პუტინი და კორუფცია

დასაწყისი წინა ნომერში

დამოუკიდებელი საექსპერტო მოხსენება (ბ. ნემცოვი, ვ. მილოვი, ვ. რიჟკოვი, ო. შორინა)

კოოპერატივ „ტბის“ წარმომადგენლების გამდიდრება

1996 წლის ნოემბერში სააგარაკო სამომხმარებლო კოოპერატივი „ტბა“ ლენინგრადის ოლქის პრიოზიორსკი რაიონში, კომკავშირის ტბის სანაპიროზე, 8 მოქალაქემ შექმნა: ვლადიმირ პუტინმა, იური კოვალჩუკმა, ნიკოლაი შამალოვმა, ვიქტორ მიაჩინმა, ვლადიმირ სმირნოვმა, ვლადიმირ იაკუნინმა და ძმებმა ანდრეი და სერგეი ფურსენკოებმა.
კოოპერატივის ერთ-ერთი წევრის, ვლადიმირ პუტინის, მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამ 2000 წელს განაპირობა „ტბის“ დამფუძნებლების გამდიდრება. პირველ ყოვლისა, საუბარია იური კოვალჩუკზე და ნიკოლაი შამალოვზე, რომლებიც რუსეთის მილიარდერების სიაში შედიან და პეტერბურგის სააქციო კომერციულ ბანკ „Россия “-ს 33,5% და 12,6%-ს ფლობენ.
პუტინის მმართველობის დასაწყისში სკბ „როსსია“ მცირე ბანკი იყო, მილიარდ რუბლზე ნაკლები აქტივით და რუსეთის მსხვილი ბანკების ასეულშიც კი არ შედიოდა. თუმცა, მოგვიანებით, ამ ბანკის კონტროლქვეშ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით და დაბალი ფასით აღმოჩნდა მსხვილი ფინანსური და მედიაქტივები, რომელიც მანამდე სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნოდა. ამ სქემებზე დეტალურად არის ლაპარაკი ბორის ნემცოვისა და ვლადიმირ მილოვის მოხსენებებში: „პუტინი. შედეგები“; „პუტინი და გაზპრომი“. გთავაზობთ მოკლე ქრონოლოგიას:
• 2004 წელს „გაზპრომმა“ გაყიდა თავისი შვილობილი კომპანია „სოგაზი“ (გაზის მრეწველობის სადაზღვევო საზოგადოება), რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც შემდეგ ბანკ „როსსიას“ კონტროლქვეშ აღმოჩნდა. „სოგაზის“ აქციების 50% „გაზპრომმა“58 მილიონ დოლარად გაყიდა, მაშინ, როდესაც დღეისთვის „სოგაზის“ ღირებულება, ჩვენი შეფასებით, 2 მილიარდი დოლარია;
• 2006 წლის აგვისტოში „სოგაზმა“, რომელიც უკვე ბანკ „როსსიას“ ეკუთვნოდა, კომპანია „ლიდერის“ 75%+1 აქცია იყიდა. „ლიდერი“ მართავს „გაზპრომისა“ და „გაზფონდის“ საპენსიო ფონდს;
• „გაზფონდი“ ქვეყნის უმსხვილესი სახელმწიფო საპენსიო ფონდია, რომლის საპენსიო რეზერვები დღეს, თითქმის, 300 მილიარდ რუბლს შეადგენს.
„ლიდერის“ აქციები „სოგაზს“ „გაზფონდმა“ მიჰყიდა. გარიგების ფასი მხოლოდ 880 მილიონი რუბლია, თუმცა 2006 წლის მონაცემებით, „ლიდერის“ მხოლოდ სუფთა მოგება 1,2 მილიარდ რუბლს შეადგენდა. მმართველი კომპანია „ლიდერის“ ყიდვის დროს ბანკ „როსსიას“ მფლობელები უკვე მზად იყვნენ საპენსიო ფონდზე კონტროლის დასაწესებლად: 2005 წელს „გაზფონდის“ დირექტორი გახდა იური შამალოვი, ნიკოლაი შამალოვის ვაჟი, რომელიც ბანკ „როსსიას“ აქციონერი და კოოპერატივ „ტბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
შედეგად, შამალოვ-უმცროსმა, „გაზფონდის“ მეთაურის უფლებამოსილებით იმ კომპანიის აქციები გაყიდა, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს არასახელმწიფო საპენსიო ფონდს მართავდა, თანაც ფანტასტიკურად დაბალ ფასად მიჰყიდა საკუთარი მამის, შამალოვ-უფროსის, ბანკს.
