თსუ-ს სკანდალური აუდიტი

ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული აუდიტის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ განათლების სამინისტროს განგაშის ზარი შემოეკრა, ისეთი მდუმარებაა, თითქოს შემოწმება სამტრედიის ვაგზლისპირა ჯიხურს ჩაუტარდა. ამ საქმით არ დაინტერესებულა არც პროკურატურა და დიდად _ არც მასმედია. ეს ფაქტი მით უფრო სამწუხაროა, რომ საკითხი მომავალი თაობის განათლების კერას ეხება.

„ქრონიკა+“-ის მკითხველს არ ეგონოს, რომ თემას მხოლოდ გავაშუქებთ და ყველაფერი ამით მორჩება. ვეცდებით, თითოეულ პუნქტს ბოლომდე მივყვეთ.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით თსუ-მ ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო ექვსმა პრეტენდენტმა. მათ ვაჭრობის შედეგად დააფიქსირეს სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: „დაგი“ – 1571 ათასი ლარი, „ტრანსმშენი“ – 1449 ათასი ლარი, „აისი“ – 1378 ათასი ლარი, „კომპანიონი“ – 1335 ათასი ლარი, „დამბა“ – 1296 ათასი ლარი, „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ – 1283 ათასი ლარი.
მოცემულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი (სატენდერო წინადადების დაზუსტების შემდეგ) დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. შედეგად, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დამბა“, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. დისკვალიფიცირებულ პრეტენდენტს _ „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას საქართველოში“, გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა 500 მლნ.-ზე მეტი რუბლის შესრულებული სამუშაოების დოკუმენტები, რაც იმ დროს არსებული ოფიციალური კურსის მიხედვით, 17 მლნ. ლარს აღემატებოდა (სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო არანაკლებ 1.5 მლნ. ლარისა). ამასთან ერთად, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა ბევრად მეტი სირთულის სამუშაოებზე, ვიდრე მოთხოვნილი (შიდა სარემონტო სამუშაოები) იყო. გარდა ამისა, იმ პერიოდისთვის კომპანიას მოგებული ჰქონდა შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი _ 5.5 მლნ. ლარის სავარაუდო ღირებულებით. მას ასევე მოგებული ჰქონდა სსიპ _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით _ 628 ათასი ლარი, რომელიც მოიცავდა შიდა სარემონტო სამუშაოებსაც. შესაბამისად, გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ დაუსაბუთებელია.
(ის, რომ „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“, ანუ რუსული ნავთობის წარმომადგენლობა საქართველოში სამთავრობო ტედნერებში ზის და დაცვის პოლიციისა და მუნიციპალიტეტების ტენდერებს იგებს, ეს ცალკე საკითხია. უფრო პოლიტიკური, ალბათ!)
ჩატარებული აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული სამუშაოები სრული მოცულობით შეასრულა არა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „დამბამ“, არამედ ქვეკონტრაქტორმა, რომელიც დაფუძნებულია ტენდერის გამოცხადებამდე 3 თვით ადრე. ახლა დაუკვირდით, თსუ-ს მიერ გამოცხადებული ტენდერის მოგებამდე შპს „დამბა“ ხელშეკრულებას დებს ქვეკონტრაქტორთან, რომელიც ტენდერის გამოცხადებამდე 3 თვით ადრე იხსნება. ანუ იცოდნენ, რომ „დამბა“ ტენდერს მოიგებდა? არ დაგავიწყდეთ, სახელმწიფო უნივერსიტეტზეა საუბარი. ეს კი უკვე აუდიტის კი არა, პროკურატურის თემაა. სამი თვის ჩამოყალიბებულ, სამუშაოების ფაქტობრივ შემსრულებელ კომპანიას არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა და შპს „დამბას“ მიერ წარდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, სატენდერო წინადადების დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტთან მიმართებით შპს „დამბისთვის“ უპირატესობის მინიჭება ამ თვალსაზრისითაც მიზანშეუწონელი გადაწყვეტილებაა.
თან, სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო განსაზღვრული სამუშაოების შესრულების პროცესში ქვეკონტრაქტორების გამოყენების პირობები, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მექანიზმები.
მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით თსუ-მ ტენდერი გამოაცხადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით _ 5829 ათასი ლარი. პროექტის განსახორციელებლად შეირჩა სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროექტირება-მშენებლობის _ ე. წ. Design-Build (DB) მეთოდი. შესყიდვის მთლიანი მოცულობა შედგებოდა ორი ნაწილისგან: მომსახურებების შესყიდვა და უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. მომსახურებების შესყიდვა მოიცავდა ოთხ კომპონენტს: შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და მასზე დასკვნის მომზადება; აუცილებლობის შემთხვევაში შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის საფუძველზე სათანადო პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ყველა აუცილებელი შეთანხმებისა და ნებართვის აღება შესაბამისი სამსახურებიდან. სამშენებლო სამუშაოები მოიცავდა ფასადის, გადახურვის, სანტექნიკური კვანძისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს.
ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა, რომელმაც სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები დააფიქსირა: შპს „თბილი სახლი“ – 5829 ათასი ლარი, შპს „იკორთა 2007“ – 5546 ათასი ლარი, შპს „დიკა 2010“ – 5192 ათასი ლარი. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დიკა 2010“, რომელთანაც 2018 წლის 3 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება #430/06, ღირებულებით 5191 ათასი ლარი. შპს „დიკა 2010-ის“ მიერ სისტემაში ატვირთული საწყისი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, ჯამური ღირებულება შეადგენდა 5422 ათას ლარს, მათ შორის, მომსახურებების ჯამური ღირებულება _ 135.0 ათას ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების ღირებულება _ 5,287.9 ათას ლარს. საბოლოო შეთავაზებული ფასის (5,192.0 ათასი ლარი) შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების შემდეგ, 37 მომსახურებების ჯამური ღირებულება გაიზარდა 385 ათას ლარამდე (სამშენებლო სამუშაოების ღირებულების შემცირების ხარჯზე), რაც ვერ დასაბუთდა. წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ აღნიშნული მომსახურებები შესრულებული იყო არა უშუალოდ კონტრაქტორის (შპს „დიკა 2010“), არამედ ქვეკონტრაქტორების (ორი სხვადასხვა კომპანიის) მიერ. მათ შორის, შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე დასკვნის მომსახურებაზე ქვეკონტრაქტორის მიერ გაცემულია უარყოფითი დასკვნა, რომლითაც გაცემულია რეკომენდაციები როგორც შენობის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარებაზე, ასევე აღდგენა-გამაგრებითი პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შემუშავებაზე. სად არის ეს უარყოფითი დასკვნა?! საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარებისა და პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შემუშავების შემდეგ, კონტრაქტორის დაკვეთით მეორე ქვეკონტრაქტორის მიერ შედგენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მშენებლობის ორგანიზაციის პროექტით (მოპ) განსაზღვრული იყო სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით გათვალისწინებული იყო კონსტრუქციების (მათ შორის, საძირკვლების) გამაგრების სამუშაოები. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვაც პროექტის განხორციელებას კონსტრუქციების (მათ შორის, საძირკვლების) გამაგრების სამუშაოების დაწყებით ითვალისწინებდა. ამის შემდგომ ზემოაღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები ისე დაიწყო, რომ კონსტრუქციებისა და საძირკვლების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარებულა. და რა გამოდის ახლა, რომ სტუდენტებს გაუმაგრებელი შენობა თავზე უნდა ჩამოენგრეთ?! აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დასრულებული იყო მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდება, რაც თსუ-ს სრულად ჰქონდა გადახდილი (385 ათასი ლარი). სამშენებლო სამუშაოები შემოწმების ეტაპისთვის დამთავრებული არ იყო. აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გამოვლინდა რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველი გარემოებები, რომელიც განაპირობა პროექტის განხორციელების ზემოაღნიშნული მეთოდის გამოყენებამ.
როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო სამუშაოები ერთმა კონტრაქტორმა უნდა განახორციელოს. ტენდერის გამოცხადებისას, საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოების სწორად განფასება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრა. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ დაითვალეს ბაზრის კვლევის ეტაპზე და სატენდერო წინადადების წარდგენისას კომპანიების მიერ მიწოდებული ფასები? ასეთ შემთხვევებში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზე და დაზღვევის მიზნით, შესაძლოა, მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება).
