ნესტან კირთაძე: „ეკლესიის გათახსირება და ასე აბუჩად აგდება ქართულ სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდება!“


ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილი მმართველის, მეუფე პეტრეს შოკისმომგვრელი განცხადებების ფონზე ბოდბელი მიტროპოლიტის არანაკლებ შოკისმომგვრელი განცხადებები თითქმის აღარავის ახსოვს. არადა, საპატრიარქოს კარის ახალი თამაშები სწორედ მეუფე იაკობის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით დაიწყო, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის არათუ საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება, არამედ, თურმე, მისი ლიკვიდაციაც იგეგმებოდა.

მართალია, მეუფე იაკობმა, მოგვიანებით, უარყო, ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილაო და ამის გამო მთავარმა პროკურატურამ გამოძიებაც არ დაიწყო, მაგრამ საინტერესოა, ბოდბელმა მიტროპოლიტიმა ეს განცხადება, როგორც იტყვიან, ცამოწმენდილზე რატომ გააკეთა, ანუ თითქოს არაფერი ხდებოდა და უცებ, მეუფე ტვ „პირველზე“, ვახო სანაიას გადაცემაში, ტელეფონით ერთვება და ამბობს იმას, რასაც ამბობს. ამის შემდეგ მოვლენები ელვისებურად ვითარდება _ პოლიტიკოსები ხელისუფლებას მკვლელობაში სდებენ ბრალს, თეოლოგები კი სასწრაფოდ წმინდა სინოდის კრების მოწვევას ითხოვენ. წმინდა სინოდი იკრიბება, თუმცა მანამდე მეუფე იაკობი საპატრიარქოში მიდის, იქიდან გამოსული კი ამბობს, რომ ქორეპისკოპოსობიდან და საპატრიარქოს ეკონომიკური განყოფილების შეფობიდან გადადგა, თუმცა ბოდბის ეპარქიაში დარჩა.
„თავისუფალი ვარ!“ _ თქვა საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე იაკობმა და, როგორც სინოდის სხდომის შემდეგ გავიგეთ, სასულიერო დასმაც ყველაფერი შეუნდო, ანუ შეუნდო ლექსიკა, თორემ ის, რაც მეუფემ თქვა, ეჭვქვეშ არ დააყენა.
პოლიტიკოსი, პროფესორი ნესტან კირთაძე კი ამბობს, რომ მეუფე იაკობმა მთავარი კვანძი გახსნა. რა არის ეს მთავარი კვანძი? _ ამის შესახებ ნესტან კირთაძე დეტალურად „ქრონიკა+“-სთან საუბრობს, თუმცა ვიდრე ამ ინტერვიუს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის განცხადებების შემდეგ ნესტან კირთაძემ საზოგადოებას ის გზავნილები გააცნო, რაც 2011 წელს პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილთან დააბარა.
„როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა და როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდა, გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ხვალ, ამა და ამ საათზე, ნესტან კირთაძეს შეხვდება. ამ დროს საღამოს მე კათოლიკოს-პატრიარქთან ტრაპეზზე ვიყავი. ჩვენ არ ვიყავით მარტო და ამას ესწრებოდა კიდევ რამდენიმე ძალიან გავლენიანი მღვდელმთავარი. უწმინდესმა უცებ შეწყვიტა ტრაპეზი, ბოდიში მოიხადა მეუფეების წინაშე და თქვა, რომ ქალბატონ ნესტანთან ერთად კაბინეტში გადავინაცვლებთ, ვინაიდან რაღაც სასწრაფო საქმე გვაქვს დასასრულებელიო. უწმინდესმა რამდენიმე გზავნილი დამაბარა ბიძინა ივანიშვილთან. ეს, დაახლოებით, იყო ხუთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი.
როდესაც მივედი „შუშის სასახლეში“ ბიძინასთან სტუმრად და ჩვენ საუბარი დავიწყეთ, რა თქმა უნდა, პატრიარქის გზავნილებით დავიწყე. რა შინაარსი დევს ძირითად პოსტულატებში, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ეს სამ ადამიანს შორის მომხდარი და განდობილი ინფორმაცია გახლავთ… ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ხუთივე გზავნილი ეხებოდა საქართველოს ერთიანობას, მის მთლიანობას, მის მომავალს. როდესაც დავასრულე საუბარი ბიძინასთან, მე მას ვუთხარი, გისურვებთ წარმატებებს, მაგრამ არ ვისურვებდი არასოდეს, რომ მე ოდესმე დამჭირდეს რომელიმე ტელესტუდიიდან ხმამაღლა შეგახსენოთ ჩვენი უწმინდესის ეს გზავნილები-მეთქი.
