მითი აუტიზმსა და აცრის კავშირზე

თუკი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დავუჯერებთ, მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ორი ფაქტორი არსებობს _ სუფთა წყალი და დროული ვაქცინაცია. თუმცა დედამიწის მცხოვრებთა დიდი რაოდენობა ვაქცინაციას დღემდე უნდობლად უყურებს და საკუთარი შვილების მომავალს წირავს შემდეგი ფრაზის გამო: „ვაქცინა აზიანებს“.

საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც სხვა განვითარებული, განვითარებადი და თუნდაც განუვითარებელი ქვეყნების ხელისუფლებამ, მოსახლეობის ვაქცინაცია პრიორიტეტად აქცია. ჩვენი ქვეყნის მოსახლოებას, უმეტესწილად, ჩვილებსა და მოზარდებს, სწორედ ის ვაქცინა უკეთდება, რომელსაც დასავლეთ ევროპელი ბავშვები იკეთებენ. თუმცა, აცრის მოწინააღმდეგე ჯგუფების, ე. წ. ანტივაქსერების გავლენით, ბევრი ქართველი დედა უარს ამბობს შვილის ვაქცინაციაზე, რითაც ბავშვის მომავალ ჯანმრთელობას ეჭვქვეშ აყენებს და მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
აღსანიშნავია ისიც, რომ შიში არარაციონალურად არ ჩნდება. საქართველოში ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმების არაპროფესიონალიზმის გამო ჩვილები ზარალდებიან. ვაქცინას, ისევე როგორც ყველა მედიკამენტს, აქვს გარკვეული უკუჩვენებები, რომლის დროსაც ჩვილს ინექცია არ უკეთდება ან უმჯობესია დალოდება. მედიკოსების გარკვეული, საბედნიეროდ, მცირე, ნაწილი უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს ერთმანეთში ურევს, ამ დროს კი ჩვილები ზარალდებიან. მეტი ინფორმაციისათვის: უკუჩვენება არის მდგომარეობა, რომლის დროსაც აცრისგან თავის შეკავება სჯობს, გვერდითი მოვლენები კი თავად ვაქცინისაგან გამოწვეული ფაქტორებია.

მაიკო ლეთოდიანი, მშობელი:

„ოთხი წლის წინ ჩემი უფროსი შვილი ერთი თვის ასაკში მივიყვანე ექიმთან გეგმურ ვიზიტზე. იმ დროს K ვიტამინის ჩაწვეთება უწევდა. ექიმმა ისტორია შეავსო და აცრის კაბინეტში გაგვიშვა. ექთანმა ჩააწვეთა ვიტამინი და ნემსის გამზადება დაიწყო. გაოცებულმა ვკითხე, ნემსს რატომ ამზადებთ-მეთქი? _ რას ამბობთ, ბავშვი ორი თვისაა და აცრა უწევსო, _ მომიბრუნდა ექთანი. სასწრაფოდ ავიყვანე ჩემი შვილი და მედიკოსს ვუთხარი, რომ ბავშვი ჯერ ორი თვის არ იყო. გაბრაზდა და ექიმთან გავიდა, რომ ეს ამბავი მისთვის ეამბა. ექიმთან მეც შევედი. მომიბოდიშა და მითხრა, რომ ისტორიის შევსებისას ბავშვის ასაკი შეეშალა. _ ნამდვილად ძალიან დავაზარალებდით ბავშვს ერთი თვის ასაკში ამ ვაქცინით, რადგან ორ თვემდე არ კეთდებაო, _ ესეც აღნიშნა. ისეთი სტრესი მივიღე, ბავშვს აცრები წლამდე ვერ დავუწყე“.

სალომე ჩუბინიძე, მშობელი:

„პირველი აცრა ჩემს შვილს თავის დროზე _ ორი თვის ასაკში გავუკეთე. მოგვიანებით, ბავშვს წონის პრობლემა შეექმნა, რომელსაც აცრასთან არანაირად არ ვაკავშირებ, მაგრამ მომდევნო აცრა მაინც აღარ ჩავუტარე. ამდენმა გადადებამ ის გამოიწვია, რომ წლამდე გასაკეთებელი აცრები წლის შემდეგ გავუკეთე. წლისა და ექვსი თვის ასაკში ბავშვს წითელას ვირუსი შეხვდა და ძალიან რთულად გადაიტანა, საავადმყოფოში მოხვდა. ვფიქრობ, დროულად რომ გამეკეთებინა წითელას აცრა, გაცილებით მსუბუქად გადაიტანდა. ახლა სამი წლისაა და წლინახევრისა და წლის ასაკში გასაკეთებელი ვაქცინა ამ დრომდე არ გამიკეთებია“.

