დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიური“

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-38.

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

იერარქთა ულტიმატუმი საეკლესიო კრებას

აღსანიშნავია კრებაზე არქეოლოგ ევთიმე (სტილი დაცულია, _ რედ.) თაყაიშვილის მოწვევა, რათა ამას შეეგონებია კრებისათვის, რომ საქართველოს ეკლესიებიდან და მონასტრებიდან გადმოეცათ მღვდლებს მთავრობის მოთხოვნილებისამებრ მამაპაპათაგან დღემდე დაცული განძეულობა. ევთიმეს სიტყვა კრებამ გაამასხარავა, ლეონიდმა თაყაიშვილი კრების წინაშე მიწასთან გაასწორა და ასე გალახულ-გალანზღული წავიდა ევთიმე კრებიდან; შემდეგ, მენშევიკების ქალაქიდან გასვლის წინა დღეებში, ევთიმემ გამოილაშქრა ამ თაობაზე გაზეთ „საქართველოში“ გერასიმე იმნაიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მგონი გაზეთ „მიწაში“ მის საწინააღმდეგო წერილი მოეთავსებია, სადაც ევთიმეს იმნაიშვილი უკიჟინებდა ეკლესიის ღალატს და მთავრობის აგენტობას. ევთიმემ ამ წერილის საპასუხოდ „პროვოკატორი“ უწოდა იმნაიშვილს, სასტიკი პასუხი გასცა საეკლესიო კრებასაც და კათ. ლეონიდსაც, მეც ზედ მიმაჭყლიტა, ვინაიდგან საკათ. საბჭოს მონდომებით ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში 1919 წელს მოწვეულ თათბირზე ამ საკითხის შესახებ მოვუტანე ის პასუხი და აზრი, რომელიც დამაბარა საკათ. საბჭომ _ ეს წინააღმდეგი იყო მთავრობისათვის ეკლესიის განძეულობის გადაცემისა, ჩვენ თანახმანი ვიყავით ჩვენს საეკლესიო მუზეუმში (რომელსაც ეხლა უნივერსიტეტი დაეპატრონა) გადაგვეცა ძველი ხელთნაწერები და საარქეოლოგიო-საისტორიო ნაშთები, რომელიც სასოების და თაყვანისცემის საგნებს აღარ შეადგენდენ დღეს ჩვენს ტაძარ-მონასტრებში. ეს იყო და არის ჩემი აზრი და რატომ მიჯავრდება ბ. თაყაიშვილი, ვერ გამიგია; 1914 წლის დეკემბერში ვახტანგ ღამბაშიძემ (ექიმმა) და მე სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეთ მას, როდესაც დარიის მონასტერში კრებაზე, ანტონ ეპისკოპოზის თავმჯდომარეობით, მან გაბედა და განაცხადა, რომ თათრების შემოსევის შიშით მთელი განძეულობა და ჩვენი მუზეუმები მოსკოვში გადავიტანოთო!.. აქ მეტია კომენტარები… ესეც მწარე მოგონებად აქვს ჩემზე თაყაიშვილს, თუმცა უნდა მიმადლოდეს, რომ ვიხსენით ის ისტორიულ სიკვდილისაგან და სირცხვილისაგან. საზოგადოდ შენიშნული მაქვს, რომ რამდენად სასურველი და პატივსაცემი გვამია ევთიმე, როგორც ისტორიკოს- არქეოლოგი და მკვლევარი, იმდენად სუსტი მოქალაქე ბრძანდებოდა, თვითმპყრობელობის დროსაც და მენშევიკების დროსაც; მაშინ ექსარხოსებს ევლებოდა თავზე, შემდეგ მენშევიკებს ულოლიავებდა, რომ მათი სახელით ჩვენი ეკლესიები დაეცალა განძეულობისაგან და ყველაფერი თვის „ეთნოგრაფიულში“ მოეთავსებია! ასეთი სურვილით შეპყრობილი, ის აღარ დაგიდევდა ამა სურვილის გასანაღდებელ არავითარ საშუალებებს!..
…ბოლშევიკების შემოსევის წინ მაგან ჩაიბარა თითქმის მთელი განძეულობა და გაჰყვა ევროპაში, ღმერთმა ხელი მოუმართოს მას ამ ჩვენ ფასდაუდებელ სიმდიდრის და სიამაყის დაცვაში, მაგრამ ძლიერ ნაკლები იმედია, რომ ან ეს განძეულობა ან თვით ევთიმეც დაბრუნდნენ საქართველოში…
საეკლესიო კრებაზე ღირსშესანიშნავი იყო ერთი გარემოებაც _ კათოლიკოზმა ლეონიდმა და მასთან ერთად ყველა მღვდელმთავრებმა (დავითმაც კი) ერთხმად დაემუქრენ კრებას, რომ ისინი ეხლავე ყველანი გადადგებიან სამსახურიდან, თუ კრება არ აღუდგენს იმათ განუსაზღვრელ _ მონარქიულ- დესპოტიურ უფლებებს! ასეთმა მღვდელმთავრების საერთო გამოსვლამ და მუქარამ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა კრებაზე, _ კრებამ აღუდგინა მას დესპოტიური უფლებანი, მოისპო მღვდელმთავრებთან საეპარქიო საბჭოები, რითაც ნამდვილად ხელ-ფეხი გაეშალა ეპარქ. კანცელიარიის მდივნებს და არა მღვდელ-მთავრებს… ეს დალოცვილები თვით უვარდებიან პირში თავიანთ მდივნებს, უმაგათოდ თითქოს ეპისკოპოზის ტვინი აღარ მუშაობს, თუ მდივნებმა არ „ურჩიეს“, ისე ეპისკოპოსები რეზოლიუციების დადებასაც კი ვერ ახერხებენ! რამდენად ეპისკოპოსნი მინდობილ-დამონებულნი იყვნენ მდივნებისაგან, იმდენად სძულდათ მათ და ვერ ეგუებოდენ კოლეგიალურ დაწესებულების საშვალებით და დახმარებით მართვა-გამგეობის წარმოებას. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეპისკოპოსნი ისევ თავიანთ მდივნების შეგნებით მოქმედებდენ. გაიმარჯვეს ეპისკოპოსებმა, მოისპო საეპ. საბჭოები, მაგრამ, ჰოი საკვირველებავ, დასტოვეს საეპარქიო სასამართლოები და მოსპეს საკათალიკოზო სასამართლო _ უმაღლესი სასამართლოც იმავ საკათოლიკოზო საბჭოს ხელში მოათავსეს… ერთი სიტყვით, ისე შესცვალ-შემოსცვალეს მართვა-გამგეობის დებულებანი, ისე უსისტემო-უაზროთ, რომ ბევრგვარი უსწორ-მასწორობაა შიგ, ბევრგვარი წინა-უკმობაა აზრთა და ურთიერთობათა შორის… ლეონიდმა სასტიკად მოითხოვა, რათა მღვდლებს თმა და წვერისათვის მაკრატელი არ ეხლოთ, არ გაებედნად ანაფორის გარეშე სხვა ტანისამოსით გასვლა-გამოსვლა (როგორც ეს დაადგინა პირველმა საეკლესიო კრებამ). ერთი სიტყვით, ასეთ წვრიმალობაში, ასე საკინკლაო საკითხებში დახურდავდა კრების საქმიანობა. გადმოდგა „ამერიკელი“ დეკანოზი ი. კაპანაძე და თვისი მჭექარე ხმით დალანძღა მღვდლების საქციელი და მათინაკლულევანებანი, წაუკითხა „მოხსენება“ თუ როგორ უნდა იყოს მღვდელი შინ თუ გარეთ, ეს ყველაფერი „უჩიტელნოე იზვესტიიდან“ ჰქონდა ამოღებული, ნამდვილად კი თავისი სახელით ასაღებდა…

