რომან გოცირიძე: „ივანიშვილმა მოინდომა, პირადი პატრიარქი ჰყოლოდა“

„ქართული ოცნება“ თავის სტილს არ ღალატობს და საპატრიარქოში მიმდინარე ხმაურიან მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით იშვერს თითს. მოცემულობა კი, რომელიც ხელისუფლებას არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს, ასეთია: მეუფე იაკობმა რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე სხვა მაღალჩინოსნები ქვეყნის კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, უმაღლესი სასულიერო პირები კი _ პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაში.

როგორ პასუხობს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს? შეიქმნება თუ არა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და რატომ უწევს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ეკლესიას ხელისუფლების დაკვეთის შესრულება?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ბატონო რომან, 31 ოქტომბრის ხმაურიანი სინოდის სხდომასა და 20 ივნისის მოვლენებს შორის ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსებას ხედავენ და საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ. რას უპასუხებთ ამ ბრალდებებს?
_ უკვე კომიკურ სახეს იღებს ყველაფრის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადმობრალება. ბოლო დროს მათ მიერ წამოყენებული ბრალდებები იმაზე სასაცილოა, ვიდრე საბურავების რევოლუცია. თურმე თბილისში საწყობებში ათასობით საბურავი გვქონდა გადამალული, რომლითაც ქუჩებს გადავკეტავდით. რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ რევოლუციას „ვაწყობდით“ და ჯერ ერთი საბურავიც არ აღმოუჩენიათ. ასეთი სულელური ბრალდების ერთ-ერთი ნაირსახეობაა ის, რომ თურმე საპატრიარქოში „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა გადატრიალებას, არადა, ჩვენ უკვე შევიტანეთ პარლამენტში დადგენილების პროექტი და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვთ. ეს საკითხი გუშინ ბიუროზე განიხილეს და ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ კომისიამ ის წარმოუდგენელი ფაქტი გამოიძიოს, რა განცხადებაც გააკეთა მეუფე იაკობმა, რომელმაც პირდაპირ ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს საეკლესიო გადატრიალების მოწყობაში. მისი თქმით, მოქმედ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამინდელ შს მინისტრს უნდოდათ, შეთქმულებაში ჩაეთრიათ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორის, პირადად მეუფე იაკობი, რომლის მიზანიც იყო საქართველოს პატრიარქის ვადაზე ადრე შეცვლა და მათთვის მისაღები პატრიარქის დასმა საქართველოს ეკლესიის მეთაურად. ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა და უკიდურესად აღმაშფოთებელი ფაქტი და ამის გამოუძიებლობა დანაშაულის ტოლფასია. ხელისუფლებამ აბსურდული განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ ამის გამოძიებას არ დაიწყებდა, რადგან მეუფე იაკობმა საკუთარი განცხადება მოინანია. არადა, სინოდზე მსგავსი რამ არ ყოფილა, სინოდმა მას საყვედური გამოუცხადა მხოლოდ არანორმატიული ლექსიკის გამოყენებისთვის. სინოდზე არ ყოფილა საუბარი იმის შესახებ, რომ მსგავსი შეთქმულება არ იგეგმებოდა და არც მეუფე იაკობს უთქვამს, რომ მან რაც განაცხადა, ეს იყო გამოგონილი ისტორია. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აღძრულიყო საქმე. ერთი ვერსიაა, არნახული ცილისწამება ხელისუფლების უმაღლესი პირების მისამართით ან მეორე ვერსიაა, რომ ეს ხალხი აწყობდა ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გარანტირებულია დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა, ეს არის ასახული კონკორდატის ხელშეკრულებაში, სადაც ეკლესიის დამოუკიდებლობა და მის საქმიანობაში ჩაურევლობა გარანტირებულია ორმხრივი ხელშეკრულებით. ეს ფაქტი, რაც მეუფე იაკობმა აღწერა, ანტიკონსტიტუციურია და ჩვენ ამ ფაქტის გამოძიებას ვითხოვთ. თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამას არა ხელისუფლება, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავდა, როგორც იტყვიან: „აგერ ბურთი და მოედანი“. სულ მალე კენჭისყრაზე დადგება პარლამენტის ფარგლებში გამოძიების დაწყების საკითხი, საჭიროა 50 ხმა. „ქართული ოცნების“ გარეთ დარჩენილ დეპუტატებს, დაახლოებით, 50 ხმა გვაქვს, მაგრამ აქედან 7 არის „პატრიოტთა ალიანსი“ და „სოციალისტები“, რომლებიც „ქართული ოცნების“ სატელიტები არიან და ისინი ხმას არ მოგვცემენ. დაახლოებით 7-8 ხმა გვაკლდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ეყოფათ გამბედაობა და კომისიას შექმნიან. ან მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ გაბედოს და გამოძიება დაიწყოს. დროებით საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, კომისიაში მათ უპირატესობა და ნებისმიერ შემთხვევაში ამ კომისიის წამყვანი პოზიციები ექნებათ. მათ თუ არ ეშინიათ სიმართლის გამოვლენისა და იმის, რომ ცილისწამება დაუმტკიცდებათ საეკლესიო საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩარევის ბრალდებაზე, მაშინ მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის შექმნაში. თუკი კომისია ჩავარდა და მთავრობამ გამოძიება არ დაიწყო, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ დანაშაულის მიჩქმალვა უნდათ. დანაშაულს, რომელზედაც მეუფე იაკობმა განაცხადა, წინ უძღოდა ძალიან ბევრი რამ, რაც ეკლესიაში მიმდინარეობდა: აბსოლუტურად გაურკვეველი და აბსურდული „ციანიდის საქმე“, სინოდის გადაწყვეტილება მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ მინისტრები და მათ შორის გენერალური პროკურორიც კი დადიოდა საპატრიარქოში და, ფაქტობრივად, დეკანოზ მამალაძის სასამართლო გაიმართა საპატრიარქოში სასულიერო პირებისა და მთავრობის წევრების მონაწილეობით. ჩვენ საჯაროდ, ტელეეკრანებზე ვხედავდით, თუ რა ინტენსიური კავშირები ჰქონდა ხელისუფლებას ეკლესიასთან. ეს სცდება იმ ერთი შეთქმულების ფაქტს და ამიტომ, შესაძლოა, საგამოძიებო კომისიამ ძალიან ბევრ რამეს ახადოს ფარდა.
თუ კომისია ჩავარდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ბრალდება, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, სწორია და ხელისუფლება, ფაქტობრივად, ახალ დანაშაულს სჩადის, აფარებს რა ხელს იმ დანაშაულს, რომელიც ხელისუფლებისავე წარმომადგენლებმა ჩაიდინეს. კვირიკაშვილს არასდროს ჰქონია ავტონომიური ქმედების შესაძლებლობა და თავადაც აღიარებს ამას. ყველამ კარგად ვიცით, რომ გახარია ივანიშვილის სასურველი მარიონეტია; ხოლო ივანიშვილის პირადი დაცვა დღეს შს მინისტრია და ბუნებრივია, მის გარეშე ნაბიჯს არ გადადგამდა. შეუძლებელია, ამ სამ ადამიანს დაეგეგმა შეთქმულება ივანიშვილის გარეშე. შეთქმულების სათავეში, ბუნებრივია, ივანიშვილი დგას და დროებითი საგამოძიებო კომისია პირდაპირ მივიდოდა ამ ამბის მთავარ ორგანიზატორთან.
_ მეუფე პეტრესთან მიმართებით თქვენი ოპონენტებისგან ისმის, რომ სინოდის სხდომაზე სკანდალური განცხადებებით ის ცდილობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები გაეტარებინა და არეულობა მოეწყო საპატრიარქოში. რა არგუმენტი გაქვთ ამ საკითხზე?
