თბილისის ომიდან „ოცნების“ კონტრაქციების კლოუნადამდე

14 დეკემბერს, ანუ შაბათს, „ქართული ოცნება“ მასშტაბურ აქციას გეგმავს. მართალია, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ეს აქცია კი არა, ჩვეულებრივი საზეიმო ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან „დაორგანიზებული“ მორიგი კონტრაქცია იქნება, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და, ზოგადად, მთელი ოპოზიციის დემონიზაცია კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს.
ზოგადად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ოცნება“ ოპოზიციას აქციას უწყობს და მის გადადგომას(!) ითხოვს.
ამ მხრივ საქართველო მთელ დედამიწაზე, მართლაც, გამორჩეული და უნიკალური ქვეყანაა. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიო პოლიტიკას ჯერ არ გაუგია და არ ახსოვს, რომ ხელისუფლება აქციებს ოპოზიციას უწყობდეს, მაგრამ ხომ იცით, „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა“. ჰოდა, „მოსულა“ ისიც, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა სახელმწიფო ბერკეტს ფლობს და, შესაბამისად, ყველაფერ კარგსა თუ ცუდზე, რაც ქვეყანაში ხდება, თავად არის პასუხისმგებელი, ამ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს და მოსახლეობას არწმუნებს, აი, ცუდად რომ ცხოვრობ, ჩემი კი არა, „ნაცების“ ბრალია, იმ „ნაცების“, რომლებმაც ხელისუფლება 7 წლის წინ, მშვიდობიანად, ე. ი., არჩევნების გზით გადმოგვცესო.

რაც შეეხება 14 დეკემბრის აქციას, არსებული ინფორმაციით, ამ „ქოცთა ვარამის“ ორგანიზატორი „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთაა.
„14 დეკემბერს თბილისში ჩამოვლენ პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც და მათი ტრანსპორტირება დაფინანსდება“, _ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც, ამავე დროს, თბილისის საკრებულოს წევრიცაა.
ბრიფინგზევე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, _ თუკი 14 დეკემბერს აქციას ოპოზიციაც გამართავს, „მეოცნებე“ ახალგაზრდები მას თავს დაესხმებიან თუ არა?
„არა, _ თქვა ბრიფინგზე ჩაკვეტაძემ და დასძინა, _ თუ ისინი დააპირებენ ჩვენთან დაპირისპირებას, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს. ეს არის რუსული ინტერესების კონტრაქცია, რომლის წარმომადგენლებიც არიან „შეცვალე“ და „ნაციონალური მოძრაობა“.
მოკლედ, ხელისუფლება, რომელიც წლებია, თავადაა პრორუსულობაში ეჭვმიტანილი, რუსეთუმეს ოპოზიციას ეძახის. ზოგადად, ქართველებს იარლიყების მიკერება გვიყვარს და ასე იყო თუნდაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა მოძრაობამ ლამის მთელი საქართველო „კრემლის აგენტად“ გამოაცხადა.
„რაც არ უნდა დაირქვან მათ, გინდ დემოკრატიული ოპოზიცია, გინდ ანგელოზების ფრთებგამობმული ოპოზიცია, ყველამ იცის, რომ ისინი მკვლელები, მოღალატეები და გამყიდველები არიან…“ _ ამბობდა მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იმდროინდელ ოპოზიციაზე.
თენგიზ კიტოვანი კი ზვიად გამსახურდიას ასე ემუქრებოდა:
„გადაეცით, რომ მე იარაღს არ დავყრი. დედას ვუტირებ მე მაგას, იცოდეთ. ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ მე ცოცხალი ვარ და ერთი გვარდიელი მაინც იქნება, სისხლს ამოვუღებ“.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, რუსული გავლენები მაშინაც და ახლაც საქართველოში ძლიერი იყო და არის. ამიტომ სავსებით დასაშვებია, რომ კრემლს საკუთარი ინტერესების გამტარებლები ყველა პოლიტიკურ ფრთაში ჰყავდეს, თუმცა ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ამჯერად კი პარალელები წლევანდელ და 25 წლის წინანდელ, ანუ 1991 წლის დეკემბერს შორის გავავლოთ, მით უმეტეს, ოპოზიცია ეჭვობს, რომ „ოცნება“, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებას ჩალიჩობს.