„გაზფონდის“ ფაქტობრივად ხელში ჩაგდების შემდეგ ბანკმა „როსსიამ“ კონტროლი დაამყარა ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს „გაზპრომბანკზე“.
ღია სააქციო საზოგადოება „გაზპრომმა“, იმის ნაცვლად, რომ „გაზპრომბანკის“ აქციები ღია აუქციონზე გაეყიდა, 2006 წლის ბოლოს ბანკ „როსსიას“ მიერ კონტროლირებად „გაზფონდს“აქციების უნაღდო ანგარიშსწორების სქემა დაუთმო, რის შედეგადაც 2007 წლის აპრილისთვის „გაზპრომბანკის“ კონტროლი (50%+1 აქცია) „გაზფონდის“ ხელში აღმოჩნდა, რომელსაც აკონტროლებენ კოვალჩუკი, შამალოვი და კო. „გაზპრომბანკი“, რომლის საბაზრო ღირებულება, სპეციალისტების ანგარიშით, 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, „გაზპრომის“ კონტროლიდან გავიდა ისე, რომ „გაზპრომმა“ ვერ მიიღო თავის ფასიან აქტივებში ნაღდი ფული.
2005 წლის ივლისში „გაზპრომბანკს“ გადაეცა ჯგუფ „გაზპრომ-მედიასა“ და ტელეარხების НТВ-სა და ТНТ-ს აქციები. „გაზპრომმა“ ამ აქტივებისათვის „გაზპრომბანკისგან“166 მილიონი დოლარი მიიღო. 2 წლის შემდეგ, როდესაც „გაზპრომ-მედიის“ აქტივები „გაზპრომბანკის“ აქტივების ფარგლებში ბანკ „როსსიას“ კონტროლქვეშ გადავიდა, ვიცე-პრემიერმა (იმ დროს) დ. მედვედევმა „გაზპრომ-მედიის“ აქტივები 7,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. აქედან გამომდინარე, ე. ი. „გაზპრომმა“ ეს აქტივები რეალურ ღირებულებაზე 45-ჯერ იაფად დათმო. ყველა ეს გარიგება ღია სააქციო საზოგადოება „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმებით მიმდინარეობდა.
ყველა ამ გარიგებამ ღია სს „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს მოწონება დაიმსახურა. მათი უმეტესობა 2000-იან წლებში განეკუთვნებოდა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჯგუფს, რომელიც ხმის მიცემის პროცესში დირექტივებს უშუალოდ პუტინისადმი დაქვემდებარებული მთავრობის ხელმძღვანელებისგან იღებდა. „გაზპრომის“ აქტივების „როსსიისათვის“ გადაცემის პირველი გარიგება 2004 წლის ზაფხულში შედგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან მიხეილ კასიანოვი გადადგა. მანიპულაციების შედეგად, ბანკ „როსსიას“ აქტივები 2004 წლის დასაწყისისთვის 6,7 მილიარდ რუბლამდე გაიზარდა (70-ე ადგილი რუსეთში), ხოლო 2010 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით _ 231,7 მილიარდ რუბლამდე (მე-19 ადგლი რუსეთში).
„გაპრომიდან“ გამოტანილი აქტივების საერთო მოცულობა (ანუ სახელმწიფოს საკუთრებიდან პუტინის „ტბის“ სამეგობრო წრის კერძო საკუთრებაში) შეადგენს, დაახლოებით, 60 მილიარდ დოლარს (1,68 ტრილიონი რუბლი, რომელიც ორჯერ აღემატება ქვეყნის საპენსიო ფონდის დეფიციტს).

***
ეს გარიგებები განაპირობებდა არა მხოლოდ პუტინის კოოპერატივ „ტბის“ პარტნიორების მატერიალურ კეთილდღეობას, არამედ მისი ნათესავებისასაც.
კერძოდ, ბანკ „როსსიას“ კიდევ ერთი აქციონერი, რომელსაც მის მიერ კონტროლირებად ფირმა „აქცეპტის“ მეშვეობით ბანკის აქციების 3,9% ეკუთვნის, არის მიხაილ შელომოვი _ პუტინის ბიძაშვილიშვილი. მიხაილ შელომოვი არის პუტინის ბიძის, ივან შელომოვის, შვილიშვილი. ივან შელომოვი გახლავთ პუტინის დედის, მარია პუტინას უფროსი ძმა, სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ტრესტის“ პირველი სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი.
