მთავარი რელიგია დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

239
0
გაზიარება

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #35.

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. წარმოდგენილი მონაკვეთი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში საუბარია საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლაზე, ქართულ საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობებსა და, რა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურების, იერარქების დამოკიდებულებაზე გასაბჭოების პროცესის მიმართ. ავტორი ერთგვარ ანალიზსაც აკეთებს იმ პერიოდისთვის არსებულ მოვლენებთან მიმართებით, რაც მკითხველისთვის ასევე არ იქნება ინტერესმოკლებული. „დღიურების“ გამოქვეყნებისას ჩვენ პერიოდულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა პუბლიკაციასა და საგაზეთო მასალას თავად დეკანოზისა და მისი ნაშრომის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

„მოქალაქე-მღვდლის დღიური“

გაგრძელება

ბოლშევიკების ქალაქში შემოსვლის წინ ჩვენმა ჯარმა თბილისის მიდამოებში გადაიხადა ცხარე ბრძოლა გენერალ კვინიტაძის მეთაურობით. მაგრამ გამოირკვა, რომ მთავრობა სრულებით მოუმზადებელი იყო ბრძოლისათვის, ჯერ შექმნეს პარტიული პრივილეგიებით მოსილი „სახალხო გვარდია“, შემდეგ „არმია“-„სალდათები“, რომელნიც გვარდიასთან შედარებით იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, როგორც „ბატონი _ ყმასთან“. ამან გამოიწვია ჩვენი ცოცხალი ძალების დაქსაქსვა, ვერ შედუღდა ერის ნებისყოფა, ვერ შეიქმნა რაიმე შემაერთიანებელი პრინციპი, სიწმინდე-დუღაბი. ამასთანავე, მიუხედავად ათასგვარ პრივილეგიებისა, გვარდია თავის წრეში ატარებდა მოღალატობას ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, მასში იყო ბევრი „კომუნისტი“, ესენი ხელს უწყობდენ ბოლშევიზმის გამარჯვებას ჩვენში; დატრიალდა რუსეთის ოქრო და გაიყიდა სამშობლო არა ერთხელ და არა ერთი-ორის მიერ… ასეთ მდგომარეობაში, ცხადია, ვერ შეიქმნებოდა სათანადო სულიერი მამულიშვილური სულიერი სიმტკიცე; ჯარის სათავეში ვიღაც გენ. ოდიშელიძე ჩააყენეს პირველად, გენ. კვინიტაძე კი ვერ შეეგუა ამ გათახსირებულ ვითარებას, გადადგა. გაჩაღდა ბრძოლა. პირველად ხმა გავრცელდა, რომ სომხეთის ბრბო მოდის საქართველოზეო: საზოგადოებაც დამშვიდებული იყო, ვინაიდან „სომხეთის ბრბოს“ ჩვენ შეგვეძლო გავმკლავებოდით; თურმე მენშევიკური მთავრობა ამას განგებ ავრცელებდა, რომ ხალხი არ დაეფრთხო… ტფილისის გარშემო ჯოჯოხეთური გრგვინვა იყო ზარბაზნებისა… რომ გასჭირდა საქმე, მთავრობამ გენ. ოდიშელიძე გადააყენა და გენ. კვინიტაძე მიიწვია; ამან ცოტათი საქმე მოაგვარა, ჯარში სულიერი სიმტკიცე შეიტანა, როგორც ავტორიტეტით მოსილმა სარდალმა. ამ დროს მეტად შეშინდა კათოლიკოზი ლეონიდი, ის 17 თებერვალს თვისს სასახლიდან ღამით სიონის ტაძრის ეზოში გადასახლებულა, ის გადაუყვანია იქ ღამით თავდაცვის კომიტეტის ერთ რაზმს, რომელშიდაც იყო ჩემი მრევლი _ რაჟდენ მირიანაშვილი (ეს ბოლშევიკებმა დახვრიტეს შემოსვლისათანავე, როგორც „ბურჟუა“ _ მდიდარი, დიდი უსამართლობა მოხდა ამ კაცის ასე უაზროდ დაღუპვით, კარგი, სასარგებლო კაცი იყო, გლეხის შვილი, ძლივს იცოდა წერა-კითხვა, მაგრამ ბუნებით ნიჭიერი და გამრჯელი პირი იყო, თავისი უნარით შექმნა სიმდიდრე სოფლად თუ ქალაქად, იყვნენ ოთხნი ძმანი, დაიღუპა მთელი მათი დოვლათი). ამ მირიანაშვილმა მიამბო, თუ როგორ შეშინებოდა კათოლიკოზს, ვეღარ გაჩერდა თავის ბინაზე: „რუსები შემომეჭრებიან და ყელს გამომჭრიანო“… მეორე დღეს, 18 თებერვალს, ადრე დილით, ჩემთან მოვიდა სიონის კანდელაკი დეკ. იასონ კაპანაძე, _ კათოლიკოზი გიბარებსო; წამიყვანა სახლში, თავის ბინაზე; აქ დამიხვდა კათოლიკოზი ბარგ- შეკრული, საღამურ სკუფიაში, ძველ ტანსაცმელში, რომელიც რუსულ „პოლიევკას“ ჰგავდა; იქ იყო მისი კელეინიკი _ ბერი ათანასე, ესეც გასამგზავრებლად მომზადებული, აქ იყო საკათ. საბჭოს კანცელიარიის მმართველი დეკ. მიხ. ნაცვლიშვილი, შემდეგ მოვიდნენ ქაშვეთის ტაძრის დეკანოზები კ. ცინცაძე