ჯონდი ბაღათურია: „ქართული ოცნების“ უკანასკნელი თავშესაფარი არის მიშა სააკაშვილი“

„ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია, წლების წინათ სხვებთან ერთად ითხოვდა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. აქციებშიც ხშირად მიუღია მონაწილეობა და ხელისუფლების გადადგომაც მოუთხოვია. ახლაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არჩევნები კი პროპორციული წესით ჩატარდეს. ამის მიუხედავად, ის ოპოზიციის გვერდით არ დადგება.
არ დადგება იმიტომ, რომ ამ ერთობაში „ნაციონალები“ არიან. მათგან ბაღათურიას ბევრი ცუდი ახსოვს. სააკაშვილის მმართველობის დროს დაიჭირეს მისი მამა, ძმა, ცოლისძმა.

რა ფორმით უნდა იბრძოდეს ოპოზიცია „ოცნების“ წინააღმდეგ? როგორ იცავენ და აცოცხლებენ ერთმანეთს „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“? რატომ უნდა წავიდეს ორივე ძალა პოლიტიკიდან? რას ვერ პატიობს ყოფილ ხელისუფლებას? აპირებს თუ არა ლევან ვასაძესთან ალიანსში შესვლას? _ ამ თემებზე ჯონდი ბაღათურია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ ჯონდი, თქვენ ყოველთვის იქ იდექით, სადაც ოპოზიცია აქციებს მართავდა; ითხოვდით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო და როცა ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, თქვენ მათთან ერთად ბრძოლაზე უარი თქვით. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ გაერთიანებაში ყოფილი ხელისუფლებაა?
_ მე „ნაციონალების“ გვერდით ვერ დავჯდები და არა იმიტომ, რომ მათი მმართველობის დროს ჩემმა ოჯახმა ბევრი უბედურება გადაიტანა. მე შემეძლო, ჩემი პირადი დამოკიდებულება გვერდზე გადამედო და დავმდგარიყავი იქ, სადაც ახლა ოპოზიციის ნაწილი დგას. შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე და საამისოდ რამდენიმე სერიოზული მიზეზი მაქვს.
_ რა მიზეზები გაქვთ?
_ პირველი ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ აქციას არ აქვს საზოგადოების კონსოლიდაციის დიდი პერსპექტივა.
მეორე მიზეზი ასეთია: ვთქვათ, შევცდი და მოხერხდა საზოგადოების კონსოლიდაცია, სააკაშვილი ამას მხოლოდ თავისთვის გამოიყენებს და ოპოზიციის გადაგდებას შეეცდება.
პეტრო პოროშენკოს თავისი ქვეყნის მოღალატედ და ნაძირალად მივიჩნევ. ასეთი კორუმპირებული მმართველი უკრაინას არ ჰყოლია. სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა იმისთვის, რომ მის გვერდით დამდგარიყო. მისი მგზნებარე დამცველი იყო, მაგრამ შემდეგ მას დაუპირისპირდა.
ვერავინ დამაჯერებს, რომ ის ამ ოპოზიციურ სპექტრს სათავისოდ არ გამოიყენებს. მე არ მინდა, რომ მისი თამაში ვითამაშო და მერე სხვებთან ერთად მეც გადაგდებული აღმოვჩნდე.
მესამე და ყველაზე მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ ვარ მათ გვერდით, არის ის, რომ ერთ მაგიდასთან სხედან ქვეყნისა თუ ეკლესიის მტრები, პროსტიტუციისა თუ ჰომოსექსუალიზმის ლობისტები და ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მთავარი სამშობლო და უფალია.
გულწრფელად მითხარით, არ გაგეცინებოდათ, „ნაციონალებთან“ და მათ გამონაყოფ ბოკერიას გუნდთან ერთად რომ დაგენახეთ? ამაზე ბევრს იცინებდით.
_ „ნაციონალებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად რომ მენახეთ, არ გამეცინებოდა, მაგრამ „გირჩთან“ ერთად რომ დამენახეთ, მაგრად ვიცინებდი.
