მთავარი რელიგია საეკლესიო ინტრიგების უცნობი ქრონიკები

საეკლესიო ინტრიგების უცნობი ქრონიკები

151
0
გაზიარება

მართალია, მრევლი და, ზოგადად, მორწმუნე საზოგადოება ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა ხდება, მეორედ მოსვლა და აპოკალიფსია, მაგრამ თუ საქართველოს უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ჩვენი ეკლესია მსგავსი ან თითქმის მსგავსი განსაცდელის წინაშე არცთუ შორეულ წარსულშიც მდგარა. ყოველ შემთხვევაში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების პირველ დეკადაში საპატრიარქოში ანალოგიური პროცესები ვითარდებოდა. მეტიც, მაშინ საქმე საერო სასამართლომდე მივიდა და მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი) ციხეშიც აღმოჩნდა. სხვათა შორის, მაშინაც ახლანდელის მსგავსი ბრალდებები იყო _ კორუფცია ეკლესიის ადმინისტრაციაში და… მოარული ხმის თანახმად, რამდენიმე სასულიერო პირი არატრადიციულ სექსუალურ კავშირებშიც ამხილეს.

ვინაიდან და რადგანაც საბჭოთა მორალით ჰომოსექსუალიზმი დანაშაული იყო, ეკლესიის მსახურები, თავიანთი ამქვეყნიური ვნებების გამო, სასამართლოს წინაშეც წარდგნენ, თუმცა ეს საქმე არ გახმაურებულა. მეტიც, როგორც ამბობენ, ამ ე. წ. სისხლის სამართლის საქმის მასალები არქივიდანაც კი გაქრა.
რატომ? _ ეს კითხვა ამ ვითარებაში, ალბათ, ერთგვარად რიტორიკულია და შეიძლება, ვინმემ ისიც თქვას, ვის რაში აინტერესებს, 30 და მეტი წლის წინ რა და როგორ მოხდაო, მაგრამ ფაქტია, რომ აწმყოც და მომავალიც წარსულზე დგას. ამიტომ, თუ გვინდა, რომ ოდესმე სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ, ყველაფერი ისტორიული სამართლიანობის აღდგენით უნდა დაიწყოს. სწორედ ამის გათავალისწინებით, „ქრონიკა+“ იმ საქმეებს გაგახსენებთ, რომლებიც ეკლესიას, უფრო სწორად, ეკლესიის ადმინისტრაციას, ე. ი., საპატრიარქოს უკავშირდებოდა. სხვათა შორის, ამ საქმეების ნაწილი საჯაროა, ანუ ინტერნეტში ადვილად იძებნება.
აქვე ერთსაც ვიტყვით: ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ის ფაქტები, რომელიც ამ საარქივო მასალებშია მოყვანილი, ჭეშმარიტებაა. ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ, უახლოეს წარსულს თქვენთან ერთად გადავავლოთ თვალი.
ზოგადად, როცა ეკლესიის უახლოეს წარსულსა და სკანდალებზე ვსაუბრობთ, უმეტესობას, ალბათ, გაიოზ კერატიშვილი გვახსენდება. დიახ, კერატიშვილის საქმე იმ დროის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გახლდათ, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მეუფე გაიოზი პატრიარქ დავით მეხუთესთან ყველაზე დაახლოებულ პირად ითვლებოდა. მეტიც, იმდროინდელ კულუარებში, თურმე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ დავით მეხუთის (დევდარიანი) შემდეგ საპატრიარქო ტახტზე სწორედ მეუფე გაიოზი ავიდოდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა _ პატრიარქი გახდა მიტროპოლიტი ილია, გაიოზ კერატიშვილი კი ფინანსური მაქინაციებისთვის საპყრობილეში აღმოჩნდა.
სხვათა შორის, ციხეგამოვლილი სასულიერო პირი „ციანიდის საქმემდე“ რამდენიმე თვით ადრე, კერძოდ, 2016 წლის მარტში ერთ-ერთ კარდიოლოგიურ კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე კი ე. წ. ისნის ბაზრობაზე ვაჭრობდა და თავს ასე ირჩენდა.

მაინც, ვინ იყო გაიოზ კერატიშვილი?

ქართულ „ვიკიპედიაში“ წერია:
„დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში. 1963 წელს დაამთავრა საგარეჯოს საშუალო სკოლა, რის შემდეგაც ჩაირიცხა და სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. მანამდე, სამხედრო ბეგარის მოუხდელობის გამო, უარი უთხრეს მცხეთის სასულიერო სასწავლებელში ჩარიცხვაზე. 1963-1965 წლებში სამხედრო სამსახურშია, დემობილიზაციის შემდეგ კი კვლავ აღადგინეს უნივერსიტეტში.