შელომოვს „აქცეპტის“ (აკონტროლებს აქციების 99,9%-ს) მეშვეობით ეკუთვნის სადაზღვევო კომპანია „სოგაზის“ აქციების 12,5%. სწორედ იმ „სოგაზის“, რომელიც 2004 წელს კონკურსის გარეშე და დაწეული ფასით გამოიტანეს „გაზპრომიდან“.
ამავე სადაზღვევო კომპანია „სოგაზში“, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა, მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობს მიხაილ პუტინი, პუტინის კიდევ ერთი ბიძაშვილიშვილი. 2004-2007 წლებში მიხაილ პუტინი ხელმძღვანელობდა ღია სს „გაზპრომის“ სამედიცინო სამმართველოს, რომლის მეშვეობითაც ყოველწლიურად ასობით მილიონ დოლარად შეფასებული სამედიცინო აპარატურა შეისყიდებოდა.
„გაზპრომის“ აქტივების ბანკ „როსსიის“ კონტროლისთვის დაქვემდებარების ყველა გარიგებაში (რომელიც სახელმწიფოს სანქცირებული იყო) შედიან კოოპერატივ „ტბის“ დამფუძნებლები ი. კოვალჩუკი და ნ. შამალოვი. დღეს ისინი რუსი მილიარდერების ოფიციალურ სიაში ირიცხებიან. ჟურნალ „ფინანსების“ მილიარდერების რეიტინგში, რომელიც 2011 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, ი. კოვალჩუკს 115-ე ადგილი უკავია 30 მილიარდი რუბლით, ხოლო ნ. შამალვს _ 184-ე 18 მილიარდი რუბლით.
ამ სიაში არიან „როსსიის“ სხვა აქციონერები, რომლებიც, ამავე დროს, პუტინის ნაცნობებად გვევლინებიან. კერძოდ, მე-17 ადგილს იკავებს გენადი ტიმჩენკო 271 მილიარდი რუბლით _ ნავთობის ტრეიდერის, Gუნვორ-ის თანამფლობელი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ტიმჩენკოს ეკუთვნის ბანკ „როსსიის“ აქციების 9,6% და, შესაბამისად, მანაც ისარგებლა ბანკის მიერ „გაზპრომის“ აქტივების დაწეული ფასით შესყიდვის შედეგებით.
ჟურნალ „ფინანსების“ მონაცემებით, რუსი მილიარდერების სიაში 182-ე ადგილს, 18 მილიარდი რუბლით, იკავებს ბანკის კიდევ ერთი აქციონერი დიმიტრი გორელოვი (12,7%-ით). გორელოვი ჰოლდინგ „პეტრო-მედის“ პრეზიდენტი და 1991 წელს დახურული სააქციო საზოგადოება/ღია სააქციო საზოგადოება „პეტრომედის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. თანადამფუძნებლებს შორის არის სანკტ-პეტერბურგის მერიის შიდაეკონომიკური კავშირების კომიტეტი, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობდა.
დიმიტრი გორელოვის ვაჟი, ნიკოლაი შამალოვთან ერთად, არის ვიბორგის გემთმშენებელი ქარხნის თანამფლობელი, რომელმაც 2006 წელს, როგორც კი ქარხანა შეისყიდა, „გაზპრომისგან“ მიიღო 59 მილიარდი რუბლის ღირებულების ორი საზღვაო პლატფორმის მშენებლობის უფლება შტოკმანის საბადოზე. აქამდე ქარხანას მთელი 10 წლის განმავლობაში არ ჰქონია არანაირი მსხვილი შეკვეთა.
ნიკოლაი შამალოვის უმცროსი ვაჟი, კირილ შამალოვიც, კარგად არის „დაბინავებული“ (უფროსი ვაჟი „გაზფონდს“ ხელმძღვანელობს). კირილ შამალოვი ნავთობგაზქიმიური ჰოლდინგ „სიბურის“ ვიცეპრეზიდენტია „ბიზნესის ადმინისტრაციული მხარდაჭერის“ მიმართულებით (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მიმართულებით). ამ თანამდებობაზე დაინიშნა 26 წლის ასაკში, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებიდან არასრული 4 წლის შემდეგ.
