„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მტკიცების ტვირთი ვერ ზიდა“

„სამწუხაროდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მტკიცების ტვირთი ვერ ზიდა“, _ ამ სიტყვებით გამოაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ თავისი გადაწყვეტილება. კონკრეტულად კი საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას. როგორც გაირკვა, სამართლის დოქტორი მანანა კოპალიანი აწსუ-ის მხრიდან იყო დისკრიმინირებული, _ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით ის გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებდა.

რას უკავშირებს მანანა კოპალიანი აღნიშნულ დისკრიმინაციას? როგორ ვითარდებოდა მოვლენები აწსუ-ში და სასამართლო პროცესებზე? როგორ აპირებს ის ბრძოლის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში?
აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ სამართლის დოქტორ მანანა კოპალიანს ესაუბრა:

_ აწსუ ჩემთვის მშობლიური და ძვირფასია. მართალია, მე ამ უნივერსიტეტში არ მიმიღია განათლება, მაგრამ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი მასთან. 2010 წლიდან პროფესორის რანგში ვთანამშრომლობ ამ უნივერსიტეტთან. არცთუ ისე მომხიბვლელ ხელფასად დავდიოდი თბილისიდან, რადგან ეს უნივერსიტეტი ჩემთვის მშობლიური იყო კოლეგებთან, გარემოსთან და სტუდენტებთან ერთად. თავს ვალდებულად ვთვლიდი და ჩემს აკადემიურ საქმიანობას ვახორციელებდი. 2018-2019 სასწავლო წლების 8 სექტემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ჩემ შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება სამართლის დეპარტამენტში განსაკუთრებული რანგის სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. იდენტური ხელშეკრულება აწსუ-მ ჩემთან ერთად გაუფორმა ჩემს ოთხ კოლეგას. ხუთივე ლექტორი თბილისიდან ქუთაისში, აწსუ-ში ჩავდიოდით ყოველ პარასკევსა და შაბათს ლექციების წასაკითხად და სასემინარო პრაქტიკული მუშაობის ჩასატარებლად. ხუთივე ვიყავით თანაბარი რანგის, თანაბარი აკადემიური ხარისხის ლექტორი, ხუთივეს გვქონდა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. როცა კადრების განყოფილებაში დაგვიბარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად და როდესაც ხელშეკრულებები გაგვაცნეს და ხელი მოგვაწერინეს, იქვე შევამჩნიე, რომ დანარჩენი ოთხის ხელფასი ჩემს ასაღებ ხელფასზე მეტი იყო. ეს სხვაობა უბრალოდ თვალში მომხვდა. ჩემი ხელფასი 1050 ლარს შეადგენდა და ხელზე ასაღები იყო 840 ლარი, მათ კი ხელი მოაწერეს 1320-ლარიან ხელშეკრულებას.
_ გამოხატეთ თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი?
_ მითხრეს, რომ ოქტომბერში ხელფასებს მოგვიმატებდნენ სააუდიტორიო საათების დამატებიდან გამომდინარე, რადგან 60 საათით გაიზარდა ჩვენი სააუდიტორიო დატვირთვა და ოქტომბერში შესაბამისი ანაზღაურება უნდა მოეცათ. ოქტომბერში ხელფასები გაიზარდა. სამართლის დეპარტამენტში, ვისაც აკადემიური თანამდებობა ეჭირა და ვინც განსაკუთრებული რანგით იყო მოწვეული, ყველას მოემატა ხელფასი ჩემ გარდა. ანუ ჩემს კოლეგებს ჩემთან შედარებით მაღალი ხელფასი კიდევ გაეზარდათ. მე ეს თავად ჩემი კოლეგებისგან გავიგე, რომ მათ მომატებული ხელფასები ჩაერიცხათ. ცხადია, ჩემი კოლეგების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ისინი ჩემი მეგობრები არიან და მადლობელიც ვარ მათი. როგორც კი ეს გავიგე, მაშინვე დავურეკე დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბატონ მამუკა შენგელიას, დეკანსაც დავურეკე, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. ორ დღეში ქუთაისში ლექციები მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე, ადგილზე გამერკვია სიტუაცია, შევხვდი იმჟამინდელ დეკანს ბატონ აკაკი ბაკურაძეს. მან ასე მიპასუხა, _ შენ ხელფასს რატომ მოგიმატებდნენ, განსაკუთრებული რანგით მოწვეული კი არ ხარო? და მიმითითა, რომ ეს საკითხი რექტორთან უნდა გამერკვია. ამის შემდეგ კადრების განყოფილებაში მივედი და იმ ბრძანების ამოღება მოვითხოვე, რომლის საფუძველზეც დამნიშნეს. კადრების განყოფილების გამგემ, პროფესიონალმა და გულისხმიერმა ქალბატონმა, ნატო წულეისკირმა, ბრძანება მომცა და მითხრა კიდეც, რომ თქვენ განსაკუთრებული რანგით მოწვეული პროფესორი ხართო. ამ ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ ჩემს დანარჩენ ოთხ კოლეგასთან ერთად მეც განსაკუთრებული რანგით ვარ მოწვეული სამართლის დეპარტამენტში სპეციალისტის თანამდებობაზე, ანუ აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არც კი იცოდა, რა ბრძანებით ვყავდი დანიშნული. ვიფიქრე, რომ უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი ღავთაძემ, ამის შესახებ არ იცოდა, თორემ მსგავს რამეს არ დაუშვებდა. მეორე დღესვე შევხვდი რექტორს და ავუხსენი, რაც ხდებოდა. მან მითხრა, რომ გაერკვეოდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი იყო, მეტიც _ გარკვეული აგრესიაც გამოავლინა, ბრძანებაში არც ჩაუხედავს. როგორც ჩანს, მას არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ ჩემს აზრს ვაფიქსირებდი და პრეტენზიას სამართლიანად გამოვთქვამდი. მას პირდაპირ ვუთხარი, რომ დისკრიმინირებული ვარ. რამდენიმე დღეში დავურეკე და შევახსენე, რაზედაც მითხრა, რომ ამ საქმეს მოიკითხავდა. მე, რა თქმა უნდა, ჩემს უფლებამოსილებას ვახორციელებდი. ვიფიქრე, რომ შემდეგ თვეს უკვე მომატებული ხელფასი ჩამერიცხებოდა, თუმცა იგივე რაოდენობის ხელფასი ჩამერიცხა, რაც ადრე. შემთხვევით გადავაწყდი დეკან აკაკი ბაკურაძეს, რომელმაც ჩემს საქმეზე ბუნდოვანი და გაუგებარი პასუხი გამცა, _ მიიჩნიეს, რომ შენ ხელფასი არ უნდა მოგემატოსო. აწსუ-ში არის ე. წ. მეცამეტე ხელფასი, რაც ყველას ჩაერიცხა, მათ შორის, მეც, მაგრამ ჩემს ოთხ კოლეგას ჩემზე 1000 ლარით მეტი ჩაერიცხა, რადგან ჩვენს ხელფასებს შორის სხვაობა 500 ლარი იყო, მე ესეც დამაკლდა. გადავწყვიტე მიმემართა განათლების მინისტრ ბატონ მიხეილ ბატიაშვილისთვის. იმ პერიოდში ქვეყანაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. ბატიაშვილს მივწერე, რომ ჩემი მიზანი არ იყო ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და მას ვთხოვე, საკითხში გარკვეულიყო. რა თქმა უნდა, მინისტრისგან არანაირი პასუხი არ მიმიღია. ამ პროცესში სუბორდინაციის ყველა საფეხური დავიცავი: მივმართე დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დეკანს და შემდეგ უკვე 2019 წლის 18 იანვარს წერილობით მივმართე რექტორს. წერილში მთავარი კითხვა იყო, _ რატომ აღმოვჩნდი დისკრიმინირებული ჩემს კოლეგებთან მიმართებით? ამაზე ვითხოვდი განმარტებას. თუ ვერ მივიღებდი, წერილშივე მქონდა აღნიშნული, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მივმართავდი. წერილი რომ 2 სამუშაო დღეში ჩაბარდა, ეს ზუსტად ვიცი, რადგან დაზღვეული ფოსტით გავაგზავნე, მასალებიც მაქვს. ადმინისტრაციის მხრიდან სრული იგნორირება იყო, მე კი ვაგრძელებდი საქმიანობას.
_ გქონდათ თუ არა გარკვეული ეჭვები, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყავით დისკრიმინაციის მსხვერპლი და როგორ იმოქმედეთ იგნორირების შემდეგ?
_ თავიდან არანაირი ეჭვი არ მქონია და ზუსტად ამაზე მინდოდა განმარტება, რა იყო მიზეზი, თუმცა შემდეგ ეჭვი გამიჩნდა, რომ მათ უკვე ჩემი პიროვნების მიმართ ჰქონდათ პრეტენზია. შესაძლოა, თავიდან მართლა დაუშვეს შეცდომა, „გაეპარათ“ და შემდეგ უკვე ამ შეცდომის აღიარება არ უნდოდათ, ჩათვალეს, რომ ეს შეცდომა შერჩებოდათ, ისინი ჩემგან არ ელოდნენ პროტესტს, რადგან არ არიან მიჩვეული თანამშრომლების მხრიდან პროტესტის გამოხატვას. მას შემდეგ, რაც სრული იგნორირება იყო ჩემი მისამართით და წერილზეც არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ, 2019 წლის 5 აპრილს ჩემმა წარმომადგენელმა, ბატონმა ნიკოლოზ კანკავამ, სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მეორე მხარეს ჰყავდა უნივერსიტეტის წარმომადგენელი კახა კუხალაშვილი.
