„ოცნების“ „ბუნტოვშჩიკი“ მაჟორიტარების სკანდალური კომპრომატები

იმაზე კამათი, რომ „ოცნების“ მაჟორიტარებმა ბუნტი პარტიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად დაიწყეს, არ ღირს, ანუ ბავშვიც კი ხვდება, რომ დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი, კახა ოქრიაშვილი, დაჩი ბერაია, ნინო წილოსანი თუ ენზელ მკოიანი ის „კვიცები“ არ არიან, რომლებიც „დედის“ წინ სირბილს დაიწყებენ, მით უმეტეს, მაშინ, როცა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ჩამოთვლილთაგან უმეტესობამ, თავის დროზე, მხარი დაუჭირა და ბიძინა ივანიშვილსაც დითირამბები უძღვნა, აი, ახლა მაინც ხომ დაიჯერებთთ, რომ მსოფლიო დემოკრატიით ვაოცებთო. დიახ, „ოცნებას“ უნდა, რომ მაჟორიტარების ამბოხება დემოკრატიად მონათლოს და საზოგადოება დაარწმუნოს, მმართველ გუნდში სიტყვის ისეთი თავისუფლებაა, რომ ნებისმიერ რიგით წევრს შეუძლია, პოლიტორგანიზაციის ხელმძღვანელს არ დაემორჩილოსო.

დავუშვათ, ასეა, მაგრამ ეს „ურჩობა“ „ოცნებას“ ძვირი, ანუ ხელისუფლების დაკარგვის ფასად რომ დაუჯდება, უკვე ცხადზე ცხადია.
ისე, პოზიტივის დანახვა ნებისმიერ ცუდშიც შეიძლება. ჰოდა, მერე რა, თუ „ოცნება“ ხელისუფლებას დაკარგავს? სამაგიეროდ, ისტორიაში ზემოხსენებული პერსონები დარჩებიან, ანუ ეს ბუნტი რომ არ დაეწყოთ, ალბათ, არავის არასოდეს გაახსენდებოდა, რომ ხუნდაძე, შიოლაშვილი, ბერაია თუ ოქრიაშვილი ოდესმე დეპუტატები იყვნენ _ ამ ადამიანებს, როგორც პარლამენტის წევრებს, არასოდეს არაფერი უთქვამთ. ახლა კი მოვლენები როგორც უნდა განვითარდეს, ზემოხსენებულ ოთხეულსა და ასევე მათ თანამოაზრეებზე მეისტორიენი აუცილებლად იტყვიან, საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალესო. მოკლედ, ამ ადამიანებმა ოპოზიციას, როგორც იტყვიან, სატოპკე აუწიეს და იმის საბაბი გააჩინეს, რომ „ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტი ახალი შემართებითა და ენერგიით დაწყებულიყო. აქედან გამომდინარე, „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, „ამბოხებულებს“ „სათანადო პატივი“ მიაგოს და მათი ე. წ. მინი-დოსიე შემოგთავაზოთ _ დიახ, ქვეყანა თავის „გმირებს“ აუცილებლად უნდა იცნობდეს!

დავიწყოთ დიმიტრი ხუნდაძით, რომელიც 2012 წლამდე ექიმი გახლდათ, თანაც უბრალო დასტაქარი კი არა, არამედ ოლიგარქის ოჯახს ემსახურებოდა და პოლიტიკაშიც ზუსტად ამ ნიშნით მოხვდა.
სხვათა შორის, ხუნდაძემ შრომითი საქმიანობა _ არც მეტი, არც ნაკლები _ მცხეთის რაიონული საავადმყოფოს სანიტრობით დაიწყო. ცხადია, შრომა სათაკილო არ არის და ამ კუთხით ვერც მეამბოხე თუ ფსევდომეამბოხე ხუნდაძეს დავძრახავთ, მაგრამ მცხეთის საავადმყოფოს სანიტარი, ალბათ, ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ წლები გავიდოდა და ის მშობლიურ მცხეთას მინიოლიგარქად მოევლინებოდა.
შეიძლება, ხუნდაძის მინიოლიგარქობა ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ სანამ ამ თემას გავშლით, ექს ექიმის ოფიციალურ ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ:
„დიმიტრი ხუნდაძე დაიბადა 1968 წელს ქალაქ მცხეთაში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემიის პედიატრიული ფაკულტეტი.