ვფიქრობ, დადგა ეს დრო, როდესაც მას უნდა ვუთხრა და თქვენი ნებართვით, მე მას ვეტყვი აუცილებლად პირდაპირ და ჩვენს ამ საუბარს შევახსენებ… პირველი გზავნილი, რაც კათოლიკოს-პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა – არასოდეს მოატყუოთ ქართველი ხალხი, არასოდეს მოატყუოთ ადამიანები და გახსოვდეთ, რომ დაჰპირდით იმდენი, რის გაკეთებასაც შეძლებთ და ჩვენი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, აგირჩევენ თუ არა თქვენ სამომავლოდ. ეს ფრაზა მინდა გაიხსენოს ბიძინამ. მე, ყოველ შემთხვევაში, მას ეს ფრაზა შევახსენე. ასევე მინდა მას ვუთხრა – თქვენ მოატყუეთ საქართველო, თქვენ მოატყუეთ ყველა ადამიანი პერსონალურად და ეს არის მზაკვრული ტყუილი, დანაშაულის დონეზე მოატყუეთ ქართველი ხალხი, მრავალეთნიკური საქართველო მოსახლეობა და რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, ტკივილიანია ჩემი ფრაზები, როდესაც წლების შემდეგ მიწევს ამაზე საუბარი… დადგება დანარჩენი ოთხი პუნქტის გახმოვანების დროც“, – განაცხადა ნესტან კირთაძემ სატელევიზო გამოსვლისას.
არსებობს თუ არა საქართველოს ეკლესიის ორად გაყოფის საფრთხე? _ „ქრონიკა+“ ნესტან კირთაძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ნესტან, ებრაული წყევლისა არ იყოს, ძალიან საინტერესო დროში მოგვიწია ცხოვრება. ეკლესიაში აურზაური აქამდეც ყოფილა, მაგრამ ისეთი სკანდალი, რომლის მოწმენიც ახლა გავხდით, ალბათ, იშვიათობაა. მოკლედ, რა ხდება?
_ ერთსა და იმავე მოვლენას, თუნდაც ის ზესკანდალური იყოს, შეიძლება, სხვადასხვა თვალით შევხედოთ და სხვადასხვანაირი შეფასებები გავაკეთოთ, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი იქნება. მართალია, ამ სკანდალის მასშტაბი ძალიან დიდია და მას კატასტროფა ვუწოდე, ცხადია, არ დავწვრილმანდები, თუმცა ერთს აუცილებლად ვიტყვი: ის პროცესი, რომელიც საპატრიარქოში კი არა, ქართულ სახელმწიფოში მიმდინარეობს, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას. დიახ, ქართულ ეკლესიაში განვითარებული მოვლენები ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მდგომარეობის უმძიმესი ნაწილია! ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესებს სწორედ ამ კონტექსტით ვუყურებ და არა _ იმ დეტალებით, რომელიც პრესის განსჯის საგანია.
_ დეტალებზე საუბარს არც მე გთხოვთ, მაგრამ საეკლესიო სკანდალის ახალი ფაზა მეუფე იაკობის მოულოდნელი განცხადებით დაიწყო, თუმცა სინოდმა მეუფე იაკობს ყველაფერი შეუნდო, მეუფე პეტრე კი დასაჯა. ე. ი., მკვლელობის შესაძლო მომზადებისთვის ან მომზადების მცდელობაში მონაწილეობისთვის სასჯელი მხოლოდ მონანიებაა?
_ ეს უკვე დეტალია, მაგრამ რადგან შეეხეთ, გიპასუხებთ. სხვათა შორის, მეუფე იაკობთან პირადი ნაცნობობის კი არა, ეპიზოდური ურთიერთობის ისტორია მაქვს. შესაბამისად, მის მიმართ ადამიანური სენტიმენტები არ გამაჩნია, თუმცა ერთ რამეს აუცილებლად გავიხსენებ: როცა მეუფე იაკობმა თავისი ბოლო სკანდალური განცხადება გააკეთა, ამაზე რეაქცია, რა თქმა უნდა, მქონდა. მერე კი, როცა საპატრიარქოს კარიბჭესთან ტელეკამერების წინ ისევ გამოჩნდა, ყურადღება იმას მივაქციე, თუ როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა და, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი.
