მურმან დუმბაძე: „ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა“

ოპოზიციის აქციებს დასავლეთი ღიად უჭერს მხარს. 17 ნოემბერს, როდესაც რუსთაველზე ოპოზიციამ კარვები გაშალა და ბარიკადები აღმართა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ს საელჩომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც პირდაპირი ტექსტით არის ნათქვამი: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს პატრიარქის საკვირაო ქადაგებისას გაისმა საინტერესო რამე: ილია მეორემ განაცხადა, რომ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. მანვე გაიხსენა ნაპოლეონის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ დიდებულიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.

უჭერს თუ არა მხარს ოპოზიციას პატრიარქი? რას ნიშნავს ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება? რას ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ ხალხის გადაგდებაზე? რა პერსპექტივები აქვს სამომავლოდ ივანიშვილს? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება:

_ ბატონო მურმან, პატრიარქის ქადაგება, სადაც ის ამბობს, რომ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება, ოპოზიციის მხარდაჭერად იქნა აღქმული. თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ამით ილია მეორემ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს დაუჭირა მხარი?
_ პატრიარქმა ქადაგებაში განაცხადა, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ვიღაცა მაღლიდან დაბლა დაეშვას. ამით მან მხარი დაუჭირა იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებმა ქუჩაში გამოიყვანა პროტესტის გამოსახატავად.
პატრიარქი პოლიტიკურ ძალას ანდა რომელიმე სახელსა და გვარს არასდროს ასახელებს. ის ასეთ რამეს არ იკადრებს, მაგრამ ისე ამბობს თავის სათქმელს, რომ გამგებმა უნდა გაიგოს. მისი ქადაგების ტექსტი მიტინგზეც წაიკითხეს. ხალხი ამას ტაშით და ოვაციებით შეხვდა.
_ ელოდებოდით პატრიარქისგან ასეთ მხარდაჭერას? საპატრიარქოს ძალიან ტკბილი ურთიერთობა ჰქონდა მოქმედ ხელისუფლებასთან. თან ამ ინსტიტუტმა დიდი როლი შეიტანა იმაში, რომ 2012 წელს ხელისუფლების სათავეში ივანიშვილი მოსულიყო.
_ სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი, რადგანაც ის პოლიტიკურ განცხადებებს თითქმის არასდროს აკეთებს, მაგრამ მინიშნებები ახასიათებს.
მე გაგახსენებთ 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს არჩევნები დაემთხვა შობის მარხვას და მაშინ პატრიარქმა ასეთი რამე თქვა, _ წიწიბურას ჭამას მოუმატეთ. მაშინ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იყო, რომელსაც ყველა „გრეჩიხას“ ეძახის.
_ ეს ამბავი მართალია? კი დადიოდა ხმები, პატრიარქმა თქვა, მიეძალეთ „გრეჩიხასო“, მაგრამ მე ჭორი მეგონა…
_ მართალია, მართალია. ამით მან რაღაც მინიშნება გააკეთა, ისევე როგორ ახლა. თავის ქადაგებაში მას არ უთქვამს, რომ ვიღაც კარგია და ვიღაც _ ცუდი. უბრალოდ, მიუთითა, რომ ცვლილება აუცილებელია და ამ პროცესს ვერავინ შეუშლის ხელს.
საქართველოში ხელისუფლების სათავეში რვა წელზე მეტი ვერავინ გაძლო. რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, მესამე ვადით ვეღარ მოვა ხელისუფლებაში.
ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, პარლამენტის გარშემო დავდივარ და ნანახით გაოგნებული ვარ. მიტინგი რამდენიმე საათია, რაც დამთავრდა, ღამეა, ცივა, მაგრამ პარლამენტთან უამრავი ადამიანი დარჩა.
მრავალი მიტინგის მონაწილე ვარ და ბევრი თავად მომიწყვია. ზოგი მიტინგი ამაზე ხალხმრავალი ყოფილა, მაგრამ არასდროს მომხდარა ისე, რომ ამდენი ხალხი დარჩენილიყოს კარვებში ღამის გასათენებლად.
