება და შესაძლოა, ისეთ ქაოსში აღმოვჩნდეთ, რომელიც არავის აწყობს. თავად ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ის პოლტიკოსად 7 წლის შემდეგაც ვერ ჩამოყალიბდა და მებაღეობა ურჩევნია პოლიტიკაში ყოფნას, მაშინ ჩვენგან რაღა უნდა?!
_ ხელისუფლება იყენებს მესიჯს: „ყველა, ვინც ქუჩაში დგას, ნაციონალია“, ამით ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას. რა ბერკეტები გაქვთ ამ მესიჯისგან თავის დასაცავად იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც „ნაციონალურ მძრაობასთან“ არ ხართ კავშირში?
_ ეს ერთადერთი მექანიზმია, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ ხელში უჭირავს და ესეც ხელიდან ეცლება. დაახლოებით 10 წლის წინ, წინა ხელისუფლების პირობებში თუ ვინმე პროტესტს გამოხატავდა, ყველას რუსეთის აგენტს ეძახდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად დაინახა როგორ მუშაობდა ეს მესიჯი, გადმოაკოპირა და რუსეთის აგენტის ნაცვლად ყველას, ვინც პროტესტს გამოხატავს, „ნაციონალს“ ეძახის. როდესაც ერთი მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ყველა პოლიტიკურად აქტიური პარტია ზის და ამ დროს ხელისუფლება ამბობს: 28-ვე პარტია „ნაციონალი“ არისო, ეს ჩემთვის ძალიან არალოგიკურია. თუ ამას ისინი რეალურად ამბობენ, მაშინ დავღუპულვართ. ხელისუფლების ამ გზავნილის რომელიმე ადამიანს თუ სჯერა, ვერ ვხვდები, სად შეიძლება გადიოდეს მისი ანალიტიკური აზროვნების ის ხაზი, რითაც გადაწყვეტილება მიიღება? ჩვენი ერთადერთი საერთო, რაც შეიძლება იყოს, ეს არის პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. დამიჯერეთ, არავის არ უხარია „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგომა და იქ კიდევ ძალიან ბევრი ჩემთვის მიუღებელი ადამიანი და პოლიტიკური გაერთიანებაა, თუმცა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ადამიანებიც აპროტესტებენ იმას, რასაც _ მე. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ნარატივი, რომ „ვინც რაიმეს აპროტესტებს, ყველა „ნაციონალია“, ეს წარსულში უნდა დავტოვოთ, მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხვდება. რეალურად, არ არსებობს იმის საფრთხე, რაზეც „ქართული ოცნება“ აფილირებს, რომ თუ ისინი არ იქნებიან, „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება. ამ საფრთხის არსებობას არ იძლევა პროპორციული სისტემა, რადგან პროპორციული საარჩევნო სისტემა ყველაზე სამართლიანია დღესდღეობით. თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს მხარდაჭერა, ის კონკრეტული პარტია აუცილებლად მოხვდება პარლამენტში. თუ საქართველო იმ დონეზე გაგიჟდა და გასულელდა, რომ 51%-მა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა, მაშინ ეს ქვეყანა იმის ღირსი ყოფილა, რომ თავზე „ნაციონალები“ ესხდნენ. მაგრამ არც ისე უნდა გასულელდეს ქართველი ხალხი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების შიშიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ კიდევ 4 წელი მოუთმინოს ის ყველაფერი, რასაც იგი ჩვენს ქვეყანას უკეთებს. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს: უკაცრავად, პატივცემულებო, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მე, ჩემს მეგობრებს, ძალიან ბევრ თქვენგანს, არ გვეშინოდა „ნაციონალური მოძრაობის“, ამ შემთხვევაში ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და ცხრა მთას იქით გადაკარგული მიხეილ სააკაშვილის გეშინიათ?! თუ ამის რეალური საფრთხე გაჩნდება, კონკრეტულად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად და ძალიან ბევრი ადამიანი,, პასუხს გავცემთ მიხეილ სააკაშვილსაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ რაღაცები მოვუთმინოთ. დღეს „ქართული ოცნება“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ _ თუკი რამე ცუდი ჰქონდათ „ნაციონალებს“, ყველაფერი ერთი ერთში გადმოიტანა „ოცნებამ“, რაღაცები გააუარესა კიდეც. დღეს არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და სხვები, მე და ჩემს მეგობრებს, რომლებმაც სისხლის ფასად ვეომეთ „ნაციონალურ მძრაობას“, „ნაციონალობას“ გვაბრალებენ. სულ მცირე, პოლიტიკური მორალი მაინც უნდა არსებობდეს, ყველას გვახსოვს „ნაციონალების“ მმართველობისას სად იყვნენ მდინარაძე, თალაკვაძე და სხვები.
