ნიკა მელია: „ბოკერიას ე. წ. ამნისტია გაუგონარი, გაუთვლელი და არაპრაგმატულია!“

ოპოზიციაში, უფრო კონკრეტულად, ყოფილ და ახლანდელ „ნაციონალებს“ შორის ისევ უთანხმოებაა. ამჯერად კონფლიქტის ან, გნებავთ, ერთმანეთის მისამართით მწვავე განცხადებების გაკეთების საბაბი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას ინიციატივა გახდა, რომელიც „ბოკერიას ამნისტიად“ მოინათლა.
ყველაფერი კი „მთავარი არხის“ ეთერში დაიწყო, სადაც ბოკერიამ ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი პარტია ხელისუფლებაში მოვა, პოლიტიკურ ამნისტიას გამოაცხადებს და ახლანდელი ხელისუფლების მოქმედ თანამდებობის პირებს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულში მხილებულნი თუ ეჭვმიტანილები არიან, არ დასჯის.

„ლოზუნგის _ „ივანიშვილი ციხეში“ წინააღმდეგი ვარ“… „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ბედი თავად ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება…
ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების შეცვლას არ მოყვეს მასობრივი პოლიტიკური დევნა, თორემ ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს მთელ ქვეყანას. ჩვენ არ გვაქვს არც პროკურატურა და სასამართლოც არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი. დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ყველაზე რთული ამოცანაა. ხელისუფლებათან ერთად მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთხელ დანგრევა. მე მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან დროებით მიბმის და ნაფიცი მსაჯულებისა და არა _ მოსამართლეების გაყრის…
სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური დანაშაულების გამო არ უნდა იყოს. ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, გარდა მკვლელობისა და წამების, – თქვა ბოკერიამ და დასძინა, რომ არც ქონების ხელახალ გადანაწილებას მიიჩნევს მიზანშეწონილად, _ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მძიმე შეცდომა იყო ამ პროცესის გაგრძელება. იქ, სადაც სამოქალაქო საფუძველი აქვს ვინმეს, რომ მისი საკუთრება მიითვისა, გონივრულ ვადებში უნდა უჩივლოს, არ უნდა გავაჩეროთ, მაგრამ რაღაც მომენტში წერტილი უნდა დავუსვათ. თუ ლეგიტიმურ გაკულაკებაზეა საუბარი, ამის წინააღმდეგი ვარ“.
ოპოზიციისთვის განსაკუთრებით შოკისმომგვრელი ის იყო, რომ ბოკერია, როგორც თავად განაცხადა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გასამართლების მომხრეც არ არის.
ბოკერიას ეს სკანდალური ინიციატივა უყურადღებოდ, ცხადია, არ დატოვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ყოფილ თანამებრძოლსა და თანაპარტიელს სოციალური ქსელით უპასუხა.
„ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი… პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით.
ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს… და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა.
შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვაზე და ეროვნული დოვლათის განიავებაზე!
თქვენს პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?“ _ დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქში“.
ე. წ. ბოკერიას ამნისტიას, ცხადია, უარყოფითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელმაც „ევროპულ საქართველოს“, თავდაპირველად, სააკაშვილის მსგავსად, სოციალური ქსელით უპასუხა:
„ეს ყველაფერი _ არც მეტი, არც ნაკლები _ ივანიშვილისთვის და ივანიშვილის გარემოცვისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაა. მეტიც, კარტბლანშის მიცემაა მთელი „ქართული ოცნებისთვის“ მოახლოებული 2020-ის არჩევნების კონტექსტში!
გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ, უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა?
ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ _ არა, ამას არც მე ვადგენ, არც _ ბოკერია და არც _ არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს!
დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე!
არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა, აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რამის პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს, იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქში და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები“, _ დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში, რომელიც იგივე მოსაზრებებს „ქრონიკა+“-სთან საუბრის დროსაც იმეორებს.
ამასთან, ნიკა მელია ჩვენთან ინტევრიუში ორ ინიციატივასაც ახმოვანებს, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში გაერთიანებული ოპოზიცია მოვა, პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელთა დანაშაულებებს შეისწავლის და ამ დასკვნას პროკურატურას გადასცემს.
პარალელურად, როგორც მელია ამბობს, ახალმა ხელისუფლებამ დაუსაბუთებელი ქონების დეკლარირებისა და ლეგალიზების კანონიც უნდა მიიღოს.

_ ბატონო ნიკა, საუბარი, რა თქმა უნდა, იმ ამბით უნდა დავიწყოთ, რასაც ყოფილი თანაგუნდელების, ანუ ე. წ. ბოკერიას გუნდის მიერ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმა ჰქვია. ჰოდა, მარტივად და პირდაპირ გკითხავთ: „ევროპული საქართველო“ თქვენს პარტიასა და, საერთოდ, გაერთიანებულ ოპოზიციას რას ერჩის?
_ სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც ძალიან უცნაური და მოულოდნელი იყო.
_ დამიკონკრეტეთ, უცნაური და მოულოდნელი რა იყო?
_ ის ინიციატივა, რომლითაც „ევროპული საქართველო“ გამოვიდა.
_ ანუ ე. წ. ბოკერიას ამნისტიას გულისხმობთ?
_ დიახ. მსგავსი ინიციატივა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან უცნაური იქნებოდა და, ამ შემთხვევაში, გამონაკლისი, ცხადია, არც „ევროპული საქართველოა“.
ზოგადად, პარტია, რომელიც ოპოზიციაშია, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე კრიმინალური სამყაროსთვის ინდულგენციას არ უნდა გასცემდეს!
_ ბოკერიამ თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახლანდელი მმართველი პარტიის წევრების მიმართ, რეპრესიებს არ დაიწყებს და, უკაცრავად, კრიმინალური სამყარო რა შუაშია?
_ იმ შუაშია, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ხელისუფლება კრიმინალებთანაა შეკრული, ანუ „ოცნება“ კრიმინალებზე, მოძალადეებსა და მძიმე დამნაშავეებზე დგას.
ფულს არაკანონიერი მეთოდებით შოულობს, ამასთან, არჩევნებსაც აყალბებს და ამ საქმეში ჭიპი აქვს მოჭრილი.
ამ ფონზე ოპოზიციური პარტია, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დამნაშავეებსა და მოძალადეებს არ უნდა ეუბნებოდეს, რომ მათ შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ და ხალხზე ძალადობა თავისუფლად გააგრძელონ!
ამ ინიციატვით „ოცნებას“ ეუბნებიან, ასე გააგრძელე: მუხთარლის ტომარა ჩამოაცვი? _ არა უშავს, შეგიძლია, სხვასაც ჩამოაცვა.
ია კერზაია შემოგაკვდა? _ არა უშავს, სხვაც შემოგაკვდეს!
ფარცხალაძემ ფული მოიპარა? _ კი ბატონო, სხვამაც მოიპაროსო.
სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ თუ 2020-ის არჩევნებში გაიმარჯვა, ყველაფერი შერჩება.
ახლა კი, ამ ინიციატივით, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კრიმინალი იფიქრებს, ყველაფერი მაინც შემრჩებაო.
მოკლედ, მინდა მჯეროდეს, რომ ეს ინიციატივა უნებლიეთ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
სწორედ ამიტომაც ამ ინიციატივას გულგრილად ვერ შევხვდებოდით. შესაბამისად, ჩვენ „ევროპულ საქართველოს“ კი არა, მის ამ გაუგონარ, გაუთვლელ და არაპრაგმატულ ინიციატივას დავუპირისპირდით!
ზოგადად, მაშინ, როცა ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომელიც ოღონდ ძალაუფლება, თავისი მილიარდები შეინარჩუნოს და რუსეთის ფედერაციას თბილისის გუბერნატორობაზეც დასთანხმდება, ოპოზიციურ პარტიებს შორის კონფრონტაცია უადგილოა.
ამიტომ მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ, რომ ამაში ჩართულები არ ვიყოთ, თუმცა „ევროპული საქართველოსი“ მესმის.
_ რა გესმით?
_ ის ხვდება, რომ მასსა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის სხვაობა ჩვენ სასარგებლოდ იზრდება, რაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებითაც დადასტურდა.
აქედან გამომდინარე, სრულიად ნორმალურია „ევროპული საქართველოს“ მცდელობა, რომ როგორმე ელექტორალური უპირატესობა მოიპოვოს და, გაერთიანებული ოპოზიცია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, დააზიანოს.
სხვათა შორის, ალბათ, ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, რომელმაც ბევრი რამ ვიცი, ბევრ რამეზე ვსაუბრობ, ბევრზე კი _ ჯერ არა, მაგრამ „ქართული ოცნებისაც“ ძალიან კარგად მესმის.
_ ეს როგორ უნდა გავიგოთ?
_ „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და, ზოგადად, გაერთიანებული ოპოზიციის სუნთქვას კეფაში გრძნობს.
ამიტომ ერთი ცდილობს, რომ ზემოხსენებული სხვაობა როგორმე შეამციროს, მეორეს კი უნდა, მთავარ კონკურენტს გადასწრების საშუალება არ მისცეს. ეს ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია.
ისე, დარწმუნებული ვარ, რომ „ევროპულ საქართველოში“ უმრავლესობა სწორ მხარეს დადგება და ხელისუფლებისთვის სასარგებლო როლს არ შეასრულებს, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენას ხელ-ფეხს არ გაუხსნის!
_ ვნახოთ, რა და როგორ იქნება…
ბატონო ნიკა, არ ვიცი, ამ თემაზე საუბარი გსურთ თუ არა, მაგრამ პირადად მე ყველაფერს ახლანდელი კონტექსტით არ განვიხილავ და თუნდაც ამ ინიციატივის სათავეს სხვაგან ვეძებ, ანუ რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო, გიგა ბოკერიას, როგორც უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და საუბარი ეხებოდა საბჭოდან გაფლანგულ სერიოზულ თანხებს. მართალია, მაშინ ბოკერია გამოკითხვაზეც იმყოფებოდა, მაგრამ არავინ იცის, ამ საქმეს რა ბედი ეწია.
სამაგიეროდ, ვიცით, რომ ბოკერიამ და მისმა მიმდევრებმა 2017-ში „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, ანუ ბოკერია, რომელზეც ამბობენ, რომ „ოცნებასთან“ გარიგებაშია, იქნებ, „მეოცნებეებთან“ ვალშია და, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ზემოხსენებული ინიციატივითაც ამიტომ გამოვიდა?
_ სურვილი ნამდვილად არ მაქვს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერთან რაიმე სახით დაპირისპირებაში შევიდე, მით უმეტეს, ახლა, როცა მთავარი სამიზნე ოლიგარქი და ოლიგარქიული მმართველობაა.
ბოკერია აქტიური პოლიტიკოსია და ყველა უხერხულ კითხვაზე პასუხის გაცემა თავად შეუძლია!
_ ძალიან დიპლომატიური პასუხია…
_ ზოგადად, ამ საკითხთან მიმართებით ოპოზიციურ ფლანგზე ორი ამბავი გვაქვს, ერთი ცუდია, მეორე კი _ კარგი.
_ ანუ?
_ ცუდი ამბავი ის არის, რომ ეს ინიციატივა ხელს უწყობს ხალხის ძარცვას, დაშინებას, ქურდობას, მოსყიდვას, ე. ი., ხელისუფლებას ახალისებს, რომ მძიმე პოლიტიკური დანაშაულებები ჩაიდინოს!
_ ამ ინიციატივაში კარგი რა არის?
_ კარგი ის არის, რომ, საბედნიეროდ, „ევროპული საქართველოს“ გავლენა მცირეა და მისი ხელშეწყობა ხალხზე ძალადობის ფაქტორს ნამდვილად ვერ გააძლიერებს!
სხვათა შორის, ვიმედოვნებ და ამის კონტურებსაც ვხედავ, რომ „ევროპული საქართველო“ ამ ინიციატივაზე საუბრისას უფრო ფრთხილი იქნება.
_ პოლიტიკური რეპრესიების დამთავრებას მიხეილ სააკაშვილიც უჭერს მხარს. ჰოდა, ვერ ვხვდები, ბოკერიას ინიციატივა მიუღებელი რატომღაა?
_ კი ბატონო, პოლიტიკური რეპრესიები უნდა დამთავრდეს და ამ კითხვისთვის მადლობას გეუბნებით.
შემიძლია, მთელი პარტიის სახელით გითხრათ: „ნაციონალურ მოძრაობას“ პრინციპულად მიაჩნია, რომ დევნის პროცესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!
ეს ნახევრად ველური დემოკრატიაა, რომელშიც ვცხოვრობთ და უფრო პლურალისტურ, ანუ ისეთ დემოკრატიაზე უნდა გადავიდეთ, სადაც მრავალი პარტია და შეუზღუდავი თავისუფალი სიტყვა არსებობს, თუმცა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ხელს უწყობს დანაშაულის გაღრმავებას, მომრავლებასა და არა _ მის პრევენციას!
ვიმეორებ: პოლიტიკური შურისძიება და რევანში ყოვლად დაუშვებელია, ეს ქვეყნის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს!
_ პოლიტიკურ შურისძიებაში რას გულისხმობთ, ბატონო ნიკა?
_ პოლიტიკური შურისძიება და რევანში ის იქნება, თუ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერს პოლიტიკური განცხადების გაკეთების გამო ისე დავაპატიმრებთ, როგორც „ოცნება“, მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილს მოექცა!
პოლიტიკური შურისძიება სამაგიეროს გადახდას ნიშნავს და სამაგიეროს გადახდა იქნება, თუკი რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს დავიჭერთ!
მოკლედ, მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური რევანში, არამედ სამართლებრივი სისტემის რეფორმირება.
შესაბამისად, მაღალი თანამდებობის კორუმპირებულ პირებს ნაძარცვი არ უნდა შერჩეთ და დანაშაული ერთ დამნაშავესაც არ უნდა ეპატიოს, მაგრამ, ამავე დროს, საზოგადოებას პოლიტიკურ დევნაზე კითხვის ნიშნები არ უნდა გაუჩნდეს!
სწორედ აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ, პირველ რიგში, რაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შევქმნათ.
_ ამ საგამოძიები კომისიის მიზანი რა უნდა იყოს?
_ ამ კომისიის ფარგლებში სახელმწიფოს მიტაცებისა და ოლიგარქიული მმართველობის საკითხები უნდა შევისწავლოთ.
_ ოლიგარქიული მმართველობა, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ „სახელმწიფოს მიტაცება“ რას ნიშნავს?
_ ამ შემთხვევაში, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ვგულისხმობ.
ეს პროცესი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს.
_ მაინც, რამდენ ხანს?
_ ხუთი-ექვსი თვე, მაგრამ ყველაფერი ეს პირდაპირი ეთერით უნდა გადაიცემოდეს.
_ ეს ხომ ერთგვარი ნიურნბერგის პროცესი იქნება, თუმცა იგივე ამ კომისიის მუშაობა მავანმა შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს. ყოველ შემთხვევაში, მისი წევრები მიკერძოებაში დაადანაშაულოს.
_ კომისია იმდროინდელი ოპოზიციის წევრებითაც უნდა დაკომპლექტდეს. ასევე კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ.
_ ამ კომისიის მიერ გამოძიებულ საქმეებს რა სამართლებრივი ძალა ექნება?
_ კომისია, უბრალოდ, დასკვნას დადებს, რომელსაც რეკომენდაციის სახე ექნება.
_ მერე, ამით სამართლიანობა აღდგება?
_ ეს დასკვნა რეფორმირებულ პროკურატურას უნდა გადაეგზავნოს.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ეჭვი გავფანტოთ.
_ რომელი ეჭვი?
_ ის ეჭვი, რომ ხელისუფლება, რომელიც ამ ოლიგარქიულ მმართველობას შეცვლის, შურისძიებით არ იქნება მოტივირებული.
_ ეს ეჭვი როგორ უნდა გაფანტოთ?
_ პირადად მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, დაუსაბუთებელი ქონების დეკლარირებისა და ლეგალიზაციის კანონი მივიღოთ.
_ სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ეს კანონი რა სიკეთეს მოგვიტანს.
ამასთან, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბატონო ნიკა, ბოკერიას ზემოხსენებულ ინიციატივას ანტისახელმწიფოებრივი უწოდეთ. ამნისტია ანტისახელმწიფოებრივი რატომაა?
_ აგიხსნით.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ ადამიანებს 24 საათის განმავლობაში უსამართლოდ სდევნიან და ყველაფერი ეს უნდა ვაპატიოთ?
ეუბნებიან, ოლიგარქიული მმართველობა გაქვს, ქვეყანას ფარცხალაძეებით მართავ და ამის უამრავი ფაქტი მაქვს, მაგრამ ერთი წელიც ასე გააგრძელე და აჰა, შენ მწვანე შუქიო.
ეს ნორმალური არც პრაგმატული პოლიტიკის კუთხით არის და არც საღი აზრის ჩარჩოში ჯდება.

P. S. ინტერვიუს ბოლოს „ქრონიკა+“-მა შემთხვევით ისარგებლა და ნიკა მელიას იმ ხელმოწერების თაობაზეც ჰკითხა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით აგროვებენ.
რესპონდენტმა გვითხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩაბმული და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებას ცდილობს, უდიდეს პატივს სცემს და მათ გულწრფელ მონდომებასაც აფასებს, მაგრამ მელია ფიქრობს, რომ ეს ხელმოწერები სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების, უფრო სწორად, იმის სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება, რომ სამშობლოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილით სამართალდამცველები არ დაინტერესდებიან, ანუ ჩვენი თანამოსაუბრე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ოლიგარქიული მმართველობა ამ ხელმოწერებს ანგარიშს არ გაუწევს და მაინც ისე მოიქცევა, როგორც თავად მიიჩნევს საჭიროდ.
ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ და გარე დამკვირვებლის თვალით შევხედოთ, მართლაც, გაუგებარია, ამ ხელმოწერების შეგროვება რას ემსახურება? ვთქვათ, მილიონი ან მეტი ხელმოწერა შეგროვდა, მერე რა ხდება? _ ეს, ერთგვარად, რიტორიკული კითხვაა…

გიორგი აბაშიძე