ძალიან ბევრი კარავია პარლამენტის გარშემო, ერთგვარი ბარიკადებია აღმართული, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა ძალიან გაუჭირდებათ.
_ თქვენი აზრით, ივანიშვილი ელოდა ასეთ რეაქციას, როცა თავის პარტიასთან ერთად გადაწყვიტა, ქართველი ხალხი გადაეგდო?
_ ასე ვთქვათ, ივანიშვილი წავიდა ვა-ბანკზე. როდესაც ქართველ კაცს სიტყვას მისცემ და მერე გადააგდებ, ამას აუცილებლად მოყვება სათანადო რეაგირება.
ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა: მოიმატა კრიმინალმა, ლარი გაუფასურდა, ყველაფერი გაძვირდა, ხალხს უჭირს, მაგრამ სოციალურ თემაზე გარეთ არავინ გამოსულა. მხოლოდ რამდენიმე პატარა აქცია გაიმართა. სამაგიეროდ, როცა მიცემული სიტყვა დაირღვა, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
ამ სიტყვის გატეხით ივანიშვილმა მოახერხა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ აზრზე დაგვაყენა და ერთ მაგიდასთან დაგვსვა. ასეთი რამე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე არ მომხდარა.
ოპოზიციის ნაწილი კი ერთიანდებოდა ხოლმე, მაგრამ ასეთი დიდი გაერთიანება არასდროს ყოფილა. თან ნახეთ, რა განსხვავებული ძალები ვართ ერთმანეთის გვერდზე. გარდა იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსს განსხვავებულად ვუყურებთ, ბევრ პარტიას ერთმანეთი არ უყვარს. ისინი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ერთად მოუწევდათ ბრძოლა, ივანიშვილის წყალობით ისინი ერთად დადგნენ.
დღეს მთელი ოპოზიცია ხალხთან ერთად ითხოვს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. 2020 წელს რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა, ეს პირობა „ოცნების“ ლიდერმა მარტო საქართველოს არ მისცა. ამის გაკეთებას ის ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც დაჰპირდა. ჩვენც გადაგვაგდო და _ ისინიც.
რესპუბლიკური პარტია იმ პარტიების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც კანონის ჩარჩოებიდან არ გამოდიან. რესპუბლიკელები შედარებით ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ. როდესაც ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი გამოდის და ამბობს, რომ გადამგდები უნდა გადავაგდოთო, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.
მე კარგად ვიცი, თუ რა პროცესები მიდის „ქართული ოცნების“ შიგნით. დეპუტატების ნაწილი, რომელიც ამ პარტიას წარმოადგენს, ამბობს, რომ ან არ უნდა მიგვეცა ხალხისთვის ეს დაპირება, ანდა თუ მივეცით, უნდა შეგვესრულებინაო.
ისინი მართლა განიცდიან იმას, რომ ხალხს დაჰპირდნენ და მერე მათი გადაგდება მოუხდათ.
_ ეს ინფორმაცია სანდოა? მართლა განიცდიან ამას?
_ რა თქმა უნდა, განიცდიან. ბევრ მათგანთან დღემდე მაქვს პირადი კონტაქტი და ვიცი, თუ რამხელა სერიოზული მორალური წნეხის ქვეშ არიან _ ერთი მხრივ, ივანიშვილისგან, მეორე მხრივ, ხალხისგან.
რაც დრო გავა, კიდევ მეტი დეპუტატი გააცნობიერებს, რომ ხალხის გადაგდებით დიდი შეცდომა დაუშვეს. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში რაღაც ცვლილება მოხდება. ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წასვლა. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
ივანიშვილმა ამ გადაგდებით საერთაშორისო თანამეგობრობაც გაანაწყენა. ამერიკელი კონგრესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ პროპორციულის ჩაგდებით საქართველომ დემოკრატიის კუთხით უკან გადადგა ნაბიჯი. იგივეს ამბობენ ევროპარლამენტარებიც.
მიტინგის პირველივე დღეს აშშ-ს საელჩომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.
პოლიტიკაში გუშინ არ მოვსულვარ და ბევრი რამ გამეგება. მერწმუნეთ, ეს არ არის შემთხვევითი განცხადება, ეს ბევრ რამეზე მიუთითებს.