ლიკა ტოტოჩავა, მშობელი:

„მას შემდეგ, რაც ჩემი შვილი სამშობიაროში აცრის შემდგომ რეანიმაციაში მოხვდა, აღარ ვცრი. შევისწავლე აცრების შესახებ ბევრი რამ და უამრავი ალოგიკური ფაქტი აღმოვაჩინე. გავწევრიანდი აცრის შესახებ ჯგუფებში. ბევრი კითხვა მაქვს: იცავს აცრა? თუ იცავს, რამდენ ხანს? რა რაოდენობის ვერცხლისწყალსა და მძიმე მეტალებს შეიცავს ვაქცინა? დასაშვებ ნორმას ხომ არ სცილდება ეს ნივთიერებები?“

ლელა ბარდაველიძე, მშობელი:

„მე მომხრე ვარ, აცრების გარეშე არ დაუშვან ბავშვები ბაღსა და სკოლაში. ჩემს შვილს სხვის გამო საფრთხე არ უნდა შეექმნას. კარგი იქნება, მშობლებს მისცენ შესაბამისი განათლება და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აცრაა და რატომ კეთდება“.

იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ (პრევენციული) ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისკენ. ვაქცინები იყოფა ოთხ ჯგუფად: ცოცხალი ვაქცინები – შეიცავს დასუსტებულ ცოცხალ მიკროორგანიზმებს. მაგ., პოლიომიელიტის, წითელას, ყბაყურას ან ტუბერკულოზის ვაქცინები; ინაქტივებული ვაქცინები – შეიცავს მკვდარ მთელ მიკროორგანიზმებს (მაგ., ყივანახველას ვაქცინა, ცოფისა და ვირუსული ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინები) ან მის ნაწილს (მაგ. ყივანახველას საწინააღმდეგო აცელულარული ვაქცინა, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა); ანატოქსინები – შეიცავს ინაქტივებულ ტოქსინს (შხამი), მაგ., დიფტერიისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა; ბიოსინთეზის გზით მიღებული ვაქცინები – მაგ., ვირუსული B ჰეპატიტისა და როტავირუსული ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინები.
საქართველოში რეკომენდებული აცრების სქემა მოიცავს: აცრებს გეგმური პროფილაქტიკური იმუნიზაციის ფარგლებში (ბავშვთა გეგმური აცრები პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით); აცრებს ეპიდემიოლოგიური ჩვენებით, ასევე პროფესიული აცრების კამპანიებს (მაგ., ყბაყურასა და ჰეპატიტის საწინააღმდეგო მასობრივი აცრების კამპანია, ასევე აცრების კამპანია ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ცალკეულ კონტინგენტში).
აღნიშნული სტატიის მიზანი არ გახლავთ რომელიმე ჯგუფის ე. წ ვაქსერების (აცრის მომხრეები) ან ე. წ. ანტივაქსერების (აცრის მოწინაღმდეგეები) უპირატესობის დამტკიცება ან დაკნინება. სტატიის მიზანია მკითხველისთვის რაციონალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ზოგიერთი მითის დამსხვრევა, რომელიც აცრებთან დაკავშირებით მრავალი წლის წინ გავრცელდა და დღემდე აქტუალურია.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი აცრებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის კავშირს ეხება. ამ ფაქტის შესახებ უამრავი კვლევა არსებობს, თუმცა რომელია მათ შორის რელევანტური _ მშობლებს ამის გარკვევა ძალიან უჭირთ. ინფორმაციის არქონისა და მდგომარეობის სპეციფიკის არცოდნის ფონზე ხშირად ხდება აუტიზმის დემონიზება და ისედაც შეშინებული დედების ამ მდგომარეობით უფრო დაშინება.
ინკლუზიური განათლება, სპეციალური ტრენინგები, წიგნები და რესურსები (რომლებზედაც დედებს არც ხელი მიუწვდებათ და ხშირად არც ინფორმაციის გაცნობის სურვილი აქვთ), რასაკვირველია, ამ მდგომარეობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა და საუკეთესო იარაღი ცვლილებებისთვის მედია და ინტერნეტია. ინტერნეტწყაროები, მედიასშუალებები, რომლებიც აუტიზმთან დაკავშირებით მითებს არ გაავრცელებს და სტიგმას კიდევ უფრო არ დაამძიმებს საქართველოში, იშვიათია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო დროს აქტიურად გავრცელებული ინტერნეტსაიტი, სადაც მშობლებს აცრებისა და აუტიზმის შესახებ კავშირზე მიუთითებენ და აუტისტური სპექტრის აშლილობას ტვინის დაზიანებასთან აიგივებენ.

ნინი მარიკაშვილი, მშობელი:

„ჩემს შვილს ექვის წლის ასაკში ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი დაუდგინდა. ვფიქრობ, ეს აცრების ბრალია, ყველა ვაქცინა დროულად გაუკეთდა, თითქოს მის ჯანმრთელობაზე ვზრუნავდი. საბედნიეროდ, აუტიზმს გადავრჩით. როგორც ფსიქოლოგი მეუბნება, ჰიპერაქტიურობა, სავარაუდოდ, იმან გამოიწვია, რომ მთელი ორსულობის მანძილზე ყოველ დილით ერთ ჭიქა ნატურალურ, შავ ღვინოს ვსვამდი, თუმცა მე მსგავსი რამის ნაკლებად მჯერა. უამრავი ქალი სვამს ღვინოს ჯანმრთელობისთვის, ზოგი კიდეც ეწევა, მაგრამ ძალიან ჯანმრთელი შვილები ჰყავთ. ეგ კი არა, წამალდამოკიდებული პირების შვილები არიან ჯანმრთელები. მე პირადად ვსვამდი გინეკოლოგის რჩევით. მითხრა, ჰემოგლობინს აგიწევსო. ახლა მეუბნებიან, შეცდა ექიმი, პირიქით, ღვინო ჟანგბადის მიწოდებას უშლის ხელს ბავშვის ტვინამდეო. მეეჭვება _ ყველა ქართველი ქალი სვამდა ერთ ჭიქა შავ, ნატურალურ ღვინოს ორსულობაში და გინახავთ ჰიპერაქტიური ადამიანები ადრე? ეგ კი არა, ხანდახან ნატურალურს თავად ჩემს შვილსაც ვასმევ. ერთი ჭიქის მერე მშვიდად სძინავს. ანდრია ჩვეულებრივი ბავშვია, უბრალოდ, უზომოდ აქტიური და ძალიან უყურადღებოა. ერთ ადგილზე, დაახლოებით, ორი წუთი თუ ჩერდება. ეს პროცესი ხუთი წლის ასაკში გასაკეთებელი აცრის მერე დაიწყო. არა, მანამდეც აშკარად აქტიური იყო თანატოლებზე, მაგრამ ასაკთან ერთად კი არ დასერიოზულდა, უფრო გააქტიურდა. ახლა სპორტზე დადის, ენერგიას იქ ხარჯავს, მაგრამ ვნანობ, აცრების გამო რომ ასე დავაზარალე“.

მარიამ გორგილაძე, მშობელი:

„ჩემს გოგონას აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი ორი წლის ასაკში საბოლოოდ დაუსვეს. მისთვის თავის დროზე არც ერთი აცრა არ გამიკეთებია, სწორედ აუტიზმის შიშის გამო და ვფიქრობ, ძალიან შევცდი. რაც შეეხება ნიშნებს _ ვიცი, რომ ნიშნები წლინახევრიდან სამ წლამდე იკვეთება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში უფრო ადრე მოხდა _ ბავშვი არ ტიტინებდა, არ იღიმოდა ჩვილობისას, წლის ასაკში დაჯდა, ორ წლამდე ვერ გაიარა, აქვს და ჰქონდა აკვიატებული ჩვევები, ერთსა და იმავე მოძრაობას ათასჯერ მაინც აკეთებდა. ორსულობა იდეალური მქონდა, ყოველთვის ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობდი, ვვარჯიშობდი. ასევე ჩემი მეუღლეც. რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა, დღემდე ვერ ავხსენით. ისევე, როგორც ყველა აუტისტის, ნენეს ტვინიც ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი, თქვენი და, ზოგადად, ნებისმიერი ადამიანის. ქართველ მედიკოსებს რომ არ ვენდეთ, თურქეთსა და გერმანიაში გვყავდა დიაგნოზის დასასმელად. ყველაზე კარგი ამ ამბავში ისაა, რომ „ეიბიეი“ თერაპიას კარგად ემორჩილება. უკვე ტიტინი დაიწყო და ახლა ერთი სული მაქვს, მისგან სიტყვა დედა გავიგონო“.

პაატა იმნაძე _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:

„საქართველოში 12 დაავადების საწინააღმდეგო აცრა არსებობს, რაც შესულია ეროვნულ კალენდარში და რასაც სახელმწიფო ბავშვსა და მოსახლეობას უფასოდ სთავაზობს. აცრების პროცესი უკვე სამშობიაროში იწყება და პირველი ვაქცინა, რომელიც კეთდება არის B ჰეპატიტის საწინააღმდეგო, რაც დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში უკეთდება ბავშვს. ასევე სამშობიაროში კეთდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა. ძირითადი ვაქცინების გაკეთება 2 თვის ასაკში იწყება. ჰექსავალენტური ვაქცინაა, ანუ ექვსი ერთად. ჰექსავალენტური ვაქცინა მდიდარი ქვეყნების პრივილეგიაა, ჩვენნაირ ქვეყნებს ასეთი ვაქცინა არ აქვს, ჩვენ კი გვაქვს. ვაქცინის შემადგენელი კომპონენტებია: დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, B ჰეპატიტი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B. ამას ემატება პნევმოკოკური, როტავირუსული ვაქცინა და შემდეგ უკვე ერთი წლის ასაკში წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინა.
საქართველო ვაქცინებს „იუნისეფის“ მეშვეობით ყიდულობს. ჩვენ „იუნისეფს“ ვეუბნებით, რომ გვინდა ვაქცინის ყიდვა და „იუნისეფი“, რომელიც მსოფლიო ტენდერებს ატარებს და მილიონობით ბავშვისთვის ყიდულობს ვაქცინებს, გვაწვდის მას. ხარისხის გარანტია არის არა მხოლოდ ნაციონალური რეგისტრაცია, არამედ ის, რასაც „იუნისეფი“ მოგვაწვდის. საქართველოს ვაქცინაცია ყოველწლიურად, დაახლოებით, 23 მილიონი უჯდება.
სახელმწიფო უამრავ ფულს ხარჯავს ვაქცინაციაში. რაზეც დასავლეთ ევროპის ბავშვები იცრებიან, ჩვენებიც იმაზე იცრებიან. გარანტია არის ის, რომ ბავშვისთვის რა ვაქცინებიცაა, ყველა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული, რაც ხარისხის გარანტიის ეროვნულ კვალიფიცირებაზე მაღალი ინსტანციაა. მეტი მსოფლიოში აღარავინ არსებობს და ვისგან შეიძლება მივიღოთ სხვა გარანტიები? მეტი ხარისხის გარანტია არ არსებობს.
სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით, ძალიან ცოტა კატეგორიული მიზეზი არსებობს, რის გამოც ბავშვს აცრა არ უტარდება. აცრა არ უტარდება ბავშვს, რომელსაც, ჰქონდა დადასტურებული ანაფილაქსიური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე; აქვს ალერგიული რეაქცია ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ ბ-ზე (იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც შედის ვაქცინების შემადგენლობაში); აღენიშნება თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი (აივ ინფექცია და/ან შიდსი), ან დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი ონკოლოგიური დაავადების ან გადანერგილი ორგანოს შემდგომი მკურნალობის გამო (ამ შემთხვევებში არ კეთდება ის ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ ცოცხალ ვირუსებს შეიცავს, მაგალითად, წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა; დასმული აქვს პროგრესირებადი სისტემური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოზი. ერთ წელს წითელას ეპიდემიის დროს დაიღუპა ახალგაზრდა, რომლის აცრა არ შეიძლებოდა, მაგრამ სხვა ყველა აცრილი რომ ყოფილიყო, ის ბავშვი არ დაიღუპებოდა, იმიტომ რომ წითელა არ იქნებოდა“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბოლო წლებია ინტერნეტ სივრცეში მომრავლდა გვერდები, რომლებიც აცრის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, ე. წ. ანტივაქსერებს ეკუთვნით. ერთ-ერთმა ასეთმა საიტმა რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა სტატია აუტიზმსა და აცრას შორის შესაძლო კავშირის შესახებ. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ საიტის მისამართს, რადგან მასზე განთავსებული სტატიები ძირითადად შეიცავს ცალმხრივ ინფორმაციას და შესაძლოა, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცრუ ინფრომაციის გავრცელებას ან რომელიმე სტიგმის გამყარებას.
მითი აუტიზმისა და აცრის კავშირის შესახებ 1998 წელს გაჩნდა, როდესაც ექიმმა ენდრიუ უეიკფილდმა, თავის სამეცნიერო ჯგუფთან ერთად, ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში კვლევა გამოაქვეყნა. სტატიაში უეიკფილდი და მისი კოლეგები აცხადებდნენ, რომ რამდენიმე აუტისტი ბავშვის ნაწლავში წითელას ვირუსი აღმოაჩინეს და გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ვაქცინა MMR-ი შესაძლოა, აუტიზმის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო, თუმცა, იმავდროულად, აღნიშნავდნენ, რომ ამ კავშირის დასადასტურებლად მათ ხელთ არსებული მონაცემები საკმარისი არ იყო. მიუხედავად ამისა, უეიკფილდმა კვლევის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უამბო.
ჟურნალის ნომრის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელზეც კვლევის თანაავტორების უმრავლესობა არ მივიდა. უეიკფილდი კი პრესის თანდასწრებით ამტკიცებდა, რომ ამ ვაქცინისგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდი იყო, რომ ის სასწრაფოდ უნდა ამოეღოთ ხმარებიდან და შეეცვალათ ცალკეული ვაქცინებით წითელას, წითურასა და ყბაყურას წინააღმდეგ. უეიკფილდი აცხადებდა, რომ ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგი არ იყო, მას მიაჩნდა, რომ ის ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია, უბრალოდ, კომბინირებული ვაქცინის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა.
მშობლების აუდიტორია მედიის გავლენის ქვეშ იოლად მოექცა და უეიკფილდის განცხადებებს პანიკა მოჰყვა. თავდაპირველად რეაქცია შედარებით ზომიერი იყო, თუმცა ვაქცინის გამოყენება იმ დღიდანვე შემცირდა, როდესაც უეიკფილდმა პრესკონფერენცია გამართა. 2001 წელს სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს კომბინირებული ვაქცინა აუტიზმს იწვევდა, მედიამ იმაზე ფართოდ გააშუქა, ვიდრე რომელიმე სხვა სამეცნიერო მოვლენა.
2001 წლიდან 2003 წლამდე ვაქცინის გამოყენება 80%-ით შემცირდა, რასაც მოჰყვა დაავადების გავრცელება. განსაკუთრებით გავრცელდა წითელა, რადგან ის კონტაქტით იოლად გადამდებია. დაავადების პირველი აფეთქება 2000 წელს დუბლინში დაფიქსირდა, სადაც წითელათი დაავადების 1600 შემთხვევა გამოვლინდა, 100-ზე მეტი ბავშვი გართულებებით საავადმყოფოებში მოხვდა, ხოლო 3 ბავშვი დაიღუპა. 2006 წელს ინგლისში გარდაიცვალა 13 წლის ბიჭი, რომელიც 1994 წლის შემდეგ წითელას პირველი მსხვერპლი გახდა; 2008 წელს, პირველად 14 წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში წითელას ეპიდემია გამოცხადდა; 2012 წლისთვის ინგლისსა და უელსში ექიმებმა წითელას დიაგნოზი დასვეს 2000-ზე მეტ შემთხვევაში, ის დიდწილად აღმოაჩნდათ ბავშვებს და მოზარდებს, რომელთა მშობლებმაც რამდენიმე წლით ადრე მათ აცრაზე უარი თქვეს; 2013 წელს წითელას ეპიდემიის კიდევ ერთი აფეთქება მოხდა უელსში _ დაავადდა 1000-ზე მეტი ადამიანი, 88 ჰოსპიტალიზებული იყო, ერთი _ 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
2004 წელს გაირკვა, რომ ყველა დავა MMR-ის ვაქცინასთან და აუტიზმთან დაკავშირებით სიცრუეზე აიგო. ჟურნალისტმა ბრაიან დირმა გამოძიება ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ უეიკფილდმა, ვიდრე თავის ცნობილ კვლევას დაიწყებდა, საპატენტო განაცხადი წარადგინა MMR-ის კომპლექსური ვაქცინის თითქოსდა უფრო უსაფრთხო ალტერნატივაზე; თავისი კვლევებისთვის მან დაახლოებით ნახევარი მილიონი ფუნტის დაფინანსება მიიღო საადვოკატო ფირმიდან, რომელიც ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე მუშაობდა. იმავე ოფისმა გაუგზავნა უეიკფილდს მშობლები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მათი შვილები ვაქცინაციის გამო დაზარალდნენ, ისე რომ ექიმს შეძლებოდა მათი კვლევებისთვის გამოყენება. ინტერესთა კონფლიქტის დამალვა _ უეკფილდის დარღვევებში ყველაზე უმნიშვნელო რამ აღმოჩნდა. დირმა გაარკვია, რომ კვლევა, რომელშიც უეიკფილდმა გამოიყენა გონებრივი განვითარების პრობლემის მქონე ბავშვები, ეთიკურმა კომისიამ დაიწუნა. დაბოლოს, გაირკვა, რომ უეიკფილდს შეეძლო ბავშვების ავადმყოფობის ისტორიის დეტალების გაყალბება ისე, რომ ისინი თავისი ცრუ თეორიისთვის მოერგო. ამასთან, ექიმის კოლეგამ ივარაუდა, რომ უეიკფილდმა წინასწარ გაყალბებული შედეგები გამოაქვეყნა. საბოლოო ჯამში, უეიკფილდს დიდ ბრიტანეთში პროფესიული ლიცენზია ჩამოართვეს და ექიმობა აუკრძალეს.
თუმცა იმ გვერდების მფლობელები, რომლებიც ანტივაქსერულ ინფორმაციაზე აქტიურად მუშაობენ, ხშირად ფიქრობენ, რომ უეიკფილდი დისკრედიტაციის მსხვერპლი გახდა.

