ბორის ყურუა: „თუ დიდხანს ემზადები თავისუფლებისთვის, შეიძლება იგი ვერც მოიპოვო“

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მშიერი იძინებს, უხერხულია ისაუბრო თავისუფლებაზე, თუმცა როგორც „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი ამბობს, _ თუ დიდხანს ემზადები თავისუფლებისთვის, შეიძლება იგი ვერც მოიპოვო. ამიტომ, თავისუფლებაზე საუბარი ყოველთვის საჭიროა.

რას მოგვიტანს მეტი თავისუფლება, როგორც სახელმწიფოს ასევე მოქალაქეებს? არის თუ არა საზოგადოება მზად ამისთვის? როგორ გვესმის თავისუფლების დეფინიცია?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ ესაუბრა „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ლოკალურ კოორდინატორსა და იურისტ ბორის ყურუას:

_ როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების მთავარი გამოწვევა?
_ ახალგაზრდების გამოწვევას ვერ გამოვყოფ, რადგან დღეს რა გამოწვევებიც აქვს ქვეყანას, ამის მოგვარება ერთნაირად კარგი იქნება როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი თაობისთვის. მთავარი პრობლემა პოლიტიკურ-ეკონომიკური თავისუფლების ნაკლებობაა. ჩვენი მთავრობა მარქსისტული სვლებით ცდილობს, ეკონომიკა დააზარალოს. შეიძლება მათ კარგი მიზნები აქვთ, თუმცა რასაც ვხედავთ, ესაა უგუნური რეგულაციები ბიზნესისთვის და კერძო სექტორისთვის: ბანკებისთვის საპროცენტო განაკვეთის გაწერა და, თუნდაც, ტაქსების თეთრად გადაღებვის რეფორმა. მართალია, თეთრი ტაქსი ლამაზია, თუმცა ჩვენ მხოლოდ სილამაზეზე არ უნდა ვიფიქროთ, არამედ თანამოქალაქეების ეკონომიკურ კმაყოფილებაზე. თუ ადამიანს მეტ ხარჯს დავაწერთ, მას უფრო ნაკლები ფული დარჩება. ზოგადად, ბაზარი ყოველთვის მოძებნის გზას, რომ გვერდი აუაროს რეგულაციებს, ამ გზის მოძებნას დრო სჭირდება და ამ გზის ძებნის პროცესში ეკონომიკა ზარალდება.
_ თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას ჰქონდეს კიდეც კარგი მიზნები, თუმცა ვხედავთ, რომ რეალური შედეგი არ არის ეფექტიანი. როგორ ფიქრობთ, მმართველი გუნდი უუნაროა?
_ თვითონ სისტემა არის ჩამყაყებული. ვერ ვიფიქრებ, რომ ეს ადამიანები მიზანმიმართულად დგამენ ამ ნაბიჯებს. შეუძლებელია, მსგავსი რამ შეგნებულად გააკეთო. შესაძლოა, ისინი რაღაცის გავლენის ქვეშ არიან, რაც მათ მოქმედებებს ასეთ მავნებლურს ხდის და მის ჩამყაყებას კიდევ უფრო კარგად აჩვენებს ის, რომ ასეთი უუნარო ადამიანები არიან ხელისუფლებაში. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანის წასვლა და მეორის მოსვლა არაფერს გააუმჯობესებს. ჩვენი ხედვა უნდა შეიცვალოს, ცოტა უფრო მეტად უნდა მოვიხედოთ თავისუფლებისკენ; 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ასე არ უნდა გვიხაროდეს, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას უნდა დავუმიზნოთ. ადამიანებს ახლა ძალიან დაბალი სტანდარტები აქვთ იმიტომ, რომ მივეჩვიეთ თავისუფლების ნაკლებობას და ქვეყნის მაჩანჩალობას. შესაბამისად, ნაკლებად აღშფოთებულები ვართ.
_ ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა ახალგაზრდებს, სახელმწიფო მათზე მეტად ზრუნავდა. პარალელი რომ გავავლოთ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რა განსხვავებებს ხედავთ?
_ კახა ბენდუქიძემ თქვა: „რაც შეიძლება მთავრობამ გააკეთოს კარგი, ეს არის ის, რომ ხელი არ შეუშალოს არავის“.
