არმაზ ახვლედიანი: „ქართული ოცნება“ ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება“

პოლიტიკური გამოცდილება გვასწავლის, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას უჭირს მეორე ვადის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნება. გამონაკლისი არც „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა. ვხედავთ, რომ მმართველი ძალა ხელისუფლებას ებღაუჭება და მის შესანარჩუნებლად ყველანაირ ლეგალურ თუ არალეგალურ ხერხს იყენებს.
აშკარაა, რომ ხელისუფლება არ აპირებს დათმობას და 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას.

რა პოლიტიკური ფასი დაუჯდება ივანიშვილსა და მის გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება? რა რესურსები აქვს ამ მოცემულობაში ოპოზიციას? და რა როლს თამაშობს ამ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელ არმაზ ახვლედიანს ესაუბრა:

_ რა პოლიტიკური მოცემულობა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა სპექტრმა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ?
_ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ბრიყვული ნაბიჯი და შედეგად მიიღო ის, რომ მცირე ნდობა, რაც, შესაძლოა, მანამდე ჰქონდა საზოგადოებაში, პრაქტიკულად, სრულად დაკარგა და პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდა, საიდანაც გამოსავალი ორია: „ქართული ოცნების“ მიერ ამ უზარმაზარი პოლიტიკური შეცდომის დროულად გამოსწორება ან მისი ვადაზე ადრე წასვლა ხელისუფლებიდან.
_ ამ მოცემულობაში რამდენად რეალურია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება ვადაზე ადრე დატოვოს?
_ ჯერჯერობით, გასაღები მაინც „ოცნების“ ხელშია. მასზეა დამოკიდებული, განიმუხტება თუ არა პოლიტიკური კრიზისი ან რამდენად დამძიმდება ის! ეს დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ნებაზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ივანიშვილის ნებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას არ აქვს არავითარი სურვილი არც განმუხტვის, არც ოპონენტებთან და საზოგადოებასთან დიალოგის. ახლა ერთადერთი, რაც ივანიშვილსა და მის „ოცნებას“ ამოძრავებს, არის ის, რომ ნებისმიერი მანქანებით შეინარჩუნოს და გაიხანგრძლივოს ძალაუფლებაში ყოფნა.
_ ოპოზიცია პოლიტიკურ პერფორმანსებს აქტიურად იყენებს და მეტიც, მათ პროტესტის ახალ ფორმას, „მაინც დაგაბოქლომებთ“, მიმართეს. თქვენი გადმოსახედიდან, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში რამდენად ქმედითია ოპოზიციის ეს ნაბიჯები?
_ პროტესტის ვიზუალური მხარე შეიძლება განსხვავებული იყოს და შესაბამისად, შესაძლოა, _ შეფასებებიც სხვადასხვაგვარი. მთავარი ის არის, რომ ოპოზიციის ძალიან დიდი სპექტრი არსებითად გაერთიანდა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლების, ანუ არჩევანის თავისუფალ, მეტ-ნაკლებად, დემოკრატიულ გარემოში გაკეთების უფლების დაბრუნება მოსთხოვოს. შესაბამისად, ყველა სხვა ნიუანსი თუ ფორმა, ჩემი აზრით, მეორეხარისხოვანია. მთავარია, ოპოზიციის ერთიანი სულისკვეთება და განწყობა, რაც, ვფიქრობ, საკმარისად კარგად ასახავს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობას და არ უტოვებს გზას „ქართულ ოცნებას“, რომ, ადრე თუ გვიან, არ იქონიოს ამ მოთხოვნებებზე რეაგირება. „ოცნება“, ჯერჯერობით, არ იმჩნევს, მაგრამ მას სხვა გზა არ დარჩება, ის იძულებული გახდება, რომ ოპოზიციის, საზოგადოების სულ უფრო და უფრო მზარდი ზეწოლისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების ფონზე დაიხიოს უკან.