_ გჯეროდათ თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობის?
_ თქვენ წარმოიდგინეთ, მჯეროდა, რადგან ძალიან სენსიტიური საქმე იყო. მე ვდაობდი შრომით დისკრიმინაციაზე. ეს ისეთი თემაა, რომ გულწრფელად მჯეროდა პროცესის მოგების. სიმართლის სასწორი აბსოლუტურად ჩემს მხარეს იყო, ყველა მტკიცებულებათა ჩამონათვალი, რაც მე და ჩემმა წარმომადგენელმა წარვადგინეთ სარჩელთან თანდართული დოკუმენტაციის სახით, ჩემ გამარჯვებაზე მიუთითებდა.
_ როგორ ვითარდება მოვლენები საქალაქო სასამართლოში?
_ საქალაქო სასამართლოში მალე პროცესი ჩაინიშნა. მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რადგან, ზოგადად, გაწელილი პროცესები საქართველოში მუდმივი პრობლემაა. საქმეს განიხილავდა საქმის პროფესიონალი მოსამართლე, ქალბატონი ციცინო მოსიძე. მან ბევრჯერ გადადო პროცესი, რადგან ის დეტალურად მიჰყვებოდა საქმეს. საქმის არსებითი განხილვა მაისში ჩაინიშნა და პროცესი 5 ივლისს დასრულდა. ქალბატონი ციცინო ორივეს ინტერესს იცავდა თანაბრად. უნივერსიტეტის წარმომადგენელ კუხალაშვილს პირდაპირ სთხოვდა, რომ იქნებ რამე დამატებითი მასალა წარმოედგინათ.
_ რა არგუმენტი ჰქონდა უნივერსიტეტის წარმომადგენელს, რაზე აპელირებდა იგი?
_ არგუმენტი, რაც მათ ჰქონდათ და დღემდე ამაზე აპელირებენ, ეს იყო სრული აბსურდი, _ საგნებს შორის არის განსხვავებაო. სხვა ლექტორები უფრო მნიშვნელოვან საგნებს კითხულობენ, ამიტომ აქვთ მეტი ხელფასიო. რა თქმა უნდა, ეს მოსამართლემ არანაირ არგუმენტად არ მიიჩნია. ამ არგუმენტზე უნივერსიტეტის წარმომადგენელს ვუთხარი კიდეც, _ როგორ შეიძლება, საქართველოში, იურიდიულ ფაკულტეტზე, პირველკურსელმა არ ისწავლოს ქართული სამართლის ისტორია?! როგორც ჩანს, თავის დროზე არ გისწავლიათ ეს საგანი, დაუბრუნდით და ისწავლეთ-მეთქი. ეს საგანი საქართველოს უნივერსიტეტებში იურიდიულ ფაკულტეტზე საუნივერსიტეტო სავალდებულო დისციპლინაა. იმავე კურსზე მე მქონდა ასევე არჩევითი დისციპლინა _ საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია. უნდა აღვნიშნო, რომ სტუდენტობის უმრავლესობამ ეს არჩევითი დისციპლინა აირჩია. უნივერსიტეტის არგუმენტზე, რომ სხვა ლექტორის საგნები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ქალბატონმა მოსამართლემ განაცხადა, რომ მე მაქვს იგივე კვალიფიკაცია, იგივე აკადემიური ხარისხი და იგივე მონდომებით მუშაობა. ბოლო პროცესზე მოსამართლემ უნივერსიტეტის წარმომადგენელს თხოვნით მიმართა, _ ეგებ, წარმოგვიდგინოთ რაიმე დოკუმენტი, სადაც ეწერება, რა განმასხვავებელი კრიტერიუმით აქვს სხვებს მანანა კოპალიანზე მეტი ხელფასიო. რა თქმა უნდა, მათ ვერაფერი წარმოადგინეს და მეტიც, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს აწსუ-ს წარმომადგენელი საერთოდ არ გამოცხადდა. მე აწსუ-ს ვედავებოდი დისკრიმინაციას, შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იყო მოპასუხის მხარეზე, ამდენად, მოპასუხე მხარეს უნდა ეზიდა მტკიცების ტვირთი. ქალბატონმა მოსამართლემ ზუსტად ასე გამოაცხადა: „სამწუხაროდ, აწსუ-მ მტკიცების ტვირთი ვერ ზიდა“. სრულად დააკმაყოფილეს ჩემი სარჩელი, სასამართლომ ჩემი შრომითი დისკრიმინაცია ცნო, აწსუ-ს დაეკისრა იმ განაცდურის ანაზღაურება, დაახლოებით 6000 ლარამდე. სასამართლო ხარჯებიც სრულად დაეკისრა აწსუ-ს. ჩემთვის ეს იყო პრინციპული საკითხი, ღირსების საქმე, რადგან ისინი აბუჩად მიგდებდნენ, ჩემ მიმართ ირონიული დამოკიდებულება ჰქონდათ, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი მეხურა და ვერავინ მამჩნევდა. თქვენ მკითხეთ, რატომ ჰქონდათ ასეთი დამოკიდებულება და გპასუხობთ: მე არ შევდიოდი მათ ფავორიტთა წრეში.