_ რატომ?
_ ის მზესავით ბრწყინავდა და ძალიან გახარებული იყო, ანუ პატრიარქთან მიიჩქაროდა, რაც ცოტა ალოგიკურია. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, ყველა ჩვენგანი პატრიარქისგან რისხვას ან, მინიმუმ, საყვედურსა და გაბრაზებას ელოდა, მაგრამ საპატრიარქოდან ძალიან სწრაფად გამოსული მეუფე იაკობი კიდევ უფრო მეტად გახარებული იყო და თქვა, ბედნიერი ვარ, რადგან განვთავისუფლდიო.
მოკლედ, ამ დეტალზე აქცენტის გაკეთებით იმის თქმა მინდა, რომ მეუფე იაკობმა, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ უკან თავისი ერთი სიტყვაც არ მიაქვს და ამასთან, ინიცირება სრულიად სხვა პროცესებს გაუკეთა, ანუ ის ჩრდილები გაფანტა, რომელიც მხოლოდ ეკლესიაში კი არა, შეიძლება, საზოგადოებაშიც ტაბუირებული იყო. ამ იარის გახსნა შეიძლება, განწმენდის პროცესის დასაწყისია, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება და იმასაც გეტყვით, რომ ყველაფერი ეს მარტო საპატრიარქოსა და სამღვდელოების ნაწილთან არ იქნება დაკავშირებული. მეუფე იაკობმა თავისი განცხადებით „ციანდის საქმე“ კანონგარეშედ გამოაცხადა, ამასთან, პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულება გახსნა და ამ საქმეში ხელისუფლება დაადანაშაულა, რომლის სპეცსამსახურებმაც დეკანოზ მამალაძის წინააღმდეგ ავაზაკური სცენარი მოამზადეს. ეს იყო ბრძოლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო ტახტისთვის! დეკანოზისთვის ციხის კარის გაღების თაობაზე სინოდის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტები გაოცებული კითხულობდნენ, ეს ადრე რატომ არ მოხდაო, მაგრამ ადრე იმიტომ არ მოხდებოდა, რომ „ციანიდის საქმე“ ისე განიხილებოდა, როგორც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსია.
_ ისე, ქალბატონო ნესტან, იგივე ეკლესიისთვის წამგებიანი რომელი უფროა _ „ციანიდის სკანდალი“ თუ მეუფე პეტრეს შოკისმომგვრელი განცხადებები?
_ ამ ორ თემას ერთ რაკურსში არ განვიხილავ. მეტიც, ის, რაც მეუფე პეტრემ თქვა, სკანდალი კი არა, ძალიან დიდი ტრაგედიაა, პირველ რიგში, მისთვის და, როგორც მოყვასი და ადამიანი ისე შემეცოდა, როგორც არასოდეს! ეს ემოცია კი არა, აბსოლუტურად სწორად გააზრებული ჩემი დამოკიდებულებაა. დიახ, ის, რაც სინოდის დღეს მოხდა, ძალაუფლებისა და გავლენებისთვის ბრძოლა იყო, ბრძოლა ყველაზე მიუღებელი ფორმებით! ბრძოლის ეს ფორმა შესაძლებელია, მაგრამ ოჯახში აუტანელია შვილისა და მამის დამოკიდებულების შემთხვევაში! ის, რაც მოხდა, არც მხილების დასაწყისი იყო და არც _ განწმენდის! შეიძლება, ნებისმიერ ჩვენგანს ვინმეს მიმართ სიმპათია გვქონდეს, მაგრამ ეს ადამიანური ემოციაა და როცა სახელმწიფოებრივ სიბრტყეში ვსაუბრობთ, პირდაპირ ვიტყვი: ის, რაც მოხდა, საქართველოში გავლენებისთვის დაწყებული ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდის აპოთეოზი იყო და ეს ეპიზოდი მეუფე პეტრემ განასახიერა!
_ ქალბატონო ნესტან, ისტორიკოსი ბრძანდებით, ისტორიაში კი ყველა ფაქტი ერთმანეთთანაა კავშირში, ამიტომაც, ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებების შემდეგ, 2011 წლის ბოლო გაიხსენეთ, როცა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე გზავნილი გაგატანათ. აქვე, ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე თვის წინ მეუფე პეტრე ივანიშვილს ორჯერ შეხვდა. ჰოდა, თუ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება სურდა, გამორიცხულია, რომ ივანიშვილი და მეუფე პეტრე რამეზე შეთანხმებულიყვნენ და ის, რაც სინოდის შემდეგ ვნახეთ, „ციანიდის საქმის“ მეორე აკორდი იყო?
