რა ხდება სტუდენტურ თვითმმართველობებში და ვინ მართავს ახალგაზრდებს?

Capturegg

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნიკა მემანიშვილი, „ქრონიკა+“-ს უყვება, თუ რა მოხდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, როცა უმაღლეს სასწავლებელში პრემიერ-მინისტრი მივიდა? ვინ შეახვედრეს ირაკლი ღარიბაშვილს და რა შეკითხვები არ დაისვა? ვინ რას ელოდა პრემიერის შეხვედრიდან და რა მოლოდინი გაუცრუვდა დამსწრე კატეგორიას?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ნიკა მემანიშვილი:

_ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა და პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. დაათვალიერა სტუდენტების შექმნილი ინოვაციური პროდუქტი.

დავიწყებ იმით, რომ ის, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა, ზუსტად ჰგავს იმას, რასაც აკეთებდა „ნაცმოძრაობა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილი. ისინი დადიოდნენ შეხვედრებზე, სტუდენტებს თითქოს ხშირად ესაუბრებოდნენ, მაგრამ ეს შეხვედრები შეხვედრებად რჩებოდა, რაც ყველამ იცის. სამწუხაროდ, „ქართული ოცნებაც“ ამ გზას დაადგა და შეხვედრებს აწყობენ მხოლოდ პიარისთვის. უნდათ, რომ ამით ხალხს აჩვენონ, თითქოს სასიკეთო საქმეები კეთდება, მათ შორის, უნივერსიტეტებშიც. სინამდვილე კი სულ სხვაგვარია. წინა წლებში უნივერსიტეტები მთლანად იმართებოდა „ნაცმოძრაობის“ ბრძანებებით, იქ ასრულებდნენ მხოლოდ მათ მითითებებს და ახლაც იგივე მეორდება _ ამჯერად, უნივერსიტეტებში „ოცნების“ ბრძანებები სრულდება.

ახლახან ბათუმის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს აქცია, სადაც მოითხოვეს, რომ უმაღლესი სასწავლებლები დამოუკიდებლად იმართებოდეს, სტუდენტები იყვნენ იქ პრიორიტეტულები და რეალურად ხდებოდეს განათლების მიღება.

წინა წლებში სტუდენტობის მართვა ჩაბარებული ჰქონდა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრს, ლადო ვარძელაშვილს. ის ე. წ. ზონდერჯგუფებით მართავდა და აკონტროლებდა სასწავლებლების ახალგაზრდობას. უშიშროებაც იყო ამ საქმეში ჩართული და ყველა უნივერსიტეტში რამდენიმე კაცი ჰყავდა ჩასმული. ისინი, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობისგან“ იღებდნენ დავალებებს. სწორედ ამის გამო ვატარებდით აქციებს და ხელისუფლებას მივმართავდით, რომ მართვის ეს მახინჯი ფორმა შეეწყვიტა, რადგან ის იქნებოდა დამღუპველი მომავალი თაობისთვის. იმ დროს ამ აქციების მსვლელობისას „ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერებიც გვიჭერდნენ მხარს და ისინიც ამ აზრზე იყვნენ, თუმცა მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, იგივე ფორმით გააგრძელეს უნივერსიტეტების მართვა. ის კონკრეტული პიროვნებები, რომელთა მიმართაც პრეტენზიები გვქონდა და ზონდერჯგუფების წევრებად, ან უშიშროების მიერ ჩასმულ აგენტებად ვასახელებდით, მართული იყვნენ „ნაცმოძრაობიდან“ და მათ უკანონო დავალებებს წარმატებულად ასრულებდნენ,  გულში ძალიან ჩაიხუტეს ამათმა. ცხადია, ვგულისხმობ იმ სტუდენტურ თვითმმართველობებს, რომლებიც „ნაციონალების“ დროს მათი ბინძური დავალებებით საზრდოობდნენ. სამწუხაროდ, ისინი ახლა „ოცნებამ“ წაახალისა.