„ქრონიკა+“ დუკავშირდა ზემოხსენებულ, ქართველ დედებში პოპულარულ ერთ-ერთ გვერდს, რომლის მფლობელებმაც ჩვენთან ინტერვიუს დროს განაცხადეს, რომ ისინი მხოლოდ გადამოწმებულ მასალებს აქვეყნებენ, ეს მასალები სერიოზულ სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და ეს არ არის მხოლოდ დაზარალებული მშობლების სუბიქტური მოსაზრებები:

„ვეყრდნობით მხოლოდ გადამოწმებულ სანდო წყაროებს. გვაქვს კონტაქტები უცხოელ მკვლევრებთან, მეცნიერებთან, ექსპერტებთან, კვლევით ინსტიტუტებთან, იურისტებთან, რომლებიც გვაწვდიან ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე უახლეს ინფორმაციებს. თვალს ვადევნებთ ვაქცინების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს და ჩვენს მასალებში ყოველთვის მითითებულია პირველწყარო, რათა ნებისმიერს შეეძლოს მასალის სანდოობის გადამოწმება. ჩვენი მიზანი არ არის აცრების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ვართ ინფორმირებული თანხმობის მომხრეები. მშობელს უნდა მიეცეს სრული ინფორმაცია აცრების ავკარგიანობაზე, როგორც მის დადებით მხარეზე, ასევე რისკებზე, რომელიც ნებისმიერ ვაქცინას თან ახლავს, რაც, სხვათა შორის, განსაზღვრულია ჩვენი კანონმდებობით და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე“.

