რეალური მიზეზები, თუ რატომ გაიფიცნენ ონკოლოგიურის ექიმები

2010 წლის 19 ნოემბერს ჩინურ-კანადურ კომპანია „პეგასუს ფარმაცეპტიკალ გრუპთან“ პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ეკონომიკის სამინისტრომ, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, გარკვეული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, უცხოურ კომპანიას გადასცა სამართავად.

ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ნოემბრის განკარგულება, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 61 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების კანადაში რეგისტრირებული ჩინური კომპანიისთვის გადაცემა პირდაპირი მიყიდვის წესით“.
აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებდა „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ სრულ და თავიდან ბოლომდე აღჭურვას და მის განახლებული რესურსით ამოქმედებას. სწორედ ეს გახდა განხეთქილების ქვაკუთხედი ექიმებსა და ხელმძღვანელობას შორის. კერძოდ, 2012 წლის 15 დეკემბერს, მედპერსონალის გარკვეული ნაწილი დაუპირისპირდა ცენტრის იმდროინდელ ხელმძღვანელს _ რეზო გაგუას. ის, რომ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ სახელმწიფო კუთვნილებაში შედიოდა და მისი ხელმძღვანელი დანიშნული გახლდათ _ ეს ყველაზე ნაკლებად გაითვალისწინეს. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმების ნაწილმა პროკურატურას განცხადებით მიმართა, სადაც მოთხოვნილი იყო ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულების გაუქმება. ბევრი რამ იყო ამ განცხადებაში ნათქვამი, მაგალითად, ის, რომ „პეგასუს ფარმაცეპტიკალმა“ ჩალის ფასად, 3 100 000 დოლარად იყიდა „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის“ კუთვნილი შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული ტერიტორია; რომ საპრივატიზაციო ხელშეკრულების თანახმად, „პეგასუს ფარმაცეპტიკალს“ შეეძლო ხუთი წლის შემდეგ საავადმყოფოსთვის პროფილი შეეცვალა და მაგალითად, სასტუმროების ქსელი შეექმნა. სულ ტყუილად აკეთებდა რეზო გაგუა საჯარო განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორები პროფილის შეცვლას არ აპირებდნენ და ძირითადი მიმართულება ონკოლოგია იქნებოდა.
2012 წლისთვის, ფაქტობრივად, არაფერი იყო გაკეთებული. ამ დროს ხელისუფლებამ მართვაში შემოიყვანა „მედიკალ პარტნიორი“, რომლის ხელძღვანელიც „ბლოკ ჯორჯიას“ ჯგუფიდან იყო. როგორც ამბობდნენ, „მედიკალ პარტნიორი“ იმ პერიოდში იმისთვის დაარსდა, რომ მართვაში აეღო „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი“. ასე და ამრიგად, ონკოლოგიური საავადმყოფოს მმართველობაში სახელმწიფომ ირიბად შემოიყვანა „ბლოკ ჯორჯია“, მაგრამ „ბლოკ ჯორჯიას“ წინააღმდეგ თანამშრომლები აჯანყდნენ. მათ უფლებადამცველებსა და სხვადასხვა არასამთავრობოს მიმართეს. და დაიწყო საჯარო გამოსვლების მთელი სერია, თან ამ ყველაფერს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს უწოდებდნენ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით უნდა ყოფილიყო კვალიფიცირებული.
თუ მანამდე „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ფუნქციონირებდა როგორც სს „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“, 2011 წლის დეკემბერში ცენტრის ფუნქციონირება, ფაქტობრივად, შეწყდა. ონკოლოგიის ცენტრის გაფიცული თანამშრომლები ყველა თავის გამოსვლაში აფრიალებდნენ ბრძანება #88-ს, სადაც მითითებული იყო, რომ „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ცენტრმა“ 26 დეკემბერს სამედიცინო საქმიანობა შეწყვიტა, სამაგიეროდ სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია გადაეცა შპს „საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს“, რომლის დამფუძნებელიცა და დირექტორიც გახდა რეზო გაგუა.
