„ივანიშვილი ითხოვს, რომ „ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებზე 70% აიღოს“

საპატრიარქოს კარის თამაშებმა პოლიტიკური პროცესები უკანა პლანზე გადასწია. საზოგადოებას აღარც კი ახსოვს „ოცნების“ ლიდერთა განცხადებები, სადაც მათ ის შედეგი გამოაცხადეს, რომლის დადებასაც 2020 წლის არჩევნებზე აპირებენ. ამ ფაქტს ოპოზიციის მხრიდან თავიდან კი მოჰყვა მწვავე კრიტიკა, მაგრამ მერე საპატრიარქო აირია და ამ ამბისთვის არავის ეცალა.
არადა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთეს. საუბარია საჯარო განცხადებებზე, თორემ კულუარებში „ოცნების“ პირველ პირებს კიდევ უფრო დიდი მადა აღმოაჩნდათ.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა, რაც, ფაქტობრივად, საარჩევნო რეჟიმში ცხოვრობს. პრემიერი გახარია სწორედ ამ რეჟიმის ფარგლებში დადის რეგიონებში, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებსა და ახალგაზრდებს დაშაქრული ხმით ესაუბრება.
მმართველმა პარტიამ შიდა კვლევებიც ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ მისი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ამიტომაც სასწრაფო წესით შეუდგა სამუშაოს. რამდენიმე ლიდერს დაევალა, რომ საზოგადოება ერთი წლით ადრე შეაგუონ იმ პროცენტებს, რასაც მომავალ წელს „ოცნება“ დადებს.
ამ მისიის შესრულება, რატომღაც, ირაკლი კობახიძეს დაავალეს. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ამ ადამიანს ხალხი დასანახად ვერ იტანს. 20 ივნისს მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი რომ დაეტოვებინა, ის სისხლიანი ღამეც არ იქნებოდა და უამრავი ადამიანი არ დასახიჩრდებოდა.
მას თანამდებობა სისხლიანი ღამის შემდეგ ივანიშვილმა ძალით დაატოვებინა. მაშინ საზოგადოებაში ასეთი მოწოდებებიც ისმოდა, რომ ის პარლამენტიდანაც უნდა გაეძევებინათ.
პარლამენტში სრულიად უსტატუსოდ დარჩენილი კობახიძე კარგა ხანს კულისებში ჰყავდათ. ასპარეზზე, როგორც ჩანს, შავი სამუშაოს შესასრულებლად გამოიყვანეს. მას დაავალეს საზოგადოებრივი აზრის მომზადება იმაზე, თუ რა შედეგს მიიღებს „ოცნება“ მომავალ წელს.
გარდა იმისა, რომ მის მიმართ ხალხს მკვეთრად უარყოფითი განწყობა აქვს, კობახიძის მხრიდან პროცენტებზე საუბარი სხვა მიზეზის გამოც არის უხერხული.
გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მან სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადა გამარჯვებულად, რამდენიმე წუთში კი გაირკვა, რომ საოცნებო კანდიდატმა პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა და გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური დაინიშნა.
ორაკლი კობახიძის გამოცხადებული შედეგები კი ისევე დათარსულად გამოცხადდა, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ ნაყიდი თაიგული, რომელიც მან ზურაბიშვილს გამარჯვების მისალოცად მიართვა, არადა, წინ მეორე ტური იყო.
ამ რეიტინგდაკარგულ და პარტიის დამთარსევლ ფიგურას გააკეთებინა „ოცნებამ“ განცხადებები. ამით, სავარაუდოდ, საზოგადოების განწყობები შეამოწმეს. საჭირო მომენტში, ალბათ, უფრო სანდო ფიგურას გააკეთებინებენ განცხადებას. არაა გამორიცხული, ამის შესახებ თვით ივანიშვილმა გააკეთოს ანონსი.
მას მისთვის სასურველი პროგნოზი უკვე გაკეთებული აქვს. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ახლა კი ისევ კობახიძის წინასწარმეტყველებას დავუბრუნდეთ _ არჩევნების შემდეგ ასეთი სურათი იქნება: „ქართული ოცნება“ მიიღებს 60%-ს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად აიღებენ 20%-ს, დანარჩენ ოპოზიციას კი დარჩენილი 20% შეხვდება, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნასპიკერალმა წინასწარმეტყველმა.
მას ფიქრშიც კი არ უნდა იმის დაშვება, რომ არჩევნები შეიძლება სხვა შედეგით დასრულდეს. კობახიძე ამტკიცებს, რომ „ოცნება“ თავად დააკომპლექტებს ახალ მთავრობას. არადა, მმართველ პარტიაში უკვე ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მთავრობის დასაკომპლექტებლად შეიძლება, კოალიციის შექმნა გახდეს საჭირო.
ჟურნალისტებს, ბუნებრივია, ახსოვთ, თუ როგორ ახდა მისი წინასწარმეტყველება და ამიტომ სცადეს მისი გამოტეხვა, თუ რის საფუძველზე გააკეთა განცხადება, რომ „ოცნება“ მომავალ არჩევნებში 60%-ს აიღებს.
ამ კითხვაზე ნასპიკერალმა მედიას ამაყად განუცხადა, რომ პროგნოზებში არსებითად არასდროს შემცდარა.
მედიასთან ის არ ასახელებს, კოალიციის შექმნის შემთხვევაში ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“.
ის მხოლოდ იმ პარტიებზე საუბრობს, ვისთანაც დღევანდელი ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლებს.
ასეთი პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ვეროპული საქართველო“. ასევე ის პარტიები, რომლებიც ქვეყნის დასავლურ კურსს უპირისპირდებიოან.
_ სხვადასხვა არჩევნების დროს ყოველთვის ვაკეთებდი პროგნოზებს არჩევნების წინ და ამ პროგნოზებში არსებითად არასდროს შევმცდარვარ. შესაბამისად, ჩვენ არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეგვიძლია. რაც შეეხება 45%-ს, ეს არის მათემატიკა, არის პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნა შესაძლებელია. ამ კალკულაციით თუ წავალთ, გამოდის, რომ 45% მაინც უნდა მიიღოს გამარჯვებულმა პარტიამ და ის აუცილებლად იქნება „ქართული ოცნება“. საუბარია თეორიულ გათვლაზე, რა შემთხვევაშია შესაძლებელი კოალიციის შექმნა, _ განმარტავს კობახიძე.
მისგან განსხვავებით, მომავალ არჩევნებს ასე ოპტიმისტურად არ უყურებენ „ოცნების“ სხვა ლიდერები. პარტია რომ პირველ ადგილს დაიკავებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა თავს თითქმის არავინ დებს იმაზე, რომ კოალიციის შექმნა საჭირო არ იქნება.
კოალიციური მთავრობის შექმნის ალბათობაზე ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძეც საუბრობდა. მან ამის შესახებ განცხადებები გადადგომიდან ცოტა ხნით ადრე გააკეთა. მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას არც კახა კალაძე გამორიცხავს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც ხმალამოღებულ მეოცნებედ არ მიიჩნევა, არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ აიღოს.
მას იმის იმედიც კი არ აქვს, რომ „ოცნება“ იმ შედეგს გააუმჯობესებს, რომელიც ამ პარტიამ 2016 წელს დადო.
თამარ ჩუგოშვილი: „მოხარული ვიქნებოდი, იმაზე ოდნავ უკეთესი შედეგი გვქონდეს, ვიდრე 2016 წლის არჩევნებზე მივიღეთ, მაგრამ სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ვერც ერთმა პარტიამ, მათ შორის, ჩვენც“.
მისივე განმარტებით, მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ 2020 წელს კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.
ის კოალიციურ მთავრობაზე საუბრობს, მაგრამ ჯერ არ იცის, თუ ვისთან შექმნის „ოცნება“ კოალიციას. ერთ რამეში დარწმუნებულია, რომ ეს აუცილებლად პროდასავლური ძალა იქნება.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებებს, რომ „ოცნება“ მომავალ არჩევნებზე უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ოპოზიცია ლამის ტაშის ცემით შეხვდა. თუმცა მათი სიხარული ნაადრევი გამოდგა.
ამ განცხადებებიდან მეორე დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჩვენება შეცვალა. მან მედიას განუცხადა, რომ „ოცნება“ მომავალ არჩევნებზე უმრავლესობასაც აიღებს და მთავრობასაც თავად დააკომპლექტებს.
ამას, ბუნებრივია, მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ყველა ხვდება, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი განცხადება უკან წააღებინეს.
სხვანაირად, ალბათ, ვერც იქნებოდა. „ოცნება“ ნიადაგს ამზადებს, რომ არჩევნებზე დიდი უპირატესობით მოიგებს და ამ დროს ვიღაც სხვა პროგნოზს აკეთებს.
მართალია, „ოცნებაში“ 60%-ს ასახელებენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს უფრო მაღალი შედეგი უნდა.
„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „ქრონიკა+“-ს უყვება, რომ ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერმა 70% მოითხოვა.
_ ივანიშვილი გეგმავს, რომ ამ არჩევნებზე „ოცნებამ“ 70% აიღოს. მან ამის შესახებ პირდაპირ უთხრა თანაპარტიელებს დახურულ შეხვედრაზე. პარტიაში მიაჩნიათ, რომ 60%-ზე მეტს ვერ გაქაჩავენ, _ ამბობს ჩვენი წყარო.
ივანიშვილი კი მიიჩნევს, რომ შეიძლებელი არაფერია და თუ ძალიან გაჭირდება, ის მზადაა პარტიის სიას სათავეშიც კი ჩაუდგეს. სიაში მის შესაძლო პირველნომრობას პარტიაში აქტიურად განიხილავენ და მიესალმებიან კიდევაც.

შორენა მარსაგიშვილი