„სამოქალაქო დაპირისპირება“ შესაძლოა, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ნათლად ჩანს, რომ ე. წ. კონტრაქციების მიზანი სწორედ იმ ილუზიის შექმნაა, რომ თითქოს მოსახლეობა ორად არის გაყოფილი. არადა, სინამდვილეში, ყველაფერი სხვანაირადაა _ თითო ოროლა „ობერქოცის“ გარდა მმართველი გუნდის სისულელეების „გაპრავებას“ ისინიც კი აღარ ცდილობენ, ვინც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილისა და, ზოგადად, „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ „ნაციონალებს“ ხელისუფლება დაეტოვებინათ.
ერთი სიტყვით, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია. შესაბამისად, უპრიანი იქნება, თუნდაც განსჯისთვის, გავიხენოთ, რა მოხდა 1991 წლის დეკემბერში, რაც შესაძლოა, ერთგვარი გაკვეთილიც იყოს არათუ მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ვერტიკალისთვის, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, რომლებმაც 25 წლის წინ წაუყრუეს და კრემლს საშუალება მისცეს, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მოეწყო!
დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ეჭვი არავის ეპარება, რომ რუსთაველის გამზირზე მაშინ სწორედ კრემლის მეცადინეობით გაჩნდა ცეცხლი და ისიც ცნობილი, უფრო სწორად, თითქმის ფაქტებით არის დადასტურებული, რომ რუსეთის გენერალიტეტი იარაღით ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მდგარ ქართველებს ამარაგებდა.
ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ე. წ. თბილისის ომისთვის წინაპირობები თითქმის ექვსი თვის განმავლობაში იქმნებოდა. რა იყო ეს წინაპირობები? _ ამის შესახებ ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ თბილისის ომი 15 დღეს გრძელდებოდა და ამ ძმათამკვლელ შეტაკებებს, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რაც შეეხება წინაპირობებს, ამის შესახებ ქართულ ვიკიპედიაში ვკითხულობთ:
„1990 წლის მარტში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში განხეთქილება მოხდა. კერძოდ, 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი სრულიად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია და ჩამოყალიბდა ორი ძირითადი პოლიტიკური ალიანსი:

  1. „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო _ ზვიად გამსახურდია“ და მისი მომხრე პოლიტიკური პარტიები. ამ ალიანსს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისთვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რადგან ლიტვამ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო სსრ კავშირიდან გასვლა;
  2. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (გიორგი ჭანტურია), „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია“ (ირაკლი წერეთელი), „კონსერვატორული პარტია“ (თემურ ჟორჟოლიანი) და „მხედრიონი“ (ჯაბა იოსელიანი). ეს ალიანსი არჩევნებში გამარჯვების გზით დამოუკიდებლობის მოპოვებას შეუძლებლად თვლიდა და მიაჩნდა, რომ, პირველ რიგში, აუცილებელი იყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ამისთვის უნდა არჩეულიყო ალტერნატიული ორგანო _ ეროვნული კონგრესი, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი ერთადერთი ორგანო და, საბოლოოდ, მას უნდა დაესვა საქართველოს დეოკუპაციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. ამ ალიანსის ლოზუნგი იყო _ „ჯერ თავისუფლება, შემდეგ _ დამოუკიდებლობა“.
    ზვიად გამსახურდია გაემიჯნა ეროვნული კონგრესის არჩევის მომხრეებს და მათ „ანტიეროვნული მოძრაობა“ უწოდა. კონგრესის მომხრეებმა 1990 წლის 23-26 მაისს სპორტის სასახლეში ჩაატარეს ე. წ. ეროვნული ყრილობა, სადაც გადაწყდა, არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ყრილობამ „მრგვალი მაგიდა“ დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატსა და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში.
    1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები. ეს იყო საქართველოს სსრ-ის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მანდატების უმრავლესობა _ 250-დან 124 მანდატი _ მოიპოვა „მრგვალმა მაგიდამ“.
    მანამდე, 30 სექტემბერს, შედგა „ეროვნული კონგრესის“ არჩევნები, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ“. კონგრესის არჩევნებში სულ რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე, რომელიც 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა, ზვიად გამსახურდია აირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“; ამავე სესიაზე აღადგინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ატრიბუტიკა _ დროშა, გერბი და ჰიმნი. ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.