_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აანონსებდა, თუმცა შემდეგ ხელისუფლება უკვე ირონიულად აღნიშნავდა, რომ 22-მა პარტიამ მხოლოდ 5 000 ადამიანი გამოიყვანა. რატომ არ მოჰყვა მასშტაბური პროტესტი „ქართული ოცნების“ მორიგ შეუსრულებელ დაპირებას?
_ ხელისუფლება მწარედ ცდება, როცა ფიქრობს, რომ საზოგადოება სათანადოდ არ აპროტესტებს მის თავხედობას. ცდება იმიტომ, რომ ის ვერ იაზრებს უმთავრესს, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, ახერხებს თუ არა ეს ხალხი საპროტესტო აქციებზე გამოსვლას, თავისთვის გადაწყვიტა, უარი უთხრას „ოცნების“ წარუმატებელ ექსპერიმენტს. როგორც ჩანს, საზოგადოების ეს ნაწილი არჩევნების დღეს ელოდება. დარწმუნებული ვარ, ასიათასობით ადამიანი, ვინც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მივა, „ოცნების“ ბედს გადაწყვეტს და არათუ წერტილს დაუსვამს ამ უაზრო, თავხედურ, უკიდურესად საშიშ ექსპერიმენტს, არამედ, ფაქტობრივად, თავისი გადაწყვეტილებით საფუძველს ჩაუყრის იმ მოცემულობას, რომ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს 9+8 შეცდომებით სავსე ტრაგიკული წარსული.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამას ამბობენ, რომ საზოგადოება საარჩევნო ყუთთან გააკეთებს არჩევანს, მისივე თქმით, არჩევნებს არა საარჩევნო სისტემა, არამედ ხალხის ნდობა იგებს და მაგალითად, 2012 წელს ასახელებენ, როცა მათ არსებული საარჩევნო სისტემით დაამარცხეს „ქართული ოცნება“.
_ „ქართულ ოცნებას“, ჯერ კიდევ, აქვს იმის იმედი, რომ ივანიშვილის უზარმაზარი ფულადი რესურსით, ადმინისტრაციული მანქანით, ყველაფრის მობილიზებით, რასაც კი შეუძლია თავი მოუყაროს, მოახერხებს საზოგადოების დაშინებას, გადმობირებას და კვლავ შეძლებს უმრავლესობაში დარჩენას. მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, რომ ახლა არ არის არც 2013 ან 2014, თუნდაც 2016 წელი. 2019-2020 წელი ეს ის პერიოდია, როცა ადამიანების დიდი ნაწილი თავად დარწმუნდა იმაში, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ცხოვრების გაგრძელება ფუჭ ოცნებას ნიშნავს. ერთადერთი გამოსავალი „ოცნებისთვის“ ახლა ის არის, რომ მოახერხოს და არ გადაჭრას საკუთარი თავისთვის ყველა გზა, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა, პოლიტიკურ სივრცეში, არჩევნების შემდეგ დარჩენელიყო ოპოზიციურ სპექტრში. თუ ამ გზასაც მოიჭრის „ოცნება“, არჩევნების შემდეგ ის, როგორც პოლიტიკური ძალა, გაქრება და არაერთი ლიდერი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე.
_ რა ალტერნატიული გზა აქვს ამ მოცემულობაში „ქართულ ოცნებას“?
_ „ოცნებას“ ერთადერთი გამოსავალი აქვს _ გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და წინასაარჩევნო გარემო იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე ეს ყოფილა აქამდე _ „ოცნებისა“ თუ სხვა ხელისუფლების მმართველობის დროს. ჯერჯერობით, ივანიშვილი ყურად არ იღებს ამ თხოვნას. როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ დროს გაიყვანს და კვლავ მოპარავს არჩევანს ხალხს. ის ფიქრობს, რომ დაშინებით, მოტყუებით, მოქრთამვით მოახერხებს იმას, რომ როგორღაც გაიხანგრძლივოს ძალაუფლებაში ყოფნა და შეინარჩუნოს მითვისებული ქონება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ოცნება“ ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს. ამავდროულად, ის უკვე ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას, რომ ყველა, ვინც ქუჩაში დგას, „ნაციონალია“ და მათი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობაა. რამდენად გაჭრის ეს მესიჯი „ოცნების“ სასარგებლოდ?
