გოჩა ჯოჯუა: „რუსები პირველები იქნებიან, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს დაუპირისპირდებიან!“

ის, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ხდება, ახალი არ არის, ანუ გადაკეტილი რუსთაველი, მიტინგები და „გადადექი, გადადექის“ ძახილი, 30 წელია, ჩვენი მწარე რეალობაა, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ყველა სხვა წინა კრიზისისგან მაინც განსხვავებულია. რატომ? _ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია: პოლიტიკის ისტორიას, პრაქტიკულად, არ ახსოვს, რომ მმართველ ძალას მხოლოდ საკუთარი მოსახლეობისთვის კი არა, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საზოგადოებისთვის მიცემული სიტყვა გაეტეხოს და, საბოლოოდ, რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოს. მოკლედ, ივანიშვილმა ის გააკეთა, რაც ყველაზე ცუდ პოლიტიკოსსა თუ მმართველსაც არასოდეს გაუკეთებია. ყველაფერ ამით კი, როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გოჩა ჯოჯუა ამბობს, „ოცნების“ თავმჯდომარემ მხოლოდ ქვეყანას კი არა, საკუთარ თავსა და ოჯახსაც მიაყენა ზიანი. უფრო კონკრეტულად, ჯოჯუას სიტყვებით რომ ვთქვათ, ოლიგარქმა საფრთხე პირად გარანტიებს შეუქმნა.

რა მოხდება მაშინ, თუ „ოცნება“ ერთ მაგიდასთან დამსხდარი სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს არ დანიშნავს? _ ამ თემის გარდა, „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში გოჩა ჯოჯუა იმის შესახებაც საუბრობს, თუ რატომ გაწირავს კრემლი „ოცნებას“, რომელსაც ოპოზიცია რუსულ პროექტად მიიჩნევს?
ასე რომ, წინამდებარე ინტერვიუდან ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ:

_ ბატონო გოჩა, ელოდით, რომ ივანიშვილი და, ზოგადად, „ოცნება“ საკუთარ დაპირებას არ შეასრულებდა და არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს ჩააგდებდა?
_ სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ეს დაპირება ნამდვილად შესრულდებოდა.
_ ამ ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევდათ?
_ ერთადერთი სწორი და, ვფიქრობ, ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი გარანტია, რომ სტაბილური ცხოვრება ჰქონოდა, სწორედ ის დაპირება იყო, რომელიც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მან საზოგადოებას მისცა, ანუ მაშინ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ პროპორციული არჩევნების შეთავაზება იყო. ერთია, ივანიშვილმა საბჭოთა კავშირში ფული როგორ იშოვა, მაგრამ აი, იმ კითხვაზე, _ ეს ფული როგორ შეინარჩუნა? _ ჩემთვის პასუხი იმ ნაბიჯით გაეცა, როცა პროპორციულ არჩევნებზე წამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ვიფიქრე, რომ ესაა კაცი, რომელმაც თუნდაც ინსტინქტის დონეზე იცის, გამოსავალი როგორ უნდა იპოვოს და სიტუაციიდან გამოძვრეს. აქედან გამომდინარე, ის, რაც 14 ნოემბერს მოხდა, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო.
_ ე. ი., პროპორციულის ჩაგდებით ივანიშვილმა თავი ყულფში გაყო და ამას ვერ ხვდება?
_ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მისთვის ყველაზე სტაბილური და გარანტირებული დასავლეთის მხრიდან მიღებული გარანტია იყო, რაც, სხვათა შორის, ტუსკის გამოსვლაშიც გამოჩნდა, როცა მან თბილისში ვიზიტისას განაცხადა, აი, საქართველოში სტაბილური ხელისუფლებაა და ქვეყანა ნორმალური განვითარებით მიდისო. დიახ, ტუსკიმ სწორედ პროპორციული არჩევნების გამო მიიჩნია, რომ ივანიშვილი ჭკვიანი კაცია, მაგრამ იმას, რაც მოხდა, თავის ყულფში გაყოფა კი არა, არ ვიცი, საერთოდ, რა ჰქვია.