ახალგაზრდობა ნაკლებად არის ის მასა, რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. ახალგაზრდებსაც და უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც თანაბრად უნდა მივცეთ მეტი თავისუფლება, ორივე ფენას უნდა დაეხმაროს სახელმწიფო _ ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი ბიზნესის კეთების საშუალება, რომ არარაციონალური სახელმწიფო რეგულაციებისგან არ დაიტანჯონ. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვინც სახელმწიფოს მართვის სათავეში მოვა. არ გვჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ისეთ პროგრამებში დახმარება, როგორიც არის, მაგალითად, ქართული ღორის ჯიშის აღორძინება ან აეროპლანის ბიზნესის წამოწყება. სახელმწიფომ აკეთოს თავისი საქმე: სასამართლო იყოს მიუკერძოებელი და თავისუფალი, ამოღებული გადასახადები დაიხარჯოს მიზნობრივად, განათლების სისტემა ევროპულს მიუახლოვდეს, თავდაცვა გააძლიეროს, საშინაო პოლიტიკა მოაწესრიგოს და ჰუმანური გახადოს და უამრავი სხვა. დანარჩენს კერძო სექტორი მიხედავს.
_ რის საფუძველზე ამბობთ, რომ ახალგაზრდობა ნაკლებად არის ის მასა, რომელსაც სახელმწიფო უნდა დაეხმაროს? ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ახალგაზრდები განათლების სისტემას ასახელებენ. როგორ ფიქრობთ, რა კუთხით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ამ მიმართულებით?
_ ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია, მათ უნდა მართონ სახელმწიფო გარკვეული პერიოდის მერე და სიკეთე მოუტანონ ხალხს. მეტი თავისუფლების პირობებში ადამიანებს მეტი ფული დარჩებათ და თვითონ იზრუნებენ საკუთარ განათლებაზე ან კერძო სექტორი დააფინანსებს მას. ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია ინვესტიციის ჩამდებმა შეიძლება ერთიორად მოიმკას. აღნიშნულ სექტორში მთავრობის უხეში ჩარევა სტიმულს კლავს, როგორც ხშირად აკეთებს ხოლმე ჩვენი სახელმწიფო, როცა ადამიანები თავისუფალ სუნთქვას ვერ ახერხებენ ბიზნესში. შეიძლება, კონკრეტულ ახალგაზრდას დავეხმაროთ, თუმცა გრანტების გადანაწილების სისტემაც არ არის იდეალური, რომელიც დღეს გვაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც გვქონდა. ვერ ვხვდები, როგორ უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს იმის გარდა, რომ ფული მივცეთ, ფულის მიცემის პრაქტიკა კი გვაჩვენებს, რომ ეს არცთუ ისე კარგი ინვესტიციაა. მაგალითად, როცა კახეთში მოსავალი ისეტყვება, პოლიტიკოსები პოპულისტობენ, _ გლეხების მოსავალი იაფად ჩავიბაროთო. აღნიშნულის შემდეგ საბოლოოდ გლეხს ურჩევნია, მოსავალი დაისეტყვოს, რადგან ფულს პირდაპირ აიღებს, ყურძნის მოკრეფისა და გაყიდვის გარეშეც. კონკურენცია იკლებს, რაც საქმის კეთების ხარისხსაც ეტყობა. სახელმწიფო სულ ასე უხეშად მოქმედებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სექტორს ეხება.
როცა ახალგაზრდებზე ვმსჯელობთ, მხოლოდ სტუდენტები არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ სკოლა, სადაც ისევ კომუნისტური სისტემა გვაქვს და სოციალისტი მასწავლებლები ასწავლიან, რომლებიც ძველ დროს და იმ 70 წელს მისტირიან, როცა სინამდვილეში საბჭოთა კავშირის ოკუპაციაში ვიყავით.
_ თქვენ ყველა მიმართულებით საუბრობთ მეტ თავისუფლებაზე. რამდენად არის მზად ქართული საზოგადოება მეტი თავისუფლებისთვის?
_ თუ ველოსიპედზე არასდროს დაჯდები, ვერც ვერასდროს მიხვდები, იცი თუ არა ველოსიპედის ტარება. ჩემი დევიზია: მეტი თავისუფლება, მეტი თავისუფლება ყველგან და ყველაფერში. სადაც შეგვიძლია, მინიმუმ, ერთი თავისუფალი ნაწილი მაინც უნდა გამოვტაცოთ სახელმწიფოს. ვერასდროს გავიგებთ, ვართ თუ არა მზად, თუ არ დავიწყებთ მოქმედებას და ამ სისტემასთან ბრძოლას. პატარ-პატარა თავისუფლებებით ავაწყობთ ისეთ გარემოს, სადაც ყველას მოგვინდება ცხოვრება _ ჩვენც და ჩვენს შვილებსაც.