_ რეალობა ასეთია: „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც წარმოაჩინოს საფრთხობელად, დააფრთხოს ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებების გამო კი არ გამოდის გასაპროტესტებლად, არამედ საკუთარი სინდისისა და სურვილების შესაბამისად დგამს ამ ნაბიჯს. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა, საზოგადოებამ, უნდა გაიაზროს, რომ „ოცნების“ ამ სატყუარას არ უნდა წამოეგოს და მოახერხოს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვებთან ერთად მზად არის „ოცნების“ ხელისუფლებიდან გასასტუმრებლად. მანამდე უნდა მოხერხდეს ნორმალური საარჩევნო სისტემის შექმნა, კონკურენტულ გარემოში არჩევნების ჩატარება. უკვე ამის შემდეგ მზად უნდა ვიყოთ, რომ საზოგადოება შეძლებს არჩევანის გაკეთებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მიუჩენს თავის ადგილს.
_ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ფეიქბუქპოსტის გამო, სადაც ის ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს, დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას განცხადება გააზიარა მიხეილ სააკაშვილმა. მსგავსი ქმედებები რამდენად უშლის ხელს თუნდაც საზოგადოების კონსოლიდაციას?
_ რაც არ უნდა აუტანელი იყოს დღეს პოლიტიკური გარემო და „ოცნების“ დანაშაულებრივი ექსპერიმენტი, ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში ქვეყნის „ოცნებიდან“ განთავისუფლების ერთადერთი გზა არჩევნებია. სხვა გზას მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ. თუ „ოცნება“ საბოლოოდ უარს იტყვის არჩევნებზე (ჩემთვის „ოცნების“ გეგმით არჩევნების ჩატარება, ფაქტობრივად არჩევნების გაუქმებას ნიშნავს), ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას, პარტიებს სრული უფლება აქვთ, რომ შესაბამისად იმოქმედონ კვლავ მშვიდობიანი, სამართლებრივი გზით. ხელისუფლების პიკეტირებით, ბოიკოტირებით, ფართომასშტაბიანი პროტესტით აიძულოს ხელისუფლება ჩამოშორდეს მართვას. ვფიქრობ, რომ ამ სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორც გითხარით, გასაღები „ოცნების“ ხელშია, თუ ის ყველა კარს ჩარაზავს, მაშინ აღმოჩნდება, რომ ის თავად იქნება იზოლირებული საზოგადოებისგან. არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ აღარავის გაუკვირდება ხალხის ბუნებრივი, სამართლიანი რეაქცია ასეთ უზურპაციაზე.
_ თუ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა დაკარგული აქვს, ის თავის დამოკიდებულებას საარჩევნო უბნებთან დააფიქსირებს, აქედან გამომდინარე, რატომ წარმოადგენს არსებით პრობლემას საარჩევნო სისტემა?
_ არაერთი სავალალო მაგალითი გვაქვს არჩევნებში „ქართული ოცნების“ ქცევისა, მათ შორის, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, 2016 წელს. მაშინაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არ იყო არჩევნები, ივანიშვილმა საზოგადოებას არ მისცა არჩევანის გაკეთების საშუალება. მან სრულად გამოიყენა ძალადობრივი სისტემა, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი. მაშინ ვამბობდი, რომ ივანიშვილს თუ ეს გაუვიდოდა, 2020 წლის არჩევნები გაცილებით დრამატული იქნებოდა, ეს პროგნოზი გამართლდა. ახლა კი ვამბობ, რომ ამ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები და სახელმწიფო მიიტაცოს. სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი მზაკვრული გეგმის მიხედვით თუ წავიდა საქმე, მაშინ ჩვენი საზოგადოების ნაწილს იმის შესაძლებლობა ექნება, რომ არჩევანი გააკეთოს! სწორედ ამიტომ ითხოვს ოპოზიცია დაჟინებით, რომ პროპორციული არჩევნები მიიღონ, ამ შემთხვევაში, „გერმანული მოდელი“, რადგან ასეთ პირობებში ივანიშვილს მანიპულირების შესაძლებლობა უმცირდება. დღევანდელ ვითარებაში კი საარჩევნო ძალადობის, მანიპულირების, ხმების მიტაცების შანსი მას ძალიან დიდი აქვს.
