სალომე მირიანაშვილი: „თუ გინდა, რომ მომკლა _ სიმღერა უნდა დამიშალო“

ქართველმა მომღერალმა, სალომე მირიანაშვილმა, უამრავ სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მის ნამღერს ბლოკავდნენ. მიუხედავად ამისა, ვარშავაში სოლო კონცერტის გამართვას გეგმავს.
რა გზები გაიარა სალომემ ევროპაში სოლო კონცერტამდე? _ ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს სალომე მირიანაშვილი ესაუბრება:

_ ვინ არის სალომე მირიანაშვილი?
_ არ მიყვარს ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ ვარ მომღერალი, ხელოვანი ადამიანი. ბევრი ნიჭი მომცა ღმერთმა, მაგრამ ბავშვობიდან სიმღერა გამოვარჩიე, რადგან სხვა შეგრძნებები იღვიძებს ჩემში სიმღერის დროს, სიმღერა ჩემი სულია. თუ გინდა, რომ მომკლა _ სიმღერა უნდა დამიშალო.
_ რა ასაკიდან მღერი?
_ პატარაობიდან ვმღერი. ჯერ ღიღინი დავიწყე, შემდეგ _ საუბარი. სერიოზულად მივუდექი სკოლის ასაკიდან, როდესაც სხვადასხვა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, ვმღეროდი ფოლკლორს, დავამთავრე მუსიკალური ათწლედი. შემდეგი ეტაპი ჩემს კარიერაში დაიწყო 15 წლის ასაკიდან, როდესაც სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობა დავიწყე. არც ერთი პროექტი არ გამომიტოვებია, ყველგან მივედი, მაგრამ ყველა პროექტში დამბლოკეს.
_ შენი აზრით, რატომ გბლოკავენ?
_ ერთადერთი შანსი მაინც რომ მოეცათ ჩემთვის, დღეს სულ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა, გავხდებოდი წარმატებული და არ მომიწევდა ამდენი წვალება, ამდენი გულის ტკენა. მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებისა, საკუთარ თავზე არასდროს ამიღია ხელი. ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომ გაშიშვლებით მიმეღწია პოპულარობისთვის. ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან მგონია, რომ არ მჭირდება არც სიშიშვლე, არც შავი პიარი და არც საყვარელი იმისთვის, რომ გავხდე ცნობილი და ჩემს მიზანს მივაღწიო.
_ თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად შენი მსმენლი გყავს, რომელსაც უყვარხარ…
_ მსმენელი ნამდვილად მყავს, მადლობა უფალს. მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და მეც ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, ძალიან ვუფრთხილდები მათ. ჩემთვის მსმენელი მნიშვნელოვანია. ბევრმა მომღერალმა არ იცის მათი გაფრთხილება, თავში უვარდებათ, მაშინ როდესაც, უმნიშვნელოვანესია ხალხის აზრი.
_ რამდენადაც ვიცი, ვარშავაში ხარ მიწვეული და იქ უნდა გამართო შენი სოლო კონცერტი. რა ეტაპები გაიარე ამ საღამომდე და რა სეგმენტზეა შენი კონცერტი გათვლილი?
_ გასული წლის ზაფხულში ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, სადაც საქართველოს სახელით ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე. აქედან დაიწყო ჩემი წინსვლა. სამწუხაროდ, ეს ამბავი არსად გაშუქდა. შემდეგ მივიღე მონაწილეობა „საქართველოს ვარსკვლავში“, სადაც მხოლოდ მარტოხელა დედის სტატუსით გავპიარდი, თუმცა საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამიცნო. ამავე პროექტში მოისმინა ჩემი ნამღერი ბატომა ლევან დუმბროვსკიმ და ჩემი პროდიუსინგით დაინტერესდა. როგორც შემდეგ მომიყვა, ცრემლიც კი წამოუვიდა ჩემი ნამღერის მოსმენისას. მაშინ მან თქვა, რომ ევროპიდან დაანახებდა ქართველ ხალხს ჩემს შესაძლებლობებს. „პერსონა 2019-ზე“ ვიყავი წარდგენილი, რომლის გახსნაზეც სპეციალურად ჩამოვიდა ბატონი ლევანი, რომ ჩემთვის მოესმინა. ასევე ამ პროექტის ორგანიზატორი, ქალბატონი ინგა სიორიძე, ძალიან დამეხმარა, ჩემი და ბატონი ლევანის თანამშრომლობა რომ შემდგარიყო, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდი. ამის შემდეგ ბატონმა ლევანმა მიმიწვია მის რესტორანში, ვარშავაში, სადაც საზოგადოებამ ძალიან თბილად მიმიღო. საღამოს ესწრებოდა ადგილობრივი ელიტა, რომლის წინაშეც ბატონმა ლევანმა წარმადგინა, როგორც ერთ-ერთი ძვირადღირებული მომღერალი და სწორედ ამ საღამოს შემდეგ, თვითონ საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩემი სოლო საღამო დაიგეგმა.
_ რა რეპერტუარით აპირებ წარდგენას მსმენელის წინაშე და თუ გყავს ვარშავაში ქართველი მსმენელი?
_ ქართველებიც არიან და პოლონელებიც. ეს არის ქართული დღეები თბილისობასთან დაკავშირებით და ქართულ სიმღერებს შევასრულებ, რამდენიმე უცხოურსაც. მთელი მონდომებით ვემზადები. ამ საღამოს ადგილობრივი ტელევიზია გააშუქებს და იქაურ ჟურნალებშიც დაიბეჭდება. აქ არ მაღირსეს დიდ სცენაზე ფეხის დადგმა და ვარშავაში ხალხი უკვე ითხოვს ჩემს საღამოებს.
_ აპირებ საქართველოს დატოვებას?
_ გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მდომებია შვილებისგან შორს ყოფნა და ჩემი ქვეყნის დატოვება, ბევრი შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ ბოლო წუთამდე არ ვდგამდი ამ ნაბიჯს. სხვა გზა აღარ მრჩება.
_ ვინ არის შენი პროდიუსერი?
_ ბატონი ლევანი პოლონეთში ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც წლებია, იქ მოღვაწეობს და ძალიან უყვარს ხალხს.
_ საქართველოში, ამ ეტაპზე, სად მუშაობ?
_ როგორც ბევრი სხვა მომღერალი, ვმღერი რესტორანში, კარაოკეში, კლუბში და ამით ვირჩენ თავს.
_ შენი სიმღერების ჩაწერას და ალბომის გამოშვებას თუ აპირებ?
_ ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა და სამომავლოდ ალბომსაც ჩავწერ აუცილებლად.
_ ისევ ვარშავის ვიზიტს რომ დავუბრუნდეთ, თუ გაქვს სხვა შემოთავაზებები?
_ ვარშავაში ჩემი კარიერა ახალი დაწყებულია, თუმცა შემოთავაზებები უკვე საკმაოდ ბევრია. სამომავლოდ უფრო მეტის პერსპექტივაც არის.
_ ყველაზე დიდი წარმატება შენი კარიერის მანძილზე.
_ საერთაშორისო ფესტივალი, სადაც გასულ ზაფხულს გავიმარჯვე, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე, ბათუმში ჩატარდა _ „აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“; შემდეგი იყო „საქართველოს ვარსკვლავი“, სადაც ათეულში არ გადამიყვანეს. ძალიან კარგად იცის ყველამ ჩემი შესაძლებლობები, უბრალოდ, არ აღიარებენ. მე ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს ქვეყანაში, ჩემიანებთან, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს, ამიტომ მიწევს საქართველოს დატოვება და საზღვარგარეთ იმის მიღწევა, რისი საშუალებაც აქ არ მომცეს. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი მომავალი მაქვს, რადგან იქ გაცილებით სამართლიანი ხალხი ცხოვრობს.
_ შენი საყვარელი ჟანრი?
_ ბლუზი ჩემი უსაყვარლესი ჟანრია, სადაც მე ბოლომდე ვიხარჯები, თუმცა ჩემს რეპერტუარში სხვადასხვა ჟანრის სიმღერებია. აქვე დავამატებ, რომ ამ პროექტებმა, სადაც მე ვმონაწილეობდი, უდიდესი გამოცდილება მომცა, უფრო გავძლიერდი და გაცილებით მეტს მივაღწევ.

მარიამ გოჩილაიძე