ელდარ ბუქვაიძე: „თუშეთი თუ დაიცალა, ამ ტერიტორიას რუსეთი დაეპატრონება, ნახევარს დაღესტანს მისცემენ, ნახევარს _ ჩეჩნეთს“.

საქართველოს საზღვრისპირა რეგიონები რუსი ოკუპანტების ხელში რომ არ აღმოჩნდა, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც აქაურობას არასდროს ტოვებენ. ახლა კიდევ ინტერნეტია და მობილური კავშირგაბმულობა, მაგრამ იყო დრო, იქ დარჩენილები მთელი ზამთარი მოწყვეტილი იყვნენ გარესამყაროს. ახლობლებმა ისიც კი არ იცოდნენ, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები.
მხოლოდ ადგილობრივებმა იციან, თუ რის ფასად დაუჯდათ ის, რომ მათი სოფლები ნასოფლარებად არ იქცა. ღვთისანაბარა დარჩენილები განწირულ სოფლებს ამაგრებდნენ და ზამთრის ტყვეობაში მარტოობით გაწამებულებს ნადირის დანახვაც კი ახარებდათ.

ზამთრის ტყვეობაში მარტოს ყოფნა ჩვენს რესპონდენტსაც გამოუცდია. ელდარ ბუქვაიძე მშობლიურ თუშეთში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. მართალია, ძველ დროსთან შედარებით უკეთესი პირობებია, მაგრამ თუშეთი ყოველ წელს სულ უფრო ცარიელდება, რუსეთს კი ამ კუთხეზე დიდი ხანია, თვალი უჭირავს. ტერიტორიის ნაწილი უკვე წაღებულიც აქვს.

როგორ ავლებდნენ ჩვენი წინაპრები საზღვარს? როდის არის საშიში გარეული ნადირი? რა საფრთხე ემუქრება თუშეთს? რატომ იზიდავს ევროპელებს ეს კუთხე? რისკენ უბიძგებენ რუსები თუშეთის მოსაზღვრედ მცხოვრებ დაღესტნელებს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს სოფელ შენაქოს მკვიდრი, ელდარ ბუქვაიძე ესაუბრება:

_ თქვენ თუშეთში საცხოვრებლად წასვლა რამდენიმე წლის წინათ გადაწყვიტეთ. ბარში ცხოვრებას შეჩვეულს არ გაგიჭირდათ ამ რთულ პირობებთან შეგუება?
_ არ გამჭირვებია. მე თუშეთში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემს ბავშვობაში თუშეთი, ჯერ კიდევ, ხალხით იყო სავსე. ბევრ სოფელში დაწყებითი სკოლა მუშაობდა, ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ კი ყველანი ომალოს სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდით.
ახლა სოფლების უმეტესობა დაცლილია. სკოლას ვინ ჩივის, ზოგიერთ სოფელში ერთი მოსახლეც კი აღარ არის.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბარში წამოვედი საცხოვრებლად. აქ დიდხანს დავრჩი.
_ თუშეთში გაზრდილს ბართან შეგუება არ გაგიჭირდათ?
_ სხვა გზა არ მქონდა, უნდა შევგუებოდი, უნდა მემუშავა და მესწავლა, შვიდი დედმამიშვილი ვიყავით. მე ნაბოლარა გახლავართ, მამა არ მახსოვს, ადრე დაიღუპა. საკუთარი თავი ხომ უნდა მერჩინა, ამიტომ უნდა წამოვსულიყავი თუშეთიდან. წამოვედი და დავრჩი.
_ თუშეთში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?
_ სამსახურში გადავიღალე, სანერვიულოც ბევრი მქონდა და გულთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა. ვერც თბილისში ვძლებდი, ვერც _ თელავში და ვერც _ ალვანში. ერთხელაც ვთქვი, რომ წავალ თუშეთში და ვნახავ, როგორ ვიქნები-მეთქი.
თავიდან ძალიან გამიჭირდა. ჩემი სახლიდან ეკლესიამდე, სულ რაღაც, 100 მეტრია. იქამდე რომ მივსულიყავი, ოთხჯერ მაინც ვისვენებდი, მერე ნელ-ნელა შევეგუე ამ ჰავას და დავრჩი.