კრება-მიტინგი

საეკლესიო კრების სხდომების შუა ნაციონალ დემოკრატების ლიდერებმა _ სპ. კედიამ და გრ. ვეშაპელმა გამართეს ეკლესიაში პოლიტიკური მიტინგი. საქმე იმაშია, რომ სპ. იყო ამ პარტიის მემარცხენე ფრთის ლიდერი, რომელსაც ორგანოდ ჰქონდა ხელში გაზეთი „საქართველო“, ხოლო მემარჯვენე ფრთის ლიდერი იყო გრ. ვეშაპელი, რომელიც ხელმძღვანელობდა გაზეთ „კლდეს“… ამას ეძახოდენ ქართველების პურიშკევიჩს (ვეშაპელი მენშევიკებს გაჰყვა ევროპაში და ეხლაც იქ არის); ეს ორნივე ლიდერები სცდილობდენ თავიანთ ბანაკში გადაეყვანათ სამღვდელოება და საზოგადოდ მორწმუნენი; ამ სახით ეკლესია ლეონიდმა გადააქცია ნ. დ. პარტიის სათარეშო მოედნად, დაუმორჩილა ის პოლიტიკურ-პარტიულ ზედ-გავლენას, ეკლესია თითქოს პარტიის ბრმა იარაღად გახდა, რითაც ეკლესიამ სხვა პარტიებისაგან დაიმსახურა უფრო მწვავე და მტრული განწყობილება. ეს დიდად სახიფათო ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს _ ეკლესიას და სამღვდელოებას თავისი პირდაპირი მოვალეობა ვერ უცვნიათ და პარტიას აჰკვიატებია!..

ჩემი „საქმე“ კომისიაში

თითქოს საეკლესიო კრებამ სხვა და სხვა საკითხების დასამუშავებლად კომისიები აირჩია, ნამდვილად კი კომისიის ნამუშევარს პრეზიდიუმი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა და ყოველივე ისე მიმდინარეობდა, როგორც დეკ. კ ცინცაძეს ჰქონდა წინდაწინ „შემუშავებული“! ერთ კომისიაში, „იურიდიულში“, იყო გადაცემული საკათ. საბჭოს მსჯავრი ჩემს შესახებ; ამ კომისიის ხელმძღვანელად იყო ამორჩეული აფაქიძე, იურისტი, წინეთ მეფისნაცვლის კანცელიარიაში ნამსახური მოხელე, ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელიარიის დირექტორი; აქ შედიოდენ სამღვდელონიც და საერონიც. ამ აფაქიძემ შეისწავლა ჩემ შესახებ საქმე, წაიკითხეს ჩემი დასაბუთებული პასუხი 1920 წლის 2 იანვრის ჩემ შესახებ საკათ-საბჭო-სასამართლოს მსჯავრზე; მეტად დაფიქრებული იყო, არ იცოდა, რა ექნა; მე მიმიწვიეს და სიტყვიერი პასუხი მომთხოვეს; მივეცი საჭირო განმარტებანი; აფაქიძემ ასეთი ფრაზა წარმოსთქვა: „ერთი შენისთანა ერთგული კაცი რომ ჰყავდეს ლეონიდს, რაღა გვიჭირდაო! მამაო, შენ შესახებ ნაწარმოები საქმე ყოველივე კანონიერების გარეშე სდგას, ამით საკათოლიკოზო საბჭო-სასამართლოს თავისი თავი გაუწკეპლია, ლეონიდს კი მეტად უტაქტო საქმე ჩაუდენია და დღეს ყოველივე ამის შესახებ რაიმე დასკვნის გამოტანა მეტად უხერხულია; თუ შევეხებით ამ საქმეს არსებითად, მაშინ ამ საეკლესიო კრების მთელი ნამუშევარი უნდა უარვყოთ, პასუხისგებაში მივსცეთ დამნაშავე პირნი იმ სხვა და სხვა ბოროტმოქმედებისათვის, რომელსაც შენ წინააღდგომიხარ; ყოველივე ამას უნდა გამოძიება, შესწავლა, დოკუმენტებით განხილვა, ამის არც დრო არის ეხლა და არც შესაძლებელია ეს მოხერხდეს; საეკ. კრებაც ჩქარობს და არ ვფიქრობ, რომ ამ შენს საკითხამდე რიგი მივიდეს; უნდა დაკმაყოფილდე შენივე გულის პასუხით, იმით რასაც შენი სინიდისი გეუბნება და ნუღა გამოუდგები მაგ საქმის კრებაზე გარჩევას“… შემდეგ პ. გოთუამ, აფაქიძემ, თავდგირიძემ, პ. ჩხეიძემ და სხვებმა შეიმუშავეს ისეთი რეზოლიუცია, რომელიც სრულს რეაბილიტაციას მიშობოდა მე და საქმეს მოსასპობად ურდგენდა საეკლესიო კრებას, მაგრამ ამ უკანასკნელის სხდომები ისეთი აჩქარებული ტემპით მიმდინარეობდენ, რომ ვინღა მოისმინა ჩემ შესახებ რეზოლიუცია, გრგვინვით მოითხოვეს: „უყურადღებოდ იქმნეს დარჩენილი ეს საკითხიო“! აი, რით გათავდა ჩემი ამდენი ხნის შრომა და ბრძოლა! საეკ. კრებამ ამით თავისი ავტორიტეტი დამარხა, გაამეფა თვითნებობა საკათ. საბჭოსი და კათოლიკოზისა!
ვაი, იმას ვინც ამათ წინააღმდეგობას გაუბედავს და სიტყვას შეუბრუნებს, თუ გინდ ქვეყანას აქცევდენ კიდეც!.. ასეთივე მწვავე შთაბეჭდილება შეიქმნა, როდესაც დიდუბის მღვდელ სიმონ ფხალაძის აპელაცია არ მოისმინა საეკლ. კრებამ (ეს ლეონიდის გარდაცვალების სამი დღის წინეთ გარდაიცვალა, ავათმყოფ მღვდელ ფხალაძეს ეთქვა: „ამ დღეებში მე და ლეონიდი ორთავენი ერთად წარვსდგებით ღვთის წინაშეო“); საქმე იმაშია, რომ ეს ფხალაძე ზემოაღნიშნულ დეკ. ი. მირიანოვის მაცადინეობით ლეონიდმა გამოაგდო სამსახურიდან, მღ. ფხალაძემ ვერ იშოვნა სამართალი ჩვენს ეკლესიაში, მას არც საეკლესიო კრებამ მოუსმინა და დაიღუპა წვრილ-ცოლ-შვილიანი მღვდელი…

