ანა რეხვიაშვილი: „ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გამიზნულად გაიტანა!“

„ოცნება“ სირაქლემის პოზაშია _ ქვეყანა იქცევა, მმართველი გუნდი კი თვალებში ნაცარს იყრის და თავს იმშვიდებს, არაფერიც არ ხდება, ქუჩაში ორი-სამი ადამიანი დგას და ამის გამო ჭიქაში ქარიშხალი არავინ უნდა ატეხოსო. არადა, ეს ქარიშხალი ახლა კი არა, ჯერ კიდევ ზაფხულში, 20-21 ივნისის მოვლენებით ატყდა და, შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, მაშინდელი ამბების ლოგიკური გაგრძელებაა. ისე, იმხანად მმართველმა გუნდმა გამოსავალი იმაში ნახა, რომ ოპოზიციასა და, ზოგადად, მთელ საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობა მისცა. ზაფხულიდან მოყოლებული „ქრონიკა+“ მუდმივად ეჭვობდა, რომ ეს დაპირება არ შესრულდებოდა. სამაგიეროდ, ოპოზიციონერთა უმეტესობა იყო მშვიდად და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „ანტიოცნებელებმა“ ლამის პოლიტპატიმრებიც დაივიწყეს. ყოველ შემთხვევაში, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულებზე, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილზე, ოპოზიციური სპექტრი მძაფრ განცხადებებს არ აკეთებდა. ისე, პოლიტპატიმრების განთავისუფლება მთავარი მოთხოვნა არც ახლაა, არადა, წესით, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ლიდერები, რომლებიც ერთ მაგიდასთან სხედან, ჯერ სწორედ ამას უნდა ითხოვდნენ და შემდეგ _ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.
ყველაფერ ამის მიუხედავად, ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის გვრდითაა და ციხიდან გამოგზავნილ მის წერილში ვკითხულობთ:

„დარწმუნებული ვარ, გუშინწინდელი კენჭრისყრის შემდეგ საქართველოში აღარ დარჩა ადამიანი, რომელსაც ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი. თვით მისი მხარდამჭერებიც კი, მის გუშინწინდელ თაღლითობას მის ნიჭს მიაწერენ, როგორ ყოველთვის, თუ როგორ ოსტატურად მოატყუა ოპოზიცია და ქართველი ხალხი. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს. მის დაპირებაში ყველამ ჩვენი ფასი გადავიხადეთ. „გავრილოვის ღამეს“ მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების „გამოგლეჯა“.
მე ჩემი ფასის გადახდის, ციხეში მოხვედრის გამო, ერთი წუთით არ მინანია იმიტომ, რომ ვთვლიდი, პროპორციული არჩევნები ჩემი და ყველას შვილებისთვის, ქვეყნისთვის უკეთეს მომავალს ნიშნავს. ივანიშვილის გუშინწინდელმა თაღლითობამ ყველას, ჩვენ, ქვეყნის მომავალი მოგვპარა.
თუ ვინმე ოდნავ მაინც წუხს ქვეყნის ბედსა და მის მომავალზე, შვილების კეთილდღეობაზე, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულში მიაქანებს და ჩვენ ყველას არა მარტო შეგვიძლია, არამედ, მოვალეობაც გვაქვს, ამას ხელი შევუშალოთ. ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე _ სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას.
შემდეგ, ვაი-ვიში, გვეშველება თუ არა რამე, არაფრის მომცემი აღარაა

რა გეგმები აქვს ოქრუაშვილის გუნდს? _ „ქრონიკა+“ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ანა რეხვიაშვილს ესაუბრა:

_ ანა, ალბათ, გახსოვთ: „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რომ ვისაუბრეთ, მითხარით, ახლა ზაფხულია, მაგრამ შემოდგომა მოვა, საერათაშორისო საზოგადოება მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ამასობაში, ირაკლი ოქრუაშვილსა და სხვა პოლიტპატიმრებზეც მეტ ინფორმაციას მივაწვდით და „ოცნებაც“ უკან დაიხევსო, მაგრამ მმართველმა გუნდმა არათუ უკან დაიხია, არამედ, 14 ნოემბერს, არჩევნების პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩააგდო და ქვეყანაში იმაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, ვიდრე ზაფხულში იყო. ისე, სხვისი არ ვიცი და, პირადად მე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა. რაც შეეხება კითხვას, ოპოზიციას პროპორციულ სისტემასა და იგივე პოლიტპატიმრებზე მეტი რომ ეაქტიურა, თქვენი აზრით, ეს შედეგი მაინც დადგებოდა? და, საერთოდ, „ანტიოცნებელები“ ოქრუაშვილს ახლა მაინც რატომ არ ახსენებენ?
