ნიკა ჩიტაძე: „ივანიშვილი ძირს უთხრის საკუთარ თავსაც და „ქართულ ოცნებასაც“

საკანონმდებლო ორგანომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ კი „ქართული ოცნების“ რიგები 7 დეპუტატმა დატოვა, უმრავლესობა დატოვეს კონსერვატორული პარტიის წევრებმაც.
და სრულიად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა და პოლიტიკურმა პროცესებმა საკანონმდებლო ორგანოდან ქუჩაში გადაინაცვლა…

რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე ვდგავართ? იყო თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდება ივანიშვილის მორიგი ტრიუკი და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოვლენები 2003 წლის სცენარით განვითარდეს?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:

_ როგორ ფიქრობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნა არის თუ არა ივანიშვილის მორიგი ტრიუკი?
_ სავარაუდოდ, ეს არის ივანიშვილის მორიგი ტრიუკი. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში უძალიანდებოდა როგორც ოპოზიციის, ასევე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების მოთხოვნას, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო და თანხმდებოდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2024 წლიდან. თუმცა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, რაც აქციები დაიწყო და ერთ-ერთი მოთხოვნა იყო 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თითქოს ხელისუფლება მალევე დასთანხმდა ამ მოთხოვნას. თქვენ გახსოვთ, რომ ვიწინასწარმეტყველე, არ არის გამორიცხული, ხელისუფლება აღნიშნულს სპეციალურად აკეთებდეს, რომ თითქოს დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნა, თუმცა ივანიშვილის განცხადება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ არის საკმარისი, რადგან საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც დეპუტატების არა ნახევარზე მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, არამედ 2/3-მა. ასევე ვთქვი ისიც, რომ შემოდგომაზე პროცესები თავდაპირველად გადაინაცვლებდა პარლამენტში, ახლა კი ვხედავთ, რომ პროცესებმა პარლამენტიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა. პრინციპში, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. თქვენთან ინტერვიუში განვაცხადე კიდეც, _ არის შესაძლებლობა, რომ „ქართული ოცნების“, განსაკუთრებით კი მაჟორიტარი დეპუტატები, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერაზე უარს განაცხადებდნენ და აქედან გამომდინარე, კანონპროექტი ჩავარდებოდა. იურიდიულად ვერ მოედავებოდი, „ქართული ოცნება“ თავს გაიმართლებდა, იტყოდა, რომ პარტია დემოკრატიულია და ყველა თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს, მათ შორის, ამა თუ იმ კანონპროექტის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ მისცეს ხმა, აქამდე საერთოდ არ აქტიურობდნენ პარლამენტში და არანაირი საკანონმდებლო ინიციატივა მათ უმრავლესობას არ წარუდგენია; გარდა ამისა, ვიცით, როგორ შეუწყო ხელი „ქართულმა ოცნებამ“ მათ პარლამენტში გაყვანას, _ უმრავლესობამ მეორე ტურში მოიპოვა ე. წ. გამარჯვება, ამიტომ დავალებული იყვნენ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინაშე. თუ აქამდე ისინი ივანიშვილისა და „ოცნების“ ნება-სურვილის ამსრულებლები იყვნენ, რატომღაც, უცებ პროპორიცულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიჩინეს პრინციპულობა, რაც ასევე ეჭვს იწვევს. რამდენიმე პარლამენტარი და, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარი ის კი არ არის, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, არამედ მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა მმართველ პოლიტიკურ პარტიას მხარდაჭერა. ვინც ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაშია“ ისინი აცხადებენ, რომ ამერიკაშია წმინდა მაჟორიტარული სისტემა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას არათუ ამერიკაში, არამედ დიდ ბრიტანეთშიც არსებობს წმინდა მაჟორიტარული სისტემა, ამ შემთხვევაში ეს სისტემები მუშაობს იმიტომ, რომ ამ ქვეყნებში არსებობს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, ხელისუფლება იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ამიტომ არის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც 2016 წელს პროპორციული სისტემით ხმების 48% მიიღო, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს იმის გამო, რომ 73-ე საარჩევნო ოლქში მათ თავიანთი კანდიდატები გაიყვანეს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ მოაგებინეს არჩევნები.
_ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ჩავარდა, ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი მალევე გამოქვეყნდა. რა გაიგეთ თქვენ ამ წერილიდან? რამდენად დამაჯერებელი იყო „ქართული ოცნების“ ლიდერი?