ნავთობგაზქიმიური ჰოლდინგი „სიბური“ ეკუთვნის „გაზპრომბანკს“, თუმცა 2010 წლის დეკემბრის ბოლოს „გაზპრომბანკმა“ „სიბურის“ 50% ლეონიდ მიხელსონს, კომპანია „ნოვატეკის“ ხელმძღვანელს მიჰყიდა, რომლის აქციების მსხვილი პაკეტი ეკუთვნის ზემოთ ნახსენებ გენადი ტიმჩენკოს, ბანკ „როსსიის“ აქციონერს. სავარაუდოდ, 2011 წლის განმავლობაში, გეგმისამებრ, „გაზპრომბანკი“ „ნოვატეკს“ „სიბურის“ სრულ კონტროლს გადასცემს.

***
პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააგარაკო კოოპერატივის სხვა დამფუძნებლებმაც დაიკავეს ხელმძღვანელი თანამდებობები ხელისუფლების ფედერალურ ორგანოებსა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიებში:
ვლადიმირ იაკუნინი 2000 წელს დაინიშნა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილედ. მოგვიანებით, კავშირგაბმულობის მინისტრის პირველ მოადგილედ, 2003 წლიდან ღია სს „რუსეთის რკინიგზის“ პირველ ვიცე-პრეზიდენტად, ხოლო 2005 წლის ივნისიდან _ პრეზიდენტად. ღია სს-ს წლიურმა შემოსავალმა 2010 წელს 2 ტრილიონი რუბლი შეადგინა.
ვლადიმირ სმირნოვი 2000 წლის მაისში დაინიშნა სფუს (სახელმწიფო ფედერალური უნიტარული საწარმო) „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის პროდუქციის მიწოდების საწარმოს“ გენერალურ დირექტორად, ხოლო 2002-2007 წლებში ხელმძღვანელობდა ღია სს „ტექნიკური მომარაგების ეკორტს“ _ რუსეთის ფედერაციის ატომური ენერგიის სამინისტროს საწარმოს. ეს არის ბირთვული საწვავის ციკლის სფეროს მომსახურებისა და საქონლის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი, რომელიც მსოფლიოს ბაზრის 40%-ს უზრუნველყოფს გამდიდრებული ურანით მომსახურებაში. 2007 წელს სმირნოვი გადავიდა კონცერნ „ატომენერგოპრომის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე. ვლადიმირ სმირნოვი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ცნობილ „ავტორიტეტულ“ ბიზნესმენ ვლადიმირ ბარსუკოვთან (კუმარინი), რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. 1994 წელს სმირნოვი ხელმძღვანელობდა გერმანულ ფირმა SPAG-ის პეტერბურგის ფილიალს. იმ დროს კუმარინი ამავე ფირმის მმართველი საბჭოს წევრი იყო. 1999 წელს ფირმაSPAG-ი გერმანიის სპეცსამსახურებმა ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს როგორც რუსული კრიმინალური დაჯგუფებების, ასევე კოლუმბიელი ნარკომოვაჭრეებისთვის. ფირმის დირექტორი რუდოლფ რიტერი 2000 წელს დააპატიმრეს. 1996-2001 წლებში სმირნოვი ხელმძღვანელ პოზიციებზეა დახურულ სს „პეტერბურგის საწვავის კომპანიაში“. ამავე წლებში სს-ს ვიცე-პრეზიდენტია კუმარინ-ბარსუკოვი, რომელიც, ფაქტობრივად, კომპანიას აკონტროლებს. დაცვის სააგენტო „რიფსექიურითი“, რომელიც ექვემდებარება კუმარინ-ბარსუკოვსა და სმირნოვს, იცავს სააგარაკო კოოპერატივ „ტბას“.
სერგეი ფურსენკო 2003-2008 წლებში „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „ლენტრანსგაზის“ დირექტორად მუშაობდა (2008 წელს გამომუშავება შეადგენდა 50 მილიარდ რუბლს), 2008 წლიდან ბანკ „როსსიის“ დაქვემდებარებულ „ნაციონალურ მედიაჯგუფს“ (НМГ) ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაში შედის РЕН-ТВ, მეხუთე არხი და გაზეთი „იზვესტია“, ხოლო 2010 წლიდან რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის 25%, რომელიც რომან აბრამოვიჩისგან შეიძინეს. ამას გარდა, ს. ფურსენკო რუსეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელია.