ზოგადად, საზოგადოებაში ასეთი კლიშე არსებობს _ როცა ხელმწიფე ხელმწიფეს ატყუებს, ეს პოლიტიკაა, როცა გამყიდველი მყიდველს ატყუებს, ეს ვაჭრობაა, მაგრამ თუ კაცი კაცს ატყუებს, ეს საშინელება და არაკაცობააო. სინამდვილეში, ტყუილს ყველგან _ პოლიტიკაში, ბიზნესსა და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ერთი სახელი ჰქვია, ანუ ტყუილი ყველგან ტყუილია.
მოკლედ, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე საკრალური რამ დაარღვია და ის, რაც გააკეთა, პირობის გატეხაა, რის იქითაც უკვე არაფერია!
კაცობრიობა ასე გაიზარდა და განვითარდა, რომ ადამიანი თავისი სიტყვის გამო სიცოცხლესაც კი სწირავს, მაგრამ ამ გატეხილი სიტყვის გამო მარტო ქვეყანას კი არა, საკუთარ თავსა და ოჯახსაც ავნო!
_ ამ სიტყვის გატეხის უკან, ეგებ, სხვა რამე იმალება?
_ სხვა რა უნდა იმალებოდეს? ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი, როცა რუსეთ-იაპონიის დროს იაპონელებმა რუსები მოატყუეს და მათმა მამამ, ვინც ტყუილი იკადრეს, ხარაკირი გაიკეთა _ თავი მოიკლა. არ ვიცი, ივანიშვილი ასეთ რამეს თუ აკეთებს, მაგრამ ფაქტია: ხარაკირი გაიკეთა და ამ ხარაკირის მიზანი რა უნდა იყოს?
_ „ოცნების“ ლიდერი ეგებ, პოლიტიკისგან ცდილობს განთავისუფლებას და ხარაკირზეც ამიტომ წავიდა?
_ ხარაკირის გარდა პოლიტიკისგან განთავისუფლების სხვა ბევრი კარგი გზა არსებობს და მაინცდამაინც ეს რატომ აირჩია?
_ შეიძლება, „გაუტყდა“, ეთქვა, პოლიტიკიდან მივდივარო და ეს გამოსავალი მოძებნა…
_ რომ ეთქვა, პოლიტიკიდან მივდივარო, რა, გავუბრაზდებოდით თუ რა? ისე, ერთხელ ხომ უკვე თქვა, პოლიტიკიდან მივდივარო, მაგრამ მაშინაც მოგვატყუა, ანუ პოლიტიკიდან, პრაქტიკულად, არ წავიდა.
_ ბატონო გოჩა, არ ჩათვალოთ, რომ ივანიშვილს ვამართლებ, მაგრამ ვცდილობ, მის გატეხილ სიტყვას ახსნა მოვუძებნო. ჰოდა, მოდით, ეს ვერსიაც დავუშვათ, _ ოლიგარქი, იქნებ, საკუთარი გარემოცვის ტყვეობაშია და თავის დასაღწევად ეს გზა მოძებნა?
_ თუ ტყვეობაშია, მაშინ საკუთარ გარემოცვაზე უნდა გაბრაზებულიყო, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა. ზოგი ცდილობს, ივანიშვილის ეს ნაბიჯი გაამართლოს და ამბობს, რაც უნდა იყოს, სააკაშვილს მაინც სჯობსო, ანუ მეტი არგუმენტი მის მომხრეებსაც კი არ აქვთ. ზოგადად, ყველგან ასეა _ ადამიანები ვინმეს ამოიჩემებენ და ის ფანატიკურად უყვართ ხოლმე. ჰოდა, ეს ადამიანები ივანიშვილს ამ არგუმენტით ამართლებენ, სააკაშვილზე უკეთესიაო, მაგრამ, სინამდვილეში, ივანიშვილის საქციელს გამართლება არ აქვს! დარწმუნებული ვარ, ოჯახის წევრებიც კი ვერ იტყვიან, რომ ივანიშვილი სწორად მოიქცა.
_ ბატონო გოჩა, გამორიცხავთ, რომ სპექტაკლი არ გათამაშებულა და უმრავლესობის წევრმა მაჟორიტარებმა ივანიშვილს ბუნტი მართლა მოუწყვეს?
_ კი ბატონო, მართვა ძნელია, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში გამორიცხულია.
_ რატომ?
_ ორგანიზებულად ის ადამიანები აბუნტდნენ, რომელთა სამართავადაც ივანიშვილს საკმაოდ კარგი ბერკეტები აქვს.