_ 2016 წელს, სანამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ჯგუფი გამოეყოფოდა და სხვა პარტიას შექმნიდა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რეგიონებში შეხვედრების დროს, დათო ბაქრაძესთან ერთად რაიონები მოვიარე. ჩვენ ამომწურავი ინფორმაცია გვქონდა, თუ ვის უჭერდა მხარს სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, სასულიერო პირები. უტყუარ ინფორმაციას ვფლობდით, რომელსაც ყველა ადასტურებს, მთელი სამეგრელოს რეგიონი, რომ მეუფე პეტრე მხარს უჭერდა მაშინდელ სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას და მეუფე პეტრე იყო „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი. სწორედ მისი დამსახურება გახლდათ, რომ ოთარ დანელიამ გაიმარჯვა მარტვილში, სადაც ძალიან სერიოზული პოზიციები გვქონდა ჩვენ. მან მცირე უპირატესობით მოიგო. მარტვილში უძლიერესი ადგილობრივი ორგანიზაცია გვყავდა და რომ არა ეკლესიის ჩარევა, იქ „ნაცონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა. დღეს რომ ოთარ დანელია დეპუტატია, ის ამას მეუფე პეტრეს უნდა უმადლოდეს. ასე რომ, „ქართული ოცნების“ მხრიდან უზნეობაა იმ ადამიანის დამსახურების ხაზის გადასმა, რომელმაც მარტვილში არჩევნები მოაგებინა, ამიტომ გამოვიდეს ბატონი ოთარ დანელია და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ ცილს სწამებს მეუფე პეტრეს. ელემენტარულად, ზრდილობის, ზნეობისა და ვაჟკაცობის საკითხია, ვისი წყალობითაც მოხვდა პარლამენტში, ის დაიცვას დაუსაბუთებელი ცილისწამებისგან. (იცინის) რაც შეეხება ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს, ეს ეკლესიაში არსებული უმძიმესი ვითარების შედეგია. ეკლესია სერიოზულ კრიზისშია. არავისთვის არის დასამალი სინოდის ბევრი წევრის აშკარა პრორუსული პოზიცია, ხოლო სინოდის ზოგიერთი წევრი პირდაპირ პუტინის მეხოტბეა. წარმოუდგენელი ქადაგებების მომსწრე ვართ, როცა სასულიერო პირი 2008 წლის ომსა და ტერიტორიების ოკუპაციას ღვთის წყალობასა და ღვთისგან გამოგზავნილ ხელს უწოდებს, რომელმაც საქართველო უნდა გადაარჩინოს გარყვნილი ევროპისგან. როდესაც ასეთი ეპისკოპოსი ზის სინოდში და ეს ასატანია, როგორც სინოდისთვის, ასევე _ მრევლისთვის, უკიდურესად დამაფიქრებელი საკითხია. წინ საეკლესიო რეფორმა გვაქვს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქართველოში თავად ეკლესიის შიგნით გაჩნდება ისეთი ძალა, რომელიც განწმენდის პროცესს დაიწყებს. ამ პროცესში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლება, რომელსაც საპატრიარქოს მართვა უნდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. დღეს რაც საპატრიარქოში ხდება, არეულობის შეტანა შიგნით, დიდწილად განაპირობა საქართველოს ხელისუფლებამ, თუმცა საპატრიარქოში რომ პრობლემებია, ამას არავინ უარყოფს. საპატრიარქო ასცდა მრეველს. საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ევროატლანტიკურ სივრცეში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია უნდა, ეს ადამიანები ამბობენ, რომ უნდათ ევროპა, ხოლო სინოდის 70% არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას. მათი უმრავლესობა რუსეთის გავლენის ქვეშაა. ამ შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთს აცდენილია ეკლესიის ბიუროკრატია და მრევლი, რაღაც ეტაპზე ეკლესია იძულებული იქნება, რომ მრევლის დაკვეთა შეასრულოს.
_ მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოში ამ დრომდე ის, რომ ეკლესიამ მრევლის დაკვეთა შეასრულოს?