_ წახალისებაში რას გულისხმობთ?

_ მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თვითმმართველობების ხელმძღვანელები შეკრიბა და ევროპაში წაიყვანა, თითქოს იქაური თვითმმართველობების სტრუქტურისა და მუშაობის გასაცნობად, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ უნდოდა. ამ ღონისძიებებზე დაიხარჯა კოლოსალური თანხა. აქაც ბევრმა ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მუშაობდეს სტუდენტური თვითმმართველობები და ამისთვის უცხოეთში „სეირნობა“ სულაც არ იყო აუცილებელი, მაგრამ ახალ ხელისუფლებას უნდოდა, ამით ქულები დაეწერა სტუდენტურ თვითმმართველობებთან, რომლებსაც წინათ „ნაცები“ აკონტროლებდნენ. ასეთი ვოიაჟების შემდეგ ამ ახალგაზრდობას უკვე `ოცნება~ აკონტროლებს და ის უკვეთს იმ დავალებებს, რაც გაუხარდებათ და რაც მათი საქმისთვისაა საჭირო. არაფერი შეცვლილა, ძველი მინისტრი ვარძელაშვილი ყიფიანმა ჩაანაცვლა და უკვე მისი უწყება აკონტროლებს ქვეყნის სტუდენტურ თვითმმართველობებს. ევროპის სტუდენტური თვითმმართველობების მუშაობის გაცნობისთვის მათ წაყვანაში მხოლოდ იმიტომ დახარჯეს ფული, რომ მათი კეთილგანწყობა მოპოვებინათ და ისინი თავისკენ გადაებირებინათ. ასე „გამოოცნებდნენ“ „ნაციონალების“ შემსრულებლები, ე. წ. ზონდერები და უშიშროების წარმომადგენლები ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

_ ამას მოსყიდვა ჰქვია, ბატონო ნიკა.

_ ამ ვოიაჟის შემდგომ მათ გადამალეს „ნაცდროშები“ და დღეს „ქართული ოცნების“ დროშას აფრიალებენ, რაც საზიზღრობაა! თუმცა ისინი დღესაც იგივე დავალებებს ასრულებენ, რასაც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს აკეთებდნენ. ერთი და იგივე სახეები არიან 10-15 წელი, რატომღაც, სტუდენტები და თვითმმართველობების წარმომადგენლები. სხედან იქ წლებია, თბილად მოკალათებულები. არ ვიცი, როგორ უხანგრძლივდებათ მათ სტუდენტობის ვადა?! „ნაციონალების“ დროსაც არ იყო აუცილებელი, რომ თვითმმართველობის ხელმძღვანელი სტუდენტი ყოფილიყო და ახლაც ასეა, მაგრამ ეს არის დანაშაული! იგივე ფორმატით გააგრძელა ყველაფერი „მეოცნებე“ ხელისუფლებამ, რომელიც წინათ ამ ყველაფერს აკრიტიკებდა. როგორც ჩანს, საკუთარი საპროტესტო გამოსვლები ყველას დაავიწყდა, მაგრამ ნუ ეგონებათ, რომ ის ჩვენ, ხალხსაც აღარ გვახსოვს.

სტუდენტების პოზიცია ყველა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. მომავლის ძალა ყველა პოლიტიკურ პროცესში დიდ როლს ასრულებდა და ამიტომაც უნდათ მისი მართვა ხელისუფლებებს.

_ თქვენ არ დაასრულეთ 15 სექტემბრის ამბავი. იქნებ, მოგვიყვეთ, რა მოხდა ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში?

_ ღარიბაშვილს დახვდნენ ის პიროვნებები, რომლებიც „ნაცების“ დროს სიბინძურეებს აკეთებდნენ ამ სასწავლო დაწესებულებაში. მაგალითად, ლევან ტატიშვილი, რომელიც იყო უშიშროების თანამშრომელი და უშუალოდ აკონტროლებდა  თვითმმართველობის საკითხებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე ბორის გითოლენდია, გიორგი კულდუნაშვილი, რომელიც წინათაც იყო თვითმმართველობის ხელმძღვანელი და ახლაც ეს საკითხები აბარია, ოღონდ ამჯერად „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს. სწორედ მათ ჰქონდათ დავალებული უკვე „ოცნებისგან“, რომ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე არ მოსულიყვნენ ისეთი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც პრემიერს კრიტიკულ კითხვებს დაუსვამდნენ.

