დიდი შანტაჟი _ ჯანდაცვის სამინისტრო პროკურატურა ხდება

ბოლო ათი დღეა, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ფრიადოსანი მერვეკლასელის სახე აქვს… დეპრესიაშია… გაკვეთილი ხუთიანზე რომ ვერ ჩააბარა, გამოთვლებში რაღაც აერია, არადა, სახლში ფრიადი უნდა მიიტანოს, რომ არ დასაჯოს… დედიკომ (პოლიტიკურ ანალოგს თუ გავავლებთ, მაშინ მამიკომ).
საქმე ეხება მთავრობის 520-ე დადგენილებას, რომლითაც სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გაათანაბრა. კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ფასებს არ ეთანხმებიან და სასწრაფო წესით მათ დაკორექტირებას მოითხოვენ.

გაუთვითცნობიერებელ მკითხველს მოკლედ მოვახსენებთ 520-ე დადგენილების შესახებ, ანუ რა ვერ დათვალა ჯანდაცვის სამინისტრომ, შემდეგ 25-მა კლინიკამ ეს ვერდათვლილი ტარიფები ხელახლა როგორ ამოულაგა, დაუთვალა, აჩვენა, რომ როგორც 5000 ლარად პიკასოს გრაფიკას ვერ იყიდის ივანიშვილი (ასლს შეატენიან), ისე 2100 ლარად სტენტს ვერ ჩაუდგამენ ავადმყოფს კლინიკები (ჩინურს შეატენიან). რომ ბუნებაში ასეთი ტარიფები, უბრალოდ, არ არსებობს!
ამის შემდეგ 25 კლინიკის ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ და გახარიას აუხსნეს, თუ რა მოჰყვებოდა ახალ რეგულაციებს. იყო ნახსენები ფაქტი, რომ ეკატერინე ტიკარაძის საჩხერის საავადმყოფოს მმართველობის პერიოდში შუნტირება 11 ათასი ღირდა, ახლა მინისტრი რომ გახდა, შუნტირებაში 8500 ლარს რატომ სთავაზობს კლინიკებს?! მოკლედ, „დიდ ძიას“ დახმარება სთხოვეს.
მაგრამ ეკატერინე ტიკარაძეს კიდევ უფრო „დიდი ძია“ ჰყავს, რომელიც გახარიას „დიდი ძიაც“ არის. ამიტომაც ტიკარაძემ გადაწყვიტა, მინისტრი პრემიერ-მინისტრზე ნაკლები როგორ იქნებოდა და პირდაპირ, აშკარა, დაუფარავ მუქარაზე გადავიდა (შანტაჟის მსუყე ელემენტებით).