ანდრეი ფურსენკო 2001-2003 წლებში მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე და პირველი მოადგილე, 2004 წლიდან რუსეთს ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების მინისტრია. ეს სამინისტრო ადმინისტრირებას უწევს სამოქალაქო დანიშნულების განათლებისა და მეცნიერების ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებს, რომელიც 2011 წელს 800 მილიარდ ლარს შეადგენს.

***
ფაქტობრივად, ბანკი „როსსია“, რომელიც წარმოუდგენლად გამდიდრდა სახელმწიფოს მხრიდან „გაზპრომის“ აქტივების დათმობით, წარმოადგენს კოოპერატივ „ტბის“ „ოჯახურ საწარმოს“. ბანკის აქციის 50%-ზე მეტი ეკუთვნის ი. კოვალჩუკს, ნ. შამალოვსა და პუტინის ნათესავ მ. შელომოვს, ხოლო ბანკის სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ მისი ნათესავები _ შამალოვის ვაჟი ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდ „გაზფონდს“, პუტინის ნათესავები ფლობენ აქციებს სადაზღვევო კომპანია „სოგაზში“ და ამავე კომპანიაში უკავიათ მნიშვნელოვანი თანამდებობები.
პუტინი და მისი მეგობარი მილიარდერები

პუტინის მეგობრებისა და ნაცნობების გამდიდრების ისტორია მხოლოდ სააგარაკო კოოპერატივის წევრების ბედით არ განისაზღვრება. ამ თავში დეტალურად აღვწერთ პუტინის ძველი მეგობრის, ბატონი ტიმჩენკოსა და ძმები როტენბერგების ისტორიას, რომლებსაც პუტინი ძიუდოდან, ადრეული სიყმაწვილის პერიოდიდან იცნობს.
პუტინმა გენადი ტიმჩენკო 80-იანების ბოლოს გაიცნო. იმ დროს გენადი ტიმჩენკო ქალაქ კირიშიში მუშაობდა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ქარხნის სავაჭრო განყოფილების უმნიშვნელო თანამდებობაზე. ტიმჩენკოს კომპეტენციაში შედიოდა ნავთობპროდუქტების საექსპორტო გარიგებების ორგანიზება. პუტინისა და ტიმჩენკოს პირველი საერთო ბიზნესი დაიწყო მაშინ, როდესაც მომავალი პრეზიდენტი ანატოლი სობჩაკის მოადგილედ მუშაობდა და საგარეო ეკონომიკური კავშირების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ეს იყო 90-იან წლებში. არ იყო საკმარისი პროდუქტი, მედიკამენტები, ელემენტარული სამომხმარებლო საქონელი. ამ დროს სობჩაკის მცდელობით პეტერბურგის მერიამ მიიღო უფლება, ნავთობპროდუქტები და ლითონი ექსპორტზე გაეტანა და პროდუქტში გადაეცვალა.
შეიქმნა კომპანია Golden Gate, რომლის დამფუძნებლები იყვნენ საგარეო ეკონომიკური კავშირების დეპარტამენტი (პუტინი) და ტიმჩენკოს სტრუქტურა. კომპანიამ გაყიდა 100 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რომელიც, დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით 70 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. თუმცა პეტერბურგში პროდუქტი არ შესულა. ლენკავშირის დეპუტატებმა მარინა სალიეს ხელმძღვანელობით პუტინისა და მერიის საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული აფერის გამოძიების კომისია შექმნეს, შედეგები გამოქვეყნდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
შედეგად, ბატონი ტიმჩენკო აგრძელებს ნავთობპროდუქტების ექსპორტზე მუშაობას, ხოლო 1999 წელს ფინეთში მიდის. ამ დროისთვის ბატონი ტიმჩენკო, ჯერ კიდევ, ნავთობტრეიდერია, რომელსაც არავინ იცნობს. ფინეთის საგადასახადო ინსპექციის მონაცემების თანახმად, მისმა შემოსავალმა 327 ათასი ევრო შეადგინა, თუმცა ხელისუფლების სათავეში პუტინის მოსვლის შემდეგ ტიმჩენკოს საქმე აშკარად გამოსწორდა. 2000 წელს მას ნახევარი მილიონი ევრო აქვს, ხოლო 2001 წელს _ თითქმის 5 მილიონი.
2008 წელს ტიმჩენკო Forbes-ის მილიარდერების სიაში მოხვდა 2,5 მილიარდი დოლარით, ხოლო ჟურნალ „ფინანსების“ 2011 წლის რეიტინგის მიხედვით, ტიმჩენკო 271 მილიარდი რუბლით სიაში მე-17 ადგილზეა.