1985-1987 წლებში მუშაობდა ქალაქ მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული მიმღების სანიტრად; 1987-1989 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1996-1998 წლებში იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის ასპირანტი; 2001-2012 წლებში კი _ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ორდინატორი“, _ ნათქვამია პარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ხუნდაძის ბიოგრაფიაში.
რაც შეეხება ხუნდაძის მინიოლიგარქობას, 2016 წელს, კერძოდ, საპარლამენტო არჩევნების წინ, მცხეთელებმა, უფრო კონკრეტულად, მცხეთის საკრებულოს წევრებმა, მას ბრალი დასდეს კორუციასა და ნეპოტიზმში. მცხეთელ პოლიტიკოსებს მაშინ ახალგორის საკრებულოს 12-მა წევრმაც აუბა მხარი და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო:
„ჩვენთვის მიუღებელია მცხეთის საკრებულოს დეპუტატებისადმი დიმიტრი ხუნდაძის ცინიკური და თანამდებობისათვის შეუფერებელი დამოკიდებულება. შეურაცმხყოფელი იყო ცილისწამება კორუფციულ გარიგებაში ცეზარ ჩოჩელთან. დიმიტრი ხუნდაძესთან ვერ ჩამოგვიყალიბდა ის კოლეგიალური ურთიერთობა, რომელიც უნდა ყოფილიყო თვითმმართველობასა და მაჟორიტარ დეპუტატს შორის. აქედან გამომდინარე, საკრებულოს უმრავლესობამ მიიღო გადაწყეტილება და დააფიქსირა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს. ასევე ცალსახად დააფიქსირა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. სულ საკრებულოში 17 წევრი ვართ და 12-მა მხარი დაუჭირა აღნიშნულ განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავასაჯაროვეთ. კარგი იქნებოდა, მეტი კომუნიკაცია, მეტი თანამშრომლობა და მეტი კოლეგიალობა ყოფილიყო ჩვენ მიმართ დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან“. _ უთხრა მაშინ მედიას ახალგორის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილმა.
რატომ აუმხედრდნენ ხუნდაძეს მცხეთელი პოლიტიკოსები? _ ამის შესახებ ინტერნეტში უამრავი მასალის მოძიება შეიძლება. აი, მაგალითად, გთავაზობთ ამონარიდს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაშინდელი წევრის, დავით ჯალაბაძის ინტერვიუდან:
„დიმიტრი ხუნდაძეს გავემიჯნეთ იმის გამო, რომ მან კონფრონტაციის გზა აირჩია. ფაქტობრივად, მცხეთის რაიონში არაფერი კეთდება, ხორციელდება მხოლოდ ის პროექტები, რომელიც მთავრობის ან ადგილობრივი სახსრებით ფინანსდება. ჩვენ გვსურდა, დაგველაგებინა ურთიერთობა, მაგრამ დიმიტრი ხუნდაძემ არ ისურვა ჩვენთან ურთიერთობის მოგვარება. რამდენჯერმე ითხოვეს საკრებულოს წევრებმა მასთან შეხვედრა, თუმცა უშედეგოდ. ისე იქცეოდა, რომ ეტყობა, გარკვეული კონფრონტაცია და ურთიერთობის დაძაბვა უფრო აწყობდა.
ხუნდაძესთან არ გამოგვივიდა ურთიერთობის დალაგება და მხარი დავუჭირეთ ჩოჩელს. ეს რომ განვაცხადეთ, დიმიტრი ხუნდაძემ ცილი დაგვწამა, რომ თითქოს ჩვენ ქრთამი ავიღეთ. ეს მარტო დეპუტატის შეურაცხყოფა არ არის _ ჩვენ უკან დგანან ოჯახები, შვილები, ამომრჩევლები… მოვითხოვთ, დიმიტრი ხუნდაძემ კონკრეტულად დაასახელოს, ვინ გაიყიდა ფულზე და რამდენი აიღო, თუ არა, მაშინ ბოდიში მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ სასამართლოს. სხვა სამართლებრივი გზა არ არსებობს.
ისე, გამგებელთან მე არ მაქვს დაძაბული ურთიერთობა, თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს მაინც ზეწოლას განიცდის ხუნდაძის მხრიდან.
რაც შეეხება ნეპოტიზმს, გეტყვით, რომ დიმიტრი ხუნდაძის ბიძა საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს. მართალია, ეს თანამდებობა არჩევითია, მაგრამ, ფაქტობრივად, ძალადობით დანიშნეს და აირჩიეს.
ზოგადად, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ვინც მის ჭკუაზე არ დადის და მის შეხედულებებს არ იზიარებს, მტერია.