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას კლინიკების ღია წერილზე უცვლელად გთავაზობთ:
„აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ 2018 წელს 41 000-ზე მეტი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მომსახურების შემთხვევებში“ (41 000 გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობის შედეგად ერთი წლის განმავლობაში. ჯერ სად ხართ! _ თ. რ.). გარდა სტატისტიკისა, ყურადღებას იპყრობს გარდაცვალების მიზეზების ანალიზი. მიზეზებს შორის მრავლად არის წარმოდგენილი ისეთი ნოზოლოგიები, რომელთა ხარისხიანი მოვლისა და კვალიფიციური დახმარების პირობებში, არა ლეტალური გამოსავლით, არამედ პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულების შესაძლებლობა არსებობდა (ანუ კლინიკებს პირდაპირ ეუბნება, თქვენ „მოკალითო“, _ თ. რ.). ანალიზმა ასევე ცხადყო, რომ გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში, მაღალი ჯერადობით დაფიქსირდა, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, აქვს თუ არა კლინიკას საკმარისი შესაძლებლობა, მართოს ის მდგომარეობები, რაზეც მას აქვს მინიჭებული უფლება (და აი, ახლა! მუქარის პირდაპირი ტექსტი! _ თ. რ.). სამინისტრო ზედმიწევნით გამოიძიებს გარდაცვლილი პაციენტების უკლებლივ ყველა შემთხვევას, რასაც აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება“.
აი, ასე! ვივა ცეზარ! ვივა ეკატერინე! ბიძინას გარდა ნამდვილად ვერავინ მოგაკეტინებს! ან პირიქით, თუ როგორც არის! მარტო ამ ტექსტის გამო ამისმა დამწერმა უსიტყვოდ უარი უნდა თქვას საკუთარ უფლებამოსილებაზე. იურისტი მაინც არ გყავთ სამინისტროში, რომ გამოქვეყნებამდე ტექსტი წააკითხოთ?! როდის იყო, ჯანდაცვის სამინისტრო რამეს იძიებდეს? ეს პროკურატურისა და სამართალდამცველი სტრუქტურების პრეროგატივაა. გამოიძიებს კი არა, უნდა ეწეროს _ შეისწავლის. ანდა რა ანალიზზეა საუბარი? სად შეისწავლეთ 41 000 შემთხვევა, წაიკითხეთ მაინც? ანდა რომელი 41 000 გარდაცვალების ფაქტი _ ეს ციფრი საიდან მოიტანეთ?!
„ქრონიკა+“-მა ამოიღო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გარდაცვლილთა რიცხოვნობა რეგიონებისა და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით და დაადგინა, რომ საქართველოში 2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რიცხოვნობაა არის 46 524. ანუ რა გამოდის: რომ აქედან მხოლოდ 5 524 გარდაიცვალა თავისი მიზეზით, დანარჩენი ყველა პაციენტი იყო?!
ჯანდაცვის სამინისტრო! კითხვა მაქვს, _ არ გრცხვენიათ?! როგორც ეს ციფრებია შედგენილი, ისე 520-ე დადგენილების ტარიფებია _ დათვლილი.
ვინ დაითვალა ტარიფები?
როგორც „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული დათვლა ფინანსისტებს მიანდო, რომელთაც მედიცინასთან ისეთივე კავშირი აქვთ, როგორც _ თერმობირთვულ ფიზიკასთან. მაგალითად, ექსპერტ რომან ლომიძის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, პეისმეიკერის-კარდიოსტიმულატორის იმპლანტაციის ფასი კი არის მოცემული, მაგრამ ამ პეისმეიკერს აუცილებლად სჭირდება ორი ელექტროდი, თითო 1000 დოლარის ღირებულების, რომელიც გამოტოვებულია. მთელ მსოფლიოში დღეს პაციენტებს წამლიანი სტენტი უყენდებათ და არა მეტალის, როგორიც 90-იან წლებში კეთდებოდა! კარდიოქირურგიული ოპერაციის მარტო სახარჯ მასალას სჭირდება 11 ათასი ლარი (მინიმუმ) და სახელმწიფო ამაში 12 ათას ლარს იხდის! ე. ი. პაციენტს არც დამატებითი კვლევა სჭირდება, არც წამალი, არც ექოსკოპია, არც ანესთეზია, საავადმყოფოში არ უნდა იწვეს და არც ექიმს უნდა გადაუხადო ხელფასი. კლინიკის მოგებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია!

„ქრონიკა“+ თემასთან დაკავშირებით კლინიკების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა

ზაზა სინაურიძე _ PINEO-ს სამედიცინო დირექტორი:
_ ოპერაცია ტექნიკური მანიპულაციაა, მაგრამ ამ ტექნიკურ მანიპულაციას ხელსაწყოები სჭირდება. თუ შენ არ გაქვს შესაბამისი ხელსაწყო და შესაბამისი პირობები, რაც არ უნდა კარგი ოპერატორი და ექიმი იყო, გამორიცხულია, ცარიელი ხელებით ხარისხიანად უმკურნალო. შესაბამისად, იმისთვის, რომ იყო აღჭურვილი, გჭირდება ამის შეძენა. და თუ ფასი გაგინახევრეს, ხარისხიანი ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების შეძენას ვერ მოახერხებ.
_ ვინ დაითვალა ეს ტარიფები?
_ მარტივ მაგალითს გეტყვით: როდესაც ავადმყოფი რეანიმაციაშია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანტიბიოტიკოთერაპიას. ამ დროს ანტიბიოტიკი უნდა იყოს, რაც შეიძლება მაღალეფექტიანი, რომ მალე მოხსნა, მიჩვევა რომ არ გამოიწვიოს. ეს ბოლო თაობის ანტიბიოტიკებია, რომელთა ერთი ფლაკონის ღირებულება 100 ლარია. პაციენტს შეიძლება, 4-6 ფლაკონი ასეთი ანტიბიოტიკი დასჭირდეს, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის?! 520-ე დადგენილებაში მოყვანილი განფასება აბსოლუტური აბსურდი და სიმახინჯეა!
_ ვინ არის ამ დადგენილების ავტორი?
_ წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, შორს დგას მედიცინისგან. მე ის ექიმი ვარ და ჩემნაირი კიდევ ბევრია, ვინც 90-იანი წლები გამოიარა. გაზი არ იყო, შუქი არ იყო და მშობიარის პატრონებს ვაბარებდით ცოტა შეშას, საკერავ მასალას, შპრიცებს და ა. შ. აქ თუ უნდათ დაბრუნება, პრობლემა არ არის.
_ „დაბრუნება უნდათ“, რას ნიშნავს, იქითკენ მივდივართ?
_ აშკარად! პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ მე, როგორც პაციენტს, არ მაძლევ საშუალებას, კარგი სტენტი ჩავიდგა და ფული დავამატო. ანუ როცა ვიცი, რომ ნაგავი უნდა ჩამიდგა, იმიტომ რომ სახელმწიფო მეტს არ იხდის და თანაც არ მაძლევ საშუალებას, დავამატო და კარგი სტენტის ფული გადავიხადო, აგერ, თურქეთი აქვეა. 200 მილიონი დოლარი გადის ყოველ წელს ქართველი პაციენტების სამკურნალოდ. ეს 200 000 გახდება 400 000! გავამდიდრებთ, მაგალითად, აჩიბადენის კლინიკას და არა საქართველოს სამედიცინო სისტემას. რატომ მიშლი ხელს ფულის გადახდაში, როდესაც კარგი პალატა მინდა და არ მინდა ხუთკაციანი?! ამერიკაში ხშირად მიწევს მუშაობა. იქ სადაზღვევო რომ გიხდის თანხას, პაციენტს უფლება აქვს, აირჩიოს დაწყებული მენიუდან, პალატით და ა. შ. დამთავრებული. თუ რამის დამატება უნდა, ამატებს და ტრამპი არ გამოდის და არ ყვირის, რატომ ახდევინებ ფულსო. მაგრამ, არა! _ ჩვენ მოწინავე ქვეყანა ვართ იდიოტობაში.