_ მინდა, თქვენს ნათქვამში გარკვეული ლოგიკა დავინახო, მაგრამ მთავარი კონტექსტია. როცა ივანიშვილთან შეხვედრა გავიხსენე, ამავდროულად, მას მივმართე და ის ვუთხარი, რაც ვუთხარი, თუმცა ყველაფერ ამაში მნიშვნელოვანი უფრო მეორე პასაჟია, ანუ 2016 წლის ბოლოდან ძალიან აქტიურად დაიწყო საპატრიარქო ტახტიდან უწმინდესი ილია მეორის ჩამოცილების ყველანაირი მცდელობა. მეუფე იაკობის გამოსვლის შემდეგ მთავარი კვანძი გავხსენი _ საქართველოს ხელისუფლებასაც ზუსტად იგივე უნდა, რაც რუსეთს! საამისოდ ბიძინა ივანიშვილი დაელაპარაკება ყველას და ამიტომ მეუფე პეტრეს, რომელიც ამ პროცესის მსხვერპლია და რომელსაც აბსოლუტურად თანავუგრძნობ და მინდა, ძალიან მალე დაიბრუნოს მოღვაწე ბერისა და მღვდელმთავრის სახელი, ვეკითხები: ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ მასთან პეტრემ საპატრიარქოსა და ეკლესიის რეფორმირებაზე ისაუბრა? საერთოდ, მთავარი ის კი არაა, თუ რა უთხრა პეტრემ ბიძინას, არამედ მთავარი ისაა, რომ ბიძინა საქართველოს ეკლესიის მიტაცებასა და იმ მარულაშია ჩართული, რასაც სქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტება ჰქვია!
_ ე. ი., ამ პროცესებით ყველაზე მეტად მოგებული ივანიშვილია?
_ ყველაზე მეტად მოგებული რუსეთის ფედერაცია და მისი ინტერესები რჩება, რომ კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში, თავისი გავლენა დაიბრუნოს!
_ ანუ მეუფე პეტრეს განცხადებები რუსულ სცენარში ჯდება?
_ არა, ბატონო, პეტრეს განცხადება აქ მოსატანიც კი არაა.
_ რატომ?
_ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სახელმწიფოს 20%-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ეკლესიისა და, მათ შორის, ქართული სახელმწიფოს დიდი ეპოქა ილია მეორით მთავრდება. ამ შემთხვევაში ილია მეორის პიროვნულ სიდიადეზე კი არა, ეპოქასა და ისტორიის მონაკვეთზე ვსაუბრობ. დიახ, 30 წლის შემდეგ ჩვენი სუვერენიტეტი ისევ დასაბრუნებელი გვაქვს და ისევ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით!
რუსეთის იმპერიამ _ ჩვენმა ყოფილმა მეტროპოლიამ _ ზედმიწევნით ზუსტად იცის, რომ ქართული სახელმწიფო დამოუკიდებელი და თავისუფალი მანამ იქნება, სანამ ამ სახელმწიფოში ძლიერი, გავლენიანი, ავტონომიური და ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესია იარსებებს! სწორედ ამიტომ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ათასნაირი შავრაზმული სქემით, ფულით, ოქროთი და ნარკოტიკებით საქართველო დაასუსტოს და მერე იოლად მოერიოს!
ძალიან მინდა, რომ ყველაფერი სწორედ ამ პოლიტიკურ კონტექსტში დაინახოთ და იმაზე არ გააკეთოთ აქცენტი, ემოციურად პეტრემ რა თქვა და პავლემ რა უპასუხა! ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ჩემი აზრით, ახლა პეტრე, სულიერად და აზრობრივადაც, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უფალმა უშველოს და მის მდგომარეობაში ყოფნას არავის ვუსურვებ!
_ ქალბატონო ნესტან, სწორედ პოლიტიკურ აქცენტებს ვსვამ, ანუ ის, რაც ხდება, ეკლესიას ხომ დაასუსტებს? ყოველ შემთხვევაში, მრევლის ნაწილში, მინიმუმ, კითხვის ნიშნები გაჩნდება და რუსეთის იმპერიის მიზანიც, განა, ეს არ არის?