_ მაინც, რა ბერკეტებს გულისხმობთ?
_ საქართველოში ფული და, ზოგადად, ბიზნესი კანონდარღვევის გარეშე იშვიათად კეთდება. ჰოდა, ასეთი ადამიანების აბუნტება, თან ორგანიზებულად, როგორ წარმოგიდგენიათ?
_ გეთანხმებით, რომ, მართლაც, ძნელი წარმოსადგენია.
_ სხვათა შორის, ზვიად ძიძიგურთან ურთიერთობა მაქვს და მასთან მისაუბრია, _ პოლიტიკისგან გადავიღალე, პენსიაზე ვარ გასული, ამ საპარლამენტო ვადას ჩავათავებ და პოლიტიკური არენიდან გავალო, მაგრამ ეს ადამიანიც კი იმით, რაც მოხდა, შეურაცხყოფილი აღმოჩნდა და იმ კომფორტიდან გამოვიდა, რომელშიც იყო.
მოკლედ, ყველამ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რადგან მაჟორიტარების აბუნტება თეთრი ძაფით იყო ნაკერი და ივანიშვილი თავის გარშემოც კი ვერავის დააჯერებს, რომ თვითონ არაფერ შუაშია. ზოგადად, არის სიტუაციები, როცა ყველამ ყველაფერი ვიცით და ახლა სწორედ ასეთი სიტუაციაა.
_ ანუ გჯერათ, რომ ზვიად ძიძიგურმა „ოცნების“ უმრავლესობა ივანიშვილთან შეუთანხმებლად დატოვა და ესეც რამე ახალი „ტრიუკი“ არაა?
_ დიახ, არაა. ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიტიკაში ვინც ერკვევა და ვისაც ღირსების გრძნობა ოდნავ მაინც აქვს შერჩენილი, უმრავლესობას შეუთანხმებლად ტოვებს.
ისე, სიმართლე გითხრათ, რომან კაკულია შემეცოდა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩანს, ჩინოვნიკია, ცხოვრებაში პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს და შეწუხებულმა თქვა, მეც რომ გავიდე, კიდევ რამე უარესი მოხდებაო.
მოკლედ, უმრავლესობის წევრები გამოსავალს ვერ პოულობენ, თორემ არ არსებობს ადამიანი, ვინც ეს ნაბიჯი გაამართლა.
_ ბატონო გოჩა, მგონი, იმის მოლოდინი გაქვთ, რომ უმრავლესობას კიდევ ვინმე დატოვებს, არა?
_ რასაკვირველია, ეს პროცესი უკვე შეუქცევადია.
_ თქვენი ვარაუდით, შემდეგი, ვინც „ოცნებას“ გაემიჯნება, ვინ იქნება?
_ ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მარიამ ჯაშის გადაწყვეტილება.
_ რატომ?
_ ამ ადამიანს, თავისი საქციელიდან გამომდინარე, აქამდეც ვცემდი პატივს… მოკლედ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვისაც ღირსება აქვს შენარჩუნებული, ასე მოიქცევა და არ იტყვის, ვიცი, რომ ივანიშვილი მართალი არ არის, მაგრამო…
_ ბატონო გოჩა, საქმე იმაზე ცუდად ყოფილა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ანუ ამ მოცემულობით, „ოცნებაში“ ღირსება მხოლოდ 12 ადამიანს ჰქონია.
_ არ ვიტყვი, რომ დანარჩენი უღირსი არის. უბრალოდ, გმირობას ყველას ვერ მოვთხოვთ.
ასეა თუ ისე, იმით, რაც მოხდა, ქვეყანა იზოლაციაში ჩავარდა. ამას გარდა, პოლიტიკოსს, რომელიც მხოლოდ ხალხს კი არა, საკუთარ გუნდსაც ატყუებს, პოლიტიკაში ყოფნა დიდხანს არ უწერია. მეტიც, ვიდრე ქვეყნის სათავეში ასეთი ტიპის პოლიტიკოსები იქნებიან, მათ სერიოზულად არავინ აღიქვამს და საერთაშორისო რეაქციებს მთელი საქართველო ხედავს.
ზოგადად, ელჩების რეაქციებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილის ამ ნაბიჯმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
_ ბატონო გოჩა, პოლიტიკაში ბევრის მომსწრე და მნახველი ხართ. ჰოდა, თქვენი პროგნოზი როგორია, პროცესები რა სცენარით განვითარდება?
_ გააჩნია, ოპოზიციაში და, ზოგადად, საზოგადოებაში მუხტის აწევა მოხდება თუ არა.
_ და მუხტი აიწევა?
_ საზოგადოების ნაწილი ამბობს, გასაგებია, რომ ბიძინა არასწორად მოიქცა, მაგრამ იმ მიტინგზე როგორ მივიდე, სადაც ის ადამიანები დგანან, რომლებიც არ მომწონსო.
_ დიახ, პროტესტი შეიძლება, აქვს, მაგრამ „ნაცების“ გაგონება ბევრს არ უნდა.
_ კი ბატონო, მაგრამ თუ „ნაციონალები“ არ მოგწონს, „პატრიოტებთან“ მიდი. სხვათა შორის, ზოგი ასეც ფიქრობს, „პატრიოტთა ალიანსი“ ბიძინას კი არტყამს, მაგრამ ჩემთვის სასურველი „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოჰყავსო.
პირდაპირ ვამბობ: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ უნდა მოვიდეს და ვერც მოვა. ეს ბიძინას მცდელობაა.
_ უკაცრავად, „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება ივანიშვილის მცდელობაა?
_ არა
_ აბა, რას ამბობთ?
_ ბიძინას მცდელობა ისაა, რომ ხალხის წინაშე არასწორი საქციელი და დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ საზოგადოებას ეუბნება, თუ „ოცნება“ წავა, ხელისუფლებაში კიდევ უფრო საშინელი „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებაო, ანუ ივანიშვილს ეს ერთადერთი კოზირი დარჩა, მაგრამ სხვა არჩევანიც არსებობს.
_ მაინც, რომელი?
_ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც არსებობენ და კიდევ სხვებიც გამოჩნდებიან.
_ პოლიტიკური პარტიების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, მაგრამ თუ საპროტესტო მუხტი კულმინაციას არ მიაღწევს, როგორც იტყვიან, კრება მხიარული დარჩება?
_ არა.
_ აბა?
_ თუ მუხტი არ აიწევა, ყველაზე ცუდი ვარიანტი ის იქნება, რომ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება და 2020-მდე ასე მივალთ, მაგრამ „ოცნება“ მაშინაც დამთავრდება.
_ როგორ?
_ ახლა ისეთ სიტუაციას ხატავენ, რომ ყველაფერი, რაც ხდება, თითქოს სააკაშვილის დაბრუნებას ნიშნავს, მაგრამ ამ საშიშროებას 2020-ში ვერ შექნიან, ანუ მაშინ ნებისმიერი ამომრჩეველი საკუთარ თავთან მარტო დარჩება და ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს _ ან ფულს აიღებს და გაიყიდება, ან ფულს აიღებს და „ოცნებას“ ხმას მაინც არ მისცემს.
ერთი სიტყვით, ორჯერ ორი ოთხია, რომ 2020-ში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
_ ბატონო გოჩა, 2020-მდე წელიწად-ნახევარია დარჩენილი. ჰოდა, იმ იზოლაციის პირობებში, რაზედაც ზემოთ საუბრობდით, ქვეყანა როგორ „გაქაჩავს“?
_ გეთანხმებით, რომ ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდება და ადამიანების ცხოვრების დონე კიდევ უფრო დაეცემა.
_ ე. ი., საარჩევნოდ კარტოფილს უფრო დიდი პოლიტიკური ფასი ექნება, ვიდრე გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა!
_ არა, არა.
_ რატომ?
_ ჯერ ერთი, ადამიანებმა უკვე იციან, რომ იმის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ, რომელმაც რამდენჯერმე მოატყუა. მეორეც, ხელისუფლებში ყოფნის ორი ვადა შემთხვევითი არაა.
_ ანუ?
_ ხელისუფლებში ყოფნის ორი ვადა ერთგვარი დათვლილი ციკლია, ანუ ადამიანებს ორი ვადის შემდეგ ცუდი კი არა, ყველაზე კარგი მმართველიც ბეზრდებათ ხოლმე. ასე რომ, კარტოფილით ვინმეს ყიდვა შესაძლებელი აღარ იქნება.