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ნებისმიერ დედას მართლაც შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას ვაქცინაციის ავკარგიანობის, მისი უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ. თუმცა, ანტივაქსერული საიტებისგან განსხვავებით, აქ ვერ წაიკითხავთ იმას, რომ აცრა იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობასა და სიმსივნეებს. მსგავს ინფორმაციას აცრების მოწინააღმდეგეთა სტატიებში ხშირად შეხვდებით.
რაც შეეხება სტატიების სანდოობას, ანტივაქსერთა საიტზე განთავსებულ სტატიებში მართლაც მითითებულია პირველწყარო, თუმცა ზოგიერთი საიტი არ არსებობს, ზოგჯერ მითითებულ ფოტოზე კი თითქმის შეუძლებელია ასოების გარჩევა და, შესაბამისად, ტექსტის ამოკითხვა. მაგალითად, ერთ-ერთ სტატიაში დალინკულია საიტ huffpost.com-ზე განთავსებული მასალა, რომელიც ამ დროისთვის აღარ იძებნება. საიტზე ვკითხულობთ, რომ მასალის წაშლის მიზეზი გახლდათ ის, რომ სტატია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე წაიშალა. იგი შეიცავდა მხოლოდ ავტორის მითითებას მაშინ, როდესაც მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაამტკიცა ვაქცინების უსაფრთხოება და ისიც, რომ მათ კავშირი არ აქვთ აუტიზმთან (ორიგინალი ტექსტი: „A previous blog post published on this site has been removed in the interest of public health. The article expressed the sole opinion of its author, who retains the rights to publish it elsewhere. Multiple studies have demonstrated that vaccines are safe and effective. Our letter from the editor has more on this decision“.)

ასევე ზემოაღნიშნულ სტატიაში დალინკულ ერთ-ერთ საიტზე ინგლისურ ენაზე ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაქცინებში შემავალი მეტალი ძალიან იშვიათად იწვევს აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს: სხეულის სტერეოტიპულ მოძრაობას (მაგალითად, ტანის რხევა, წრეზე ტრიალი) და სხვ., თუმცა მდგომარეობა მხოლოდ მცირე ხნით გრძელდება და აუტიზმთან მას კავშირი არ აქვს. ანალოგიური ნიშნები აქვს ბავშვებში ტყვიით მოწამვლასაც. მიუხედავად ამისა, სტატიის ქართულ ვერსიაში მტკიცებით ფორმაში ვკითხულობთ, რომ აუტიზმი და აცრები კავშირშია. შესაბამისად, მოცემული სტატია, გარკვეულწილად, ხელს უწყობს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. შესაძლოა, ზოგიერთი მშობელი საერთოდ არ გადავიდეს ლინკზე და ბრმად დაიჯეროს მისი სანდოობის ან არ გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა, რომ ინგლისურ ენაზე დაწერილი ინფორმაცია სათანადოდ გაიაზროს.
ასევე სტატიაში მოცემულ კიდევ ერთ ლინკზე გადასვლის შემდეგ, რომელიც თითქოსდა აუტიზმსა და ვაქცინებს შორის კავშირს უნდა ამტკიცებდეს, ვგებულობთ, რომ სტატია შეეხება არა ადამიანებში, არამედ ძაღლებში გავრცელებულ პრეპარატს, რომლის გვერდითი მოვლენებიც ცხოველებში ხანდახან მართლაც მძიმეა. პრობლემა აქაც იგივეა _ უცხო ენის ნაკლებად მცოდნე ან ლინკის სანდოობაში ბრმად დარწმუნებული მშობელი ზედმეტი კითხვების გარეშე წაიკითხავს მასალას და დარწმუნდება, რომ ინფორმაცია აბსოლუტურად სანდოა.
სტატიის ნაკლი ისიც გახლავთ, რომ არსად იკითხება პირდაპირი ინტერვიუ, მეორე მხარის მოსაზრება. მასალა თავიდან ბოლო წინადადებამდე ამბობს, რომ აცრა საზიანოა, თუმცა ამას მხოლოდ „იუთუბზე“ გავრცელებული ვიდეოებისა და მეტ-ნაკლებად სანდო, ხანდახან საეჭვო ან არარსებული წყაროების მეშვეობით ამტკიცებს. მასალაში ვერ ვკითხულობთ უშუალო ინტერვიუს ვერც ერთ მედიკოსთან _ ქართველთან ან უცხოელთან, ასევე არ ჩანს აცრის მომხრეების პოზიცია, არ იკითხება ინფორმაცია ვაქცინაციის დადებითი მხარეების შესახებ ან იმ ზიანის შესახებ, რაც აუცრელობამ შეიძლება მოუტანოს ინდივიდს.

ამის კონტრარგუმენტად სტატიის ქართველ ავტორებს თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები მოაქვთ:

„ქვეყანაში, სადაც არის ამდენი საავადმყოფო, ამდენი კარგი პედიატრი და ინფექციონისტი, ხელმისაწვდომია წამლები, რა არის საპანიკო? როდესაც სიკვდილიანობაზე საუბრობენ, რატომღაც, ავიწყდებათ განმარტება, რომ ეს იმ ქვეყნებს ეხება, სადაც წყალი, ჰიგიენა, კვება და სათანადო სამედიცინო მომსახურება არ არის შესაბამის დონეზე, ბავშვები დასუსტებულები არიან და შიმშილით იხოცებიან, _ აცხადებენ სტატიის ავტორები „ქრონიკა+“-სთან საუბარში და დასძენენ, _ წითელა ბავშვთა ინფექციაა, მას ძალიან ბევრი იხდის. ასე წყალიც კლავს და _ ლიფტით მგზავრობაც“.