არ ვიცი, სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს _ როცა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელს, ან სტუდენტსა თუ პროფესორ-მასწვლებელს აქვს იმის საშუალება, რომ მთავრობის ხელმძღვანელს პირდაპირ დაუსვას კითხვა უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე, რატომ არ უნდა გააკეთოს ეს?! არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ პრემიერისთვის.  ღარიბაშვილი წარადგინა რექტორმა და მერე მან ისაუბრა მხოლოდ. შეხვერას, ცხადია, რექტორი და რექტორის მოადგილეებიც ესწრებოდნენ. ასევე ის პოროვნებები, რომლებმაც წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არ განვითარებულიყო, დაშლილიყო, განადგურებულიყო და გაეყიდათ კორპუსები. როგორც იცით, ერთ-ერთი კორპუსი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. სტუდენტებს ჩამოართვეს სპორტული მოედნები _ ღიაც და დახურულიც, ასევე საცურაო აუზი. ამ უნივერსიტეტის სტუდენტობას არ აქვს საშუალება, ის სიკეთეები მიიღოს, რაც წლების წინათ იყო გათვალისწინებული ამ სასწავლებლის სტუდენტებისთვის. რექტორი არჩილ ფრანგიშვილი პირდაპირ იყო მართული „ნაცმოძრაობისგან“. მეტიც, იგი უახლოესი მეგობარია გიგი უგულავასი და მის პირდაპირ მითითებებს ასრულებდა. ის არ იყო უბრალო პაიკი და უნივერსიტეტის რიგითი რექტორი, მაგრამ ახლაც ისევ რექტორია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევხვდით ფრანგიშვილს და ყველა მისი უკანონობის ფაქტი დავუდეთ წინ. ძალიან დამფრთხალი იყო. მოვთხოვეთ, დაუყოვნებლივ გადამდგარიყო და დაენიშნა თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები. სხვათა შორის, ამ მოთხოვნაზე გვიპასუხა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მას იმ პასუხისმგებლობის შეეშინდა, რაც უნდა დაკისრებოდა საკუთარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ჩვენგან ორკვირიანი ვადა აიღო, რადგან ამ პერიოდში ის უნდა შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს. გვითხრა, მერე უკეთ გეტყვით ყველაფრის პასუხსო. იმ ფაქტებს, რაც მას დავუდეთ, ვერასდროს ვერსად გაექცევა.

_ ივანიშვილს რატომ უნდა შეხვედროდა ფრანგიშვილი?

_ არ ვიცი, ჩემთვისაც გაუგებარია ეს ამბავი. არ გამოვრიცხავ, რომ სხვა რექტორებიც დაიბარა ივანიშვილმა, თუმცა ამ შეხვედრის შესახებ არასდროს არ გაჟღერებულა და არ გახმაურებულა. მარტო შეხვდა თუ სხვებთან ერთად, ფაქტია, რომ ეს იყო ფარული შეხვედრა, რა დროსაც ამ პიროვნებებს ეპატიათ ყველა დანაშაული იმის სანაცვლოდ, რომ დღეს ისინი „ქართული ოცნების“ მაქინაციების გამტარებლები უნდა ყოფილიყვნენ იგივე სტრუქტურებში. ეს ინფორმაცია რომ არ მქონდეს თავად ფრანგიშვილისგან, რომ ის უნდა შეხვედროდა ივანიშვილს, ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებდი, რომ „ოცნებამ“ ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა უნივერსიტეტში. ჩვენ მას შევხვდით აქციების ფონზე, როცა კარვებიც გავშალეთ. გარკვეული პერიოდის მერე კვლავ შევხვდით ფრანგიშვილს, მაგრამ ამჯერად უკვე ომახიანად შეგვხვდა და წინააღმდეგიც წავიდა როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე ჩვენს ყველა მოთხოვნაზე. მან გვითხრა, რომ შეგვეძლო გაგვეკეთებინა, რაც გვინდოდა, მაგრამ ის არ ჩაატარებდა რიგგარეშე არჩევნებს და არ წავიდოდა რექტორობიდან, რაც მართლაც ასე მოხდა. ზუსტად ვერ გეტვით, ივანიშვილისგან რა სახის გარანტიები მიიღო, ან რის სანაცვლოდ, მაგრამ დღესაც იგივე სქემით იმართება ეს უნივერსიტეტი, როგორც „ნაცების“ დროს.