თავი მცხეთის პატრონი ჰგონია და ისე იქცევა, რომ სურს, ყველაფერს თვითონ განაგებდეს. ასე არ შეიძლება“.
მოკლედ, ხუნდაძე, ასე თუ ისე, ცნობილი იყო. აი, ირაკლი, იგივე დაჩი ბერაიას არსებობა კი, მართლაც, არავინ იცოდა.

ბატონი ბერაია საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მიმდინარე წლის 18 მარტს მოექცა, როცა „ევროსაქ“ ოთარ კახიძეს წაუთაქა. შეგახსენებთ: მაშინ ინციდენტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა, ანუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული კანონპროექტის განიხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კახიძემ უცნობ ბერაიას ჯერ ფურცლები ესროლა, შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ოთარ კახიძე ამტკიცებდა, რომ ბერაიამ შეაგინა. ამ ბრალდებაზე ბერაიას პასუხი ასეთი იყო:
„თუ ოთარ კახიძისთვის კორექტულობისკენ მოწოდება შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია… დამრჩა განცდა, რომ ოთო კახიძეს უნდოდა კომიტეტიდან წასვლა და ასეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა. მე ვსაუბრობდი, მინდოდა შეკითხვის დასმა, რისი საშუალებაც მან არ მომცა. მივუთითე კორექტულობისკენ, რამაც ინციდენტი გამოიწვია“.
ვინ არის ირაკლი, იგივე დაჩი ბერაია? _ უკვე ვიცით, რომ ეს სუბიექტი დეპუტატია და ბოლო დროს ისიც გავიგეთ, რომ 2016-ში ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი გამხდარა.
რას საქმიანობდა ბერაია გადეპუტატებამდე? _ ირკვევა, რომ მან შრომითი საქმიანობა „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ შიკრიკის პოზიციით დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასე წერია მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:
2013-2016 წლებში იყო სს ბანკ „ქართუს“ ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი. მანამდე კი, ანუ 2008 წლიდან 2013 წლამდე, ბერაიას „ქართუში“ სესხების ადმინისტრირებისა და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსისა და ასევე საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა.
ამას გარდა, ბერაია ერთხანს „ქართუს“ საკრედიტო მენეჯერი იყო. მანამდე კი „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ ჯერ შიკრიკად მუშაობდა, შემდეგ კი _ სპეციალისტ-შემფასებლად.
ბერაიას ბიოგრაფიიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, ანუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთარებულია და მისი სპეციალობა ფინანსები და კრედიტებია.
სხვათა შორის, ბერაია რუსეთში, სახელდობრ, სანკ-პეტერბურგში 1976 წელს დაიბადა, ჰყავს მეუღლე მაია გეგეშიძე და ქალ-ვაჟი _ არჩილი და მარიამი.
რაც შეეხება „ამბოხებული“ უცნობი მაჟორიტარის ქონებას, მისი ოჯახი ფლობს ბინას თბილისში, რომელიც მაია გეგეშიძის საკუთრებას წარმოადგენს და რომელშიც გადახდილია 81 000 აშშ დოლარი.
ირაკლი ბერაია ასევე ფლობს 2009 წელს გამოშვებულ BMჭ-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც 6000 დოლარდ 2016 წელს შეუძენია.
2018 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ბერაიას სახელზე ბანკ „ქართუში“ გახსნილია 13 ანგარიში, აქედან იმ მომენტში მხოლოდ ორზე _ სახელფასოსა და მიმდინარეზე _ ირიცხებოდა 1188,45 და 847,56 ლარი, ერთი კი გახლდათ საკრედიტო ანგარიში, რომელზედაც ირიცხებოდა 2000,32 ლარი.
ამავე მონაცემებით, ბერაიას მეუღლის „ბაზის ბანკში“ გახსნილ საკრედიტო ანგარიშზე ირიცხებოდა 503,68 ლარი, „ქართუში“ გახსნილ სახელფასო ანგარიშზე კი _ 3889,81. ამასთან, მაია გეგეშიძის სახელზე ბანკ „ქართუში“ გახსნილი იყო კიდევ 10 ანგარიში, აქედან 2 ანაბრის, რომელზეც ირიცხებოდა 1467,3 დოლარი და 3410 ლარი; კიდევ ერთ ანგარიშზე კი _ 230 ევრო.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვითვე ბერაია სამ კომპანიაში ფლობს წილებს. ეს კომპანიებია: შპს „პროექტების მართვის კომპანია“; შპს „პმკ 2013“ და შპს „პმკ უძრავი ქონება“. ამ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების გრაფაში მითითებულია _ „0“.