პეტერბურგელი ბიზნესმენის ასეთი წარმატებული აღმასვლის მიზეზი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მასშტაბებშია. ფინეთის მოქალაქე, რომელიც გადასახადებს შვეიცარიაში იხდის, რუსული ნავთობის მესამედზე მეტს აკონტროლებს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ტიმჩენკო, ძირითადად, ყიდის სახელმწიფო ნავთობკომპანიების: „როსნეფტის“, „გაზპრომნეფტისა“ და ასევე ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული „სურგუტნეფტეგაზის“ ნავთობს.

***
2007 წლიდან მოყოლებული, ტიმჩენკოს კომპანიების საშუალებით ექსპორტირებულია 60-90 ტონა ნავთობი, საერთო ღირებულებით _ 80 მილიარდი დოლარი. ამავე დროს, მის კომპანიებს განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები აქვს შექმნილი. როდესაც რუსეთს ესტონეთთან კონფლიქტი ჰქონდა, ექსპორტიორებს გადაზიდვებში პრობლემები შეექმნათ, თუმცა არა ტიმჩენკოს. მას რუსეთის ხელისუფლება ექსპორტირებაში ხელს არ უშლიდა, მიუხედავად მასშტაბური სახელმწიფოთშორისი კონფლიქტისა. ცნობილია, რომ სახელმწიფო კომპანიების ექსპორტის საკითხი პრეზიდენტისა და ხელისუფლების პრეროგატივაა. ნავთობპროდუქტები რუსეთის სტრატეგიული რესურსია, ამიტომ ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემისადმი ინტერესი, ტრადიციულად, დიდია.
როგორ და რის საფუძველზე მიიღო მაინცდამაინც ტიმჩენკომ სახელმწიფო ნავთობის ექსპორტირების უფლებამოსილება, რა როლს ასრულებდა ამაში უშუალოდ პუტინი, ეს გამოკვლევის საკითხია. როგორ და რატომ ყიდის მაინცდამაინც ტიმჩენკო ყოფილი ЮКОС-ის ნავთობს და რატომ იყო ის სავალალოდ ცნობილი „ბიკალფინანსგრუპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომეის გზითაც ЮКОС-ი „როსნეფტმა“ მიიღო, ესეც გასარკვევია. ეს ე. წ. ერთდღიანი კომპანია, რომელიც დარეგისტრირებული იყო ტვერში, კაფე „ლონდონის“ შენობაში, დღემდე საიდუმლოს წარმოადგენს. პუტინმა მის შესახებ თქვა, რომ დამფუძნებლები მისთვის ცნობილი ადამიანები არიან, რომლებიც დიდი ხანია, ენერგეტიკის სფეროში მუშაობენ.
ამავე დროს, ტიმჩენკო, ბატონ კოვალჩუკთან ერთად, ბანკ „როსსიას“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია. ეს ოდესღაც ყველასთვის უცნობი ბანკი დღეს აკონტროლებს „გაზპრომის“ უმნიშვნელოვანეს აქტივებს („გაზპრომბანკი“, „გაზპრომმედია“, „გაზფონდი“, „სოგაზი“ და ა. შ.). ამ აქტივების კონტროლი ტიმჩენკომ და კოვალჩუკმა, პრაქტიკულად, მუქთად მოიპოვეს _ არც ტენდერი ჩატარებულა და არც _ კონკურსი. სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“, რომელსაც პუტინი აკონტროლებს, ტიმჩენკოსა და კოვალჩუკს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა _ საერთო ღირებულებით _ ათობით მილიარდი დოლარი. რატომ დარჩათ „გაზპრომის“ მრავალმილიარდიანი აქტივები კოვალჩუკსა და ტიმჩენკოს? _ ამის მხოლოდ გამოცნობა შეიძლება.
„გაზპრომის“ ობიექტების მშენებლობისთვის ტიმჩენკოს სამშენებლო კომპანიები ბოლო დრომდე იღებდნენ უაღრესად მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა ღირებულება ათობით მილიარდი რუბლი იყო. ამჯერად ეს პრივილეგია პუტინის სხვა მეგობრებს _ როტენბერგებს _ აქვთ, თუმცა ტიმჩენკოს სულაც არ უზარალია. ის დღეს სახელმწიფო „როსნეფტისა“ და „ტრანსნეფტის“ ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორია.