რეალურად, წითელა საკმაოდ საშიში ვირუსული ინფექციაა და უფრო მეტია, ვიდრე ჩვენს წარმოდგენაში არსებული ხალხური „ბატონები“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელას ახასიათებს მაღალი გადამდებლობა, თითქმის 98-100%, შესაბამისად, რისკჯგუფს წარმოადგენენ არაიმუნური ადამიანები, ანუ ადამიანები, რომლებსაც იმუნიტეტი არ აქვთ წითელას მიმართ. წითელას მიმართ იმუნიტეტს ადამიანი გამოიმუშავებს ვაქცინაციის შედეგად ან წითელას გადატანის შემდეგ. ვაქცინაციას ექვემდებარებიან ბავშვები ერთი წლის ასაკიდან, შემდეგ რე-ვაქცინაცია ხდება 5 წლის ასაკში. თუკი ვაქცინაცია ნორმალურად არის გაკეთებული, ბავშვს იმუნიტეტი ექნება და დაცული იქნება დაავადებისგან. ასევე დაცულები არიან წითელაგადატანილი ადამიანები. წითელას განმეორება არ ახასიათებს. წითელას დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები, მაგალითად: პნევმონია, ოტიტი, სინუსიტები, ასევე წითელას დროს შეიძლება განვითარდეს ცრუ კრუპი. ყველაზე მძიმე გართულებას წარმოადგენს ენცეფალიტი, იგივე ტვინის ანთება და მენინგო-ენცეფალიტი. ამის საფრთხე შეიძლება იყოს ბავშვებთანაც და ზრდასრულებშიც.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ანტივაქსერების მოსაზრებით ვაქცინა ხშირად იწვევს აუტიზმს, რომელიც მათი გაგებით თავის ტვინის დაზიანებაა, რაც რეალობასთან ახლოს არ არის.
აუტისტური სპექტრის აშლილობა არის მდგომარეობა, რომელსაც კავშირი არ აქვს თავის ტვინის დაზიანებასთან. აუტიზმის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ აბსოლუტურად ტიპურად განვითარებული ტვინის სტრუქტურა და ნეიროტიპული პირებისთვის დამახასიათებელი რეფლექსები. შესაბამისად, ის მითი, რომ აუტიზმი ნიშნავს დაზიანებულ თავის ტვინს, კიდევ ერთი ცრუ ინფორმაციაა.
აუტისტური სპექტრის აშლილობის შესახებ ოფიციალური, სამედიცინო მტკიცებულებებით სავსე ინფორმაცია შეგიძლიათ იპოვოთ ვებგვერდზე: autism speaks. ამავე საიტზე იპოვით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აცრებისა და აუტიზმის კავშირი არც ერთ რელევანტურ კვლევას არ დაუდასტურებია. ამავდროულად, აუტიზმისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს ამ მდგომარეობის მართვის რამდენიმე ტექნიკა, მათ შორის, ყველაზე ეფექტიანია „ეიბიეი“ თერაპია, იგივე ქცევის გამოყენებითი ანალიზი. თუკი მშობელი და შესაბამისი სპეციალისტი, ამ შემთხვევაში, ფსიქოლოგი თერაპიას დროულად და სათანადოდ მიაწვდიან ბავშვს, მდგომარეობის მართვა და ბავშვის სოციალიზაცია ჩვეულებრივ მოხდება.
ანტივაქსერების მოსაზრება აუტიზმთან დაკავშირებით განსხვავებულია. ისინი ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია და უმეტეს შემთხვევაში მას აცრა იწვევს.
„ის, რომ აუტიზმი იოლად მართვადია, არ შეესაბამება სიმართლეს“, _ განაცხადეს „ქრონიკა+-ის“ კითხვის პასუხად ანტივაქსერებში საკმაოდ პოპულარული გვერდის წარმომადგენლებმა: „აუტიზმი დღევანდელობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. თუკი თქვენ გეგულებათ მეთოდები, რომლებსაც შეუძლია ამ ბავშვების ნორმაში ჩაყენება, იქნებ მიგვასწავლოთ? დიდად მადლობელი დაგრჩებით, რადგან გარშემო, სამწუხაროდ, ბევრია ასეთი და დამერწმუნეთ, მათი მშობლები, დღეისთვის ცნობილ მკურნალობის არანაირ მეთოდს არ აკლებენ, რომ თუნდაც ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ მდგომარეობა“.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებსა და მათ მშობლებს დღეს ყველაზე მეტად ის აწუხებთ, რომ ამ მდგომარეობის შესახებ საზოგადოებაში უამრავი სტიგმა არსებობს. არასწორი ცოდნა, წარმოდგენები და თუნდაც იმის შესახებ საუბარი, რომ მდგომარეობას არაფერი შველის, სტიგმატიზაციის პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს.

ნინო დარსაველიძე _ საქართველოს აუტიზმის საზოგადოების დირექტორი:

„სტიგმაზე ყოველთვის საუბარია მაშინ, როდესაც ქრონიკულ დაავადებასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით, როდესაც მენტალური ჯანმრთელობისა და ქცევის პრობლემაა, ყოველთვის ჩნდება შიში იმიტომ, რომ ის კომუნიკაციითი ან ქცევითი ნორმები ირღვევა, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულია. აუტიზმი არ არის იოლად მართვადი მდგომარეობა, თუ ბავშვი დროულად ვერ მიიღებს საჭირო თერაპიას. თუკი ბავშვი იღებს ყველა იმ თერაპიულ კურსს, რაც მას სჭირდება, ამ პროცესში სპეციალისტთან ერთად ჩართულია მშობელი, მდგომარეობა ხდება იოლად მართვადი და ბავშვის სოციალიზაციის პროცესი უმჯობესდება“.