520-ე დადგენილების გადახედვის მომხრეა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ჯანდაცვის ექსპერტი _ ვანო ფოცხვერაშვილი. „ქრონიკა+“-სთან იგი ცალსახად აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ამ გზით კოლაფსისკენ მიდის:
_ ამ რეგულირებით, სულ რომ შევსებული გქონდეს კლინიკა, მაინც არ ჰყოფნის არც განვითარებაზე, არც ხარისხიანი მედიკამენტების შეძენასა და ა. შ. სამედიცინო დაწესებულებები იძულებულები გახდებიან, იაფფასიან მომსახურებაზე გადავიდნენ. ამ დროს, იგივე კარდიოქირურგია ტექნოლოგიური დარგია და მასალები ყველა ხარისხიანი უნდა იყოს. ამ სტანდარტების გამო კლინიკების უმრავლესობას გადადებული აქვს ოპერაციები. თუ არაფერი შეიცვალა, პერსპექტივაში ეს ამ სფეროს დაღუპვაა. ტრანსნაციონალური კომპანიები საქართველოს ბაზრიდან გადიან. ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი _ არც მსხვილი, არც წვრილი ინვესტორი გზაც რომ აერიოს, საქართველოსკენ არ შემოიხედავს. ვერც ერთი კლინიკა ვერ იყიდის ძვირადღირებულ ხარისხიან მასალას, პრეპარატს, წამალს. ჯანდაცვის ექსპერტები სხედან და ცდილობენ, ფასების რეგულირება მოახდინონ, მაგრამ მაინც ექცევიან ჩარჩოებში, _ ამოსავალ წერტილად აიღონ ის, რომ მაღალი დონის სერვისები ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
_ ამ ტარიფების დარეგულირება როგორ წარმოგიდგენიათ?
_ ორი სტენტის ჩაყენების ახალი ტარიფი 2100 ლარით განისაზღვრა. ეს გამორიცხულია ხარისხიანი წამლიანი სტენტისთვის და კლინიკები ჩინურ ან ინდურ წამლიან სტენტებზე გადავლენ. ამათი ფასი 350 ლარიდან იწყება. ნუთუ, სამინისტროში ვერ მოხერხდა ეფექტიანი კონტროლის მექანიზმის შექმნა, შესაბამისად გადახარჯვა, სოკოებივით მომრავლებული კლინიკები და ამით გამოწვეული არაპროფესიონალიზმი რომ აღმოეფხვრა?! ანდა ეს გამოსავალი ვინ მოიფიქრა? _ ბიუჯეტის შემცირება ექიმების ხელფასსა და მკურნალობის ხარისხზე აისახება. განვითარების მაგივრად ისედაც მორყეულ სისტემას ანგრევენ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე _ ნანა სანაია:
_ შექმნილი ვითარების ფონზე არაერთ პაციენტს მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან გასვლა, რადგან კლინიკები ელემენტარულად ვერ მოემსახურებიან მათ. ჯანდაცვის სამინისტრო დღეს იმაზე საუბრობს, რომ ავადმყოფს დანახარჯებს შევუმცირებთო. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ეს რეფორმა, პირველ რიგში, პაციენტების ჯიბეს დაარტყამს.
_ უცნაურია, დღეს „პაციენტთა უფლებების დაცვა“ ექიმს რომ იცავს?
_ შეშინებული და დაჩაგრული ექიმი პაციენტს ხარისხიანად ვერ უმკურნალებს. სამინისტრო აცხადებს, რომ ჩვენ პაციენტებზე ვზრუნავთო! როგორ, როდესაც ყველანაირ გზას უკეტავენ ხარისხიანი მომსახურების მისაღებად.
_ მეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი კლინიკაა გახსნილი?
_ კი ბატონო, კლინიკა იმაზე მეტია, ვიდრე საჭიროა, მაგრამ ფასები რა შუაშია? აქ სხვა ტიპის რეგულაციები უნდა მომხდარიყო.
ექსპერტებისა და არასამთავრობოების გარდა, პროტესტის კიდევ უფრო დიდი ტალღაა აგორებული ექიმების მომავალ თაობაში.

