სანდრო ბრეგაძე: „შორენა თეთრუაშვილმა ქართული ეკლესია დაშლის პირას მიიყვანა“

შორენა თეთრუაშვილს საქართველოში ყველა იცნობს. ყველამ იცის, რომ მის გარეშე საპატრიარქოში ბუზიც კი ვერ გაიჭაჭანებს. შორენასგან კურთხევა თუ არ გაქვთ, პატრიარქთან შეხვედრაზე არც უნდა იოცნებოთ. მასზე ხშირად ისეთ რამეებს ჰყვებიან, რომ ძნელია დაიჯერო. არადა, ეს ყველაფერი მართალია. ვისაც საპატრიარქოსთან მცირედი შეხება ჰქონია, ამას ყველა დაგიდასტურებთ.
„ქართული მარშის“ ლიდერ სანდრო ბრეგაძეს შორენას რისხვა არაერთხელ დაატყდა თავს. მისი თქმით, ყველა უკეთურება, რაც დღეს საპატრიარქოში ხდება, ამ ქალს უკავშირდება.

რატომ სარგებლობს ასეთი გავლენებით საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილი? როგორ მოანათვლინა მან ქართველების მკვლელი პაველ გრაჩოვი? როგორ განაკვეთინა ეკლესიიდან ზვიად გამსახურდიას სულიერი მოძღვრები? რატომ გამოყარა საპატრიარქოდან დედები, რომლებიც პატრიარქს ძმათამკვლელი ომის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ? როდის იცეკვა დავლური საპატრიარქოში შორენამ? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს სანდრო ბრეგაძე ესაუბრება:

_ იმ ამბებმა, რაც გასულ კვირას საპატრიარქოში დატრიალდა, ყველა შოკში ჩაგვაგდო. თქვენი აზრით, რა ხდება?
_ ეს გახლავთ ბაკქანალია, რომელსაც მართავს ერთი ხელი. პირდაპირ ვთქვათ, იმ პროცესებმა, რაც ქვეყანაში მიდის, ეკლესიაშიც შეაღწია და დღეს იქ ძალიან მძიმე სურათია.
ნურავის ჰგონია, რომ ეს ამბავი პეტრე ცაავას სკანდალური განცხადებებით დამთავრდება. პირიქით, ახლა საპატრიარქოში უფრო დიდი და უფრო რთული პროცესები დაიწყება, რომლის მთავარი მიზანია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რამდენიმე ნაწილად გაიყოს.
დაახლოებით ისეთი სურათი უნდა მივიღოთ, როგორიც დღეს არის უკრაინაში. იქ სამი საპატრიარქოა. ჰყავთ სამი პატრიარქი, რომელიც ერთმანეთს არ ცნობს.
_ გვეყოლება საქართველოში რამდენიმე საპატრიარქო? უკრაინა ჩვენზე ბევრად დიდი ქვეყანაა და იქ 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
_ ეკლესიის რამდენიმე ნაწილად დაყოფისთვის საჭირო არაა, რომ დიდი ქვეყანა ვიყოთ. ჩვენზე პატარა ქვეყნებშიც ყოფილა საეკლესიო განხეთქილებები.
დაიშლება თუ არა ქართული ეკლესია, ეს ჩვენს მოსახლეობაზე არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანი როლი თავად საპატრიარქომაც უნდა შეასრულოს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ბოლო დროს საპატრიარქოს ქმედებები ყოველგვარ ადეკვატურობას სცილდება.
„ქართული მარშის“ სახელით მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ილია მეორეს. ილია მეორე გახლავთ ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომელიც აჩერებს ეკლესიის გაყოფას.
_ ბევრი ამბობს, რომ მან მიიყვანა ეკლესია აქამდე.
_ ამას ეკლესიის მტრები ამბობენ. პატრიარქის ავტორიტეტი რომ არა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკვე დაშლილი იქნებოდა, ამიტომ მთელი მოსახლეობა მას უნდა დაუდგეს გვერდით. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით. იმედია, ბევრი დაუდგება გვერდით მოხუც პატრიარქს, რომელსაც ათასი ჯურის ყორანი დაესია და კორტნის.
_ თქვენ თქვით, რომ მოსახლეობა უნდა დაუდგეს გვერდითო. ხელისუფლების მხარდაჭერა საკმარისი არ იქნება? პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ პატრიარქის გვერდით ვართო.