    1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, საქართველოს ეროვნული გვარდია. ეროვნული გვარდია არსებობის საწყის ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. გვარდიის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა თენგიზ კიტოვანი.
    1991 წლის თებერვალში ხელისუფლებამ დაიწყო უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებული უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება, რასაც, ზოგ შემთხვევაში, თან ახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. ოპერაციების დაწყების წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებდა იარაღს და დატოვებდა უკანონო შეიარაღებული ფორმირების რიგებს, მის მიმართ არ იქნებოდა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი გაუხსნეს პრეფექტურის შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ ამ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა „მხედრიონისა“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ რამდენიმე წევრი. 20 თებერვალს, „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა, გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით, სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შს სამინისტროსა და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, რაზედაც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები.
    ამასობაში, დააკავეს ჯაბა იოსელიანი და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები.
    1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ _ მოსახლეობის 97%-მა დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 26 მაისს, საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებში, ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ.
    ახლად არჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა ეროვნული კონგრესი, რომელმაც მოახერხა თავის მხარეს გადაებირებინა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით.
    პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვითარება დაძაბული იყო საბჭოთა კავშირშიც. კერძოდ, 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მოეწყო პუტჩი, რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, სუკ-ისა და ცენტრალური კომიტეტის წევრები. იმავე დღეს თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი. მათ გამსახურდიას ეროვნული გვარდიის დაშლა მოსთხოვეს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა „ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას და კანონებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაიმუქრნენ.
    ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა, კომპრომისზე წასულიყო, თუმცა გვარდია არ დაუშლია. მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ეროვნული გვარდია გახდა მილიციის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მისი ფუნქციები შს მინისტრის პირველ მოადგილეს დაეკისრა.
    აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოყვა თენგიზ კიტოვანისა და გვარდიის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება. 20 აგვისტოს კიტოვანმა 400 გვარდიელი შეკრიბა და, მათთან ერთად, რკონის ხეობაში დაბანაკდა. ამასთან, კიტოვანმა პრეზიდენტი პუტჩისტებთან გარიგებაში დაადანაშაულა და დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. პრეზიდენტის წინააღმდეგ გააქტიურდა ოპოზიციაც. თბილისში, მთავრობის სახლის დასაცავად, მხოლოდ გამსახურდიას ერთგული 100 გვარდიელი დარჩა. კიტოვანს ასევე არ დაემორჩილა ეროვნული გვარდიის ზუგდიდის ბატალიონი, რომელსაც ლოთი ქობალია მეთაურობდა.
    1991 წლის 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში, პრაქტიკულად, პერმანენტული პოლიტიკური კრიზისი განვითარდა. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ ყოფილი „იმელის“ შენობასთან შიმშილობა დაიწყო, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, ამასთან, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოდეპარტამენტის შენობასა და ედპ-ის შტაბ-ბინასთან. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებებს 4 ოქტომბერს რამდენიმე ადამიანის დაშავება მოყვა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გია ჭანტურია და სხვები.
    ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას მიაღწია.
    21 დეკემბერს თბილისში შემოვიდნენ ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და „მხედრიონის“ წევრები, მოხდა სისხლიანი შეტაკება. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა“.
    თბილისის, ანუ სამოქალაქო ომი იმით დამთავრდა, რომ 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურიდამ და მისმა გარემოცვამ საქართველო დატოვეს. მართალია, ჩვენს დედაქალაქში სროლები შეწყდა, მაგრამ ამით დაპირისპირება არ დასრულებულა, ანუ ზვიად გამსახურდიას მომხრეები პერმანენტულ მიტინგებს აწყობდნენ, რასაც სამხედრო საბჭო ძალის გამოყენებით შლიდა. შესაბამისად, ომის დამთავრების შემდეგაც არაერთი ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა.
    რა ვისწავლეთ თბილისის ძმათამკვლელი ომიდან? _ თუ ახლანდელ ვითარებას გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ბევრი არაფერი გვისწავლია. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ძალები ახლაც, როგორც მაშინ, ცდილობენ, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს და ამის თვალნათელი მაგალითია თუნდაც „ოცნების“ მიერ დაორგანიზებული ე. წ. კონტრაქციები. არადა, ხელისუფლება კონტრაქციებს კი არ უნდა აწყობდეს, რეალობას თვალს უნდა უსწორებდეს. ეს რეალობა კი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისაა, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ოცნებისგან“ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს 900 ათასამდე ამომრჩეველმა უარი უთხრა. ამომრჩევლის ეს რაოდენობა, ცხადია, ცოტა არ არის და აი, ამ მოცემულობაში „ოცნება“ კონტრაქციებს მართავს, რაც ჩვეულებრივი კლოუნადაა და მეტი არაფერი!
