გოგიტა დალაქიშვილი: „საგამოძიებო უწყებისგან სკანდალური აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას ვითხოვ“

ჩვენი მრავლისმნახველი საზოგადოება შესაძლოა, კიდევ ერთი პოლიტიკური სკანდალის მომსწრე გახდეს. სამოქალაქო აქტივისტი, გოგიტა დალაქიშვილი, პროკურატურისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, იგი საგამოძიებო უწყებისგან იმ ჩანაწერის გასაჯაროებას მოითხოვს, რომელიც მან გამომძიებლებს გადასცა.
დალაქიშვილი „ქრონიკა+“-სთან განმარტავს, რომ ამ ჩანაწერში „ოცნების“ მეტად გავლენიანი ჩინოსანი ფიგურირებს. ეს უკანასკნელი ბიზნესმენს რაღაცის სანაცვლოდ „დაკრიშვას“ სთავაზობს.

რატომ მოითხოვა ფირის გასაჯაროება დალაქიშვილმა? იცის თუ არა მაღალჩინოსანზე ბიძინა ივანიშვილმა? რატომ უნდა შეიკავონ თავი მოქალაქეებმა ამ ეტაპზე ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობისგან? _ ამის შესახებ თავად გოგიტა დალაქიშვილი გვესაუბრება:

_ გოგიტა, თქვენ ჩვენთან პირად საუბარში თქვით, რომ აპირებთ, პროკურატურას იმ სკანდალური ფირის გასაჯაროება მოსთხოვოთ, რომელიც მას თავად გადაეცით. აქამდე ამ ფირის გასაჯაროება არ მოგითხოვიათ, ახლა რატომ ითხოვთ?
_ მოსამართლეების ქმედებები და შერჩევითი სამართალი ჩემში ძალიან დიდ პროტესტს იწვევს. ეს უსამართლო სასამართლო მეც შემეხო და ამიტომ ვითხოვ პროკურატურისგან იმ სკანდალური ჩანაწერის გასაჯაროებას.
ილია ჯიშკარიანის საქმეს ყველა ადევნებთ თვალყურს. მისთვის აღმკვეთ ღონისძებად პროკურატურამ 10.000-ლარიანი გირაო მოითხოვა და ეს მოთხოვნა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მყისიერად დაუკმაყოფილა.
ეს მოსამართლე ცნობილია იმით, რომ პროკურატურის ყურმოჭრილი მონაა. თან ერთი ყური კი არ აქვს მოჭრილი, არამედ _ ორივე. როცა დაკავებული ვიყავი, ამას ბადრაგიც მეუბნებოდა, _ არსენ კალატოზიშვილი და გიორგი კერატაშვილი თუ შეგხვდებიან, გამორიცხულია, აღმკვეთი შეგიცვალონ ან წინასწარი პატიმრობა არ შეგიფარდონო.
პირველი აღმკვეთი ღონისძიება რომ ჩაინიშნა, არსენ კალატოზიშვილი შემხვდა, რომელმაც არც კი მომისმინა, პირდაპირ ჩაქუჩი დაარტყა და უაპელაციოდ მომისაჯა ორთვიანი პატიმრობა.
ამ დღეებში იგივე მოსამართლემ გაცილებით მძიმე ბრალდებაზე _ ძალადობა-გაუპატიურების მცდელობაზე (არავის ვუსურვებ, ასეთი რამე მოუვიდეს) 10.000-ლარიანი გირაოთი გაათავსუფლა საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი.
მე კი იმის გამო დავისაჯე, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მამხილებელი ჩანაწერი ჩამივარდა ხელთ. ეს ადამიანი „ქართულ ოცნებაში“ დღემდეა წარმოდგენილი მაღალ პოსტზე.
რადგან ასეთ მძიმე დამნაშავეებს გირაოს სანაცვლოდ ასე უპრობლემოდ ათავისუფლებენ, პროკურატურისგან მოვითხოვ, რომ ეს ჩანაწერი გაასაჯაროონ.
ხალხმა უნდა გაიგოს, თუ რატომ დავისაჯე სინამდვილეში და რატომ გამომამწყვდიეს ციხეში. ამ სასჯელის ქვეშ დღემდე ვიმყოფები _ პირობითი მაქვს.
ამ აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ საზოგადოება ნათლად დაინახავს, ვინ არის დამნაშავე და ვინ რას წარმოადგენს.
კარგად მესმის, რომ ჩანაწერის გასაჯაროება შეიძლება გაუჭირდეთ, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ. ადრე თუ გვიან, ეს ინფორმაცია მაინც გაჟონავს და „ოცნება“ დიდ სკანდალში გაეხვევა.
_ ამბობთ, შეიძლება, გაუჭირდეთ გასაჯაროებაო და, ალბათ, სერიოზულ ფიგურაზეა საუბარი?
_ საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ფიგურაა. შეიძლება ვთქვათ, რომ „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია. ამ ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ „ოცნების“ სხვა ლიდერებსაც შეიძლება შეეშინდეთ, რომლებიც რეკეტით და გამოძალვით არიან დაკავებული.
პროკურატურამ კეთილი ინებოს, გაასაჯაროოს ფირი და საზოგადოებას სიმართლე მიაწოდოს. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს.
_ თავად ამ გვარს არ დაასახელებთ?
_ არა, მე არ დავასახელებ! ჩემს ადვოკატს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და რაღაცებზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს. ეს ჩანაწერი პროკურატურამ გაასაჯაროვოს. ვიმეორებ: საქმე მაღალჩინოსანს ეხება.
_ მაღალჩინოსანიო, თქვით და ამ ჩანაწერის შესახებ ბიძინა ივანიშვილი თუ არის საქმის კურსში? მან თუ იცის, რომ ესა და ეს ჩინოსანი ბიზნესმენს „დაკრიშვის“ სანაცვლოდ ფულს სთხოვდა?
_ დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსშია, მან ყველაფერი კარგად იცის. შეიძლება, მან ეს ჩანაწერიც მოისმინა.
_ ამას ვარაუდის დონეზე ამბობთ, თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ?
_ წინა ინტერვიუში მოგახსენეთ, რომ ჩანაწერი, რომელიც ხელთ ჩამივარდა, პროკურატურაში მივიტანე. შემხებლობა და საუბარი მქონდა პროკურორ ეჟიშვილთან.
როდესაც ფირი გადავეცი, ვკითხე, თუ რა ბედი ეწეოდა ამ ჩანაწერს? მან მითხრა, რომ საგამოძიებო უწყებისთვის ეს ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მან ასევე მითხრა, რომ ამაზე რეაგირება იქნებოდა.
ჩვენ შორის რომ ასეთი საუბარი შედგა, ამაზე ჩემი და პროკურორის ძმის საუბრის ჩანაწერიც მეტყველებს. კმაყოფილი ვიქნები, თუ პროკურატურა ამ ჩანაწერსაც გაასაჯაროებს. ხომ მაბრალებდნენ, თითქოს, პროკურატურას ფულს ვძალავდი, ნახავენ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.
_ ისევ ივანიშვილის ინფორმირებულობას დავუბრუნდები: საიდან დაასკვენით, რომ ამის შესახებ „ოცნების“ ლიდერი ინფორმირებულია. პროკურორს ენდობით სიტყვაზე?
_ რადგანაც საუბარი მაღალჩინოსანზეა, პროკურატურაში ვიკითხე, რამდენად იქნებოდნენ ამის შესახებ ინფორმირებული პარტიის ლიდერები. მათ მითხრეს, რომ პარტიის ლიდერები ამის შესახებ გაიგებდნენ.
ეს ჩანაწერი იმდენად მამხილებელია, რომ მას პროკურატურა, უბრალოდ, ვერ დამალავდა. პროკურორმა პირადად მითხრა, რომ ეს ამბავი ბიძინა ივანიშვილს ეცოდინებოდა.
ასე დავშორდით ერთმანეთს და მერე დაგეგმეს სპეცოპერაცია ჩემი, ანუ იმ ადამიანის დასაკავებლად, ვინც ეს ჩანაწერი პროკურატურაში მიიტანა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ამბავი ივანიშვილის ყურამდე მისულია?
_ დარწმუნებული ვარ. ეს ამბავი „ოცნების“ ლიდერმა იცის, ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს, რაზეც ახლა არ ვისაუბრებ.
_ თქვენ „ოცნებაში“ ნაცნობები გყავთ. არ გიცდიათ, დაკავებამდე გენახათ ივანიშვილი და პირადად მისთვის გადაგეცათ ეს ფირი, ანდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ არ გინდოდათ მისი ნახვა?
_ არასდროს მიცდია მასთან შეხვედრა. არ მიმაჩნდა, რომ ისეთ სიმაღლეებზე ვიყავი, რომ მასთან მესაუბრა. გარდა ამისა, იყო პროკურატურა. ისე მოვიქეცი, როგორც კანონმორჩილი ადამიანი _ ეს სკანდალური ფირი საგამოძიებო უწყებას გადავეცი.
ერთი გზა მქონდა, რომლითაც შემეძლო, ივანიშვილამდე მიმეტანა ეს ამბავი: პრესკონფერენციას ჩავატარებდი და მედიას ჩანაწერს წარვუდგენდი. გარწმუნებთ, ამას დიდი სკანდალი მოყვებოდა.
_ ეს რატომ არ გააკეთეთ, ასე ბრმად გჯეროდათ პროკურატურის?
_ მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოდი. ამ ბრძოლაში იმ ხალხთან ერთად ვიყავი, ვინც დღეს „ოცნებაშია“. ადამიანური თვალსაზრისით ჩემი ქმედება გაუმართლებელი იქნებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე პროკურატურაში წასვლა.
ახლა ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი. მაშინვე მედიისთვის უნდა მიმემართა. როცა პროკურატურაში მივდიოდი, მჯეროდა, რომ საქმეს გამოიძიებდნენ და არც ივანიშვილს დაუმალავდნენ ამას.
_ თუ მაინც დაუმალეს ეს ამბავი?
_ რაღაც გარემოებები მაფიქრებინებს, რომ მან ამ ამბის შესახებ იცის. თუ დაუმალეს, ეგ უარესი პროკურატურისთვის. ადრე თუ გვიან, ივანიშვლი ამის შესახებ მაინც გაიგებს. რატომღაც, მგონია, რომ მან ყველაფერი იცის.
მინდა, ყველა ადამიანს მივმართო: ვისაც რაიმე სკანდალური ჩანაწერი ჩაუვარდება ხელთ, არ მიაკითხონ პროკურატურას! იქ შეიძლება, თავად თქვენ დაისაჯოთ, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა.
ამ ეტაპზე ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობა არ ღირს. ყველამ ვნახეთ, თუ როგორ გაიტაცეს პოლიციელებმა მოქალაქე, რომელიც კრიმინალებს გადასცეს. კრიმინალებმა ის მოკლეს.
აი, ასეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. ასეთ ვითარებაში სიმართლის პოვნა ძნელია.

შორენა მარსაგიშვილი