_ დიდი ალბათობით, აღნიშნული წერილი წინასწარ იყო გამზადებული, რადგან მალევე გამოქვეყნდა და მოცულობით საკმაოდ ვრცელი იყო. ივანიშვილს უნდა აეხსნა: რატომ ხდებოდა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივებს, კანონპროექტის მიღება იქნებოდა ეს თუ რეზოლუციების მიღება, მაჟორიტარებს შორის არასდროს ჰყავდა მოწინააღმდეგე? _ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მორიგი ყრილობის პროცედურების მსგავსად ყველა ერთხმად იწევდა ხოლმე ხელს, უცებ რატომ გამოიჩინეს ასეთი პრინციპულობა მაინცდამაინც იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა? ივანიშვილს სურს, რომ თავისი თამაში გაათამაშოს და ამ შემთხვევაში უნდა, რომ „განტევების ვაცად“ მაჟორიტარები წარმოადგინოს. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე ასეთ „განტევების ვაცად“ წარმოადგინა: კვირიკაშვილი, რომელმაც თურმე ვერ შეძლო ეკონომიკის განვითარება, შემდეგ ღარიბაშვილი, ბახტაძე, ანუ, საბოლოო ჯამში, ყველას ყველაფერი ბრალდება ივანიშვილის გარდა. ამ შემთხვევაში „განტევების ვაცის“ როლი მაჟორიტარებს მოარგო, რომ თითქოს მათ არ მისცეს კანონპროექტს ხმა, თურმე ივანიშვილი ძალიან წუხს. დიდი ბოდიში, მაგრამ თუ ასე ძალიან წუხს, მას აქვს ის ძალა და ფინანსური რესურსები, რომ ამ მოცემულობამდე არ მიეყვანა საქმე და თავის დროზე გასაუბრებოდა თითოეულ მაჟორიტარს პროპორციული სისტემის მნიშვნელობის შესახებ. სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ არჩევნების წმინდად პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ მთავრობის ჩამოყალიბების შანსი არ ექნება, აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ სწორედ მაჟორიტარების ხელით ივანიშვილი თავის საქმეს აკეთებს. საერთო ჯამში, ის თავის თავსაც ძირს უთხრის და _ „ქართულ ოცნებასაც“. რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს მომავალს უთხრის ძირს, რადგან თუ საქართველო არ გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, აღნიშნული ვერ აისახება დადებითად ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაზე.
_ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. ასევე ის მმართველი გუნდის სახელით პირობას დებს, რომ 2020 წელს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. რამდენად დამაჯერებელია ეს დაპირება?
_ რაც შეეხება დაპირებებს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სთხოვა, რომ მისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ ერთი წელი მიეცა დრო და ამ პერიოდში ყველაფერს გამოასწორებდნენ. თუ როგორ შესრულდა ეს დაპირება, მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, საზოგადოებამ განსაჯოს. იმ ფაქტების გათვალისწინებით, თუ როგორი დარღვევები ვიხილეთ 2014 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ალბათ, არც ეს საჭიროებს კომენტარს, თუ რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნების დემოკრატიული წესით ჩასატარებლად. ბუნებრივია, არანაირი დემოკრატიული წესით არჩევნები არ ჩატარდება. შეიძლება, ძველი ბიჭები არ დააყენონ საარჩევნო უბნებზე და ზეწოლა არ მოახდინონ ამომრჩეველზე, როგორც ქალბატონ ია კერზაის შემთხვევაში და ვიცით, რა ტრაგიკულადაც დასრულდა, მაგრამ ვიცით, რომ ბიზნესმენების უმრავლესობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ საარჩევნო კამპანიის წინ თანხა „შესწიროს“ „ქართულ ოცნებას“. მინიმუმ, ამ გზით შეეცდებიან, იმოქმედონ. თალაკვაძე აცხადებს, რომ პროპორციულის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანწილად საქართველო უკან იხევს დემოკრატიის განვითარებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალსაზრისით, ამიტომაც ეს დიდ პრობლემას შექმნის ჩვენი ქვეყნისთვის. მით უმეტეს, ამით თავად „ქართულ ოცნებას“ შეექმნა პრობლემა, მათი რიგები დატოვეს კონსერვატორული პარტიის წარმომადგენლებმა, ასევე ინტელექტუალურმა ნაწილმა. ფაქტობრივად, „პარლამენტში ინგლისურის მცოდნე არავინ დარჩათ“, _ ამ შემთხვევაში ვიმეორებ გიორგი კანდელაკის სიტყვებს.
_ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის მიერ დადგმული სცენარია, მაშინ ეს ადამიანები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, ამ სცენარის მონაწილეები არიან. თუმცა არსებობს ვერსია, რომ ნაწილმა, რომელიც კვირიკაშვილის გუნდად მოიაზრება, თავისი სურვილით დატოვა უმრავლესობა. რომელ ვერსიას იზიარებთ?
_ მათ თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს, რომ ისინი მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ემიჯნებიან მაჟორიტარების გადაწყვეტილებას. ამით, შესაძლოა, მათ უნდოდათ იმის ჩვენება, რომ ისინი ბევრად უფრო პროგრესულები არიან, ვიდრე _ მაჟორიტარები. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც დატოვეს „ქართული ოცნების“ რიგები, არიან კვირიკაშვილის გუნდის წევრები. გვახსოვს, რომ ისინი კვირიკაშვილმა წარადგინა წიწამურში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. იმის გამო, რომ სწორედ კვირიკაშვილის წარდგენილები იყვნენ თავის დროზე ეს ადამიანები, შესაძლოა, 2020 წლის საპარლამენტო სიაში ვერ მოხვედრილიყვნენ. იმით, რომ კვირიკაშვილმა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც დასავლეთში მიიღეს განათლება, „ქართული ოცნების“ რიგებში წარადგინა, კარგი საქმე გააკეთა „ოცნებისთვის“. ამ შემთხვევაში თავად „ოცნებამ“ გაიუარესა საქმე, რომ ამ პროგრესულმა ნაწილმა დატოვა უმრავლესობა. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს არ სურთ, რომ მაჟორიტარებთან ერთად ერთ ქვაბში მოიხარშონ და ამიტომ ემიჯნებიან მაჟორიტარების პოზიციას, რომელთაგან ბევრი არ გამოირჩევა განათლებით, მათ დიდ ნაწილს არანაირი საკანონმდებლო ინციატივაც კი არ წარმოუდგენიათ, შესაძლოა, მათ ფული აქვთ, მაგრამ პოლიტიკოსები არ არიან. შეიძლება, ბიზნესის მიმართულებით გარკვეული წარმატებები აქვთ, მაგრამ ეგეც საკითხავია, ეს ფული საქართველოს პირობებში როგორ იშოვეს?! აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს არ სურდათ, ასეთ მაჟორიტარებთან ერთად ერთ ქვაბში მოქცეულიყვნენ. ვფიქრობ, თვითონ ივანიშვილი არ მოელოდებოდა, რომ უმრავლესობის ეს ნაწილი დატოვებდა მმართველ ძალას. შესაძლოა, ეს ივანიშვილის გათვლა სულაც არ იყო. ჩემი აზრით, ივანიშვილს არ უნდა აწყობდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებდნენ ადამიანები, ისედაც დეფიციტი აქვს და წარმოიდგინეთ, როგორ გაუჭირდება პროგრესული ადამიანების „ქართული ოცნების“ რიგებში მიზიდვა.
_ ამ პროცესების პარალელურად გაჩნდა მოსაზრება, რომ უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა ხელოვნურად მართული პროცესია, რათა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს და აუცილებელი გახადოს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ეს რამდენად ლოგიკური შეიძლება იყოს და აწყობს თუ არა ვადამდელი არჩევნები ყველაზე მეტად მმართველ ძალას?
_ ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არავის აწყობს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“. თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდა, ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ანუ შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი შესაბამისი პროცედურებია საჭირო, _ პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი, ასევე სამართლებრივ პროცედურებს საჭიროებს, რაც ასეთი მარტივი ნამდვილად არ არის. თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, მაშინ ეს პროპორციული სისტემით უნდა დაინიშნოს. თუ პროპორციული სისტემით არ დაინიშნა, ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი საპროტესტო ტალღას მიიღებს. რამდენად აწყობს მას ეს? _ მგონია, რომ არ აწყობს. ბუნებრივია, არც ოპოზიციას აწყობს. თუ მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, ოპოზიციას მოუწევს ბოიკოტის გამოცხადება და აქედან გამომდინარე, ნაკლები შესაძლებლობა ექნება, რომ ხელისუფლებაში მოხვდნენ. ამიტომაც მგონია, რომ არავის აწყობს.
_ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ასეთი არგუმენტები გვესმოდა, რომ ერთადერთი პარტია, ვისაც პროპორციული საარჩევნო სისტემა აწყობს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“, რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას და ვის აწყობს დღევანდელი მოცემულობით პროპორციული სისტემა?
_ პირველ რიგში, საქართველოს აწყობს პროპორციული საარჩევნო სისტემა, აქედან უნდა გამოვიდეთ და არა იმ მოცემულობიდან, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს თუ _ მიხეილ სააკაშვილს. დღევანდელ პირობებში სწორედ საქართველოს უნდა აწყობდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის გამართვა. ეს იმით აიხსნება, რომ კანონის უზენაესობა არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით შეიძლება, ხელისუფლებამ თავისი კანდიდატები გაიყვანოს. ხაზგასმით ვამბობ, რომ პროპორციული სისტემა აწყობს ქვეყანას. იმაზე საუბარი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოცირება მოახდინა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებისა და იმათმაც იმიტომ მიიღეს პროპორციული სისტემის ჩაგდების გადაწყვეტილება, ეს დაახლოებით იცით, რას ჰგავს? _ 2016 წელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მხოლოდ 21 ოლქში გაიმარჯვეს პირველ ტურში, ოლქების უმრავლესობაში პირველ ტურში გამარჯვება ვერ მოახერხეს, ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააყალბა არჩევნები და ამიტომ ვერ გაიმარჯვა პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამო, _ წარმოიდგინეთ, როგორი ალოგიკურია. თურმე, მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააყალბა არჩევნები, ახლა კიდევ მაჟორიტარები გაბრაზდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე. ყველანაირი გზით ცდილობენ გაამართლონ საკუთარი ქმედებები მაჟორიტარების ხელით.
_ კიდევ ერთი არგუმენტი, რითაც თავიანთ გადაწყვეტილებას ამართლებენ, არის ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით ქვეყანაში შეიქმნებოდა პოლიტიკური კრიზისი. თქვენ ხედავთ თუ არა რეალურ საფრთხეებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში?
_ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ საკუთარი გადასახედიდან განიხილავდა, რომ მათ გაუჭირდებოდათ 50%-ზე მეტი ხმის მიღება და მთავრობის ჩამოყალიბება. ამის გამო არ იყო მათთვის მიზანშეწონილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. რაც არ უნდა ილაპარაკოს „ქართულმა ოცნებამ“ და როგორც არ უნდა იმართლოს თავი, ის ხალხს დაჰპირდა და ეს უნდა შეესრულებინა. თავიდანვე სულელური ქმედება იყო, როცა ხალხს შეჰპირდა, რომ შემოდგომაზე დღის წესრიგში დააყენებდნენ შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლის საკითხს. მათ ასე განაცხადეს, _ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდესო. ამ გადაწყვეტილებას ისინი ვერ მიიღებდნენ, ეს გადაწყვეტილება პარლამენტს კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მიეღო. რადგან მათ ასეთი განცხადება გააკეთეს, რომ გადაწყვეტილება მივიღეთო, ამიტომაც ახლა ხალხმა თავი მოტყუებულად ჩათვალა. ივანიშვილს რომ განეცხადებინა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას მივიღებთ და ამას საკანონმდებლო ორგანოში განვიხილავთო, ასეთ შემთხვევაში დღეს ნაკლები პრეტენზია ექნებოდა ბევრს. მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება არ გაუცია ივანიშვილს, ბევრი სხვა დაპირებაც იყო, მათ შორის, ბენზინის ფასის გაიაფება და უფასო ფული. ამ შემთხვევაშიც რომ აეხსნათ, _ ვეცადეთ, მაგრამ არ გამოვიდაო, ხალხი ნაკლებად გაღიზიანდებოდა. ამის ნაცვლად ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა: მითხარით, რომელი პირობა არ შევასრულეო? ეს, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელი იყო მოსახლეობისთვის.
_ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს როგორი საარჩევნო სისტემა გვექნება 2020 წელს. ამის გათვალისწინებით რამდენად სახიფათო იქნება საპროტესტო ტალღა „ქართული ოცნებისთვის“?