_ რადგან არ არსებობს პირდაპირი კავშირი მრევლსა და საპატრიარქოს შორის, საპატრიარქოსა და საეპისკოპოსოებს შორის. როდესაც ეპისკოპოსი პუტინისადმი ხოტბას აღავლენს, ამ შემთხვევაში მას მრევლმა ზურგიც რომ აქციოს, ეს ამ საეპისკოპოსოსთვის პრობლემა არ იქნება, ვინაიდან ფინანსურად, ფაქტობირვად, არავითარი კავშირი არ არსებობს მრევლსა და ეკლესიას შორის. ეპარქიები ნორმალური, ცივილიზებული ფორმით რომ ფინანსდებოდეს, მაგალითად, როდესაც დაფინანსება დამოკიდებულია შემოწირულობებზე და ძირითადი ფინანსები მაინც მრევლისგან შემოდის, რომელიც, გარკვეულწილად, ფინანსებით აკეთებს შეკვეთას, საეკლესიო პირების მხრიდან პრორუსული პოზიციების დაფიქსირების შემთხვევაში, მრევლი ზურგს აქცევს კონკრეტულ ეპარქიას და ეს უკანასკნელიც გაკოტრდება. მაგრამ დღეს ჩვენთან, ფაქტობრივად, ეკლესიას სახელმწიფო აფინანსებს. გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსება და წყალობა აქვს ეკლესიას: ქონებისა და მიწების გადაცემა; ასევე გარანტირებული სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს მუნიციპალური ბიუჯეტებიდან მუნიციპალური ქონებების სახით. ამიტომ პირდაპირი ბმა ეკლესიას დაფინანსების კუთხით უფრო ხელისუფლებასთან აქვს, ვიდრე _ მრევლთან. ამ შემთხვევაში შემკვეთი არ არის მორწმუნე ადამიანი, შემკვეთია სახელმწიფო. 2012-2019 წლებში საპატრიარქომ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 400 მილიონი ლარი მიიღო. საპატრიარქო დღეს იმდენ მიწის ნაკვეთს ფლობს, რაც უდრის მთელ ბათუმის ტერიტორიას. ამიტომ საპატრიარქოს ნაკლებად აინტერესებს მრევლის აზრი და განწყობა, ვინაიდან მრევლი არ უკვეთს მუსიკას. გარდა ამისა, საპატრიარქოს აფინანსებს კერძო ბიზნესი, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი პრორუსული ორიენტაციისაა. კერძო შემოწირულობებიც საკმაოდ დიდია რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ბიზნესმენების მხრიდან. ეს ადამიანები აშენებენ ეკლესიებს და, გარკვეულწილად, ამით გავლენას მოიპოვებენ საპატრიარქოზეც, რითაც ავითარებენ რუსულ ინტერესებს. ესეც ერთ-ერთი პრორუსული ფაქტორია. მთლიანობაში, ეს შეგვიძლია განვიხილოთ (შეგნებულად ან შეუგნებლად) რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად. ხშირად ბიზნესმენებისთვის საპატრიარქო ხელისუფლებასთან ურთიერთობის ვაჭრობის ინსტრუმენტია, უსაფრთხოების ერთგვარი გარანტი. ისინი ფულით ყიდულობენ საპატრიარქოს მფარველობას და შემდეგ ამას იყენებენ მთავრობასთან ურთიერთობაში. ძალიან გადაიჯაჭვა ერთმანეთთან ბიზნესი, ეკლესია და ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამაში, პირველ რიგში, დამნაშავეა ხელისუფლება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ შემკვეთია სახელმწიფო, ანალოგიურად იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ხელისუფლებაში თქვენი ყოფნისას ეკლესიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდით, _ ამასთან დაკავშირებით რას იტყვით? რა განასხვავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნებისგან“ ამ კუთხით?
