ქეთევან პავლიაშვილი: ვინ უნდა ჩაატაროს ახალი რუის-ურბნისის კრება?

საპატრიარქოში საოცარი ამბები ხდება. ამას ხელისუფლება ოპოზიციის ერთ ნაწილს აბრალებს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას სდებს ბრალს. ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს არც სასულიერო პირები ერიდებიან.
ბევრი ამტკიცებს, რომ მსგავსი რამ ქართული ეკლესიის არსებობის ისტორიაში არ მომხდარა. არადა, ისტორიაში მსგავსი ფაქტები მოიძებნება. ხელისუფლება და ეკლესიაც ყოფილან ერთმანეთთან დაპირისპირებული.

დგანან თუ არა ეკლესიაში არსებული პროცესების უკან პოლიტიკოსები? რამდენად ხშირად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ეკლესია და სახელმწიფო? როგორ უნდა მოიწვიონ ახალი რუის-ურბნისის კრება? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს თსუ-ს პროფესორი, ეკლესიოლოგი ქეთევან პავლიაშვილი ესაუბრება:

_ ქალბატონო ქეთევან, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ საეკლესიო სკანდალის უკან ხელისუფლება დგას, ხელისუფლება კი ოპოზიციის ნაწილისკენ იშვერს ხელს. ამბობენ, ასეთი შეტევა ეკლესიაზე ბოლშევიკების დროსაც არ ყოფილა. თქვენ, როგორც ისტორიკოსი და ეკლესიოლოგი, რას ფიქრობთ, რა ხდება?
_ თუ ძველი, ახალი და უახლესი ისტორიული გამოცდილებიდან ვიმსჯელებთ, მიმდინარე საეკლესიო პროცესის უკან, პირადად მე, ვერც ხელისუფლებისა და ვერც ოპოზიციის ხელს ვერ ვხედავ. სხვა საქმეა, რომელი მხარის ინტერესებშია ან პირიქით _ ინტერესებს ეწინააღმდეგება ეს მოვლენა; ან, კიდევ, რომელი მხარე როგორ გამოიყენებს საეკლესიო შფოთს.
გამომდინარე უახლესი საეკლესიო სქიზმის პროვოცირების (XX საუკუნის 90-იანი წლები) ისტორიიდან, აქ უფრო იკვეთება გარე ძალთა (პოლიტიკური თუ საეკლესიო) ინტერესები.
აღნიშნული მოსაზრება ჩემი სუბიექტური შეხედულებებით იმით არის განპირობებული, რომ რაოდენ დაინტერესებულიც არ უნდა იყოს ხელისუფლება მისთვის სარგებლიანი ძალის გაძლიერებით ეკლესიაში, მას მაინც არ უნდა აწყობდეს იქ ვითარების დაძაბვა, რამეთუ ეკლესიას ისტორიულად დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე, საეკლესიო დაძაბულობაც სახელმწიფოში არეულობას იწვევდა.
დღეს ქვეყანაში არსებული რთული პროცესებიდან გამომდინარე, საეკლესიო შფოთი არ უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესებში, პირიქით, „მშვიდი ეკლესია“ გარანტიაა ხელისუფლების სიცოცხლისუნარიანობის.
რაც შეეხება ოპოზიციას, მგონია, ის ნაკლებად უნდა იყოს შიდა საეკლესიო საქმეებში ჩახედული, თუმცა საერთაშორისო საეკლესიო პროცესებზე ფართო ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
თუ დაუშვებთ, რომ მიმდინარე საეკლესიო პროცესები გარე ძალების პროვოცირებულია, მაშინ საეკლესიო შფოთი რადიკალმა, ლიბერალმა ოპოზიციურმა ძალებმა დასაშვებია, ხელისუფლებისა და სისტემის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ.
არის კიდევ ორივე მხარეს გამიჯნული საზოგადოება, რომელიც საეკლესიო შფოთში ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული რელიგიის განადგურების საფრთხეს ხედავს.
მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, წლების მანძილზე დაგროვილ შიდასაეკლესიო ნეგატიურ მოვლენებთან, ქართველი საზოგადოების გაუცნობიერებლობასთან ეკლესიის ადგილსა და როლზე სახელმწიფოში და ამ უკანასკნელის ასევე ოპოზიციის ერთი ნაწილის მცდელობასთან, თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ეკლესია და მისი სასულიერო დასი საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის.
_ ისტორიულად რამდენად ხშირად ხდებოდა ქართულ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება? ყველაზე დიდი სკანდალი რა იყო?
_ თუ შევადარებთ მსოფლიოს დიდი ქრისტიანული სახელმწიფოებისა და ეკლესიების ურთიერთდაპირისპირებას საქართველოს საეკლესიო-სახელმწიფო ქიშპს, დავინახავთ, რომ ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც მსგავსი მოვლენები იშვიათად იჩენდა თავს.
ამას თავისი ახსნა მოეძებნება: საქართველო ოთხი ცივილიზაციის გზასაყარზე მდებარე, თავისი გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად გარე ძალთა ინტერესის არეალს წარმოადგენდა _ საქართველოს ისტორიულად მშვიდი ცხოვრების ფუფუნება თითქმის არასდროს ჰქონია.
გამომდინარე აქედან, ქვეყნის გადარჩენისთვის ეკლესია და სახელმწიფო ერთად იდგა და კრავდა საზოგადოებას მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. სხვა ვითარება იყო ქვეყნის აღმშენებლობის დროს. აქ აღმშენებლობაზე აზრთა სხვადასხვაობა, უფლებამოსილებისთვის ძალთა გადანაწილება იწვევდა სასულიერო და საერო ხელისუფლების ურთიერთობაში დისჰარმონიას, რაც ბუნებრივად აისახებოდა როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის ცხოვრებაზე.
ძლიერი იყო ხელისუფლება, შესაბამისად, ძლიერი იყო ეკლესიაც და პირიქით. საქართველო ყოველთვის იცავდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის კოდექსს, „კლასიკურ სიმფონიას“, რომლის თანახმად, ქვეყნის წინაშე ეკლესიასა და სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები ჰქონდათ: სახელმწიფო იცავდა ეკლესიას გარე ძალებისა და შიდა საეკლესიო დავების, სქიზმა-მწვალებლობების წარმოშობისგან და სასულიერო პირებში მანკიერებების წარმოქმნისგან; ხოლო ეკლესია სახელმწიფო იდეოლოგიის სადარაჯოზე იდგა. ჯანსაღი იყო სახელმწიფოს შიდა თუ საგარეო პოლიტიკური კურსი, _ ჯანსაღი იყო ეკლესიის იდეოლოგია მასებზე ხელისუფლების სასარგებლოდ.
თუ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, ყველა ის შფოთი ეკლესიაში, რომელიც ისტორიულად არსებობდა, დასაშვებია დაიყოს შემდეგ ეტაპებად:

  1. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმა;
  2. დავით აღმაშენებლის საეკლესიო რეფორმა;
  3. თამარის ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირება;
  4. გიორგი ბრწყინვალის საეკლესიო რეფორმა;
  5. გასული საუკუნის 20-იანი წლების სქიზმის პროვოკაცია საქართველოს ეკლესიაში _ „ქუთაისის კრება“;
  6. გასული საუკუნის 90-იანი წლების სქიზმის პროვოკაცია საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში.
    _ დღეს ბევრი საუბრობს რუის-ურბნისის კრების ჩატარების აუცილებლობაზე. თქვენ რას იტყვით ამაზე და რის საფუძველზე იწვევენ ასეთ კრებას? ვინ უნდა მოიწვიოს ის _ საერო თუ საეკლესიო ხელისუფლებამ?
    _ არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, რომ რუის-ურბნისის კრება საერო ხელისუფლებამ ჩაატარა და მის მოწვევასა თუ გადაწყვეტილებებში ეკლესიას ნაწილობრივი წვლილი მიუძღვის.
    დავითმა ზედმიწევნით კარგად იცოდა აღმოსავლეთ ეკლესიის (მართლმადიდებლობა) ტრადიცია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაში, იცავდა „კლასიკურ სიმფონიას“, იცოდა ეკლესიის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში და მაღალ დონეზე ფლობდა პასუხისმგებლობას ეკლესიის დაცვა-გადარჩენის საქმეში, რომლის გარეშეც ქვეყანას ვერ ააღორძინებდა.
    იმ დროის ეკლესიაში გაბატონებული იყო თითქმის ყველა კატეგორიის მანკიერება, რომ არაფერი ითქვას მის კავშირზე ქვეყნის მტრებთან.
    ამ მდგომარეობის გამოსწორებას, ბუნებრივია, ეკლესია თავის წიაღში არ ან ვერ მოახერხებდა. ასეთ დროს ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო, ისევე როგორც ისტორიულად ჯანსაღ მდგომარეობაში მყოფი ეკლესია უწევდა წინააღმდეგობას ქვეყნის უნიათო ან მოღალატე ხელისუფალთ. ასე რომ, აღმოსავლეთ მართლმადიდებლური სარწმუნოების კანონიკიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია ყოველთვის იდგა ეროვნული სახელმწიფოს დაცვა-გადარჩენის სადარაჯოზე და თუ მასში ბუნებრივად ჩნდება დარღვევები, ხელისუფლება მისი გამოსწორების სადარაჯოზე უნდა დადგეს.
    _ არის მოსაზრებები, რომ ეს სკანდალი დაშლის ქართულ ეკლესიას, თქვენ რას იტყვით? ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე?
    _ ამ რთულ პერიოდში საქმეში ჩაუხედაობის, საზოგადოებაში საკითხზე ცოდნის სიმწირის გამო უამრავი არათანმიმდევრული და მცდარი შეხედულება ჩნდება, რომელიც ზოგი შიშით, სიფრთხილით არის განპირობებული, ზოგიც მიზანმიმართულად პანიკის დამთესველია, ზოგიც მიზან-მიზეზებში გარკვევითა და ძიებით არის განპირობებული.
    მსოფლიოს ქრისტიანული სამყაროს ისტორია და მისი შემადგენელი საქართველოს მართლმადიდებლური სახელმწიფო ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ ეკლესია ვერ განადგურდა, რასაც თავისი მიწიერი თუ მისტიკური ახსნა მოეძებნება. სხვა საკითხია საეკლესიო სქიზმა (განხეთქილება), რომლის პროვოკაციის წინაშეც ნამდვილად დგას ჩვენი ქვეყანა.
    სრული დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი შიდა საეკლესიო პრობლემა გარე ძალებიდან მომდინარეობს, რომელიც პოლიტიკური მიზნით არის განპირობებული და საეკლესიო „ინტერესებით“ შებურვილი. ასეთ პოლიტიკას მსოფლიოში დიდი ხნის ისტორია აქვს და არა მხოლოდ ჩვენთან.
    მეორე მხრივ, საქართველოს სამოციქულო ეკლესია არ გახლავთ გამონაკლისი, კიდევ უფრო რთული პროცესები მიმდინარეობს, მაგალითად, უკრაინის ეკლესიაში, თუმცა ეს ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანას შვებას ვერ გვრის. ამგვარი პრობლემების მოგვარებას სჭირდება საერო და სასულიერო ხელისუფლების ჯანსაღი ნება ქვეყნისა და ეკლესიის კეთილდღეობის ერთობლივ ძალისხმევაზე.

შორენა მარსაგიშვილი