და ლაზარიშვილი; ზარბაზნებს გაჰქონდათ განუწყვეტელი გრიალი, სახლის კედლები ზანზარებდენ, კათოლიკოზი ვერხვის ფოთოლივით თრთოდა; დეკ. ი. კაპანაძემ განაცხადა, რომ კათოლიკოზი უნდა წაბრძანდეს დასავლეთ საქართველოში, ის უკვე მზათ არის წასასვლელად, მაგრამ ისე უნდა წავიდეს, რომ ვითომც ჩვენი ძალ-დატანებით და თხოვნით მიბრძანდებაო. ამაზე დეკ. ცინცაძემ და სხვებმაც თანხმობა განაცხადეს, მე თავი დავიჭირე, არ მსურდა ჩავრეოდი ასეთ ულამაზო საქმეში, მით უმეტეს, რომ ლეონიდი მტრულად მიცქეროდა, საკათ. საბჭოდან ვიყავი მის მიერ გაძევებული; მაგრამ რომ ჩამომეკიდა დეკ. კაპანაძე _ მეცა ვსთქვი: „თქვენ უკვე მოგიმზადებიათ კათოლიკოზი წასასვლელად და მე რაღა უნდა მოგახსენოთ-თქო!..“ ლეონიდს კანკალი აუვარდა… გამოირკვა, რომ წინადღით საკათ. საბჭოში ყოფილა ეს საკითხი დასმული და დეკ. ბ. კონტრიძეს წინააღმდეგობა გაუწევია კათოლიკოზის ქალაქიდან გასვლისათვის; დეკ. ცინცაძე კი, _ ეს საკათ. საბჭოს ჭახრაკი, _

ჩვეულებრივი ცბიერობით იქცეოდა, სიტყვით თანახმად იყო კათოლიკოზის ქალაქიდან წასვლაზე, ისე კი გარეთ ამბობდა: „მე როგორ უთხრა აქ დარჩი, შენი მოვალეობა ამას მოითხოვს, რომ შენს პოსტზე მოკვდე, _ განა თვითონ არ უნდა იცოდეს თავისი საქმეო“!.. კათოლიკოზი გააცილა დიდუბემდე დეკ. ი. კაპანაძემ, _ დეკ. ი. მირიანაშვილის ბინაზე მიიყვანეს, რომ იქიდან მთავრობა რო დააპირებდა გასვლას, ლეონიდიც გაეყვანათ სადგურზე… ამ დროს დავით ეპისკოპოზი საკათ. საბჭოს შენობაში იწვა ავათ მყოფი, უფრო კი შიშისაგან წამხდარი, ამისი წაყვანაც სურდა ლეონიდს, შეუარა მას პავლე არქიმანდრიტის (ჯაფარიძე) თანდასწრებით და რომ დარწმუნდა დავითის უმწეობაში, ტირილით გამოეთხოვა, შეგვხვდა ისევე კარებში და მითხრა: მამაო ნიკიტა, მიხედე დავითსო! მეც შევედი დავითთან და რომ გაიგო ჩვენ ქალაქიდან არ გავრბივართ (მღვდლები), ცოტა დამშვიდდა: „თქვენ თუ აქ რჩებით, მეც რა მიშავსო“, და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი; იყო დღე შაბათი, იმ დღეს სიონში პარაკლისი იყო გამოცხადებული, კათოლიკოზი კი გაგვექცა; გზაში შემხვდა დეკ. მ. მონასელიძე (მოძღვართ-მოძღვარი), სიონში მიდიოდა პარაკლისზე; რო უამბე ვითარება, მეტად გარისხდა და დაჰგმო ლეონიდის საქციელი; მე ქაშვეთისაკენ გავსწიე; მალე მოვიდა ამბავი, რომ ჩვენმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა მტერიო; დიდ-ძალი ხალხი ირეოდა რუსთველის პროსპექტზე და სასახლის წინ; ხალხმა მოითხოვა პარაკლისი, _ „სად არის კათოლიკოზი, რატომ პარაკლისებს არ იხდისო“, _ ყვიროდა სკულპტორი იაკობ ნიკოლაძე; ჩვენ ვამბობდით, რომ კათოლიკოზი დიდუბეში წავიდა სალოცავად, თან კაცი აფრინეს და მოიყვანეს ფეხით, ოფლში გაწურული და მეტად დაქანცული; შევიკრიბენით ქვაშვეთში, შევიმოსეთ და ლიტანიით გავემართეთ სამხედრო ტაძარში; აქ ლეონიდმა სიტყვა წარმოსთქვა ბოლშევიკების წინააღმდეგ, მეტად ულამაზოდ მოიხსენია ისინი (უწოდა მათ ღორები, რომელთაც არ ეღირსება საქართველოს მოძოვა და ტფილისის აბანოებში ტანის გასუფთავებაო). ეს სიტყვა დაიბეჭდა „საქართველოში“. იმ სიტყვების გამოისობით ლეონიდი ისევ დაბინავდა თავის სასახლეში; ეხლა შეეძლოთ უფრო დამშვიდებით ეთათბირათ საკათ. საბჭოში თუ როგორ მოქცეულიყვნენ განსაცდელის ჟამს, რაღაც წერილობითი მოხსენებაც შეუტანია ლეონიდს საბჭოში, მაგრამ საბჭოში ისევ განხეთქილება, ისევ ქვემოდინობა და ქიშპობა იყო გამართული; ბრძოლა კი ტფილისის მიდამოებში უფრო გამწვავდა; ეხლა კოჯრის მხრიდან შემოგვიტიეს, აქ თავი ისახელეს იუნკრებმა, მაგრამ გამოირკვა, რომ ჩვენ ვერ გაუმკლავდებით მრავალ-რიცხოვან მტერს, რომელიც კალიასავით შემოესია პატარა საქართველოს _ სოჭიდან, მამისონის უღელ-ტეხილიდან (!ეს თებერვალში!), კახეთიდან და სომხეთის მხრიდან; ჩვენ სარდლობას გადაუწყვეტია დაიხიოს ტფილისიდან მცხეთამდე _ ტფილისი დასტოვოს; გამაგრდეს მცხეთასთან, აქ შველას ელოდნენ ევროპიდან, შველის მაგივრად ქემალისტი _ ოსმალეთი მოსდგომოდა ბათუმს და იქ ელოდა მარჯვე დროს ბათუმის დასაპყრობად…