ზოგადად, როცა ადამიანს ვინმე რამეს დამადლებით აძლევს, ამის გამო ადამიანი მის წინააღმდეგ განეწყობა ხოლმე, ანუ ადამიანი იძულებულია, ეს დამადლებული, ასე ვთქვათ, საჩუქარი აიღოს, მაგრამ როგორც კი მომენტი მიეცემა, მასზე შურს იძიებს. აი, ამ ადამიანურ ბუნებას ვერავინ გაექცევა და ივანიშვილი 2020-მდე ისე ვერ მივა, რომ ხელისუფლების ნაწილი მაინც შეინარჩუნოს.
_ ამ მოცემულობაში ივანიშვილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აწყობს?
_ დიახ, ივანიშვილმა ყველაფერი ეს შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების გამო გააკეთა, მაგრამ თუ ამ ვერსიას გავყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვადამდელი არჩევნები მას, აპრიორი, წაგებული აქვს.
ისე, სიტუაციის ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანა ჩვენც გვაწყობს. ამ ხელისუფლების გადადგომა პირველი რიგის ამოცანაა, ანუ ეს ხელისუფლება იმიტომ უნდა გადადგეს, რომ მოგვატყუა, შეურაცხყოფა მოგვაყენა და მისი გადადგომის შემდეგ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. თუ მოვლენები ასე განვითარდება, მაშინ არჩევნების ბედი უკვე ფსიქოლოგიურად იქნება გადაწყვეტილი, მაგრამ მთავარია, ადამიანებმა დაინახონ, ოპოზიცია პოზიციონერობას როგორ მოახერხებს.
_ რას გულისხმობთ?
_ გასაგებია, რომ თამაშის ერთიან წესებზე ვთანხმდებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე ერთ ბლოკად გამოვდივართ, ანუ ახლანდელი ერთობა საარჩევნოდ კოალიციის შექმნას არ გულისხმობს.
მოკლედ, ჩვენ ახლა ის წესები უნდა დავადგინოთ, რომლითაც მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამასთან, ქვეყანა არსებული კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ. აი, ჩვენ ახლა ამაზე ვთანხმდებით, თორემ სამოთხეში არ ვართ, რომ კრავი და მგელი ერთად იყვნენ. უბრალოდ, ივანიშვილმა დაპირისპირებული ადამიანების ერთ მაგიდასთან დასხდომა დროებით მოახერხა და ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ის, რაც მოხდა, საშინელებაა და უნდა შევცვალოთ, თუმცა ვიმეორებ: ყველაფერი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ოპოზიცია ერთად ცხოვრებასა და პოლიტიკის ერთად შენებას აპირებს!
_ განსხვავებული პოლიტიკური ხედვების ადამიანების დროებით გაერთიანება გასაგებია, მაგრამ მოგეხსენებათ, ფული ბევრ რამეს წყვეტს. ჰოდა, პირდაპირ გკითხავთ: ამ თემატურ საკითხზე გაერთიანებულ ოპოზიციაში ისეთები თუ არიან, რომლებიც ივანიშვილის ფულის გამო ერთობას დაარღვევენ?
_ ეს ჩვეულებრივი რამეა.
_ გაყიდვა და ვაჭრობა ჩვეულებრივი რამე რატომაა?
_ ადამიანები, რომლებიც ახლა ივანიშვილს თუნდაც ფულზე ელაპარაკებიან, მას საფლავში არ ჩაჰყვებიან! დიახ, ფულს გამოართმევენ და მაშინვე იმაზე დაიწყებენ ფიქრს, ფული მეორედ კიდევ როგორ გამოართვან და ეს ფული ისევ ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
_ ეს როგორ?
_ ყველაფერი ეს ივანიშვილმაც იცის, მაგრამ მაინც ფიქრობს, ყველა მომენტში ყველას ვიყიდიო, მაგრამ ასე ისინი ფიქრობენ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ფული ავანტიურული მეთოდებით იშოვეს, ანუ ფული, რომელიც მათ იშოვეს, თავის დროზე, საერთო-სახალხო იყო.
_ პირდაპირ უნდა გკითხოთ და პირდაპირ მიპასუხეთ: ივანიშვილმა ფული თქვენ რომ შემოგთავაზოთ, როგორ მოიქცევით _ ფულს გამოართმევთ და ამ ფულს ივანიშვილის დამარცხებაში დააბანდებთ?