_ ბევრ რამეზე მიუთითებს, მაგრამ ხელისუფლებაზე თუ იმოქმედებს? მათ ხომ მხოლოდ ის აინტერესებთ, რამდენი ადამიანი გამოვა აქციაზე?
_ როცა ხელისუფლება თავების დათვლას იწყებს, მაშინ არის მისი საქმე წასული. საპატრულო პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ 5.500 კაცი იყო შეკრებილიო. სინამდვილეში, ბევრჯერ მეტი ადამიანი იდგა რუსთაველზე. კარგი იქნებოდა, რომ 100.000 კაცი გამოსულუიყო, მაგრამ რაც გამოვიდა, ესეც საკმარისი რაოდენობაა.
ადრე თუ გვიან და მგონია, რომ ეს ადრე იქნება, ივანიშვილს მოუწევს დათმობებზე წასვლა.
_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ ივანიშვილი ვა-ბანკზე წავიდაო და რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება? რისი იმედი ჰქონდა?
_ მე არ ვიცი, რას ფიქრობდა, როდესაც ვა-ბანკზე მიდიოდა. წავიდა და პასუხიც მიიღო. პარლამენტის მერე სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირება მოხდება. პროტესტის ტალღა რეგიონებშიც გადავა. სიტყვის გატეხას ივანიშვილს ხალხი არ აპატიებს.
სახარება გვეუბნება, რომ პირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვაა იგი ღმერთი. საქართველოს მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გატეხა არ შეიძლება.
დავით უსუფაშვილი რადიკალური განცხადებებით არ გამოირჩევა და ისიც კი გამოიყვანა „ოცნებამ“ წყობილებიდან. ეს ადამიანი ახლა პირდაპირ ითხოვს, რომ ივანიშვილი და „ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოსცილდნენ.
უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, ცესკო სულ სხვანაირად დაკომპლექტდეს და ასე უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ოღონდ პროპორციული წესით.
ოპოზიცია იმაზეც თანხმდება, რომ 76 კაცით შესაძლებელია საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანა და ისეთი კანონის მიღება, რომელიც საქართველოში პროპორციული არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.
უკვე მზადდება ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი. ამ კანონის მისაღებად საჭირო 76 დეპუტატი, პრაქტიკულად, უკვე ჰყავს ოპოზიციას.
_ რანაირად ჰყავს ოპოზიციას პარლამენტში 76 კაცი?
_ 60 კაცამდე ჰყავს უკვე ოპოზიციას. საპარლამენტო უმრავლესობა თითქმის დაშლილია და იქიდან 16-20 კაცის დამატება პრობლემა არ უნდა იყოს.
ბიძინა ივანიშვილმა ახლა საქართველოს მოსახლეობასა და დასავლეთს უნდა დაუმტკიცოს, რომ მას ნამდვილად უნდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის და მისი გუნდი რევოლუციური გზით ჩამოსცილდებიან ხელისუფლებას, რაც კარგი ამბავი არაა, მაგრამ სხვა გამოსავალი ხალხს, უბრალოდ, არ რჩება. რევოლუციურ გზაში მე სადმე შევარდნას არ ვგულისხმობ. ქუჩის პროტესტის შედეგად ბევრგან გადამდგარა ხელისუფლება და ეს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მომხდარა.
ჩვენც იგივეს გავაკეთებთ, იქნება პროტესტი, მაგრამ მშვიდობიანი. ქუჩიდან ორჯერ უკვე შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და ორივეჯერ ეს უსისხლოდ მოხდა.
_ ერთხელ ამას დიდი სისხლისღვრა მოყვა.
_ მაშინ საქართველოს ახალი გამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა. ეს მწარე გამოცდილება რომ გვაქვს, მაგიტომაც შემდეგი ცვლილებები მშვიდობიანად განხორციელდა.
2004 წლის 6 მაისს ყოველგვარი ძალადობისა და იარაღის გარეშე შევცვალეთ ასლან აბაშიძე. რამდენიმე ათასი კაცი გამოვედით ბათუმის ქუჩებში. რამდენიმე დღე აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ასლან აბაშიძეს დაეტოვებინა თანამდებობა და მოსკოვში გაქცეულიყო.
ასეთი რამე მოხდა 2003 წლის ნოემბერშიც. ჯერ კიდევ 22 ნოემბერს ვერავინ იტყოდა, რომ ედუარდ შევარდნაძე თანამდებობას დატოვებდა, მაგრამ 23 ნოემბერს ის გადადგა.
ხალხს დიდი ძალა აქვს _ ჩვენც და ბიძინა ივანიშვილიც სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ის ელოდება ამ სიურპრიზებს და ამიტომაც ბორგავს.
_ რას ნიშნავს, ბორგავს?
_ მას ღამეები არ სძინავს, ბორგავს და გამოსავალს ეძებს. მას მარტივი არჩევანი არ აქვს გასაკეთებელი. სრულიად მესმის მისი. ამიტომ ერთ რჩევას მივცემ _ ჩათრევას ჩაყოლა სჯობს. ჩაყოლა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება მისთვის, ვიდრე ჩათრევა.
თუ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, „ოცნებას“ შანსი აქვს, მცირე დოზით მოხვდეს პარლამენტში.
ახლავე ვამბობ, რომ როდესაც ხელისუფლებას შევცვლით, „ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები მტრებად არ უნდა განვიხილოთ, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ დანარჩენს არანაირი პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება გააჩერა. ეს არის სამწუხარო რეალობა.
ახლა ყველაფერი ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, ახლა მან უნდა გააკეთოს არჩევანი.
_ ასეთ კრიტიკულ მომენტებში ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს, თუ ვინმეს ეკითხება რჩევას?
_ ალბათ, იმ სახელმწიფოსგან მიიღებს რჩევას, რომელიც მას ყველაზე დიდ პარტნიორად მიაჩნია. მგონია, რომ უნდა მიხვდეს, რა დღეში ჩაიგდო თავი. მთელი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მოთხოვნის, ერთი ულტიმატუმის ირგვლივ გააერთიანა.
იუსტიციის სამინისტროში რაც კი პარტიაა დარეგისტრირებული, დღეს ყველა რუსთაველზე დგას. კიდევ გავიმეორებ: ეს არაა პატარა ამბავი, ერთად დადგეს ის ხალხი, ვინც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანს.
_ თავისი გუნდის წევრები თუ უბედავენ მას იმის თქმას, რომ არასწორად მოიქცა?
_ დარწმუნებული ვარ, ეუბნებიან. სოფო ქაცარავამ პროტესტის ნიშნად დეპუტატის მანდატზეც კი უარი თქვა. ეს ცოტას არ ნიშნავს.
პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა პარლამენტის ორმა ვიცე-სპიკერმა _ თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმაც. ეს არ არის მარტივი ამბავი. არც ის არის მარტივი, რომ 12 დეპუტატი ერთბაშად ტოვებს უმრავლესობას.
ეს მიუთითებს, რომ საპარლამენტო ხელისუფლებაში დაშლის პროცესი დაიწყო, რაც ავტომატურად გადაედება საქართველოს მთავრობასაც. შემდეგ ეს გადავა თვითმმართველობებზე. რეგიონებშიც დაიწყება ხელისუფლების რღვევა.
სხვა პერსპექტივა არ არის. ახლა ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, რა გზას დაადგება _ კონფრონტაციას თუ აირჩევს, ამით საკუთარ იმიჯს კიდევ უფრო დააზარალებს. მისი იმიჯი ისედაც დაზიანებულია. აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება ამაზე მიუთითებს.
დასავლეთი ღიად აცხადებს, რომ ხალხი და ოპოზიცია მართალია. დარწმუნებული ვარ, დასავლეთიდან კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა გვექნება. ივანიშვილი მათაც დაჰპირდა, რომ საქართველო პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. დასავლეთი პირდაპირ ამბობს, რომ ამ საკითხის ჩაგდება დემოკრატიაში უკან გადადგმული ნაბიჯია.
კარვების გაშლასა და დეპუტატებისთვის ხელის შეშლაზე დასავლეთი ტაშს არ დაგვიკრავს, მაგრამ რაც თქვეს, ეს უკვე საკმარისია დასკვნების გამოსატანად. ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე იზოლირებულია საგარეო კუთხით.
_ ასე სერიოზულად არის საქმე?
_ იმაზე უფრო მძიმედ არის ივანიშვილის საქმე, ვიდრე ეს ვინმეს ჰგონია. ასეთ მძიმე დღეში ის ჯერ არ ყოფილა. მან საგარეო მხარდაჭერა მთლიანად დაკარგა. ჩათვალეთ, რომ მას დასავლეთი მხარს აღარ დაუჭერს. დასავლეთი ასეთ რამეს არ პატიობს. დასავლეთს არ უყვარს, როცა დემოკრატიაში უკუსვლაა.
ქართველი ხალხი გაჭირვებას აიტანს, მაგრამ სიტყვის გატეხას არავის პატიობს.
დღეს ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია შესული და აქედან გამოსვლა მხოლოდ პროპორციული არჩევნების გზით შეიძლება.
სულ ოპოზიციაში ვარ. მიბრძოლია შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის წინააღმდეგ, მიბრძოლია სააკაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ასეთი რამ არ მახსოვს, რომ რომელიმე მათგანს ცხადზე ცხადი დაპირება უკან წაეღოს და ხალხი გადაეგდოს. ეს წარმოუდგენელი შოკი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის.
_ არანაკლები შოკი იყო ივანიშვილის ის წერილი, რომელიც საკითხის ჩაგდებიდან ორ საათში გამოქვეყნდა. არის ვარაუდი, რომ ეს წერილი წინა დღეს დაიწერა და მან მაშინვე იცოდა, თუ რა მოხდებოდა კენჭისყრაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ ეს წერილიც დიდი შოკი იყო. ასევე შოკი იყო ამ საკითხის ჩაგდების ოპოზიციისთვის დაბრალება. ასევე შოკი იყო თარიღების არევა. გვიმტკიცებენ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ოპოზიციამ, თურმე, 2017 წელს არ დაუჭირა მხარი.
ბიძინა ივანიშვილის წერილი საგულდაგულოდ წავიკითხე და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ორ საათში ამხელა წერილის დაწერა შეუძლებელია.
აბსოლუტურად ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს წერილი წინასწარ დაიწერა. აშკარაა, რომ ეს ადამიანი ჯიუტობს. ეტყობა, ის არ იცის, რომ ვინც ძალიან ჯიუტობს, ის ბოლოს ყველაფერს აგებს. დავუშვათ, მართლა აუბუნტდნენ მას მაჟორიტარები და ჩაუგდეს ის საკითხი, რომლის შესრულების პირობაც მსოფლიოს გასაგონად დადო. ასეთ შემთხვევაში მას უნდა დაეტოვებინა გუნდი.
ის უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ვეღარ აკონტროლებს გუნდს, ის აღარ არის პარტიის ლიდერი და მიდის „ქართული ოცნებიდან“.
საინტერესოა ის ამბავიც, რომ გუნდიდან ის ხალხი წავიდა, ვინც მხარი დაუჭირა „ოცნების“ ინიციატივას. ხოლო ვინც ეს საკითხი ჩააგდო და იდეაში ივანიშვილის წინააღმდეგი წავიდა, „ქართულ ოცნებაში“ დარჩა.
ეს მიუთითებს, რომ სპექტაკლი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით დაიდგა. ეს უკანასკნელი ვა-ბანკზე წავიდა და ამას აუცილებლად ინანებს. არც დასავლეთი და არც ჩვენი საზოგადოება ამ გადაგდებას რეაგირების გარეშე არ დატოვებს.
საქართველოში აუცილებლად შეიცვლება სიტუაცია. არჩევნები ჩატარდება ვადამდე და ეს პროპორციული წესით მოხდება. ხალხის წინააღმდეგ წასვლა არც ერთ ხელისუფალს არ შერჩენია. „ოცნებაც“ აგებს ამაზე პასუხს.

შორენა მარსაგიშვილი