თებერვლის 24-ს ღამის 11 საათზე დეკ. კ. ცინცაძე მისულა ლეონიდთან და გადაუცია სარდლობის გადაწყვეტილება ტფილისის დატოვებაზე, _ თავს უშველე, გადი ქალაქიდან, უთქვამს დეკ. ცინცაძეს ლეონიდისათვის! (ეს თვით ლეონიდმა გვიამბო შემდეგ დაბრუნებისა იმერეთიდან), _ განძეულობაც სიონიდან გაგზავნეთ სადგურზე, მთავრობა ჩაიბარებს და ისევ ეპატრონებაო; განძეულობა უკვე ჩალაგებული ჰქონდათ დეკ. მ. ტყემალაძეს და ქაშვეთის მეორე დეკ. დ. ლაზარიშვილს; რა ჩაალაგეს ტფილისიდან გასატანად, რა დასტოვეს ან რას რა უყვეს _ ეს ერთმა ღმერთმა უწყის და მათმა „სინდისმა“; სთქვეს, რომ ქრისტ. აღმადგ. საზოგადოების ოქროს ნივთებიც (დიდძალი ოქროს ჯვრები და საზოგადოების საპატიო წევრთათვის ოქროს ნიშნები, წაუღიათ კადეტის კორპუსის ეკლესიიდან ჩემ მიერ გადმოტანილი ძვირფასი ნივთები ორ ფუთამდე ვერცხლი) ჩავალაგეთო; ეს ნივთები და ბევრიც სხვა მონასტრებიდან _ ნათლისმცემლისა, დავით-გარეჯისა, მცხეთისა… ხის ყუთებით გაატანეს სადგურამდე პავლე არქიმანდრიტს (ამ და სხვა არქეოლოგიურ ნივთებს ევროპაში გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ჯერაც არ დაბრუნებულა; ამბობენ, რომში წაიღო ეს ჩვენი ავლა-დიდებაო…). შემდეგ ღამით თვით ლეონიდიც ჩუმად გავიდა ქალაქიდან, წაუყვანია თან დავით ეპისკოპოზიც, არ დაუტოვებია არავითარი განკარგულება, თუ ვინ მართოს ეპარქია, ვინ იყოს საკათ. საბჭოს თავმჯდომარე, _ ერთი სიტყვით, მათ ჰგონებიათ, რომ ბოლშევიკები სულ აიკლებენ ქალაქს, ტაძრებს, სამღვდელოებასაც და თავი აღარ შეიწუხეს ჩვენზე და ერზე ზრუნვით. გავიდა მთავრობა, გავიდნენ დამფუძნებელი კრების წევრნი, რომელთაც გასვლის საღამოსვე დაამტკიცეს მენშევიკურ მთავრობის მიერ გამომუშავებული საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის კონსტიტუცია; ამ კონსტიტუციის ძალით ეკლესია ჩამოშორდა სახელმწიფოს და დატოვებულ იქმნა უმწეოდ სახელმწიფოსაგანაც და კათოლიკოზისაგანაც; კათოლიკოზს მიჰბაძა და დასტოვა ტფილისი ერთად-ერთად მღვდელმა. ექსარხოსების ყოფილმა კანდელაკმა. დეკანოზმა ანტონ თოთიბაძემ; ამან 1917 წლის გადატრიალებით ისარგებლა და სილიბისტრო ჯიბლაძის შემწეობით, კათოლიკოზ კირიონის ნება დაურთველად, ჩაიგდო ხელში სამხედრო ტაძარი რუსთაველის პროსპექტზე, აღარ ემორჩილებოდა სასულიერო მთავრობას, შექმნა ეკლესია _ ეკლესიაში; ამის მეგობარი კ. ცინცაძე შეუძვრა ნოე ჟორდანიას, ამის პროტოპრესვიტერი გახდა, შვილი მაგან გაუსვენა, მეორე შვილი მაგან მოუნათლა (დიდი ნათლობა გადაიხადა ნოე ჟორდანიამ, პატარა ქალი მონათლა (ცოლი რუსი ჰყავს), კაკი წერეთელი იყო ნათლიად, დეკ. ცინცაძე მოძღვრად და „თამადად“!.. როგორ შეიცვალა დრო! 1917 წლის 8 მარტს ნოე ჟორდანია ჩემს ბინაზე მყავდა მოწვეული, სადაც ეპ. ანტონის (გიორგაძე) და სოსიკო მერკვილაძის თანადასწრებით (დაგვესწრო ჩემი მეუღლე ალექსანდრაც) საქართველოს ეკლესიის სინოდის უღლისაგან განთავისუფლების თათბირზე; გადაწყდა, იმავ 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტილით) სვეტიცხოველში უნდა გამოგვეცხადებია ეს აქტი; ამ დროს დეკ. კ. ცინცაძე და მისი განუყრელი მეგობარი დეკ. ან. თოთიბაძე, დეკ. კ. კეკელიძე, დეკ. მ. ტყემალაძე, არქიმ. ნაზარი (ეხლა ქუთათელი) უკანასკნელ ექსარხოსს პლატონს ეხვიენ გარს, ამაგრებდენ მას, თვალში შესცქეროდენ; როდესაც მცხეთაში წავედით _ ცინცაძეს შიშისაგან 38 გრადუსი სიცხე ჰქონდა, 1918 წლიდან ეს პირები გახდენ _ ერთი (თოთიბაძე) სამხედრო ტაძრის „პროტოპრესვიტრად“ (აიყოლია დეკ. ნიკოლოზ ნათიძე _ მწერალი „მელანია“, კაცი მოქალაქობრივად მეტად სუსტი და ცბიერი); მეორე (ცინცაძე) ნოე ჟორდანიას სასახლის „პროტოპრესვიტრად“! მე კი ისევ დავრჩი ჩემს ოპოზიციონურ პოსტზე, _ დევნილი და შევიწროებული ნივთიერად, ისევ ანჩისხატის ჯურღმულში, სადაც ექსარხოსმა ინოკენტიმ 1912 წ. 20 მაისს გადამისროლა დიდუბიდან, ისევ ამ ჩემი „მოძმეების“ შეგონებით!.. დეკ. ან. თოთიბაძეს, როგორც ბუნებით მხდალს და დაცემულს, შეეშინდა, რუსები შურს იძიებენ სამხედრო ტაძრის ჩამორთმევაზეო, მარმარილოს ფიცრების კედლიდან ჩამოღებისთვისო და ესეც გაიქცა ქალაქიდან, თითქოს „ჯარს გაჰყვა მისი პროტოპრესვიტერიო“!..