_ პოლიტიკურ პერფორმანსებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, რასაც, ცხადია, ლოგიკურად აქვს დასასრული. რა იქნება შემდეგ, როგორია „გაბედეს“ „გეგმა B“?
_ ამ შემთხვევაში, მინდა, შევაშინო „ქართული ოცნება“ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც ძალიან ბინძური მეთოდებით ებრძვის ჩვენს ორგანიზაციას და ჩვენს დისკრედიტებას ცდილობს: ჩვენ არა მხოლოდ „გეგმა B“, არამედ „გეგმა ჩ“ და D-ც გვაქვს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პერფორმანესებს კონკრეტული დანიშნულება აქვს და ყოველდღიურ რეჟიმში, მელი წელი, ეს შეიძლება არ გაგრძელდეს. პლატფორმა „გაბედე“ არის პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული გაერთიანება, სადაც, მადლობა ღმერთს, ახალგაზრდებს შეგვიძლია, დავსხდეთ და ვისაუბროთ, თუ რა არის ქვეყნისთვის უკეთესი და როგორ შეგვიძლია ვიბრძლოთ. ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ. ჩვენ ვფართოვდებით, ვაკეთებთ გაერთიანებებს რეგიონებში, ქუთაისში უკვე დაფუძნდა, „გაბედეს“ ქუთაისის ორგანიზაცია, ასევე გავალთ სხვა დიდსა და პატარა ქალაქებში, მთლიან რეგიონებს მოვედებით. „გაბედე“ „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ისეთ დისკომფორტს შევუქმნით, რომელიც ჯერ არ უნახავთ. რეალურად, „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ უნახავს ხალხის პროტესტი და ამას ძალიან მალე ნახავს. მინდა აღვნიშნო, რომ პლატფორმა „გაბედე“ არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიიის ინტერესების გამტარებელი, ეს არის სრულიად დამოუკიდებელი პლატფორმა, სადაც დაცულია ყველას ინტერესი. თქვენ ძალიან კარგად მიცნობთ, თუ ვინ ვარ მე, ასევე იცნობთ ამ პლატფორმაში შემავალ ადამიანებს და ჩვენ რომ „ნაციონალობა“ დაგვწამონ, ეს უსინდისობასთან ერთად, დანაშაულიც არის. მე ვარ „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით პლატფორმა „გაბედეში“ და ჩვენი ინტერესია პროპორციული საარჩევნო სისტემის დაბრუნება. ჩვენ აუცილებლად გავძლიერდებით და მმართველ ძალას ყველა იმ ადგილსა და პრობლემაზე დავარტყამთ, რომელიც დღეს ქვეყანაში დგას. ასევე გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებ.
_ ჩვენ ვნახეთ, რომ სუსი თავისი ჩვეული ხელწერით უკვე ებრძვის „გაბედეს“. რას დაუპირისპირებთ ფეიქნიუსებს, რომელიც თქვენზე ვრცელდება?
_ ჩვენ ამას დავუპირისპირებთ ჩვენს საქციელსა და თითოეულ ნაბიჯს. თუ ჩვენი მოქალაქეები და „ქრონიკა+“-ის მკითხველი თვალს გადაავლებს ჩვენს ფეისბუქ გვერდსა და აქტივობებს, ძალიან ნათლად დაინახავს, რომ ჩვენ არ ვართ კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებლები. ჩვენ ვართ ორიენტირებული ერთი კონკრეტული მიზნის გარშემო. აქედან გამომდინარე, პლატფორმა „გაბედეს“ დასწამო „ნაციონალობა“, ჩემი აზრით, დიდი სისულელეა და ეს შავი პიარი მალევე განელდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე გაიგო, რომ ჩვენ არ ვართ არავის სატელიტი, ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებსაც ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა გვინდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს და შემდეგ მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვის უნდა მისცენ ხმა. პლატფორმა „გაბედეს“ სახელით არ ვამბობ, რომ მხარი დაუჭირონ „ერთიანი სქართველო _ დემოკრატიულ მოძრაობას“, დაგვიბრუნეთ არჩევნები და შემდეგ მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ, ვინ უნდათ ხელისუფლებაში. რაც შეეხება სუსის შავ პიარს ჩვენი მისამართით, ამისთვის მზად ვიყავით და თითოეული საქმით დავამტკიცებთ, რომ არავინ გვმართავს. ჩვენი მოქალაქეები ძალიან მალე დაინახავენ, რას წარმოადგენს პლატფორმა „გაბედე“.

ნენე ინჯგია