შემოწმებით გაირკვა, რომ საპროექტო ხარჯთაღრიცხვის შრომის ანაზღაურების ხარჯების განყოფილებაში ერთეული კაც-საათების ღირებულებები არ შეესაბამება ქვეყანაში საყოველთაოდ მიღებულ კანონს. ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ერთეული კაც-საათების ღირებულებები არაადეკვატურად მაღალია და ცალკეულ შემთხვევებში შეადგენს 120-150 ლარს კაც-საათზე. აღსანიშნავია, რომ ხარჯთაღრიცხვის თითოეულ კომპონენტზე მითითებულია, რომ „ხარჯთაღრიცხვა შედგენილია 2018 წლის მიმდინარე ფასებით“, რაც არ შეესაბამება რეალობას. თითოეული გაზრდილი ღირებულების პოზიციის მიხედვით თანხების დათვლისა და მეთოდური ცნობარის შესაბამისად გაანგარიშებულ ფასებთან შედარებით ვიღებთ მნიშვნელოვან სხვაობებს.
ზემოაღნიშნული გარემოებების შედეგად თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ღირებულება გაზრდილია ჯამურად, დაახლოებით, 1 116,3 ათასი ლარით (225.8 ათასი ლარით მომსახურებების ნაწილში + 890.5 ათასი ლარით სამუშაოების ნაწილში), რამაც შექმნა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის პირობები.
წიგნების შესყიდვაზე გადავიდეთ. ეს, საერთოდ, ნონსენსია! თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13 538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23 829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ-ის ბიბლიოთეკაში განთავსება. წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს. ზემოაღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა). ამასთანავე, შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.
შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი ამავდროულად წარმოადგენდა შემსყიდველს (თსუ-ს რექტორს) და მოცემული შესყიდვის ინიციატორს. ამასთანავე, შესყიდვაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს (თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და მიმწოდებელს (რექტორი) შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო მონაწილეობა შესყიდვის განხორციელებაში. თსუ-ის რექტორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მიწერილი ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა ზეგავლენა, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა.
ავეჯის შესყიდვის ტენდერში ინდმეწარმემ გაიმარჯვა. სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი ავეჯის შესყიდვის მიზნით თსუ-მ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გარეშე. ბაზრის კვლევის ეტაპზე ინფორმაცია მიწოდებულ იქნა ორი კომპანიის მიერ: შპს „კომფორტი 2006“ _ 73.7 ათასი ლარი და შპს „საქართველოს კარიტასი“ _ 136.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პრეტენდენტმა, რომელმაც დააფიქსირა სატენდერო წინადადების შემდეგი ფასები: შპს „ჯეო+“ _ 62.3 ათასი ლარი; შპს „ტიფანი“ _ 67.7 ათასი ლარი; ი/მ გიორგი მინაძე _ 73.8 ათასი ლარი; შპს „ნივე ჯგუფი“ _ 74.4 ათასი ლარი. სატენდერო წინადადების დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი („შპს ჯეო+“) დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ მან შესთავაზა შპს „ჯეო გრუპის“ მიერ დამზადებული ავეჯი, ხოლო წარდგენილი ჰქონდა საკუთარი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (მწარმოებლის მოთხოვნილი იყო). მოტივად ასევე გამოყენებულ იქნა ის გარემოება, რომ ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები სატენდერო დოკუმენტაციით არ იყო დაფიქსირებული (მიუხედავად იმისა, რომ არც შესყიდვების კანონმდებლობით და არც სატენდერო დოკუმენტაციით ქვეკონტრაქტორის გამოყენების უფლება შეზღუდული არ გახლდათ).
სატენდერო წინადადების შემდეგი დაბალი ფასის მქონე შპს „ტიფანი“ დისკვალიფიცირებულ იქნა იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი არასრულყოფილად ჩაითვალა. შედეგად, გამარჯვებულად გამოცხადდა ი/მ გიორგი მინაძე, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. ზემოაღნიშნული შესყიდვის განხორციელების პროცესში გათვალისწინებული არ არის კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის ვალდებულება. კერძოდ, გაურკვეველია, თუ რომელ მონაცემს ეფუძნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (85.9 ათასი ლარი) მაშინ, როცა ბაზრის კვლევის ეტაპზე მიღებულ იქნა მხოლოდ ორი პოტენციური მიმწოდებლის ფასები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავებულია როგორც ერთმანეთისგან, ისე სავარაუდო ღირებულებისგან.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თამარ როსტიაშვილი