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ახალგაზრდა ექიმების, რეზიდენტების, სტუდენტების განცხადებას:
„ჩვენ წარმოვადგენთ ახალგაზრდა ექიმებს, რეზიდენტებსა და სხვადასხვა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოსაზრების დაფიქსირება, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მომავლისთვის, ასევე ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. საკითხი ეხება საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილების საფუძველზე ცალკეული სამედიცინო სერვისების ტარიფიკაციის ცვლილებას.
შეუსაბამოდ და არაგონივრულად მიგვაჩნია საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც არათუ აუმჯობესებს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რადგან სამინისტროს მიერ მოწოდებული განფასება შემთხვევათა უმეტესობაში არ ფარავს საერთაშორისო სტანდარტით უზრუნველყოფილი ჩარევისთვის აუცილებელ ხარჯებს.
რეგულაცია უდიდეს ზიანს გვაყენებს ჩვენც, ახალგაზრდა ექიმებს, შემდეგი მიზეზების გამო:
თუ ჰოსპიტლებს მოუწევთ მოცემული ტარიფებით მუშაობა, ისინი ვეღარ შეძლებენ სამედიცინო სფეროს განვითარებას და სიახლეების შემოტანას. მოგეხსენებათ, მედიცინა მუდმივად განვითარებადი დარგია და თუ არ გვექნება საშუალება, ჰოსპიტლებში თანამედროვე მედიცინის შესაბამისი გამოცდილება შევიძინოთ, ჩვენი თეორიული ცოდნა ვერ მოვა თანხვედრაში პრაქტიკულ ნაწილთან. სათანადო პრაქტიკული სწავლებისა თუ საქმიანობის გარეშე კი ვერ ჩამოვყალიბდებით პროფესიონალ ექიმებად და, ფაქტობრივად, ვკარგავთ შესაძლებლობას, ფეხი ავუწყოთ გლობალურ გამოწვევებს.
დადგენილების გამო ჰოსპიტლებს ხარჯის შემცირება უხდებათ, რამაც უკვე გამოიწვია გამოცდილი კადრების სამსახურიდან განთავისუფლება. თუ სამუშაო ადგილების შემცირება გაგრძელდება, ახალგაზრდა ექიმები და სტუდენტები ვეღარ მოვახერხებთ გამოცდილი მენტორებისგან სწავლას ან დასაქმებას კლინიკებში, რის შედეგადაც ჩვენ ვერ შევძლებთ კვალიფიკაციის ამაღლებასა და სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
მიუხედავად საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, უმაღლესი განათლების სისტემის არსებული სტანდარტი საშუალებას გვაძლევდა, განვითარებული ქვეყნების შესაბამის პროფესიონალებად შევმდგარიყავით. სულ რამდენიმე თვის წინ ქართული უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი გაწევრიანდა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოს ( (EQAR-The European Quality Assurance Register for Higher Education ) რეესტრში, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენი განათლება უტოლდება ევროპულ სტანდარტს და მეტად გაგვიხსნა გზა განვითარებული ქვეყნებისკენ. ამ პროცესის უწყვეტობა იმედს გვაძლევდა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მიღებული განათლებით, შევძლებდით მომავალში მონაწილეობა მიგვეღო ქართული ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასა და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში.
თუმცა სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც პასუხობდა კლინიკების ღია წერილს, მოყვანილია არასაკმარისად არგუმენტირებული ფაქტები და სტატისტიკები.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და ასევე სამედიცინო სფეროს, ზემოაღნიშნული წერილით კი ზრდის აგრესიას ექიმების მიმართ, რაც ექიმებს უქმნის საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს. შედეგად, ჩვენ ვიღებთ მომრავლებულ რაოდენობას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა.
ასევე თუ ზედმიწევნით არ ჩატარებულა გამოძიება გარდაცვლილი პაციენტების შემთხვევებზე, რატომ აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო მსგავს დასკვნას კვალიფიციურ დახმარებაზე და ხარისხიან მოვლაზე? რატომ აფასებს ექიმების 24-საათიან მორიგეობებსა და თავდაუზოგავ შრომას მხოლოდ სიკვდილიანობის მაჩვენებლით და არა გადარჩენილი პაციენტების რაოდენობით?!
ეს არის მხოლოდ ვარაუდი და მოსახლეობაში ეჭვის გაზრდას ემსახურება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების არაკვალიფიციურობაზე, რაც ჩვენი უფლებების შელახვად და სრულიად სამედიცინო სფეროს დისკრედიტაციად მიგვაჩნია, რასაც შედეგად შეიძლება მოყვეს შემდეგი:
საზოგადოებაში ისეთი აზრის ჩამოყალიბება, რომ ექიმები არიან არაკომპეტენტურები, რაც განაპირობებს მათ მიმართ ნდობის დაკარგვას. აღნიშნულის შედეგად, დაზარალდებიან პაციენტებიც, რადგან ექიმების მიმართ უნდობლობა გაზრდის თვითმკურნალობის შემთხვევებს, რამაც შესაძლოა, ლეტალური შედეგიც კი გამოიღოს;
საქართველოდან ახალგაზრდა ექიმებისა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების გადინება, ქვეყნებში სადაც მოახერხებენ დასაქმებას, განვითარებასა და იქნებიან დაფასებულნი, უსაფრთხო სამუშაო გარემოში.
ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
დაუყოვნებლივ შეჩერდეს საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილება მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება მასში არსებული ყველა ხარვეზი, დარგობრივ ასოციაციებთან ერთობლივი მუშაობით. ეს რეგულაცია არსებულ და მომავალ ექიმებს ხელს გვიშლის ჩვენი საქმიანობის ღირსეულად შესრულებაში.
ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვცეს არგუმენტირებული და ფაქტებით დადასტურებული პასუხი, თუ რას ეფუძნება ზემოაღნიშნული ბრალდებები სამედიცინო საზოგადოების მიმართ. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ხოლო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის შემთხვევაში მოიხადოს საჯარო ბოდიში!“ _ წერია ახალგაზრდა ექიმებისა და სტუდენტი-მედიკოსების მიმართვაში.
ერთი ტრამპი შეწყვეტს ევროპის ლანძღვას და მეორე ეკატერინე ტიკარაძე მოიხდის ბოდიშს! არ იზამს ამას, შამანმაც რომ შეულოცოს.

