მთავარი ინტერვიუ ლევან ალაფიშვილი: „თუკი ვინმემ თავის ტკივილი შეიძლება გაუჩინოს „ქართულ ოცნებას“ 2020 წლისთვის,...

ლევან ალაფიშვილი: „თუკი ვინმემ თავის ტკივილი შეიძლება გაუჩინოს „ქართულ ოცნებას“ 2020 წლისთვის, ეს კალაძეა“

404
0
გაზიარება

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს. განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. აქტიურად განიხილება სხვადასხვა სცენარი, თუ როგორ ჩატარდება იგი და, სავარაუდოდ, რა კონფიგურაციას მივიღებთ 2020 წელს.
დისკუსიებისა და ექსპერტთა მოსაზრებების პარალელურად კი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საკუთარ „არითმეტიკას“ გვთავაზობს, _ მისი განცხადებით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.

რაზე მიანიშნებს კობახიძის აღნიშნული განცხადება? რა პოლიტიკურ სცენარს განიხილავენ მმართველ გუნდში და შესაძლოა თუ არა, პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ თქვენ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ გახარიას გადადგომა კალაძის სერიოზულ გაძლიერებას ნიშნავდა. მაშინ აქციის მონაწილეები იმჟამინდელი შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა გახარია დღეს უკვე პრემიერ-მინისტრია, რას გვაძლევს ეს სურათი?
_ არ ვფიქრობ, რომ გახარია ელექტორალური თვალსაზრისით გაძლიერდა. გახარია არ შეიძლება ელექტორალური კუთხით კვლავ გახდეს კალაძის კონკურენტი. რეალურად, გახარია კალაძესთან მიმართებით გინდ ყოფილა, გინდ _ არა. გახარიას მიმართ ეს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მიღებული, შესაძლოა, დღეს ჩვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდეც კი მივსულიყავით. ეს ნიშნავდა მმართველ პოლიტიკურ ძალაში დეზინტეგრაციის ზვავურ პროცესებს, ჩამოშლას, ასევე უმრავლესობისა და პარტიის დაშლას, პარტიაში ეს პროცესი დაწყებული რომ არის, თავად ივანიშვილმაც დაადასტურა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არა მხოლოდ დაშლიდა „ქართულ ოცნებას“, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა პარტიის თავმჯდომარესაც, რომელიც ამბობს, რომ პასუხისმგებლობის გამო შემობრუნდა პოლიტიკაში. იმისთვის, რომ მთავრობისა და პარტიის შიგნით სიძლიერესთვის ხაზი გაესვა, ივანიშვილი თავად საზოგადოების წინააღმდეგაც კი წავიდა, რათა ძალაუფლებაში კონსოლიდირებულად დარჩენილიყო, ამავე დროს, დათმობაზეც წავიდა _ ვგულისხმობ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნულოვანი საარჩევნო ბარიერით. არ ვფიქრობ, რომ გახარიასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტლება ოპტიმალური იყო, რომელიც 2020 წლისთვის უდანაკარგოდ მიიყვანს ამ მთავრობას. რაც შეეხება კალაძეს, როგორც ჩანს, მას კარგი მრჩევლები ჰყავს _ 20 ივნისის შემდეგაც აგრძელებს ფრთხილად თამაშს, შესაბამისად, ბუნებრივია, 2020 წელს თუკი ვინმემ შეიძლება თავის ტკივილი გაუჩინოს „ქართულ ოცნებასა“ და მის მთლიანობას, ეს სწორედ კახი კალაძეა, _ ან კახი კალაძე დარჩება პარტიაში და პარტია იქნება მისი, ან კახი კალაძე არ იქნება პარტიაში, მაგრამ სერიოზულ მოთამაშედ მოგვევლინება პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელიც მნიშვნელოვნად გაუყოფს ძალაუფლებას მმართველ პოლიტიკურ ძალას.
_ რამდენად მოესწრება ეს 2020 წლისთვის?