საკათალიკოსო საბჭოს „არჩევნები“

შემდეგ მოხდა საკათ. საბჭოს წევრთა ახალი არჩევნები, ძველი წევრები არც კი გამოჩენილან კრებაზე! არც ინგოროყვა, არც პ. ბარათაშვილი, არც ივანიცკი _ ეს „ჯამაგირიანი“ სუბიექტები; იყო კრებაზე ქრ. კაპანაძე… დამასახელეს საკათ. საბჭოს წევრობაზე მეც, მაგრამ იქვე შევუტანე ქაღალდი, რომ „მე კენჭს არ ვიყრი და არც მსურს უპასუხისმგებლო დაწესებულებაში წევრობა“… აირჩიეს ახლები, ძველთაგან დარჩნენ: კათ. ლეონიდი და დეკ. ცინცაძე, ამათ მიემატა ეპ. დავითი, რომელიც დეკ. ჩიტო კასრაძემ ურბნისის ეპარქიიდან გამოაგდო ფაქტიურად, ისეთი საჩივრები და საქმეები ჰქონდა ეპ. დავითის წინააღმდეგ (ეს მეც მაჩვენა და ქრ. კაპანაძესაც წინეთ), რომ ლეონიდმა ურჩია, თვით გამოსულიყო სამსახურიდან და საკათ. საბჭოში შეაფარებიეს თავი, დეკ. კასრაძე კი (ეპ. პიროსის სიძეა) გამოვიდა და კრებაზე „მადლობა“ გადაუხადა ეპარქიის სახელით „კეთილნაყოფიერ მოღვაწეობისათვის“ ეპ. დავითს! ასეთი საზიზღარი თვალმაქცობა ჩაიდინა დღისით, მზისით!.. ერისკაცთაგან აირჩიეს პარტიის ლიდერები: კედია, ვეშაპელი, აფაქიძე, მღვდელთაგან ბაქოდან ბენიამენ კონტრიძე, რომელიც არც კი ჩამოსულიყო ჯერ სამშობლოში, იქ რუსების სამსახურში იყო, ეხლა კი აღარ ედგომებოდა ბოლშევიკების შიშით და იმისი კანდიდატურა წამოაყენა დავიდოვმა! დეკ. მ. ტყემალაძე კი დავიდოვის მეოხებით _ „კანდიდატად“, კანდიდატადვე აირჩიეს დეკ. ი. კაპანაძე, დ. კასრაძე, ნ. თავდგირიძე (ეხლა კი ნამდვილი წევრები წავიდ-წამოვიდნენ და „კანდიდატებს“ დარჩათ ბურთი და მოედანი“, დეკ. ი. მირიანოვიც კი საკათ. საბჭოს წევრად იქცა „კანდიდატობისგან“ და ესენი ყველანი დღეს, ეს სტრიქონები რო იწერება, მესამე საეკლესიო კრებაზე არიან გელათში 1921 წელში.
კათ. ლეონიდმა საეკლ. კრებაზე გაიმარჯვა _ უხმოდ ლიკვიდაცია უყო კირიონ-ანტონის-ტიმოთე-მირიანის დაღუპვას, პასუხიც არავინ მოსთხოვა! თვისი უკანონო არჩევნები კრებას დაადასტურებია, „უფლებები“ აღადგინა, ვინც არ ესიამოვნებოდა, ის პირები თავიდან მოაგდებინა და მადლობა შესწირა კრებას: „მადლობელი ვარ კრებისა, ისეთი პირნი ამომირჩია კრებამ საკათ. საბჭოში, რომ მე მათთან შევსძლებ ნაყოფიერ მუშაობასაო“… კრება დაიხურა; დელეგატების ერთმა ჯგუფმა გაზეთ „სახალხოში“ მოათავსა ვრცელი პროტესტი ამ კრების დადგენილებათა წინააღმდეგ, ის გამოაცხადა აშკარა რეაქციონერად, შავრაზმულად და თვისი „რეფორმებიც“ წამოაყენა საზოგადოების საყურადღებოდ; ამის მეთაურები იყვნენ ზემოაღნიშნული დელეგატები დეკ. სპ. ლეკვეიშვილი, დეკ. ეპ. ჩხაიძე და სხვები; მე არც ამათ რიცხვში შევდიოდი, არც მომიწერია ხელი მათ პროტესტზე; ეს პროტესტი მათ საეკლესიო კრებასაც წარუდგინეს, მაგრამ კრებამ არ მოისმინა ის…
გაიმარჯვა ლეონიდმა, მაგრამ დამარცხდა ჩვენი ეკლესია, ის წაიქცა და ჩაიფუშა მის ხელში. არავითარი მუშაობა, არავითარი თაოსნობა, არავითარი ხალისი არ გამოუჩენია ახალ საკათ. საბჭოს; წვრები არც კი ესწრებოდენ სხდომებს! შერჩა საბჭო ხელში ისევ დეკ. კ. ცინცაძეს და „გამგეს“ კანცელარიისას დეკ. ნაცვალოვს; „ქვორუმი“ სამ კაცამდე შეამცირეს; იყო მაინც მათ შორის შფოთი, შეტაკებანი და უსიამოვნებანი; დეკ. კ. ცინცაძე „ოპოზიციაში“ ჩასდგა! აქედან უნდა ვიგულისხმოთ თუ რა სახე და მიმართულება მიიღო ახალმა საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ! ერთი სიტყვით, გამეფდა სრული უილაჯობა, სრული უსაქმურობა; „საქმობდა“ მხოლოდ დავიდოვი თავის საკეთილდღეოდ, ჯიბის და გემოვნების დასაკმაყოფილებლად; „საქმობდა“ სანთლის ქარხნის „გამგე“ დეკ. ალ. მიქელაძე, რომელმაც მილიონები შეიძინა ჩვენი ქარხნით, თვით ქარხანა კი დაღუპვის კარამდე მიიყვანა; ამას მფარველობდა და მგონი „ქაფში“ ხელიც ერია დავიდოვსაც და დეკ. ცინცაძესაც!
ამ მიხლა-მოხლაში და ქიშპობაში ჩვენი ეკლესიის გორიზონტზე თავი წამოჰყო ქვაშვეთის მეორე დეკ. დიმ. ლაზრიშვილმა! ეს არის სემინარიის პირველ კლასიდან უნიჭობის გამო დათხოვნილი, მე დამიხვდა ის სემინარიაში, დარჩა ისევ პირველ კლასში და გამორიცხეს… შემდეგ სიონში იყო მთავარდიაკონად, დეკ. ელიევის (რენეგატის) ნათესავი და აგენტი; შემდეგ ამ ელიევმა ქვაშვეთში მოუხერხა ჯერ მთავრობა, მერე მღვდლად იკურთხა დეკ. ცინცაძემ; ლაზრიშვილმა „ცხოვრების ნიჭი“ გამოიჩინა ჩარჩობა-სპეკულიანტობაში, ომის დროს ის იყო გოსპიტლის მღვდლად რუსეთში, იქ ფულები იშოვნა, მკვდარსა და ცოცხალ ჯარისკაცებს სძარცვავდა და მოგვევლინა ისევ ქალაქში; ლეონიდმა დეკანოზობა უბოძა და დაიახლოვა, საკათ. საბჭოს სამეურნეო ნაწილის „დირექტორად“ აირჩიეს, ამან სანთლის ქარხანა ხელიდან გამოაცალა მიქელაძეს, თვით ჩაიგდო ხელში, მოახერხა ამ ქარხნის გამობრუნება, ფეხზე დაყენება, მაგრამ საშიშია, რომ ბოლოს თვითვე არ გამოხრას ეს ქარხანა; აქედან ჯამაგირები გაუჩინა კათოლიკოზს, წევრებს, მოხელეებს, თვითონაც იღებს, შუბლაძე დეკანოზიც მიიწვია „სამეურნეო“ ნაწილში და დაიწყეს ფართი-ფურთობა. ამ დროს უწია ბოლშევიკების შემოსვლამ, კათოლიკოზმა დაგვტოვა, წევრები _ გაიქც-გამოიქცენ, რაზედაც ზემოდაც გვქონდა ლაპარაკი; კათოლიკოზის ტფილისში დაბრუნების შემდეგ ლაზრიშვილი შეუდგა ეკლესიურ ცხოვრების „გამოცოცხლებას“ (ეს საარაკოა პირდაპირ!); ქუთაისში ყოფნის დროს ლეონიდს გადაუწყვეტია საეკლესიო კრების მოწვევა გელათის მონასტერში, კრების მოწვევის დრო ახლოვდებოდა, მზადება კი კრებისათვის არა იყო რა;

