მირიან მირიანაშვილი: „კვირიკაშვილი საპატრიარქოში რუს ჩინოსანს მიჰყვა, რომელმაც ილია მეორეს გადადგომა მოსთხოვა“

საქართველოში მონასტერი ხშირად არეულა, მაგრამ ასეთი ქაოსი, ალბათ, არასდროს ყოფილა. იმას, რაც 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე მოხდა, ალბათ, არავინ ელოდა. ყველას ეგონა, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებაზე იქნებოდა მსჯელობა, მაგრამ როგორც მიშა სააკაშვილი იტყოდა, _ ნურას უკაცრავად _ სინოდის სხდომა მეუფე პეტრეს განყენებით დასრულდა.

რატომ განკვეთეს მეუფე პეტრე? რა მიზანს ემსახურებოდა მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები? ვინ ითხოვდა პატრიარქის გადადგომას? ვინ მიიყვანა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრიარქოში? რა კომპრომატები აქვს რუსეთს ქართველ საერო პირებსა და სასულიერო იერარქებზე? როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ამერიკელების ხელში? რატომ ითვლებოდა საქართველოს საპატრიარქო აქამდე რუსეთის ეპარქიად? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, მირიან მირიანაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო მირიან, მეუფე იაკობის შოკისმომგვრელ განცხადებებს თუ რამე გადაფარავდა, არავის ეგონა, მაგრამ 31 ოქტომბერს გამართულმა სინოდის სხდომამ საქართველოში ყველა სკანდალი დაჩრდილა. რას იტყვით ამაზე?
_ ის, რაც ახლა საქართველოს ეკლესიაში ხდება, ძალიან წააგავს 1971-1972 წლებში მიმდინარე მოვლენებს. საბჭოთა ხელისუფლებას სურდა, ეკლესიაში რაღაც ჩანაცვლებები გაეკეთებინა. მაშინ კომუნისტებმა ყველა ძალა ჩართეს _ მათ მიერ მართული ეროვნული მოძრაობა ეკლესიას უტევდა; აქტიურობდა საბჭოთა პრესაც.
ახლაც ასეა, _ რუსეთს საქართველოს ეკლესიაში ცვლილებების განხორციელება სურს და ყველა ძალა ჩართო.
მინდა, თქვენმა მკითხველმა კარგად იცოდეს ერთი რამე _ მეუფე პეტრე, რომელსაც ეს სკანდალი უკავშირდება, თავისი ნებით არ არის მიხეილ სააკაშვილის მომხრე. თავის დროზე, მას შესაბამისმა სტრუქტურებმა დაავალეს სააკაშვილის მხარდაჭერა.
_ რას გულისხმობთ? შეგიძლიათ, უფრო გასაგებად გვითხრათ?
_ პოსტზვიადისტური სამეგრელო, ელექტორალურად, მთლიანად სააკაშვილს გადაეცა და ზედ ფეშქაშად მიაყოლეს ჭყონდიდის ეპარქიაც. ამ ეპარქიას 31 ოქტომბრამდე მეუფე პეტრე მეთაურობდა. ამიტომ გითხარით, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა მეუფე პეტრეს პირადი არჩევანი არ ყოფილა. ის, უბრალოდ, დავალებას ასრულებს.
_ ვის დავალებას ასრულებს?
_ იმის დავალებებს ასრულებს, ვინც საქართველოს ეკლესიის საქმეებს განაგებდა. ვგულისხმობ ერთ საშუალო დონის რუს ჩინოვნიკს.
_ გვარს არ გვეტყვით?
_ გვარს რა მნიშვნელობა აქვს? _ ივანოვი იყოს, გნებავთ, _ პეტროვი.
_ საქართველოს საეკლესიო საქმეებში ალფეევი აფათურებდა ხელებს და მას გულისხმობთ?
_ კი ბატონო, ალფეევია. მთავარი აქ რუსი ჩინოსნის გვარი არ არის, მთავარია, მეუფე პეტრე რატომ ჩაერთო ამ ამბებში. აი, ეს არის ინტრიგა. მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა. ეს განცხადება არანაირად არ იყო პეტრეს წინააღმდეგ მიმართული.
