ლადო ნარსია: „პატრიარქი კი არა, ქრისტეა გადამდგარი ეკლესიიდან _ ქრისტე აღარ ჩანს“

31 ოქტომბერს გამართულ, სკანდალურ წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი ეკლესიაში „პედერასტული ცოდვის“ გამო ამხილა.

რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა მეუფე პეტრესთან მიმართებით? როგორ უნდა დაამტკიცოს მეუფე პეტრემ პატრიარქის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები? ეკლესიაში არსებული პრობლემების სათავე არის თუ არა პატრიარქი და რა გზით უნდა ველოდოთ მოვლენების განვითარებას საპატრიარქოში?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ თეოლოგ ლადო ნარსიას ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, ხმაურიანი სინოდის სხდომის შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა სინოდის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მეუფე პეტრეს ეხებოდა, რამდენად სწორი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება? კონკრეტულად, რას ნიშნავს განკვეთა და განყენება?
_ ესენია საეკლესიო სასჯელთა სახეები. განყენება დგინდება დისციპლინური, ადმინისტრაციული ხასიათის გადაცდომებზე, ხოლო განკვეთა დგინდება დოგმატური ხასიათის დანაშაულებებზე. განყენების შემთხვევაში პირს უნარჩუნდება სამღვდელმთავრო სტატუსი, თუმცა რიგ შემთხვევაში ეზღუდება გარკვეული ფუნქცია, რომელსაც ის ასრულებს, როგორც მღვდელმთავარი. ასეთი შეიძლება იყოს საჯარო ღვთისმსახურებების აღსრულება, ზიარების გაცემა, აღსარების მიღება და ა. შ. ნებისმიერ ამ შემთხვევაში განჩინებაში უნდა ამოგვეკითხა, რომ სამღვდელმთავრო ფუნქციების შეზღუდვის რა კონკრეტული გამოვლინება შეიზღუდა. რაც შეეხება განკვეთას, იგი დგინდება ძალიან რთულ შემთხვევებში _ ისეთ დროს, როცა პირი განსაკუთრებული დამაჯერებლობით ამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეუთავსებელ მოძღვრებას და მის მიმართ გამოყენებული იყო არაერთი შეგონებითი ღონისძიება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, როგორც ისტორია ამას გვეუბნება, ხანგრძლივდება წლების მანძილზე. ვინაიდან ასეთი პირი არ იქნა შეგონებული და მან არ გაიზიარა ეკლესიის სწავლა, ამიტომ ეკლესია ასეთ მსჯავრს მიიღებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იქნება ეს განკვეთა თუ განყენება, ეს გადაწყვეტილებები მაინც დროებითია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია პირმა აღიაროს დანაშაული ან გადაცდომა, რომელიც მას ჰქონდა და ასეთ შემთხვევაში ეკლესია და მისი კანონები ვალდებულია, ეს პირი დააბრუნოს ეკლესიის წიაღში, განყენების შემთხვევაში კი ვალდებულია, დააბრუნოს იმ პატივში, რომელშიც ის იყო. რაც შეეხება დღეს არსებულ მოცემულობას, განყენება გამოიყენეს სრულიად არასწორად, არათანაზომიერად, ვინაიდან განყენება უნდა დამდგარიყო მას შემდეგ, რაც გაჟღერებული ბრალდება არ დადასტურდებოდა. თუმცაღა, როგორც ჩვენ ვიცით, ბრალდება, რომელიც გაჟღერდა, ჯერ კიდევ გარკვეული პროცესუალური გზის გავლას მოითხოვს. ეს ბრალდება შეიძლება დადასტურდეს ან ვერ დადასტურდეს და ასეთ შემთხვევაში მის მიმართ შესაძლოა, უფრო მკაცრი სასჯელი გამოიყენონ. ანუ არათუ შეეზღუდოს მღვდელმთავრობის გარკვეული ფუნქცია, არამედ შეეზღუდოს მღვდელმთავრობაც კი.