როგორც შემდეგ მიამბო ლეონიდმა, მას დიდი უბედურება განუცდია გზაში, დამცირება, უყურადღებობა; შეჩერებულა გორში, იქნებ აღარ დამჭირდეს იმერეთში წასვლა, საქმე გამობრუნდესო; მეორე დღეს ლეონიდს უნახავს ასეთი სურათი: „მთელი გორი ჩვენი ჯარისკაცებით აივსო, ზღვა ჯარი შემოვიდა გორში, ვხედავდი, ზოგს ორი თოფი ჰქონდა მხარზე, ზოგს სამიც და მეტიც, ეს ჩემი სათაყვანებელი ქართლელები იყვნენ, მიეტოებიათ თავისი სარდლობა, ჩამოშორებიან ჯარს, რომელიც საბრძოლველად უკან იხევდა და სახლში მიდი-მოდიოდენო! ამან მეტად გული დამწყვიტა, ცრემლები ჩამომცვივდა, ჩავჯექ მატარებელში და იმერეთში წავედი; მიველ გელათში, მაგრამ იქ უკვე დამხვდნენ ონის მხრიდან შემოსეული ბოლშევიკებიო! მაშინ სახტად დავრჩი: ამათ გამოვექეცი, ესენი კი აქვე დამხვდნენო! მეტად დავინანე ქალაქიდან წამოსვლა,
ნეტავი აქ მომკვდარიყავიო“. ეს მიამბო აწ განსვენებულმა, რო დაბრუნდა ქალაქში სააღდგომოდ, ერთ საღამოს ლოცვაზე შემობრძანდა ანჩისხატის ტაძარში, ლოცვა მოისმინა, მეორე დღეს ქაშვეთში იყო მწირველი მსახიობ კოტე ყიფიანის დაკრძალვის წირვაზე; ბევრი რამ მიამბო იმერეთის თავგადასავალი ბოლშევიკების შემოსევისა გამო _ თუ როგორ აწიოკებდენ გლეხებს ამ ზამთარში, სასიმინდეებს აცალიერებდნენ ცხენების საჭმელად, მარნებში ღვინოებს სვამდენ, ღეროდენ ან ქვევრებს მიწით ავსებდენ, ძალადობდენ…
დეკ. თოთიბაძე ბათუმში ჩაბრძანდა, მგონი ლეონიდიც იყო ბათუმში (ეს მან დამალა), აქ მენშევიკებიდან დიდ-ძალი ფულები აიღო დეკ. თოთიბაძემ, მგონი ლეონიდსაც ერგო ფულები (ამბობენ!); თოთიბაძემ კი გურიაში შეიარა, იქ დააბინავა ბათუმში ნაშოვარი დიდ-ძალი ფართლეულობა, ფულები, ნივთები და შემდეგ რომ გამოარკვია, რომ ბოლშევიკებმა ხელი არ გვახლეს, უსირცხვილოდ დაბრუნდა ისევ თავის ტაძარში, სადაც განაგრძობს თვისს უნიჭო, უსულგულო „მოძღვრობას“! ექსარხოსების ნალაქიარი _ უნაგირი და დღეს „მოძღვრობა“! კათოლიკოზ ლეონიდის მიერ ქალაქის დატოვების შემდეგ, შეიკრიბა ქალაქის სამღვდელოება, მთავარხუცის გრ. გიორგიძის თავმჯდომარეობით და ვიქონიეთ მსჯელობა შექმნილ ვითარებაზე, დავრჩით უეპისკოპოსოდ და უმმართველოდ, გამოირკვა, რომ ლეონიდს არავისთვის არ მიუნდვია ეპარქიის მართვა-გამგეობაც კი, არ კი უფიქრნია ამაზე ვინმეს. ეგონათ, რომ ბოლშევიკები ქვა-ქვაზე არ დასტოვებენ თბილისში არაფერს, ეკლესიებს გაძარცვავენ, მღვდლებს ამოჟლეტენ და ვის რადღა ენდომება ან ეპისკოპოსი, ან ეპარქიის მმართველობაო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სომხის ეპისკოპოსი, მისი მმართველი ორგანოებით, არც კი დაძრულან ადგილიდან… ჩვენი სამღვდელოება კი დარჩა დაობლებული, უთაოდ და უმმართველოდ, საკათოლიკოზო საბჭოს წევრთაგან ყველანი გაიხიზნენ ქუთაისში, აქ დარჩნენ დეკ. კ. ცინცაძე (ვეღარ დაიძრა ადგილიდან, მრავალ-რიცხოვანი ოჯახი ჰყავს) და დეკ. ბენიამენ კონტრიძე. ესენი დაგვესწრნენ კრებაზე. ბევრი მითქმა-მოთქმის და აყალ-მაყალის შემდეგ დიდი შეტაკება მოუვიდათ კრების წინ დეკ. იასონ კაპანაძეს, სიონის კლიუჩარს-კანდელაკს ერთი მხრით და დეკანოზებს ცინცაძე-კონტრიძეს მეორე მხრით, ესენი ერთმანეთს აბრალებდენ კათოლიკოზის ასე გასვლას ქალაქიდან. ცინცაძე სჩემობდა დიდ გავლენას ლეონიდზე, ბოლოს კაპანაძემ უფრო წინ წარსდგა ფეხი, თუმცა გავლენიანობით და საქმის მოჭახრაკებით მთელი მექანიზმი ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობისა თუ ეპარქიისა ხელთ ეჭირა დავით ალექსის ძე დავიდოვს (დავითაშვილად გადაკეთდა გადატრიალების შემდეგ); ეს დავიდოვი ექსარხოსების დროის კანცელარიის მმართველის ერთ-ერთი თანაშემწეთაგანი, პლატონის აგენტი და მესაიდუმლე განსაკუთრებით, დაეპატრონა ლეონიდის სულსა და გულს, გონებას და ნებას, უამისოდ რეზოლიუციას ან რაიმე განკარგულებას არ ახდენდა ის; გაყვლიფა და გასძარცვა მთელი სასახლე არქიელისა, როგორც გადატრიალებამდე, ისე კირიონ- ლეონიდის დროს, თუმცა არც კირიონის დაახლოებულ პირებს (არქიმ. ტარასის, დეკ. ი. ჩიჯავაძეს) დაუკლიათ ხელი სასახლის ნივთების გატაცებაში, როგორც კირიონის სიცოცხლის დროს, ისე განსაკუთრებით, მის გარდაცვალების დღეებში; ეს დავიდოვი _ აშკარა მექრთამე და მოძალადეა, კაცი მეტად გარყვნილი, ბოზი, არ გაუშვა კანცელარიაში არც ერთი ქალი გაუუპატიურებელი; კათოლიკოზ კირიონს შეუვარდა საცემლად (ლეონიდი ვერ გაიყვანა კათოლიკოზად პირველ საეკლ. კრებაზე), საკათ. საბჭოს