სწავლის პარალელურად მუშაობდა ჯერ საგარეჯოს მხარეთმცოდნეობის, შემდეგ _ პატარძეულის გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად.
ბიძინა კერატიშვილი ახლოს იცნობდა საგარეჯოს წმინდა დოდოს ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ევაგრე დიასამიძეს, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც წარდგა კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის წინაშე.
1969 წელს, უწმინდესი ეფრემ II-ის რჩევით, ბიძინა კერატიშვილმა დატოვა საერო სამსახური და ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, ერთი წლის შემდეგ პატრიარქის კურთხევითვე, დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოში საქმის მწარმოებლად.
1971 წლის 14 დეკემბერს ეფრემ II-მ ბიძინა კერატიშვილი ბერად აღკვეცა და უწოდა გაიოზი; 17 დეკემბერს ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხა; მანვე, იმავე წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, ბათუმში საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე ხელი დაასხა მღვდლად.
მღვდელმონაზონი გაიოზი აგრძელებდა საპატრიარქოს კანცელარიაში საქმიანობას, ამავე დროს, ევალებოდა ყოველდღიური ღვთისმსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში.
1972 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს დაუგზავნა შეტყობინება შეკითხვით მღვდელმონაზონ გაიოზის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანის შესახებ და გამოითხოვა წერილობითი პასუხი.
1972 წლის 24 მარტს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, მღვდელმონაზონი გაიოზი 26 მარტს, დიდმარხვაში, ბზობის კვირიაკის წინა კვირას, წილკნელ ეპისკოპოსად აკურთხეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში. იმავე დღეს წილკნელი ეპისკოპოსი გაიოზი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
ეფრემ II-ის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქად აირჩიეს ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), რომელმაც ეპისკოპოსი გაიოზი მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის, ანუ კათოლიკოსის მოადგილედ და მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად დანიშნა. სემინარიაში ის კითხულობდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას, ჰომილეტიკას, საეკლესიო სამართალს.
1973 წლიდან ეპისკოპოსი გაიოზი ადგენდა და გამოსაცემად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის კალენდარს, რომელსაც შეუცვალა პროფილი _ 10 საგამომცემლო თაბახიდან გაზარდა 30-მდე და აქცია სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შინაარსის კრებულად.
1977 წლის 4 ივნისს, მამადავითობის დღესასწაულზე, უწმინდესმა და უნეტარესმა დავით V-მ ეპისკოპოსი გაიოზი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა.
1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი დავით V, მიტროპოლიტმა გაიოზმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ასარჩევად მხარი დაუჭირა ბათუმ-შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს (პეტრიაშვილი) და ამ პოზიციაზე ურყევად იდგა 1977 წლის 20 დეკემბრამდე. მიუხედავად ამისა, 23 დეკემბერს, სიონში გამართულ XII საეკლესიო კრებაზე, ხმა მისცა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. მანვე წაიკითხა საეკლესიო კრების დეკლარაცია და ძირითადი ლოცვებიც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
1978 წლის იანვარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მიტროპოლიტი გაიოზი განთავისუფლდა ქორეპისკოპოსის მოვალეობისგან, მცხეთის სემინარიის რექტორობიდან და სვეტიცხოვლიდან და გადაიყვანეს ურბნისის ეპარქიის მმართველად (ურბნელ მიტროპოლიტად) და ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვრად.
1978 წლის 25 მაისს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ორგანოებმა მიტროპოლიტი გაიოზი დააპატიმრეს საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ალექსანდრე ალადაშვილის თავმჯდომარეობით, მიტროპოლიტ გაიოზს მიუსაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია.
1979 წლის სინოდის განჩინებით, გაიოზს ჩამოერთვა მღვდელმთავრის ხარისხი და დაიყვანეს ერისკაცის რანგში.
გასამართლების შემდეგ სასჯელის მოსახდელად გააგზავნეს დაღესტანში, საიდანაც მიხეილ გორბაჩოვის მიერ მიღებული ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს 1989 წელს, 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ.
საქართველოში დაბრუნებულს აღარ ჰქონდა აღარც ბინა და აღარც _ საარსებო საშუალება“.