ის იმიტომ ჩაერთო ამ პროცესებში, რომ მას ამის გაკეთება დაავალეს. შესაბამისად, მან ახლა პრეტენზია უნდა წაუყენოს იმათ, ვინც მას ეს დავალება მისცა. პატრიარქისა და საპატრიარქოსკენ ხელებს არ უნდა იშვერდეს.
პეტრე თავისი განცხადებით ღიად ჩაერთო ქართული ეკლესიისა და გარე ძალების დაპირისპირებაში. ის გარე ძალების მხარეს აღმოჩნდა. გარე ძალები, თავის მხრივ, ილია მეორის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა.
_ რომელმა გადაწყვეტილებამ გააღიზიანა?
_ ილია მეორემ უარი თქვა გადადგომაზე, რასაც მისგან ითხოვდნენ. ამ უარით მან ქართული ეკლესიის ავტორიტეტი გაზარდა. პატრიარქს გადადგომა მოსკოვიდან მოსთხოვეს.
აქედან გამომდინარე, პატრიარქის გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულმა ეკლესიამ რუსეთის მოთხოვნა არ შეასრულა. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე როგორც საეკლესიო, ასევე საერო ხელისუფლება კრემლის ყველა მოთხოვნას ასრულებდა.
თვით მიშა სააკაშვილიც კი ასრულებდა რუსეთის მოთხოვნებს. არადა, ის, ერთი შეხედვით, მათთან დაპირისპირებული იყო. 2012 წელს, როგორც კი იქიდან შემოუთვალეს, არჩევნებში დამარცხება უნდა აღიაროო, ეს დავალება ყოველგვარი აპელაციის გარეშე შეასრულა.
სინამდვილეში, პატრიარქის უარი იმდენად მარტვილობა არაა, რამდენადაც კარგად აწონდაწონილი ნაბიჯი. დღეს საქართველოში რუსეთის გავლენა უპირობოდ დიდი აღარ არის, პატრიარქმაც გამოიყენა ეს შანსი და მათი მოთხოვნა არ შეასრულა.
რუსეთი საქართველოზე გავლენებს კიდევ უფრო დაკარგავს. ამერიკის შეერთებული შტატების დაინტერესება ჩვენი რეგიონის მიმართ ყოველდღე იზრდება. იმდენად დიდია ამ რეგიონით დაინტერესება, რომ ბოლო ერთი წელია, ამერიკა დროებით შეეშვა მისთვის პრიორიტეტულ ჩრდილოეთ კორეასა და სპარსეთის ყურეს. ამ რეგიონში კი საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.
დიახ, დღეს ამერიკა ჩეენს რეგიონზეა ფოკუსირებული. ქართულ საერო და საეკლესიო ხელისუფლებას რატომ ჰგონია, რომ ამერიკის დაინტერესება მათზე არ გავრცელდება? ამერიკა აუცილებლად გადადგამს რაღაც ნაბიჯებს.
როდესაც მეუფე პეტრე ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინა. ეტყობა, მან საკმარისად მიიჩნია ის გარანტიები, რაც მიიღო.
_ რა გარანტიები მიიღო?
_ მას უთხრეს, რომ ამ საქმეში არ დაზარალდებოდა. ახლა მოჰკითხოს იმათ, ვინც ეს გარანტიები მისცა. აქამდე მეუფე პეტრე მეუფე იაკობს უპირისპირდებოდა, 31 ოქტომბერს უკვე პატრიარქს დაარტყა, რაც სულ სხვა კომბინაციაა.
დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენს პატრიარქს ბოლო ხანებში საზღვარგარეთ ძალიან სერიოზული კომუნიკაციები ჰქონდა.
_ რუსეთთან ჰქონდა პატრიარქს კომუნიკაცია თუ რომელიმე სხვა ქვეყანასთან?