აქვე გეტყვით, რომ 2017 წლის განმავლობაში, ბერაიას, როგორც დეპუტატის სარგო, 56 865 ლარი იყო, მისმა მეუღლემ კი ბანკ „ქართუში“ ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მიიღო 40 625 ლარი, ამავე ბანკის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე კი _ 42774,71 ლარი.
ნიშანდობლივია, რომ ბერაიასა და მის მეუღლეს რამდენიმე სესხი სწორედ ბანკ „ქართუში“ აქვთ აღებული.

კიდევ ერთი „ბუნტოვშჩიკი“ მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილი გახლავთ, რომელიც იმთავითვე ირაკლი ღარიბაშვილის კლანის, ანუ „კახელების კარტელის ხელის ბიჭია“.
სანამ დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარი გახდებოდა, შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორი იყო. „ოცნების“ პოლიტიკურ არენაზე გამოჩენამდე კი არ დაიჯერებთ და, ლეიბორისტობდა. მისი ოფიციალური ბიოგრაფია ასეთია:
„დაიბადა 1983 წლის 11 თებერვალს თბილისში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი, ერთი წლის შემდეგ კი _ ამავე ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტი.
2005-2006 წლებში იყო შპს „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის“ მთავარი სამმართველოს სისტემური ანალიზის ჯგუფის სპეციალისტი; 2006-2007 წლებში _ შპს „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის“ მთავარი სამმართველოს გზებისა და ხაზოვანი კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტი; 2007-2009 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2009-2010 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2010-2012 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2012-2013 წლებში _ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2013-2016 წლებში _ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარლის მუნიციპალიტეტი ქალაქ თელავში) სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი“.
ირაკლი შიოლაშვილის ყველაზე მთავარი „ფიშკა“ ის გახლავთ, რომ თავდაცვის მოქმედი მინისტრის ცოლის თანაკლასელია.
იმის შესახებ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა და მისმა ოჯახმა სერიოზული ქონება დააგროვა, მედიაში არაერთხელ დაწერილა. მაგალითისთვის გთავაზობთ „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ მიერ რამდენიმე წლის წინანდელ გავრცელებულ მასალას:
„პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის მამამ, გენადი შიოლაშვილმა, 2017 წლის 11 სექტემბერს, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 275 000 კვ.მ. სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. დღეისთვის ირაკლი შიოლაშვილის მშობლების მფლობელობაში 3 250 000 კვ.მ., ანუ 325 ჰექტარი სახნავი მიწა ირიცხება. შიოლაშვილის მშობლები ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ გამდიდრდნენ, რაც მათი შვილი ჯერ გამგებლად, შემდეგ კი გუბერნატორად დაინიშნა.
ირაკლი შიოლაშვილის გუბერნატორობის პერიოდში მამამისმა, გენადი შიოლაშვილმა, 2016 წლის ნოემბერში, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 14 მიწის ნაკვეთი იყიდა _ სულ 20,4 ჰექტარი, რაშიც 50 000 ლარი გადაიხადა.
2016 წლის აგვისტო-სექტემბერში, გენადი შიოლაშვილმა იჯარის უფლებით მიიღო 1 340 000 კვ.მ. (134 ჰექტარი) სახნავი დანიშნულების მიწა, 2015 წლის 5 ოქტომბერს კი მან იყიდა სოფელ ოზაანში („თეფა“) მდებარე 24 ჰექტარი სახნავი მიწაც, რაშიც, დაახლოებით, 25 000 ლარი გადაიხადა.
2008-2010 წლებში, გენადი შიოლაშვილმა შეიძინა სახელმწიფოსგან პრივატიზებული, დედოფლისწყაროში, შირაქში მდებარე 3 სახნავი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 136 961 კვ.მ.-ს, ანუ 13,7 ჰექტარს. მანვე კერძო პირებისგან იყიდა დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, სოფელ ქვემო ქედში მდებარე 84 000 კვ.მ. და სოფელ ზემო მაჩხაანში („დიდნაური“) მდებარე 224 000 კვ.მ. სახნავი მიწის ნაკვეთები, ე. ი. საერთო ჯამში, _ 22,4 ჰექტარი.