    „თბილისის ომს მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე _ მონაწილე. სხვა ნიშნებითაც ეს იყო უცნაური და განსხვავებული ომი. მახსოვს, ცნობისმოყვარეებს შორის ვიდექი რუსთაველის თეატრის წინ, როცა ვერის მხრიდან შვეულმფრენი გამოჩნდა, რომელზეც ვეებერთელა ავზი იყო ჩამოკიდებული. ავზი იმხელა იყო, რომ ხალხმა მაშინვე რაღაც სისულელეებზე დაიწყო ლაპარაკი. ვიღაცამ თქვა, ალბათ, ვერელების „ვერტალიოტიაო“. ვიღაც იქვე შეეკამათა კიდეც, – ვერელებისა კი არა, ჩემი ახლობელი ვაკელების არის და „რულთან“ ბუბა კიკაბიძე ზისო. შვეულმფრენის შტურვალს ვინ მართავდა, ვერ ვხედავდით, მაგრამ ნათელი იყო, რომ კარგი არაფერი ხდებოდა (ის ავზი პარლამენტსა და პირველი სკოლის შუა ჩამოაგდეს. კიდევ კარგი, რომ არ აფეთქდა, რადგან, როგორც მერე გავიგეთ, საწვავით იყო სავსე და პარლამენტის აფეთქებას აპირებდნენ, თუმცა მსხვერპლი უამისოდაც დიდი იყო, რაც მთავარია, ომი ორივე მხარეს წაგებული ჰქონდა, რადგან შენს ომში ყოველთვის შენ აგებ და არა სხვა, საკუთარ ქვეყანას ომს ვერასდროს მოუგებ“, _ იტყვის თბილისის ომის შემდეგ მწერალი დათო ტურაშვილი.
    ზვიად გამსახურდია კი ჯერ კიდევ მაშინ, სანამ რუსთაველზე პირველი ტყვია გავარდებოდა, ანუ 1991 წლის 8 ოქტომბერს, პრაქტიკულად, მომავალს იწინასწარმეტყველებს და განაცხადებს:
    „მე დაგიხატავთ ჩემი პოსტიდან წასვლის შემდგომ თბილისს: თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება, შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. მათ შორის იქნება მუდმივი ბრძოლა ძალაუფლებისა და ზეგავლენისთვის. იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა, მოიშლება ყველაფერი – ელექტროენერგია, გაზი, კომუნიკაციები… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და, საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.
    მართალია, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიამ ეს სიტყვები თქვა, 28 წელი გავიდა, მაგრამ საქართველო ისევ იქაა დარჩენილი, სადაც მაშინ იყო, ანუ ამ ეტაპზე შუქიც გვაქვს, გაზიც და ქუჩებში, ჯერჯერობით, შეიარაღებული ბანდფორმირებები არ დაძრწიან, მაგრამ პოლიტიკური ვერტიკალი ერთმანეთს ისევ ძალაუფლებისთვის ებრძვის, მმართველი გუნდი კი ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამისთვის, თუ დასჭირდა, უარს არც კონტრაქციების მოწყობაზე ამბობს.
    სხვათა შორის, ხმა დადის, რომ „ოცნების“ კონტრაქციებში უმეტესად ნასვამი ადამიანები არიან ჩართული. ალკოჰოლური თრობით გაბრუებულ ადამიანს კი თავში რა მოუვა, არავინ იცის, ანუ ცნობილია, რომ ეგზალტირებული მასის გაკონტროლება შეუძლებელია. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, სიფრთხილე, თორემ ეს ქვეყანა კიდევ ერთ „საომარ ვითარებას“ ვეღარ გადაიტანს და ყველაფერ ამაზე ისტორიისა და შთამომავლობის წინაშე, ბუნებრივია, „ოცნებას“ დაეკისრება პასუხი!

გიორგი აბაშიძე