_ რუსეთთან როგორ ექნებოდა კომუნიკაცია? რუსეთმა მას გადადგომა მოსთხოვა. რუსეთის საპირწინე სად იქნებოდა, ამას, ალბათ, მარტივად მიხვდებით.
_ ამერიკელებთან ჰქონდა კომუნიკაცია?
_ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. ამ კომუნიკაციის შედეგია ის, რომ პატრიარქმა რუსეთის მოთხოვნა არ შეასრულა და არ გადადგა.
რეგიონის საერო და საეკლესიო საქმეებზე რუსეთის ექსკლუზიური გავლენა უკვე წარსულის ამბავია. ნებისმიერი საერო თუ საეკლესიო პირი, რომელიც რუსული თამაშით შეეცდება თამაშს, აუცილებლად დამარცხდება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალიდან პატრიარქი ანტირუსული განცხადებების გაკეთებას დაიწყებს. ასეთი რამე არ იქნება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ეკლესია იქნება ნეიტრალური, რაც ყველაზე მომგებიანი პოზიცია იქნება საქართველოსთვის. ნებისმიერი მხარის მხარდაჭერის შემთხვევაში ზარალი კატასტროფულად დიდი იქნებოდა.
_ თქვენი საუბრიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, პოზიტიურად მიგაჩნიათ ის ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო?
_ მეტიც: ასეთი პოზიტიური სიგნალი საქართველოს ეკლესიიდან ბოლო წლებში აღარ წამოსულა.
_ მგონი, ერთადერთი ხართ, ვინც ამ ამბით კმაყოფილია.
_ პოზიტიური სიგნალია. ოდესმე გაიხსნება ამ ამბის კულინარია და უფრო ფუნდამენტურად შევძლებ აღნიშნულ თემაზე საუბარს. ახლა მხოლოდ ერთს გეტყვით, _ ეს იმის პრიმიტიული სცენარია, რაც მომავალი წლის არჩევნებზე მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ვეღარ დააკომპლექტებს.
აღსანიშნავია, რომ, თავის დროზე, პატრიარქზე ზეწოლისთვის რუსებმა გიორგი მამალაძის ამბავიც გამოიყენეს. იყო ღია საუბრები იმაზე, რომ თუ პატრიარქი არ გადადგებოდა, მაშინ დაკავებული დეკანოზი ალაპარაკდებოდა.
მინდა, თქვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ რუსები საქართველოს პოლიტიკური სტიმულებით და, ძირითადად, კომპრომატებით მართავენ. მათ ძალიან ბევრი კომპრომატი აქვთ როგორც ჩვენს პოლიტიკოსებზე, ასევე სასულიერო პირებზე. ეს ძლიერი ბერკეტია მათ ხელში.
ამ კომპრომატების დიდი ნაწილი ახლა ამერიკელების ხელთაა. ის ხალხი, ვინც ამ და სხვა კოპრომატებს ფლობდა, რუსეთიდან ამერიკაში გაიქცა. მათ, ბუნებრივია, ეს მასალა თან წაიღეს.
წლების მანძილზე ამერიკელები ამ ინფორმაციას ძალიან დელიკატურად იყენებდნენ, ისინი რუსებივით აგრესიულად არ მოქმედებდნენ, მაგრამ მათი მოთმინებაც ზღვარზეა. მოზომილი რომ იყოს პოლიტიკური სპექტრიც და ეკლესიაც, ძალიან კარგი იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე ზოგიერთი შეიძლება სულიერი განცდების სამყაროში გადავარდეს.
აქამდე ასე ფიქრობდნენ, რომ ამერიკელები დემოკრატები არიან, ამ კომპრომატებს არ გამოიყენებენ და ამიტომ მარტო რუსების უნდა გვეშინოდესო. ახლა ეს წარსულს ჩაბარდა. ამიერიდან საქართველოსა და ამერიკის წინააღმდეგ წასვლა და რუსეთის სასარგებლოდ მოქმედება დასჯადი იქნება.
_ შეგვიძლია იმის თქმა, რომ რუსეთმა საქართველოს საპატრიარქოზე კონტროლი დაკარგა?