_ სამწუხაროდ, ამ კუთხით სცოდავდა ყველა ხელისუფლება: შევარდნაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნებისაც“, მაგრამ მასშტაბები ძალიან განსხვავდება. შევარდნაძის ხელისუფლების ფინანსური შესაძლებლობები უკიდურესად მწირი იყო, უფრო მეტი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ წარმოუდგენლად დიდია დღევანდელი ხელისუფლების ფინანსური შესაძლებლობები, მით უმეტეს, არაფორმალური მმართველის. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მთელი თავისი რესურსების უზარმაზარი ნაწილი რეფორმებს, პენსიების ზრდასა და გზების მშენებლობას მოახმარა. დღეს კი არსებობს ოლიგარქი, რომლის ქონებაც უდრის ქვეყნის ბიუჯეტის ქონებას. მან თავიდან განაცხადა, რომ სკეპტიკურად უყურებდა ეკლესიას, ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა კიდეც, რომ აგნოსტიკოსია. რა თქმა უნდა, ამაში დასაძრახი არაფერია, რადგან რელიგია რწმენის საგანია, თუმცა ივანიშვილის ამ განცხადებების მიუხედავად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, უცებ დავინახეთ, თუ როგორ იდგა სამეგრელოში ეკლესიაში ხატების წინ, როგორ შეჰპირდა სხვადასხვა ეპარქიას ფულის გამოყოფას ეკლესიებისთვის და ა. შ. მისი პირადი ჩარევა, ფაქტობრივად, ეს იყო საარჩევნოდ ეკლესიის მიმხრობის ტაქტიკა. მეორე მხრივ, მას უნდოდა, რომ არაფორმალური მმართველობის სფეროსთვის საბოლოოდ დაემორჩილებინა ეკლესია და საპატრიარქო. ვინაიდან ის აკონტროლებს მთელ მთავრობას, ძალოვან ბლოკს, მათ შორის, პროკურატურას, მთელ სასამართლო სისტემას, 20 მოსამართლეს, ასევე მთლიანად გააკონტროლებს უზენაეს სასამართლოს. სულ მალე კენჭისყრაზე გაცილებით უარეს სურათს მივიღებთ, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე მოგვევლინებიან. ფაქტობრივად, ჯალათები მოისხამენ მოსამართლის მანტიას. მისი პირადი ადვოკატი გახდება ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ივანიშვილი აკონტროლებს მთლინად პარლამენტს, მას დაემორჩილა მთელი ბიზნესი, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ჩაძირა ანაკლიის პროექტი. ერთადერთი სფერო, რომელიც მას ბოლომდე ჰქონდა გასაკონტროლებელი, ეს იყო ეკლესია. ფაქტობრივად, მან მოინდომა, აემღვრია ეკლესიაში წყალი და ამ მღვრიე წყალში გამოეჭირა ოქროს თევზი პირადი პატრიარქის სახით. ამიტომ ოლიგარქის მმართველობის საცეცები ამ მერვე წელიწადს ეკლესიასაც გადასწვდა. რა თქმა უნდა, თავიდან მას ამის რესურსები არ გააჩნდა, მაგრამ ახლა უკვე მისთვის ეკლესია ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი სასურველი ბერკეტი გახდა ისევე, როგორც რუსეთისადმი დათმობები, მორჩილება და რუსეთის გამოყენება ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ივანიშვილმა, ფაქტობრივად, 20 ივნისის შემდეგ ყველაფერი შეუსრულა რუსეთს, მათ შორის, მოთხოვნა, დასჯილიყო ოპოზიცია. აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი, ირაკლი ოქრუაშვილი, ციხეში ზის, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნეს, შინაპატიმრობა მიუსაჯეს და სამაჯურით გადაადგილდება, ასევე აქციაში მონაწილე 50-მდე ადამიანი დააკავეს. რაც მთავარია, ლავროვმა თავის ინტერვიუში პირდაპირ ღია ტექსტით მიუთითა საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხვალ ოპოზიციამ არ ჩაანაცვლოს. მან თქვა, რომ უნდა იყოს მორჩილი და მორჩილების სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლებას ისეთ სიკეთეებს გაუკეთებს, რომელიც საარჩევნოდ გამოადგება. მაგალითად, ავიარეისების აღდგენა. ყველაფერი, რაც ძალაუფლების შენარჩუნებას წაადგება საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ და ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მისაღებია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ამის ნათელი მაგალითია ანაკლის პორტის გაჩერება რუსეთისთვის კოჭის გაგორების მიზნით. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ხელისუფლებისა და ივანიშვილის საეკლესიო აქტიურობა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ რელიგია რწმენის საგანია და მას პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყენებდნენ, კონკრეტულად კი ივანიშვილის საქციელი გაიხსენეთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე. აქვე შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ეთერში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ქრისტიანია და ჯვარს ატარებს. თქვენთვის, როგორც მისი გუნდის წევრისთვის, რამდენად მისაღები იყო ეს საქციელი? პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის გულის მოსაგებად გააკეთა ეს განცხადება.