კათ. ლეონიდი და მე

ამ დროს შევატყვე, რომ ლეონიდმა ჩემსკენ იბრუნა პირი, ის სცდილობდა ისევ ჩემს მიმხრობას, ერთი შემთხვევა იყო ასეთი: მთავარხუცეს გრ. გიორგიძეს გარდაეცვალა ვაჟი, სტუდენტი უნივერსიტეტისა, ეს ნათლული იყო ლეონიდისა; წირვაზე მობრძანდა ლეონიდი, მწირველი არ ბრძანდებოდა; მგალობლები ვერ იშოვნეს წირვაზე და მე მიმიწვიეს საკურთხეველში, სადაც ლეონიდმა, მე და ლაზრიშვილმა მთელი წირვის წესი ვიგალობეთ; ანდერძზე შეიმოსა, ანდერძიც ერთად ვიგალობეთ; ვატყობ, ლეონიდი ტკბილად, ალერსიანად მეპყრობა და მიკვირდა, რა მოხდა, ეს რა ამბავია თქო! ამის შემდეგ არ გასულა ბევრი ხანი და 1921 წ. 19 ივნისს ლეონიდმა დამიბარა თავის სასახლეში; მეც ვეახელი: მისალმების შემდეგ გამიწვია უკანა აივანზე, რომელიც ბაღში გადის, დამსვა იქ სკამზე და დამიწყო მუსაიფი (მომიკითხა: ცოლ-შვილი როგორა გყავსო და ვერც კი დავასრულე პასუხი, ის უცბად ორთავე მუხლებზე დაეცა და შემძახა: „მამაო ნიკიტა! შეგცოდე!.. შემინდევ! მაპატიე!.. ბოროტმა ადამიანებმა შენი თავი შემაძულეს, შენზე ბევრი ცილისწამება დავიჯერე… ბევრი შეურაცხყოფა მოგაყენე… დაგამცირე… გდევნიდიო“ და დაიწყო ტირილი!.. მე ერთხანს გაოგნებული ვიყავი… ბოლოს გამოვერკვიე და მეც მუხლებზე დავეცი, მეც შენდობა და პატიება ვსთხოვე… გადავეხვიეთ აგრე ერთმანეთს და ვიტირეთ. შემდეგ დამისვა გვერდით, დამიყვავა, თავზე ხელს მისვამდა, მკერდზე მეკვროდა და მიბრძანა: ეხლა საქმეს შეუდგეთო და…) შეეხო ეკლესიის უნუგეშო მდგომარეობას, „ერთი ათი წელიწადი კიდევ და ჩვენ განათლებული მღვდელი აღარ გვეყოლებაო; თუ ამ ხუთ-ექვს წელში არა იფიქრეთ რა ქალაქის სამღვდელოებამ, შემდეგ თქვენც მოუძლურდებით და ვეღარას შექმნითო. აუცილებლად მიმაჩნია ენკენისთვიდან სასულიერო სემინარიის დაარსებაო; მე გადავსწყვიტე, რომ სემინარიის გახსნა და მართვა-გამგეობა შენ მოგანდოო; ვინც გინდა ის მიიწვიეს მასწავლებლად და როგორი პროგრამითაც გსურს იმით ასწავლეო, მხოლოდ გთხოვ, რომ ჩვენი სასწავლებელი ნუ იქნება შაბლონიური, ის საქმისა და პრაქტიკული ხასიათის უნდა იყოსო; სანთლის ქარხნიდან თვიურად მილიონზე მეტ ფულს მოგიხერხებო; პირველ ხანებში, დეე, ცოტა იყოს მოწაფენი, თავიანთი ჩაცმა-დახურვითა, მხოლოდ ყოველდღიური პური და ბინა კი ჩვენ უნდა მივაწოდოთო; ამ დღეებში აღ. საქართველოს საეპარქიო კრება მყავს მოწვეული, წარმომადგენელი მყავს გამოწვეული ალავერდის ეპარქიიდანაც _ დამეხმარე ამ კრებაზე, შევაგონოთ სამღვდელოებას, რომ მან პური გვიწილადოს თავისი დრამიდან; თვითონ თუ იმდენს იღებენ, რომ ბლომადაც ჰყიდიან, ჩვენც მოგვცენ ცოტაოდენი, ვასაზრდოოთ კათოლიკოზიც, მისი საბჭო _ მოხელენი და სემინარიის მასწავლებელ-მოწაფენიო“!.. ამ თემაზე ბვრი ილაპარაკა აწ განსვენებულმა, მემუდარებოდა, მეხვეწებოდა ხალისიანად შევგებებოდი მისს ასეთ წინადადებას! მე გაკვირვებული, გაშტერებული სახტად ვიყავი დარჩენილი, ჩემი არც ყურებისა მჯეროდა და არც თვალებისა! ამას მეუბნებოდა ის ადამიანი, რომელმაც მიწასთან გამასწორა, დავიდოვს გააჯეკნია ჩემი პიროვნება, წერილობითი განცხადება შეიტანა საკათ. საბჭოში ჩემს „უნიჭობა-უუნარობაზე“ 1919 წელს, ხოლო 1920 წ. 2 იანვარს მომიწყო ზემოაღნიშნული თავდასხმა საკათ. საბჭო-სასამართლოსი და საბჭოდან გამაძევა!.. მე მადლობა მოვახსენე ნდობისათვის… ისევ გამაწყვეტია სიტყვა და მომმართა: „გავიგე, სოფელში აპირებ თურმე გადასვლასო (ს. ასკანაში), მართალია ეხლა აქ ძლიერ გიჭირთ მღვდლებს ცხოვრება, სოფლად სჯობია, მაგრამ ვის უტოვებთ ამ თქვენს დედა-ქალაქს, რა უფლებით ზრუნავთ მხოლოდ თქვენს თავზე და არა საერთო საქმეზე; არ იფიქრო სადმე წასვლა, სულერთია ფეხს არ მოგაცვლევინებ აქედანო, რას იტყვის ხალხი, მტერი ან მოყვარეო“? _ მე უპასუხე: „მართალია სამშობლო სოფელში მეპატიჟებიან, იქ ჩემს ოჯახში უფრო კარგად ვიგრძნობ თავს, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიცია და მიკვირს, თქვენ ვინ შეგაწუხათ ასეთი ამბებით თქო! მეც უფრო იმიტომ ვითმენ ამდენ უბედურებას, ხალხის მრცხვენია და ქვეყანა მეცოდება, რომ დღეს მისს სამსახურს გავექცე, მაგრამ აქაც რომ არაფერს ვაკეთებ და უსაქმოდ ამომდის სული, მა რა უნდა ვიფიქრო თქო! მე თქვენი წინადადება საგულისხმოდ მიმაჩნია, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენ შორის ისევ აამღვრევენ წყალს და განმეორდება ძველი ისტორია თქო“… მაგისი დარდი ნუ გექნება, შენ შენი საქმე გექნება შეუვალად, შენ მხოლოდ ჩემთან გექნება საქმე სხვასთან არავისთან. ძველი ამბები უსათუოდ უნდა დავივიწყოთ, გთხოვ ის აღარ მომაგონოთ, ახალი საქმე ახალ ნიადაგზე დავაყენოთო“. ამაზე მიუგე: „რაღა მეთქმის ამის შემდეგ, გარდა იმისა, რომ მე სრულს თქვენს განკარგულებაში მიგულეთ და რაც შემეძლება თავს არ დავზოგავ, რომ რაიმე საქმე შევქმნა, თქვენი მონდომილება განვახრციელო თქო“… დიდის გულითადი სალმით დავშორდით ერთმანეთს და 1 ივლისისათვის საეპარქიო კრებაც შეიკრიბა;