ღარიბაშვილის შეხვედრას კიდევ ესწრებოდა ის ხალხი, რომელიც 2011 წელს სტუდენტების გატაცებაში მონაწილეობდა.

_ ამჯერად ვისზე საუბრობთ, კონკრეტულად გვითხარით, ან ვინ და როდის გაიტაცეს?

_ 2011 წელს პოლიტექნიკურის 4 სტუდენტი დაჯდა რექტორის მისაღებთან, იქ არსებული მდგომარეობის გასაპროტესტებლად. ამ დროს უნივერსიტეტში მოდიოდა დავით ბაქრაძე. სტუდენტები ითხოვდნენ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებას _ პრიორიტეტების არასწორ დაგეგმვას, თანხების გაფლანგვას. უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარი გამოყოფილი იყო ტუალეტის ქაღალდისთვის, ხოლო 10 ათასი _ სამეცნიერო სამუშაოებისთვის. რექტორი ამ სტუდენტებს არ უსმენდა და არც ითვალისწინებინა მათ მოთხოვნებს, ამიტომ სტუდენტები ძალით წამოყარეს, ჩაყარეს ავტომანქანაში, წაიყვანეს ქალაქგარეთ ტყეში და იქ დატოვეს. სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ადამიანს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოკიდებ ხელს და საფრთხის შემცველ ადგილზე ჩამოსვამ. ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტატიშვილი, გითოლენდია და სხვები. აღნიშნულ ფაქტზე შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში. გარკვეული პერიოდის მერე „მოდულის“ შენობაში დაგვიბარეს და პროკურორებმა ასეთი რამ გვითხრეს: გეთანხმებით, რომ აქ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვის სჯობია, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არისო. რაც მითხრეს, სიტყვა სიტყვით იმას გეუბნებით. არადა, ეს ის პროკურორები იყვნენ, რომლებიც ცემით კლავდნენ „მოდულის“ შენობაში ადამიანებს და ათასგვარ სისასტიკეს უკეთებდნენ მათ. ერთგვარი დაყოლიების ენით გვესაუბრებოდნენ და ამ თემების ჩაფარცხვას ცდილობდნენ. აქ მარხია სწორედ ძაღლის თავი, რომ სახელმწიფომ და ივანიშვილმა ამ პიროვნებებს ყველაფერი აპატია, რაზეც საზოგადოება ნაწყენია. ღარიბაშვილს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვდა პორტირებული „ნაცმოძრაობა“ და მაგათ რომ რამის შეცვლა სდომოდათ უნივერსიტეტში, წლების წინათ შეცვლიდნენ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ ესეც იყო შეხვედრა შეხვედრისთვის და პიარისთვის. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება და სწორად გაიგებს ყველაფერს. დღეს „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს „ნაცმოძრაობაც“, მაგრამ „ნაცმოძრაობას“ უხარია მისი შეცდომები და სწყინს წარმატებები. ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადობა პირიქით ვართ, კარგს რასაც გააკეთებენ, გაგვიხარდება. ამიტომ მივუთითებთ იმ შეცდომებზე და არასწორ პოლიტიკაზე, რაც მიგვაჩნია, რომ ქვეყანას და ხალხს სიკეთეს არ მოუტანს. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ უკვე გაუშვა ის სადავეები, რომლითაც სიმახინჯე უნდა შეეცვალა. ეს შეიძლება უმეცრებითაც მოუვიდა, მაგრამ რიგითი სტუდენტები უკვე ამ ყველაფერს აღიქვამენ ისე, რომ ამ უსამართლობას „ოცნება“ შეგნებულად სჩადის. როცა ხედავენ, რომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებიც მათ სცემდნენ, სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდნენ, იტაცებდნენ და აშინებდნენ განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს, მეტიც _ ისინი სასეირნოდ წაიყვანეს, შეხვედრებს მხოლოდ მათ ასწრებენ, ცხადია, ეს მათში წარმოშობს პროტესტის განცდას.