წევრს ქრ. კაპანაძეს შეუვარდა სამსახურის დროს და ხალხის თანადასწრებით სცემდა; სისხლი ადინა ცხვირ პირში, _ იმიტომ, რომ თითქოს ამისი მეცადინეობით დავიდოვი ვერ გავიდა საკათ. საბჭოს კანცელიარიის მმართველად; თუმცა ხმის უმეტესობით არჩეულ იქმნა, მაგრამ კირიონმა განაცხადა: „თუ დავითაშვილს მომცემთ მმართველად, მე კათოლიკოზობაზე უარს ვამბობო“. ასეთი კაცი შემდეგ ლეონიდმა, ტფილელმა მიტროპოლიტმა, აიყვანა ეპარქიალურ კანცელარიის მმართველად და კიდევაც ამ დავიდოვმა გაათახსირა ლეონიდის სახელი, დასცა მაგის პრესტიჟი სამღვდელოებაში და საზოგადოებაშიც; ჩემთანაც ჰქონდა ამ დავიდოვს შეტაკებანი, დამიხვდა ქუჩაში თავის ბინის წინ, დამიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა-გინება და საცემრად იწია; გამოუარდენ სახლიდან თავისი ქალები, იმათ შეიყვანეს თავიანთი მამა სახლში და გადამარჩინეს სირცხვილს _ ჯოხი უნდა დამეკრა თავში, როგორც კი მომიახლოვდებოდა; ეს დავიდოვი იყო დროებითი მმართველობის დროს მდივნად, როდესაც ლეონიდი თავმჯდომარეობდა კათოლიკოზის არჩევნებამდე; არც ერთი ჟურნალი არ წაკითხულ-შესწორებულა კრების მიერ, ჟურნალებში იწერებოდა ტენდენციურად, ოსტატურად ამცირებდენ კირიონს, უღობავდენ გზას საქართველოში ჩამოსასვლელად, ბევრი სიყალბე და უსწორ-მასწორობა ხდებოდა და ამ თაობაზე მე მაშინ განვაცხადე პროტესტი (არ ისმინა ლეონიდმა) და შემდეგაც მოვითხოვე, რომ ეს ჟურნალები წაკითხულ-შესწორებულიყო და ისე დამტკიცებულიყო. ეს იწყინა დავიდოვმა, ჯერ გაზეთის საშუალებით გამლანძღა და სამედიატორო სამართალში გამიწვია, მეც გავეხმაურე, გავჰყე, მაგრამ დღემდე არ შემდგარა ეს „სამართალი“; მე კი მთელი 52 ნომერი დროებითი მმართველობის ჟურნალისა, საკათ. საბჭოს დადგენილებით, გავიტანე, შევისწავლე და მისს შესახებ ვრცელი დასაბუთებული მოხსენება-შესწორებანი წარვადგინე საკათ. საბჭოში უკვე ლეონიდის კათოლიკოზობის დროს; მაგრამ ლეონიდმა ეს მოხსენება არც კი წააკითხა და არც კი მოასმენია საბჭოს, იმიტომ, რომ ხელს არ აძლევდა, აშკარავდებოდა მთელი ის საზიზღარი კომპანია, რომელიც მოამზადა დავიდოვმა კირიონის წინააღმდეგ და ამ კომპანიის მსხვერპლიც გახდა უბედური კირიონი. გადაწყდა, რომ ორ წევრს საკათ. საბჭოსას _ დეკ. ცინცაძეს და კონტრიძეს უნდა მიჰმატებოდათ მეორე საეკლესიო კრების მიერ საკათ. საბჭოს წევრების კანდიდატათ არჩეული პირები _ დეკანოზები: მ. ტყემალაძე, იასონ კაპანაძე, იოსებ მირიანაშვილი და ერისკაცნი დ. კასრაძე და მიხ. მაჩაბელი (ყოფილი წევრი პირველი საბჭოისა, ახლა კანდიდატად იყო არჩეული), ამათი თავმჯდომარეობა უნდა ეკისრა ეპ. პიროსს ალავერდელს, რომელიც უნდა გამოგვეწვია თელავიდან; დროებითი საკათ. საბჭოს თავმჯდომარეობა და ეპარქიის მართვა-გამგეობა დავავალეთ დეკ. მ. ტყემალაძეს. ეპ. პიროსი არ ჩამოვიდა თელავიდან (არ ინება), ამიტომ საკათ. საბჭოს თავმჯდომარეობა აიღო დეკ. კ. ცინცაძემ, ხოლო ეპარქიის მართვა-გამგეობა დეკ. მ. ტყემალაძემ. მაგრამ როგორი იყო და იქნებოდა ამისი მართვა-გამგეობა ეპარქიისა, როდესაც ეპარქიის ფაქტიურ ბატონ-პატრონ დ. დავიდოვს დეკ. ტყემალაძე ხმასაც არა სცემდა! ამაზედაც იწია წინეთ საცემრად დავიდოვმა, ერთ კანცელარიაში მსახურ ქალს (ხელაშვილი), როდესაც არ დანებდა, სცემა, სისხლი ადინა, ამ სახით ეს ქალი შევარდა საეპარქიო კრებაზე (1920-ში), წარუდგა კრებას, მაგრამ აქაც თავი დააძრო დავიდოვმა; ამ საქმეზე გამოძიების საქმე „დაკარგულა“… ამ დავიდოვმა სცემა კიდეც დეკ. ალ. თებზაძეს, აი ასეთ მდივნის ქვეშ იყო და დღესაც არის ჩვენი ბედ-იღბალი; ლეონიდის იმერეთიდან დაბრუნებამდე არავითარი ღირსშესანიშნავი არა მომხდარა რა ეკლესიურ ცხოვრებაში; ბოლშევიკები არ შეგვხებიან სრულებით, ჯერ-ჯერობით არც ეკლესიების მოძრავი ქონება გაუჩხრეკიათ, ამათ 1921 წ. 15 ივლისის დეკრეტით ჩამოგვართვეს მეტრიკების არქივი, მიუტანეთ ჩვენი ხელით ქალაქის რევკომში, ჩამოგვართვეს ამ მეტრიკების წარმოება; უფრო ადრე დაადასტურეს კიდეც მენშევიკებისაგანაც მიღებული ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან; ჩამოგვერთვა საყოველთაოდ ეკლესიის შენობების მოვლა-პატრონობა, შიგ „უფასოდ“ სდგანან ყველანი, ირღვევა და იღუპება შენობები; ბინების რამოდენიმე ოთახები ჩამოგვართვეს მღვდლებს ისევ ჩვენიანებმა, ზოგგან (სიონის ეზოში) ჩაასახლეს სომხის კრუები, _ აივსო ქალაქი რუსებით და სომხებით.

