ლაშა ხუსკივაძე: „2020 წლის არჩევნებზე ახალგაზრდები თავიანთ სათქმელს იტყვიან“

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და უკვე 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად პროპორციული სისტემით დასთანხმდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალგაზრდული პროტესტის შედეგია. ახალგაზრდებს რომ დიდი ძალა აქვთ, ეს არაერთხელ დადასტურებულა. ჯანსაღ პროტესტსა და ახალგაზრდულ მოძრაობებს აქვთ რესურსი, შეცვალონ პოლიტიკური მოცემულობა. ამ კუთხით გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.

რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან ახალგაზრდები „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში? რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და რას დაუპირისპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ მთავარ მესიჯს: „არა ნაცებს, არა ბოროტებას?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „თავისუფალი ზონის“ წევრ ლაშა ხუსკივაძეს ესაუბრა:

_ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, „ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო“ ქმედებებში დაადანაშაულა. იზიარებთ თუ არა მის ამ განცხადებას და რამდენად მომგებიანი სვლა იყო ეს სააკაშვილის მხრიდან?
_ მიშა სააკაშვილს არავისთან სჭირდება რამის მტკიცება იმ საქმეებიდან გამომდინარე, რაც მან ამ მიმართულებით გააკეთა. სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველია, ვინც ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტი საქმე გააკეთა. სააკაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში, დაახლოებით, 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი ააშენა და აღადგინა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მისი ნებითა და ჩართულობით ხდებოდა. მხოლოდ ბაგრატის ტაძარი და მოწამეთა რად ღირს, მსგავსი უამრავია და ასე რომ მივყვეთ, ჩამოვთვალოთ რეაბილიტირებული ეკლესიები, კულტურული ძეგლები, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ფართო მასშტაბს მოიცავს. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას ბოკერიასთან დაკავშირებით, არ ვფიქრობ, რომ ამით ტრაგედია მოხდა. მას ჰკითხეს, თუ რა განასხვავებდა გიგა ბოკერიასგან და სააკაშვილმაც ერთ-ერთი კომპონენტი დაასახელა. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მათ, შესაძლოა, საერთო ხედვებიც ჰქონდეთ. სააკაშვილის ამ განცხადებამ პოლიტიკურ პროცესებზე არანაირი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს, არც დადებითი კუთხით და არც _ უარყოფითით.
_ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ, განაცხადა, რომ „სააკაშვილს უნდა, ნიშა წაგვართვას“. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? ხომ არ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი თავისი განცხადებით არათანმიმდევრულია?
_ სააკაშვილს ამ მესიჯით არ უთქვამს ისეთი რამ, რაც აქამდე არ ვიცოდით. „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებები ჩემთვის არასერიოზულია, ის, რომ მიშას უნდა, მათ ნიშა წაართვას, ამის არავის არ სჯერა. თუ ვინმეს აბნევს ის ფაქტი, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ შეუძლია აქციების ორგანიზება და მათ გარკვეული ძალა აქვთ, ეს სრული აბსურდია, რადგან მათზე ხელისუფლება მუშაობს და სწორედ ხელისუფლების მეშვეობით ახერხებენ ისინი აქციების ორგანიზებას. რაც შეეხება სააკაშვილის მიდგომებს, მას ასეთი დამოკიდებულება ყოველთვის ჰქონდა სარწმუნეობისა და ტრადიციების მიმართ, უბრალოდ, ამის აფიშირებას არ ახდენდა. ზოგადად, რწმენა ის საკითხია, თუ არ გკითხეს, არ არის მიზანშეწონილი ამაზე საუბარი. მიშაც ასე მოიქცა, _ როდესაც ჰკითხეს, უპასუხა კიდეც, მანამდე კი თავისი საქციელით გვანახებდა ყველა მის დამოკიდებულებას რელიგიის მიმართ. .
_ როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის ელექტორატში აქტიურად განიხილება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. როგორ ფიქრობთ, რა როლს ითამაშებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში და რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჩამოსვლა 2020 წლის არჩევნებამდე?
_ ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩამოვიდეს, რადგან მისი ჩართულობა საარჩევნო და ზოგადად პოლიტიკურ პროცესში საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის ჩემი პირადი სურვილი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის სამშობლოში დაბრუნდეს, რომლის მიმართაც არცთუ ისე მცირე ამაგი აქვს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველში განიხილება, დიახ ეს ასეა, ამომრჩეველში აზრთა სხვადასხვაობაა, _ ნაწილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დაბრუნდეს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში მას საფრთხე დაემუქრება. უამრავი მაგალითი გვაქვს ისტორიაში, თუ როგორ მოექცნენ დევნილ პრეზიდენტებს, ამ შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას ვგულისხმობ, შესაბამისად, ამომრჩეველი ნერვიულობს სააკაშვილის უსაფრთხოების საკითხზე მისი დაბრუნების შემთხვევაში. სააკაშვილის ჩამოსვლა დაკავშირებულია ხალხის მხარდაჭერაზე, რომელიც დღითი დღე იზრდება თუ სათანადო მხარდაჭერა იქნება, ის აუცილებლად ჩამოვა, მათ შორის, არჩევნებამდეც. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობდა წარსულში სააკაშვილი, ახლა მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ის. სააკაშვილი მუშაობს სხვადასხვა ჯგუფთან, მათ შორის, ეს ჯგუფები დიდწილად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, განიხილავენ უამრავ სამომავლო გეგმას და ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა აუცილებლად წავა წინ. სწორედ ეს არის მიშა სააკაშვილის ამოცანა. მან ერთხელ უკვე შეძლო, როცა ჭაობში ჩავარდნილი ქვეყანა გაიყვანა ნაპირზე და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას მომავალშიც აუცილებლად შეძლებს, მთავარია, ქართველმა ხალხმა აუნთოს მწვანე შუქი ქვეყანაში და ხელისუფლებაში დაბრნებაზე. ამის შემდეგ ის აუცილებლად გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ვერ მოასწრო.
_ აღნიშნეთ, რომ მთავარია, მწვანე შუქი ქართველმა ხალხმა აუნთოს, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მას ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. ამ მოცემულობაში მხოლოდ ხალხის მხარდაჭერა ხომ ვერ იქნება გადამწყვეტი, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი?
_ მიშა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც, არ გამოვრიცხავ, მხოლოდ პატიმრობით არ შემოიფარგლება. თუმცა როდესაც ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ეს საკითხი არ საჭიროებს ჩაღრმავებას და ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ. ივანიშვილს მხოლოდ ხალხის ეშინია, თუ ხალხი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და მას დაუდგება გვერდით პოლიტიკურ საქმიანობაში, სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. შემდეგ უკვე ქართველი ხალხი გადაწყვეტს, იქნება თუ არა სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ და ჩემი დიდი სურვილიც არის, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ქვეყანას წაადგება _ ეს არის მიხეილ სააკაშვილის სრულფასოვანი დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, „ქართული ოცნება“ ჩვეულ სტილში დაიწყებს საარჩევნო კამპანიას: „არა ნაცებს, არა ბოროტებას“, რა იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი ამის საპირწონედ?
_ ეს არა მხოლოდ ექსპერტების ვარაუდია, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გახსნა ეს ფრონტის ხაზი. ისევ და ისევ ქართველი ამომრჩევლის იმედი მაქვს. უკვე ძალიან მოსაბეზრებელია საზოგადოებისთვის „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი, როცა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელს ახსენებენ მოსახლეობას მუდმივად. ქართველმა ხალხმა უკვე ძალიან კარგად შეადარა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელი „ქართული ოცნების“ – 8 წელს. დაინახა, რა არის სწორი და არასწორი. ამომრჩეველმა შავისა და თეთრის გარჩევა ისწავლა. ხელისუფლებას მეტი ფანტაზია არ ჰყოფნის და ამ უუნარო მესიჯბოქსის გამოყენებას ცდილობს, მაგრამ არ მგონია, ამან ქართველ ამომრჩეველზე საერთოდ რაიმე გავლენა მოახდინოს, მას მობეზრდა ეს ნარატივი. „ქართული ოცნების“ ეს ხაზი აუცილებლად განიცდის კრახს და ჩვენ ამას წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისშივე ვნახავთ. სამართლიანი კენჭისყრის პირობებში კი „ქართულ ოცნებას“ დიდ კონკურენტად არ განვიხილავთ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ყველა შესაძლო სვლა ამოწურა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ აყალბებენ არჩევნებს, ვისწავლეთ რა უნდა დავუპირისპიროთ მათი გაყალბების ხერხებს და ამიტომ თუ ხელი წაუცდება „ქართულ ოცნებას“ და კვლავ ძველი მეთოდებით გააგრძელებს არჩევნებზე ბრძოლას, შესაბამის პასუხს მიიღებს.
_ აღნიშნეთ, რომ ისწავლეთ, რა უნდა დაუპირისპიროთ „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობას, რას დაუპირისპირებთ?
_ ამას საიდუმლოდ დავიტოვებ.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისში რა როლი აქვს ახალგაზრდებს და რა კუთხით უნდა ჩაერთონ ისინი?
_ ახალგაზრდები ამ პროცესებში მაქსიმალურად ჩაერთვებიან. შეიძლება ითქვას, ამ დროის განმავლობაში ჩვენ გენერალური რეპეტიციები გავიარეთ. ზოგადად, ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიებში ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულები და გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთული არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე ახალგაზრდები თავიანთ სათქმელს იტყვიან. ამაზე მუშაობა დაწყებულია და არსად შემხვედრია ამდენი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა, რამდენიც ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიაში აპირებს ჩართვას. სწორედ „ქრონიკა+“-თან მიცემულ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ ზვავივით გადაუვლის ახალგაზრდული პროტესტი ივანიშვილს და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ეს ასეც მოხდა, მაგრამ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ახალგაზრდების მედგრად ყოფნა მართლაც კლდესავით დაუდგება წინ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. დარწმუნებული ვარ და გპირდებით, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ამ არჩევნებზე უპრეცედენტოდ დიდი იქნება, როგორც რაოდენობრივი თვალსაზრისით, ასევე _ ინტელექტუალურად.

ნენე ინჯგია