დააფინანსებს თუ არა ლევან ვასაძეს კონსტანტინ მალოფეევი?

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება. ამ არჩევნებისთვის ჩვენი პოლიტიკური პარტიები უკვე სერიოზულად ემზადებიან. არჩევნებისთვის ემზადებიან კრემლშიც.
2020 წლის არჩევნები მათთვისაც მნიშვნელოვანია. რუსეთს საქართველოზე გავლენების შესუსტება არ სურს. ამიტომაც მათ სჭირდებათ, რომ პარლამენტში რაც შეიძლება ბევრი რუსეთუმე მოხვდეს.

მიზნის მისაღწევად რუსეთი თანხებს არასდროს ინანებს. რუსი ოლიგარქები ხომ ამისთვის არსებობენ. ისინი პუტინის ბრძანების შემთხვევაში მზად არიან, ნებისმიერი ძალა დააფინანსონ. ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს.
ერთ-ერთი ასეთი პუტინის ნების აღმსრულებელი გახლავთ 45 წლის ოლიგარქი კონსტანტინე მალოფეევი. ის ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდა კრემლის მოთხოვნებს, მაგრამ პუტინის ხელისუფლებასთან მასაც შეექმნა პრობლემები.
ის პრობლემებისგან ვერც რუსეთის საპატრიარქოსთან და კონკრეტულად პატრიარქ კირილთან ახლობლობამ დაიცვა.
გამოჟონილი ინფორმაციით, ამ პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ მას რამდენიმე პოლიტიკური დავალება მისცეს. ერთ-ერთი დავალება ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქ კირილის ახლობელ ოლიგარქს საქართველოში ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის დაფინანსება დაავალეს. ასეთი რამეები მისთვის უცხო არ არის.
ის აქტიურად უჭერდა მხარს ყირიმის ანექსიას, რისთვისაც აშშ-მ და ევროკავშირმა მალოფეევი სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სიაში შეიყვანეს.
რუსულ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირში მყოფი მალოფეევი აქტიურად უჭრს მხარს რუსეთის იმპერიისა და მონარქიის აღდგენის იდეას.
რუსეთის იმპერიის აღდგენის აუცილებლობაზე საკუთარი მედიასაშულებითაც ღაღადებს. ის ტელეარხ „ცარიგრადის“ მფლობელია.
აღნიშნული ტელეკომპანია გასულ წელს თბილისში გამართულ მედიაფორუმშიც მონაწილეობდა. ამ მედიაფორუმს მედვედევის ფონდი აფინანსებდა. მედიაფორუმმა აქციების ფონზე ჩაიარა.
მედიაფორუმში ის რუსი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას აღიარებდნენ. საქართველოს შსს-მ მედიაფორუმის რამდენიმე მონაწილე თბილისში არ შემოუშვა.
ისევ მალოფეევსა და მის „ცარიგრადს“ დავუბრუნდეთ: 2015-2016 წლებში ტელეარხის მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებდა ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ალექსანდრე დუგინი.
ეს უკანასკნელი ევრაზიული კავშირის იდეისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგი, რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი გახლავთ.
დუგინს ჩვენი საზოგადოება სხვა მხრიდანაც იცნობს. ის ქართველ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მეგობარია. დიდი ალბათობით ვასაძე და მალოფეევიც მეგობრობენ.
არის ვარაუდი, რომ მალოფეევი სწორედ ლევან ვასაძეს დააფინანსებს. ლევან ვასაძეს მილიონები არ აკლია, მაგრამ როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, ის თავის ფულს პოლიტიკური მიზნებისთვის არავითარ შემთხვევაში არ დახარჯავს. ან რატომ უნდა დახარჯოს, როცა რუსეთში მრავლად არიან ოლიგარქები?
„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ლევან ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მას გასულ წელს სურდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ეს ამბავი ჩაეშალა.