32 კუბო _ 9/III. 1921 წ.

ღირსშესანიშნავი იყო აგრეთვე კოჯრის გმირების (ქართველ იუნკრების) გვამთა გამოსვენება მიხეილის საავადმყოფოდან, სადაც შეაგროვეს მათი გვამები; 9 მარტს მთელი ტფილისის სამღვდელოების მონაწილეობით, დეკ. მ. ტყემალაძის უპირატესობით, გამოვასვენეთ საავადმყოფოდან 32 კუბო; გალობდა სამი გუნდი; წინ მიგვიძღოდა ჯვარი შავი ბაირაღით, დაგვესწრო მთელი ტფილისი განურჩევლად ეროვნებისა; გაიმართა ისეთი პროცესია, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჭაღარა ტფილისს; მივდიოდით შესანიშნავი დისციპლინით სამხედრო ტაძრის გალავანში, სადაც მათთვის იყო გამზადებული საფლავები; იქ, ჯერ კიდევ მენშევიკების ქალაქიდან გასვლამდე, დავასაფლავეთ ისევ ამ ბრძოლაში დახოცილი ოფიცრები, იუნკრები და ჯარისკაცები, 15 კუბო; ამათ წირვა გადაუხადა ლეონიდმა სამხედრო ტაძარში, იქვე ავუგეთ ანდერძი, ანდერძის კურთხევანს მე ვკითხულობდი; ნოე ჟორდანიაც დაგვესწრო მაშინ მთელი მინისტრებით და დამფუძნებელ კრების წევრთა თანდასწრებით; ეხლა კი ანდერძი აუგეთ ეზოში, საფლავების პირზე, ზღვა ხალხით გარსშემორტყმული, გრანდიოზული სურათი იყო; ანდერძის კურთხევანს ისევ მე ვკითხულობდი, ხმამაღლა, მკაფიოდ და მწუხარებით; ხალხს ჟრუანტელი უვლიდა ტანში; სიტყვები არ წარმოთქმულა განგებ, „უსიტყვოდ“ უფრო მეტი ითქვა; ბოლოს საუკუნოდ ხსენებაზე დაიჩოქა სამღვდელოებამ, დაიჩოქა მთელმა ხალხმა, როგორც ეზოში მდგომმა, ისე გალავნის ნაპირებზე თუ სახლის სახურავ-აივნებზე. გამოვიდა დიდი დემონსტრაცია ჩვენი დედაქალაქის ასე ვერაგულად და მუხანათურად რუსი არმიის დაჭერისა გამო ჩვენი უბედური-უგუნური ქართველი ბოლშევიკების წინამძღოლობით; ეს საცოდავები ჯერაც ვერა გრძნობენ თუ რა უმაგალითო ღალატში მიიღეს მონაწილეობა, რომლის მსგავსი არ ახსოვს ჩვენს ისტორიას; წინა დროის მოღალატენი _ სააკაძე-ერისთავები-აბაშიძეები თუ წერეთლები ვაჟკაცებად მაინც ვარგოდენ, როდესაც მიხვდებოდენ ხოლმე თავის შეცდომას, თუ უსაქციელობას, შეინანებდენ ხოლმე, ისევ სამშობლოსაკენ იბრუნებდენ პირს და მტერს მუსრს ავლებდენ; ეს ჩვენი დროის „ინტელიგენტი“ მოღალატენი _ ფ. მახარაძე _ ორჯონიკიძე, ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ცაავა, თ. კალანდაძე, ერთი ჩემი სახლიკაციც კი, სევასტი თალაკვაძე (სოფლის სკოლაც არა აქვს დასრულებული) და ძმანი მათნი დღესაც ვერ გრძნობენ თუ რა ჩაიდინეს და როგორ ანიავებს რუსის წითელი არმია საქართველოს. ამათ გაზიდეს და ყოველდღე მიაქვთ საქართველოდან აუარებელი სიმდიდრე; არც ჩვენი „კომუნისტები“ აკლებენ ხელს სამშობლოს ძარცვა-გლეჯას; 50 მილიარდი კონტრიბუცია დაადეს საქართველოს, გაყვლიფეს ვაჭრები, გაანიავეს განსაკუთრებით წვრილი ვაჭრები, ესენი სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს, ზოგს 10 მილიონი შეაწერეს, ზოგს 20, ზოგს 18 და ასე; ვინც ვერ იხდის, მიჰყავთ „ჩეკაში“ და ხვრეტენ იქ; დიდძალი ხალხი იხვრიტება ყოველ ღამობითო, _ ამბობენ მცოდნე პირები. თვითონ „კომუნისტები“ კი კარგად ჩაცმულ-დახურულები, მშვენიერ სასახლეებში გამოჭიმულნი, ყოველ დღე-ღამე ლხინში და საუტებში ატარებენ დროს; ჩიტის რძეც კი არ აკლიათ მათ და მათ ოჯახებს; სასწავლებელთა მასწავლებელ-მოსამსახურეთ კი ეს თვე-ნახევარია მოუსპეს პურის ულუფის ძლევა, ჯერ იძლეოდენ თითო გირვანქას ოჯახის სულზე, შემდეგ ნახევარს, შემდეგ მეოთხედს, ეხლა კი სულ მოსპეს; ჯამაგირიც ძველი ნორმის დარჩა და ორი თვეა არც ის მიგვიღია (მე ქალთა მესამე გიმნაზიაში ვარ საქართ. ისტორიის და ქართულ სიტყვიერების მასწავლებლად, ამბობენ ახალ სასწავლო წლიდან აღარ დამიშვებენ, როგორც მღვდელს; ვაძლევ კვირაში 26 