მნიშვნელოვანია, რომ ციხიდან განთავისუფლების შემდეგ გაიოზ კერატიშვილი საპატრიარქოს პენსიაზე იმყოფებოდა. ამასთან, ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
ერთი სიტყვით, ყველამ, ვინც საპატრიარქოს კარის თამაშებს მეტ-ნაკლებად კარგად იცნობს, იცის, რომ გაიოზ კერატიშვილი მღდელმთავართა ინტრიგებს შეეწირა. ამას ირიბად არც თავად გაიოზი მალავდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სსრკ კარგა ხნის დაშლილი იყო, ყველაფრის თქმისგან მაინც თავს იკავებდა და ამბობდა ხოლმე, ჯერ ამის დრო არ მოსულაო, ანუ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გაიოზ კერატიშვილს რაღაცის თუ ვიღაცის ეშინოდა, თუმცა ცდილობდა, რომ
საზოგადოებისთვის იმ დიდი ინტრიგის თაობაზე, რომელიც მას მოუწყვეს, მინიშნებებით მოეთხრო.
რა საიდუმლო წაიღო საფლავში გაიოზ კერატიშვილმა? _ ამას ვერასოდეს გავიგებთ, ამიტომ ისღა დაგვრჩენია, რომ 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და ბურუსით მოცულ საქმეებზე თვითმხილველების მონათხრობითა და ასევე იმ საგაზეთო მასალებით ვიმსჯელოთ, რომლებსაც მიტროპოლიტი გაიოზი პერიოდულად აქვეყნებდა, თუმცა მანამდე გთავაზობთ ამონარიდს გაიოზ კერატიშვილის სისხლის სამართლის საქმიდან:
„სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით, ბიძინა კერატიშვილს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება და მიეკუთვნა ურბნისის ეპარქიის მმართველობა. მისი სასულიერო სახელია გაიოზი. 1970 წელს კერატიშვილმა სწავლა დაიწყო მცხეთის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში მას მისცეს წინადადება, პირადი სურვილით დაეტოვებინა სემინარია იქ მის მიერ ჩადენილი ცხოვრების საერთო წესების დარღვევის გამო. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ იგი დანიშნულ იქნა საპატრიარქოში მდივნად, მოკლე ხანში აკურთხეს ბერ-მონაზვნად, შემდეგ _ მღვდელ-მონაზვნად. ამის შემდეგ გახდა არქიმანდრიტი და კათოლიკოს ეფრემ მეორის მძიმე ავადმყოფობის პერიოდში აკურთხეს ეპისკოპოსად. კერატიშვილს ჩააბარეს წილკნის ეპარქიის მმართველობა. აღსანიშნავია, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორის ავადმყოფობის პერიოდში მთელი საპატრიარქო მმართველობა კერატიშვილის ხელში აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში დაიკარგა კათოლიკოსის ანდერძი, შემდგომ კი დაიწერა ახალი ანდერძი მძიმე ავადმყოფ ეფრემ მეორის კარნახით და კერატიშვილის ხელით, სადაც თანამოსაყდრედ დასახელებულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი დავით დევდარიანი. პატრიარქის ავადმყოფობის პერიოდში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის მითითებით დალუქულ იქნა საპატრიარქოს საცავებში საეკლესიო განძი მისი ხელყოფისგან დასაცავად. ამის შემდეგ პატრიარქის ჯანმრთელობა რამდენადმე გაუმჯობესდა. მან კერატიშვილისგან შეიტყო რა საცავების დალუქვის შესახებ, განრისხდა და აყარა ლუქები. რამდენიმე დღეში ეფრემ მეორე კვლავ ცუდად შეიქნა და მალე გარდაიცვალა, საპატრიარქოს საცავები კი დაუცველი დარჩა. პატრიარქის ანდერძის საფუძველზე თანამოსაყდრედ გამოცხადდა დავით დევდარიანი, რომელიც შემდგომ სინოდის მიერ არჩეულ იქნა კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა დავით მეხუთე, რომელმაც კერატიშვილი დანიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად და ჩააბარა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღოლობა“.