საეპარქიო კრება 1921 წ. 1 ივლისს

მე ქალაქის სამღვდელოებამ დელეგატად გამგზავნა ამ კრებაზე; კრება გახსნა კათოლიკოზმა, ვრცელი სიტყვით მიმართა სამღვდელოებას, განუმარტა განსახილველი საკითხები, მისცა დირექტივები და მოითხოვა თავმჯდომარის ამხანაგი დამისახელეთო, დამასახელეს მე და დავიჭირე ადგილი; შემდეგ თვითონ წაბრძანდა, მომანდო კრების ხელმძღვანელობა და მიბრძანა, თვითოეულ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ მისთვის მომეხსენებია ყოველივე. მეც შეუდექი საქმეს, ჩინებულად მიმდინარეობდა კრება, შესდგა ჟურნალი და 8 ივლისის საღამოთი დავასრულეთ; იმ ღამეს გვინდოდა კათოლიკოზის ნახვა, მაგრამ ვერ მოხერხდა, იმ ღამეს კათოლიკოზი ხოლერით გამხდარიყო ავათ, მისთვის მტკვრის ბინძური წყალი დაულევინებიათ, რის შემდეგ ასტეხია პირ-ღებინება, ფაღარათი; დაეხვია ექიმები, მაგრამ ვერა უშველეს რა _ ერთი კვირის შემდეგ ლეონიდი გარდაიცვალა; კრების ჟურნალის დამტკიცებაც კი ვეღარ შესძლო, ჩაიშალა მისი გეგმები, მის მიერ მოწვეული საეკლესიო კრება კი მაინც მოაგვარეს გელათის მონასტერში, სადაც 1 სეკტემბერს (ახ. სტ.) უნდა გახსნილიყო კრება; ქალაქიდან თითქოს მე უნდოდით დელეგატად, მაგრამ განგებ არ გამოვცხადდი კრებაზე, რომ ძალა არ დაეტანებიათ და შემდეგ არ გავეშავებიე არჩევნებზე _ ასე გამაფრთხილა მთავარ-ხუცესმა დეკ. გიორგიძემ. აღარ მსურდა საეკ. კრებაზე წასვლა; კათ. მოსაყდრეთ საკათ. საბჭომ წამოაყენა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპ. ამბროსი, _ კაცი სუსტი ხასიათითაც, განვითარებითაც, უხასიათო; ვერ იგუა ჭყონდიდლობა, აქიდგან აფხაზეთში დასვეს, იქაც ვერ იგუა ვერც ხალხი და ვერც სამღვდელოება; ბოლშევიკების შემოსვლის დროს იმასაც მიუტოებია სამწყსო და გამოქცეულა სამეგრელოში!.. ასეთი კაცია დღეს კათოლიკოზობის კანდიდატად!.. მეორე კანდიდატად ასახელებენ ცნობილ ნაზარს _ ქუთათელს! როდესაც მის შესახებ ქალაქში ხმები გავრცელდა, რუსის დედაკაცები გაიძახიან: „Что этотъ Назарка будетъ каталикосом?!“!.. „ნაზარკას“ სახელით იცნობენ პაჭუა დედაკაცები მას აქ! მთელი ტფილისი მაგასა და იეროფეი რექტორს და შემდეგ კეკელიძეს წაპილწული ჰქონდათ ლოთობით და გარყვნილებით!.. ასახელებენ სემინარიის ყოფილ მასწავლებელს რომანისტ ვასილ ბარნოვს, და ჰოი საკვირველებავ, ასახელებენ საკათ. საბჭოს ყოფილ ჯამაგირიან წევრს რაფიელ ივანიცკის _ „ინგილოს“ _ ამან ცოლი გააგდო, ორი შვილი ჰყავს! ცოლ-გაგდებული, უხასიათო, გარყვნილი ახალგაზრდა კაცი, ერისკაცი სურთ კათოლიკოზად, ხოლო „ცოლოსან“ კათოლიკოზს ან ეპისკოპოზს ნუ გაუხსენებთ…