_ რეალურად, თუკი პროცესები ისე წავიდა, რომ თუნდაც კალაძესთან მიმართებით რაღაც საკითხები ვერ გაირკვა, _ „ქართული ოცნებისა“ და კალაძის ერთად ყოფნა თუ პოლიტიკური „განქორწინება“, _ ამ შემთხვევაში, დანაკარგი 2020 წელს „ქართული ოცნებისთვის“ უფრო დიდი იქნება. შესაბამისად, იზრდება შანსი იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დღესვე დაამოკლოს საარჩევნო კალენდარი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. თუ კალენდარს დაამოკლებს, ასეთ პირობებში კალაძე ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორიც შეიძლებოდა, 2020 წელს მიეყენებინა.
_ სანამ კალაძე ცალკე პოლიტიკურ მოთამაშედ გამოჩნდება, მანამ პოლიტიკურ ასპარეზზე უკვე ვიხილეთ ხაზარაძე. რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ის „ქართული ოცნებისთვის“?
_ ხაზარაძე, როგორც საჯარო ფიგურა, რომელსაც შეეძლო ქართულ პოლიტიკაში სიახლეებისა და ცვლილებების შემოტანა, ძალიან დიდი ხნის წინ გახდა ეჭვიანობის საგანი და არცთუ უსაფუძვლოდ. თუკი დააკვირდებით, ეს ყველაფერი განსაკუთრებით თვალსაჩინო 2016 წლის არჩევნების შემდეგ გახდა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, ნდობა, რეიტინგი დაღმა წავიდა. მათთვის ეს საპარლამენტო ვადაა და ისედაც გამოცნობადი იყო. ამ პოლიტიკური ძალის შიგნით რომელიმე წონადი პოლიტიკური ფიგურა, გარდა ერთისა, არ ჩანდა, შესაბამისად, 2020 წლისთვის საპარლამენტო ველზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია იყო ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი დისკრედიტებული და ნდობაშემცირებული „ქართული ოცნება“. საქართველოს ბოლო პერიოდის ისტორიას თუ დავაკვირდებით, ქართველი ამომრჩეველი ყოველთვის ეძებს ერთს და პოულობს კიდეც მას. იმ ერთს ყოველთვის ძლიერს არქმევს სახელად, გადასცემს მას, რისი გადაცემაც შეუძლია და ამის შემდეგ უკვე იმედგაცრუება იწყება. ასე რომ, ეს ლოგიკა ისევ გრძელდება _ ქართველი ისევ ეძებს ერთს. თავის დროზე ასეთი იყო გამსახურდია, შემდეგ _ შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, ახლა კი მორიგი „ერთის“ ძიებაშია.
_ როგორც ჩანს, ბელადომანია გვჭირს. ეს ეხება თუ არა ახალ თაობას?
_ დიახ, ჩვენს თაობას სჭირს ეს. რაც შეეხება ივნისის თაობას, ის ასე არ იქცევა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა ასეთია, ჩვენი პოლიტიკური კულტურა ჯერ ვერ განვითარდა, რომ სხვა ტიპის არჩევანი გავაკეთოთ. 2016 წლის მოცემულობაში ერთი, ვინც შეიძლებოდა ყველა გაგებით ძლიერის სახელის მატარებელი ყოფილიყო, ეს იყო მამუკა ხაზარაძე, მას ჰქონდა კავშირები, ფინანსები და გავლენა. როგორი იყო ბიზნესმენის გავლენა და ეს იქნებოდა თუ არა საკმარისი პოლიტიკისთვის, სხვა მსჯელობის საგანია. ანუ პოლიტიკურ ველზე ყველა შემთხვევაში რჩებოდა ცარიელი ადგილი, რომლის შევსების პოტენციაც ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს და კახი კალაძეს. 2016 წლის არჩევნებიდან მალევე ვთქვი, რომ რეალურად კახი კალაძე იქნებოდა ის ადამიანი, რომელიც ივანიშვილსა და მის გუნდს „ქართულ ოცნებაში“ 2020 წლისთვის ხელისუფლებას გაუყოფდა. თუკი ეს კონსენსუსი შეუძლებელი იქნებოდა, შემდგომ უკვე დამოუკიდებელ თამაშს ითამაშებდა. რომ გავთვალოთ, რა პერსპექტივა აქვს კახი კალაძეს მერობის ვადის ამოწურვის შემდგომ, საპარლამენტო არჩევნები ჩავლილი იქნება, მეორე ვადით კენჭისყრა მისთვის შესაძლებელია (დღეს უკვე პროცენტებში აქვს გამოხატული ხალხის მანდატი, რომლის მოპოვებაშიც, სხვათა შორის, ივანიშვილი არ დახმარებია, პერსონალურად მიიღო ეს ყველაფერი), შესაბამისად, ბუნებრივია, კალაძე თავის თამაშს ითამაშებდა და მივიღებდით მოცემულობას, როდესაც პოლიტიკურ ველზე იქნებოდა ორი პერსონალური მოთამაშე, _ ხაზარაძე და კალაძე. ამ მოცემულობაში ივანიშვილისა და მისი გუნდის ადგილი უკვე აღარ იყო. ხაზარაძე საჯარო პოლიტიკაში წამოვიდა, კალაძე არის უკვე პოლიტიკაში. რეალურად, ეს გახლავთ ის მოცემულობა, რომელიც 2020 წლისთვის არსებითად იქნება პოლიტიკური სურათის განმსაზღვრელი, მაგრამ ხაზარაძე, როგორც საფრთხე, არა მხოლოდ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ამომრჩევლის „დამსახურებაცაა“. ჩვენ ყოველთვის ვეძებდით და ვპოულობდით კიდეც იმ ერთს, რომელსაც სახელად დავარქმევდით ძლიერს.
_ ამ ეტაპზე, როცა უკვე ხაზარაძის მთავარი მესიჯები და მისი გუნდი საზოგადოებისთვის ცნობილია, რამდენად რეალურია ის, რომ სწორედ ხაზარაძე აღმოჩნდეს ის ერთი, რომელსაც ქართველი ხალხი ეძებს?
_ ჯერ ძალიან ადრეა ამ ყველაფერზე საუბარი. თავად ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკურ ველზე გაცხადებულად შემოვიდნენ, თუმცა ორგანიზაციულად პარტიის შექმნა და პოლიტიკური აქტივობა მათ არ დაუწყიათ. გარდა ამისა, თავისთავად საკითხის დასმა, რომ ხაზარაძე პერსონალურად იქნებოდა ის მესამე, არასწორია, რადგან, ჩემი პოზიციით, მესამე უნდა იყოს არა კონკრეტული ადამიანი, არამედ ადამიანთა გაერთიანება. ამ მიმართულებით ხაზარაძე, ჯერჯერობით, რასაც საუბრობს, არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ, რეალურად ის სწორს ამბობს, ლიდერების, ბელადების ეპოქა უნდა დამთავრდეს და მეც არ ვაპირებ ამ თამაშსო, _ მისი ეს განცხადება დასაფასებელია. თუ გავითვალისწინებთ დღეს არსებულ პოლიტიკურ მოთამაშეებს, ყველა, მეტ-ნაკლებად, დაზიანებულია. თუ ამას სიახლის კონტექსტში განვიხილავთ, საკითხის დასმა _ მესამე-ახალი _ თავისთავად არასწორი მგონია. მესამე-ახალი კი არა, ერთადერთი-ახალი იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, ახალი არავინ გვყავს ნანახი, უბრალოდ არ ჩანს. ვინ იქნება სამომავლოდ, არ ვიცი. ასე რომ, ამ ნაცრისფერ სურათზე, უბრალოდ, სხვადასხვა სიმკვეთრეა. ძლიერი-ახალი ხაზარაძე ნამდვილად არის. ხვალ-ზეგ ვინ იქნება, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა მოლოდინი მაქვს, რომ საზოგადოების ჩამოუყალიბებელი ნაწილისთვის ის გზავნილები, რომელსაც ხაზარაძე და მისი თანამებრძოლები საჯაროდ ახმოვანებენ, მისაღები იქნება. პოლიტიკური პროცესის დაწყების შემდეგ როგორ შეინარჩუნებენ ამ ყველაფერს, ეს უკვე სხვა მსჯელობის თემაა.
_ ამ პროცესების პარალელურად, დაპირისპირების ახალი ტალღაა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ანტიქრისტიანული და ანტიტრადიციული ქმედებებით გამოირჩეოდა. რასთან გვაქვს საქმე და რამდენად სწორია სააკაშვილის ეს პოლიტიკური სვლა?
_ გვინდა-არგვინდა, ქართულ პოლიტიკაზე გვიწევს საუბარი, რომელიც, ჯერ კიდევ, შორს არის იმისგან, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებს შევადაროთ, იმის მიხედვით, თუ როგორია ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურა და პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური გაერთიანებების პასუხისმგებლობა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, თავი მოაწონოს ამომრჩეველს პოპულისტური ნაბიჯებით, მით უმეტეს, თუკი საარჩევნო პერიოდია, მათ შორის, დაუჯერებელი დაპირებებისა თუ ტყუილების გაცემითაც კი. ბუნებრივია, ყველა ამომრჩეველზე თამაშობს და პოლიტიკურ ბაზარზე საკუთარი თავის გაყიდვას ცდილობს. ზოგი ადრე იწყებს, ზოგი _ გვიან, თუმცა სასტარო პოზიციებს ყველა უკეთესს არჩევს. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ერთი მოცემულობა, რომელსაც არავინ „აღიარებს“ _ უნდა ვინმეს თუ არა, ფაქტია, რომ ყოფილმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ არაერთი კრიზისი გადაიარა, ინტელექტუალური თუ სხვა თვალსაზრისით მძიმე დანაკლისი განიცადა, მაგრამ საკუთარი თავი შეინარჩუნა პოლიტიკურ ასპარეზზე და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი დანაკარგის გარეშე მოყვება ელექტორატი, რომელიც მზარდია, ვსაუბრობ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“. საბოლოო ჯამში, ერთი ხუთად დაიშალა ელექტორალულად. ბუნებრივია, რთული იყო, შეუძლებელიც კი ამდენი წლის განმავლობაში ამომრჩევლის შენარჩუნება. ასეთია მოცემულობა და ამ მოცემულობას არ განსაზღვრავს მხოლოდ ეს პოლიტიკური პარტია ან მისი რომელიმე ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის. ამ მოცემულობის განსმსაზღვრელია ქართველი ამომრჩევლის ქცევა. ჩვენ გვახსოვს, დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ „ზვიადისტები“. ქართულმა პოლიტიკურმა ისტორიამ ეს ყველაფერი დაგვანახა, თუ როგორ ვითარდება ქართული საზოგადოება, _ ჯერ არის ბელადების ძიება, პოვნა და შემდეგ თავისივე ნაპოვნის დამხობა. ამას გარდა, ქართველი ამომრჩეველი ორ საპარლამენტო ვადაზე მეტს არავის აძლევს ამ მანდატს. მეორე საპარლამენტო ვადა იყო გამოწვევა ყველა ძლიერი პოლიტიკური ძალისთვის. ყველას ჰქონდა კონსტიტუციური უმრავლესობა და ამით ყველა პოლიტიკურად ბოროტად სარგებლობდა. საბოლოოდ კი თავისივე დაშვებულ შეცდომებსა და დაღმავალ რეიტინგს გადაყვებოდნენ და პოლიტიკურ ოპოზიციაში მიდიოდნენ. ქართველი ამომრჩეველი კრისტალდება ამ მოცემულობაში და ხანგრძლივი ვადით ინარჩუნებს ერთგულებას მის მიერ თავის დროზე ძლიერად წოდებული გაერთიანებისადმი. ესეც ლოგიკაა, _ გვყავდა ზვიადისტები და გვყავს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევას, ეს არის სწორედ ზემოთქმული, შესაბამისად, ეს პოლიტიკური ძალა ცდილობს მზარდი ტენდენციის შენარჩუნებას. ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით აქ დიდი ადგილი რჩება პოპულიზმისთვის. რაც შეეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ზიანდება ამ ერთი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, ამ კუთხით მსჯელობა არასწორია, რადგან, საბოლოო ჯამში, ზიანის შეფასებას ვახდენთ არჩევნებზე. მაგალითად, მე ვიტყვი, რომ დაზარალდა რომელიმე პარტია, თქვენ იტყვით, რომ არ დაზარალდა და ორივე მართლები ვიქნებით. საბოლოო ჯამში, ამ საკითხზე ჩვენი საჯარო მსჯელობით, ამომრჩეველს დავაბნევთ.
_ როგორც ცნობილია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ახალ წლამდე მოესწრება. ახლა უკვე აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში შესაძლოა, 2020 წელს ისეთივე პარლამენტი მივიღოთ, როგორიც გვქონდა 1992 წელს. რა მოცემულობა გვექნება 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში?
_ სიმართლე გითხრათ, როგორც კი გაჟღერდა იდეა პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით 2020 წელს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ამ ფაქტს მივესალმე და იქვე აღვნიშნე, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. ჩემთვის, რომელმაც ცოტა მეტი იცის, როგორც კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ასევე საარჩევნო სისტემები, რაც მთავარია ქართული გამოცდილება ჩემ თვალწინ ვითარდებოდა, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ კონსტიტუციური ცვლილებები მოიტანს კარგ შედეგს. არანაკლებად თუ არა მეტი მნიშვნელობის არის, როგორი ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში. მაგალითად, საარჩევნო სია იქნება მთელი საქართველოსთვის ერთი, თუ რეგიონული სიები იქნება, როგორიც 1993 წელს იყო? თუ ასეთი სიები იქნება, მაშინ თბილისის ნულოვანი საჩხერის ნულოვანის მაგვარი ვერ იქნება. ანუ შეიძლება იყოს პროცენტები, როგორც 1993 წელს. კანონში არ ეწერა, მაგრამ თბილისის გამსვლელი მანდატი უფრო მეტი წონის იყო ხმის თვალსაზრისით, ვიდრე _ საჩხერის მანდატი. გარდა ამისა, არსებობს შემდეგი კითხვები: ვინ და სად დაითვლის? გაუნაწილებელი ხმები როგორ განაწილდება? მაგალითად, 1993 წელს ე. წ. საკომპენსაციო სიები იყო. „მწვანეთა პარტიამ“ ვერც ერთი რეგიონული სიით ვერ აიღო მანდატი, თუმცა საკომპენსაციო სიებით იმდენი დააგროვა, რომ, დაახლოებით, 10 დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში. თუკი რეგიონული პრინციპით იქნება, იგივე დღევანდელ მაჟორიტარებს ხომ არ გააერთიანებს „ქართული ოცნება“ იქ, სადაც მას „უჭირს“ და შექმნის გარკვეული ნიშნით გაერთიანებულ დეპუტატთა ახალ პარტიას?.. არ ვამბობ, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება, იმ საფრთხეებზე ვსაუბრობ, რომელიც არსებობს. ამ პროცესებში მთავარია ორი რამ. პირველი: პარლამენტში განსახილველად ორი კონსტიტუციური ცვლილებაა შეტანილი, ერთი არის 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ბლოკების შექმნის შესაძლებლობით, მეორე „ქართული ოცნების“ ინიციატივა, _ ნულოვანი საარჩევნო ბარიერი ბლოკების გარეშე. შესაბამისად, როგორ წავა პარლამენტში პროცესები, როგორ მოიქცევა „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ შედგება კონსენსუსი, ჯერ არ ვიცით. საუბარია კონსტიტუციურ ცვლილებაზე, რომლის ხმების საკმარისი რაოდენობა „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს. მაჟორიტარებში არ აქვთ კარგი მდგომარეობა, რამდენიმე დღის წინ ოქრიაშვილმა საჯაროდაც თქვა, რომ მას საკმაო გავლენები აქვს პარლამენტის მაჟორიტარებში. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, როდესაც კონსტიტუციას ცვლიდნენ, მაჟორიტარული სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა სწორედ იმიტომ, რომ მათი მაჟორიტარები ამ სისტემის გაუქმებას არ უჭერდნენ მხარს. ეს კობახიძემ დაადასტურა, _ მაჟორიტარებს ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობაო. ანუ ორი პროექტია შესული განსახილველად. როგორ მოიქცევა ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მცირე, მაგრამ კრიტიკულად საინტერესო მანდატების რაოდენობით, ეს არავინ იცის. ასევე არავინ იცის, როგორ მოიქცევიან მაჟორიტარები. შესაბამისად, არც ის ვიცით, რომელი ვარიანტი გავა. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ვარიანტი არ გავიდა, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას 3%-იანი საარჩევნო ბარიერით და ბლოკებით, დაუჭერს თუ არა მხარს ნულოვანი ბარიერით ჩატარებას „ნაციონალური მოძრაობა“, ესეც არ ვიცით, რადგან ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა, _ რა დროს პროპორციული სისტემაა, რიგგარეშე არჩევნებზე უნდა წავიდეთო. ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს არის სცენარი, რომელიც თავდაყირა აყენებს ყველაფერს და რომელიც, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ ინტერესებშიც შედის. თუ ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშიცაა და „ქართული ოცნებისაც“, რადგან ეს ორი ძალა გაინაწილებს ყველაფერს. დღეს არსებული კონსტიტუციური მოდელით თუ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ 3%-იანი საარჩევნო ბარიერით და შერეული სისტემით ჩატარდება, მათ შორის, მაჟორიტარულით.
_ რა შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ მსგავსი სცენარი და რამდენად რეალურია რიგგარეშე არჩევნები 2020 წლამდე?
_ ამ შემთხვევაში პროცესის წარმმართველი „ქართული ოცნებაა“, მაგრამ იმ პირობებში, როცა მას არ აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, ვერც უსაყვედურებ, რომ რაღაც არ გააკეთეს. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მათ ადგილი რჩებათ თამაშისთვის მაჟორიტარებთან. თუ „ქართული ოცნება“ გათვლის, რომ 2020 წელს იმაზე უარესი შედეგი შეიძლება დაუდგეს, ვიდრე დღეს შეიძლება ჰქონდეს, რატომაც არა _ დღესვე დაამოკლებს საარჩევნო კალენდარს და დღესვე თუ წავა არჩევნებზე, ამ ყველაფრისთვის მზად იქნება „ნაციონალური მოძრაობაც“. ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად პოლიტიკა კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც გულისხმობს. ამ ზაფხულს გაჟღერდა კიდეც, რომ ერთ-ერთ ვერსიად „ქართულ ოცნებაში“ ამ სცენარს განიხილავდნენ. მე არ ვიცი, კვლავ განიხილავენ თუ არა, მაგრამ ვერსია შესაძლოა, იყოს. სანამ არ დასრულდება არა მხოლოდ კონსტიტუციური პროცესი, არამედ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ეს ყველაფერი კენჭნაყარი რომ იქნება, მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სისტემით მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და როგორი შეიძლება იყოს ახალი პარლამენტის კონფიგურაცია.
_ არსებობს ასევე ასეთი სცენარი, რომ თუ „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს უმრავლესობას, მაშინ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევთ. ამ პირობებში პატარა პარტიები, რომლებსაც 5%-ზე ნაკლები აქვთ, იძულებულები იქნებიან, ითანამშრომლონ „ოცნებასთან“, რადგან თუ კოალიციური მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა, რიგგარეშე არჩევნები 5%-იანი საარჩევნო ბარიერით დაინიშნება, რაც პატარა პარტიებს არ აწყობთ. ირაკლი კობახიძემ თქვა, თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. რას ემსახურებოდა ეს განცხადება?
_ ამ ვერსიასაც განიხილავენ და ეს ჩემთვის სიურპრიზი არ არის. ბუნებრივია, ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია თვლის, როგორ მივიდეს მისთვის რაციონალურ გადაწყვეტილებამდე, მით უმეტეს, მმართველი პოლიტიკური ძალა და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ სცენარს განიხილავს. სხვა საკითხია, რა მიზანი აქვს საჯარო განცხადებებს, საკმაოდ დასუსტებული ელექტორალური მზარდაჭერისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რომელიც სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ერთი მიზანი ჰქონდა, რომ საზოგადოებაში „ქართული ოცნება“ კვლავ ძლიერ პარტიად წარმოჩინდეს. გარდა ამისა, ეს იყო გზავნილი საზოგადოებისთვის და არა პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომ შეგიძლიათ იაქტიუროთ, არის ნიშა თქვენთვისაც, რომ შექმნათ პარტიები და შემდეგ ჩვენ მოგვეწებოთ. გარდა ამისა, შესაძლოა ეს იყოს საჯარო დადასტურება და მაჟორიტარებისთვის გზავნილი, რომ თუ ისინი ცალკე, „ქართული ოცნების“ გარეთ იაქტიურებენ, მათ კვლავ მიიღებენ პარლამენტში, ჩართავენ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში და მათ ინტერესებს გაითვალისწინებენ. ეს იყო სასტარტო პირობებში ე. წ. კრისტალიზაცია „ქართული ოცნებისთვის“, რომ იცოდნენ, ვისთან ერთად და რაზე მიდიან: მიდიან მორიგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური ცვლილებებით, პრპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით, თუ მიდიან რიგგარეშე არჩევნებზე?

ნენე ინჯგია

 

დატოვეთ კომენტარი