_ რუსეთმა საპატრიარქოზე კონტროლი დაკარგა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არანაირი გავლენა აღარ ექნება. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩვენს ეკლესიაზე გავლენები შეიძლება კიდევ კარგა ხანს ჰქონდეს, მაგრამ მეპატრონე და რეალური მოცემულობის ჩამომყალიბებელი ვეღარ იქნება.
რუსეთის მებატონეობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ მსოფლიოს საეკლესიო წრეებში საქართველოს ეკლესიას რუსული ეკლესიის ეპარქიად აღიქვამენ მაშინ, როცა ჩვენ ძალიან გავლენიანი ეკლესია გვქონდა.
ყველამ იცოდა, რომ მოსკოვის გარეშე ჩვენი ეკლესია გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობდა. პატრიარქის გადაწყვეტილება, არ დამორჩილდეს რუსეთს და არ გადადგეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ილია მეორემ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველოს ეკლესიამ დაიწყო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება.
_ კიდევ ერთ სკანდალზე ვისაუბროთ, რომელიც მეუფე იაკობმა ააგორა: ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ მას ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი პატრიარქის შეცვლაზე, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, ეჩალიჩებოდა. ამაზე რას გვეტყვით?
_ ჩემი აზრით, ეს სკანდალად არ უნდა ჩაითვალოს, ეს უფრო რევოლუციური ცვლილებების მსგავსი რამეა. რამდენადაც ვიცი, პატრიარქის შესაძლო შეცვლაზე საუბრები იყო. ფორმატის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის უცნობია, ვინ ესწრებოდა ასეთ შეხვედრებს.
როგორც უკვე ვთქვი, რუსეთი საქართველოს პატრიარქზე ზეწოლას ახორციელებდა, რომ ის გადამდგარიყო. მას სთხოვდნენ, რომ პატრიარქის ტახტი მეუფე შიოსთვის გადაებარებინა. ეს ზეწოლა განსაკუთრებით მძიმე შარშან და შარშანწინ იყო. წელს ეს ზეწოლა შენელდა.
წინა წლებში განხორციელებულმა ზეწოლამ რაღაც შედეგი მაინც გამოიღო და ილია მეორემ თავის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა. ოღონდ მყარი გარანტიები მიიღო, რომ მის სიცოცხლეში პატრიარქი არ შეიცვლებოდა.
_ ვისგან მიიღო პატრიარქმა ეს გარანტიები, რუსეთისგან?
_ რა თქმა უნდა. საქართველოს ეკლესიის განმკარგავი და ბატონი აქამდე მოსკოვი იყო. ეს დათქმა კრემლისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. რუსებს ძალიან ეშინიათ იმ არჩევნების, რომელიც საქართველოში 2020 წელს უნდა ჩატარდეს. მათ ეშინიათ, რომ აქ პოლიტიკური ძალები ამერიკისთვის სასარგებლოდ გადალაგდება.
მოსკოვში ფიქრობდნენ და ახლაც ასე მიიჩნევენ, რომ ქართული ეკლესია ამერიკული გავლენების წინააღმდეგ მომგებიანი ძალა უნდა იყოს. მათი გათვლებით, საქართველოს საპატრიარქი ანტიამერიკული კამპანიის ავანგარდში უნდა ყოფილიყო.
ბოლო პერიოდში დასავლურ-რუსულ დაპირისპირებებში ქართულმა ეკლესიამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა. რუსეთმა ეს მძიმედ გადაიტანა და პატრიარქზე ზეწოლა გააგრძელა. ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მეუფე იაკობის განცხადება სწორედ ამ ზეწოლის გამოძახილი იყო. მან ეს განცხადება დამოუკიდებლად არ გააკეთა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა პატრიარქის პოზიცია გაახმოვანა.
ამ სკანდალური განცხადების ადრესატი არც ქართული საზოგადოებაა და _ არც ქართული პოლიტიკური ელიტა.
_ აბა, ვის გასაგონად თქვა ეს ყველაფერი მეუფე იაკობმა?