_ მეუფე პეტრეს თქმით მან სინოდზე დრო ითხოვა და მეორე დღეს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენდა. გამართლებულია თუ არა საეკლესიო მოძღვრებებით ის ფაქტი, რომ სინოდმა მეუფე პეტრეს არ მისცა მტკიცებულებების წარმოდგენის საშუალება?
_ თავი რომ დავანებოთ საეკლესიო მოძღვრებების ცოდნასა თუ არცოდნას, საქმე გვაქვს მარტივ ლოგიკასთან: საეკლესიო ან ნებისმიერი ტიპის ერთობა, რომლის წინაშედაც წარდგენილია მსგავსი ტიპის განცხადებები, რა თქმა უნდა, ლოგიკურად უნდა გაჰყვეს მსჯელობას და მოითხოვოს ამ ბრალდების დასაბუთება ან ვერდასაბუთების შემთხვევაში უნდა მოიბოდიშოს ბრალმდებელმა. ხაზგასმით ვამბობ: თავი, რომ დავანებოთ რაიმე ტიპის ქრისტიანულ-მორალურ ვალდებულებებს, თუ ქრისტიანულ-სამართლებრივ აღსრულების წესს, ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი ღერძია სიყვარული, მოწყალება, პატიება და ა. შ., სამართლიანობაც არის ერთ-ერთი ამგვარი მაღალი მორალური სტანდარტი, სარწმუნოებათა რიგში მყოფი სიქველე, ამიტომ ყველა ადამიანს მოეთხოვება ეს სამართლიანობა. ჩვენს შემთხვევაში საქმე აბსოლუტურად აცდენილია ყველა ტიპის ლოგიკას. ლოგიკა გვკარნახობს, _ ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ ბრალს გდებს რაღაცაში, უნდა უთხრა, რომ დაგისაბუთოს ბრალდება. ეს არ მომხდარა სინოდის სხდომაზე, რაც თავისთავად საეჭვოა. რატომ მიდის ამ გზით სინოდი, რამის დაფარვა ხომ არ სურს?! ამ ეჭვს განსაკუთრებით აღრმავებს სინოდის გადაწყვეტილებაში მოცემული ორი ძალიან მწვავე დეტალი, რომელთაგან ერთი ამბობს, რომ მეუფე პეტრეს წმინდა სინოდის წევრობა შეუჩერდა, მეორე ამბობს, რომ მონასტერში უნდა წავიდეს და მოინანიოს. მეუფე პეტრე მონასტერში, რომ წავიდეს, საზოგადოებაში უფრო მეტი კითხვა გაჩნდება. საზოგადოება იფიქრებს, რომ ეს კაცი იძულებით გააჩერეს, ე. ი. მართლა რაღაც ხდება; რომ მის წინააღმდეგ იძულების, მუქარის ღონისძიება განხორციელდა, აიძულეს წასულიყო მონასტერში და აღარ ამოეღო ხმა. ეს თავად ეკლესიას არ უნდა აწყობდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ რამდენიმე სრულიად დაუსაბუთებელი და ეკლესიისთვის მავნებლური განცხადება მოვისმინეთ, რომ მეუფე პეტრე უნდა წავიდეს მონასტერში. რა უნდა მოინანიოს კაცმა, რომელსაც კონკრეტული ბრალდებები აქვს? _ ამ ლოგიკასაც თავი რომ დავანებოთ, ამ სიტუაციაში იძულება, რომ მეუფე პეტრე მონასტერში წავიდეს, საზიანოა თავად ეკლესიისთვის, რადგან ხალხი ამას ვერაფრით გაიგებს. ვიმეორებ: ხალხი იფიქრებს, რომ ამ კაცს აიძულეს მონასტერში წასვლა, რადგან მას რაღაც აქვს სათქმელი, რაც არ ათქმევინეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ე. ი. არანაირი ლოგიკა არ არსებობს სინოდის გადაწყვეტილებასა და იმ ფაქტებს შორის, რომელთა ურთიერთქმედებით უნდა გამოვლენილიყო გარკვეული ტიპის ლოგიკური კავშირი. რადგანაც საქმე გვაქვს სსრკ-ს ორგანიზაციასთან, რომელიც მაშინდელი წესებით მოქმედებს, ამიტომ შეიძლება ამ საკითხში გარკვეულ ადამიანებს ეს არ უკვირთ. მე, მაგალითად, არ მიკვირს სინოდის ეს გადაწყვეტილება, რადგან სხვა უფრო სულელური გადაწყვეტილებებიც მომისმენია, რაც სინოდს მიუღია. მაგრამ არის ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც ამ მოვლენების შემდეგ განსაკუთრებით დიდი ინტერესით უყურებს და ისმენს მსგავს ინფორმაციას, რომელიც ეკლესიას უკავშირდება და შემდეგ რაღაც ტიპის რეაგირებას ელოდება. მათ ვერ წარმოუდგენიათ, _ სინოდში ეს 45 კაცი ყველა გიჟი ხომ არ იქნებაო. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ გადაწყვეტილებას რაღაც ლოგიკური ახსნა ექნება. ეს ლოგიკური ახსნა არ არის და სწორედ ამის თქმა მინდა იმათთვის, ვინც ნაკლებად იცნობს ეკლესიის ისტორიასა და მისი ფუნქციონირების წესებს. უარესი სისულელე რომ დაეწერათ სინოდის გადაწყვეტილებაში, არ გამიკვირდებოდა, რადგან ვიცი, ეს ხალხი რა წესებით მოქმედებს უკვე ათეული წელია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ არანაირი ლოგიკა არ არსებობს სინოდის გადაწყვეტილებაში. მაშინ როგორ ფიქრობთ, რა არის ამ გადაწყვეტილების ქვეტექსტი?
_ პირველ რიგში, ქვეტექსტს ვკითხულობთ იმას, რომ არსებობს რაღაც ინერცია, რომელსაც ეკლესია ვერ დაეხსნა. ეს ინერცია თავისი ბუნებითა და შედგენილობით არის ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში შექმნილი მართვის გარკვეული წესები, რომელიც აგებულია არა ქრისტიანული სულისკვეთების, სამართლიანობის მოძიების, მისი გარკვევისა და ქრისტეს გზაზე შედგომის მოთხოვნით, როგორც ეს ეკლესიასა და საეკლესიო ორგანიზაციებს უნდა მოეთხოვებოდეთ, არამედ ეს ინერცია არის ნაკვები ასეთი იდეით: ჩვენ ვართ სისტემა, ამ სისტემის წინააღმდეგ ვინც გაილაშქრებს, ყველა უნდა დაიჩაგროს, განიკვეთოს თუ მოსცილდეს ამ სისტემას. ადრე ამას ვუწოდე კიდეც კლუბური მართვის წესი. ეს არის რაღაც კლუბი, რომლის ცენტრშიც ზის ადამიანი, მაგალითად, ამ შემთხვევაში, ცენტრში ადამიანთა წარმოდგენით გაფეტიშებულია საქართველოს პატრიარქი. თუ ვინმე რამე ტიპის კრიტიკას გაბედავს პატრიარქზე, ამ კლუბის წევრები (გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფი) გადაწყვეტენ, რომ გამკრიტიკებელი მოიკვეთოს ჯგუფიდან. ცდილობენ, ამ ყველაფერს ქრისტიანული ელფერი შესძინონ, თუმცა მადლობა ღმერთს, საზოგადოებაში უკვე 2-3 წელია, ჯანსაღი პროცესები მიდის, ბოროტი განზრახვების ქრისტიანულ ელფერში გახვევა გაჭირდება, რადგან არიან ჯგუფები, რომლებიც საპატრიარქოს მართვის წესების გარეთ დგანან და ისინი ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არის ეს წესები მიუღებელი ქრისტიანული ტრადიციისთვის. პირველი, რაც ყველაზე მეტად ჩანს, არის ის, რომ გარკვეული ერთობის ცენტრში დგას ადამიანი და არა _ ქრისტე. ეკლესია არის ეკლესია იმ შემთხვევაში, თუ მის ცენტრში არის ქრისტე, ამიტომ უწოდებენ ეკლესიას, რომ ეს არის ქრისტოცენტრული საზოგადოება. თუ ქრისტეს ანაცვლებს ვინმე ან რაიმე სხვა იდეა, იქ უკვე ეკლესიაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. მღვდელმთავართა შორის ქრისტიანული აზროვნებისა და შეგნების პრობლემაა. თითქმის უმრავლესობას არსებულ პრობლემებზე აქვს ცოდნა, ინფორმაცია და წარმოდგენაც, მაგრამ მათი დამოკიდებულება არის ის, რაც უკვე გაჟღერდა, მათ შორის, მეუფე გრიგოლ კაციას პირით.