_ დიდი განსხვავება მათ შორის არ არის. როდესაც ოპოზიციამ ერთ მაგიდასთან დაჯდომა გადაწყვიტა, კოლეგები მეც დამიკავშირდნენ. ჩემმა ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ მიშას მეც ვერ ვიტან, მაგრამ ახლა უნდა გავერთიანდეთ, რადგან კონფრონტაციის დრო არ არისო.
მიმაჩნია, რომ კონფრონტაციის დრო მართლა არ არის და არც ვაპირებ ოპოზიციასთან კონფრონტაციაში შესვლას, მაგრამ იმ მაგიდასთან ვერ დავჯდები, სადაც სააკაშვილის პარტია ზის.
ოპოზიციის გაერთიანება და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა ფორმითაც შეიძლებოდა.
_ სხვანაირად როგორ?
_ ეს ძალები ორ ბანაკად უნდა გაერთიანებულიყო. ერთ ბანაკში ისინი უნდა ყოფილიყვნენ, ვინც თავს ლიბერალებს უწოდებს და მეორე ბანაკში ვყოფილიყავით ისინი, ვისაც მიგვაჩნია, რომ ქვეყანა და ღმერთი გვიყვარს. მე შევთავაზე ჩემს კოლეგებს ეს ვარიანტი, მაგრამ არ გაითვალისწინეს.
ემოციური ვარ, მაგრამ რადიკალიზმის წინააღმდეგ გამოვდივარ. უკიდურესი რადიკალიზმი ინტელექტის დეფიციტზე მიუთითებს. ჩემთვის უკიდურესი ლიბერალებიც მიუღებელია და უკიდურესი კონსერვატორებიც. მე არც ერთი არ მომწონს, მაგრამ მათ ერთმანეთი უყვართ, ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ.
ეს ზოგჯერ შეგნებულად ხდება, ზოგჯერ _ შეუგნებლად, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთით სულდგმულობენ. ფულსაც ამ რადიკალიზმით შოულობენ და მედიის ყურადღებასაც ამით იქცევენ.
აბა, დააკვირდით, როგორც კი რადიკალური ლიბერალები გამოჩნდებიან სადმე, იქვე არიან უკიდურესი კონსერვატორები. პირიქითაც ხდება ეგ ამბავი.
ამიტომ ვამბობ, რომ ცალკე ყოფილიყვნენ ლიბერალები და შეეკრიბათ თავიანთი ელექტორატი. კონსერვატიულად განწყობილებს ჩვენი ელექტორატი უნდა შეგვეკრიბა.
საქართველოს ნამდვილად აქვს განვითარების პერსპექტივა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ გავიყვანთ პოლიტიკური ველიდან.
ვისაც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ დღეს ჩამოყალიბებული ოპოზიციური ერთობა დამაჯერებლად არ გამოიყურება.
არ მესმის, როგორ უნდა დადგნენ ერთმანეთის გვერდით ის ძალები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს მოღალატეებს ეძახდნენ. თუ გუშინ მოღალატედ თვლიდი, დღეს მის გვერდით რატომ დადექი? სირცხვილია ასეთი საქციელი.
საარჩევნო სისტემის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა ყველასთან ერთად დაჯდეს. საქართველოს მტერი თუ შემოესია, მხოლოდ ამ შემთხვევაშია გამართლებული ყველა პოლიტიკური ძალის ერთად დადგომა. დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლა თუ მოგვიწევს, მაშინ ვალდებულები ვართ, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ.
საზოგადოების ნაწილი ასე ფიქრობს და მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. იმ ცნობილმა ფოტომ, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა გადაიღეს და რომელიც სოციალურ ქსელში ტრიალებს, საზოგადოება ნიჰილიზმში ჩააგდო. იქ ისეთი ხალხი დგას ერთმანეთის გვერდით, რომ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა ადამიანი.