_ რუსეთის გასაგონად. მისი პირით პატრიარქმა მოსკოვს მკაფიოდ უთხრა, რომ ის გადადგომას არ აპირებს. მეტიც, მან რუსეთს აგრძნობინა, რომ ზეწოლის ფაქტების ნაწილს გაასაჯაროებს.
საქართველოს საპატრიარქოსა და ილარიონ ალფეევს შორის, რომელიც ჩვენს ეკლესიას კურირებს, ერთგვარი ცივი ომი მიმდინარეობს.
მეუფე იაკობის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის ან გიორგი გახარიას დაუპირისპირდა, ან _ ვახტანგ გომელაურს. აი, კვირიკაშვილთან დაკავშირებით სულ სხვანაირად არის საქმე.
_ რას გულისხმობთ?
_ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მართლა მონაწილეობდა იმ შეხვედრაში, სადაც პატრიარქის შეცვლის საკითხი განიხილებოდა. რუსეთმა კვირიკაშვილს ილია მეორის შეცვლა დაავალა.
_ რუსეთმა კვირიკაშვილს რატომ დაავალა? კვირიკაშვილი ყოველთვის პროდასავლურ პერსონად ითვლებოდა.
_ პროდასავლურობის ანტურაჟი მას რუსეთმა შეუქმნა. უფრო სწორი ვიქნები, თუ ვიტყვით, რომ ასეთი რამის შექმნას შეეცადა, მაგრამ კარგად არ გამოუვიდათ. როცა რუსები მიხვდნენ, რომ კვირიკაშვილს პროდასავლურის იმიჯი ვერ შეუქმნეს, მათ მიერვე შექმნილი იმიჯის დანგრევაზე გადავიდნენ. ეს რუსული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მათ არაფერში სჭირდებოდათ, რომ ხელისუფლებიდან წასულ ყოფილ პრემიერს პროდასავლურის იმიჯი გაეყოლებინა თან.
_ რანაირად დაუნგრიეს?
_ დაავალეს, დალაპარაკებოდა პატრიარქს და ეთხოვა, რომ ის გადამდგარიყო.
_ კვირიკაშვილმა პატრიარქს უთხრა, გადადექიო?
_ პირადად კვირიკაშვილს პატრიარქისთვის ეს არ მოუთხოვია, სამაგიეროდ ის მონაწილეობდა იმ შეხვედრებში, სადაც ილია მეორის შეცვლის საკითხი განიხილებოდა. შემიძლია, ერთი სკანდალური ინფორმაციაც მოგაწოდოთ: ერთ-ერთ რუს ჩინოსანს, რომელსაც პატრიარქის გადაყენება ჰქონდა დავალებული, საპატრიარქოში პირადად გიორგი კვირიკაშვილი მიჰყვა.
_ ის მაშინ პრემიერი იყო?
_ პრემიერი იყო.
_ ის ვინ იყო, ვისაც საპატრიარქოში მიჰყვა, ალფეევზეა საუბარი?
_ ამჯერად გვარს არ დავასახელებ, საიდუმლო ინფორმაციაზეა საუბარი. ჩემთვის არ არის ცნობილი საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალები. მხოლოდ ის ვიცი, რომ მაშინაც მოსთხოვეს ილია მეორეს გადადგომა.
ასეთი ზეწოლები და საუბრები ბევრი იქნებოდა და მეუფე იაკობმა თავისი განცხადებით ეს ყველაფერი ოპერატიულად გადაფარა. მან პატრიარქის პოზიცია გადაფარა. ბოდბელი ეპისკოპოსი არც გახარიასა და არც გომელაურს არ დაპირისპირებია.
შეხვედრა, სადაც პატრიარქის შესაძლო გადაყენების საკითხი განიხილებოდა, ძალიან ბევრი იყო. ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი რომელ შეხვედრას ესწრებოდა, ეს მე არ ვიცი.
_ რომელ წლებში ტარდებოდა ასეთი შეხვედრები?
_ „ციანიდის სკანდალამდე“ და მის მერეც. წელს ამ ზეწოლამ იკლო.
_ ასე ხშირად თუ ტარდებოდა ასეთი შეხვედრები, მეუფე იაკობმა ახლა რატომ თქვა ამის შესახებ?
_ ვფიქრობ, რომ მან სწორი დრო შეარჩია. წინ საპარლამენტო არჩევნებია. კრემლისთვის ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ამ დროს მეუფე შიო იქნება პატრიარქი, არჩევნები რუსეთისთვის სასარგებლოდ დასრულდება.
რუსეთი მიზნის მისაღწევად უკან არ დაიხევს და შეხვედრები, სადაც პატრიარქის შეცვლაზე იქნება სუბარი, მომავალშიც გაგრძელდება. ჩემი აზრით, პატრიარქმა იაკობის პირით გახარია და გომელაური, უბრალოდ, გააფრთხილა, რომ ამგვარი თავყრილობებისგან თავი შორს დაიჭირონ.
_ ჩუმად არ შეიძლებოდა ამის გაკეთება?
_ პატრიარქის აპოლოგეტი არასდროს ვყოფილვარ. მიმაჩნდა, რომ მისი ზომიერი პოლიტიკა თავისი არსით პრორუსული იყო, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. რაკი ასე გადაწყვიტა, ალბათ, ასე იყო საჭირო.
_ თუ ეს ყველაფერი პატრიარქთან შეთანხმებული იყო, რატომ გადადგა ქორეპისკოპოსობიდან იაკობი, ესეც შეათანხმეს?
_ ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს. მგონია, რომ ეს ჩვენი ემოციური ხასიათის ბრალია. შეიძლება, იაკობი ემოციებს აჰყვა და გადადგა, რაც შეთანხმებაში არ შედიოდა. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, _ ეს განცხადება იაკობს პატრიარქის გარეშე არ გაუკეთებია.
_ კვირიკაშვილის თემა გავაგრძელოთ, თუ შეიძლება: თქვენ ამბობთ, რომ ის რუსეთის თამაშს თამაშობდა და ანაკლიის პორტსაც რუსეთის მითითებით ლობირებდა. არის ვერსია, რომ მისი პრემიერობა სწორედ ამ პორტმა შეიწირა, რომელიც მოსკოვისთვის მიუღებელია.
_ კვირიკაშვილი არასდროს ყოფილა პროდასავლური პოლიტიკოსი. მას არც სერიოზული კავშირები ჰქონდა ამერიკასთან, როგორც ამაზე ხმები დადიოდა. მას ამერიკაში სერიოზული მეკავშირე რომ ჰყოლოდა, პრემიერობიდან ასე უპრაგონოდ ვერ გადააყენებდნენ.
ის ივანიშვილს ემუქრებოდა, რომ პომპეოსთან დავრეკავ და ვერ გადამაყენებო. ამის გაკეთება თუ შეეძლო, რატომ არ დარეკა? _ გაუგებარია.
_ მის პროდასავლურობას რაკი გამორიცხავთ მაშინ ასე გკითხავთ: თუ პრორუსული იყო და რუსეთის დავალებებს ასრულებდა, რანაირად გადააყენა ივანიშვილმა, ისიც ხომ კრემლის კაცად ითვლება?
_ მე არ მჯერა, რომ ხაზარაძე და კვირიკაშვილი ანაკლიის პორტს აშენებდნენ და ამას გადააყოლეს. სპარსეთის ყურეში პორტის მშენებლობაზე ვმუშაობდი, კოორდინატორი ვიყავი. პორტის მშენებლობა იმდენად სერიოზული რამ არის, რომ ის კვირიკაშვილისა და ხაზარაძის შესაძლებლობებს ბევრად სცილდება. ამის შესაძლებლობა არც საქართველოს გააჩნია. ამისთვის რამდენიმე ათეული მილიარდია საჭირო.
კვირიკაშვილი სულ სხვა რამის გამო გადააყენეს. ამის შესახებ ყველაფერი ვიცი. ჯერ ამ ამბის გამხელის დრო არ დამდგარა. გავა დრო და მოგიყვებით.

შორენა მარსაგიშვილი