9 ოქტომბერი და ახალი რეალობა

ძალიან ცუდი მოვლენები ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში _ და რაც მთავარია _ ჩვენთვისაც საყურადღებო.
სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს და მთელი ამ დროის მანძილზე ის არანაირად ეხებოდა საქართველოს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ათეული პანკისელი ჯიხადისტის გამგზავრებას იქ საომრად. თუმცა 9 ოქტომბერს სიტუაცია შეიცვალა და ის, რაც იქ დღეს ხდება, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც.

საუკუნეების მანძილზე გლობალურ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა რამდენიმე მარტივი, მაგრამ ყველასთვის აუცილებელი წესი. ერთ-ერთი მათ შორის არის ის, რომ დიდი სახელმწიფოები, იმპერიები და დომინანტი ქვეყნები არასდროს ვაჭრობენ მოკავშირეებით. რა მცირე ან უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ის, მოკავშირის ჩაბარება დაუშვებელი სისუსტეა.
XX საუკუნეში 2 მსოფლიო ომი იმის გამო დაიწყო, რომ ძლევამოსილ სახელმწიფოებს სუსტი მოკავშირეების დაცვა მოუწიათ იარაღის ძალით _ 1914 წელს სერბეთის, ხოლო 1939-ში _ პოლონეთის.
შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენც ვართ ამ პრინციპის ურყევობის მოწმენი საკუთარ ტყავზე. ვინმე მართლა ფიქრობს, რომ აფხაზეთს ან, მით უმეტეს, ცხინვალს რაიმე ტიპის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის? იჭყლიტეთ ტვინი, რამდენიც გინდაც, სცადეთ მოძებნოთ ლოგიკა, ევაჭრეთ რუსეთს, შეჰპირდით ევრაზიულ კავშირში შესვლას ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ _ ყველაფერი ეს უაზრობაა. ერთადერთი რამის გამო _ იმპერია არ დგამს ნაბიჯს უკან და არ ვაჭრობს მოკავშირეებით.
გლობალური პოლიტიკის მეორე წესი ემთხვევა კრიმინალური კოდექსის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პუნქტს _ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღონიერი ან სუსტი ხარ _ თუ გაქვს ნება და ძალის გამოყენების არ გეშინია, ყოველთვის გაიმარჯვებ.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ზეზუსტი ბალისტიკური რაკეტა გაქვს შეიარაღებაზე _ თუ არ გაგაჩნია მისი გამოყენების გამბედაობა _ გაჯობებს ის, ვისაც ხელში უჭირავს მხოლოდ ავტომატი, მაგრამ აქვს მისი გამოყენების მზაობა.
პოლიტიკოსი, რომელიც ბევრს იმუქრება, ხელებს იქნევს, აშინებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს ყველანაირი სასჯელით, მაგრამ არ ასრულებს დაქადნებულს _ კარგავს ფასს. თუ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაანადგურებს მტერს და ის მეორე დღეს ჯერ კიდევ ცოცხალია, მისი სიტყვის ფასი ნულია.
სირიაში სამწუხარო და, ამავე დროს, შემაშფოთებელ მოვლენას ვხედავთ _ დედამიწის მთავარმა ზესახელმწიფომ, რომლის შეიარაღებასაც შეუძლია ნებისმიერი ჯარის სრული შემადგენლობის მოსპობა ერთი დღის მანძილზე _ თავისი ერთადერთი ნამდვილი მოკავშირე რეგიონში _ ქურთები _ თურქებს მიუგდო საჯიჯგნად.
წარმოუდგენელი რამ ხდება, რაც არ მომხდარა საუკუნეების მანძილზე _ ძლიერმა, ლიდერქვეყანამ, XXI საუკუნის ახალი სტანდარტების იმპერიამ _ ურცხვად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მოკავშირე, ფაქტობრივად, გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაზე გაწირა. მოკავშირე, რომელიც წლების მანძილზე იყო ამერიკის მთავარი დამხმარე ძალა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამართულ ომში.
დასაწყისში ვაშინგტონი სახის შენარჩუნებას შეეცადა _ მთელ ქურთისტანს კი არა, მხოლოდ თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონებს ვტოვებთ, ხოლო ძირითად ნაწილში ვრჩებით _ ესეც ურცხვი ღალატი იყო, ოღონდ შედარებით მცირე _ ანკარას სირიის ქურთისტანში საკუთარი აფხაზეთის შექმნის საშუალება მისცეს.
თუმცა სად გინახავთ ომი, რომელმაც გეგმას არ გადაუხვია? საათების თუ არა, დღეების საკითხი იყო თურქეთის მხრიდან იმის მიხვედრა, რომ მხოლოდ 30-კილომეტრიანი დერეფნის შექმნა არასაკმარისია და საფრთხის განეიტრალებისთვის საჭირო იქნება უფრო ღრმა ინტერვენცია. და, აი, _ ამერიკას მთლიანად გაჰყავს ჯარი ქურთისტანიდან, არა მხოლოდ 30-კილომეტრიანი ზონიდან.