ჩემს მეგობარ ოპოზიციონერებსაც ვუთხარი და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ ამ ერთობით ვერც ოპოზიცია და ვერც ხალხი ვერ იხეირებს. ამით მხოლოდ მიშა და ბიძინა ისარგებლებენ.
_ მიშა და ბიძინა როგორ ისარგებლებენ?
_ მიშა ყველას აჩვენებს, რომ აი, ეს უპრინციპო და უშუბლისძარღვო ხალხი მიპირისპირდებოდა მე, ადრე მაგინებდნენ და ახლა ჩემთან ერთად არიანო. მეორე მხრივ, ბიძინა იტყვის, აი, ნახეთ, ვინ მყავს მე ოპოზიციაში, ის ხალხია, რომელიც ჯერ სააკაშვილს აგინებდა და ახლა მის გვერდით დგასო.
ამიტომ არის ეს პროცესი განწირული. მე ვარ პოლიტიკოსი და ჩემი გადაწყვეტილებაც პოლიტიკურია. მიუხედავად ამისა, თავს უფლებას არ მივცემ, რომ ოპოზიცია ვაკრიტიკო. იქ ჩემი ბევრი მეგობარია და ამის გარდა მიმაჩნია, რომ დღეს კონფრონტაციის დრო არ არის.
_ ამ ერთობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ არ ყოფილიყვნენ, ნამდვილად დადგებოდით მათ გვერდით?
_ რა თქმა უნდა, დავდგებოდი. შეიძლება, ერთ-ერთი პირველი მე დავმჯდარიყავი იმ მაგიდასთან. ოპოზიციას ნამდვილად აქვს შეკრებისა და პროტესტის მიზეზი. ბიძინა ივანიშვილიც კი იმას ამბობს, რასაც ისინი ამბობენ.
_ მხედველობაში რა გაქვთ, იმას რომ ამბობს, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყოო?
_ მაგას ვგულისხმობ. ივანიშვილიც აღიარებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო საჭირო. ეს პოლიტიკურ ძალებს თანაბარ შანსს მისცემდა. ხელს შეუწყობდა პარტიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.
_ თქვენ გჯერათ, რომ ივანიშვილი მართლა ასე ფიქრობს?
_ მჯერა, არ მჯერა ეს სხვა საქმეა. ყველამ ნახა, რომ ამ ინიციატივით ივანიშვილი გამოვიდა. თან პროცესი საერთაშორისო დონეზე გააპიარეს და რით დამთავრდა ეს ყველაფერი? ოპოზიცია და ხალხი გადააგდეს. გადაგდებასაც გადაგდება ჰქვია. ეს იყო გრანდიოზული გადაგდება, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია.
ასევე პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის მიშას დავიწყება. მიშას რომ ვამბობ, აქ კონკრეტულად სააკაშვილს არ ვგულისხმობ. მხედველობაში მისი ცხრაწლიანი მმართველობა მაქვს, რომლის დროსაც ბევრი გადაცდომა და დანაშაული ვნახეთ.
კარგად გახსოვთ, 2012 წლის თებერვალში სააკაშვილი პარლამენტში რომ იყო მოსული. გახსოვთ ისიც, რა ვუთხარი მაშინ მას სხდომაზე. იმდენად გამოვიდა წყობილებიდან, რომ გარეთ გავარდა. და ახლა მის გვერდით რომ დავდგე, ეს ჩემი მხრიდან გადაფურთხებულის ალოკვა იქნება. მე კაცი ვარ და ამის გაკეთება არ მინდა.
დამეთანხმებით, რომ უცენზურო სიტყვების გამოყენება არ მიყვარს და შეფასებებსაც ფრთხილს ვაკეთებ. ჩემი მეგობარი ოპოზიციონერები სააკაშვილის ძალას ათას საშინელებას ეძახდნენ, ისინი კი ამათ მიმართ ათასნაირ ტალახსა და სიბინძურეს ისროდნენ. ახლა ერთად დგანან, არაფერი წმინდა არ არსებობს ამ ქვეყანაზე? ვიღაცის ხომ უნდა დაიჯეროს ხალხმა? ასე არ შეიძლება.