_ არ მჯერა, რომ ხელისუფლება პატრიარქს გვერდით უდგას. ის ხელისუფლება ეკლესიის გვერდით ვერ იქნება, რომლის პირველი პირიც ანაბრების ქურდი ვანო ჩხარტიშვილია.
_ რანაირად არის ვანო ჩხარტიშვილი ხელისუფლების პირველი პირი?
_ ჩვეულებრივად. ჩხარტიშვილი განაგებს ბიზნესებს, ხსნის და ნიშნავს მინისტრებს. პრემიერი ნათია თურნავას მოხსნას აპირებდა, მაგრამ ჩხარტიშვილი ჩაერია და მთავრობის მეთაურმა გადაწყვეტილება უკან წაიღო.
ანაბრების ქურდმა ბიზნეს და პოლიტიკური გავლენები არ იკმარა და ახლა იმაზე მუშაობს, თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს პატრიარქი.
ასეთი ხელისუფლების პირობებში არ მგონია, რომ ილია მეორეს „ქართული ოცნებისგან“ რაიმე ტიპის მხარდაჭერა ექნება. მხარდაჭერა კი არა, ვინც მის წინააღმდეგ იბრძვის, ისინი არიან წახალისებულები. თავად ვიყავი ამ მთავრობის წევრი და ბევრი რამ ვიცი ამაზე.
კონკრეტულ მაგალითებსაც მოგიყვებით: ბიძინა ივანიშვილმა ყველანაირად წაახალისა ცოლ-ქმარი თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი, ასევე ძმები ბერძენიშვილები. ისინი ადრეც და ახლაც ღიად და დაუფარავად ებრძვიან პატრიარქს.
გახსოვთ, ალბათ, იყო ასეთი ლგბტ აქტივისტი ვაჭარაძე. ეს ტიპი ვითომ ლგბტ პირების უფლებებს იცავდა, სინამდვილეში, მათი ამბით სარგებობდა, ფონდში მოგროვილი ფული მოიპარა და საქართველოდან გაიქცა.
საქართველოდან გაქცევამდე მან პატრიარქი უხამსი სიტყვებით მოიხსენია. იმ დროს მე მინისტრის მოადგილე ვიყავი. ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მივეცი, სადაც ილია მეორეს ღიად დავუჭირე მხარი და ვაჭარაძე მძაფრად გავაკრიტიკე.
ის დღე იყო და ძმებმა ბერძენიშვილებმა და ცოლ-ქმარმა ხიდაშელ-უსუფაშვილმა ჩემ წინააღმდეგ ღია ბრძოლა დაიწყეს. ისინი პირდაპირ სთხოვდნენ პრემიერსაც და ივანიშვილსაც, რომ მე მინისტრის მოადგილეობიდან უნდა გავეშვი. იმ დღეებში პატრიარქმაც დამიბარა. მას პირდაპირ ვუთხარი, რომ ხიდაშელი და უსუფაშვილი ეკლესიის მტრები იყვნენ.
მალევე ერთი ისეთი ამბავი მოხდა, რამაც ჩემზე დიდი გავლენა იქონია: საპატრიარქოში საშობაო ტრაპეზი იყო, სადაც მეც მიმიწვია ილია მეორემ. მან ისიც კი მითხრა, რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი. ტრაპეზზე ბევრი ცნობილი და დამსახურებული ადამიანი იყო. პატრიარქს ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან მის გვერდით დაჯდომა კადნიერება იქნებოდა და ჯობდა, ეს ადგილი დამსახურებულ ადამიანს დაეკავებინა.
საუბარი რომ დავამთავრე, მოვიხედე და რას ვხედავ! _ შორენა თეთრუაშვილი ხიდაშელთან და მის ქმართან ერთად ბნელ კუთხეში დგას და ჭორაობს. ოდნავ მოშორებით იყვნენ და სულ რამდენიმე სიტყვას მოვკარი ყური, შორენა ამ ცოლ-ქმარს პატრიარქზე ეუბნება, _ დაბერდა და სულ გამოსულელდა ეს კაციო.