მოკლედ, ქურთები გაწირეს, როგორც ბარტყები…
განსაკუთებით სასაცილოდ გამოიყურება დღეს დედამიწის მთავარი ზესახელმწიფოს ლიდერი _ დონალდ ტრამპი, რომელიც საკუთარ განუმეორებელ სიბრძნეზე ლაპარაკობს, იმუქრება, აცხადებს, რომ დაანგრევს თურქეთის ეკონომიკას, თუ ის ცუდად მოიქცევა, აგრძელებს იარაღით ჟღარუნს და… ამავე დროს, არაფერს აკეთებს.
აი, ასე ხდება ხოლმე, როდესაც ქვეყნის მეთაურად ირჩევენ ვაჭრისა და მასხარას ნაზავს _ დღეს, როგორც არასდროს, ამერიკის სახელმწიფო გამოიყურება სასაცილოდ და სუსტად.
ვის რაში სჭირდება ამდენი სუპერზუსტი შეიარაღება, კოსმოსური მართვის სისტემები, უხილავი ბომბდამშენები და უპილოტო თვითმფრინავები მაშინ, როდესაც ქვეყანას დაკარგული აქვს მთავარი _ მთელი ამ ავლადიდების გამოყენების უნარი?!
დღეს ვაჭრებისა და უნიათო პოლიტიკოსების ხელში ჩავარდნილი ზესახელმწიფო კაპიტულაციას აცხადებს შულერისა და ბლეფის ოსტატის _ ერდოღანის _ წინაშე…
კარგით, გავანებოთ თავი ქურთებს. რა პრობლემა შეიძლება გაგვიჩნდეს ჩვენ? ამ ეტაპზე, ხილული და ხელშესახები _ არაფერი. თუმცა ქურთების გაყიდვამ ახალი რეალობა შექმნა _ დღეს ამერიკის მოკავშირეობა თითქმის არაფერს ნიშნავს. ამერიკამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ არ გააჩნია თავისი მოკავშირეების დაცვის უნარი.
არა, გასაგებია, _ არავის არც ჰქონდა ილუზია, რომ დასავლეთი ეომებოდა რუსებს ჩვენ გამო, თუმცა, ამ ეტაპზე, უმწეობის დონემ საშიშ მასშტაბებს მიაღწია. ამერიკასა და ევროპას დღეს არ შეუძლიათ მოკავშირეების არათუ ძალისმიერი დახმარება, არამედ სანქციების გაღრმავებაც კი. გადახედეთ, რა ხდება რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ირგვლივ _ ნელა-ნელა დასავლეთი უკვე არსებული ზომების შეზღუდვების შერბილებაზე მიდის, არათუ ახლის შემოღებაზე.
რეალობა კი ისაა, რომ დღეს, როგორც არასდროს, პუტინს შეუძლია ჩაიდოს ჯიბეში მის ირგვლივ მყოფი ნებისმიერი ქვეყანა ისე, რომ დასავლური აღშფოთება-შეშფოთებაც კი არ იქნება ისეთი ძლიერი, როგორიც იყო, თუნდაც, 3-4 წლის წინ.
საქართველო, როგორც სახელმწიფო, დღეს არსებობს ერთადერთი რამის გამო _ პუტინს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპი _ ის არ შედის იარაღით იქ, სადაც მას არ გააჩნია საყოველთაო მხარდაჭერა.
თუმცა ხვალ რომ გადაიფიქროს, არავითარი პრობლემა მას არ შეექმნება და ქურთების ურცხვი ღალატის ფონზე ეს 100-ჯერ უფრო აშკარაა.
არ უნდა გვქონდეს ილუზია _ ხვალ პუტინი რომ შემოიჭრას საქართველოში, არავითარი მასშტაბური წინააღმდეგობა მას აქ არ შეხვდება.
ვთქვათ სიმართლე: მტკიცე პროდასავლური პოზიცია ქვეყანაში აქვს მხოლოდ აქტიურ უმცირესობას, რაც სრულიად საკმარისია მშიდობიანობის დროს, მაგრამ არა _ ომის პერიოდში.
ხვალ რომ შემოიჭრას რუსული ჯარი, ომი გაგრძელდება, მაქსიმუმ, 2 კვირა _ მას შეეწირებიან აქტიური, დამოუკიდებლად მოაზროვნე და თავისუფალი ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი და საუკეთესო ნაწილი.
დანარჩენი ნაწილი _ თავისი ქურდული მენტალიტეტით, „კაი ბიჭებით“, ევროპაში სამუშაოდ წასული ცოლების კისერზე ჩამომჯდარი ვითომ მამაკაცებით, ლოთებით, საქმურებით, ნარკომანებით, თამაშდამოკიდებულებით და ა. შ. _ ერთკვირიანი წუწუნის შემდეგ მშვიდად დასხდებიან ერთ სუფრაზე ოკუპანტებთან.
ნახეთ აღმოსავლეთ ევროპის გასაბჭოების ისტორია _ ისეთ ღირსეულ და ძლიერ ერებში, როგორებიც არიან გერმანელები, პოლონელები, უნგრელები, ჩეხები და ა. შ. მილიონობით კოლაბორაციონისტი მოიძებნა.
წარმოიდგინეთ, რა იქნება უპრინციპო, უხერხემლო და ღალატისკენ მიდრეკილ ქართველობაში?
ასეთი ვარიანტის ალბათობა დღესაც კი მცირეა, თუმცა 9 ოქტომბრის შემდეგ _ გაცილებით მაღალია, ვიდრე 9 ოქტომბრამდე.
მთელი ამ სიტუაციიდან დასკვნა შეიძლება პარადოქსული მოგეჩვენოთ, მაგრამ ის ნათელია _ ახალი რეალობის პასუხია მეტი მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროპისკენ. ჩვენ ჯიუტად უნდა ვიაროთ ჩვენი გზით ისე, თითქოს არაფერი ხდება.
თუ საქართველოს უწერია პრორუსულ ქვეყნად ქცევა, დაე, ეს არ მოხდეს ნებაყოფლობით, ისტორიის წინაშე მაინც რომ გვქონდეს სათქმელი, _ ვცადეთ მაინც…

თენგიზ აბლოთია