ნინი წიკლაურის ამერიკული ცხოვრება და მოღვაწეობა

„ქრონიკა+“-ს ამერიკიდან ესაუბრება აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ნინი წიკლაური:

_ ნინი, უკვე სამი წელია, აშშ-ში ცხოვრობ. მოგვიყევი ამერიკული ცხოვრების შესახებ, როგორ ხარ, როგორ შეეგუე ახალ გარემოს და რას საქმიანობ?
_ ამერიკაში ნამდვილად სამი წელია, ვცხოვრობ, უფრო სწორად, გადმოვცხოვრდი :). შეგუება ცოტა გამიჭირდა, რადგან სხვა ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაა და საქართველოსგან განსხვავებით უზარმაზარი მასშტაბებისაა. რთულია, თუნდაც, ამ განსხვავებების პირობაზე დაიმკვიდრო ადგილი და შედგე იმ პიროვნებად, როგორადაც ჩემს ქვეყანაში ვიყავი შემდგარი, მაგრამ სიამაყით და სიხარულით შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს ნაწილობრივ უკვე შევძელი. ვემსახურები ისევ ჩემს საქმეს და ამით ბედნიერი ვარ. მაქვს კონტრაქტი ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებთან“, სადაც, როგორც მომღერალი და მუსიკოსი, ვმართავ კონცერტებს, ვატარებ მასტერკლასებს, ვაწყობ შემოქმედებით საღამოებს და წინ კიდევ ათასი გეგმაა, რომელსაც ეტაპობრივად ვახორციელებ. ამაში გვერდით მიდგას ემიგრაციაც. მიმიღეს ხელგაშლილი და მიმიღეს მომღერალი „ნინი წიკლაური“. ეს უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის და დღემდე ასეა. ქუჩაში ათობით კომპლიმენტსა თუ სამადლობელ სიტყვას ვიღებ, თუნდაც ჩემი „ჰერიო ბიჭებოს“ და „ციცინათელას“ გამო, რომელიც ჩემს რეპერტუარში სავიზიტო ბარათებად იქცა. ასევე აქტიურად ვარ დაკავებული სხვადასხვა მიღებებსა თუ საქველმოქმედო ღონისძიებაში, სადაც ხშირად, ჩემს რეპერტუართან ერთად, ამერიკისა და საქართველოს ნაციონალურ ჰიმნებს ვასრულებ. ვარ რამდენიმე ცნობილი და დიდი კონკურსების ჟიურის წევრიც. მაგალითისთვის, როგორებიცაა: „ Pearls of New York“, „Slavianski Bazaar New York “.
_ საქართველოში შენ იყავი და ხარ ძალიან პოპულარული მომღერალი, რომელსაც ჰქონდა წარმატებული კარიერა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ადექი და სრულიად უცხო, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში წახვედი. არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება? რა იყო ის, რამაც გიბიძგა საკუთარი ქვეყნის დატოვება?
_ ცხადია, ურთულესი გადაწყვეტილება იყო და სიმართლე გითხრა, ამაზე სერიოზულად და ღრმად არც დავფიქრებულვარ. ბევრი რომ მეფიქრა, არც გადავწყვეტდი, მაგრამ არის მიზეზების დიდი რაოდენობა, თუნდაც ის, რომ ამერიკა უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანაა და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის _ ნამდვილი ახდენილი ოცნება. არ მიმაჩნია, რომ საქართველოში ჩემი თავი ამოვწურე, მაგრამ სახელი დავიმკვიდრე და ეს უმთავრესი იყო. ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი ძალისხმევით გავაკეთე, რაც მახარებს. ამიტომაც ადვილად გადავდგი ნაბიჯი დიდი მუსიკის ქვეყნისკენ, სადაც მინდა, თუნდაც იმიტომ შევდგე და დავიმკვიდრო ადგილი, რომ ვიღაცისთვის „გოგონა ერთი პატარა საქართველოდან“ ვიყო. მინდა, მაგალითი გავხდე ყველა პატარა ქვეყნისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ამერიკა პატარა ქვეყნის შვილებს ვერ იტევს ან ვერ მასპინძლობს. მეგობრებო, ეს შესაძლებელია. ჩვენ ვართ ის ძალა და ხმა, ვინც იცავს ჩვენს პატარა ქვეყნებს და იცავს ამ პატარა ქვეყნების კულტურას. მე, ქართველი მომღერალი, ამერიკაში ვიცავ და ვაკეთებ ისევ ქართულს, რომელიც არც ერთ ამერიკელს არ ტოვებს გულგრილს და სიმღერის ბოლოს ყველა ერთსა და იგივე კითხვას მისვამს: „ნინი, თქვენ საიდან ხართ და რა ენაზე მღერით?“ ამისთვის ღირდა იმ ჩემი პოპულარობის დროებით შეჩერება და ახლის დაწყება.
_ რამდენად რთული იყო ის გზა, რომელიც აქამდე გამოიარე?
_ გზა საქართველოშიც რთული იყო და ცხადია, აქაც რთულია, მაგრამ… არის ხალხი, რომელმაც სწორად მიმიღო. თუნდაც ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, ჩვენი საკონსულო, რომელიც გვერდით მიდგას არა მარტო მე, არამედ ყველა ნიჭიერ ადამიანს. მათ უსაზღვრო მადლობა ჩემი დაფასებისთვის და ხელშეწყობისთვის. ეს გულთბილი მიღება რომ არა, აქამდე ვერ გავჩერდებოდი. აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ძალიან დიდი გულშემატკივართა არმია მყავს, რომელიც საქართველოშიც ადევნებდა თვალს ჩემს გამოსვლებს. ბევრი მაჩერებს ქუჩაში, მცნობს და ეს მაბედნიერებს. თითოეული მათი ჩახუტება ერთ სიცოცხლედ მიღირს, როცა მახსენებენ სხვადასხვა გადაცემასა თუ კონცერტებზე ჩემს გამოსვლებს, რომელიც მე თვითონაც აღარ მახსოვს. ამას წინათ ერთ-ერთ მაღაზიაში შეხვედრილმა ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა, რომელმაც გულში ჩამიკრა რამდენიმე წუთი, გამახსენა კომპოზიტორ ნანა ბალახაშვილის სიმღერა „ფრანგული ვალსი“, რომელიც ერთ-ერთ გადაცემაში შვასრულე. ის დღე უბედნიერესი იყო ჩემთვის.
_ როგორც ვიცი, მანდაც უკვე საკმაოდ წარმატებით სარგებლობ. მიწვევები გაქვს სერიოზულ ღონისძიებებზე, მღერი ამერიკის ჰიმნს. როოგორ გაიცნეს ამერიკაში ნინი წიკლაური?
_ ამერიკა არაა ევროპა, რომ რაღაცით გგავდეს, თუმცაღა ევროპაშიც არაა მარტივი დაიმკვიდრო თავი. ამერიკის სირთულე მისი მასშტაბებია. საქართველო ამერიკის ერთი შტატისხელაც არაა და ამ დროს ამ პაწაწინა ქვეყნიდან ჩამოდიხარ და ცდილობ შეაყვარო შენი სიმღერა, მუსიკა, ენა და, უბრალოდ, შენი თავი. ჩემი რჩევა ყველა ჩემსავით ჩამომსვლელისადმი იქნება შემდეგი: ნურასოდეს ეცდებით დაიწყოთ ახალი ან მოერგოთ სხვა ქვეყნის მუსიკას, რადგან დაზუსტებით გეტყვით, რომ ყველა ქვეყანას ჰყავს უკვე თავისი შვილები, ვარსკვლავები ისევე, როგორც ჩვენ ნანი… აჩვენეთ თქვენი პირადი მუსიკა, რომელიც არ ემსგავსება არასოდეს სხვას და ამით აუცილებლად შეძლებთ თავის დამკვიდრებას, თუმცაღა პატივი ეცით მასპინძლებს და მათ კულტურას, ეს უპირველესია. ერთ-ერთ მიღებაზე ვასრულებდი გია ყანჩელის შემოქმედებიდან რამდენიმე ჰიტის ჩემეულ ვერსიას. ვხედავდი, რომ დარბაზში აბსოლუტური სიჩუმე ჩამოვარდა და ყველა ტუჩებზე მომშტერებოდა, რას ვმღეროდი, რა სიტყვები ამომდიოდა პირიდან. რომ დავასრულე, დაინგრა დარბაზი და შესვენების დროს უამრავი ამერიკელი მოვიდა აღფრთოვანებული, უამრავი სამადლობელი სიტყვით და ყველას ერთი აზრი ჰქონდა, რომ ეს გენიალური იყო და სრულიად განსხვავებული. ზუსტად ეს არის მთელი ჭეშმარიტება, როცა შენს სულიერს აჩვენებ… ეს ყველაზე მართალი მუსიკა იყო ჩემი შესრულებით.
_ კარიერაში რა სიახლეები გაქვს, ახერხებ თუ არა ახალ რეპერტუარზე მუშაობას?
_ ამ წუთას აქტიურ კარიერულ და შემოქმედებით წვაში ვარ. ბევრი მუზა მოვიდა ერთად. ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორიც მე გახლავართ და რომელიც მსოფლიოს დედებს მივუძღვენი. სიმღერის სათაურიც შესაბამისია: „დედას“. რაც დედა გავხდი, ჩემი ზოგადი მსოფლმხედველობა და მუსიკალური რაკურსიც შეიცვალა. ჩემი მუსიკა უფრო სენსიტიური და თბილი გახდა, რაც მახარებს. როგორც კი არანჟირებაზე მუშობა დასრულდება, რომელსაც ივანე გოდერძიშვილის წყალობით ვქმნი, გადაიღება კლიპიც, რომლის სცენარიც უკვე დაწერილია და გამოამინდებას ველოდებით. ამის გარდა საბავშვო საავტორო სიმღერებზეც ვმუშაობ, რომლებსაც ამერიკაში დაბადებული ქართველი ემიგრანტი ბავშვები შეასრულებენ და ეს ძალიან ემოციური იქნება ყველასთვის. ასევე მზადდება ვიდეო რგოლებიც და მალე დღის სინათლეს იხილავს. აქტიურად ვაკეთებ პროექტს „ქართული მუსიკა საქართველოს ფარგლებს გარეთ“, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით ვქექავ უძველეს, ხშირ შემთხვევაში, გაუჟღერებელ ან ძალიან ძველ სიმღერებს და ახალ ვერსიებს ვქმნი, რომელიც დიდ მოწონებას იწვევს უკვე აქაურ მსმენელებში. ვფიქრობ, იმხელა მუსიკალური კულტურის მატარებელი ქვეყანა ვართ, არც ერთი ძველი სიმღერა დავიწყებას არ უნდა მიეცეს და პირიქით, ისინი ახალი ვერსიებით, ახალი ჟღერადობით უნდა ვაცოცხლოთ. არასოდეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს ის, რაც ღირებულია.
_ ბევრი მუსიკალური პროექტია. არ გიცდია მანდ რომელიმე მათგანში მონაწილეობის მიღება?
_ სიმართლე გითხრა, არასოდეს მიფიქრია, მონაწილეობა მიმეღო რომელიმე პროექტში, თუმცაღა ბევრისგან მივიღე ეს შემოთავაზება, რომ ყველანაირად დამაკვალიანებდნენ და აუცილებლად უნდა გავსულიყავი რომელიმე კონკურსში. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჯერ არ ვარ მზად ამისთვის, ან, უბრალოდ, გამოვედი კონკურსომანიიდან. კონკურსებს თავისი დრო აქვს ყველას კარიერაში. მესმის, რომ ეს არაა საქართველო და აქ მაინც თავს ვიმკვიდრებ, სადაც თუნდაც ერთი კონკურსი უდიდესი წარმატება იქნებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვფიქრობ ამ ეტაპზე მაგაზე. რთულია შემდგარი მომღერალი კონკურსში. მე იმდენი კონკურსი გამოვიარე და ეს იმხელა ფსიქოლოგიური წნეხია, რომ ამისთვის თავის გადადება ამ ეტაპზე მიჭირს ან, უბრალოდ, გამოვედი შეჯიბრის ასაკიდან. კონკურსში მაინც ყოველთვის ვიღაცას ეჯიბრები, ეს ჩემთვის უკვე წარმოუდგენელია. მარადმწვანე კონკურსანტობაც აღარ მინდა, გავიზარდე.
_ როგორია ამერიკიდან დანახული საქართველო?
_ ამერიკიდან დანახული საქართველო იმაზე ტკბილია, იმაზე ლამაზია, იმაზე მშვიდია და იმაზე ფერადია, ვიდრე ოდესმე მეგონა. ყოველთვის მიყვარდა ჩემი ქვეყანა და ვემსახურებოდი მას, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვა რაკურსიდან ვუყურებ. როგორც პატარა შვილზე, ისე ვსაუბრობ ხოლმე და ისე მინდა მასზე ზრუნვა. ვეფერები ჩემს თბილისს, ავლაბარს, ჩემს ეზოს, რომელიც ძლივსღა სულდგმულობს სიძველისგან, მაგრამ ის ყველა ახლად აშენებულ ვილას მირჩევნია. ასეთმა ქვეყანამ ასობით ნიჭიერი, ვარსკვლავი გაზარდა და გადაარჩინა. ისინი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში არიან მიმოფანტულნი და ანშლაგებით ატარებენ გამოსვლებს. ვიცი, რომ ჩემს ქვეყანას უკიდურესად უჭირს. ხალხს სცივა და მშიერია და ეს მანადგურებს. არ ვიცი, ამას რამდენად მასშტაბურად ვახერხებ, მაგრამ ხშირად ვეხმარები მათ ჩემს ემიგრანტ მეგობრებთნ ერთდ და მგონია, რომ ამით ერთ ადამიანს მაინც გადავარჩენთ. ხშირად საქველმოქმედო საღამოებსაც ვმართავ, სადაც შემოსულ თანხას მრავალშვილიან ოჯახებს ვუგზავნი, რომ მათი ცხოვრების რამდენიმე დღე გავალამაზო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ვიცი, რომ ჩემს ერთ სიმღერას მათი ცხოვრების შეცვლა შეუძლია, თავს არასოდეს დავზოგავ.
_ რა გენატრება ყველაზე მეტად?
_ ყველაზე მეტად ჩემი სახლი და ამ სახლში მარად მოფუსფუსე ბებო და დედა მენატრებიან. გემრიელი ცხელი კერძის სუნი, რომელიც ეზოში შესვლისთანავე გეგებება და მიჰყავხარ შენს სახლამდე. ჩემი ქუჩა, ძველი თბილისი და ძველი თბილისელები მენატრება… ყველა გავლა-გამოვლაზე მისალმება, მოკითხვა მენატრება. მენატრება ის, რაც ჩემია, სადაც გავიზარდე და სადაც სულ დავრჩები „ნინიკოდ“…

გიორგი საკარული