მაგიდასთან რომ მიგვიწვიეს ყველა, შორენამ ცოლ-ქმარს ხელი ჩაჰკიდა და ერთი მარჯვნივ დაუსვა პატრიარქს, მეორე _ მარცხნივ. იმისთვის, რომ ისინი პატრიარქის გვერდით დაესვა, ამ თავხედმა ქალმა ერთი ცნობილი და დამსახურებული მეცნიერიც კი ააყენა ადგილიდან.
როგორც კი ეს დავინახე, წამოვდექი, უხეშად დავაგდე ხელსახოცი მაგიდაზე და დემონსტრაციულად დავტოვე ტრაპეზი. გზაში პატრიარქის მიერ გამოგზავნილი პიროვნება გამომეკიდა. მან მითხრა, _ ილია მეორე შენზე კითხულობს. სად წავიდაო? მას ვუთხარი, რომ უწმინდესს ცალკე შევხვდებოდი და ყველაფერს მოვუყვებოდი.
ცოტა ხანში შორენა თეთრუაშვილი გამომეკიდა, რომელსაც პატრიარქმა შენიშვნა მისცა. მას პირში ვუთხარი, რომ ის საპატრიარქოში ჩაბუდებული ნაძირალა იყო. დავამატე, რომ იქ, სადაც შენ იქნები, ფეხს არ შემოვდგამ-მეთქი.
_ რა გითხრათ?
_ თქმით არაფერი მითხრა, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა… მის თვალებში უზარმაზარი ზიზღი და ბოროტება ამოვიკითხე. რაც კი ცუდი მოხდა საპატრიარქოში, ყველაფერი ამ ქალის ბრალია. მეუფე იაკობი და მეუფე პეტრეც მან დააპირისპირა ერთმანეთს.
_ ამხელა ეპისკოპოსები არიან და ერთი ქალის ჭკუაზე როგორ გაიარეს?
_ შორენა ისეთია, ეპისკოპოსებს კი არა, ეშმაკსაც აურევს თავგზას. ამ საქმეში მასთან ერთად იყო ანდრია ჯაღმაიძეც. ამ ორმა დააპირისპირა ერთმანეთთან პეტრე და იაკობი. ასეთი საქმეები მათ კარგად გამოსდით.
ახლა ისიც ვთქვათ, თუ ვინ დარჩა ამ დაპირისპირებით მოგებული. ეკლესიამ ნამდვილად წააგო და ის დღეს დაშლის საფრთხის წინაშე დგას. პატრიარქს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგებული შორენა დარჩა.
_ ქალბატონ შორენაზე ცოტა ხომ არ აჭარბებთ? ვითომ მართლა ასეთი გავლენიანი პერსონაა?
_ მე ხშირად ვხვდებოდი პატრიარქს და აქედან გამომდინარე, შორენასთანაც მიწევდა კომუნიკაცია. ის ყველა ჩვენს შეხვედრას ესწრებოდა. არადა, არ მინდოდა, რომ მას ჩემი და პატრიარქის საუბარი მოესმინა. კარგად ვიცი, რომ ის სპეცსამსახურებთან არის შეკრული. საპატრიარქოზე ინფორმაციას ის აწვდის მათ.
რამდენჯერმე ვთხოვე, რომ გასულიყო, მაგრამ არ გადიოდა და ძალით ხომ არ გავაგდებდი? ძალიან მიშლიდა ნერვებს. რამდენიმე კითხვაზე, რომელიც პატრიარქს დავუსვი, მან მიპასუხა.
ერთხელ ამის გამო მას პატრიარქმა შენიშვნა მისცა. პასუხად ამ ქალმა ისეთი აფთრის თვალებით გაჰხედა უწმინდესს, რომ შემეშინდა, რომ წამოვალ, პატრიარქს რამე არ დაუშავოს-მეთქი.
თავის დროზე, ზვიად გამსახურდიამ მასზე მითხრა, _ ის საპატრიარქოში შემძვრალი ქვეწარმავალიაო. თუ ეს ასე არ არის, მიჩივლოს შორენამ სასამართლოში.
ზვიად გამსახურდია უცენზურო სიტყვებს არ ხმარობდა. ქვეწარმავალი და სუკის აგენტი იყო მის მიერ ნათქვამი ყველაზე შეურაცხმყოფელი ფრაზები. კარგად მახსოვს ის დღე, როცა ზვიადმა შორენაზე ასეთი რამე მითხრა.
_ ზვიადის პრეზიდენტობის დროსაც ასეთი გავლენიანი იყო შორენა?
