ანა კობახიძე: „ოცნების“ დეპუტატთა თქმით, პარლამენტში მაჟორიტარების მსურველთა უფლება იზღუდება“

ზაფხულში ხელისუფლებამ აღშფოთებული ხალხის დაშოშმინება პროპორციულ სისტემაზე გადასვლით შეძლო. მმართველი პარტია და მისი ლიდერი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდებოდა. არადა, მანამდე ცოტა ხნით ადრე კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავიდოდით.
„ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ მას დაპირებების შესრულება არ უყვარს. არაა გამორიცხული, ეს დაპირებაც არ შესრულდეს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე „ოცნებამ“ უკვე ორჯერ თქვა უარი. ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდნენ, რომ თუ გაიმარჯვებდნენ, 2016 წლის არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. გაიმარჯვეს, მაგრამ პროპორციულზე გადასვლა 2020 წლისთვის გადადეს. 2016 წლის გამარჯვება იმდენად გაუტკბათ, რომ გადაწყვიტეს, მაჟორიტარულ ხიბლს 2024 წლამდე არ შელეოდნენ. არც შეელეოდნენ, მაგრამ ზაფხულში სიტუაცია დაიძაბა. ახლა ვითარება განიმუხტა და არაა გამორიცხული, „ოცნებამ“ მაჟორიტარები ისევ შეინარჩუნოს.

რა განცხადებებს აკეთებენ მმართველ პარტიაში? რატომ გაჩნდა ეჭვები, რომ ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარს იტყვიან? რა პრობლემებს შეუქმნის ოპოზიციას ნულოვანი ბარიერი? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ახალი საქართველოს“ წევრი ანა კობახიძე ესაუბრება:

_ ანა, თქვენ ივარაუდეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, თავისი ინიციატივა ჩააგდოს. საუბარია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე. რატომ გაგიჩნდათ ეს ეჭვები?
_ მოგეხსენებათ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებაა და მისი საჯაროდ განხილვა გაიმართა. მერე თემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც ორი ინიციატივა წარადგინეს. ერთი ხელისუფლების მომზადებული იყო, მეორე _ ოპოზიციის.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პროპორციული წესით არჩევნები საარჩევნო ბლოკების გარეშე და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. ოპოზიციის აზრით, ბლოკები უნდა დარჩეს და საარჩევნო ბარიერი 3% იყოს. ჩვენს მოთხოვნას 200.000 ამომრჩეველი უჭერს მხარს.
ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ როგორც საჯარო განხილვებზე, ასევე საკომიტეტო მოსმენაზე მხოლოდ „ოცნების“ ინიცირებული პროექტი გავიდოდა. ასეც მოხდა.
„ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის, ენძელა მაჭავარიანი, ასეც სვამდა საკითხს _ რამდენად კარგია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ზღუდავს თუ არა ეს იმ ადამიანთა უფლებებს, რომლებსაც სურთ, რომ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავდეთ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციას პირდაპირ ეუბნებოდა, _ თქვენ თუ-ს და მაგრამ-ის გარეშე ეს პროექტი უნდა მიიღოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამ პროექტს მხარს დაუჭერენო.
ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებასაც, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს და ოპოზიციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
_ საპარლამენტო ოპოზიცია ხომ ისედაც უჭერს მხარს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას?
_ დიახ. საპარლამენტო ოპოზიცია ცალსახად ამბობს, რომ ამ პროექტს მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის მხოლოდ ერთ ნაწილს ეთანხმება. საუბარია არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე. ბლოკების აკრძალვა და ნულპროცენტიანი ბარიერი ოპოზიციისთვის მიუღებელია.
მათ ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ რაღაც არ აკმაყოფილებთ. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა უკვე აღნიშნა, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა დაზღვეულები ვიყოთ, რომ პლენარულ სხდომაზე ეს კანონპროექტი გავა.
_ თქვენი აზრით, ამ განცხადებებით ისინი საზოგადოებას იმ აზრს აჩვევენ, რომ ეს ინიციატივა შეიძლება ჩავარდეს?
_ მათი ამ განცხადებებიდან გამომდინარე, გამიჩნდა განცდა, რომ ხელისუფლებას ამ პროექტის ჩაგდება სურს ან აპირებს, ის ოპოზიციასთან სავაჭროდ გამოიყენოს.
არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნებამ“ მოქმედი მაჟორიტარები აამხედროს და კანონპროექტი ჩააგდოს.
_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მაჟორიტარები ისედაც ეწინააღმდეგებიან აღნიშნულ ცვლილებას.
_ რამდენიმეა წინააღმდეგი, დანარჩენი მზად არის, პარტიულ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
_ ბუნებრივია, იბადება კითხვა, _ თუ ამ ინიციატივის ჩაგდებას აპირებენ, რატომ მოახდინეს მისი ინიცირება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, როდის მოხდა ამის ინიცირება, ყველაფერი ნათელი ხდება.
_ ამ ინიციატივით ხელისუფლება 20 ივნისის სისხლიანი ღამის შედეგ გამოვიდა. იმ დღეებში მოსახლეობაში ძალიან მაღალი საპროტესტო განწყობა იყო. ხელისუფლება იძულებული გახდა, აღელვებული ხალხის დასამშვიდებლად რაღაც გაეკეთებინა. ეს რაღაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა იყო. მაჟორიტარული წესით არჩევნების გაუქმებას საზოგადოება და ოპოზიცია უკვე წლებია, ითხოვს.
_ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ ხალხის დასაშოშმინებლად გადმოაგდეს. თან განხილვაც ჭიანურდება.
_ ინიციატივა მართლა ხალხის დასაშოშმინებლად გადმოაგდეს, მაგრამ მისი განხილვა არ ჭიანურდება. ეს ვადებშია გაწერილი. საკონსტიტუციო ცვლილება მარტივად ვერ მიიღება, მას ორი სესია სჭირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, როგორც საჯარო განხილვების დროს, ასევე საკომიტეტო მოსმენაზე განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებდნენ. ეს გვიჩენს იმის განცდას, რომ „ოცნებამ“ შეიძლება, ეს ინიციატივა ჩააგდოს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ მოგვწონს ბლოკების აკრძალვა და ნულოვანი ბარიერი, მიგვაჩნია, რომ არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.
_ ბლოკების გაუქმება და ნულოვანი ბარიერი რატომ არ მოსწონს ოპოზიციას?
_ ჩვენ არ გვესმის, რატომ უკრძალავს „ოცნება“ პარტიებს ბლოკების შექმნას. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში საარჩევნო ბლოკის სახით მოვიდა.
რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, ეს მხოლოდ „ოცნებას“ აწყობს. ეს მათთვის კარგი შანსია საიმისოდ, რომ პარლამენტში კონტროლირებადი ოპოზიცია შეიყვანოს, ხოლო შემდეგ მათი დახმარებით მთავრობა დააკომპლექტოს.
2020 წლის არჩევნების შემდეგ „ოცნება“ დამოუკიდებლად ვეღარ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას. ამიტომ ცდილობს, თავი დაიზღვიოს და პარლამენტში ისეთი ოპოზიციური პარტიები გაიყვანოს, რომლებიც მის ნებას შეასრულებენ და მთავრობის დაკომპლექტებაში დაეხმარებიან.
მე ისეთ პარტიებზე მოგახსენებთ, რომლებსაც ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში თითო-თითო კაცის გაყვანის შანსი აქვთ. აი, ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ 3%-იანი ბარიერის დაწესება.
მიუხედავად იმისა, რომ ბლოკების შექმნა იკრძალება, ოპოზიცია მაინც მოახერხებს ერთიანობას.
_ როგორ?
_ ეს სიურპრიზად დავტოვოთ. როცა საჭირო გახდება, ამას ვიტყვით და ხელისუფლებაც გაიგებს.
ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ბლოკის სახით მოვიდა, პარტიებს საარჩევნო ბლოკის შექმნას უკრძალავს.
ბლოკების აკრძალვა ოპოზიციისთვის ერთგვარ პრობლემებს ქმნის. საარჩევნო ბლოკის შექმნა ბევრად იოლია, ვიდრე ის, რომ რამდენიმე პარტია ერთ ძალად გადაიქცეს. ამას მთელი რიგი გადაწყობები დასჭირდება ან თავიდან უნდა შეიქმნას ახალი პარტია.
რაკი ასე იბრძვიან ბლოკების წინააღმდეგ, გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია ოპოზიციის ერთიანობის. ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც მოახერხებს გაერთიანებას.
უსაქმურად არც ხელისუფლება ზის. ისიც ცდილობს ოპოზიციის დაქსაქსვას. რიგ პარტიებს ეუბნებიან, _ რად გინდათ ბლოკები და ბარიერები, ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში უფრო იოლად მოახერხებთ პარლამენტში თუნდაც ერთი კაცის გაყვანასო.
_ რა მოხდება, თუ ხელისუფლება თავისსავე ინიცირებულ პროექტს ჩააგდებს?
_ ხალხისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ. არც ოპოზიცია გაჩერდება. ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ამ ინიციატივით ზაფხულში ხალხი დააშოშმინეს. დროებით დაშოშმინებული ხალხი ისევ გამოვა გარეთ.

შორენა მარსაგიშვილი