_ იქ კონკრეტულად რას აკეთებენ? ანდა თუ „ნაციონალებს“ „ოცნებამ“ წაართვა ყოფილი ზონდერები და უშიშრობის ხალხი, რომლებიც უნივერსიტეტებში ჰყავდა ჩანერგილი, გამოდის, რომ „ნაცებს“ იქ აღავინ ჰყავს და ასეთი გაღლეტილები არიან?

_ ეს არასამთავრობოები ცდილობენ, არ იყოს სტუდენტების საპროტესტო განწყობა. რაც შეეხება „ნაცების“ ამჟამინდელ სტუდენტურ ძალებს, მათ კიდევ ჰყავთ თავისი ხალხი. ისინი ყველაზე ბევრნი არიან ბენდუქიძის უნივერსიტეტში. „ნაცები“ ახლა პოლიტიკურ ვაბანკზე მიდიან და სხვადასხვა ჯგუფებს ავალებენ, გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რაშიც სტუდენტური ორგანიზაციები და არასამთავრობოებიც მონაწილეობენ. დღესაც კი შეიქმნა ერთი ასეთი არასამთავრობო. ჭიკაიძეს 500-კაციან ჯგუფზე აქვს ინფორმაცია და ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მობილიზებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. ვერ გეტყვით, რას აკეთებს ბატონი ჭიკაიძე, ან როგორ აპირებს მხოლოდ რეიდებით ამ სიტუაციის მოწესრიგებას?! „ნაცებს“ საკუთარი პოლიტიკური ძალის რეაბილიტაცია აქვთ გადაწყვტილი და იციან, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქვეყანაში იქნება ქაოსი და ანარქია, საითკენაც მართლაც მიჰყავთ საქართველო. ისინი ასევე აპირებენ, სტუდენტების სახელითაც ესაუბრონ ხელისუფლებას. „ნაციონალებს“ ძალიან დიდი ფესვები აქვთ და ასეთი რამ, სამწუხაროდ, არ გაუჭირდებათ ამ ხელისუფლების ხელშიც.

_ სტუდენტებს კონკრეტულად რას გააკეთებინებენ ამ არეულობაში, ისიც იცით?

_ დიახ, ისინი დაიწყებენ აქციებს და პოლიციასთან დაპირისპირებით შექმნიან არეულობის ფონს. საზოგადოებას კი გაუჩნდება განცდა, რომ პოლიცია სტუდენტებს საშინლად ექცევა და მათ დასაცავად აღდგება.

_ თქვენ ამბობთ, რომ სტუდენტებში ჯანსაღი ოპოზიციური ძალა აღარ არსებობს, რომელიც ამ ფაქტს საღად დაინახავს და ტენდენციურად არაფერს  გააპროტესტებს? რატომ არ მივიდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ამ შეხვედრაზე თუნდაც ასეთი ძალა? თუ აუდიტორიაში არ შეუშვებდნენ, გარეთ მაინც ეთქვათ, _ ღარიბაშვილი პორტირებულ „ნაცებს“ ხვდება და იცოდეთო?!