_ დიახ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გითხარით, საერთაშორისო ზეწოლა შემოდგომაზე გააქტიურდება-მეთქი.
_ უკვე გვიანი შემოდგომაა და ეს ზეწოლა გააქტიურებულია?
_ მთელი ზაფხული ვმუშაობდით და მთელ დემოკრატიულ სამყაროს გავაგებინეთ, საქართველოში რაც მოხდა. ზოგადად, საერთაშორისო ზეწოლა თუ შეფასებები ძალიან კარგი ინსტრუმენტია და ამას პოლიტიკური გამოცდილებაც აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებდით, რომ „ოცნება“, მინიმუმ, იმას არ გააკეთებდა, რაც 14 ნოემბერს გააკეთა, თუმცა ჩვენი პარტია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირებას თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდა.
_ რატომ?
_ ეს გადმოგდებული ძვალი და ანკესი იყო, რომლითაც „ოცნებამ“ 20 ივნისს განხორციელებული სადამსჯელო ოპერაცია გადაფარა.
_ შევთანხმდეთ, რომ ოპოზიცია ამ ანკესზე წამოეგო და, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ზაფხულმა ისე გაიარა, რომ საარჩევნო კოდექსი არც გახსენებია.
_ რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენთან ერთად იგივე დავით უსუფაშვილიც ყველას მოუწოდებდა და ამბობდა, მოდუნების დრო არ არის და ეს ზაფხული იმის ლოდინში არ უნდა გავიდეს, რომ შემოდგომაზე იმას მივიღებთ, რაც უნდა მივიღოთო.
მოკლედ, „ოცნებამ“ დრო გაიყვანა და საბოლოოდ, ის მივიღეთ, რომ ივანიშვილმა, თავის მაფიოზურ-კრიმინალურ რეჟიმთან ერთად საქართველოზე იძალადა!
სხვათა შორის, ფრაზა _ „დაგვპირდა და არ შეასრულა“ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია!
_ რატომ?
_ ამის თქმა მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის წევრებს შეუძლიათ.
საერთოდ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილი ამ ქვეყნისთვის გამოცდილი კატასტროფაა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რამეს დაგვპირდა და არ შეასრულა! ივანიშვილმა ამჯერად კი არ მოგვატყუა, არამედ ამ ქვეყანას ხაფანგი დაუგო და ხვალინდელი დღე მოუსპო. ამიტომ ივანიშვილისა და მისი ვიწრო პოლიტიკური გარემოცვის ამ პოლიტიკურ ავანტიურას მკაცრი შეფასება უნდა მივცეთ! ამ ავანტიურით ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკურ კი არა, ღრმა სახელმწიფოებრივ კრიზისში შედის!
_ ანუ?
_ მართალია, ოპოზიციას მაღალი პასუხისმგებლობა აქვს და მისი ქმედებებიც მკაცრად დისციპლინებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, პროვოკაციებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების რისკები, რა თქმა უნდა, დიდია!
_ ანა, ვისგან და რა სახის პროვოკაციებს ელოდებით, ან სახელმწიფოს უსაფრთხოების რისკები რატომ ახსენეთ?
_ პროვოკაცია შესაძლოა, ნებისმიერი სახის იყოს.
_ მაინც?
_ როგორც შიდა, ასევე _ გარეც. ასეთი პროვოკაციები არაერთხელ გვინახავს. ამიტომ სასწორზე შეიძლება, ნებისმიერი რამე დაიდოს, მათ შორის, ეკონომიკური და სოციალური ბუნტის რისკიც.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ის, რაც ახლა ხდება, მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის და შესაძლებელია, რომ ეს პროცესი სახელმწიფოებრივ კრიზისში გადაიზარდოს! უფრო საშიში და სახიფათოც სწორედ ამიტომაა.
_ ის ხიფათები, რომლებზედაც აქცენტს აკეთებთ, თეორიულად, ცხადია, არსებობს, მაგრამ მგონია, რომ ვითარების დრამატიზებას ახდენთ და ახლავე აგიხსნით, ასე რატომაც ვფიქრობ: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგაც იყო, მაგრამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე დაპირებით, ხელისუფლებამ მაშინ ეს კრიზისი განმუხტა. ჰოდა, რატომ გამორიცხავთ, რომ ივანიშვილს ვითარების განსამუხტავად ახლაც რამე ახალი „ტრიუკი“ ჰქონდეს მოფიქრებული?
_ ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში სრულიად გამიზნულად გაიტანა!
_ რა მიზნით?
_ ეს სიბრიყვით არ მოსვლია, ანუ მისი მორიგი ავანტიურა არ არის და ქუჩის ნებისმიერი რეალობა, არ გამოვრიცხავ, რომ აწყობდეს.
_ ჰოდა, ამიხსენით, რატომ უნდა აწყობდეს?
_ ივანიშვილმა თავის დროზეც ზუსტად იცოდა, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის ჩასკუპებას რაც მოჰყვებოდა და ქვეყანას გენერალური ტესტი გაატარა.
_ ანა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რა აქცენტებს სვამთ და საუბარი საითკენ მიგყავთ.
_ ხომ არ დაგვავიწყდა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ისტორია გადაწერა. ამასთან, დუმის წარმომადგენლები პარლამენტის წევრებისა და მომიტინგეების დასასჯელად პირდაპირ მითითებებს იძლეოდნენ!
_ სხვათა შორის, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა თუ არა, გავრილოვმა მოითხოვა, საქართველოს პარლამენტმა, ივნისის მოვლენების გამო მართლმადიდებლურ კონგრესს ბოდიში მოუხადოსო და არ მგონია, „დუმისტს“ ეს მოთხოვნა 14 ნოემბერს შემთხვევით წამოეყენებინა.
_ რუსეთი ამ უუნარო ხელისუფლებას კიდევ ბევრ რამეს მოსთხოვს!
ერთი სიტყვით, ივანიშვილი ახლაც იგივე ტესტს ატარებს, რა ტესტიც ზაფხულში გაგვატარა, ანუ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს!
_ პროცესების პარლამენტიდან ქუჩაში გატანით ივანიშვილი ხელისუფლებას როგორ შეინარჩუნებს?
_ გეტყვით: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საპროტესტო პულსსა და მუხტსაც გრძნობს, პრემიერი გახარია ხელოვნურ სიმშვიდეს ინარჩუნებს!
_ ანა, გახარიას სიმშვიდე ხელოვნურია თუ ბუნებრივი, ეს სხვა თემაა. მე იმის შესახებ გკითხეთ, პროცესების ქუჩაში გატანით „ოცნება“ ხელისუფლებას როგორ შეინარჩუნებს-მეთქი, თუმცა პასუხი არ გამეცით.
_ ეს ვითომ ძალიან საქმიანი და დაღლილი მინისტრთა კაბინეტი 14 ნოემბრის შემდეგ ბიუჯეტზე აქცენტირებს, რადგან ზუსტად იცის, რომ ბიუჯეტიც უნდა ჩავარდეს, ანუ ხალხი ქუჩაშია გამოსული და, ოპოზიციასთან ერთად, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, თუმცა ბიუჯეტის ჩაგდების შემთხვევაში „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებს ისე კი არ გამოაცხადებს, რომ ხალხის მოთხოვნა დააკმაყოფილა, არამედ ამას ბიძინას გასაოცარი დემოკრატიით ახსნის _ ჰოი, საკვირველებავ, ბიძინას საკუთარმა უმრავლესობამ ბიუჯეტიც ჩაუგდო!
_ გეთანხმებით, რომ ვადამდელი არჩევნები მწიფდება და პროცესების ამ სცენარით განვითარება თავად „ოცნებასაც“ აწყობს, მაგრამ ისევ იმ თემას ვუბრუნდები, რომლითაც საუბარი დავიწყეთ, ანუ ოპოზიცია მთელი ზაფხულის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილსა და, ზოგადად, პოლიტპატიმრებთან მიმართებაში უფრო პრინციპული რომ ყოფილიყო, ახლა ხომ სხვანაირი რეალობა გვექნებოდა?
_ შეიძლება, მაგრამ პროპორციული არჩევების ანკესზე, როგორც ვთქვით, ყველა წამოეგო, ანუ ეს გადმოგდებული ძვალი მიიღო და ჩაითვალა, რომ პროპორციული არჩევნები „ოცნების“ ხარკი იქნებოდა და, ალბათ, ამიტომაც პოლიტპატიმრების თემა მთავარი არ გახდა.