_ არ ვიცი, ეს პოლიტიკური მიზნით გაკეთებული განცხადება იყო, თუ საკუთარი რწმენის შესახებ გულწრფელი განაცხადი, თუმცა ეს არაერთგვაროვნად შეფასდა. რბილი კრიტიკის საგანი გახდა. თუნდაც ჩემი პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული იყო. მიხეილ სააკაშვილის შემდგომი განცხადებები მკვეთრად შერბილებულია ამ კუთხით.
_ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა ხმაურისა და აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართული მარშის“ წევრები აგრესიულად იყვნენ განწყობილები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ხედავთ თუ არა კავშირს აღნიშნულ ძალადობრივ დაჯგუფებებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის?
_ ეს არის საქართველოში ყველაზე ბნელი, არაპროგრესული, პრორუსული, ფუნდამენტალისტური, აგრესიული, ჰომოფობიური, რადიკალური ძალები, რომელსაც მიეტმასნება ხოლმე რამდენიმე მღვდელი. სადაც კი ეს აგრესიული ადამიანები გამოჩნდებიან, მათ გვერდით უდგას პრორუსული ორიენტაციის სამღვდელოება. ასე იყო ბასიანთან დაკავშირებით, უმცირესობის წინააღმდეგ მოწყობილი სხვადასხვა აქციის დროს, ასევე მარშების დროს. მაგალითად, ანტითურქული აქტივობები გავიხსენოთ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, როდესაც ბათუმში აქციას აწყობდნენ. სინამდვილეში, ეს ანტითურქული კი არა, პრორუსულია.
_ რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ამ ძალებთან თანამშრომლობა?
_ ეს არის „ქართული ოცნების“ ის მხარე, რომელსაც იგი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს. ეს არის მისი პრორუსული ნაწილი. ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შემოიყვანა პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც ხმები აკლდებოდა. შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთთან კავშირებით ახალისებენ. „ქართულ ოცნებას“ არასდროს გაუკიცხავს მათი რუსეთში მოგზაურობა და პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრა, როდესაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და რუსეთი ოკუპანტი და მტრული სახელმწიფოა. ჩვენი პოლიტიკოსებისა და პარლამენტის წევრების რუსულ პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობაც რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელზედაც „ქართული ოცნება“ ან თვალს ხუჭავს, ან წაახალისებს ხოლმე. ერთი მხრივ, ეს არის „ქართული ოცნების“ ბნელი მხარე, მეორე მხრივ, მთავრობას უნდა ევროპა და დასავლეთი, _ ეს არის მოჩვენებითი ნაწილი. ეს არის მედლის ორი მხარე, ერთ მხარეს შავი, მეორეზე _ თეთრი. საბოლო ჯამში, ეს არის რუსეთის ორბიტასთან მოძრაობის ერთ-ერთი ნაწილი, ქართული აგრესიული ძალების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, ეს ადამიანები არასდროს დასჯილან, თუნდაც პარასკევს ფილმის საპრემიერო მსვლელობისას გამართულ აქციაზე მათ აშკარად დანაშაულებრივი ქმედებები ჰქონდათ, რომელსაც დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა სახალხო დამცველმა. მათ კერძო საკუთრების შტურმით აღება უნდოდათ. სამართალდამცველებს ერთი ადამიანიც კი არ დაუკავებიათ და პარლამენტის წინ 20 ივნისის ღამეს რამდენი ადამიანი დააკავეს. ფაქტობრივად, ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ლოიალური თუ წამახალისებელი დამოკიდებულება იმის ნიშანია, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ავლენს საკუთარ თავს, მისი მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება და მსგავსი ძალების აგრესიულად გამოყენება საჭიროებისამებრ. მაგალითად, არასამთავრობოების, ოპოზიციის, პროდასავლურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. ანუ ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ამიტომაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაპროგრესულია, არ ანათებენ სინათლესა და მომავლის იმედს. „ქართული ოცნება“ მთელი თავისი ბნელი შემადგენლობით, რომელიც ქუჩაში ბობოქრობს და კინოს ნახვასაც კი უკრძალავს ადამიანებს, ასოცირდება რეგრესთან, საბჭოთა წარსულთან, უძრაობასთან, მათ არ შეუძლიათ ახლის შექმნა და წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი სიკეთეებით იკვებებიან. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის ხვალინდელი დღე.