კლინიკის ხელმძღვანელების პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც „ქრონიკა+“ აქვეყნებს. იდოს მაინც, თუ მერე ამბები აიწია და ამ ჩამონათვალმა ეკა ტიკარაძის შავ სიაში გადაინაცვლა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, „დიდი ძია“ ვის დაუჭერს მხარს:

გელა კვარაცხელია _ კლინიკა „ჰელსიკორი“, სოსო აბულაძე _ კლინიკა „ღია გული“, ოთარ ყურაშვილი _ „კლინიკა TIM“, დავით მიქელთაძე _ კლინიკა „ღია გული“, გუგა რამიშვილი _ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“, შალვა რცხილაძე _ „ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა“, ვახო კალოიანი _ „ნიუ ჰოსპიტალსი“, ზვიად ბახუტაშვილი _ კლინიკა „ჩაფიძის გულის ცენტრი“, ალეკო ალადაშვილი _ კლინიკა „ჩაფიძის გულის ცენტრი“, გიორგი პაპიაშვილი _ „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი“.

შევარდნაძის დროინდელი ჯანდაცვის მინისტრის მფრინავი ფრაზით მინდა დავასრულო: „მე არ მჭირდება მაღალკვალიფიციური ექიმი, რომელიც აპენდექტომიაში 100 ლარს მომთხოვს, მირჩევნია დაბალკვალიფიციური, რომელიც 1.5 ლარად გააკეთებს იგივე ოპერაციას“.

თამარ როსტიაშვილი