_ ივანიშვილმა რამდენად სწორად გათვალა რისკები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით და რა ტრიუკებს უნდა ველოდოთ მისგან?
_ ივანიშვილი თავისებურად ცდილობს ამ რისკების გათვლას, მაგრამ ის ვერ ითვალისწინებს ცხოვრებისა და პოლიტიკის კანონზომიერებას. ეს კანონზომიერება მეტ-ნაკლებად ნორმალურ ადამიანსა და პოლიტიკოსს კარნახობს, რომ ერთი ხელისუფლება სხვა ხელისუფლებით უნდა ჩანაცვლდეს. ივანიშვილს ეს ვერ წარმოუდგენია, ის გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას. შესაბამისად, მისი დრამატული შეცდომაც ეს არის. ამიტომ, ასეთი დაბინდული გონების პირობებში, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ იმას, რომ რამე გონივრული და სწორი ნაბიჯი გადადგას ივანიშვილმა. ის კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას და მეტ შეცდომას დაუშვებს. არ გამოვრიცხავ ტრაგიკულ შეცდომებსაც. ახლა მთავარია, რომ ივანიშვილისა და „ოცნების“ ანომალიური ქმედებების ფონზე ოპოზიციამ შეცდომები არ დაუშვას და ივანიშვილის შავრაზმელებს არ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეს სათავისოდ გამოიყენონ.
_ რა გარანტიაა იმისა, რომ ოპოზიციაც არ დაუშვებს ანომალიურ შეცდომებს? რა ბერკეტები უჭირავთ მათ დღეს ხელში?
_ ოპოზიციის უმთავრესი რესურსი არის ის, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანია. მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი გამოდის აქციაზე, საზოგადოების დიდი ნაწილი, პირდაპირ თუ ირიბად, მხარს უჭერს ოპოზიციას ამ მოთხოვნაში, ესეც ოპოზიციის მთავარი ბერკეტია. ოპოზიციის უმთავრესი რესურსია ისიც, რომ ხელისუფლება გზააბნეული, დემორალიზებული და საზოგადოებისგან გაუცხოებულია. ხელისუფლებამ არ დაიტოვა უკან დასახევი გზა. საერთაშორისო თანამეგობრობა ახლა გაცილებით ადეკვატურად აფასებს ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტის არსს და ხვდება, რომ პოლიტიკური ცვლილებების გარეშე შეიძლება საქართველო დაკარგონ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. ესეც ერთ-ერთი რესურსია ოპოზიციის. „ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ამომრჩეველმა, ამ სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრი მწარე გაკვეთილი იხილა და როგორც ჩანს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არ უნდა შეარჩინოს არც ერთ ხელისუფლებას დემოკრატიის გაუქმება.
_ კვლევები აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ენდობა არსებულ პოლიტიკურ სპექტრს, ამ შემთვევაში სად ხედავთ პრობლემას?
_ უმთავრესი პრობლემა იმ წარმოუდგენლად მანკიერ პრაქტიკაშია, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა და რომლის არსიც ის არის, რომ პოლიტიკური ძალა სანამ ოპოზიციაშია, საზოგადოებას ჰპირდება დემოკრატიულ გარდაქმნებს, სამართლიანობას, ეკონომიკურ წინსვლას. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კი ეს ძალები არა უბრალოდ ივიწყებენ ამ დაპირებებს, არამედ წარსულის ყველაზე უფრო მძიმე შეცდომებს იმეორებენ და ცდილობენ, რომ ყველანაირი მანქანებით მოახერხონ საზოგადოების მოტყუება და როგორმე გაიხანგრძლივონ ძალაუფლებაში ყოფნა. ეს არის უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა საზოგადებამ გაითავისა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დამოკიდებულება, როგორც ხელისუფლებისადმი, ასევე ოპოზიციისადმი, არის არცთუ ისე პოზიტიური, საზოგადოება აცნობიერებს, რომ დღეს „ოცნების“ მიერ აგიზგიზებული ძალიან საშიში ხანძარი უნდა ჩაქრეს. ამის შემდეგ უნდა მოხერხდეს ის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ძალაუფლების მიტაცების შესაძლებლობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა არის კოალიციური მთავრობა. ეს განაპირობებს იმას, რომ თანდათან აღდგება ნდობა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ და გაცილებით უფრო კონკურენტულ და პლურალისტურ გარემოში. ყოველი მომდევნო არჩევნები განაპირობებს პროცესის გაჯანსაღებას.