_ ძალიან ყალბად გასროლილი მგონია, აი, ყველაფერ ამას მრევლის დაშლა მოჰყვებაო.
_ დამისაბუთეთ, ასე რატომ ფიქრობთ?
_ ჩვენ პეტრეს მომხრეებად და პავლეს მოწინააღმდეგეებად არ უნდა გავიყოთ. მრევლმა ზუტად უნდა გაიგოს ის უმტკივნეულესი პროცესი, რომელიც ახლა ხდება.
სიმართლე გითხრათ, ძალიან გაბრაზებული ვარ!
_ რატომ?
_ მეუფე იაკობმა ჭრილობა გახსნა და საქართველოს უთხრა, სინამდვილეში რაც ხდება, ანუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმ შეთქმულებაში, რომელიც ბოლო დროს პატრიარქის წინააღმდეგ ხორციელდებოდა, პირდაპირ დაადანაშაულა. იცით, ამ ბატონებმა საქართველოს რა გაუბედეს? _ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩამოეცილებინათ, მაგრამ არ იციან, რომ კათოლიკოსის ჩამოცილება საპატრიარქო ტახტიდან, მით უმეტეს, ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, შეუძლებელია, რადგან ათასწლეულზე მეტია, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ქრისტიანულ სამყაროში იმ მცირე ეკლესიებს შორისაა, რომელსაც საპატრიარქო ტახტის პატივი აქვს! ეს პატივი საბერძნეთის უძველეს ეკლესიასაც კი არ გააჩნია.
დიახ, ჩვენი ქვეყანა ქრისტიანულ სამყაროში გამორჩეულია, როგორც უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის საყრდენი და ბურჯი. ეს ვიგინდარები კი ბედავენ და იმაზე იწყებენ ფიქრს, რომ ცოცხალი პატრიარქი გადააყენონ! მათ ყველაფერ იმის ფასი, რაც გითხარით, არ იციან, მაგრამ კრემლის დავალება აქვთ, რომ პატრიარქი მალე გადააყენონ. კრემლი ჩქარობს, რადგან გავლენებისთვის ემზადება!
_ კითხვას გიმეორებთ, ქალბატონო ნესტან: ყველაფერ ამის ფონზე მეუფე პეტრეს განცხადებები კრემლის სცენარში ჯდება?
_ კრემლის სცენარში ყველა ჯდება, ვინც ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული! რაც შეეხება პეტრეს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ის ამბავი, რომ პატრიარქზე პერსონალური ანაგარიშსწორება და თავდასხმა მოსაწონი საქციელი არ არის!
დიახ, ასეთი თავდასხმები ემოცია არ არის!
_ აბა, რა არის?
_ ეს განცხადებები ემოციურად ძალიან ახლოს დადგა პატრიარქის გადახაზულ პორტრეტებთან და ეს პერიოდი ყველას გვახსოვს!
მოკლედ, ნებისმიერი ემოციური ან გააზრებული თუ გაუაზრებელი სიტყვა და აზრი, ნესბით თუ უნებლიეთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის დასასრულს აჩქარებს!
ხუმრობთ თუ რას შვრებით?! შეხედეთ, რეგიონში რა ხდება: ჩვენ მხოლოდ კავკასიის გასაღები კი არა, ევროპა-აზიის გზაკვანძი და განხილვაში ისეც ვართ, როგორც ახლო აღმოსავლეთის ნაწილი! ნახეთ, ჩვენს მეზობელ თურქეთში რა ხდება და, საერთოდ, ჩვენი რეგიონის ქვეყნები როგორ გამოცდებს აბარებენ. ნუთუ, განსხვავებული შეხედვა და ისტორიკოსობა სჭირდება, რომ მივხვდეთ, ხვალ და ზეგ საქართველოსთვის რა მარყუჟი მზადდება? სწორედ ამიტომ არის ჩემთვის იმაზე საუბარი გაუგებარი, პეტრემ რა თქვა პავლეზე ან, _ პირიქით. ყველამ ერთად ვერ გაიაზრა საპატრიარქო ტახტის პატივის გაფრთხილება, რომელიც ჩვენი საუკუნეების პასუხისმგებლობაა!
ეკლესიის დასუსტება, გათახსირება, ასე აბუჩად აგდება და მის შესაძლო გაყოფაზე საუბარი ქართულ სახელმწიფოს ძალიან ძვირი დაუჯდება!
_ ქალბატონო ნესტან, ეკლესიის გაყოფა ახსენეთ და ამასაც გკითხავთ: ცნობილია, რომ ჭყონდიდის აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პატრიარქის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება და მოსანანიებლად შიომღვიმის მონასტერში არ მიდის. უნდა ველოდოთ, რომ ეკლესიაში, ერთგვარად, „ორხელისუფლებიანობა“ დაიწყება?
_ ამას გამოვრიცხავ!
_ რატომ?
_ ამის გაკეთება დიდი ხნის განმავლობაში უნდოდათ და საამისოდ სხვადასხვა ტიპის სცენარიც მზადდებოდა. მაგალითად, „ვარდების რევოლუციის“ პირველ დღეებში იგრძნობოდა, რომ ვითარება აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ მაშინდელი მმართველი სწრაფად მოეგო გონს და ბეწვის ხიდზე გაიარა. ის, რომ საქართველოს ეკლესია ერთიანობას ინარჩუნებს, უწმინდესი პატრიარქის დამსახურებაა, თუმცა ყველა ნიადაგი იყო მზად, რომ ეკლესია გახლეჩილიყო.
მეტიც, ბოლო დროს, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სინოდალურ მმართველობაზე საუბრობენ, მაგრამ ეს გამორიცხულია! სინოდალური მმართველობა რატომ უნდა იყოს, როცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია საპატრიარქო ტახტის პატივშია?!
ერთი სიტყვით, ჭყონდიდის ეპარქიის ბერ-მონაზვნები, თავად მეუფე პეტრეც და, საერთოდ, ყველა მორწმუნე ქრისტიანი ძალიან სწრაფად გაიაზრებს, რომ ეკლესიის რაიმე ტიპის გახლეჩაზე საუბარიც კი დაუშვებელია, მაგრამ პრობლემების მოგვარებაზე საუბარი დასაშვებია!
ვიმეორებ: ეკლესიის გახლეჩა პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაარტყამს, ამით ქართულ სახელმწიფოებრიობას ხელის ცეცებით დავუწყებთ ძებნას და მხოლოდ საუკუნის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ეს სახელმწიფოებრიობა მოვიპოვოთ.
ამასაც თავი რომ დავანებოთ, ვიცი, რომ ჩვენი ხალხი _ ერიც და ბერიც _ ერთად სწორედ განსაკუთრებული გაჭირვების დროს დგება. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის შვილისა და რიგითი მოქალაქის მთავარი სურვილია, ყველამ ზუსტად გაიაზროს, რა პრობლემის, ხაფანგისა და მზაკვრულად მომზადებული სცენარის წინაშე დგას საქართველო!
თუ ამას გავიაზრებთ და დარწმუნებული ვარ, გავიაზრებთ, საქართველო ამ ბეწვის ხიდს გაივლის და ამ განსაცდელებსაც დაძლევს!
არ მინდა, ისტორიულ წიაღსვლებში წავიდე, მაგრამ თქვენს ყურადღებას ბოლო ერთ საუკუნეს ერთი მიზეზის გამო მივაქცევ: ამ ერთ საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ყველაზე აქტიური იყო. საერთოდ, საქართველოს დამოუკიდებლობას წინ ყოველთვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება უსწრებს ხოლმე. 1918 წლის 26 მაისამდე საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა!
1991 წლამდე კი, 1990 წელს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მსოფლიო მასშტაბით მოხდა. ეს გარკვეული კანონზომიერებაა.
ისე, ვინც კი ოდნავ ახლოს დადგა საქართველოს ისტორიასა და ეკლესიასთან, ასევე ოდნავ მაინც ახლოს გაიარა აფხაზეთის მიმართულებით, მაგალითად, კირიონ II (საძაგლიშვილი) მოკლეს. ასევე განსაცდელის წინაშე დადგა ამბროსი ხელაია, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველა პატრიარქი, რომელიც საქართველოს ერთიანობას განასახიერებდა, ფიზიკური განსაცდელის წინაშე დადგა! იგივე განსაცდელი დაუდგა საქართველოს ერთიანობის განმასახიერებელ პატრიარქ ილია მეორესაც!
ამ სიმბოლოებზე ემოციურად არ ვსაუბრობ! გავა დრო და თქვენ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი, კმაყოფილებას იგრძნობთ, რომ იმ სტრიქონებს წერდით, რომელიც ჩვენს სამშობლოს წაადგა!

გიორგი აბაშიძე