ირაკლი შიოლაშვილის კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, დედამისმა, მარინე ღვინიაშვილმა, საკუთრების უფლებით შეიძინა დედოფლისწყაროში მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), რომელთა ფართობი, საერთო ჯამში, შეადგენს 83,0 ჰექტარს, ხოლო მასში გადახდილი თანხა _ 18 000 აშშ დოლარს და 65 000 ლარს.
ირაკლი შიოლაშვილის არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში მშობლები ოჯახის წევრებად მოხსენიებულნი არ არიან, არც მაშინ, როცა შიოლაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე დედოფლისწყაროს გამგებლად მუშაობდა და ამ პერიოდში მშობლებთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა“.

აბუნტებული მაჟორიტარებიდან თვალში საცემია კახაბერ ოქრიაშვილი, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებისთვის უცნობი პერსონაა, თუმცა ხალხი მას ისე კი არ იცნობს, როგორც პოლიტიკოსს, არამედ როგორც _ ქვეყნის მთავარ მეაფთიაქეს. მეტიც, ჯერ კიდევ 2009 წელს „მონიტორმა“ ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო:
„2005 წელს, კახა ოქრიაშვილის პარლამენტის დეპუტატობისას, კანონში ცვლილება მოხდა და წამლის რეგისტრაცია გამარტივდა. ეს ნიშნავს, რომ წამლის რეგისტრაციის მაძიებლისთვის მედიკამენტის შემოტანისა და გაყიდვის უფლების მოპოვება გაცილებით იოლი გახდა. ცვლილების თანახმად, „რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, წამლის სააგენტო ვალდებული გახდა, დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობებინა დასაბუთებული უარი რეგისტრაციის მაძიებლისთვის“. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში „რეგისტრაციის მაძიებელს არ ეცნობებოდა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, სამკურნალო საშუალება რეგისტრირებულად ითვლებოდა და სააგენტო ვალდებული იყო, სარეგისტრაციო მოწმობა გაეცა“, რაც დღემდე ასეა. ანუ შემმოწმებელს (სახელმწიფოს), პრაქტიკულად, არ ეძლევა წამლის შემოწმების საშუალება და შეუმოწმებელი ან საეჭვო წამალი მაინც უნდა დაარეგისტრიროს.
ცვლილებები კომიტეტში კახა ოქრიაშვილის ინიციატივით მომზადდა და მან პარლამენტის სხდომას ამ „კანონპროექტის შექმნის მიზანი“ განუმარტა, როგორც „ბიზნესთან დაკავშირებული სახელმწიფო პრიორიტეტის მხარდაჭერა, რაც ბიზნესისთვის ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებაში გამოიხატება“.
მანამდე, 2002 წელს, ჯანდაცვის იმჟამინდელ მინისტრ ამირან გამყრელიძეს ფარმამაფიოზებმა გამოაცემინეს კანონი, რომლის საფუძველზეც გააუქმებინეს ყველა იმ მედიკამენტის სერიული შემოწმება, რომელიც კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შემოჰქონდათ საქართველოში, რაც ნიშნავდა, რომ ხარისხი კიდევ უფრო უკონტროლო გახდა.
„კაცმა არ იცის, რისგან მზადდება წამალი. ფარმაცევტული კომპანიები თვითონ აკეთებენ სუბსტანციისა და გამზადებული წამლის ანალიზს და თავადვე გასცემენ სარეალიზაციო სერტიფიკატს. შერჩევითი კონტროლი მაინც უნდა ტარდებოდეს ნორმალურად და ეს უნდა ხდებოდეს სისტემატურად და არა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ“, _ აცხადებდა ლაბორატორია „ჯეოლაბის“ დირექტორი, ქეთევან ბარამიძე.
2008 წლიდან ლაბორატორიები არც იმ კანონით დადგენილ სერიულ და შერჩევით კონტროლს ახორციელებდნენ და ოქრიაშვილმა ლაბორატორია თავად დააარსა და მის ფარმაცევტულ ქარხანას დაარქვა GMP, რაც მსოფლიოში ხარისხის აღმნიშვნელია. ლაბორატორია მას შემდეგ უკვე თავად ამოწმებს საკუთარი წამლების ხარისხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქრიაშვილს მხოლოდ სიტყვაზე და მის ეშმაკურ წარწერა GMP-ზე უნდა ვენდოთ. სახელმწიფო მისი წამლების ხარისხს საერთოდ ვეღარ აკონტროლებს.