დავრჩი თუშეთში და ჯანმრთელობის მხრივ მთლიანად გამომისწორდა მდგომარეობა.
რამდენიმე წელი ძალიან კარგად ვიყავი, მაგრამ შარშან ზაფხულს და წელს გულმა ცოტა ამირია. ბარში ჩამოვედი ექიმთან. გამსინჯა და მითხრა, _ ახლა ასაკში ხარ და შენთვის მაღალი ჰაერი აღარ შეიძლებაო.
ჰაერის უკმარისობა მარტო დილის საათებში მემართება, შუადღის მერე შემიძლია საღამომდე „ლაფატკაზე“ ვიმუშაო, არაფერი აღარ მაწუხებს.
რაც შემოდგომა დაიწყო, ჯერჯერობით, კარგად ვარ, თუ შევატყობ, რომ ცუდად ვარ, ბარში წამოვალ, სხვა რა გზაა.
_ თუშეთში ზამთრობით რამდენი ადამიანი რჩება?
_ ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, რაც დრო გადის, სულ უფრო ცოტანი ვრჩებით. ყოველ წელს აკლდება რამდენიმე მცხოვრები. ისინი მძიმე პირობებს ვეღარ უძლებენ და ბარში ან საზღვარგარეთ მიდიან.
სოფელ შენაქოში ზამთრობით სულ სამი ადამიანი ვრჩებით: მე, კაკო ბუქვაიძე და მისი მეუღლე.
ისინი ზამთარში დაბლა, ბოსლებში ჩადიან ხოლმე, მე სოფელში ვრჩები. თქვენს მკითხველს მინდა ავუხსნა, რომ თუშეთში ზამთრისა და ზაფხულის საცხოვრებლები სხვადასხვა ადგილზეა. ზამთრის საცხოვრებლებს ბოსლებს ეძახიან. ეს სახლები მზიან ადგილზეა აშენებული.
_ ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, შენაქოში თქვენ გარდა არავინ არის?
_ ჯერ კიდევ არიან. რამდენიმე ადამიანი დარჩა, სახლები აქვთ შესაკეთებელი. კარგი შემოდგომა მიდის და ცდილობენ, საქმე დაამთავრონ.
ამ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ, თავიანთი სახლები საოჯახო სასტუმროებად გადააკეთონ. აქ სასტუმროები პირველად მე და კაკომ გავაკეთეთ. თავიდან დაგვცინოდნენ, _ რა სასტუმრო აგიტყდათ, აქ რომელი ტურისტი უნდა მოვიდესო.
ტურისტებმა სიარული რომ დაიწყეს, მერე გვეუბნებოდნენ, გადასახადები იქნება დიდიო. _ შემოსავალი იყოს და გადასახადების გადახდას რა უნდა-მეთქი. მთიანი რეგიონები გადასახადებისგან განთავისუფლებული ვართ და რომ ნახეს, გადასახადს არ ვიხდიდით, ახლა თავად დაიწყეს სასტუმროების აშენება, რასაც მხოლოდ მივესალმები. როგორც ამბობენ, აქ ზამთრის ტურიზმიც უნდა განვითარდეს და იქნებ, ხალხი დაბრუნდეს.
_ თუშეთს რუსი ტურისტები დიდად არ სწყალობენ, სამაგიეროდ, ამერიკიდან და დასავლეთ ევროპიდან არ გაკლიათ ვიზიტორები. რით იზიდავს ეს კუთხე ამ ადამიანებს?
_ პირველ რიგში, ბუნება იზიდავთ. მართლა ლამაზი ბუნება გვაქვს. ძალიან მოსწონთ ჩვენი არქიტექტურა. თუშეთში სახლები და კოშკები თავისებურად, მშრალი წყობით არის ნაგები. ეს ევროპელებს აღაფრთოვანებს.
უცხოელებზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, ჩვენებურებთან კი ცოტა პრეტენზიები მაქვს. ქართველი ტურისტი ყველაზე კაპრიზია, ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც საოჯახო სასტუმრო აქვს.