გაკვეთილს და ვიღებდი ჯამაგირს თვეში 32 940 მანეთს და რაღაც პაპიროსებს, ასანთს და ნავთს, გირვანქა პური კი ღირს დღეს ტფილისში 4500 მანეთი!), თვით „კომუნისტები“ კი (ვინც პარტიის წევრია) სცხოვრობენ დიდის განცხრომით, სიუხვით; ასე განცხრომით ატარებდენ დროს მენშევიკებიც, მაგათ „გვარდიამ“ მოუღო ბოლო ჩვენს დამოუკიდებლობას, მაგათ „გვარდიამ“ უღალატა ჩვენს ჯარს, გადავიდნენ მტრის მხარეზე, თორემ ბოლშევიკების წითელი არმია მარცხდებოდა ტფილისთან ბრძოლაში, ისინი უკან გაბრუნებას აპირებდენ, თურმე, ცოტა კიდევ რომ გამაგრებულიყვნენ ჩვენები; მაგრამ გახრწნილი მთავრობა (მენშევიკებისა) რასაკვირველია, ვერ გააერთიანებდა, ვერ აანთებდა მთელს ერს ერთი გრძნობით და ერთი ნებისყოფით; საშინელი აშლილობა აღმოჩენილა ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა მხარეში; მაგალითად კახეთ-თიანეთ-დუშეთის მხარე აუჯანყდა მენშევიკებს, ამათ იმერლები შემოგვისიეს კომისრებად და მილიციონერებადო, ჩვენ „ნიკოლოზის“ ხელში გვირჩევნიაო! ხალხს ეგონა, რომ ვინაიდან რუსეთის ჯარი შემოდის, წინადროის წესიერება და სიიაფე მოაქვთ თანაო; მაგრამ როდესაც მათ სოფლებს, კარ-მიდამოს, სარჩო-საბადებელს და ცოლ-შვილს შეესია ეს მხეცი ჯარი _ პაჭუა-ვანკები, ეს ძველი დროის „თეთრ-ჰუნნების“ შთამომავლობა, როდესაც იწვნია ჩვენმა „გაბოლშევიკებულებმა“ მათი სიმხეცე, აღვირახსნილობა და დაუნდობლობა, ბევრი იცეს ცხვირში, ბევრსა ნანობენ დღეს. დღეს „ნიკოლოზი“ კი არა, თვით „ნოე ჟორდანია“ და მისი მთავრობა ენატრებათ და ერთი სული აქვთ, როდის მოსშორდებიან ესენი აქედანო! ამ ნიადაგზე ითხზება ათასგვარი ჭორი, აი დღეს, აი ხვალ შემოვა „ანტანტა“ (დიდი მოკავშირე სახელმწიფონი ევროპისა) საქართველოში და გაგვანთავისუფლებენ მოძალადეთაგანო; საბერძნეთი უკვე იბრძვის „ახალოსმალეთის“, ანუ ანგორის მთავრობის წინააღმდეგ; დაუმარცხებიათ კიდეც ქემალ-ფაშის ჯარები, ტრაპიზონი, რიზე, ხოფაც აუღიათ, უახლოვდებიან ბათუმის ოლქს; ქემალ-ფაშის ჯარებს უჩუმრა მხარს უჭერდა რუსის წითელი არმია, მათი რამოდენიმე ნაწილები ჯარისა ტყვეთ ჩავარდნიათ ბერძნებს ხელში და შეეკითხნენ მოსკოვის მთავრობას: ეს რას ნიშნავსო?! თუ ომი გსურთ ჩვენს წინააღმდეგ, რატომ ომს არ გვიცხადებთ და პირდაპირ არ გამოხვალთო; ამათ მოიყრუეს ყური, ვითომ არაფერ შუაში არიან; რუსებმა ერთხელ კიდევ გამოიჩინეს საზიზღარი ვერაგობა, წინეთ „პრავოსლავია“ _ მართლმადიდებლობის ნიადაგზე გააცურეს საქართველო ყინულზე, ეხლა კი „კომუნიზმით“ უნდათ დაგვიმონაონ; სურთ სტამბოლის აღებაც და აწარმოებენ წმინდა წყლის იმპერიალისტურ პოლიტიკას; ევროპამ წინადადება მისცა რუსების არმიას, საქართველოდან გავიდნენ; მაშინ ჩვენმა „რევკომმა“ უპასუხა, _ საქართველო რუსეთის ნაწილია და რუსის ჯარი აქ უნდა იდგესო; ამ თაობაზე ევროპის მუშათა წრეებიც მხარს უჭერს მენშევიკებს, რომელნიც გაცხარებულ მუშაობას აწარმოებენ ევროპაში; რით გათავდება ყოველივე ეს, ღმერთმა უწყის; რუსეთში კი წელს დიდი მოუსავლობაა, დამშეულა მთელი მდინარე ოლგის მონაპირე გუბერნიები, სულ 25 მილიონი სული; თვით რუსეთში დიდი არეულობაა, ეს არეულობა თუ მოუღებს ბოლშევიკების ბატონობას ბოლოს ჩვენში, თორემ სხვა ხსნა არ არის; მაგრამ რომც განვთავისუფლდეთ, ისევ ჩვენი „სოციალისტები“ ჩაიგდებენ უბედურ საქართველოს მართვა-გამგეობას ხელში; „სოციალიზმი“ კი, მენშევიზმის თუ ბოლშევიზმის სახით, სულ ერთია, დაღუპავს საქართველოს; მენშევიკები ნელ-ნელა, სისტემატიურად აწყობდენ იმას, რასაც დღეს სჩადიან პირდაპირ ბოლშევიკები; მენშევიკები თუ სიმპატიას ჰპოულობდენ საქართველოში და ბევრს (ბურჟუაზიასაც კი) თითქოს ენატრებათ კიდეც