გარდა ამისა, ოქრიაშვილი, რომელიც სამი მოწვევის პარლამეტს წევრია (ის ერთხელ შევარდნაძისა და ორჯერ მიშას დროს გახდა პარლამენტის წევრი), გასულ საპარლამენტო არჩევნებში სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს. მისი შტაბის ხელმძღვანელის მიერ ოპონენტთა ეზოში შეჭრისა და მანქანისთვის მანქანის დაჯახების ვიდეოკადრები მაშინ მთელმა საქართველომ ნახა. მიშას მიერ „დატერორებული“ ბიზნესმენი ასე უმტკიცებდა მაშინ ერთგულებას მმართველ პარტიას.
„კახა ოქრიაშვილი არის კრიმინალი, რომელიც ხალხის დატერორებით ცდილობს, კიდევ ერთხელ გაინაღდოს თავისი მანდატი და ამის საშუალებას არ მივცემთ“, _ აცხადებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი.
2012 წლის ივნისში მედიაში გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დმანისელი გლეხები ყვებიან, თუ როგორ წაართვა მათ მიწები კახა ოქრიაშვილმა. ადგილობრივების თქმით, სამი წელია, ირგანჩაის საძოვრები დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის ოჯახმა მიისაკუთრა.
2014 წელს „პირველ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც მთავარ პროკურატურას რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დიმიტრი ბერუაშვილმა მიმართა, რომელიც დეპუტატ კახა ოქრიაშვილს მისი გატაცების დაკვეთაში ადანაშაულებდა და პარლამენტარისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვდა, თუმცა გამოძიება არც წარმართულა.
მნიშვნელოვანია, რომ ოქრიაშვილის „პე-ეს-პე“ სახელმწიფო ტენდერებს იგებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ანუ ახლანდელ „ქოც“ ოქრიაშვილს მიშასთანაც კარგი ურთიერთობა ჰქოდა და ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად, 2007 წელს, მან 750-ათასლარიანი ტენდერი მოიგო, რამდენიმე თვეში კი „ნაციონალურ მოძრაობას“ 100 ათასი ლარი უფეშქაშა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოქრიაშვილმა უკვე „ქართულ ოცნებას“ შესწირა 120 ათასი ლარი.

არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს ენზელ მკოიანმაც არ დაუჭირა მხარი. მკოიანიც, ოქრიაშვილის მსგავსად, მარადმწვანე მაჟორიტარი, ანუ ოთხი მოწვევის პარლამენტარია. 2012 წლის სექტემბერში მედია იმ ძალადობაზე წერდა, რაც მკოიანის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს:
„ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად, სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელ მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტ სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონება დაკარგა. იგი ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ნინოწმინდის პოლიციის განყოფილებაში მას ახსნა-განმარტება დააწერინეს“.
2012 წელსვე ენზელ მკოიანი „ქართული ოცნების“ აქტივისტის გატაცებასა და ცემაშიც იყო მხილებული.
„2012 წელს კი გაიტაცა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რაზეც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იარაღის ტარით ცემა, დაშინება, მუქარა _ ეს ყველაფერი დაფიქსირებულია“, _ ამბობდა მაშინ „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილი აქტივისტი მერაბ შათირიშვილი.
მოულოდნელად, მკოიანი „ნაციონალებს“ განუდგა და „გაქოცდა“. ამას 2013 წლის მოვლენებიც მოწმობს, როცა ნინოწმინდის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამის გამო რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს პოლიციაში უჩივლეს. მაშინ ენძელ მკოიანი საკრებულოს გადამდგარმა თავმჯდომარემ ცემაში დაადანაშაულა. ვლადიმერ სამბოსიანი ამტკიცებდა, რომ მკოიანმა „ქართული ოცნების“ სახელით ისარგებლა და მას თანამდებობიდან წასვლა აიძულა. კოალიციის ადგილობრივი შტაბი მაჟორიტარ დეპუტატთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა ახლა ნათელია, რომ მკოიანი მგზნებარე „ქოცია“.

როგორც სტატიის დასაწყისში ვთქვით, კიდევ ერთი „ბუნტოვშჩიკი“ ნინო წილოსანია, თუმცა ამ ქალბატონის მიმართ საზოგადოების ინტერესი, როგორც იტყვიან, „პლინტუსს ქვემოთაა“. ამიტომ მისი დოსიეს შედგენაზე არც დროის დახარჯვა ღირს და არც _ ჩვენი გამოცემის გვერდების მოცდენა.

გიორგი აბაშიძე