გრიგოლ კაციამ ეს ორჯერ გაიმეორა და როგორც თავად მითხრა, მას ადრეც ჰქონდა მეუფე პეტრესთან საუბრები, _ გარკვეული მისიით მიაგზავნეს პეტრე ცაავასთან, _ პრობლემები, რომლის შესახებაც საუბრობ, ამაზე სიტყვაც კი არ უნდა დაიძრასო. მათი ახსნა ასეთია: „მამა როცა შიშველია, უნდა გადავაფაროთ“. მიდგომა, „მამა, როცა შიშველია, უნდა გადავაფაროთ“, ამ შემთხვევაში, არ წარმოადგენს ქრისტიანულ მიდგომას, რადგან ასეთი მიდგომა იწვევს სისტემის ეროზიას, მის გარყვნასა და გახრწნას. სამწუხარო შემთხვევებია, ცხადია, მაგრამ ასეთი ათეულობით შემთხვევაა, როცა მღვდელი მრუშობაში, პედოფილიაში, უამრავ არასამართლებრივ და ამორალურ ქცევაშია მხილებული. ამ დროს კი ჩვენ ვეუბნებით, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია ეკლესიისთვის, ისინი გვპასუხობენ, რომ ეპისკოპოსები გვყავს ასეთი, წადით, ჯერ ისინი გამოასწორეთ და შემდეგ ჩვენ გამოვსწორდებითო. ეპისკოპოსთან რომ მიდიხარ, ეპისკოპოსიც ზემოთ იშვერს ხელს. ამის კლასიკური მაგალითი იყო ვახტანგ ახვლედიანის წერილი. როდესაც ის არგვეთის ეპარქიიდან კონფლიქტის გამო უნდა წამოსულიყო, მრევლის წინაშე მოურიდებლად თქვა: რომ „თავი დამანებეთ, თორემ ისეთი რამეები ვიცი და ისეთ რამეებს ვიტყვი, საქართველოს ეკლესიას პატრიარქი აღარ ეყოლება“, _ ეს არის ეპისკოპოსის პოზიცია. ე. ი. ეპისკოპოსიც ზემოთ იშვერს ხელს. ვიმეორებ: „მამა როცა შიშველია, უნდა გადავაფაროთ“, _ არ არის სწორი მიდგომა, რადგან ეს მიდგომა იწვევს მთლიანი სისტემის გახრწნას. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ამ პრობლემებზე ყველამ ხმამაღლა ილაპარაკოს, რადგან უკვე, როგორც დავინახეთ, შიგნით ყველა რესურსი ამოიწურა. სინოდის შიგნით არავითარი სურვილიც კი არ არსებობს, რომ ამ რთულ საკითხებზე ისაუბრონ _ მეუფე პეტრეს კონკრეტული პირები მიუგზავნეს, რომ მას ეკრძალებოდა წმინდა სინოდში ამ საკითხების განხილვა. ამაზე საუბარი პეტრემ არაერთხელ სცადა. საზოგადოებისთვის შეიძლება საკამათო იყოს, რამდენად სწორი გახლდათ მეუფე პეტრესგან პრობლემის საჯაროდ გამოტანა, მაგრამ ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს იყო უკიდურესი და იძულებითი ღონისძიება, რომელიც მეუფე პეტრე ცაავას დარჩა. ამ შემთხვევაში საკითხი ასე უნდა დავაყენოთ: რა სარგებელს მოუტანს ასეთი პროცესი ეკლესიას?
