დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი ქართველი ხალხი იქნება“

პარლამენტის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ, „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს პარტიიდან გაძევება გასულ წელს უწინასწარმეტყველა. ახალმა სახეებმა, რომლებსაც შარშან პარლამენტის სადავეები ხელთ ეპყრათ, თავიდან დავით ჭიჭინაძე პარტიიდან მოკვეთეს, მაგრამ ამან წინასწარმეტყველების აღსრულება ვერ შეაჩერა.
დავით „წინასწარმეტყველის“ ერთ-ერთი მთავარი ვიზავი ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი იყვნენ. ერთი პარლამენტის სპიკერობიდან გაუშვეს, მეორეს კი პარლამენტი დაატოვებინეს და როგორც ჭიჭინაძე „ქრონიკა+“-სთან ამბობს, მას პოლიტიკაზეც კი აუკრძალეს ლაპარაკი.

რა ხდება მმართველი გუნდის კულუარებში? რატომ ასუსტებენ კალაძის კლანს? რატომ აიღო პარტიის მართვის სადავეები ხელში მთლიანად ბიძინა ივანიშვილმა? რა ულტიმატუმი წაუყენეს ვანო ზარდიაშვილს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ესაუბრება:

_ წელიწად-ნახევრის წინ, როცა თქვენ „ოცნებიდან“ მოგიწიათ წამოსვლა, თუ ფიქრობდით, რომ ამ გუნდში მოხდებოდა ის, რაც მოხდა? ამას კი ვარაუდობდით, მაგრამ გულწრფელად გჯეროდათ, რომ ამ ახალ სახეებს, რომელსაც კოლექტიური ზარდიაშვილები უწოდეთ, ასე შეუკვეცდნენ უფლებებს, თუ ეს ცხელ გულზე ნათქვამი იყო?
_ პოლიტიკას თავისი დაუწერელი კანონები აქვს. ამ კანონთან წინააღმდეგოობაში მოსვლას როცა იწყებ, თავიდანვე მარცხისთვის ხარ განწირული. ეს კანონები მრავალი წელია, არსებობს და მათი დაცვა ყველას უწევს. პოლიტიკოსის წარმატებას ასევე ხშირად განსაზღვრავს, თუ რა ფორმის ურთიერთობა აქვს მას ხალხთან.
კოლექტიური ზარდიაშვილების ფრთა ყოველთვის იგნორირებას უკეთებდა ხალხის ინტერესებს. ისინი უარს ამბობდნენ ყოფილიყვნენ ხალხის მსახურნი. ისინი კონკრეტული ადამიანების მსახურებაზე იყვნენ გადასული. ისინი იმდენად გამაღიზიანებლად იქცეოდნენ თავიანთ კოლეგებთან ურთიერთობაშიც კი, რომ ეს შედეგი გარდაუვალი იყო.
ჩემი პროგნოზი იმ შემთხვევაშიც გამართლდებოდა, თუკი მათ „ოცნებაში“ განსაკუთრებული, მითიური როლი ექნებოდათ.
ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს შეუცვლელი ადამიანები იყვნენ. თავადაც ეგონათ, რომ რაღაცას წარმოადგენდნენ. საკმაოდ მალე შეცვალეს ისინი.
მე პირადული არასდროს მამოძრავებდა და ყოველთვის იმ ხალხის განწყობას ვაჟღერებდი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. ამ პერსონების მიმართ რასაც ვამბობდი, ეს იყო ამომრჩევლის პოზიცია. ასე ფიქრობდა ხალხი.
არ შეიძლება, დეპუტატი ხალხის განწყობას არ გამოხატავდეს და ისეთი იყოს, როგორებიც ისინი იყვნენ. ამიტომაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ასე სევდიანად დასრულდებოდა კოლექტიური ზარდიაშვილების პოლიტიკური მომავალი.
_ მარტო ხალხისა და კოლეგებისადმი აგდებულმა დამოკიდებულებამ დაუსვა წერტილი მათ პოლიტიკურ მომავალს?
_ მარტო ეს არ ყოფილა მიზეზი. ამ ადამიანებმა ლოკალური დაპირისპირების დროს ავანტიურისტულ და შანტაჟის გზას მიმართეს.
თავიანთი ვითომ მითიური სიმრავლით და ვითომ ერთობით იფიქრეს, რომ რაღაც ძალას წარმოადგენდნენ. ვეღარ მოზომეს და ისეთ აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, რომელსაც მათ არავინ აპატიებდა.
სად გაგონილა ისეთი ამბავი, რომ პოლიტიკური პარტია სულ სხვა ხალხის მიერ იყოს შექმნილი და სხვა ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს? კოლექტიურმა ზარდიაშვილებმა მოინდომეს, რომ პარტია მათ ინტერესებს მომსახურებოდა.
_ რას გულისხმობთ?
_ მათ თავიანთი შესაძლებლობები ზედმეტად შეაფასეს და დაისაჯნენ. ამიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკას თავისი დაუწერელი კანონები აქვს. პოლიტიკურ პარტიასაც თავისი კუთვნილება გააჩნია. გვერდიდან მოსული როცა ცდილობს, ამას დაეპატრონოს, ადრე თუ გვიან, წასვლა მოუწევს.
მთავარი ძალები, რომლებიც ამ პარტიას ასულდგმულებენ, საკადრის პასუხს გასცემენ მათ. ჩვენ ახლა ამ პასუხის გაცემის მომსწრენი ვართ.
_ ჯგუფი, რომელზედაც ვსაუბრობთ, საკმაოდ დიდია, ზარდიაშვილისა და კობახიძის ბედს სხვებიც თუ გაიზიარებენ?
_ ვფიქრობ, რომ გაიზიარებენ. „ქართული ოცნების“ მმართველობის მეორე ვადა დასასრულისკენ მიდის. მესამე ვადით ისინი, სავარაუდოდ, ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში. ახლა ისეთი მომენტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თუნდაც, რაღაც ტაქტიკური მოსაზრებით, ამ ადამიანებს საყოველთაო უარი უნდა უთხრას.
როდესაც ზარდიაშვილი პარლამენტიდან წავიდა, თავიდან ამბობდა, რომ პარტიაში დარჩებოდა, ახლა კი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.
_ თან დაამატა, იმედი მაქვს, არასდროს მომიწევს პოლიტიკაში დაბრუნებაო.
_ თავად ასე თქვა, მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვაგვარად არის საქმე: რამდენადაც ვიცი, მას საერთოდ აეკრძალა არათუ პოლიტიკაში დარჩენა, არამედ პოლიტიკაზე საუბარიც კი.
_ ვინ აუკრძალა?
_ ვინც პარტიას მართავს.
_ ივანიშვილს გულისხმობთ?
_ არა, ივანიშვილი ასეთ დაბალ დონეზე არ დადის. კოლექტიური ზარდიაშვილები არც თავად ეჭიდავებოდნენ ივანიშვილის სკამს. ისინი ივანიშვილის გარემოცვაში იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ ადამიანებს ეჭიდავებოდნენ, მათი ადგილის დაკავება მოინდომეს და ამ ბრძოლაში ხერხემალი გადაიმტვრიეს.
_ მაინც, ვის ეჭიდავებოდნენ, ვისთან ბრძოლაში გადაიმტვრიეს ხერხემალი _ გახარიასთან?
_ ალბათ, გიორგი გახარიასთან ბრძოლაში უფრო გადაიმტვრიეს ხერხემალი. ძალოვნებთან აპირებდნენ თავისი ძალის ჩვენებას.
დაიჯერეს, რომ მოსამართლეების თემა მათი შექმნილია და ეგენი არიან, რაც არიან. ახალგაზრდები არიან და ხალხს არ იცნობენ, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს. თავიანთი ქმედების მსხვერპლად იქცნენ _ საკუთარი თავი უფრო ზედმეტად შეაფასეს. ეგონათ, რომ შეუცვლელები იყვნენ.
_ ლილუაშვილს რომ ულტიმატუმი წაუყენეს, ამას გულისხმობთ? ამაზე სხვა მედიასაშუალებებთანაც ისაუბრეთ. ამბობდით, რომ მათ სუსის უფროსობის კანდიდატს რაღაცის გაკეთება მოსთხოვეს და ამის სანაცვლოდ ხმის მიცემას დაჰპირდნენ.
_ მტკიცებით ფორმაში არ მითქვამს. ახლა „ქართულ ოცნებას“ ორ რამეზე სჭირდება მხარდაჭერა: ეს არის მოსამართლეების სიის დამტკიცება და სუსის ახალი უფროსის მხარდაჭერა.
სუსის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილია წარდგენილი. ეტყობა, ამ ადამიანებმა აქ მოინდომეს მხარდაჭერაში რაღაც თავისი ინტერესების გატარება და მიიღეს კიდევაც პასუხი.
_ პასუხი გახარიასგან მიიღეს თუ ლილუაშვილისგან?
_ გახარიასგან მიიღეს. მოდით, ასე ვთქვათ: დღეს გიორგი გახარია არის ის მაშველი რგოლი, რომელიც მმართველმა პარტიამ უნდა გამოიყენოს. ეს ადამიანები ყოველთვის იყვნენ მასთან დაპირისპირებულები.
ესენი კალაძის გუნდს წარმოადგენენ. მიმაჩნია, რომ პარტიაში კალაძის გუნდს ავიწროებენ და მის გავლენებს ამცირებენ.
ამაზე კარგად მეტყველებს ირაკლი ზარქუას ამბავი. ეს ადამიანი ახლა თბილისის საკრებულოს წევრია, მაგრამ „ოცნების“ საპარლამენტო სიაში იყო და ზარდიაშვილის გასვლის შემდეგ, ადგილმონაცვლეობით, მას ეკუთვნოდა პარლამენტის წევრის მანდატი. ის საკრებულოში დარჩა და პარლამენტში არ შემოვიდა.
_ საკუთარი სურვილით ვთქვი უარიო, განცხადება გაავრცელა.
_ გამორიცხულია, რომ საკუთარი სურვილით ეთქვა უარი, ეს ადამიანი პარლამენტში მოხვედრაზე ოცნებობდა, კომიტეტების სხდომებს ესწრებოდა, ჭკუასაც კი გვასწავლიდა. გია მიქელაძე გვყავს დეპუტატი პარლამენტში და ერთხელ კიდეც უთხრა ამ ზარქუას, _ კაცო, ვინა ხარ, ვერა გცნობო.
ადამიანს ასე უნდოდა პარლამენტში მოხვედრა და როცა ამის შანსი მიეცა, უარი თქვა? ეს ხომ დაუჯერებელია? მას გახარიამ ათქმევინა უარი ამაზე.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ირაკლი ზარქუა კახა კალაძის კადრია. გავიმეორებ: პარტიაში კალაძის ინტერესების შესუსტება მიდის.
_ ახლა რატომ დაიწყო კალაძის შესუსტება? რამე შეიცვალა?
_ აქამდე სხვა ვითარება იყო, აქამდე კოლექტიურ ზარდიაშვილებს ზედმეტი არ მოსვლიათ. აქამდე არჩევნები ასე ახლოს არ იყო.
იმ შემთხვევაში, თუ კალაძეს პარტიაში ასეთ მდგომარეობას დაუტოვებენ, მაშინ საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში პრობლემა შეექმნება იგივე გახარიას და თუნდაც ძალოვან მინისტრებს: გომელაურს, ღარიბაშვილს, ლილუაშვილს. არადა, ძირითადად, ამ ადამიანების ზურგზე უნდა გადაიაროს არჩევნების სიმძიმემ.
სიაში თავისი ხალხი თუ არ ეყოლებათ, ენთუზიაზმით მუშაობაც გაუჭირდებათ. ამიტომაც გადაწყდა კალაძის გავლენების შემცირება.
პარტიაში მისი გავლენები საკმაოდ სერიოზული იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა იოვანიშვილი მას აღარ ენდობა. ის ახლა თავად ხვდება პარტიის რეგიონულ წარმომადგენლებს. უნდა, რომ ეს სიტუაცია შეცვალოს.
მთელი ამ ხნის მანძილზე კალაძე აკონტროლებდა ყველაფერს. მან ისარგებლა ამ სიტუაციით. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ მან პარტიაში არსებული ვაკუუმი გამოიყენა და საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობებზე თავის ხალხს აყენებდა.
ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ცდილობს, ეს ხალხი ან შეცვალოს, ან თავის მხარეს გადაიყვანოს და „ოცნებაში“ კალაძის, როგორც გენერალური მდივნის, როლი სერიოზულად შეასუსტოს.
ეს, ალბათ, მოსალოდნელიც იყო. კახა კალაძე, ფაქტობრივად, პარტიის ოკუპირებას ახდენდა.
_ რას ნიშნავს, პარტიის ოკუპირებას ახდენდა?
_ ცდილობდა, ყველგან თავისი ხალხი დაესვა. იქ პროკურატურაში წაჰკრა ვიღაცას ხელი, იქ _ სასამართლოში, იქ რაღაც პრობლემების მოგვარებით მიიმხრო ადამიანები.
თბილისის მერი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საკუთარი გავლენები გაეძლიერებინათ.
ეს არც ივანიშვილის, არც გიორგი გახარიასა და არც ძალოვანი მინისტრების ინტერესებში არ შედის.
_ თავად თქვით, რომ კალაძე საკმაოდ მოძლიერებუილია, თან იმდენად, რომ პარტიის ოკუპირებას ახდენდა. ასე იოლად შეეგუება იგი გავლენების დაკარგვას?
_ მოძლიერებული კი არის, მაგრამ როცა ამ ადამიანებს ჩამოაშორებენ, თავისთავად დასუსტდება. აქედან გამომდინარე, ვერაფერს იზამს.
ის საჯაროდ არასდროს ისურვებს ივანიშვილთან ღია დაპირისპირებას. ის ღიად არასდროს დაუჭერს მხარს კოლექტიურ ზარდიაშვილებს. ის მათ ნეგატივს საკუთარ პოზიტივს არ მიაწებებს. ის მათგან დისტანცირდება, მაგრამ ყველამ იცის, რომ მისი გუნდია. არ შეიძლება, ერთი მხრივ, კოლექტიური ზარდიაშვილი იყო და, მეორე მხრივ, ცოტა სხვანაირი თამაში ითამაშო.
ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესების მომსწრენი გავხდებით ახლო მომავალში.
_ ამათი მიშვებით ივანიშვილმა მწარედ წაიმტვრია ცხვირი, რამდენად სერიოზულად მოეკიდება ახალი გუნდის დაკომპლექტებას იგი? თქვენ ზემოთ ახსენეთ, რომ ის პირადად ხვდება პარტიის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
_ ის ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში. პირადად ხვდება პარტიულ აქტივს და ეცნობა ამ ადამიანებს. პარტიის თავმჯდომარე რეალურად ასეც უნდა იქცეოდეს.
პარტიის თავმჯდომარე პარტიის რეგიონულ წარმომადგენლებს უნდა იცნობდეს და მათთან პირადად უნდა ჰქონდეს კონტაქტი. მით უმეტეს, მაშინ, როცა პარტია მთლიანად განახლებულია. პარტია 2017 წელს განახლდა, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალავიძემ, პრაქტიკულად, მთლიანად შეცვალა „ოცნების“ რეგიონული შემადგენლობა და ის ნაციონალური მოძრაობის წევრებით გაავსო.
სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არიან პორტირებული ეს კოლექტიური ზარდიაშვილები, ამიტომ არის პრობლემები „ოცნებაში“.
ახლავე თუ არ შეისწავლა პარტია, არ გაწმინდა ის, არჩევნების წელს კიდევ უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს.
2020 წელს რა ღალატი შეიძლება მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, არავინ იცის, ამიტომ პარტიის ლიდერი ვალდებულია, სიტუაციაში გაერკვეს.
როგორც პარტიის ლიდერი, ივანიშვილი, ამ ნაწილში სწორად იქცევა.
რამდენად გამოუვა ამ ყველაფრის გადახალისება, ეს სხვა საკითხია, რადგანაც ძალიან ძნელია მესამე ვადით ერთპიროვნული გამარჯვების მოპოვება.
_ „ოცნება“ და, პირადად ივანიშვილიც, დარწმუნებულია, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. კონკურენტად არავის მიიჩნევენ _ არც „ნაციონალებს“. თითქოს ხაზარაძის ეშინიათ, მაგრამ დიდად _ არა.
_ არც ხაზარაძე არის „ოცნების“ კონკურენტი, მისი მთავარი კონკურენტი არის ქართველი ხალხი, ვისაც, ზოგადად, არ ითვალისწინებენ.
ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, თუ როგორ პასუხობს ჩვენი ამომრჩეველი ხელისუფლების შეუსრულებელ დაპირებებს. ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ სააკაშვილის პარტიის სიყვარულით ტკბებოდა ხალხი და მაგიტომ მისცა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმა.
2020 წელს ბევრად საინტერესო სურათს მივიღებთ. არჩევანი საკმაოდ დიდი იქნება. ხალხი ყველას მისცემს ხმას „ოცნებისა“ და „ნაციონალების“, ამ ორი მოძალადე პარტიის, საწინააღმდეგოდ.
ყველა პარტიას ექნება საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი. ამიტომ პოლიტიკური გემოვნება პარლამენტში უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური ძალა საკმაოდ სერიოზულად იქნას წარმოდგენილი, ამიტომ ნუ ამოგვრიცხავენ პოლიტიკური ანგარიშიდან.
_ თქვენი პოლიტიკური ძალა, ანუ ძველი მეოცნებეები?
_ ძველი მეოცნებეების გარდა სხვებიც იქნებიან ამ ძალაში. ჩვენ ვერთიანდებით და პარტიის შექმნის პროცესი დაწყებული გვაქვს.
თავის დროზე, 2012 წელმა ჩვენს ბეჭებზე გადაიარა და არ მგონია, იმ დაპირებებზე უარი უნდა ვთქვათ, რომელიც მაშინ ქართველ ხალხს მივეცით.
„ოცნებასთან“, ძირითადად, ამიტომ ვერ ვპოულობთ საერთო ენას. ისინი ამბობენ, რომ, პრაქტიკულად, ყველა დაპირება შეასრულეს. ეს ტყუილია. თუ პარტიიდან ჩვენი განდევნა იყო „ოცნების“ მთავარი მიზანი, მაშინ დაპირებები შესრულებულია.
_ „ოცნებაში“ თქვენი, ძველი მეოცნებეების დაბრუნება გამორიცხულია. კოლექტიური ზარდიაშვილები ხომ მიდიან იქიდან?
_ ჩვენი იქ დაბრუნება გამორიცხულია. პარტიაში ახალი თაობა მოვიდა… თან როგორც ამბობენ, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ არ შედიან. საკმაოდ დიდი დრო გავიდა და იმედგაცრუება არსებობს, ამიტომ ჩვენი იქ დაბრუნება გამორიცხულია.
ჩვენი მოძრაობა გვაქვს, რომელიც მალე გააკეთებს განაცხადს.
_ პარტია უკვე შექმენით?
_ ახლა სამუშაოები მიდის და, ალბათ, წლის ბოლოს დავაფუძნებთ. პარტიაში არა მხოლოდ ყოფილი მეოცნებეები ვიქნებით, არამედ ის ადამიანები, ვისაც სურს, ამ ქვეყანას ემსახუროს.
როცა მზად ვიქნებით, სათქმელს მერე ვიტყვით. ჯობია, ჯერ შავი სამუშაო შევასრულოთ და მერე გამოვაცხადოთ, ვიდრე ზარზეიმით დავფუძნდეთ და მერე გავაკეთოთ შავი სამუშაო.
_ გასულ წელს ზუსტი პროგნოზი გააკეთეთ, თუ ვის მოუწევდა „ოცნების“ დატოვება. ახლა „ოცნებაში“ ვისი გუნდი გაიმარჯვებს, _ კალაძის თუ გახარიასი?
_ მარტო პროგნოზის უნარი აღმომაჩნდა კარგი? ვისაც ვუწევ ოპონირებას, ყველა პოულობს თავის გზას _ პოლიტიკიდან მიდის.
_ ერთი ზარდიაშვილი წავიდა. კიდევ ვინ გაუშვით?
_ გიორგი კვირიკაშვილი. მასთანაც მქონდა ჩემი პრეტენზები, ისიც წავიდა. ასე რომ, ეს ადამიანები პირადად არ მომწონს. პრეტენზიებს იმიტომ გამოვხატავდი, რომ ეს ხალხი არასწორად და არაპოლიტიკურად იქცეოდა, ქვეყანას არ ემსახურებოდა. ვინც ხალხს ეწინააღმდეგება, ისინი უნდა გავუშვათ.
პროგნოზსაც რასაც ვაკეთებ, ეგეც მართლდება. ამჯერად პროგნოზს არ გავაკეთებ. საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხელისუფლება შევცვალოთ.
ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწფოს მოდელის შეცვლაზე. ტრამპი რასაც აკეთებს, იგივეს გაკეთება გვსურს. ნაციონალური სახელმწიფოს აღორძინებას ვგულისხმობ.
საქართველოს ძველი სიდიადე უნდა დავუბრუნოთ. ჩვენ არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ პროდასავლურები ვართ, ჩვენ ქვეყნის დიდების დაბრუნება გვინდა. მდიდრებისგან და ბანკირებისგან ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.
_ მესამე ძალის ნიშის დაკავებაზე გაქვთ პრეტენზია?
_ ჩვენ მესამე ძალა არ ვართ, ჩვენ განსხვავებული ძალა ვიქნებით. იმ ძალების საპირისპირო ძალა ვიქნებით, რომელიც ბოლო წლებია, საქართველოში არსებობს. ჩვენ არ ვართ ბანკირების ძალა, ჩვენ ანტიგლობალისტები ვართ. ჩვენ გარედან თავსმოხვეული კანონების წინააღმდეგი ვართ, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

შორენა მარსაგიშვილი