_ ანა, ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი ხართ და მესმის, რომ კოლეგების მიმართ მძაფრ განცხადებებს, მით უმეტეს, ამ ფონზე არ გააკეთებთ, მაგრამ მე პოლიტკონიუნქტურისგან თავისუფალი ვარ. ჰოდა, პირდაპირ ვიტყვი: 20 ივნისის შემდეგ რუსთაველის აქიცებს მეინსტრიმს „ევროპული საქართველო“ აძლევდა. შესაბამისად, მგონი, შეიძლება იმის დაშვება, რომ 14 ნოემბრის სცენარი ივანიშვილმა ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან, ე. ი., „ევსაქებთან“ ერთად დაწერა. სხვათა შორის, არ ვიცი, ყურადღება მიაქციეთ თუ არა, მაგრამ ერთ-ერთ კომენტარში გიგა ბოკერიამ მტკიცებით ფორმაში თქვა, ვადამდელი არჩევნები აპრილში იქნებაო.
_ იქიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანაში ბოლო დროს ხდება, ვერაფერს გამოვრიცხავთ.
_ ანუ ჩემს ეჭვს იზიარებთ?
_ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება და გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ პირადად მე, მგონია, რომ ამ წუთს მთავარი სხვა რამეა.
_ მაინც, რა?
_ სრულიად პოლიტიკური ოპოზიცია ერთიანია, რათა ქვეყანა ჩიხიდან როგორმე გამოიყვანოს და ამ მაფიოზებს, კრიმინალებსა და მათ მეთაურ ოლიგარქს ხელიდან გამოჰგლიჯოს!
_ ყველაფერი ეს რევოლუციით უნდა მოხდეს?
_ არა, კანონით გათვალისწინებული პროცედურებით. პოლიტიკური ოპოზიცია ახლა ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობით, ყველაზე მჭიდრო კოორდინაციითა და კონკრეტული გეგმით უნდა აღიჭურვოს, თუ როგორ განვითარდება რეალობა და როგორ ვუპასუხებთ ქვეყნის უსაფრთხოებას და ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დასრულებამდე როგორ მივალთ!
_ ასეა თუ ისე, ფაქტია: ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, ჩვეულებრივი ნერვების ომია და ყველაფერი, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, რომელი მხარე უფრო დიდხანს „გაქაჩავს“. ანა, თქვენი აზრით, ნერვები ხელისუფლებას უფრო ადრე უმტყუნებს თუ ოპოზიციას?
_ არ მგონია, რომ ყველაფერი იქამდე მივიდეს, რაც „ოცნებას“ უნდა. ამიტომ ეს დუღილის პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება!
_ ამბობთ, რომ „ოცნებას“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა. ოპოზიციასაც ეს მოთხოვნა აქვს და, უკაცრავად, ხალხის გამარჯვება რა შუაშია?
_ ოპოზიციას უნდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და აი, ესაა განსხვავება.
_ ზოგმა ოპოზიციონერმა თქვა, მთავარია, ვადამდელი დაინიშნოს და ჩვენ „ოცნებას“ არსებული, ანუ შერეული საარჩევნო სისტემითაც დავამარცხებთო.
_ ეს პირველად მესმის.
_ მგონი, უსუფაშვილმა თქვა, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდებაო.
_ ეს ნამდვილად არ ვიცი. სამაგიეროდ, ნამდვილად ვიცი, რომ ივანიშვილი პროპორციულ ვადამდელ არჩევნებზე არავითარ შემთხვევაში არ წავა, თუმცა ბიუჯეტი ხელოვნურად ჩავარდება და ეს „ტრიუკი“ იქნება.
_ ანუ?
_ აი, უმრავლესობამ ბიძინას, თურმე, ბიუჯეტი ჩაუგდო და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
_ ამით „ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნას გაიხანგრძლივებს?
_ რა თქმა უნდა, პროცესი აქეთკენ მიდის და საამისოდ ივანიშვილი ყველაზე დაუშვებელ მეთოდებსა და ხერხებს იყენებს!
_ აი, მაშინ რა მოხდება, თუ 23 ნოემბერს, ე. ი., „ვარდების რევოლუციის“ მე-16 წლისთავზე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა?
_ საკუთარ ოცნებებთან შეჭიდება ყველას გვიყვარს, მაგრამ, ზოგადად, ყველაფერს რეალისტურად ვუყურებ ხოლმე და ამიტომ არ მგონია, რომ 23 ნოემბერს სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს და მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდეს.