მესამე საეკლესიო კრება გელათში 1921 წ. სექტემბერში

ასეთ პირობებში გაიმართება ინტრიგები; ნაზარი მე დამაბრალებდა ვინ იცის რასა და მესამე საეკლესიო კრებას თავი დავახწიე შეგნებულად, სასიკეთოს და ნაყოფიერს მე მისგან არას გამოველი! ერთი ათი-თორმეტი მილიონი ფული დაგვეხარჯება სანთლის ქარხნიდან და აი ამას მოვიგებთ! ამბროსი სურს დეკ. კ. ცინცაძეს და ან. თოთიბაძეს, ესენი მისი გულითადი მესაიდუმლენი არიან, სკოლის ამხანაგიც, ფაქტიურად ეს ორი დეკანოზი იქნებიან კათოლიკოზი; ლაზრიშვილს მგონი ნაზარი სურს, ნაზარი შვილიშვილს უნათლავს მაგას; წავიდა ლაზრიშვილიც და წაასხა საკათ. საბჭოს მთელი შემადგენლობა „კანდიდატებიანა“. ვნახოთ რა იქნება; ვის ამოირჩევენ, რას გააკეთებენ! ჩემი მოხსენებაც წაიკითხეს კრებაზე, მოხსენება საკათ. საბჭოს მონდომილებით „სამოძღვრო სემინარიის“ გახსნაზე; ეს საკათ. საბჭოში წავიკითხე, ცეცხლში გავატარე ახლო წარსული დრო, აღვნუსხე ჩადენილი შეცდომანი და უჩვენე რა ნიადაგზე და რა პირობებში შეიძლება ჩვენი ეკლესიური ცხოვრების ფეხზე წამოყენება, რა ნიადაგზე შეიძლება სემინარიის დაარსება. ვნახოთ რა იქნება, დღეს შვიდი სეკტემბერია, ხვალ კრების გახსნის სწორია, ამბავი არა მოგვდის რა… მეტად მძიმე დროა; ბოლშევიკებმა 50 მილიარდით დაბეგრა საქართველო; ვაჭრები გასწურეს, დაიჭირეს ბევრნი; ციხე-საპყრობილენი სავსე მენშევიკებით, ეს უბედურები აუწერელ პირობებში არიან, ყოველ ღამ და დღეს იხვრიტება აურაცხელი ხალხი; რამოდენიმე სოფლის მღვდლებიც ჩაუსხამს „ჩეკას“ ციხეში „კონტრ-რევოლიუციისათვის“… ნამდვილი ღვთის რისხვაა… მატერიალიზმ- სოციალიზმი და დიქტატურა პროლეტარიატისა გვანადგურებს, ხალხში ხმა ვერ ამოგვიღია მატერიალიზმის საწინააღმდეგოდ და კათოლიკოზის არჩევნებით ვიტყუილებთ თავს, თითქოს ჩვენც ვსაქმობთ, ვმოქმედებთ…
1921 წლის 11 ივლისს (ახ. სტ.) გარდაიცვალა კათ. ლეონიდი, ხოლო იმავე წლის 11 სეკტემბერს (ახ. სტ.) _ ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, შემოვიდა სიონის ტაძარში ახალი კათოლიკოზი ამბროსი (ხელაია), რომლის შესახებ ზემოდაც გვქონდა ცოტა რამ აღნიშნული. ჯერ საკმარისად ვერ მოვასწარ გავსცნობოდი საეკლესიო კრების მსვლელობას, მხოლოდ ამ „არჩევნებზე“ გადმომცა დეკ. დ. ლაზრიშვილმა შემდეგი: „ბრძოლა იყო კანდიდატებისა გაცხარებული, ორთავე კანდიდატი მიტროპოლიტები ამბროსი და ნაზარი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისათვის დარაზმულიყვნენ (თვით ლაზრიშვილი იყო აგენტი ნაზარისა, ხოლო მისი წინამძღვარი დეკ. ცინცაძე აგენტი ამბროსისა _ ამასვე მხარს უჭერდა და დიდად ეხმარებოდა ზემოაღნიშნული დეკ. ან. თოთიბაძე, რომელიც თვისი სამხედრო ტაძრიდან წაბრძანდა კრების დელეგატად, თან მიჰყავდა ალ. ასათიანიც, _ ერისგან, მაგრამ ეს აღარ წასულა, ვინ წაიყვანა მის ნაცვლად არ ვიცი); ოთხშაბათამდე (7 სეკტემბრამდე) გამარჯვება იყო ნაზარის მხარეზე, გურია-სამეგრელოს დელეგატები ემხრობოდენ იმერეთისას და ამბროსი საქმეს აგებდა, მაგრამ დიდად დატრიალდა საკათ. საბჭოს წევრი ნიკო თავდგირიძე (ეს მეტად უნიჭო კაცი გამოდგა ყველა სარბიელზე და ეხლა საკათ. საბჭოში ინტრიგანობს), ამან დიდი პროპაგანდა გასწია ხსენებულ დელეგატებში, შეარიგეს ამბროსის ფოთის კანდელაკი დეკ. ივ. ბობოხიძე, ეს მოსისხლე მტერი ამბროსისა (ფოთის კათედრაში ყოფნის დროს ამ დეკ. ბობოხიძემ კინაღამ მოჰკლა მიტროპ. ამბროსი, ესენი ვერ თავსდებოდენ ერთად, ამბროსი მეტად თავისებური, ჯიქი და ამპარტავანია, თავისი უნდა ყველგან გაიყვანოს, ასეთივეა ის ბობოხიძეც; ამბროსის აღარ ედგომებოდა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში, როდესაც ის „მეგობრებმა“ დიდის ზეიმით შეიყვანეს და დასვეს სოხუმში, სადაც ხალხი თხოულობდა არქიმ. მარღიშვილს, რომელიც იმ დროს სადღაც სკოლაში იყო გადახვეწილი მასწავლებლად, მარღიშვილი შეებრძოლა რუს სამღვდელოების წარმომადგენლებს სოხუმის კათედრაში, გააძევა ისინი, ხოლო ასეთ გაკაფულ გზაზე მიბრძანდა ამბროსი, მაგრამ აქაც ვერ დაიჭირა თავი, ვერ შეეგუა ვერც საზოგადოებას, ვერც სამღვდელოებას, ხოლო ბოლშევიკები რო სოხუმში შეიჭრენ, მწყემსმა თვისი სამწყსო დასტოვა და გაიქცა ზუგდიდის მაზრაში; იქ „შეაფარა თავი“, (როგორც ლეონიდმა იმერეთს „შეაფარა თავი“). ამ ბობოხიძის გადაბირებით სასწორი ამბროსისაკენ გადაიხარა, ურჩიეს, ერთ-ერთმა მოხსენით თავისი კანდიდატურაო, ამაზე ორთავეს შემდეგი განუცხადებია იეზუიტურად: „ჩვენ არ წამოგვიყენებია ჩვენი კანდიდატურა, ვინც წამოგვაყენა იმათ ჰკითხეთ, იმათ იციან, ვინ მოხსნან და ვინ დასტოვონო“! აქედან ცხადი იყო, რომ ორთავეს უნდოდათ „კენჭობია“; ჯერ ბარათებით დავასახელეთ კანდიდატები, გვეგონა ვინც ნაკლებ ბარათს მიიღებდა, ის მოხსნიდა თვის კანდიდატურასო; ამბროსიმ მიიღო სამოცზე მეტი ბარათი, ხოლო ნაზარმა ორმოცდაათი (სულ 119 დელეგატი დასწრებია); ნაზარმა მაინც არ მოხსნა თვისი კანდიდატურა, პირიქით, უფრო გაუცხოველებია აგიტაცია; ამ სახით ორთავემ იყარა კენჭი, ამბროსიმ მიიღო 67 კენჭი თეთრი (შავი 41), ნაზარმა 54 (თეთრი, ამდენივე შავი); გორის ეპისკოპოზობა გორელ დელეგატებმა „სთხოვეს“ დეკ. ქრ. ციცქიშვილს („ახალი სიტყვის“ ყოფილ რედაქტორს, კირიონ კათოლიკოზის ნამუსის ამხდელს, მისს ზნეობრივ მკვლელს!), ციცქიშვილს კი თურმე კათოლიკოზობაც სდომებოდა, მაგრამ ვერ გაუმხელია; კათოლიკოზობის კანდიდატად ერთი ბარათით დაუსახელებიათ რაფაელ ივანიცკი (ინგილო, მამით ლეკი), ალბად ეს თვით მაგისგანვე იყო ბარათი; მაგრამ ეს უკუუგდიათ; კათოლიკოზს მისცეს ნება თუ საჭიროდ დაინახოს ვიკარნი ეპისკოპოსი იყოლიოს, ხოლო ასეთ ვიკარნად ჰყავდა დასახული ეს ივანიცკი, რომელმაც ცოლი გააგდო, ყოვლად პატიოსანი ადამიანი, ორი შვილის დედა; რომელსაც, როდესაც საჭიროებდა, გამოსწოვა ივანიცკიმ დიდ-ძალი ფულები, მისი ხარჯით იზრდებოდა პეტერბურგის პსიხო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში (არ დაუთავებია, იყო იურიდიულ ნაწილზე, გამოვიდა სემინარიის მეოთხე კლასიდან), ეს ქალი ეხლა არის ტფილისში, მდიდარი ვაჭრის ხარაშვილის ქალია; ეს ივანიცკი პირველ საკათ. საბჭოს წევრადაც იყო „ჯამაგირიანი“, მაგრამ არაფერს აკეთებდა; არც კი ესწრებოდა სხდომებს; ესეც კირიონის ზნეობ. მკვლელია; სოხუმის ეპისკოპოსად დაუსახავთ არქიმანდრიტი იოანნე _ მარღიშვილი (მამით ოსი, გორელი, აკადემია აქვს მოსკოვისა დამთავრებული, დიმიტრი აბაშიძე-რენეგატის პროტეკციით), კაცი ნერვებმოშლილი, უხასიათო და უნიჭო; მოუსპიათ „ჭყონდიდლობა“; მიტროპოლიტი იქნება მხოლოდ (ყოფილა ისეთი მომენტი კრებაზე, რომ ალავერდიც სამიტროპოლიოდ სურებიათ, ეპ. პიროსმა სთქვა: „ნახევარი საათი მიტროპოლიტად ვიყავიო“) ქუთათელი, სხვები ეპისკოპოზნი; აღუდგენიათ სამღვდელოების დაჯილდოება! (ეს მოხსენება