„ქრონიკა+“ ცხინვალიდან სამ კილომეტრში!

სოფელ ნიქოზში „ქრონიკა+“ პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან ერთად ჩავიდა.
იმდენად, რამდენადაც სოფლის სიღრმეში გადაადგილება პოლიციის თანხლების გარეშე არც ისე უსაფრთხო იყო, ამიტომ ადგილობრივ ამბულატორიას ვესტუმრეთ და დირექტორსა და მედპერსონალს გავესაუბრეთ, შემდეგ სოფლის მცხოვრებლების აზრითაც დავინტერესდით. საზღვრისპირა სოფელში ჩვენი ვიზიტის მიზანი, პირველ რიგში, სოლიდარობის გამოხატვა გახლდათ დაკავებული ექიმის _ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ. „ქრონიკა+“-ს არაერთი ინტერვიუ შეუთავაზებია თავისი მკითხველისთვის, სადაც რესპონდენტი ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვაჟა გაფრინდაშვილი გახლდათ. ამჯერად ჩვენი მხარდაჭერა თავად მას დასჭირდა და გადავწყვიტეთ, ეს საზღვირსპირა სოფელში გაგვეკეთებინა.

სანამ ნიქოზის ამბულატორიის ექიმები ეზოში ეწყობოდნენ და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის ემზადებოდნენ, „ქრონიკა+“ პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარეს სოფიო სლაბინსკის გაესაუბრა:
_ ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ქართველი ექიმი ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გაემგზავრა. 67 წლის დამსახურებულ მასწავლებელს ჭაში ჩავარდნის შედეგად მრავალჯერადი მოტეხილობა აღენიშნებოდა და ოკუპირებულ რეგიონში მას შესაბამისი სათანადო სამედიცინო დახმარება ვერავინ გაუწია. სწორედ ამ ქალბატონის დასახმარებლად ჩადიოდა ვაჟა გაფრინდაშვილი.
_ თქვენი ასოციაცია თუ აპირებს რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას?
_ ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, ეს არის სოლიდარობისა და თანადგომის გამოხატვა. მივესალმები „თეთრხალათიანების აქციას“, მაგრამ გადავწყვიტე, ეს სოლიდარობა აქ, ცხინვალიდან სამ კილომეტრში გამომეხატა, _ სამ კილომეტრში მდებარე ციხეში დაკავებულია ჩვენი უკვე გმირი ექიმი, რომელმაც არ ისურვა, საქართველოს საზღვარი უცხო ქვეყნის საზღვრად ეღიარებინა და ამიტომ ზის ციხეში. მასთან ერთად, სხვათა შორის, კიდევ სამი მოქალაქე დააკავეს, ანუ სულ ოთხნი იყვნენ, მაგრამ მხოლოდ ის დაატყვევეს. იცით, ეს იმხელა მაგალითია მთელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მთელი საზოგადოებისთვის და, ზოგადად, ეროვნული თვითშეგნებისთვის, რომელიც დღეს ასე ძალიან გვჭირდება და ასე ძალიან გვაკლია.
_ ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა გამოვკითხეთ და, სხვათა შორის, მათი ნაწილი ასე არ ფიქრობს: არ იყო საჭირო ვითარების დაძაბვა და ხელოვნური ესკალაციის შექმნაო. აი, ის სამი ხომ გამოუშვესო?
_ მე მესმის საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებთა ფსიქოლოგია. ისინი ისედაც მუდმივი შიშისა და დაძაბულობის ქვეშ იმყოფებიან და მაქსიმალურად ერიდებიან ვითარების დაძაბვას, რომ ოკუპანტმა კიდევ რამდენიმე მეტრით არ გადმოსწიოს საზღვარი და ამჯერად მათი სახლები არ მოიქციოს შიგნით. მათ დღევანდელობა აშინებთ და არ შეიძლება, ამისთვის განვსაჯოთ. მაგრამ ის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია და მაგალითი მთელი ქვეყნისთვის, ამაზე, მე მგონი, ორი აზრი არ არსებობს.

„ქრონიკა+“ ნიქოზის ამბულატორიის ექიმებსა და დირექტორს გაესაუბრა. ის, რაც აქ დაგვხვდა, ჩვენი გაზეთი ცალკე პუბლიკაციას მიუძღვნის, რადგან ამის არდაწერა და მისი გაუშუქებლობა, ფაქტების მთელი საქართველოსთვის არდანახება დაუშვებელია. ოდნავ შემაღლებულზე თუ ახვალ, რუსების ბლოკპოსტებს უყურებ და მაინც, _ მათზე ცხვირმიბჯენილი სოფლის ექიმები როგორ ზრუნავენ თავის „მიტოვებულ“ სოფელზე!

ნიკოლოზ ძამუკაშვილი _ ნიქოზის ამბულატორიის დირექტორი:
_ ჩვენი სოფელი საზღვარზეა და პირადად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დახმარება აღმოვუჩინოთ არა მარტო ქართველ, არამეს ოსს პაციენტებს. არც ერთი ჩვენგანი ეროვნებას არ არჩევს. პირიქით, ოსები ჩემი ძმები არიან. გაოგნებული ვარ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით. ამას არც ერთი საზღვრის იქით მცხოვრები ჩემი ოსი ძმა და მეგობარი არ იზამდა. მე არ მივცემ ამას პოლიტიკურ შეფასებას და არც ჩავერევი, მაგრამ ყველა ჩვენი ექიმი მის გვერდით ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, ჩემს ოს კოლეგებს ჩემზე არანაკლებ უნდათ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლება და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიხილავთ მას გარეთ.

კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.
აი, რა ინფორმაცია გაავრცელა დე ფაქტო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დეპარტამენტმა:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, ლენინგორის რაიონის სოფელ ახმაჯისა და ორჭოსანის დასახლებულ პუნქტებში, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, 9 და 11 ნოემბერს დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე. ესენი არიან: რამაზ არჩილის ძე ზადიშვილი (დაბ. 1961 წ., თბილისში მცხოვრები), დავიდ მიშელაშვილი ირაკლის ძე (დაბ. 1977 წ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემისხევის მცხოვრები), ვაჟა გაფრინდაშვილი ჯონის ძე (დაბ. 1977 წ. თბილისში მცხოვრები) და ზურაბ ტუხიაშვილ ზაქარის ძე (დაბ. 1956 წ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. კოდისწყაროს მცხოვრები)“.
13 ნოემბერს ლენინგორის სასამართლომ სამი მათგანი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში გადასცა და ფულადი ჯარიმის მისადაგების შემდეგ, გამოუშვა; ვაჟა გაფრინდაშვილს კი ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის საზღვრის უკანონოდ და განზრახ გადმოლახვის მუხლი მიუსადაგა და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თამარ როსტიაშვილი