მერე, წლები რომ გავა, გენერალ-მაიორი ვახტანგ გვარამია, რომელიც კერატიშვილის საქმეს იძიებდა, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იტყვის:
„მივედით მის ნაყიდ ორსართულიან სახლში, ავედით მეორე სართულზე, ავიყვანეთ მოწმეები, კანონის ყველა მოთხოვნას მაქსიმალურად ვიცავდით. ვთხოვეთ, გაეღო კარი. არ აღებს. შევატყვე, რომ ამ გაკერპებით, წინააღმდეგობის გაწევით უნდა, საკუთარი სიმტკიცისა და სიმართლის, ჩვენი კანონდარღვევით მოქმედება დაგვიმტკიცოს, თითქოს შეურაცხვყოფდით ამ უდანაშაულო ადამიანს. უნდა ვთქვა, რომ იმხანად გამომძიებელს უფლება ჰქონდა, ორდერის გარეშე, დადგენილების საფუძველზე გაეჩხრიკა ნებისმიერი ობიექტი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ საქმე გვქონდა სამღვდელოების ერთ-ერთ მაღალ იერარქთან, ოპერატიულად ვიმოქმედეთ _ მოვასწარით და შევიარაღდით ჩხრეკაზე პროკურორის სანქციით. კანონი დავიცავით. რადგან კარი არ გააღო, გავეცი განკარგულება, ეპოვათ ლომი და შესასვლელი შეენგრიათ. _ გაბედავთ კარის შენგრევას? _ იკითხა გაიოზმა. _ თქვენ იძულებულს გვხდით, ასე მოვიქცეთ, _ ვუპასუხე. _ ისეთი უღმერთოები ხართ, მართლა მოიქცევით ასე! _ გვიპასუხა და კარი გააღო. ასეთი სიმდიდრე, ამდენი ძვირფასი საეკლესიო ნივთი მანამდე არსად, არც ერთ ეკლესიაში არ მინახავს. კერატიშვილს ლოგინში, ბალიშის ქვეშ ვუპოვეთ „ვალტერის“ მარკის პისტოლეტი საბრძოლო მდგომარეობაში, 8 საბრძოლო ვაზნით. მაღალი რანგის მღვდელმთავრის სახლში პისტოლეტის არსებობა თავისთავად მიუთითებს ამ პიროვნების სახესა და სულიერ განწყობილებაზე. ასეთ კაცს არავის განკითხვის უფლება არ აქვს. გაიოზ კერატიშვილი, რა თქმა უნდა, დავაპატიმრეთ“.
ისე, გაიოზ კერატიშვილის საქმე, უბრალოდ, გახმაურდა, თუმცა ის ერთადერთი არ ყოფილა, რომელიც 1977 წლის, ანუ ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ დააპატიმრეს ან საეკლესიო მსჯავრი გამოუტანეს.
ასე, მაგალითად, გაიოზ კერატიშვილის შემდეგ, კერძოდ, 1983 წლის დასაწყიში აპატიმრებენ ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოს იოანეს (ანანიაშვილი). ამავე წლის 15 დეკემბერს ცხაკაიას სახალხო სასამართლო მას 2-წლიან პატიმრობას უსჯის. წმიდა სინოდი მღვდელმთავრის ხარისხიდან კვეთს და ბერობამდე დაჰყავს იგი.
1983 წელსვე აპატიმრებენ მღვდელ-მონაზონ თეოდორეს (ჩიხლაძე). საბჭოთა სასამართლო მას სასჯელის უმაღლეს ზომას – დახვრეტას უსჯის, რომელიც აღსრულდება 1983 წლის 3 ოქტომბერს (ბერ-მონაზონი თეოდორე „თვითმფრინავის ბიჭების” საქმის ფიგურანტი გახლდათ).
2017 წლის 10 თებერვალს აპატიმრებენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) სახელმწიფო მსჯავრის შეფარდებამდე აუკრძალა მღვდელმოქმედება, მასთან სასულიერო პირები არ შეუშვეს და არ აზიარეს, ხოლო 2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნიშანდობლივია, რომ საეკლესიო სკანდალის დაწყების საბაბი სწორედ „ციანიდის საქმე“ გახდა.
7 წლის წინ, ინტერნეტმედიაში საქართველოს ყოფილ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გამოჩნდა. წერილი ანონიმური იყო. ინკოგნიტო წყარო საზოგადოებას ყოფილ მთავარეპისკოპოზე მოუთხრობდა, რომელიც სიბერეში ქართლის ერთ სოფელში, ფარღალალა ქოხში, ცხოვრობდა. წერილში, კერძოდ, ნათქვამი იყო:
„1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო, მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც მისივე ხელით დალუქულ სეიფში ინახებოდა.
1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა.
პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.