_ ანა, დღეს ოქრუაშვილი თავისუფალი რომ იყოს, სხვა რეალობა გვექნებოდა?
_ ოქრუაშვილი მძევალი იმიტომ არის, რომ ათონელის 27 პოლიტიკურად არ გააქტიურებულიყო, თუმცა ამის მიუხედავად, პოლიტპატიმარმა ოქრუაშვილმა შეძლო, რომ ამ რეჟიმის დასუსტებასა და გაკოტრებაში თავისი ლომის წილი შეეტანა. დიახ, ოქრუაშვილმა ამ რეჟიმის რეალური სახე გამოააშკარავა.
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ ყველამ ვიცით: ოქრუაშვილი ერთადერთი ოპოზიციური ლიდერია, რომელიც ივანიშვილის პოლიტპატიმარია!
რაც შეეხება სხვანაირ რეალობას, ივანიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ ოქრუაშვილი ის ხისტი და გავლენიანი პოლიტიკოსია, რომელსაც ვერ გააკონტროლებდა. შესაბამისად, გარეთ ამიტომაც არ სჭირდებოდა, თუმცა ახლა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის _ ოქრუაშვილი ციხეში უფრო საშიშია თუ გარეთ?
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ვთქვი, „ოცნება“ პროპორციულ არჩევნებს ჩააგდებს და სხვა რეალობას მივიღებთ-მეთქი. ახლა სწორედ ასეთი „სხვა რეალობა“ გვაქვს და მთავარია, ეს პროცესი მშვიდად და ძალიან პრინციპულად გავიაროთ.
_ სიმშვიდე და პრინციპულობა, ცხადია, აუცილებელია, მაგრამ ოპოზიცია კიდევ შეცდომას ხომ არ უშვებს, როცა მთავარ მოთხოვნად მხოლოდ ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვს და წინა პლანზე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას არ აყენებს?
_ ჩემი გზავნილი სწორედ ესაა, რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლება ამ საერთო-სახალხო მიტინგების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს.
_ არადა, ამ საკითხზე ოპოზიცია არ საუბრობს.
_ ვერ დაგეთანხმებით, ლაპარაკობს, თუმცა ეს ერთ-ერთ პირველ მოთხოვნად არ დაყენებულა. ლოგიკურად, ყველაფერი აქამდე მივა, რადგან ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები სწორედ ივნისის მოვლენების შემდეგ გაჩნდნენ. შესაბამისად, მათი განთავისუფლება ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა უნდა იყოს და ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ.
_ ანა, არ გამორიცხავთ, რომ „ოცნებამ“ ბიუჯეტი ხელოვნურად ჩააგდოს და ვადამდელი არჩევნები ამის გამო დაინიშნოს? ზოგჯერ ისეც ყოფილა, რომ პარლამენტს ბიუჯეტი 30 დეკემბერსაც დაუმტკიცებია, ანუ ქუჩის აქციები თვე-ნახევარი გაგრძელდება?
_ გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ივანიშვილი ყველა ინსტრუმენტს იყენებს. ის, რაც ახლა ხდება, ექსტრემალური სიტუაციაა, ანუ პოლიტიკური პროცესი ექსტრემალურ პირობებში მიდის და ისეთი ადამიანები ერთიანდებიან, რომელთა ერთ მაგიდასთან დასხდომასაც უახლოეს წარსულში ვერავინ წარმოიდგენდა.
_ კი ბატონო, მაგრამ „პატრიოტთა ალიანსი“ იგივე მოთხოვნებით, რაც დანარჩენ ოპოზიციას აქვს, აქციებს დამოუკიდებლად მართავს.
_ მესმის, მაგრამ ერთია, ვინ რას ამბობს, მერე კი ყველაფერი სხვანაირად ხდება, ანუ ეს ისეთი პოლიტიკური პროცესია, რომ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ხვალ და ზეგ რა მოხდება. ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს თითქოს ლოგიკაში არ ჯდება, არადა, თუ დავაკვირდებით, ერთი დიდი ლოგიკის ნაწილია.
_ ანა, იმედია, დამეთანხმებით, რომ ამ დიდი ლოგიკის ნაწილია ისიც, რაც ეკლესიის გარშემო 14 ნოემბრამდე მოხდა.
_ კი, შემიძლია, დაგეთანხმოთ. ეს რთული თემაა და დეტალებში შესვლა არ მინდა, თუმცა მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეკლესიაში პოლიტიკის ამხელა დოზით შესვლა დაუშვებელია.