_ ბოლოს თქვენ როდის გაიგონეთ, სტუდენტი რომ გამოსულიყო და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში არის? არ ვიცი! პირადად ასეთი რამ არ მომისმენია, არადა, იქ საოცრად მაღალი გადასახადია, თან ინფრასტრუქტურული პრობლემებია, 9 ათას ლარს იხდიან წელიწადში და 9 ლარის განათლებასაც ვერ იღებენ სტუდენტები. სახელმწიფოს თვითმიზანი დღეს არის ბიუჯეტის შევსება და ცოდნის მიღება გეგმაშიც არ აქვთ. სტუდენტური, დამოუკიდებელი ძალა, რომელიც ხელისუფლებას სიმართლეს ეტყვის, იმიტომ არ არის, რომ სტუდენტებში შენარჩუნებულია შიში, რომ შეიძლება მერე მას ქულები არ დაუწერონ, გამოცდა არ ჩააბარებინონ, სულ ტყუილად დააპატიმრონ, უსამართლოდ მოექცნენ და ა. შ. რიგით სტუდენტებში დიდი პროტესტია დაგროვილი, მაგრამ შიში უფრო მეტია. დანარჩენი კი ზოგი „ოცნებას“ ჰყავს თავის ფრთისქვეშ შეფარებული და ანებივრებს, ზოგიც „ნაცმოძრაობას“ და ამიტომაც არ მიდის უმაღლეს სასწავლებლებში საქმე წინ, ანუ მდგომარეობა არ უმჯობესდება.

„ქრონიკა+“-მა ზემოთ აღნიშნულ ბრალდებებზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილსაც დაუსვა კითხვები:

_ რასაც მემანიშვილი გეუბნებათ, არის ტყუილი. ეს ყმაწვილი ძალიან ხშირად ლაპარაკობს სისულელეებს. რეალურად, 15 სექტემბერს მოხდა ტექნოლოგიური გამოფენა ტექნიკურ უნივერსიტეტში და ის დაათვარიელა პრემიერ-მინისტრმაც. ფანტასტიკურად ძლიერი და ჭკვიანი სტუდენტები იყვნენ იქ, რომელთა დაპატენტებული გამოგონებებიც ნახა. რა ზონდერბრიგადებზეა საუბარი?! ეს ხალხი იყო დარბაზში.

_ მაშინ კონკრეტულად გკითხავთ, _ ტატიშვილი, კულდუნაშვილი, გითოლენდია ამ შეხვედრაზე არ ყოფილან?

_ ბატონი გითოლენდია საქართველოში არ არის, ტატიშვილი სტუდენტი არ არის, ბატონო და იქ არ ყოფილა, კულდუნაშვილი კიდევ იმ დროს იყო მენეჯერი ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტზე და ის არის თანამშრომელი და არა სტუდენტი.

_ თქვენ მართლა ხართ უგულავას მეგობარი?

_ არასდროს არ ვყოფილვარ უგულავას მეგობარი და ესეც სისულელეა.

_ ივანიშვილსაც არ შეხვედრიხართ „ოცნების“ ხელისუფლეაბაში მოსვლის შემდეგ?

_ ეგეც არის აბსოლუტური სისულელე. შეგიძლიათ, ნახოთ იმ პერიოდის კადრები ტელევიზიით. იმ ჯგუფის ლიდერი იყო იმ დროს მემანიშვილი, ვინც კარვები გაშალა უნივერსიტეტთან და რა დონეც არის, ნახავთ. იქაც მაგ სისულელეებზე ისაუბრა და მერე ბოდიშები იხადა, რადგან ასეთი რამ არ ხდება. ლაპარაკობენ იდიოტიზმს, რაც არის სრული აბსურდი. რის გადადგომა, რა ივანიშვილთან შეხვედრა?! ეს რა ზღაპრებია, ვერ ვხვდები?! რა ბრალდებებიც წამოაყენეს, ყველაფერი გაქარწყლდა დოკუმენტურად.

 

                                                                            ნელი ვარდიაშვილი