ზემოხსენებული მეცნიერის, უეკფილდის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც აუტიზმისა და აცრების კავშირს ეხებოდა, ათობით დამოუკიდებელ და მასშტაბურ კვლევაში, სადაც ასობით ათასი ბავშვი მონაწილეობდა სხვადასხვა კონტინენტიდან, არანაირი კავშირი MMR-ის ვაქცინასა და აუტიზმს შორის არ დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის გამომწვევი ზუსტი მიზეზები მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, ექიმები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ვაქცინები „ეჭვმიტანილთა სიიდან“ უნდა ამოიღონ.
მიუხედავად იმისა, რომ უეიკფილდის კვლევა არასარწმუნოა, ხოლო საწინააღმდეგო მოსაზრებები _ დამაჯერებელი, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში დღემდე არსებობს შიში MMR-ის ვაქცინასთან დაკავშირებით. ამასთან, ანტივაქცინური კამპანიის მხარდაჭერა დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ჯენი მაკარტი და მისი იმდროინდელი მეგობარი ჯიმ კერი. ეს წარმოდგენები ნელ-ნელა იცვლებოდა და მათ სხვა შიშიც ემატებოდა. კვლევებმა არაერთი მსგავსი შიშის უსაფუძვლობა დაადასტურა, მაგრამ ბევრი შფოთიანი მშობლის თვალში ასეთმა დავებმა, ზოგადად, ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია გამოიწვია.
2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელი მშობლების 10%-ზე მეტი უარს ამბობს რეკომენდებული აცრიდან ერთზე მაინც და ამაზე ორჯერ მეტი მშობელი აჭიანურებს შვილების აცრას, რითაც ბავშვებს ხანგრძლივი დროით დაუცველს ტოვებს.
1980-იანი წლების დასაწყისში აცრების კიდევ ერთი ფობია ამერიკას გადაედო. 1982 წელს აშშ-ში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი DPT: Vaccine Roulette, რომელშიც ბრიტანული ანალოგის მსგავსად იყო უამრავი ემოციური კადრი ბავშვების გამოსახულებით, თითქოს ისინი დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველას, იგივე AKDS-ის ვაქცინით დაზარალდნენ. ფილმში ამტკიცებდნენ, რომ მთავრობა და სამედიცინო დაწესებულებები შეგნებულად უგულებელყოფდნენ და მალავდნენ არსებულ ზიანს.
ფილმის ერთ-ერთმა მაყურებელმა, ბარბარა ფიშერმა, დაიჯერა, რომ მისი შვილი ამ ვაქცინისგან დაზარალდა და სხვა თავის თანამოაზრე მშობლებთან ერთად დააფუძნა ჯგუფი „უკმაყოფილო მშობლები ერთად“. ეს ჯგუფი დღემდე არსებობს, თუმცა ახლა სხვა სახელი ჰქვია: „ვაქცინების შესახებ ინფორმაციის ნაციონალური ცენტრი“.
წლების განმავლობაში ფიშერის მოძრაობამ და სხვა მსგავსმა ორგანიზაციებმა ეჭქვეშ დააყენეს თითქმის ყველა არსებული ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. ბარბარა ფიშერის ორგანიზაცია ენდრიუ უეიკფილდის საქმესაც გამოეხმაურა და ყოფილი ექიმი „მეცნიერული სიმამაცისთვის“ დააჯილდოვა.
სანამ ვაქცინა ლიცენზირებას მიიღებს გამოყენების უსაფრთხოებაზე, ის საგანგებოდ და ხანგრძლივად მოწმდება. ლიცენზირების შემდეგაც კი ვაქცინის ყველა გვერდითი რეაქცია დაკვირვების ქვეშაა და აღირიცხება. ყველა წამალს შეუძლია გვერდითი არასასურველი რეაქციებისა და გართულებების გამოწვევა – ამ თვალსაზრისით ვაქცინები ყველაზე უსაფრთხო პრეპარატების რიგშია. მთელი მსოფლიოს გამოცდილება ადასტურებს, რომ იმუნიზაცია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე საიმედო გზაა: აცრის შემდგომი გართულებების რისკი იმდენად უმნიშვნელოა ინფექციური დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტიანობა უდავოა. ამავდროულად, ყველა მშობელს აქვს საშუალება, აცრების შესახებ ინფორმაცია, მათ უკუჩვენებებსა თუ გვერდით მოვლენებზე, გაიგონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდებზე, ასევე მიიღონ დამატებითი ინფორმაცია პედიატრებისგან მანამ, სანამ ჩვილის ვაქცინაციას გადაწყვეტენ. ასევე ექიმს არ აქვს უფლება, მშობელს დაუმალოს ინფორმაცია იმ გვერდით მოვლენებზე, რაც შეიძლება აცრას მოჰყვეს ან გაუშვას პაციენტი იმუნიზაციის კაბინეტში, თუ ჩვილს აღენიშნება რომელიმე უკუჩვენება.

შორენა ლაღაძე