_ ეკლესიაში პოლიტიკის დიდი დოზით შესვლა კიდევ სხვა რამეა, ამ შემთხვევაში, მხედველობაში მქონდა მეუფე იაკობისა და მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებები, რომელთა შესახებაც ახლა აღარავინ საუბრობს. სხვათა შორის, არსებული ინფორმაციით, ამ დღეებში ყოფილი ქორეპისკოპოსი ბრიუსელში იმყოფებოდა. ერთი მღვდელმთავარი კი _ მოსკოვში. მოკლედ, გამორიცხავთ, რომ ამ პოლიტიკურ ბაკქანალიაში პატრიარქობის ახალი კანდიდატი „დაიბადოს“?
_ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არ არის, ანუ ყოველთვის შესაძლებელია, რომ ერთი თემა აგორდეს, ყურადღება მოდუნდეს და ამასობაში უფრო საშიში საფრთხე გაჩნდეს, თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც ამ რეჟიმის დასრულებაა!
_ და კიდევ ერთი თემა, ანა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით მოგებული ვინ დარჩება? კულუარული ვერსიით, ვადამდელი არჩევნები, თუნდაც არსებული შერეული სისტემით რომ ჩატარდეს, ყველა საპარლამენტო ძალას, ანუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას აწყობს, რაც არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრისთვის მიუღებელია. ვთქვათ, ისე მოხდა, რომ ვადამდელი არსებული სისტემით დაინიშნა. ოქრუაშვილის გუნდის პოზიცია როგორი იქნება?
_ ამაზე ლაპარაკი, ვფიქრობ, ჯერ ადრეა იმიტომ, რომ არც გვისაუბრია და არც კონსულტაციები ყოფილა, თუმცა მთავარია, კრიზისიდან გამოვიდეთ. ზოგადად, კონსტიტუციით და ასევე საერთაშორისო კონვენციით უზარმაზარი რესურსი არსებობს, რომ პროტესტი მშვიდობიანად ჩავატაროთ და არჩევნებამდე მივიდეთ.
_ მაპატიეთ, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ.
_ მთავარი ხალხის ნებაა, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას რა როლს მიაკუთვნებს და ეს მანდატების გადანაწილებაში გამოიხატება.
_ ანა, კითხვაზე მიპასუხეთ: თუ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არსებული კანონით დასთანხმდა, არასაპარლამენტო ოპოზიცია რას გააკეთებს, ამ თამაშში საპარლამენტო ძალებს გაჰყვება?
_ რა თქმა უნდა, გაჰყვება.
_ მერე, წარმატების რა შანსი გექნებათ?
_ თუ საპარლამენტო ოპოზიცია ამაზე დასთანხმდება, არასაპარლამენტო ოპოზიციას სხვა შანსი არ ექნება და ამაზე გაჰყვება, თუმცა ეს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება.
_ ბოლო კითხვას დავსვამ და მოვრჩეთ საუბარს: ივანიშვილს ძალიან დიდი ფული აქვს. ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ არსებობდა მოარული ხმა, რომ მან ოპოზიციის მოსყიდვის დავალება გასცა. ოპოზიციიდან ვინმეზე ეჭვობთ, რომ შესაძლოა, გაიყიდოს?
_ ამ წუთას სასწორზე ისეთი დიდი რამე დევს, რომ ამ თემაზე არათუ ფიქრი არ მინდა, არამედ ეჭვსაც არ ვუშვებ, რომ შეიძლება, ვინმე გაიყიდოს, თუმცა გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია. ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება, რადგან ახლა საქართველო სულ სხვა გამოწვევის წინაშე დგას და სულ სხვა ფაზაში ვართ შესულები! არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში შეიძლება, ვინმეს ფულზე წასცდეს ხელი.
_ ბოლომდე დარწმუნებული ნუ იქნებით, რომ ხელი არავის წასცდება, რადგან გვახსოვს, იგივე ლევან გაჩეჩილაძის შემთხვევაში რა მოხდა და მერე ოპოზიცია მიშასთან ფარულ ვიზიტებს ერთმანეთს როგორ აძახებდა.
_ დიახ, ძალიან ბევრი რამ გვახსოვს, მაგრამ ვიმედოვნებ, საქართველოს ისტორიის ამ ეტაპზე მსგავსი რამ აღარ მოხდება.
_ ღმერთმა ქნას, მაგრამ ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

გიორგი აბაშიძე