_ ბოლო პერიოდში ვითარება აქციებზე საკმაოდ დაიძაბა, მათ შორის, რეგიონებში, ხელისუფლება კონტრაქციებს აწყობს, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოყვა. ამ ფონზე არსებობს თუ არა რისკი, რომ მთავარი მიზანი, რასაც პროპროციულ სისტემაზე გადასვლა ჰქვია, ურთიერთდაპირისპირებაში ჩაიკარგოს?
_ ჩემი დაკვირვებით, ოპოზიციისა და საზოგადოების იმ ნაწილის ქმედება, რომელიც აპროტესტებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას, საკმარისად კორექტულია, ხოლო ხელისუფლების დამოკიდებულება _ სრულიად არაადეკვატური. ხელისუფლება გაკოტრდა და ისე გაუცხოვდა საკუთარი ხალხისგან, რომ კონტრაქციებს აწყობს. კონტრაქცია არის ნათელი დემონსტრირება ხელისუფლების მორალური სახისა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა და დრომოჭმული ფორმებით ცდილობს გულანთებული ახალგაზრდების პროტესტისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ვფიქრობ, „ოცნება“ იმისთვის ემზადება, რომ ეს ლოკალური აქციები საჭირო მომენტში საქართველოს დედაქალაქში ფართომასშტაბიან კონტრაქციაში გადაზარდოს. აქ „ოცნებამ“ შეიძლება დრამატული შეცდომა დაუშვას იმიტომ, რომ მის მხარეს არ დგანან გულანთებული მხარდამჭერები. მასთან, უმეტეს შემთხვევაში, კომფორტის მაძიებელი ადამიანები მიდიან, _ ისინი, ვინც „ოცნებას“ „ნაციონალების“ დაბრუნების შიშით ან სხვა მიზეზით უჭერენ მხარს. როცა ნახავენ, „ოცნება“ მზად არის დაიწყოს ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ სკამსაა ჩაბღაუჭებული, ამ გულწრფელი მხარდამჭერების მცირე ნაწილიც ჩამოშორდება მას.
_ დავაზუსტოთ: თქვენი ფიქრობთ, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად „ოცნება“ სამოქალაქო დაპირისპირებაზეც კი წავა?
_ ფაქტობრივად, „ოცნება“ ამ დაპირისპირებაზე უკვე წავიდა, _ რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ ლოკალურად სხვადასხვა რეგიონში, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პირველი ნიშნები. მეჩვენება, რომ ეს „ოცნების“ რეპეტიციაა. ის ფართომასშტაბიანი დაპირისპირებისთვის ემზადება. თუ დაინახა, რომ სხვა გზა აღარ რჩება, „ოცნება“ ორგანიზებულად გამოიყვანს მხარდამჭერებს. ჩვენ გვახსოვს წარსულში ასე დარაზმული ადამიანებს რამდენად მტკიცე ფარის ფუნქცია შეუსრულებიათ ძირგამომპალი ხელისუფლებისთვის. მათი ენთუზიაზმი იმავე წუთს ქრება, როგორც კი მშიშარა ხელისუფლება გარბის. ამ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ „ოცნებას“ მის მხარდამჭერებთან ერთად, თუ აქ და ახლა, „ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ არ დაიწყებს სრულიად სამართლიანი მოთხოვნების შესრულებას, რაც ოპოზიციისა და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებისგან მოდის.