ამასთან, ტიმჩენკო „გაზპრომის“ შემდეგ კიდევ ერთი უმსხვილესი კომპანია „ნოვატეკის“ უმსხვილესი აქციონერია. ეს კომპანია სახელმწიფოს მხრიდან უნიკალური პრეფერენციებით სარგებლობს. ცნობილია, რომ რუსეთში გაზის ექსპორტზე შემოღებულია მონოპოლია. გაზის საზღვარგარეთ გაყიდვა მხოლოდ „გაზპრომს“ შეუძლია. ტიმჩენკოსთვის გამონაკლისია დაშვებული. „ნოვატეკს“ ნომინალური შეთანხმების საფუძველზე ექსპორტირების უფლება აქვს მინიჭებული. 2010 წელს სახელმწიფო „გაზპრომმა“ „ნოვატეკის“ აქციების 49% ტიმჩენკოს სტრუქტურებს მიჰყიდა. ერთი შეხედვით, გასაკვირი არაფერია, რომ არა ფასი _ 1,9 მილიარდი დოლარი. ეს ფასი საბაზრო ღირებულებაზე 1,3 მილიარდი დოლარით ნაკლებია. ასე რომ, სახელმწიფოს ხარჯზე („გაზპრომი“) ტიმჩენკო და კომპანიონები 1,3 მილიარდი დოლარით გამდიდრდნენ.

***
არანაკლებ საინტერესოა ძმები არკადი და ბორის როტენბერგების ისტორია. 80-იანებში ისინიც პუტინთან ერთად ვარჯიშობდნენ ძიუდოში. არკადი როტენბერგი სპორტკლუბ „იავარა-ნევას“ პრეზიდენტი გახდა, რომლის საპატიო პრეზიდენტი პუტინია, ხოლო ერთ-ერთი დამფუძნებელი _ ზემოთ ნახსენები ტიმჩენკო. თუმცა სპორტული სიყმაწვილე ერთადერთი არ არის, რაც პუტინსა და როტენბერგებს აკავშირებთ. ნაკლებად ცნობილი მეწარმეები 90-იანებიდან დღეს მილიარდერები არიან.
ისინი „გაზპრომისთვის“ და გაზგაყვანილობის მშენებლობების კონტრაქტორებისთვის მილების უმსხვილესი მიმწოდებლები არიან. როდესაც როტენბერგებმა, პრაქტიკულად, საწყისი ფასით იყიდეს „გაზპრომის“ აქტივები, კომპანია „სტროიგაზმონტაჟი“ შექმნეს; ხოლო 2008 წელს კომპანიამ ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო ტენდერების მოგება გაზსადენების მშენებლობისთვის. მანვე მოიგო ტენდერი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობისთვის. ამავე დროს, მშნებელობის ღირებულება სამჯერ მეტი აღმოჩნდა ევროპის ანალოგიურ მშენებლობებთან მიმართებით. თუმცა ჩვენი მუშების ხელფასები შეუდარებლად მცირეა, ვიდრე ევროპელი მუშებისა.
ამავე დროს, როტენბერგმა ტენდერის გარეშე მიიღო ხელშეკრულება ეპოქალური მნიშვნელობის გაზსადენებისთვის „სახალინი-ხაბაროვსკი- ვლადივოსტოკი“. მშენებლობის ფასი ასტრონომიულია _ 210 მილიარდი რუბლი.
ოლიმპიური გაზსადენი „ჯუბგა-ლაზარევსკოე-სოჭი“, რომლის ღირებულება 22 მილიარდი რუბლია, ასევე როტენბერგების ხელში აღმოჩნდა კონკურსგარეშე.
რუსეთის ხელისუფლება ყოველწლიურად ზრდის გაზის ტარიფებს. თავის მხრივ, ეს იწვევს ტარიფების ზრდას კომუნალური მომსახურებისთვის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზრდის მიზეზი ამ ტიპის „მეგობრულ“ კრიმინალურ გარიგებებშია, სადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოა ჩართული „გაზპრომის“ სახით, მეორე მხრივ _ პუტინის მეგობრები. მსოფლიოში ასეთი ტიპის კორუფციულ სისტემას უწოდებენ „შინაურების კაპიტალიზმს“.