დეკ. თოთიბაძესი წაუკითხავს ერასტი თუთბერიძეს, ნაზარის მდივანს, მექრთამეს; ციცქიშვილი მოწინააღმდეგეთ გამოსულა, მაგრამ კრების სამღვდელოებას უსტვენია და გადმოუგდიათ ტრიბუნიდან; ესეც დამახასიათებელია ჩვენი; რაღა ჯილდოები სურთ ვერ გამიგია!); მედავითნეების „წილი“ შემოსავლისა შეუმცირებია კრებას, 2/5-დან ჩამოსულა 1/3-ზედ! ამით სულ დააფრთხობენ მედავითნეებს და სულაც აღარ გვეყოლება, წირვა მოისპობა ჩვენი ტაძრების უმეტეს ნაწილში; მოუსპიათ სამღვდელოების საარჩევნო წესები მრევლში!.. საკათ. საბჭოს წევრებიც ხელ-ახლად აურჩევიათ (ამათ კანდიდატებად, ჩვენი მთავარ-ხუცესი გრ. გიორგიძე, ქურდი, პასუხისგებაში მიცემული სასაფლაოს დეკ. გ. გამრეკელი და დეკ. ი. კაპანაძე): მარკ. ტყემალაძე, კ. ცინცაძე და ი. მირიანაშვილი, ესენი სამღვდელოთაგან, ხოლო ერისგანთაგან (ამათ კანდიდატებად _ გერ. იმნაიშვილი და ივ. რატიშვილი _ ესენი კლერიკალი მასწავლებლებია, კირიონის მოწინააღმდეგენი): ნიკო თავდგირიძე, რაფაელ ივანიცკი და კ. კეკელძე! ეს ყოფილი დეკანოზი კორნელი კეკელიძე უნივერსიტეტს „გაუგზავნია“ თვის წარმომადგენლად საეკლესიო კრებაზე, ესეც მიბრძანებულა კრებაზე საერო ტანისამოსით, სამანდატო კომისიასაც მიუღია (სამანდატო კომისიაში მეთაურობდა დეკ. ან. თოთიბაძე, ცინცაძე-კეკელიძის კუდი), მოხსენებითაც წარმომდგარა _ მიტროპოლიტების შემცირებაზე, ბოლოს ყოფილი დეკანოზი უზენაესს საეკლესიო დაწესებულების _ საკათ. საბჭოს წევრადაც აურჩევიათ „ერის კაცთაგანად“, მასაც ეს არჩევნები მიუღია! აი, ასეთია ჩვენი დროის ზნე და სიკეთე! კეკელიძე ცოლს გაეყარა, სამი ვაჟის დედას და მეორე ცოლი შეირთო!.. საკმაოდ ვსთქვი ზემოდ კეკელიძის შესახებ და აქ კმარა მაგაზე ბაასი… ასეთ კოლეგიაში უხდება უბედურ ამბროსის კათოლიკოზობა! გაიმარჯვა კირიონის ზნეობრივმა მკვლელებმა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა ჩვენი ნაჭირნახულევი ეკლესია! ხალხი ცოტა დაესწრო სიონში; კარებში მივეგებეთ სამღვდელოება ეპ. პიროსის მეთაურობით, სიტყვით მიეგება ამბროსის, რომელიც დიდუბის ეზოდან მოიყვანა მირიანოვ-თოთიბაძემ ეტლით, ღამით იქ გაჩერებულიყო; ეპ. პიროსის სიტყვა იყო „კაზიონი“, უსულ-გულო და უნიჭო; ასეთივე უნიჭო სიტყვა წარმოსთქვა თვით კათოლიკოზმა ამბროსიმ, რომელმაც ჩვეულებრივ მოიტრაბახა და ერთხელ კიდევ წამოგვაყვედრა თვისი დევნილება-ექსორიაობა ძველ რეჟიმის დროს. ეს 1917 წელსაც ბრძანა, როდესაც მიტროპოლიტად აკურთხეს მცხეთაში! სულ არ ყოფილა დასჯილი სამი თვის მეტი, შემდეგ „სტარაია რუსაში“ (ნოვგ. გუბერნია) მისცეს მდიდარ მონასტრის წინამძღვრობა და დიდ ფუფუნებაში იყო, დიდძალი ფულებით გადმოვიდა, თუმცა სულ ფულებზე წუწუნებდა, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს და მისი შვილები _ ორი ქალი და ერთი ვაჟი, სულ გაანადგურებენ იმ ქონებასაც, რაც კირიონ-ლეონიდს და მათ დამქაშებს გადარჩათ, ვაი, სირცხვილო! შემდეგ წავიყვანეთ თვისს სასახლეში და დავტოვეთ იქ; სადილის სუნი მოდიოდა, ეტყობა ლაზრიშვილი აქაც „გამართავდა“ სანთლის ფულით სადილს, თვალი მოვკარ, კარებში დაძვრებოდა ყოფილი წევრი პირველ საკათ. საბჭოისა პ. ბარათაშვილი, კაცი ლაწირაკი, ცუღლუტი და ვერაგი, მეგობარი დ. დავითაშვილისა, რომელთან დაახლოვებას ამბროსისას შეეცდებიან „დათიკას“ მეგობრები…

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გოჩა მირცხულავა