იშვიათია ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ თავისუფლება არ უნდა, უბრალოდ, თავისუფლების დეფინიციაში შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ. ჩემ ირგვლივ ისეთი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც თავისუფლება უნდათ, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად მზად არიან ამისთვის. თავისუფლება ისეთი რაღაცაა, რასაც დიდი მომზადება არ სჭირდება. თუ დიდხანს ემზადები თავისუფლებისთვის, შეიძლება ვერც მოიპოვო.
_ აღნიშნეთ, რომ თავისუფლების დეფინიციაზე ვერ ვთანხმდებითო. კონკრეტული მაგალითი თუ შეგიძლიათ გვითხრათ?
_ ძალიან მარტივი მაგალითია, როდესაც მემარცხენეები, მემარჯვენეები თუ ლიბერალები საუბრობენ მარიხუანის ლეგალიზაციასა თუ დეკრიმინალიზაციაზე. მემარცხენე აქტივისტები ამბობენ, რომ მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური ან დეკრიმინალიზებული, თუმცა ადამიანს, რომელიც ამას მიეჩვევა, შემდეგ უნდა ვუმკურნალოთ. მემარჯვენე აქტივისტები ზუსტად იგივე თავისუფლებაზე საუბრობენ, მაგრამ პროცესს სხვანაირად უყურებენ, ფიქრობენ, რომ ადამიანისთვის ნარკოტიკის მოხმარება მისივე არჩევანია და რისკები თავად უნდა განსაზღვროს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ორი განსხვავებული მიმართულება უყურებდეს ერთსა და იმავე საკითხს. ეს იდეოლოგიური დაპირისპირებაა.
_ ბოლო პერიოდში საქართველოში პარტიები ქრისტიანული და ტრადიციული იმიჯის მორგებას ცდილობენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მისი მმართველობის დროს ანტიქრისტიანულ და ანტიტრადიციულ ქმედებებში გიგა ბოკერია დაადანაშაულა. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაჭრის ეს იმიჯი?
_ თანამედროვე საქართველოსთვის დამახასიათებელი პოპულისტური ნაბიჯია და ახლაც გაჭრის. ვერ ნახავთ პრეზიდენტს, რომელიც პატრიარქთან არ იყოს ნამყოფი. ახალი პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც განაცხადა, _ სანამ ბიზნესს დავიწყებდი, პატრიარქს ვალოცინებდიო. ქართველმა პოლიტიკოსმა ამაზე პოპულისტური დღეს შეიძლება ვერაფერი გააკეთოს. მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანი გახლავთ.
პირადად მე როცა ადამიანს ხმას ვაძლევ, არჩევნებზე ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ღმერთის სწამს მას და რომელ ტაძარში ლოცულობს. მთავარია, ის დაკვეთა, რომელსაც მე დემოკრატიის პირობებში მივცემ, პირნათლად შეასრულოს.
_ პრობლემა ამომრჩეველშია?
_ რა თქმა უნდა. რა მოთხოვნაც არის ხალხში, იმაზე აბალანსებენ თავიანთ მესიჯბოქსს. სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის მიხედვით ქმნიან პროდუქტს, რომელიც შემდეგ მოსახლეობასვე უნდა მოერგოს. ზოგი ამას ეპატაჟურად აკეთებს, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე პარტიათა და პერსონათა უმეტესობა ამას აკეთებს ილია II-სთან ვიზიტით და მასთან ფოტოს გადაღებით.
_ რა პროცესი უნდა გაიაროს საზოგადოებამ, რომ ბიულეტენთან არჩევანის გაკეთებისას ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი არ იყოს პოლიტიკური ლიდერის რელიგიური მისწრაფება?
_ არ მგონია, რომ საქართველოში ოდესმე მოიშლება ამგვარი პოპულიზმი და რელიგიური თემებით მანიპულირება. ზოგადად, საზოგადოება ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად ვითარდება. უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ადამიანები ეკონომიკურად ვითარდებოდნენ, შესაბამისადაც იწევდა მათი განათლების დონე, ასევე სტანდარტები და მოთხოვნები, მათ შორის, პოლიტიკოსებთან მიმართებითაც.

ნენე ინჯგია