_ თქვენ კი არ მოგწონთ ეს ამბავი, მაგრამ ეს არაა გასაკვირი. დიდ ხალხს აქვს ნათქვამი, პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენო.
_ პოლიტიკოსი კი ვარ, მაგრამ მაგ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ჩემთვის მორალური მომენტები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. არის რაღაც წითელი ხაზები, რომლებიც პოლიტიკაშიც შემოდის. შესაძლოა, პოლიტიკურად და პრაგმატულად მოსულა ამის გაკეთება, მაგრამ მე ამ წითელ ხაზებს არ გადავკვეთ.
_ თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ამის გამო წაგებული ხომ არ დარჩებით?
_ შეიძლება, წავაგო, მაგრამ მირჩევნია, ასე მოხდეს, ვიდრე ის წითელი ხაზები გადავკვეთო. თუმცა დარწმუნებული ვარ, წაგებული არ დავრჩები და გეტყვით, რატომაც:
ზემოთ გითხარით, რომ ამ ერთობას მიშასთან ერთად პერსპექტივა არ აქვს. ხალხს მიშა არ დავიწყებია, მის მიერ დაშვებული შეცდომებიც კარგად ახსოვს და _ ჩადენილი დანაშაულებიც. მიშაში ამ შემთხვევაშიც „ნაციონალურ“ რეჟმს ვგულისხმობ.
ხალხს ეს ძალა ახსოვს, სძულს და ეშინია მისი დაბრუნების. ბიძინა ივანიშვილი კი ამით საზრდოობს. მიშა „ქართული ოცნების“ ფარია. სააკაშვილი რომ გაქრეს პოლიტიკიდან, „ქართული ოცნება“ ვეღარ ისაზრდოებს და გაქრება.
გაიხსენეთ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 100%-ით წაგებული ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. სიტუაცია რით შემოაბრუნეს? ხალხს უთხრეს, რომ მიშას დაბრუნების საფრთხე იყო. ამან გაჭრა.
ამასთან დაკავშირებით ერთ ოჯახურ საიდუმლოსაც გავამხელ. პირველ ტურში ყველას მოვუწოდებდი, რომ არჩევნებზე წასულიყვნენ. მიმაჩნდა რომ სირცხვილი იყო როგორც „ნაციონალების“ კანდიდატის, ასევე „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერა.
მეორე ტურშიც იგივეს ვამბობდი. ვამბობდი იმასაც, სირცხვილია იმის დაჯერება, რომ თუ „ოცნებას“ არ ავირჩევდით, მიშა დაბრუნდებოდა.
მეორე ტურში ბევრის დარწმუნება უკვე ვეღარ შევძელი, მათ შორის, საკუთარი დედაც ვერ დავარწმუნე. ის წავიდა და ჩუმად მისცა ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს. ჩემთვის მას ეს არ უთქვამს, ამბავი ჩემმა ძმამ გახეთქა.
დედას ვკითხე, _ ასე რატომ მოიქეცი-მეთქი. მითხრა, _ დედიკო, შენ გამო შემეშინდა, ეგ რომ დაბრუნდეს, შურს იძიებსო.
საკუთარი დედა ვერ დავარწმუნე, რომ „ოცნებას“ თუ არ ავირჩევდით, მიშა არ დაბრუნდებოდა. ეს ფორმულა ხალხში კარგად მუშაობს. ეს ამბავიც ამიტომ გავიხსენე.
მინდა, ხალხმა კარგად გააცნობიეროს, რომ „ქართული ოცნების“ უკანასკნელი თავშესაფარი არის მიშა სააკაშვილი, ის შიში და ზიზღი, რასაც მის მიმართ საზოგადოების ნაწილი გრძნობს.
არ არის სავალდებულო, „ოცნება“ და „ნაციონალები“ ერთმანეთს შეხვდნენ და რაღაცებზე მოითათბირონ. ისინი ამის გარეშეც კარგად ასაზრდოებენ ერთმანეთს.
„ოცნება“ დაუფარავად გვეუბნება, სამართლიანობა არ აღვადგინე, კომუნალური გადასახადები გავაძვირე, ლარი გავაუფასურე, საწვავი გავაძვირე, წამლისა და საკვები პროდუქტების ფასები გავზარდე, მაგრამ მიშა გახსოვთ? ხალხს ახსოვს და ამიტომ იტანს ამ ყველაფერს.
მმართველ პარტიასაც აღარ სჭირდება ჭკუის განძრევა იმისთვის, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი და საინტერესო შესთავაზოს.
_ არც „ნაცებთან“ და არც „ქოცებთან“ რომ არ იქნებით, გავიგეთ, მაგრამ ვისთან იქნება ჯონდი ბაღათურია? ლევან ვასაძესთან ხომ არა? თქვენ, რატომღაც, მის გუნდში მოიაზრებით.
_ რატომ მოვიაზრები ლევან ვასაძის გუნდში, რაკი არც „ნაცები“ მინდა და არც „ქოცები“? ლევან ვასაძის გუნდში რანაირად მოვიაზრები, არ მესმის, ამ ადამიანს არც კი ვიცნობ. ის მხოლოდ სამჯერ მყავს ნანახი.
_ სად გყავთ ნანახი?
_ ერთხელ სადღაც შევხვდით და მივესალმეთ ერთმანეთს. მე გამარჯობას უცნობ ხალხსაც ვეუბნები, ამიტომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.
მეორედ ვასაძე ჩემ მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მოვიდა. მესამედაც სადღაც შევხვდი, ეს იყო და ეს.
_ თქვენ მიერ ორგანიზებულ მიტინგზე თუ მოვიდა, ეს უკვე სერიოზული საბაბია იმის სათქმელად, რომ შეიძლება ერთად გიხილოთ.
_ მე ასე არ მიმაჩნია. იმ აქციაზე, სადაც ვასაძე მოვიდა, სხვებიც მოვიდნენ და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ჩემი თანამოაზრეა?
გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცნობ ლევან ვასაძეს და არც მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ვიცი რამე. ისიც არ ვიცი, აპირებს თუ არა ეგ ადამიანი საერთოდ პოლიტიკურ აქტიურობას.
_ თავად ამბობს, რომ აპირებს.
_ ეს მისი საქმეა. ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში მოვიდეს. მასთან მე არანაირი საერთო არ მაქვს. გიმეორებთ, სულ სამჯერ შევხვდით ერთმანეთს.
რაღაც საკითხებში ჩვენი პოზიციები ემთხვევა, შეიძლება ამიტომ გავრცელდა ის ინფორმაცია, რომ მე მისი გუნდის წევრი გავხდებოდი.
_ რაღაცებში თქვენი პოზიციები მართლაც ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ზემოთ აღნიშნეთ, რომ თქვენთვის რადიკალიზმი მიუღებელია. ვასაძის ფრთა კი რადიკალიზმით გამოირჩევა.
_ ეს მისი არჩევანია და ისიც ვთქვათ, თუ რას აპროტესტებს ის რადიკალური ფორმით. ის მიიჩნევს, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს თავისი ცხოვრების წესი ძალადობრივი გზით არ უნდა მოახვიოს თავზე. ამაში მეც ვეთანხმები.
მიმაჩნია, რომ ყველანი საკუთარ კანში უნდა დავეტიოთ და ჩვენი ცხოვრების წესი თავს არავის მოვახვიოთ. ეს ქვეყანა ყველას გვეკუთვნის და ყველას გვაქვს აქ ცხოვრების უფლება. ასევე გვაქვს უფლება, რაც გვინდა ის ვაკეთოთ. ოღონდ ეს სხვებისთვის თავზე მოხვევის ხარჯზე არ უნდა გავაკეთოთ.