_ შორენა ყოველთვის გავლენიანი იყო. ზვიადთან მასზე საკმაოდ დაძაბულ პირობებში ვისაუბრე. ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება გახლდათ, გადატრიალება კარს იყო მომდგარი და ზვიადი სტუდენტებს შეგვხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მე ზვიადთან დავრჩი. ჩვენ საუბარი გავაგრძელეთ. ვსაუბრობდით იმაზე, თუ რატომ ეკავა ეკლესიას ასეთი პოზიცია და რატომ უჭერდა მხარს გამსახურდიას მოწინააღმდეგე ბანაკს.
ზვიადმა მითხრა, რომ მას პატრიარქთან რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია და მასსა და პატრიარქს შორის სიტუაცია დარეგულირდა. თუმცა როგორც პირველმა პრეზიდენტმა აღნიშნა, საპატრიარქოში შემძვრალმა ქვეწარმავალმა, შევარდნაძის აგენტმა შორენა თეთრუაშვილმა, ყველაფერი გააკეთა, რომ მათი ურთიერთობები ისევ გაფუჭებულიყო.
მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს რა პოზიცია დაიკავა ამ ქალმა. როდესაც რუსთაველზე ქართველებმა ერთმანეთს სროლა დაუწყეს, ქართველი დედები საპატრიარქოში მივიდნენ, მათ შორის, დედაჩემიც იყო.
მათ საპატრიარქოში პატრიარქს მუხლი მოუყარეს და სთხოვეს, რომ ის მღვდელმთავრებთან ერთად წასულიყო რუსთაველზე და ქართველებს შუაში ჩასდგომოდა.
რუსთაველზე მისი გამოჩენის შემდეგ სამოქალაქო ომი შეწყდებოდა. პატრიარქისთვის სროლას ყველაზე ნაძირალა მხედრიონელიც კი ვერ გაბედავდა. იქ პატრიარქი რომ მისულიყო, წარმოიდგინეთ, რამხელა უბედურებას გადაურჩებოდა საქართველო.
ქართველ დედებს დიდი შანსი ჰქონდათ, რომ ეს ომი პატრიარქის დახმარებით შეეწყვიტათ, მაგრამ უცბად გმოვარდა შორენა და დედები გამოყარა, თან კიოდა, რომ სატანა მალე დაემხობაო.
_ სატანა ვინ იყო?
_ სატანაში ზვიად გამსახურდიას გულისხმობდა. ის ასე მოიხსენიებდა პირველ პრეზიდენტს. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ მომხრეებთან ერთად თბილისი დატოვა. კანონიერი ხელისუფლება დაემხო. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ომს. თბილისი გადამწვარი იყო. 1992 წლის 7 იანვარს, როცა რუსთაველზე შენობები კვლავ იწვოდა, შორენამ საპატრიარქოში დიდი სუფრა გაშალა, სადაც დავლურიც კი იცეკვა. ველური როკვის დროს ასეთ ფრაზას ყვიროდა, _ სატანა გაიქცაო.
_ ცოტა ძნელია ამის დაჯერება.
_ ეს ამბავი კარგად ვიცი და დამეჯერება. ის ზვიად გამსახურდიას ვერ იტანდა, მას სატანად მოიხსენიებდა და რა გასაკვირია, რომ დავლურს დაუვლიდა. მეტსაც გეტყვით: ზვიად გამსახურდიას მოძღვრები – მეუფე ამბროსი (ქათამაძე), მეუფე ქრისტეფორე (წამალაიძე), მამა ბასილი (მკალავიშვილი) ეკლესიიდან შევარდნაძე-ჯაბა-კიტოვანის მოთხოვნით და შორენა თეთრუაშვილის ხელით განკვეთეს. განკვეთის მიზეზი ერთადერთი იყო, _ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები არიანო. ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ისინი აღადგინონ საეკლესიო ხარისხში.
შორენა თეთრუაშვილმა ესეც არ იკმარა და კაცს, რომელიც თავიდან ბოლომდე ქართველების სისხლში იყო ამოთხვრილი, ჯვარი დაჰკიდა.
_ ვის გულისხმობთ?
_ რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ პაველ გრაჩოვს. ის მაშინ იყო რუსული სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები მიდიოდა. ამ ომმა უამრავი ქართველი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. შორენა თეთრუაშვილმა კი ეს ადამიანი მონათლა და საკუთარი ხელით დაჰკიდა მას ჯვარი.
_ გრაჩოვი ვარდიკო ნადიბაძიემ არ მონათლა?
_ ვარდიკომ მონათლა, მაგრამ ამის ინიციატორი შორენა თეთრუაშვილი იყო. ასეთი რამე მხოლოდ მის ტვინში მოიხარშებოდა.
მისი ინიციატივით მოხდა შევარდნაძის მონათვლაც. კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ თბილისში დაბრუნებული შევარდნაძე გიორგიდ მონათლეს. ის კაცი მოანათვლინა შორენამ, რომელმაც წლების წინათ მღვდელი დაახვრეტინა. ამისთვის შორენამ ჯილდო მიიღო. ის შევარდნაძის დროს მილიონერი გახდა.
სააკაშვილის დროსაც კარგად შოულობდა ფულს. როლანდ ახალაია მისი ინიციატივით დააჯილდოვეს წმინდა გიორგის ორდენით. საპატრიარქომ ის ადამიანი დააჯილდოვა, რომლის ოჯახსაც ათასგვარი უბედურება ჰქონდა ჩადენილი.
შორენას ყველანაირად მხარს უჭერს ყოფილი ძველი ბიჭი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ჩაცუცქული ლაპარაკობს. მას ყველა კრიმინალურ ავტორიტეტთან აქვს კავშირი. ასეთი ადამიანების გარემოცვაში მყოფ პატრიარქს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
_ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს პატრიარქს?
_ გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს პატრიარქის სიცოცხლე საფრთხეშია. არ იფიქროთ, რომ ჩემ მიერ ნახსენები ორი ადამიანია მხოლოდ საშიში, მათ უამრავი ამფსონი ახვევია გარშემო.
ზემოთაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ამ სკანდალების შემდეგ მოგებული დარჩა შორენა და დღეს ის ძალიან ძლიერია.
_ თქვენი საუბრიდან და სხვათა მონაყოლიდან თუ ვიმსჯელებთ, ამ ქალს სიძლიერე არც ადრე აკლდა.
_ არ აკლდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ძლიერია. მას უდიდესი გავლენები აქვს. ის საპატრიარქოში, თავის დროზე, ინაურმა ჩანერგა. ამის შესახებაც ზვიად გამსახურდიამ მითხრა.
ეს გახლავთ კაბაში გამოწყობილი სატანა, რომელიც ყველაფერს კადრულობს. იცით, რამდენი ფული იშოვა? იცით, რამხელა ვილა იყიდა საბერძნეთში? ეს ქალი თავის ჭკუაზე ატრიალებს ყველას.
მასთან არერთხელ მისაუბრია და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ გაუნათლებელი ადამიანია. სამაგიეროდ, ვირეშმაკობის საოცარი ნიჭი აქვს. მას არანაირი ღირებულებები არ გააჩნია.
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ის უცხო ქვეყნების დავალებებს ასრულებს. მას დავალებული აქვს ქართული ეკლესიის დაშლა. რუსეთს დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია რამდენიმე ნაწილად გაიყოს. არც ერთ ეპისკოპოსს იმხელა გავლენა არ აქვს, რამდენიც შორენას და ანდრია ჯაღმაიძეს.
წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ როგორ არის ამდენი ყვავ-ყორანი მოხუც პატრიარქს დასეული. მოხუცდა ილია მეორე, თორემ ამდენს ვერ გაუბედავდნენ.
ერთხელ შორენამ მითხრა, რომ საპატრიარქოში არ შემიშვებდა. ვუთხარი, _ ვინ ხარ, რომ შესვლა ამიკრძალო-მეთქი?! მიპასუხა, _ აქ ყველაფერი მე ვარო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს საპატრიარქოში მთავარი არის შორენა.
_ ერშიც და ბერშიც არაფორმალური მმართველები გვყავს.
_ როგორც ბიძინა ივანიშვილი მართავს სახელმწიფოს, ასევე მართავს ეს ქალი საპატრიარქოს. ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარე მაინც არის. შორენა კიდევ უბრალო მდივან-რეფერანტია.
_ საპატრიარქოზე ვანო ჩხარტიშვილსაც დიდი გავლენები აქვს. ის და შორენა როგორ არიან ერთმანეთთან?