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეპისკოპოსები ზემოთ იშვერენ ხელს, საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ პრობლემის სათავე თავად პატრიარქია?
_ მე არც ერთ ბრალდებას არ ვადასტურებ, ვიდრე ეს არ დადასტურდება იმ წესით, რა წესითაც ბრალმდებელმა შემოგვთავაზა და ეს არის კანონიკური სამართლის წესი, მაგრამ ქართული გამოთქმაა, რომ თევზი თავიდან ყროლდება. უახლეს ისტორიაში არაერთგზის დადასტურებული ინფორმაციებია, რომ იყო სასულიერო პირების, ეპისკოპოსების სახით მამათმავლობის და კიდევ უამრავი სხვა შემთხვევა, რაზედაც პატრიარქი ადეკვატურად არ რეაგირებდა. ვითომ ავლენდა ზექრისტიანულ მოწყალებას… ასე შეიძლება შეიწყალო შვილი, მაგრამ როცა ეკლესიაზეა საუბარი, ოჯახის ანალოგია ეკლესიაზე მსგავსი სიზუსტით არ გადადის, პატრიარქს პასუხისმგებლობა გაქვს არა მხოლოდ იმ საზოგადოებისა და მრევლის წინაშე, რომელსაც მართავ, არამედ ღვთის წინაშე. ასევე პასუხისმგებლობა აქვს, ეკლესიის ჯანსაღი ნაწილის მიმართ. შესაძლოა, ეს ნაწილი დანაშაულის დაუსჯელად დატოვებით წააქეზო დანაშაულის ჩადენისკენ. ქრისტიანული წესით მართვის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელიც საეკლესიო დადგენილების, სამართლებრივი ნორმების შექმნით დასტურდება, ცოდვას შეუვალი პრინციპებით ებრძოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ის ებრძოდა ადამიანს. ეკლესია ადამიანს ყოველთვის ექცეოდა, როგორც უპირველეს ღირებულებას და სწორედ ეს არის ეკლესიის ამოსავალი პრინციპი _ დაადგინოს თერაპიული ხასიათის ღონისძიება და გამოასწოროს ის ცოდვისგან, მაგრამ ცოდვა ყოველთვის შეუვალი პრინციპებით უნდა მოიკვეთოს ეკლესიისგან. როცა ამ პრინციპს არ იცავ და გინდა ვითომ ზექრისტიანული მოწყალებით თქვა: მერე რა მოხდა, თუ ცოდვა ჩაიდინა, პედოფილია იყო ეს თუ მამათმავლობა, _ არავის აქვს უფლება, რომ ასეთი ცოდვის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება გამოხატოს.
_ მათ შორის პატრიარქსაც?
_ რა თქმა უნდა, მათ შორის, პატრიარქსაც. პატრიარქის სტატუსი ეპისკოპოსების თანასწორია, უბრალოდ, ის მისმა თანასწორმა ეპისკოპოსთა ჯგუფმა გამოარჩია და ეკლესიის მართვის პასუხისმგებლობა დააკისრა. ეს არ ნიშნავს, რომ პატრიარქი ერთპიროვნულად მართავს, ეს ნიშნავს, რომ მან მიიღო ნდობა მისი თანასწორი ძმებისგან და ეპისკოპოსებისგან, რომ მან ეკლესია უნდა მართოს სახარებისეული წესებით. როცა პატრიარქი აქედან უხვევს და თავის წესებს ამკვიდრებს, ასეთ შემთხვევაში ყველას აქვს უფლება, ეპისკოპოსი იქნება ეს თუ რიგითი წევრი, ამის შესახებ ხმამაღლა თქვას, _ რაღაც გზას ავცდით და მართვის ეს წესები არ არის სწორი. აქ არაფერია საგანგაშო, უბრალოდ, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს მიუღებელი დისკუსიაა, რადგან პატრიარქი გავაფეტიშეთ, მისი გაწმინდანების თეორიებს ვისმენთ სხვადასხვა ეთერით. ამიტომ უჭირს საზოგადოებას იმის წარმოდგენაც კი, რომ პატრიარქი გადადგეს. პატრიარქი კი არა, ქრისტეა გადამდგარი ამ ეკლესიიდან, ქრისტე აღარ ჩანს და ეს არავის გაუპროტესტებია.
_ შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ პატრიარქი მიზანმიმართულად ამკვიდრებს თავის წესებსა და მიდგომებს?
_ უფრო თამამადაც ვისაუბრებ: პატრიარქი, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასულია მართვის ამ სივრციდან და შეიძლება, მინიმალურ დონეზე გამოხატავდეს სინოდის სხდომაზე საკუთრ შეხედულებებს. მაგალითად, როგორც ახლა მოხდა, მისი მოთხოვნით დაატოვებინეს მეუფე პეტრეს სინოდი. მე ნამდვილად არ მჯერა, რომ ის ეკლესიის ყოველდღიურ ცხოვრებაშია ჩართული, აკვირდება მიმდინარე პროცესებს და ეკლესიის მართვის სტრატეგიულ გეგემებს ამუშავებს. ამ უნარებს, ალბათ, ვეღარ ფლობს პატრიარქი, ადრე ნამდვილად ეჭირა მას სადავეები სრულად ხელში, შეიძლება ითქვას, ერთპიროვნულად. მის უკან, რა თქმა უნდა, იდგნენ რუსული სპეცსამსახურები თუ გარკვეული ჯგუფები, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ფხიზლად ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს და შესწევდა მასზე რეაგირების უნარი. ეს იყო გამოხატულად მისი ერთპიროვნული ხასიათიც და პოზიციაც. ეს ხაზი, რომელიც აქამდე გაატარა და რომლის ინერციითაც დღეს ეკლესია მოძრაობს, არის პატრიარქ ილია მეორის შექმნილი და მის მიერ შექმნილი მართვის წესები.
_ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინოდი შეიკრიბება და შეიძლება მეუფე პეტრეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, საუბარია განკვეთაზე. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს?
_ სამწუხაროდ, ამ სინოდისგან სხვა მოლოდინი არც კი შეიძლება არსებობდეს, უფრო დიდ სისულელეებსაც გააკეთებენ. ჩვენ გვყავს აფხაზეთში ქართველების მიერ ნაკურთხი აწ უკვე საქართველოს ეკლესიის გამოხატული მტერი, ეპისკოპოსი ბესარიონ აპლია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების დამუშავებული ადამიანია და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მუდმივად ახორციელებს მავნებლურ და მტრულ საეკლესიო პოლიტიკას. საქართველოს ეკლესიის პატრიარქსა და სინოდს სთხოვეს, რადგან ეპისკოპოსი ბესარიონ აპლია საქართველოს ეკლესიაში იყო ნაკურთხი, შეჩერებოდა მღვდელმთავრობის სტატუსი და ბესარიონ აპლია განეკვეთათ. ამ დროის განმავლობაში ეს გადაწყვეტილება სინოდს არ მიუღია, ე. ი. პატრიარქს არ განუკვეთავს ეს ადამიანი, რომელიც გამოხატულად საქართველოს მტერია და ახლა თუ მეუფე პეტრე ცაავას სინოდზე მიწვევის გარეშე კიდევ დასჯიან და კიდევ რაიმე დამატებით უსამართლო სასჯელს გამოიტანენ, ეს უკვე ნათლად დაადასტურებს ამ სინოდის სახეს და მათ განზრახვებს, თუ ვისგან იმართება იგი, თუ ვინ არის ის ხალხი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების გეგმით საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მომუშავე ბესარიონ აპლიას არ სჯის და სჯის მეუფე პეტრეს.