2013 წელს გაგუამ თავად მიმართა საქართველოს ხელისუფლებას და სთხოვა, რომ „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ სახელმწიფოს თავის მმართველობაში დაებრუნებინა. წერილში განმარტებული იყო, რომ არ შეიძლებოდა ისეთი სტრატეგიული ობიექტი, როგორიც ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი გახლდათ, პრივატიზებული ყოფილიყო და ვინმეს, მით უმეტეს, უცხოური კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებულიყო.
2015 წელს კი მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა გადასცა: „აკ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ („რესპუბლიკური საავადმყოფო“); „ბავშვთა ინფექციური კლინიკა“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ყოფილი „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“). პრობლემებიც გაგრძელდა.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ დიაგნოსტიკური განყოფილების უფროსი, პროფ. ალექსანდრე მინდაძე:
_ ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის დაგვიანებული ხელფასები გახლავთ. უკვე მეოთხე წელი დაიწყო და ყოველ წელს გვეუბნებიან, რომ დავალიანებას დაგვიფარავენ. ჯერ ერთი წელი მოიცადეთო, მერე ორი და ა. შ. შეცვლით დღემდე არაფერი შეცვლილა.
_ დავალიანებას პერიოდულად გირიცხავენ თუ ამას მუდმივი ხასიათი აქვს?
_ არა, ყოველთვიურად რიცხავენ, მაგრამ თავიდან თუ დაგვიანება იყო ორი თვე, მერე გახდა სამი-ოთხი თვე. დღესდღეობით შვიდ თვეზე ავედით.
_ დაახლოებით, რამდენი ექიმის დავალიანება აქვს სახელმწიფოს?
_ კლინიკაში სამასი თანამშრომელი მუშაობს, საიდანაც 50-მდე ექიმია.
_ დავალიანება სახელმწიფოს სამასივესი აქვს თუ მხოლოდ ნაწილის?
_ არა, ყველასი. შეიძლება, არიან ვიღაცები, ვინც დროულად იღებს ხელფასს, ჩვენ ხომ არ გვეტყვიან. რაც ზუსტად ვიცი, მედპერსონალის 95%-ი ამ დღეშია.
_ აქამდე თუ მიგიმართავთ რომელიმე უწყებისთვის თქვენი უფლებების დასაცავად, მაგალითად, სასამართლოსთვის?
_ თავად რამდენჯერმე მივმართე წინა უფლებადამცველს…
_ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილს გულისხმობთ?
_ დიახ. იმ დროს, დავალიანების გარდა, სხვა პრობლემებიც გვქონდა ყოფილ დირექტორთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ჩაერთო, მასალები შეისწავლა და გვირჩია, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა. ახლა სამი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით. სასამართლოსთვის, მართალი გითხრათ, არ გვინდოდა მიგვემართა.
_ წინა დირექტორთან მედკოლექტივს რა პრობლემები ჰქონდა?
_ თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლა.
_ სასამართლოს რატომ არ გინდათ, მიმართოთ?
_ იმიტომ, რომ როდესაც რაიმე პრობლემა გვიდგას, დირექტორით რომ ვიყავით უკმაყოფილოები, ფონდი ჩვენს მოთხოვნებს ითვალისწინებს. დირექტორი გამოგვიცვალა. რაც ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოს დაუბრუნდა, 2012 წლის შემდეგ მეოთხე დირექტორი რამდენიმე თვის წინ დაგვინიშნეს. ძალიან კარგი დირექტორი გვყავს _ მამუკა გელოვანი. თვითონაც სულ ცდილობს, მონდომებულია, რომ ხელფასების საკითხი მოგვიგვარდეს, მაგრამ არაფერი გამოდის.
_ „საპარტნიორო ფონდის“ პასუხი რა არის ხელფასების დაგვიანებასთან დაკავშირებით?