_ ამ პროცესების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილი ახალი დაპირებებით გამოჩნდა. რა მოცემულობაშია არაფორმალური მმართველი?
_ ივანიშვილის ყველა დაპირება არის უკანასკნელი და გადამწყვეტი სიცრუე. ჩვენ გვახსოვს, როცა ივანიშვილი შარშან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობას ეხვეწებოდა, კიდევ ერთი შანსი მომეცითო. ეს შანსი მისცა საზოგადოებამ, თუმცა დიდი როლი ითამაშა მოსყიდვამ, ბანკების ვალების ჩამოწერამ და გაყალბებამ. ახლა ივანიშვილმა არ იცის, როგორ მიმართოს ადამიანებს, როცა მათ ბოლო შანსიც კი გაუცრუა. ახალი ტყუილების კასკადს იწყებს, ოღონდ ეს ტყუილები კარგად დავიწყებული ძველია. იმას უკვე აღარც ამბობს, რომ 140 მილიონს დახარჯავს ყველა სოფლის ინტერნეტიზაციისთვის, ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სახელიც კი ჩამოაცილა, ჩვეულებრივი უნივერსიტეტი გახადა და საერთაშორისო უწოდა, სადაც იქნება ბიზნესადმინისტრება, იურიდიული, ეკონომიკური ფაკულტეტები და საინჟინრო სფერო საერთოდ დაავიწყდა. 60 ათასი სტუდენტი, რომელიც მთელი სტუდენტების თითქმის ნახევარია და 2019 წლის დასაწყისში უნდა ყოფილიყო, 600 სტუდენტამდე ჩამოიყვანა, მხოლოდ ორ კორპუსს ააშენებს და ახლა მიმდინარეობს მშენებლობის იმიტაცია. ასევე განაცხადა, წყალტუბოს გავარემონტებო. ე. ი. ადამიანი, რომელიც ევროპის მასშტაბის მატყუარა იყო, წყალტუბოს დონის მატყუარად ჩამოლაბორანტდა. მისი ოცნებებიც კი უკიდურესად მუნიციპალური გახდა (იცინის). მახსენდება ჩემი სტუდენტობის დროინდელი ფილმი, კარენ შახნაზაროვის „კურიერი“: ორი მეგობარია, საბჭოთა პერიოდია, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჯარში მიდის, თავის მეგობარს ეკითხება, _ რაზე ოცნებობო? მეგობარი პასუხობს: ვოცნებობ, რომ მქონდეს პალტო. ბიჭი, რომელიც ჯარში მიდის, გაიხდის პალტოს, მოახურავს და ეტყვის: აჰა, ეს ჩემი პალტო, ოღონდ ცოტა უფრო მეტზე, მაღალზე იოცნებეო. ბატონო ბიძინა, წყალტუბოზე მაღალზე უნდა იოცნებოთ, მაგრამ სად არის?! როგორც გოგა ხაინდრავას ფილმის სათაური ღაღადებს: „საქართველო ოცნებების სასაფლაოდ გადაიქცა“.

ნენე ინჯგია