_ თუშური სამზარეულო თუ მოსწონთ? თქვენი ხინკალი განსაკუთრებულია.
_ ხინკალი ძალიანაც უყვართ, მაგრამ, როგორც ვატყობ, ყველაზე მეტად ჩვენებური ხავიწი მოსწონთ.
_ გარდა იმისა, რომ თუშეთი ძალიან ლამაზია, აქ ბევრი მისტიკური ადგილია, სადაც ქალის გავლა არ შეიძლება. ამ აკრძალვებზე უცხოელები როგორ რეაგირებენ?
_ ნორმალურად. ტრაფარეტები გვაქვს გაკრული, რომ იქ ქალის გავლა არ შეიძლება და იმ ადგილს ქალები არ ეკარებიან. ზოგ ჯგუფს თან გიდი მოჰყვება. გიდებმა უკვე კარგად იციან, სად არ შეიძლება ქალის მისვლა. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.
_ ზაფხულში თუშეთი კარგია, ხალხით არის სავსე, მაგრამ ზამთარში როგორ ძლებთ? არ გიჭირთ?
_ როგორ არ მიჭირს, მაგრამ… ხან ვკითხულობ, ხან რაღაცას ვსწავლობ, ხან რაღაც საქმეს ვაკეთებ და ასე გადის დრო.
_ სხვა სოფლებში თუ ახერხებთ სტუმრად გადასვლას?
_ თუ დიდი თოვლი მოვიდა, სხვა სოფლებში კი არა, შენაქოში ვერ მივდივართ ერთმანეთთან. სანამ თოვლი კარგად არ დაჯდება, სახლიდან ვერ გავდივართ.
_ ზამთარში მგელი არ ჩამოდის? ტყე ახლოს აქვს თქვენს სოფელს, თუშეთში კი, როგორც ამბობენ, ბევრი მგელია.
_ მგლები, ძირითადად, საქონელზე იწევენ. მე არ მყავს საქონელი და ჩემს სახლთან არ მოდიან. კაკოს ჰყავს საქონელი და იმასთან მიდიან. იმ ზამთარს კვიციც შეუჭამეს.
_ ადამიანებს არ ერჩიან მგლები?
_ ძირითადად არ ერჩიან. გამონაკლისი მხოლოდ მარტია. ამ თვეში მგელი ძალიან საშიშია. გამრავლების პერიოდი აქვთ და ასეთ დროს სასტიკად დაუნდობლები არიან.
_ თქვენ თუ გინახავთ თუშეთში სადმე მგელი?
_ არა. საბედნიეროდ, არც მგელს გადავყრივარ და არც _ დათვს.
_ ნადირის მოგერიების უფლება თუ გაქვთ? მგლის მოკვლაზე ჯარიმაა დაწესებული.
_ ეს ცოტა უცნაური ამბავია. გვეუბნებიან, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვთ მგლის მოკვლის უფლება, თუ ის ავადმყოფი იქნებაო. კაცო, ეს მგელი თუ სადმე გადამეყარა და შეჭმა დამიპირა, ჯანმრთელობის ცნობა ვთხოვო, რომ გავიგო, მოვკლა თუ არა?
რამდენიმე წლის წინ ჩემს მეზობელ კაკოს მგლებმა 2 ცხენი შეუჭამეს, სოფელ ომალოში ოთხი ცხენი შეჭამეს, ამაზე ფეისბუქით დავწერეთ და ატყდა ერთი ამბავი. სათანადო სამსახურები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, _ მოკალით, ოღონდ მოკლულ მგელს სურათი უნდა გადაუღოთო.
_ სურათის გადაღება რა წესია?
_ მარტო გადაღება კი არ მოგვთხოვეს, ინტერნეტშიც უნდა განათავსოთ ფოტოო. ყველამ ხომ არ იცის ინტერნეტის მოხმარება. თან ვის ექნება იმის თავი, მგელი მოიგერიოს და მერე იმას სურათები გადაუღოს.
_ ყველაზე მძიმე ვითარება, ალბათ, განაპირა სოფლებში იქნება. საზღვართან მდებარე სოფლები სულ დაცლილია?
_ სამწუხაროდ, სულ დაიცალა. დიკლო, რომელიც განაპირა სოფელია, ზამთარში სულ დაცლილია. იქ მხოლოდ ჩვენი მესაზღვრეები დგანან. მესაზღვრეები რომ არ იყვნენ, დიკლოში სახლებიც დანგრეული იქნებოდა და დაღესტნელებიც გადმოცხოვრდებოდნენ.
_ რუსეთმა ამ მიდამოებში წაიღო, ხომ, ჩვენი მიწები?
_ აქეთ არის ჭერო-ენწუხის მხარე. ეს ძირძველი ქართული სოფლებია, მაგრამ ახლა ეს ტერიტორია სადავო გახდა.
აქ პრობლემები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. საზღვრის დასადგენად ჩვენსა და რუს მესაზღვრეებს რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ ვერაფრით შეთანხმდნენ.
რუსებმა ახალი რუკა მოიტანეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვარი დიკლოდან იწყებოდა.
ჩვენებმა თავისი რუკა წარადგინეს, სადაც საქართველოს საზღვარი სულ სხვა ადგილზე გადიოდა. ვერ შეთანხმდნენ და რუსებმა ჭეროში ჩააყენეს თავისი მესაზღვრეები.
ერთხელაც ჩვენს მესაზღვრეებს ვუთხარი, _ მე მიმიშვით რუსებთან დასალაპარაკებლად-მეთქი. გამიშვეს. მივედი რუსებთან და ვეუბნები, მე დაგიდგენთ, თუ სად გადის საზღვარი-მეთქი. გაკვირებულებმა შემომხედეს და მკითხეს, _ შენ ვიღა ხარო?
ვუთხარი, _ ვინა ვარ და აქ დაბადებულ-გაზრდილი კაცი ვარ, მერე მიწათმომწყობი ვარ და სულ ზეპირად ვიცი, სად რა საზღვარი გადის-მეთქი.
ვკითხე, სანამ რუკების შედგენა დაიწყებოდა, მაშინაც ხომ იყო საზღვრები და აბა, მითხარით, როგორ იყო სასაზღვრო ხაზები გავლებული-მეთქი? ავუხსენი, რომ ძველად, სადაც საზღვარი გადიოდა, ორმოს ამოთხრიდნენ და იქ ნახშირს ჩაყრიდნენ.
_ ნახშირს რატომ ყრიდნენ?
_ ნახშირი არ ფუჭდება და თაობიდან-თაობას გადაეცემოდა, რომ აქ გადის ჩვენი საზღვარი. თუ რაღაც სადავო იქნებოდა, ამოთხრიდნენ ორმოს და ნახშირის სახით ნახავდნენ მტკიცებულებას.
_ ეს წესი მარტო თუშეთში იყო?
_ თუშეთში რომ იყო ვიცი, სხვაგან ვერ გეტყვით.
_ მიიღეს თქვენი არგუმენტები რუსებმა?
_ საუბარში გამომიტყდნენ, რომ რამდენიმე ნახშირიანი ორმო უპოვიათ და ამოუწმენდავთ.
ჩემი არგუმენტი არ გაიზიარეს და ისევ თავის მოტანილ რუკებს აფრიალებდნენ. ამაზეც მქონდა ჩემი პასუხი. ვკითხე, _ საბჭოთა კავშირის დროს რუკები ხომ მარტო მოსკოვსა და ლენინგრადში იბეჭდებოდა-მეთქი? კიო, _ დამეთანხმნენ. ისიც დავაზუსტებინე, რომ მაშინ ამ რუკებს მხოლოდ რუსები ადგენდნენ.
_ თუ ეგრეა, მაშინ როგორ მოხდა, რომ თქვენივე შედგენილ და დაბეჭდილ რუკებში საზღვარი კავკასიონზე გადიოდა, ახლა როგორ გადმოვიდა აქეთ-მეთქი?
ისიც ვუთხარი, ახლავე ახალ რუკას დავხაზავ და კასპიის ზღვასაც საქართველოს შემადგენლობაში მოვაქცევ, მაგრამ მართალი ხომ არ ვიქნები-მეთქი.
იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა სადავოა, მაგრამ საქართველოს ეკუთვნის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გადმოსახლდნენ დაღესტნელები. ეს მხარე დაღესტანს ესაზღვრება.
დაღესტნელების სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა იქ. თითქმის ყველა მათგანს ვიცნობდი. რუსების თანდასწრებით ვკითხე, _ თქვენებური ვინმე რომ მოკვდება, აქედან რატომ მიგყავთ დაღესტანში დასამარხად-მეთქი? ერთმა დაღესტნელმა მითხრა, ჩვენი კაცი ქრისტიანების მიწაზე როგორ შეიძლება, რომ დავკრძალოთო.
რუსებს ვუთხარი, ეს ხალხი აქ დაიბადა, გაიზარდა აქ ცხოვრობს და ეს რომ მათი მიწა იყოს, გიჟები არიან, ვიღაცა რომ მოუკვდებათ, მხარზე გაიდონ და დაღესტანში გააქციონ დასამარხად? ეს რომ მათი მიწა იყოს, 15 კილომეტრი მხრებზე გადებულ მიცვალებულს ატარებდნენ? აქ ცხოვრობენ და აქვე დამახავდნენ.
_ ახლა ისევ ცხოვრობენ იქ დაღესტნელები?
_ ახლა აღარ. რამდენიმე წლის წინ დატოვეს იქაურობა. შარშანწინ ეს ტერიტორია ნეიტრალურ ზონად გამოაცხადეს.
ამ ხალხთან დღემდე გვაქვს კონტაქტი. ხშირად ამოდიან ხოლმე თუშეთში სამუშაოდ. ერთხელაც ვკითხე, _ რატომ წახვედით-მეთქი? მითხრეს, _ ძალიან ძნელია აქ ცხოვრება, ყველაფერი ხელით უნდა გავაკეთოთ. ჩვენთან რაიონში მიწებიც მოგვცეს და გვეხმარებიან კიდეცო.
ისინი წავიდნენ, ჩვენმა თუშებმა იქ ჩასვლა აღარ მოინდომეს და ასე გახდა ტერიტორია სადავო.
ერთმა იქ ნაცხოვრებმა დაღესტნელმა მითხრა, რომ წელს გადმოვალ ჭეროში და საქონლით დავრჩებიო.
როგორც მერე გავიგე, რუსები აქეზებენ, _ ოღონდ თქვენ აქ ამოდით და ყველაფრით ჩვენ მოგამარაგებთო.
_ ასე რატომ შეწუხდნენ რუსები მათი გულისთვის?
_ მათი გულისთვის არ შეწუხებულან. რაღაც აქვთ ჩაფიქრებული. მანდ რუსებს 1.500 ჰექატრი აქვთ წაღებული. ქართველებს პრეტენზია რომ არ გაუჩნდეთ, ამიტომ ეპატიჟებიან ჩვენს ძირძველ მიწაზე დაღესტნელებს.
უფრო ადრე 5.000 ჰექტარი წაგვართვეს რუსებმა, იმ ადგილს ყადორის უღელტეხილი ჰქვია. ადრე ჩვენს ხალხს ამ გზით დაჰყავდა ცხვარ-ძროხა. აქ ზვავები იცის, იქ მალე შრება თოვლი და ამ გზით უდანაკარგოდ მიდი-მოდიოდნენ ხოლმე.
ყადორი რომ ჩვენი ტერიტორიაა, ამაზე ძველი ჩანაწერებიც მეტყველებს. იქ პირდაპირ წერია ამის შესახებ.
_ რა ჩანაწერებია ან ვისი გაკეთებულია?
_ 1800-იან წლებში გაკეთებული ჩანაწერებია. ეს ჩანაწერები მეც მაქვს. სხვათა შორის, ეს ჩანაწერები რუს ისტორიკოსს ეკუთვნის და ამის შესახებ რუს მესაზღვრეებსაც ვუთხარი.
ეს რუსი ისტორიკოსი თუ მემატიანე კორესპონდენტივით მოჰყვებოდა რუსის ჯარს და აღწერდა ყველაფერს. საუბარი მაქვს იმ პერიოდზე, როცა რუსებმა დაღესტანში ილაშქრეს. ლაშქრობიდან დაბრუნებულებმა ყადორის მიმართულებით გაიარეს, სადაც ბევრი საქონელი შეხვდათ.