ასე იყო თუ ისე, 1977 წლის 25 დეკემბერს, ანდერძის საფუძველზე, ილია II პატრიარქად აკურთხეს. ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე. ი. პირველი პირი პატრიარქის შემდეგ, ჯერ კიდევ, ეფრემ II-ის დროს. დავით V-ის გარდაცვალების მერე კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.
მინდა, შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს: 1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით, თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომელსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები.
კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია II-ის ნათესავი) და მისი კატეგორიული მოთხოვნით ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა“.
სხვადასხვა მონაცემით, მეუფე ილარიონი მოწამვლის შემდეგ კარგა ხანს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, მერე კი, თურმე, მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა და… სრულ მდუმარებაში ცხოვრობდა.
ვინ და რატომ მოწამლა მეუფე ილარიონი? _ ეს კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვაა ეკლესიის კარის თამაშების ქრონიკებში. ასევე უცნობია, თუ რა გახდა მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი. ისე, ხმა დადის, რომ საკუთარი სიკვდილით არც დავით მეხუთე გარდაცვლილა, ანუ არის ეჭვი, რომ შესაძლოა, ისიც მოწამლეს…
კიდევ ერთი სასულიერო პირი, რომელიც ბოლო 40 წელიწადში განკვეთეს, ქრისტეფორე წამალაიძე გახლდათ, რომლის საქმე სინოდმა რამდენჯერმე, ბოლოს კი, 2017 წელს განიხილა.
ვერ ვიტყვით, რომ წამალაიძის საქმე გაიოზ კერატიშვილის საქმესთან პირდაპირ კავშირში იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტრიგები ერთმანეთთან უხლავი ძაფებითაა დაკავშირებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წამალაიძის საქმეც 80-იანი წლების ამბების ერთგვარი გაგრძელება იყო.
მოკლედ, ქრისტეფორე წამალაიძე 1995 წლის 5 აპრილიდან ურბნისისა და რუისის ეპარქიას განაგებდა. ეპარქიაში მრევლსა და მმართველ მღვდელმთავარს შორის დაპირისპირება მოხდა. 1995 წლის 31 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი და განაჩინა:
„ეპისკოპოს ქრისტეფორეს მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, რათა მისი მოქმედებანი არ იყოს დამაბრკოლებელი მართლმადიდებელი მრევლისთვის, განთავისუფლდეს ურბნისისა და რუისის ეპარქიიდან და გადაყვანილ იქნას ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის მმართველად“.
1995 წლის 17 სექტემბერს წმინდა სინოდი კვლავ დაუბრუნდა ეპისკოპოს ქრისტეფორეს საკითხს და დაადგინა:
„წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემატური დარღვევის გამო წმინდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულებელყოფისთვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისთვის და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისთვის ეპისკოპოსი ქრისტეფორე გამოყვანილ იქნა წმინდა სინოდის შემადგენლობიდან, ჩამოერთვა ეპარქიის მმართველობა და აეკრძალა მღვდელმოქმედება“.
მოუნანიებლობის შემთხვევაში წმინდა სინოდი წამალაიძეს განკვეთით დაემუქრა. 2000 წლის 14 დეკემბერს წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ განიხილა მღვდელმოქმედებააკრძალულ ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდისადმი და პასუხები სინოდის მიერ დანიშნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მარგველ მიტროპოლიტ კონსტანტინეს მიერ მისთვის დასმულ კითხვებზე. ვინაიდან პასუხები შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს, წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და მიეცეს საბოლოო გაფრთხილება.
2017 წლის 11 დეკემბრის სინოდის სხდომის განჩინებაში კი ვკითხულობთ:
„ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისთვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმინდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს“.
ერთი სიტყვით, ყველა ეს საქმეც მოწმობს, რომ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საქართველოს ეკლესიის ადმინისტრაციაში, ანუ საპატრიარქოში, „მონასტერი არეულია“, თუმცა ეკლესიაში სიმშვიდე არც მანამდე ყოფილა და ამას, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პატრიარქ კირიონის II-ის (საძაგლიშვილი) გარდაცვალებაც მოწმობს. მართალია, მე-20 საუკუნის დასაწყისში მარტყოფის მონასტერში მომხდარი ტრაგედია თვითმკვლელობად მოინათლა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ბოლშევიკებს აწყობდათ, რომ უწმინდესი პატრიარქი ისტორიაში თვითმკვლელის სახელით შესულიყო, თორემ ფაქტები მოწმობს, რომ კირიონ II-მ თავი კი არ მოიკლა, არამედ მოკლეს!

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი