რას გეგმავს ქვეყნის მთავარი მეოცნებე?

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე „ქართული ოცნება“ სერიოზული კრიზისის წინაშე დგას. დაქცეული ეკონომიკა, გაქცეული ლარი, აყვავებული კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი, ხალხის გაღატაკების ფონზე გამდიდრებული ჩინოსნები, სკანდალში გახვეული ხელისუფლების პირველი პირები „ოცნებას“ არჩევნების მოგების მინიმალურ შანსს უტოვებს.

საქმე იმდენად ცუდად არის, რომ პარტიის ლიდერი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას აპირებს. ის გუნდში, ფაქტობრივად, არავის ენდობა და ყველაფერზე თავად ამყარებს კონტროლს.
მმართველ პარტიასთან დაახლოებულმა წყარომ „ქრონიკა+“-ს განუცხადა, რომ ივანიშვილი შესაძლოა, „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრობას დასთანხმდეს და თავადვე იყოს პრემიერობის კანდიდატი.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია ხალხის გულების მოგებას ვეღარ შეძლებს. მეოცნებეთა ნაცადი ტრიუკი _ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, სააკაშვილი დაბრუნდება _ აღარ ჭრის. ქვეყანაში იმდენად მძიმე კრიმინალური ვითარებაა, რომ ხალხისთვის უკვე სულერთი გახდა, ვინ დაბრუნდება. ამომრჩეველი ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაიტანოს თავი და როგორ გაუმკლავდეს კრიმინალს.
ივანიშვილს შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, უმტკიცებდნენ, რომ მათი რჩეული არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებდა. რაც მოხდა არჩევნებზე, ყველამ ნახა. ივანიშვილმაც ბევრი რამ ჩააანალიზა.
ის მიხვდა, რომ მავანთა მიტანილი ინფორმაციები და ციფრები რეალობისგან შორს დგას. ახლა ის პირადად აკონტროლებს რეიტინგებს. შიდა კვლევებს კი „ოცნება“ ხშირად ატარებს.
შიდა კვლევების გარდა „ოცნების“ მამა პირადად ხვდება პარტიის აქტივს, პირადად ესაუბრება პარტიის რიგით წევრებს, გადაწყვეტილებებსაც თავად მიიღებს. დიდი ალბათობით, საარჩევნო სიას ის შეადგენს.
ამ დროისთვის „ოცნების“ რეიტინგები საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. მმართველმა პარტიამ სამეგრელოს რეგიონში შიდა კვლევა ჩაატარა და შედეგით გაოგნებული დარჩა.
თითქმის ყველა რაიონში „ნაციონალები“ ლიდერობენ. აქ ერთი დეტალია ჩასაზუსტებელი: მმართველმა გუნდმა კვლევა მხოლოდ იმ უბნებზე ჩაატარა, სადაც წინა არჩევნებში ოპოზიციამ მოიგო. იქ სურათი არ შეცვლილა _ „ოცნებამ“ მათი გულის მოგება ვერ შეძლო.
მმართველ პარტიას ძალიან უფუჭებს საქმეს სალომე ზურაბიშვილი. ჯერ ხომ მისი არჩევით გადაიმტერეს ხალხის ნაწილი, ახლა მისი გამოხტომები და უზრდელობა აკარგვინებს მას მომხრეებს.
იმ ხმაურიანი შეწყალების შემდეგ უკმაყოფილებას აღარც „ოცნების“ ლიდერები მალავენ. მკვლელების, პედოფილების, მაროდიორის შემწყალებელი ზურაბიშვილი ამ თემაზე დაზეპირებულ ფრაზას გაიძახის, თურმე რომც მოკლა, კომენტარს არ გააკეთებს.
მოკვლას არავინ უპირებს, მაგრამ საქმე შეიძლება მის იმპიჩმენტამდე მივიდეს. „ოცნებაში“ უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ეს ქალი მათ არჩევნებისთვის ბევრ თავსატეხს გაუჩენს.
მისგან დისტანცირება გუნდს არ გამოუვა, რადგან ეს ქალი პრეზიდენტად რომ გაეყვანათ, პარტიის თითქმის ყველა ლიდერი ბილბორდს ეცვა.
მივა თუ არა იმპიჩმენტამდე საქმე, „ოცნებაში“ ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მთლად უფროსს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა როგორც ჩვენი წყარო ამბობს, იმ ბრძენი კაცისგან მეოცნებეებს ზურაბიშვილის დისკრედიტაციაზე უკვე კურთხევა აქვთ მიღებული.
ასეთი კურთხევა რომ არ ყოფლიყო, „ოცნების“ ლიდერები სალომე ზურაბიშვილს შეწყალებას არ დაუგმობდნენ.
იმისთვის, რომ იმპიჩმენტმა რაიმე კითხვები არ გააჩინოს, საჭიროა ზურაბიშვილის ბოლომდე დისკრედიტება.
ხალხი ძალიან გააღიზიანა მისმა ბოლო სკანდალმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალების შემწყალებელმა პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ მისი რეზიდენცია ფრანგული ანტიკვარებით მოირთოს.
ამ ხუშტურის ასასრულებლად ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარი გამოიყო. ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემაც გააკეთა.
ეს ადამიანი მედიასთან ხშირად არ ჩნდება, მაგრამ ამჯერად გამოჩნდა და ამ გამოჩენამ რაღაც კითხვები გააჩინა. კითხვები სახელისუფლებო კულუარებიდან გამოჟონილმა ინფორმაიამ კიდევ უფრო გაამძაფრა.
მთავრობასთან დაახლოებული წყაროებიდან ინფორმაცია გამოვიდა, რომ ამ ანტიკვარული ავეჯის შეძენას სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი აიძულებს.
ოღონდ არა ბიუჯეტის ფულით, არამედ იმ ფულებით, რომლის აკუმულირება სკანდალური შეწყალების დროს მოხდა. საქართველოში ეჭვი არავის ეპარება, რომ შეწყალებას კორუფციის გარეშე არ ჩაუვლია.
ბიძინა ივანიშვილს ამაზე სხვებზე მეტი ინფორმაცია აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მან მართლაც გადაწყვიტა პრეზიდენტის დასჯა. სალომეს სკანდალურმა შეწყალებამ მის რეიტინგზეც უარყოფითად იმოქმედა.
სამთავრობო წრეებში რომ სალომე ზურაბიშვილის იძულებაზე საუბრობენ, ამას ჩვენი რესპონდენტი, გოგიტა დალაქიშვილიც ადასტურებს. მას „ოცნებასთან“ რაღაც კავშირები დღემდე აქვს შემორჩენილი და იქიდან ბევრი საინტერესო ინფორმაცია ესმის.
ამ შემთხვევაში მასთან ასეთმა ამბავმა მიაღწია: მმართველ გუნდში აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა სალომეს მთლიანად დაახარჯინა ის ფული, რაც, სავარაუდოდ, შეწყალებაზე მოგროვდა.
ივანიშვილი ამ სკანდალის საჯაროდ გამოტანას ერიდება, მაგრამ არც ისე დატოვება უნდა. მან სალომეს ანტიკვარიატის შეძენა აიძულა. შიდა წრეში კი ასე განუცხადებია, ეს ავეჯი სახელმწიფოს დარჩებაო.
იმპიჩმენტის გარდა მმართველ გუნდში ვადამდელი არჩევნების თემაც განიხილება. მიმდინარე წელს ეს ამბავი ვერანაირად მოესწრება, მაგრამ მომავალი წლის გაზაფხულზე შესაძლოა, ამის მომსწრენი გავხდეთ.
მართალია, „ოცნების“ საქმე შავად არის, მაგრამ ვადამდელის შემთხვევაში ისინი სხვებზე უკეთესად შეძლებენ არჩევნებზე თავის წარმოჩენას.
იმ შეხვედრებზე, რომელსაც ივანიშვილი პარტიის აქტივთან მართავს, მეოცნებეებს უთხრეს, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ, რადგანაც მათი დაძახება შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო.
გარდა იმისა, რომ ვადამდელისთვის სხვა პარტიები კარგად ვერ მოასწრებენ მომზადებას, ივანიშვილს ისიც ადარდებს, რომ გუნდი არ აუბუნტდეს.
მმართველ პარტიაში უკვე ამბობენ, რომ მაჟორიტარები სერიოზულად ძაბავენ ვითარებას.
ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ამ ცვლილების მხარდაჭერის სანაცვლოდ ივანიშვილისგან მყარ გარანტიებს ითხოვენ.
იმ შემთხვევაში, თუ საქმე ვადამდელამდე მივიდა, შესაძლოა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აღარ მოხდეს, რაც მაჟორიტარებს აწყობთ.
მათი გადაკიდება ახლა ივანიშვილის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. „ოცნების“ ლიდერი ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიასა და ხალხში ძველებური კთილგანწყობა დაიბრუნოს.
მან პარტიაშიც ბევრი ვინმე გადაიკიდა _ ვანო ზარდიაშვილისა და მსგავსი ტიპების დაწინაურებამ ძველი მეოცნებეები გააღიზიანა.
ახლა ზარდიაშვილი „ოცნებიდან“ და პოლიტიკიდან გაძევებულია, თან სრულიად დისკრედიტებულია. სალომე ზურაბიშვილიც შეიძლება ასე დისკრედიტებული გაუშვან.
სამაგიეროდ, აქტიურად მიდის გიორგი გახარას გაწმენდის პროცესი. ალბათ ჩვენი მკითხველიც შეამჩნევდა, რომ მას „თვალთხარიასაც“ კი აღარ ეძახიან. 20 ივნისის ღამეზე შინაურულ წრეში ამბობენ, რომ სროლის ბრძანება არა მან, არამედ ანზორ ჩუბინიძემ გასცა.
დავითგარეჯის თემაზე აზერბაიჯანში გახარიას წასვლას დიდი ჟრიამული მოყვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის _ ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ეს ფეისბუქ-ყიჟინა ტროლებმა დასცხეს _ ტროლებმა, რომლებსაც ის საკმაოდ დიდ თანხას უხდის.
ხალხის განწყობა გახარიასთან მიმართებით ჯერ არ გამოკვეთილა. გაუმჯობესება არ ჩანს, ამიტომაც განიხილება ივანიშვილის სიის პირველნომრობა.

შორენა მარსაგიშვილი