აქ დასახელებებიც ქართული იყო და ამ მემატიანემ იკითხა, _ რატომ ჰქვია ამ ადგილებს ქართული სახელებიო? უთხრეს. საქართველოს ეკუთვნისო.
საქონელზეც იკითხეს, ვისიაო? უთხრეს, ჭავჭავაძეებისაა, ეს საძოვრები თუშებისგან აქვთ ნაქირავები და აქ აძოვებენო.
_ გირევის მიმართულებით რა ხდება? აქაც რამეს გვედავებიან რუსები?
_ თავად სოფელი გირევიც დაცლილია, მაგრამ ამ მიმართულებით პრობლემები არ არის. საზღვრის ეს მონაკვეთი ჩეჩნეთს ესაზღვრება.
მესაზღვრეები ვახსენე და აუცილებლად მინდა მათ მადლობა ვუთხრა, ისინი ჩვენთვის დიდ იმედს წარმოადგენენ და ძალიან ხშირად დაგვხმარებიან _ მათი ვერტმფრენით გადაგვიფრენია ავადმყოფი. ოღონდ ამაზე მათ ხელმძღვანელობას უნდა შეუთანხმდეთ. წესი წესია, სამხედროებთან სამოქალაქო პირს არაფერი ესაქმება.
_ სამოქალაქო ავიარეისებიც ხომ სრულდება თუშეთში?
_ ეს გადაწყვეტილება გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. მისი თქმით, სანამ თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა არ გაიხსნება, კვირაში ერთხელ შესრულდება ავიარეისი.
ეს ავიარეისები მამუკა ბახტაძის დროსაც გაგრძელდა, იმედი გვაქვს, რომ ამაზე უარს არც გიორგი გახარია იტყვის. ავიარეისების არსებობით, იცით, რა იმედიანად არის ხალხი.
_ ავიარეისები კარგია, მაგრამ ეს თუშეთში ხალხის დამაგრებას არ უწყობს ხელს.
_ თუშეთი რომ არ დაიცალოს, ამისთვის სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ხელისუფლებამ პოლიტიკა თუ არ შეცვალა, თუშეთი შეიძლება, დაღესტანმა და ჩეჩნეთმა შუაზე გაიყონ.
_ რას ნიშნავს, შუაზე გაიყონ?
_ თუშეთი თუ დაიცალა, ამ ტერიტორიას რუსეთი დაეპატრონება. ნახევარს დაღესტანს მისცემენ, ნახევარს კი _ ჩეჩნეთს. 113.000 ჰექტარ მიწას საქართველო უცბად დაკარგავს.
ეს რომ არ მოხდეს, თუშეთი არ უნდა დაიცალოს, თუშეთი რომ არ დაიცალოს, ამას პოლიტიკის შეცვლა სჭირდება.
არაფერს თუ არ აკეთებენ, ხალხს ხელს მაინც ნუ უშლიან. უამრავი პრობლემა გვექმნება, ხან სახლების გადაკეთების გამო გვედავებიან, ხან შეშის მოჭრაზე გვიქმნიან სირთულეებს.
თუშეთში არის ასეთი ექიმი ირაკლი ხვეაგურიძე. მთელი თუშეთი მის იმედზეა. ის ევროპის ყველაზე მაღალ სოფელში, ბოჭორნაში ცხოვრობს. კაცმა თავის ნასახლარზე სახლი ააშენა ძველი თუშური წესით, ბევრი იწვალა და ხელისუფლების წამომადგენლები ეუბნებიან, უკანონოდ გაქვს აშენებული, უნდა დაგინგრიოთო. ასეთი რაღაც როგრ შეიძლება?
იმის მაგივრად, რომ ყველანაირად დააბრუნონ ხალხი მთაში, იქ ასვლის სურვილს უკარგავენ ხალხს. სახლები თუ არ გადააკეთეს, როგორ იცხოვრებენ? სერიოზული მიხედვაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში თუშეთი სულ დაიცლება…

შორენა მარსაგიშვილი