_ დაგვპირდნენ, რომ რაღაცებს გაგვიკეთებდნენ, იქ ცენტრალური შემოსასვლელი გვინდოდა აღედგინათ. პასუხი ის არის, რომ სამინისტრო გადაწყვეტს კლინიკის ბედს _ სახელმწიფოს უნდა დარჩეს თუ კერძო ინვესტორს გადაეცეს, სამი წელია, უკვე ვიცდით! არანაირად არ ვართ დაინტერესებული კონფლიქტით. აქციაც იმიტომ გავმართეთ, რომ ბოლო წვეთამდე მივედით _ პასუხი არაფერზე მიგვიღია! აქციაც სპონტანურად გადაწყდა, ძირითადად, ექთნებისა და სანიტრების მიერ.
_ ამ აქციამ რა მოგცათ?
_ არაფერი! უბრალოდ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ახლა 100 კაცამდე გამოვედით და მერე ყველა გამოვა. აბა, უხელფასოდ როგორ ვიმუშაოთ? არადა, 2012 წლამდე, სანამ ჩვენი კლინიკა სამინისტროს ეკუთვნოდა, ისინიც ზუსტად იგივეს ლაპარაკობდნენ. შემდეგ ძალიან სერიოზული ინვესტორები ჩამოვიდნენ, მაგრამ ყველას უარი უთხრეს. მე რაც ვიცი, ამერიკელები და ავსტრიელები იყვნენ. გვაინტერესებს _ ინვესტორი რომ შემოვა, ამ დავალიანებას გაისტუმრებს თუ არა?!

„ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით „საპარტნიორო ფონდის“ პოზიციას გთავაზობთ:
„ჩვენს ღირსეულ მედპერსონალს უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა აღნიშნული კლინიკის პრობლემები დიდი ხანია, არსებობს. პირველად „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ონკოლოგიური საავადმყოფო) პრივატიზება 2011 წელს მოხდა და კლინიკა კანადურ კომპანიას გადაეცა. სამწუხაროდ, ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამედიცინო დაწესებულების განვითარების ნაცვლად კლინიკაში ვითარება გაუარესდა, მათ შორის, მოიშალა არსებული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო საქმიანობის გაწევისთვის კლინიკას გამოეყო მხოლოდ ერთი ფლიგელი, შენობის დარჩენილი ფართი კი კარკასად იქცა. გაპარტახებული კლინიკა კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.
2015 წელს კი მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა გადმოსცა: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ყოფილი „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ („ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“). იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა,
სხვადასხვა გარემოებათა გამო აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, საპარტნიორო ფონდმა 2017 წელს „კლინიკების განვითარების კომპანია“ შექმნა. კლინიკების განვითარების კომპანიის ფუნქციებში არ შედიოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ფონდის ფინანსური რესურსით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა მიუხედავად ამისა, ფონდი იძულებული გახდა, ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მედპერსონალის შენარჩუნების მიზნით, თანხა გამოეყო. სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რამაც გააუმჯობესა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ასევე გატარდა ცალკეული ადმინისტრაციული ღონისძიებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რის შედეგადაც კლინიკის შიდა რეზერვები მობილიზდა, რამაც გაზარდა შემოსავლები და, გარკვეულწილად, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, საერთო ვითარება მაინც რთულია.
საპარტნიორო ფონდი კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ფონდის ძალისხმევის შედეგად ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის, კლინიკების განვითარების მიზნით 50-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს სამედიცინო მომსახურებას. წელიწად-ნახევრიანი შრომის შედეგად საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი.
პროექტის მიხედვით, ე. წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს.
პროექტის მიხედვით ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსთან განხილვის აქტიურ ფაზაშია. სამუშაო რეჟიმში თანხმდება დეტალები, რისთვისაც მადლობას ვუხდით უწყების წარმომადგენლებს“.

თამარ როსტიაშვილი