პუტინი და „გაზპრომი“

(პირველი ნაწილი)

დამოუკიდებელი საექსპერტო მოხსენება
ბ. ნემცოვი, ვ. მილოვი, ვ. რიჟკოვი, ო. შორინა

„გაზპრომი“, როგორც პუტინის პირადი პროექტი

„გაზპრომი“, როგორც მოვლენა, სრულიად უნიკალურია რუსეთის პოლიტიკურ და საქმიან ყოფაში. „გაზპრომის“ მოგებამ 2007 წელს 93 მლრდ. დოლარზე მეტი შეადგინა, ანუ რუსეთის მშპ-ს 7%, რაც 2,5-ჯერ აღემატება, მაგალითად, ნაციონალური თავდაცვის ხარჯებს.
„გაზპრომი“ უზრუნველყოფს მრეწველობის მთელი წარმოების 12%-ზე მეტს, 16%-ს რუსეთის ექსპორტში. მის ანგარიშზეა რუსეთის პირველადი ენერგომატარებლების წარმოების დაახლოებით 43% და ასეთივე წილი რუსეთის ენერგორესურსების მოხმარების ზოგად სტრუქტურაში. „გაზპრომის“ გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 40%. ფაქტობრივად, „გაზპრომი“ რუსეთის ეკონომიკის ენერგეტიკული გულია, ამიტომ რუსეთის ეკონომიკის სიმყარე და პერსპექტივები დიდწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული.
კომპანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზეც. „გაზპრომის“ ნავთისა და გაზის მოპოვების მასშტაბი ენერგორესურსების ზოგადმსოფლიო წარმოების 5%-ს და ნავთობისა და გაზის ზოგადმსოფლიო წარმოების 8,3%-ს შეადგენს. „გაზპრომის“ გაზის მიწოდება გაზის იმპორტით უზრუნველყოფს ევროკავშირის სახელმწიფოების 50%-ზე მეტს.
რთულია, გაიხსენო რუსეთში სხვა ასეთი მასშტაბის კომპანია, მით უმეტეს, ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მქონე.
ევგენი იასინმა (ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მეცნიერხელმძღვანელი, რუსეთის ეკონომიკის მინისტრი 1994-1997 წლებში, ფონდ „ლიბერალური მისიის“ პრეზიდენტი, 2018 წლიდან რფ პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს წევრი) „გაზპრომს“ ხელისუფლების საფულეც კი უწოდა. ფინანსური რესურსების კონცენტრაციით და ამ რესურსების ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი მიზნებისთვის მობილიზაციის შესაძლებლობებით კომპანიას ბადალი არ ჰყავს.
1990 წელს ხელისუფლება პერიოდულად იყენებდა ამ რესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, 1997 წელს, როდესაც ხელისუფლების წინაშე დადგა პენსიონერებისთვის დაგროვილი ვალის გადახდის საკითხი, ელცინმა გასცა განკარგულება, რომ „გაზპრომის“ ხელმძღვანელებს სასწრაფოდ გადაეხადათ დავალიანების ნაწილი (2 მლრდ. დოლარი) საპენსიო ფონდისთვის. პუტინის მმართველობის წლებში „გაზპრომის“ რესურსების მოხმარება სრულიად განსხვავებული მიზნებით ხდება.
„გაზპრომი“ პრეზიდენტ პუტინის უმნიშვნელოვანესი პირადი პროექტი გახდა. კომპანიას მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაადგა თვალი. 2000 წლის წინაასაარჩევნო კამპანიის დროს ნათელი გახდა, რომ ენერგეტიკის თემა და „გაზპრომი“ პუტინის პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალური ელემენტი იყო. 2000 წლის ივნისში, ინაუგურაციიდან ერთი თვის შემდეგ, პუტინმა ოპერატიულად ჩაანაცვლა ჩერნომირდინი გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თავისი თანამოაზრე დიმიტრი მედვედევით, ხოლო 2001 წელს რემ ვიახირევი _ „გაზპრომის“ მმართველი 1992 წლიდან, ალექსეი მილერით.
„გაზპრომი“ უფრო მეტია, ვიდრე სააქციო საზოგადოება. ქვეყნის მთელი ეკონომიკა მეტწილად სწორედ გაზის მრეწველობაზეა დამოკიდებული“, _ ეს პუტინის სიტყვებია, წარმოთქმული 2001 წლის 30 მაისს კრემლში, თათბირზე, რომელზეც ვიახირევი მილერით ჩაანაცვლა. პრეზიდენტობის დასაწყისშივე ნათელი იყო მისი დამოკიდებულება ამ კომპანიისადმი. „გაზპრომი“ პირველი ბიზნესსტრუქტურა აღმოჩნდა, რომლითაც პუტინმა გეგმაზომიერად დაიწყო სიმაღლეების დაპყრობა, ნიშნავდა რა თავის ხალხს მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ზღუდავდა ძველ მენეჯერებს. „გაზპრომის“ ხელმძღვანელობა ძალიან მალე გაივსო პუტინის ნაცნობ-მეგობრებით, რომლებთან ერთადაც ის პეტერბურგის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ამჟამად კომპანიის მმართველობის 18-დან 11 წევრი, რომლებსაც ევალებათ ფინანსების, ქონების, კორპორაციული მმართველობის კონტროლი, 1990-იანებში მუშაობდნენ სანკტ-პეტერბურგის ადმინისტრაციაში ან ღია სს „საზღვაო პორტ „სანკტ-პეტერბურგში“, ან პეტერბურგის რომელიმე კომერციულ სტრუქტურაში, ან უფს (ÔÑÁ)-ში.
ეს უჩვეულო პრაქტიკაა მსხვილი გლობალური ენერგეტიკული კომპანიებისთვის. როგორც წესი, ასეთ სტრუქტურებში წამყვან პოზიციებს იკავებენ პროფესიონალები, რომლებსაც მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ყოფილ რეგიონულ ჩინოვნიკებს, პორტების თანამშრომლებსა და სამშენებლო კომპანიების ტოპმენეჯერებს წამყვან ნავთობგაზის კორპორაციებში, თანაც, ასეთი რაოდენობით, მნიშვნელოვან თანამდებობებზე არ ნიშნავენ.
თუმცა პუტინმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელების დანიშვნისას იხელმძღვანელა არა პროფესიონალიზმით, არამედ საკუთარი და თავისი „პიტერის კლანის“ ინტერესებით.
საუბარია არა მხოლოდ კომპანიაში მართვის სადავეების ხელში ჩაგდებაზე: პუტინი თავისი სამუშაო დროის დიდ ნაწილს უთმობდა «გაზპრომის“ ფუნქციონირებისთვის საჭირო ამოცანების გადაჭრას. მისი საერთაშორისო შეხვედრებისა და ვიზიტების მოტივი ხშირად იყო „გაზპრომის“ პროექტების ლობირება.
პუტინი გულითადად იცავდა „გაზპრომის“ ინტერესებს მაშინაც კი, როდესაც რუსეთის ხელისუფლება განიხილავდა გაზის მრეწველობის განვითარებისა და რეგულირების საკითხებს. როდესაც 2002-2003 წლებში მიხეილ კასიანოვის კაბინეტმა განიზრახა, დღის წესრიგში ჩაესვა გაზის სფეროს რეფორმირების საკითხი და გაზის მომპოვებელი სექტორის კონკურენციისთვის გახსნა, არაერთი მოთხოვნა წამოვიდა კრემლიდან, რომ საკითხი არ განხილულიყო.
ბოლო დროს პრეტენზიები „გაზპრომისადმი“ გახშირდა, მათ შორის, ხელისუფლების ჩინოვნიკების მხრიდანაც. საქმე ეხებოდა ძალიან დაბალ გადასახადებს, რომელიც ბიუჯეტში კომპანიას შეჰქონდა. პუტინი მათ იცავდა გადასახადების გაზრდისგან და ამის გამო ხელისუფლებას ევალებოდა, 2010 წლამდე აღარ დაბრუნებოდა ამ საკითხს. ხელისუფლებამ პუტინის ხელდასხმით მოაწერა ხელი პროგრამას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებისთვის გაზის მოხმარების ფასი გაიზარდა და ევროპული ფასის პარიტეტულ დონეს მიუახლოვდა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლისთვისაც „გაზპრომი“ 15 წელი იბრძოდა, მაგრამ ვერ მიაღწია გაიდარის, ჩერნომირდინის, კირიენკოსა და კასიანოვის მინისტრთა კაბინეტების დროს. ეს პროგრამა მიიღეს პრემიერ მიხეილ ფრადკოვის განკარგულებით (2007 წ. 28 მაისი, #333), რომლის მიხედვითაც, 2011 წლიდან გაზის ფასი რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა გაორმაგებულიყო და 1000 კბ.მ.-ის ფასი უნდა ყოფილიყო 125 დოლარი, 64 დოლარის ნაცვლად. თავისი პრეზიდენტობის წლებში პუტინი მოგვევლინა „გაზპრომის“ ინტერესების მეტად ეფექტიან ლობისტად და ინტერესთა დამცველად.

ქვეყნის გაზმომარაგების სანდოობა უარესდება

პუტინის მიერ დანიშნული მენეჯმენტი „გაზპრომში“ 2001 წლიდან მუშაობს, ამიტომ უპრიანია, სწორედ მას მოეკითხოს ამ დროის განმავლობაში კომპანიის წარმოებით-ეკონომიკური მოღვაწეობის შედეგები. შედეგები კი ნამდვილად სავალალოა.
პირველ ყოვლისა, „გაზპრომის“ მენეჯმენტმა, პრაქტიკულად, ჩააგდო კომპანიის მთავარი ფუნქციის აღსრულება _ უზრუნველეყო რუსეთის მომხმარებლების გაზით მომარაგება. მიიჩნევა, რომ ამ ფუნქციის შესრულების სანაცვლოდ „გაზპრომს“ აქვს ის პრივილეგიები, რომელიც ანიჭებს მონოპოლიის სტატუსსა და სახელმწიფოს აქტიურ მხარდაჭერას.
თუმცა „გაზპრომის“ მიერ გაზის მოპოვება ამ წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, არ გაზრდილა, 2007 წელს შემცირდა 1999 წლის დონემდე. თუ გავითვალისწინებთ ძველი საბადოების ამოწურვას, უახლოეს მომავალში გაზმომარაგების სფეროში სტაგნაცია შეიძლება, სავალალოდ დასრულდეს.
არ იზრდებოდა გაზის მიწოდებაც რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2007 წელს მიწოდების მასშტაბმა შეადგინა მხოლოდ 307 მლრდ. კბ.მ., ანუ 2001 წელთან შედარებით მხოლოდ 2%-ით მეტი. ამასთან, მოთხოვნა გაზზე გაზრდილია 18%-ით, ანუ 67 მლრდ. კბ.მ.-ით წელიწადში.
ამგვარად, განსხვავება მოთხოვნასა და მოწოდებას შორის ბაზარზე იზრდება. ამიტომ მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება ხდება არა „გაზპრომის“, არამედ სხვა კომპანიების მეშვეობით.
ეს განსხვავება ტრადიციულად იფარებოდა ცენტრალური აზიის მეშვეობით, მაგრამ დღეს მოპოვების გაზრდა დამოუკიდებელი მწარმოებლებისგან შეზღუდულია, ხოლო ცენტრალური აზიის გაზის იმპორტზე დამოკიდებულება განაპირობებს ხარჯის მკვეთრ ზრდას.
გაზის არასაკმარისი მიწოდების პრობლემა შიდაბაზარზე, რომელიც გამწვავებულია „გაზპრომის“ საექსპორტო ვალდებულებების ზრდის ფონით, სულ უფრო საშიშ ნიშნებს ამჟღავნებს.

„გაზპრომიდან“ აქტივების გატანის აფერა

იმის ნაცვლად, რომ „გაზპრომის“ მოღვაწეობის მთავარ მიმართულებაზე კონცენტრირდეს ყურადღება, რათა ქვეყნის გაზმომარაგება იყოს უზრუნველყოფილი, პუტინი და მის მიერ დანიშნული გუნდი კონცენტრირებულია ათასგვარ მანიპულაციაზე, რომელთა შედეგი კომპანიიდან პუტინთან და მის მეგობრებთან დაკავშირებულ სტრუქტურებში აქტივებისა და ფულადი სახსრების გატანა გახდა.
თავიდან პუტინი ერთობ აქტიურად ცდილობდა კომპანიაში იმ აქტივების დაბრუნებას, რომელიც რემ ვიახირევის დროს გაიტანეს, მათ შორის, უშუალოდ „გაზპრომისა“ და ნავთობგაზქიმიური კომპანია „სიბურის“ აქციებიც. თუმცა როცა აქტვების დიდი ნაწილი დაბრუნდა, ეს ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და აქტივებმა, მეტწილად, იმავემ _ ისევ დაიწყო გადინება. გარდატეხა მოხდა პუტინის მეორედ არჩევის შემდეგ. ამავე დროს, თუ 1990-იანი წლების ბოლოს აქტივების გატანის მცდელობები ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანს წარმოადგენდა და დეტალურად მიმდინარეობდა მსჯელობა მედიაში, მეორე ვადის დროს, პრესის თავისუფლების სრული ხელყოფის პირობებში, გატანის „მეორე ტალღის“ თაობაზე საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცოდა. საქმიანი პრესა, რომელსაც ვერ აკონტროლებდა პუტინი, ამის შესახებ წერდა, მაგრამ ამ გამოცემების ტირაჟი მცირეა, აუდიტორია _ სპეციფიკური და ამიტომ ინფორმაციამ ფართო გამოხმაურება ვერ ჰპოვა. რუსეთის ცენტრალური ტელევიზიები, გასაგები მიზეზების გამო, ამ თემაზე საერთოდ არაფერს ამბობდნენ. ამასობაში, უცნაური კომერციული შეთანხმებების შედეგად, „გაზპრომმა“ დაკარგა აქტივები, რომელთა ღირებულება შეადგენდა მილიარდ დოლარს. ბევრი აქტივი გადავიდა პუტინის მეგობრების ხელში. მაგალითად, 2008 წელს გამოცხადდა, რომ „გაზპრომმა“ კომპანია „სიბური“ რომელიღაც კვიპროსულ ოფშორულ კომპანიას მიჰყიდა ღირებულებაზე დაბალ ფასად.
შედეგად, ამ საეჭვო გარიგებებში დაკარგული სახსრები შეიძლება მიმართული ყოფილიყო გაზის მოპოვებისთვის საჭირო ინვესტირებისთვის და ზემოთ აღწერილი კრიზისის მოგვარებისთვის, მაგრამ ეს არ გაკეთებულა.

„გაზპრომის“ აქციებით მანიპულირება 2000-იანი წლების დასაწყისში

„გაზპრომისთვის“ მისი აქციების დაბრუნება პუტინის საკმაოდ ხმაურიანი პროექტი იყო. კერძოდ, ფართო გამოხმაურება ჰპოვა „სტროიტრასგაზისგან“ აქციების 4,8%-ის დაბრუნებამ.
თუმცა ძალიან მალე ეს აქციები უცნაურ ვითარებაში გაქრა.
პროცესი იყო ეტაპობრივი, მაგრამ მსურველებს შეუძლაით, თვალყური მიადევნონ „გაზპრომის“ კვარტალურ ფინანსურ ანგარიშს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყოველ ასეთ ანგარიშში გამოქვეყნებულია მონაცემები „გაზპრომის“ აქციების რაოდენობის შესახებ, რომელიც მისი შვილობილი კომპანიების ბალანსზეა.
მაგალითად: 2003 წლის 31 მარტის მონაცემებით, „შვილობილი კომპანიების კონტროლქვეშ იყო მისი აქციების 17,4%, 2007 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით _ 0,3%. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ 2005 წელს აქციების 10,7% შეისყიდა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტგაზმა“,
მაგრამ 17,4% – 10,7% – 0,3% = 6,4%-ს. ამგვარად, დაწყებული 2003 წლიდან, აქციების 6,4% სადღაც გაქრა. ყველაზე მასშტაბური დანაკრგი ფიქსირდება 2007 წელს. თუ ამ წლის პირველ იანვარს შვილობილი კომპანიები აკონტროლებდნენ აქციების 3,4%-ს, წლის ბოლოს დარჩენილი იყო მხოლოდ 0,3%.
აქციების ნაწილი, როგორც ჩანს, გამორიცხული იყო საერთო ანგარიშიდან, რადგან „გაზფონდის“ (რომელსაც მართავს პუტინის მეგობარი კოვალჩუკი) საპენსიო ფონდში აღრიცხვა შეწყდა. „გაზპრომი“ განმარტავს, რომ ის პერიოდულად ყიდის და ყიდულობს საკუთარ აქციებს ბაზარზე, თუმცა შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, მისი აქციების მსხვილი პაკეტი შვილობილი კომპანიების ბალანსიდან გამქრალია. სად? არავინ იცის.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
რადგან აქციების 6,4% არის აქციების პაკეტი, რომელიც კომპანიის მართვაში რეალური მონაწილეობის უფლებას განსაზღვრავს. ამ პაკეტის საბაზრო ღირებულება 20 მლრდ. დოლარს შეადგენს. ეს არის სიდიდით მეორე პაკეტი სახელმწიფოს კუთვნილი პაკეტის შემდეგ, თანაფარდი იმ პაკეტისა, რომელიც ეკუთვნის გერმანულ კომპანია E.ON-Ruhrga -ს (6,4%). ამ პაკეტის აქციების დივიდენდების ზომა, გამომდინარე „გაზპრომის“ დივიდენდების 2007 წლის მონაცემებიდან, შედაგენს 170 მლნ. დოლარს წელიწადში, ხოლო გამომდინარე სადივიდენდო გადახდების დონიდან, რომლებიც მიღებულია, მაგალითად, რუსეთის კერძო ნავთობის კომპანიებში, დაახლოებით 1,1-1,7 მლრდ. დოლარს. ასეთი პაკეტის მფლობელს შეუძლია „გაზპრომის“ დირექტორთა 11-კაციან საბჭოში თავისი კანდიდატი შეიყვანოს და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მართვაში.
როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი პაკეტი გამქრალიყო სახელმწიფოს კონტროლის სივრციდან _ სრულიად გაუგებარია. მაგალითად, 1998 წელს სახელმწიფო ყიდდა აუქციონზე კომპანიის აქციების 2,5%-ს. ორგანიზებული იყო ღია აუქციონი, ხოლო მისი მიმდინარეობა აქტიურად შუქდებოდა რუსეთის ტელევიზიებში. გამჭვირვალე ვაჭრობაში გაიმარჯვა გერმანულმა კომპანია Ruhrgas -მა, დღეს კი ბალანსიდან ბევრად დიდი პაკეტი გაქრა და მისი ბედის შესახებ არაფერია ცნობილი.
თუ ეს 6,4% ღია ბაზარზე გაიყიდებოდა, „გაზპრომს“ შეეძლო 20 მლრდ დოლარის მიღება, რომელიც გაზის მოპოვების განვითარების საქმისკენ იქნებოდა მიმართული.
უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი აფერა: სახელმწიფოს მიერ 2005 წელს აქციების 10,7%-ის გამოსყიდვა, რათა „გაზპრომი“ საკუთარი გავლენისთვის დაექვემდებარებინა.
სახელმწიფოს მიერ „გაზპრომზე“ კონტროლის აღდგენა, რომელიც რემ ვიახირევის დროს დაიკარგა, კარგი მიზანი იყო, რომლის წინააღმდეგ ლიბერალი რეფორმატორებიც კი არ აცხადებდნენ პრეტენზიებს, მაგრამ როგორ მოხდა ეს?
სახელმწიფოს ამის გაკეთება ბევრად მარტივად შეეძლო, ბევრად მცირე ფულის სანაცვლოდ _ გადაიტანდა რა აქციებს შვილობილი კომპანიებიდან მთავარ კომპანიაზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უფასოდ გაზრდიდა აქციების პაკეტს 39,3%-დან 48%-მდე ხოლო დარჩენილ 2%-ს შეავსებდა ბაზარზე. ასეთ წინადადებებს განიხილავდნენ ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ, 2000 წელს. ბიუჯეტიდან დიდი თანხის გადახდა აქციების გამოსასყიდად აშკარად უგუნური ნაბიჯი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით. ამას სჯობდა ამ ფულის გამოყენება საპენსიო ფონდის დეფიციტის დაძლევისთვის.
მაგრამ სახელმწიფომ მოიცადა, როცა „გაზპრომის“ საბაზრო კაპიტალიზაცია გაიზრდებოდა, გამოსასყიდი აქციები გაძვირდებოდა და მეორე _ სახაზინო აქციების ანაზღაურების ნაცვლად გამოესყიდა აქციების 10.7% ბევრად უფრო ძვირად, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში, ეს ფული გამოიყენეს რომან აბრამოვიჩისგან „სიბნეფტის“ შესასყიდად.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაც სპეციალურად აჭიანურებდა „გაზპრომზე“ სახელმწიფოს კონტროლის აღდგენის შეთანხმებას, რათა რაც შეიძლება მეტი საბიუჯეტო თანხა გადაეტანა კომპანიის ანგარიშზე, შემდეგ კი ეს ფული გამოყენებული ყოფილიყო აბრამოვიჩისგან „სიბნეფტის“ (სხვათა შორის, გადაჭარბებული ფასით) შესაძენად. ბიუჯეტმა ამ გარიგებაში დაკარგა არანაკლებ 6,5 მლრდ. დოლარისა. საიტერესოა, შეესაბამება თუ არა ასეთ გარიგებას განმარტება „საბიუჯეტო სახსრების დანაშაულებრივი გაფლანგვა“?
და კიდევ: 2005 წელს გამოსყიდული 10,7% არ გადასულა სახელმწიფო საკუთრებაში და ისევ „როსნეფტგაზის“ ბალანსზეა.

ქეთევან ენუქიძე