_ არა, არა! მე ფულს არ ავიღებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას მოვუწოდებ, ასე მოიქცეს.
სხვათა შორის, ერთხელ ერთ-ერთ მდიდარ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა.
_ ბადრი პატარკაციშვილთან, არა?
_ დიახ. ისიც ფიქრობდა, ბევრი რამის გაკეთება ფულით შეიძლებაო. ისე, ივანიშვილსა და პატარკაციშვილს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პატარკაციშვილს ღირსების გრძნობა მეტად ჰქონდა განვითარებული.
მოკლედ, პატარკაციშვილს ვუთხარი, კი ბატონო, ფულს გადაიხდი, მაგრამ ეს ხომ იმის შესაბამისი არ იქნება, რაც სინამდვილეში ეს მოქმედება ღირს, ანუ ადამიანი არჩევნების დროს ფულს რომ გამოგართმევს, მეორე წუთასაც ისევ იფიქრებს, ფული როგორ გამოგართვას-მეთქი. ბადრი ამ სქემას ჩასწვდა და მიპასუხა, _ კი, მართალი ხარო.
ერთი სიტყვით, ივანიშვილისგან ფულის აღებას ძალიან ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლომდე იმ თამაშის წესებით ითამაშებს, რომელსაც მათ ივანიშვილი შესთავაზებს!
ივანიშვილის პირველი მოწინააღმდეგეები სწორედ ისინი გახდებიან, რომლებიც მის „კარმუშკაზე“ სხედან!
_ ბატონო გოჩა, თქვენი ინფორმაციით, ოპოზიციის ახლანდელ გაერთიანებაში ისეთები არიან, რომლებიც ივანიშვილის „კარმუშკაზე სხედან“?
_ ძალიან ბევრი ფულიანი პოლიტიკური ორგანიზაცია არსებობდა და ვფიქრობ, ეს შესაძლოა, ახლაც გაგრძელდეს, რაც ირიბად იმას ნიშნავს, რომ თუ ივანიშვილის სურვილი არ იქნება, ამ ორგანიზაციებს თანხა აღარ ექნებათ.
_ ბოლოს, ბატონო გოჩა, თქვენი შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება რუსულ წისქვილზე წყლის დასხმაა?
_ იმის მომხრე არ ვარ, რომ თუ რამეს კარგს არ აკეთებ და დემოკრატიულად არ ვითარდები, ეს აუცილებლად რუსულს ნიშნავს. მესმის, ამ კლიშის საფუძველი რაც არის.
_ რა?
_ ერთადერთი, ვინც ასეთი თამაშის წესებით თამაშობს, რუსეთია და ამ ტრაექტორიით მოძრაობა დასავლეთისთვის მიუღებელია, მაგრამ რუსეთისთვისაც კი, რომელსაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტები არ გააჩნია, იმ ფასეულობების უგულებელყოფა, რომლებზედაც ვსაუბრობდით, მიუღებელია, ანუ თუ ისტორიას გადავხედავთ, გარკვეულ მომენტში რუსებმა, შეიძლება, თავიანთი პოზიცია შეცვალონ, მაგრამ ამის საფუძველს ყოველთვის ის მხარეც იძლევა, რომელთანაც ასე იქცევიან.
სხვათა შორის, რუსებს საქართველოც ყოველთვის აძლევდა საბაბს, რომ ჩვენ ისე მოგვქცეოდა, როგორც გვექცევა და ახლაც ასე იქნება.
_ ანუ როგორ?
_ რუსები პირველები იქნებიან, რომლებიც ივანიშვილის რეჟიმს დაუპირისპირდებიან!
_ ეს ხომ ფანტასტიკის სფეროა, ბატონო გოჩა!
_ მოკლედ, დასავლეთის მხრიდან იზოლაცია ივანიშვილისთვის რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელებას სულაც არ ნიშნავს. დიახ, ეს რუსული თამაში არ არის. უბრალოდ, რუსებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ და მწვანე აენთებათ, რომ თავიანთი მოქმედებები განახორციელონ. ერთი სიტყვით, რუსები ამ სიტუაციას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ!

გიორგი აბაშიძე