_ როგორც ხელისუფლება ამბობს, იგი დათმობაზე წასვლას არ აპირებს, მეტიც: „ამბოხებული მაჟორიტარები“ სრულად მაჟორიტარულ სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითხოვენ 2024 წლიდან. ეს ხომ არ გგონიათ ივანიშვილის მორიგი ტრიუკი?
_ არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ყველაფერი მასთან შეთანხმებით ხდება. იმდენად ალოგიკურია ეს ქმედებები, რომ ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ვეღარც კი ხედავენ რამე კანონზომიერებას. მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ, რატომ დგამს ამა თუ იმ ნაბიჯს ივანიშვილი. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ივანიშვილი ყველა მიმართულებით ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკას ატარებს _ დაწყებული აჭარის ტელევიზიის ამბებით, დამთვრებული ანაკლიის პორტით. ეს არის ერთი ძალიან სახიფათო სცენარის ნაწილები, რომლის საბოლოო მიზანიც გახლავთ ის, რომ ყველა ამ ქმედებით ივანიშვილმა დაადუმოს ოპონენტები, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს გადაუჭრას ყველა გზა და შესაძლებლობა. ივანიშვილი ემზადება მომენტისთვის, როცა ის განაცხადებს: რა ვქნათ, საზოგადოების საკმაო ნაწილი, მიზეზთა გამო, აღარ იზიარებს საქართველოს დასავლური ორიენტაციის იდეას და ჩვენ ვალდებული ვართ, ვეძებოთ სხვა პარტნიორები. მან ეს პარტნიორი დიდი ხანია, აღმოაჩინა, უბრალოდ, შესაბამის დროს ეძებს, რომ ეს გაამართლოს. ეს არის ყველაზე უფრო დრამატული სცენარი, რაც კი შეიძლება განვითარდეს… თუკი ოპოზიციამ და საზოგადოებამ ივანიშვილს იმის უფლება მივეცით, რომ კვლავ თავისი მზაკვრული გეგმით გააგრძელოს ქვეყნის მართვა.
_ ივანიშვილი მიზანმიმართულად ემსახურება რუსეთის ინტერესებს თუ მას, უბრალოდ, სხვა ალტერნატივა აღარ რჩება? თუ თავისი გეგმით განაგრძობს მოქმედებას?
_ ივანიშვილი ხვდება, რომ თუ ამ უკუღმართი გზით ივლის, ის საბოლოოდ დაუპირისპირდება დასავლეთს. ასეთ შემთხვევაში მას ვინმე დასჭირდება, ვინც ამ დაპირისპირებაში მხარს დაუჭერს. ასეთი ძალა ერთადერთია _ რუსეთი. ასე რომ, ივანიშვილი, მას უნდა თუ არა ეს, თავისი უგუნური ქმედებებით და ქვეყანაში დემოკრატიული პერსპექტივის განადგურებით, ფაქტობრივად, რუსულ ორბიტაზე ამყოფებს საქართველოს და ჩრდილოელ მოკავშირეს უხმობს. ივანიშვილი სულ უფრო მეტად გაუცხოვდება დასავლეთისგან _ არის ბუნებრივი პროცესია. მისი მართვის სტილი და არადემოკრატიული შიგთავსი განაპირობებს იმას, რომ რუსეთთან მოკავშირეობის გარდა სხვა გზა არ რჩება. ასე ემართება ყველა ავტორიტარ მმართველს პოსტსოციალისტურ სივრცეში, ივანიშვილიც ერთ-ერთი მათგანია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და საზოგადოების ჩართულობა, რათა თავიდან ავიცილოთ დრამატული სცენარი. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ. რა როლი აქვთ მათ?
_ დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ვერაფრით დაადუმებს გულანთებულ ახალგაზრდებს. ის ამ თაობას არათუ ვერ მოერევა, არამედ ყოველ ჯერზე, თავისი უგუნური ქმედებით, გაზრდის მის რიგებს და სწორედ ეს იქნება მისი განაჩენი.

ნენე ინჯგია