კაცების, ქალებისა და სხვების მიერ მარშებისა და პარადების ჩატარება მიუღებელი და გამაღიზიანებელია. საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სხვა რამითაც შეიძლება.
ჩემთვის ასევე მიუღებელია, როცა ადამიანებს უგინებენ იმას, რაც მისთვის წმინდაა და ძვირფასია. ასეთი რამე არც ქრისტიანს უნდა შეუგინო, არც მუსლიმს, არც სექტანტს.
შენ შენი ცხოვრებით იცხოვრე და თუ ვინმეს შენს რწმენაზე გადმობირება გინდა, ეს შენი კარგი ცხოვრებით გააკეთე. გახდი მისაბაძი და გადმოვა ვიღაც შენს მხარეს. თუ გინდა ეს ცუდი კაცობით ქენი, ეს შენი არჩევანია. ოღონდ როგორც კი ძალადობაზე გადადიხარ, უნდა გახსოვდეს, რომ ამას უკუქმედების ძალა ექნება.
არაერთხელ ყოფილა მცდელობა, რომ ამ მგრძნობიარე თემაზე ნორმალური დიალოგი გამართულიყო. ამ დროს ორივე მხრიდან გამოხტებიან უშუბლისძარღვო ადამიანები და რადიკალიზმზე გადადიან. მედიის ყურადღებაც მათზე გადადის.
გადაიღებენ რადიკალების კადრებს და ამით ეროვნულობის დისკრედიტაცია ხდება. არადა, ეროვნულ პოზიციასაც ხომ აქვს ამ ქვეყანაში არსებობის უფლება?
იგივე ხდება ლიბერალების შემთხვევაში. ზომიერ ლიბერალებს არავინ არაფერს ეკითხება, რადიკალ ლიბერალებს კი ეთერიდან ეთერში დაატარებენ და არის ერთი ამბავი.
ერთი მხრივ, რადიკალების ყურადღება ხალხის ყურადღებას იპყრობს და მეორე მხრივ, იზიდავს ფულს. პრობლემა თუ არაა, მაშინ არც გრანტია. ამიტომ უნდა შექმნა პრობლემა.
ეს პრობლემა ხშირად ეროვნულის დისკრედიტაციის ხარჯზე იქმნება. იპოვიან ვიღაც უგუნურს, რომელიც იტყვის, ლიბერალი უნდა გავატყაო, ჩამოვკიდოო და ა. შ. და იწყება მთელი ამბავი.
_ ვასაძიდან სხვა თემებზე გადავედით და ისევ პოლიტიკასა და თქვენს გეგმებს დავუბრუნდეთ. რას აპირებთ მომავალში?
_ მე პოლიტიკაში ვრჩები და ვაგრძელებ ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. შევეცდები, ჩემს მეგობრებთან ერთად ამ საზოგადოებას დავუმტკიცო, რომ ამ ქვეყანას მხოლოდ მაშინ ეშველება, თუ „ნაცობას“ და „ოცნებას“ მოვიშორებთ.
ისე არავინ გაიგოს, რომ მოშორებაში მათ დახოცვას ან ქვეყნიდან გაძევებას ვგულისხმობ. ეს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს, პოლიტიკური ველიდან უნდა გავიყვანოთ.
როგორც კი მათ მოვიშორებთ, ამ ქვეყანას ნამდვილად გაუჩნდება პერსპექტივა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ ველზე დარჩებიან, ქვეყანას განვითარების შანსი არ აქვს.
ამიტომ ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ არც „ნაცების“ თამაში უნდა ვითამაშოთ და არც _ „ოცნების“. ჩვენი მიზანი ქვეყნის განვითარება უნდა იყოს. ახლა რაც ხდება, ეს ამ ორი ძალის წისქვილზე ასხამს წყალს.

შორენა მარსაგიშვილი