ალბათ ყველას გახსოვთ, შარშან სპორტის სასახლეში დიდი საერო და საეკლესიო კრების ჩატარება რომ დაანონსდა. აი, იქ უნდა დაესახელებინათ პრეზიდენტობის კანდიდატად ვასაძე, მაგრამ ამ კრებას საპატრიარქო გაემიჯნა და ვასაძეც გაჩერდა.
მიმდინარე წლის მარტში მას კომუნიკაცია ჰქონდა ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილთან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვასაძემ მისგან პოლიტიკაში ჩართვაზე კურთხევა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ივანიშვილმა პოლიტიკაში შესვლა შესთავაზა. 2013 წლის გაზაფხულზეც შეხვდა ვასაძეს ივანიშვილი. „ოცნების“ ლიდერმა მას პრემიერის პოსტიც კი შესთავაზა.
იმ დროს ივანიშვილი თავად იყო მთავრობის მეთაური, მაგრამ რამდენიმე თვეში წასვლას აპირებდა და შემცვლელს ეძებდა.
აღსანიშნავია, რომ მაშინ ვასაძე ასეთი დემონიზებული არ იყო და მას საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა.
ვასაძემ ეს შეთავაზება არ მიიღო. როგორც ამბობენ, მას სურდა, რომ ის „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილყო. ივანიშვილს იმ დროისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად უკვე ჰყავდა შერჩეული გიორგი მარგველაშვილი და მან გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ინფორმაციას მისი გარემოცვა ოფიციალურად არ ადასტურებს. ამაზე ვასაძე არც თავად საუბრობს. მედიის კითხვებზე გვპასუხობს, _ ღმერთო, შენ უშველე ასეთ მედიასო.
ამ საყოველათაო მდუმარების ფონზე აშკარაა, რომ ის რაღაცისთვის ემზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში არ დაიწყებდა შეხვედრებს. ვასაძემ რამდენიმე რეგიონში უკვე გამართა შეხვედრა მხარდამჭერებთან.
ახლა ისევ მალოფეევს დავუბრუნდეთ: ეს ადამიანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის საპატრიარქოსთან მჭიდრო კავშირშია.
ის რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული ფონდის, „მსოფლიო რუსეთის ეროვნული ტაძრის“, თავმჯდომარის მოადგილეა, თავმჯდომარე კი პატრიარქი კირილი გახლავთ.
ოქტომბერში რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს 20 მილიარდის ოდენობის ვალი აპატია. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამით პუტინის 54 აფრიკული ქვეყნის ლიდერის ლოიალობის მოპოვება სურს საერთაშორისო სტრუქტურებში.
გარდა იმისა, რომ აფრიკულ ქვეყნებს 20-მილიარდიანი ვალი ჩამოაწერეს, რუსებმა გადაწყვიტეს, დამატებით „დაეხმარონ“ აფრიკის კონტინენტს.
ამ საქმეში მალოფეევიც მონაწილეობს, რომელიც ამბობს, რომ აფრიკა დასავლეთისგან ფინანსურადაც უნდა განთავისუფლდეს და პოლიტიკურადაც.
ამისთვის სპეციალური ფონდიც არის შექმნილი. და როგორც რუსული მედია ამბობს, ამ ფონდის დახმარებით ფული გათეთრდება.
სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა მალოფეევსაც უყვარს. რუსეთის საპატრიარქოსთან დაახლოებული პირი სხვანაირად ვერ იმოქმედებდა.
ის აქტიურად აფინანსებდა და აფინანსებს აღმოსავლეთ უკრაინაში წარმოქმნილ დონბასის რესპუბლიკას.
ე. წ. რესპუბლიკის ქალაქ მირიუპოლში ოქტომბრის ბოლოს გამართულ ფორუმში მალოფეევმაც მიიღო მონაწილეობა, რომელიც რესპუბლიკის მცხოვრებლებს ინვესტიციების ჩადებასა და ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.
ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ის საქართველოში. საინტერესოა, ვინ მიიღებს დაფინანსებას იმ კაცისგან, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს?!.

შორენა მარსაგიშვილი