მათი საქართველოში დაბრუნება, ეს იმიტომ, რომ მენშევიკებმა მოახერხეს „ანტანტის“ დახმარებით დამოუკიდებელ საქართველოს აღდგენა, აწარმოებდენ ნაციონალურ პოლიტიკას და ამ ნაციონალურ პოლიტიკის ნიადაგზე იმდენად საგრძნობი არ იყო მათი სოციალისტური ექსპერიმენტები ეკონომიურ ნიადაგზე; მათ ალაგმეს ოსობა, ამათ ალაგმეს საქართველოს სომხობა, რომ მათ ცოტა დასცლოდათ, ტფილისი გაიწმინდებოდა სომხითიდან შემოსეულ ელემენტებისაგან, საზღვრები საქართველოსი დაცულ-გაფართოებული იქნებოდა; დღეს კი ოსობამ თავი წამოჰყო, ამათ საშინელი შური იძიეს ქართველობაზე, ცხინვალის მიდამო სოფლები აიკლეს, გადასწვეს და გადაბუგეს; ხალხი აწამეს, შერეკავდენ უმწეო გლეხობას საბზელში, წაუკიდებდნენ ცეცხლს და ისე ამოსწვავდენ ხოლმე! ეს ფაქტია, არავის ეგონოს მოჭორილ-მოგონილი! ეს ოსები, სომხები და რუსები შეერთდნენ დღეს ჩვენს წინააღმდეგ, ესენი სულ ბოლშევიზმ-კომუნიზმის სახით მოქმედებენ დღეს ჩვენში! ამ ოსებს „საქართველოს რევკომი“ ტფილისში დახმარებას აძლევს მათ მეურნეობის და ოჯახების აღსადგენად, რომელიც მენშევიკურმა მთავრობამ დაგინგრიათო; 100 მილიარდი მისცეს ოსებს შემწეობა, გარდა უფასო ხე-ტყისა და სხვა დახმარებისა; სომხეთთან საზღვარი ლამის არის ნავთლუღამდე მოვიდეს! ალავერდის ქარხნები და თვით ახტალის მონასტერი დღეს „სომხითის“ საზღვრებში მოჰყვა! ზაქათალა კი გადაუციათ ბოლშევიკებს ადერბეიჯანისათვის! აი, ასეთ პოლიტიკას აწარმოებენ დღეს ბოლშევიკები და რასაკვირველია, რომ ამათთან შედარებით მენშევიზმი მხსნელ და მფარველ ანგელოზად მიაჩნდეს ბევრს საქართველოში. თორემ სახელმწიფოს აღმშენებლობა არც მენშევიკებს შეუძლიათ, საამისოდ მათ არც ცოდნა შესწევთ, არც გამოცდილება და არც ხალხი ჰყავთ. „სოციალიზმის“ სენი თუ არ მოიხადა ჩვენმა ერმა, ის ვერ მოიპოებს ფეხქვეშ ნიადაგს, ისევ მონობაში მოჰყვება; ჩვენთვის საჭიროა საღი, გაერთიანებული ეროვნული სოციალ-პოლიტიკური მოღვაწეობა, ყველა ცოცხალ-ძალების ამოძრავება, მიწის საკითხის ნამდვილ საღ ნიადაგზე გადაჭრა-განაწილება (დაიღუპა დიდებულად მოწყობილი ყოფილ მემამულეთა ბაღ-ვენახები-სასახლეები და მეურნეობა, ამათ ვერც მენშევიკები გაუძღვენ და ვერც ბოლშევიკები, ესეც ფაქტია). ქართველი ერი მგონი არასდროს არ ყოფილა ასეთ საბედისწერო მდგომარეობაში, როგორც დღეს! დღეს აღარავინ არის მისი მომვლელ-პატრონი, მისი გულშემატკივარი. წინეთ ეკლესია და სამღვდელოება ყოველთვის მაინც დარაჯად ედგა ქართველი ერის საარსებო ინტერესებს; ეკლესიის უბე-კალთაში აშენდა-აღორძინდა ძველი საქართველო, თავისი სახელოვანი კულტურით, რომლის ნაშთებით დღესაც პატივით გვეპყრობა ევროპა. მეცხრამეტე საუკუნეში კი ჩვენი ეკლესია და მისი სამღვდელოება რუსეთის თვითმპყრობელ სინოდისაგან დამონავებულნი, რუსეთის პოლიტიკის იარაღად ქცეულნი, ასცდნენ თავიანთ პირდაპირს დანიშნულებას, შეჩერდა ქართული ღვთისმეტყველების, ეთიკის, მწიგნობრობის, ხუროთმოძღვრების, გალობის და სხვა ასეთ ხელოვნების დარგთა განვითარების პროცესი; ყოველივე ეს გაიყინა იმ დონეზე და იმ საფეხურზე, რომელზედაც უსწრო რუსეთის ბატონობამ; ეს ბატონობა უქადდა ჩვენს ქვეყანას სრულს დენაციონალიზაციას, გადაშენება-გადაგვარებას, ჩვენი ქვეყნის უცხოელთა მიერ დაჩემებას და დასახლებას. ამ მიზნებისათვის რუსის თვითმპყრობელობამ აამუშავა ჩვენში სინოდალურ ეკლესიის აპპარატი, ხოლო ამ აპპარატის მეთაურნი ჩვენში რუსის ექსარხოსები საოცარი სიბეჯითით და სისტემით უწყობდა თავის მთავრობას ხელს ამიერ კავკასიაში საზოგადოდ და კერძოდ საქართველოში მოკალათების საქმეში.

(გარძელება შემდეგ ნომერში)

მოამზადა გოჩა მირცხულავამ

დატოვეთ კომენტარი