_ სახიფათო იქნება იმ კუთხით, რომ ეს საპროტესტო ტალღა აგორდება და ხალხი არ გაჩერდება. მუდმივი პრეტენზიები „ქართული ოცნების“ მიმართ იქნება და არჩევნებზეც ეს ყველაფერი გამოიხატება. ბევრი გარკვეულ ოპოზიციურ ძალებს, სწორედ „ოცნების“ საწინააღმდეგოდ მისცემს ხმას, შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ დიდი ძალისმხევა სჭირდება. ერთი წელი გავიდა, რაც ივანიშვილმა მოსახლეობას სთხოვა, რომ მისთვის დრო მიეცათ, მაგრამ არაფერს აკეთებს, თავისთვის კი აბასთუმანს, წყალტუბოს აკეთებს, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე არანაირად არ იგრძნობა. ამ ყველაფერს ის თავისთვის იკეთებს, რომ თავად ჩავიდეს და შეძლოს დასვენება. ანალოგიურია „პარაგრაფი“, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და სადაც ერთი დღე-ღამის გატარება 1000 ლარამდე ჯდება. წყალტუბოზეც და აბასთუმანზეც ეჭვები გაუჩნდება ხალხს, რომ ივანიშვილი ამას თავისთვის იშენებს და ეს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ივანიშვილის მიმართ ნდობა უფრო და უფრო დაეცემა. ვიღაცები ისევ გაიყიდებიან, მაგრამ ნაკლები ბერკეტები ექნება „ოცნებას“. შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, 600 000-მდე ადამიანის ხმები მოინადირეს კრედიტების ჩამოწერით, ასეთი ბერკეტი აღარ ექნებათ. ასევე ხელიდან გამოეცალათ ის ბერკეტი, რომ ივანიშვილი გამოვიდეს და ყველაფრის მოსაგვარებლად კიდევ ერთი წელი ითხოვოს. ამასთანავე, ბევრი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ტოვებს „ქართული ოცნების“ რიგებს. ის, რომ თავიანთ რგებში ნორმალური და განათლებული ადამიანების მოზიდვა შეძლონ, ეს ბერკეტიც ეცლებათ. ამ მოცემულობაში, არ არის გამორიცხული, ივანიშვილი რუსეთს შეეკრას, რომ საკუთარი სკამი და ძალაუფლება შეინარჩუნოს. რუსეთს აწყობს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აწყობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მისთვის გაცილებით მისაღებია „ქართული ოცნება“. მმართველი ძალა შეკრული რომც არ იყოს, რუსეთთან „ქართული ოცნების“ შეცდომებით სუსტდება ქართული სახელმწიფო და, შესაბამისად, რუსული საქმე კეთდება. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ გვახსოვს „ვარდების რევოლუციის“ წინ, როგორ შეეკრა რუსეთს ედუარდ შევარდნაძე. ის ჩავიდა ბათუმში და ასლან აბაშიძეს შეხვდა. იმ დღეს, როცა სააკაშვილი შევარდა პარლამენტში, განიხილებოდა საკითხი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე „აღორძინების“ წევრები ყოფილიყვნენ დანიშნულები, ანუ ქვეყანა მთლიანად ცვლიდა თავის ორიენტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ, 2002 წელს, პრაღაში, ნატოს სამიტზე საქართველომ გააკეთა განაცხადი, რომ საქართველოს სურს ნატოს წევრობა, შევარდნაძე, სკამის შენარჩუნების მიზნით, ცდილობდა, რუსეთისადმი ლოიალური ყოფილიყო. მას ეს არ გამოუვიდა, დღეს შეიძლება სხვა ვითარებაა, მაგრამ ივანიშვილი უფრო წამსვლელია იმაზე, რომ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთს გაურიგდეს. შევარდნაძე ნაკლებად დავალებული იყო რუსეთის წინაშე, ივანიშვილი უფრო მეტად დავალებულია.
_ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოვლენები 2003 წლის მსგავსად განვითარდეს?
_ ამის შესაძლებლობა ნაკლებია, რადგან დღეს დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრის შესაძლებლობა არ მიეცემათ. „ვარდების რევოლუციის“ დროს თავად პოლიციელებმა დართეს ნება ხალხს, რომ პარლამენტში შესულიყო. შევარდნაძეს არც ჯარი და არც პოლიცია არ ექვემდებარებოდა. დღეს ჯარი და პოლიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ექვემდებარება და ანალოგიური სცენარით მოვლენათა განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია.

ნენე ინჯგია