_ რა ნიშნით ხვდებიან ლექტორები ამ ფავორიტთა წრეში?
_ მათ ჰყავთ თავიანთი ფავორიტები, თავიანთი გუნდის წევრები ან სულაც სარგებლობენ პროფესორთა დიდსულოვნებითა და მაღალი მორალით, ვინც თავდადებულად და ერთგულად ემსახურება თავის საქმეს ან იმ კონტინგენტით, ვინც ხმას არ ამოიღებს. სავარაუდოდ, მე არავისთან შემშლია არც კოლეგიალური და არც ადამიანური ურთიერთობა, მაგრამ მლიქვნელობა ჩემი სტილი არ არის. მიმაჩნდა, რომ ჩემს საქმეს ღირსეულად ვუძღვებოდი. სხვათა შორის, დღემდე მაქვს მიმოწერა სტუდენტებთან, ძალიან მიყვარს ისინი და მათაც ვუყვარვარ. ასევე დღემდე მაქვს ურთიერთობა ჩემს არაჩვეულებრივ თანამშრომლებთან საპროფესოროდან და კოლეგებთან, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან.
_ საქალაქო სასამართლოში პროცესი მოიგეთ, ახლა საქმე რა ეტაპზეა?
_ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, მაშინვე გამოაცხადა, რომ მეორე მხარეს უფლება ჰქონდა, აღნიშნული გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. მათ ეს უფლება გამოიყენეს. აგვისტოში სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. იქაც ძალიან მალე ჩაინიშნა პროცესი, 18 ოქტომბერს. ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ვადებში არ იწელება, თუმცა აწსუ-ს სურს, ვადებში გაწელოს. 18 ოქტომბერს ჩანიშნული პროცესი 28 ოქტომბერს გადაინიშნა გადაწყვეტილების გამოსატანად. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ აწსუ-ს წარმომადგენელი კ. კუხალაშვილი უკვე ამ პროცესზე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, გიორგი ღავთაძის მინდობილობით გამოცხადდა, საქალაქო სასამართლოში კი როლანდ კოპალიანის მინდობილობით იყო გამოცხადებული (რაც ყოფილი რექტორის ოინებს ჰგავს დროის გაწელვის მიზნით). მინდა აღვნიშნო ისიც, რომ 2019 წლის 8 სექტემბრამდე მქონდა ხელშეკრულება და 8 სექტემბრის შემდეგ ჩემთვის ხელშეკრულება, რაღა თქმა უნდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღარ გაუგრძელებია, არც კი შემოუთავაზებიათ, მას შემდეგ, რაც სასამართლოში პროცესი მოვიგე, ხოლო ჩემს ოთხ კოლეგას ხელშეკრულება ავტომატურად გაუგრძელეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის მიმართულებით დღემდე არ ჰყავთ კადრი _ ორი შტატი სამართლის დეპარტამენტში დაკონსერვებულია. მიუხედავად ამისა, დღემდე არ გამოუცხადებიათ კონკურსი. რატომ არის შტატი დაკონსერვებული, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
_ რას ელოდებით სააპელაცო სასამართლოსგან?
_ რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ჩემი ადვოკატის, ბ-ნი ნიკოლოზ კანკავას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში 28 ოქტომბერს დაკანონდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება. შემიძლია სიამაყით განვაცხადო, რომ ამ გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად, პრეცედენტი შეიქმნა იმისა, რაც არ ყოფილა აწსუ-ს უნივერსიტეტში. ახლა უკვე ნებისმიერ დისკრიმინირებულ, დაჩაგრულ, აბუჩად აგდებულ თანამშრომელს შეუძლია მიმართოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მისი საქმე აუცილებლად მოგებით დასრულდება. წარმატებები ყველას, ვინც არ ეგუება დისკრიმინაციას!

ნენე ინჯგია