_ გადასარევი ურთიერთობები აქვთ. შორენა ფულიან ადამიანებთან ყოველთვის კარგად არის. ეს ქალი მათგან დიდ სარგებელს ნახულობს. იგი შევარდნაძის დროსაც კი აწყობდა საქმეებს. მას ნებისმიერ თანამდებობაზე შეეძლო ადამიანის დანიშვნა.
როგორ გგონიათ, სანამ ეს ქალი საპატრიარქოში იქნება, იქ სიტუაცია დალაგდება? თან რამდენადაც ვიცი, არც იაკობი და არც პეტრე გაჩერებას არ აპირებენ. შორენა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს და შეეცდება, ცეცხლზე რაც შეიძლება მეტი ნავთი დაასხას.
გახსოვთ, „ქართული მარში“ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ რომ იბრძოდა? მაშინ ილია მეორე შემხვდა და პირდაპირი მხარდაჭერა გამომიცხადა. პატრიარქმა მითხრა,_ სანდრო, შვილო, უნდა მოახერხო, რომ ერთსქესიანთა ქორწინება კონსტიტუციის დონეზე იყოს აკრძალულიო.
იცით, ვინ ეწინააღმდეგებოდა ამას? ვინ და შორენა თეთრუაშვილი. საბედნიეროდ, მან თავისი ვერ გაიტანა. მე რამდენადაც ვიცი, ეს ქალი მჭიდრო კავშირშია სექსუალურ უმცირესობებთან. ისინი მის დავალებებსაც კი ასრულებენ.
_ მაგათაც შორენა მართავს?
_ ყველას არა, მაგრამ ბევრი ლგბტ პირი ამ ქალის დავალებების შემსრულებელია. გეიაღლუმი რომ ჩავშალეთ, შორენა იყო ჩვენ წინააღმდეგ. დანარჩენი დასკვნა თავად გამოიტანეთ. მგონი, ადვილი მისახვედრია, რომ ეკლესიის მთავარი მტერი არის შორენა.
_ მგონი, ეს შეფასება გადაჭარბებულია.
_ არ არის გადაჭარბებული, ქალმა ეკლესია დაშლის პირას მიიყვანა. ყველა სიბინძურე მასთან არის დაკავშირებული. მტერია, აბა, რა არის.
იმას არ ვიტყვი, რომ ეკლესიას ამაზე დიდი მტერი არ ჰყავს. ათეისტები, ლიბერალები, ბოკერია, სააკაშვილი არ უნდა დავივიწყოთ, მათაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ეკლესიასთან ბრძოლაში, მაგრამ შორენას ვერავინ შეედრება.
დღეს ეკლესიის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ამაში დიდი წვლილი ეკლესიაში ჩაბუდებულმა შორენამ შეიტანა. ეკლესიის რეიტინგის დაცემაში ეპისკოპოსებმაც შეიტანეს თავისი წვლილი.
_ რომელ ეპისკოპოსებს გულისხმობთ?
_ სინოდის წევრების 80% სინოდიდან გასაყრელია. ეპისკოპოსების 20% იმსახურებს მხოლოდ სინოდში ყოფნას.
ისინი მართლა ღირსეული მეუფეები არიან და ღმერთმა გამარჯვება მისცეს მათ. იმედი მაქვს, რომ მომავალში მხოლოდ ასეთი მეუფეები გვეყოლება. დანარჩენი ეპისკოპოსები უნდა გადააყენო და მონასტერში გაუშვა ცოდვების მოსანანიებლად.
ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, _ ვინ უნდა დაიკავოს მათი ადგილი? ეს პრობლემა ძალიან იოლი მოსაგვარებელია.
_ იოლი მოსაგვარებელია?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ გვყავს უამრავი წმინდა და სუფთა სულის მქონე ბერი. ისინი დღე და ღამე ლოცულობენ საქართველოსა და ჩვენი სულებისთვის. ისინი სადღაც შორს, მთებში არიან დაყუდებულნი და არავითარ სიბინძურესთან კავშირი არ აქვთ. აი, ეს ხალხი უნდა დაინიშნოს ეპისკოპოსებად. სხვა შემთხვევაში ჩვენი ეკლესიის საქმე წასულია.

შორენა მარსაგიშვილი