_ როგორ უნდა დაამტკიცოს მეუფე პეტრემ ის ბრალდება, რაც მან პატრიარქის მისამართით გააჟღერა? რა ფორმით უნდა მოხდეს ეს?
_ მთავარი ამოცანაა, რომ საეკლესიო რთულ საკითხებზე მსჯელობა არ უნდა გავიდეს ეკლესიის წმინდა სინოდის გარეთ. როგორც დებულებით არის გათვალისწინებული, ეკლესიის წმინდა სინოდმა უნდა განახორციელოს სასამართლო ფუნქცია და სამართლებრივი წესების დაცვით მოუსმინოს მეუფე პეტრეს ბრალდებას, ბრალდების მსხვერპლსა და ადრესატს, ასევე მოისმინოს მოწმეთა განაცხადი. მე არ ვიცი, რა ტიპის დანაშაულებებსა და გადაცდომებზეა აქ საუბარი, მაგრამ კანონიკური სამართალი მორალური მაქსიმალიზმის მოთხოვნას ადგენს, რაც იმას გულისხმობს, რომ ცოდვის დამფარავი ასევე არის ცოდვის ჩამდენი. მაგალითად, ერთ-ერთ კანონში ბასილი დიდი ამბობს, რომ ვინც ცოდვა დაფარა, მან ცოდვა ჩაიდინა. მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ცოდვა და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ამ ცოდვის შესახებ იცოდნენ ადამიანებმა, ისინიც უნდა განკანონდნენ. შესაძლოა, ბრალდება პატრიარქის მისამართით ამგვარი მორალური მაქსიმალიზმის მოთხოვნიდან გაჟღერდა, რომ მან უამრავი ფაქტის შესახებ იცოდა და ამიტომ ისიც ითვლება მონაწილედ… ამ შემთხვევაში არა პირდაპირ დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, არამედ დაფარვაზე, რომელიც საეკლესიო სამართლებრივი და მორალური მაქსიმალიზმის მოთხოვნით გატოლებულია დანაშაულის ჩადენასთან.
_ რამდენად დიდია იმის შანსი, რომ მეუფე პეტრე შეძლებს ბრალდებების დამტკიცებას?
_ როგორც თავად გვითხრა, მეუფე პეტრე მეორე დღესვე იყო მზად ამისთვის.
_ როგორ ფიქრობთ, შეიცვლება თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება რადიკალურად საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ? როგორია თქვენი პროგნოზი, რა ცვლილებები გველოდება წინ?
_ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ცვლილება! _ ასე შეიძლება ვუწოდოთ ქრისტიანული გადასახედიდან. ადამიანებში ცვლილებები მოხდა, გონიერი ადამიანი კითხვას დასვამს არა იმაზე, თუ ვის ენდობოდა ამდენი ხნის განმავლობაში, არამედ იმაზე, რატომ არ გაარკვია, რა არის ქრისტიანული წესები და რა არის ეკლესია, ამიტომ იმ ადამიანების შიგნით მოხდება ცვლილებები, ვინც აკვირდება ეკლესიას და ვისთვისაც მართლა ღირებულია ღმერთის იდეა. მიხვდებიან, რომ ვინც არ უნდა იყოს ცენტრში, ის ადამიანი ღმერთს ვერ ჩაანაცვლებს ვერასდროს და ღმერთის იდეა უფრო დიდია.

ნენე ინჯგია