მოხსენებაში „პუტინი. შედეგები. 10 წელი“ ვწერდით რუსეთის კატასტროფულ ალკოჰოლიზაციაზე. საშუალოდ, ქვეყნის ყოველ მოქალაქეზე, ქალების, ბავშვებისა და არამსმელების ჩათვლით, წელიწადში მოდის 18 ლიტრი სუფთა სპირტი. მოქალაქეების ალკოჰოლიზმის ძირეული მიზეზი არყის მარტივი ხელმისაწვდომობაა. სპირტსა და არაყზე დაბალმა აქციზებმა განაპირობა, რომ ერთი ბოთლი არაყი ორ-სამ ბოთლ ლუდს უთანაბრდება. ასეთი რამ რუსეთში (არც მსოფლოში) არასოდეს ყოფილა. ასევე არასოდეს ყოფილა ერთი ბოთლი არყის ფასი მეტროთი 4-ჯერ მგზავრობის ეკვივალენტური. თავიდან არ გვესმოდა ამგვარი პოლიტიკის მიზეზი, თუმცა როცა როტენბერგების ბიზნესის სტრუქტურა შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ისინი აკონტროლებენ თითქმის 11 ალკოჰოლურ ქარხანას, რაც „როსსპირტპრომის“ სისტემაში შედის. კერძოდ: „ბრიანსკსპირტპრომი“, „კრისტალი“, ასტრახანის ლიქიორისა და ღვინის ქარხანა“, „მორდოვსპირტი“, სმოლენსკის „ბახუსი“, ჩერეპოვეცის ლიქიორისა და ღვინის ქარხანა, იაროსლავის ლიქიორისა და ღვინის ქარხანა და ა. შ.
ეს ხომ არ არის არაყზე დაბალი გადასახადებისა და აქციზების მიზეზი პუტინის რუსეთში?
რისთვის სჭირდება პუტინს თავისი მეგობრების ბიზნესისთვის გადასახადების აწევა? რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო მაღალია გაყიდვა. და ის გარემოება, რომ ქვეყანა ალკოჰოლიზმმა წალეკა, დღევანდელი ხელისუფლებისთვის სულაც არ წარმოადგენს პრობლემას.
ყველასთვის კარგად ცნობილია სკანდალური ისტორია, დაკავშირებული მოსკოვი-სანკტ-პეტერებურგის (ხიმკის ტყის გავლით) ფასიანი ტრასის მშენებლობასთან. მშენებლობის გადაწყვეტილება პუტინმა მიიღო. როდესაც საზოგადოებამ პროტესტი გამოთქვა, ის სრულიად შეუვალი იყო. შეუვალი იყო მაშინაც, როდესაც დიმიტრი მედვედევმა მშენებლობა შეაჩერა. ბოლოს და ბოლოს, მშენებლობის საკითხი მაინც გადაწყდა, მიუხედავად მოსახლეობისა და ეკოლოგების პროტესტისა. დღეს მიზეზი ნათელია: ხელშეკრულება ამ გზის მშენებლობისთვის, რომლის ღირებულება 63,4 მილიარდი ლარია, როტენბერგების კომპანიას გაუფორმდა.
პუტინის სახელმწიფო მზად არის, ამ მიზნებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 23 მილიარდი რუბლი გამოყოს, ხოლო შემოსავალს ამ ფასიანი გზის ექსპლუატაციიდან როტენბერგები მიიღებენ.
იგივე ხდება მოსკოვი-მინსკის გზასთან დაკავშირებით. ის ხელშეკრულება გაუფორმდა პუტინის მეორე მეგობარ ი. კოვალჩუკს. სახელმწიფო ფულს იხდის, ხოლო პუტინის მეგობრები შემოსავალს იღებენ.
ძმები როტენბერგები, იყენებენ რა საკუთარ კავშირებს პუტინთან, მფარველობენ მრავალმილიარდიან ბიზნესებს. მაგალითად, ისინი გახდნენ ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის აქციონერები მას შემდეგ, რაც აქციონერებს, ა. პონომარენკოსა და ა. სკორობოგატკოს, შესთავაზეს დახმარება პუტინის კიდევ ერთი ნაცნობისგან, ნ. ტოკარევისგან („ტრანსნეფტი“) ბიზნესის დაცვაში. დაახლოებით ასე მოხდა ბიზნესმენ აშოტ ეგიზარიანთან მიმართებით. იმისთვის, რომ თავი დაეცვა ლუჟკოვის ცოლისგან, ბატურინასგან, ეგიზარიანი იძულებული გახდა, მათთვის უფასოდ დაეთმო ბიზნესის 50% (სასტუმრო „მოსკოვის“ მშენებლობა).
გაგრძელება იქნება

ქეთევან ენუქიძე